- ვისაც მარტო კულტურული ნაწილი გაინტერესებთ და პოლიტიკურ-კულტურული არა - მარტო I ნაწილი წაიკითხეთ -
I. პოლიტიკური ორთოდოქსა
რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს გადავაწყდი. ამ ინტერვიუში გიგა ბოკერია (სამართლიანად) ასაბუთებდა: ის მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება, "ნიშნავს ირიბად აღიარებას გავლენის სფეროსი, რომ ვიღაცას აქვს ვეტო შენს განვითარებაზე, სხვა ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს შენ რა მიმართულებით წახვალ“. გიგა ბოკერია ყოველთვის შესანიშნავი პოლემიკოსი იყო. კარგი მოჭადრაკესავით, მოწინააღმდიგეს პოზიციაში სუსტ წერტილზე იერიში მიიტანა და მისი დაცვა მიზან-მიმართულად გაანადგურა. ეს არის პოლიტიკური რიტორიკის საუკეთესო გამოვლინება: არგუმენტებით აიძულო ოპონენტი აღიაროს თავისი შეცდომა: ბოდიში, არასწორად ვთქვი და მეორეჯერ აღარ გავიმეორებო.
ამ წერილის წერა იმიტომ არ დამიწყია, რომ გიგა ბოკერიასთვის, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და ალბათ კიდევ დიდ ხანს ვერ ვნახავ, კომპლიმენტი მეთქვა. მის გამოსვლაში - სწორედ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა იქიდან, რაც შეუძლია შემოგვთავაზოს "პოლიტიკურ სპექტრს", უკეთ ჩანს იმ პრობლემის სიმპტომები, რომელზეც მინდა ვისაუბრო.
დავიწყოთ ტრივიალური ფაქტით, რომ გიგა ბოკერია არ არის მხოლოდ უშიშროების საბჭოთს მდივანი (ანუ ადამიანი, რომელსაც თანამდებობიდან გამომდინარე დავალებული აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა), არამედ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც (ანუ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი პარტიის გამარჯვებაში). სწორედ ამ ჰიპოსტასში მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები საარჩევნი კამპანიის ნაწილია, ან ყოველ შემთხვევაში ასეთად აღიქმება.
ეს საარჩევნო კამპანია კი - ჯერ-ჯერობით - უცნაური ფორმით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობა არ ეუბნება ამომრჩეველს რას სთავაზობს (მაგ. იმას, არსებობს თუ არა ახლო ან საშუალო ვადაში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა), არ ამბობი იმას, თუ როგორ აპირებს მაგ. უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას, საერთოდ არ ამბობს რას აპირებს და მით უმეტეს როგორ. აქამდე მისი (ნაციონალური მოძრაობის) საარჩევნო კამპანია ოპონენტის დისკრედიტაციაზეა აგებული (განსხავებით მისი პოზიციის მცადრობის არგუმენტირებული დამტკიცებისა, როგორც ეს გიგა ბოკერიამ გააკეთა). ნაციონალური მოძრაობის უფრო დაბალ რეგისტრებში უშიშროების საბჭოს მდივნის დახვეწილი ანალიზი გადაიქცევა ფრაზად: ივანიშვილი (ან X Y) რუსთეთის (ბოლო) პროექტია.
საქმე იმაში არ არის, რომ ივანიშვილი ან რომელიმე სხვა ოპოზიციური, ისევე როგორც სამთავრობო პოლიტიკოს მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს რუსეთის ბოლო, ბოლოსწინა თუ რიგითი პროექტი. საქმე იმაშია, რომ დაუმტკიცებელი ბრალდება გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტის სტიგმატიზაციისათვის (და სწორედ ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება გამონათქვამისგან "სააკაშვილი სომეხია" ან "ჟვანია პიდარასტია"). წიგნში "წერის ნულოვანი დონე" ფრანგი სემიოტიკოსი როლან ბარტი წერს: "სტალინიზმის სამყაროში, სადაც განსაზღვრება, რომელიც ზღვარს ავლებს კეთილსა და ბოროტს შორის, მთლიანად იმორჩილებს ენას, წერის ფუნქცია საბოლოო ჯამში სასამართლო პროცესის ხარჯების დაზოგვამდე დაიყვანება, რადგანაც (სტალინსტური) წერა ანადგურებს ნებისმიერ დროით ინტერვალს სახელდების აქტსა და სასამართლო განაჩენის გამოტანას შორის". ბრალდების მიზანია მტრის, როგორც მტრის იდენტიფიკაცია და მისი განადგურების სანქციის გაცემა.
ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დაბალ რეგისტრებში ასეც ხდება. იოლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ადრეული ოთხმოცდაათიანების შემდეგ ჟანგმოკიდებული ამხანაგი მაუზერისათვის სიტყვის მიცემის და დაჩოქებული და თვალებახვეული კოლაბორაციონისტებისათვის კეფაში ტყვიის დახლის სურვილი გაუჩნდებათ. მგონი ლევან რამიშვილს უნდა დავესესხო ცნებას "ცივი სამოქალაქო ომი", რომლის გრადუსის აწევის მოხალისეები დიდი ხნის საძებარი არ იქნება. ის, რომ აქამდე ცივ სამოქალაქო ომს უფრო ოპოზიცია აღვივებდა და ახლა მმართველი პარტია აგრძლებს, შეიძლება მისი თავდაუჯერებლობის ნიშანიც იყოს, მაგრამ პრობლემა, მგონი უფრო რთულია და არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის მხარდამჭერებს.
იგივე აზროვნების შედეგია სიტყვა (და ცნება) "ჩარეცხილები", რომელიც არა მარტო "ყოფილ" ინტელიგენციას გულისხმობს, არამედ ზოგადად ადამიანებს, რომლებსაც რომელიმე ჯგუფი ან მთლიანად საზოგადოება ზედმეტად მიიჩნევს.
რა ბედი ელით იმათ, ვისაც სკატოლოგიური მეტაფორიკის მოყვარულები ჩარეცხილებს ან ჩასარეცხებს უწოდებენ? (არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მეტაფორის ინტერტექსტი, ვ.ი. ლენინი, რომელიც (გრასირებით წარმოთქვით) ამბობდა, რომ интеллигенция - говно. ინტელიგინციის როლზე თავის დროზე დავწერე და აღარ გავმეორდები, მაგრამ რაც მაინტერესებს (და არა რიტორიკულად) ეს არის: რა როლს აკუთვნებეენ მათ მოხალისე ასენიზატორები, თუ გავითვალისწინებთ რომ - final solution, როგორც ისტორია (საბედნიეროდ) გვიჩვენებს, არ არსებობს? სად მიდის საბოლოოდ ის კანალიზაცია, სადაც ჩამრეცხავები ჩასარეცხებს ჩარეცხვას უპრიებენ? - უტყვი მასის როლს, რომელიც არც ხმას ამოიღებს, არც თავისი ინტერესის როგორმე გამოხატვას მოინდომებს? ისეთი მასისას, რომელიც პერმანენტუალდ უნდა აკონტროლო ნებისმიერი (მედიის და პოლიციის) მეთოდით? მასა რომელიც უნდა აღზარდო? (საბჭოთა კავშირში იყო ასეთი ტერმინი перековка, სადაც ხალხის მტრები მეტაფორულ სამჭედლოში ხალხის მოყვარეებად უნდა გადაეკეთებინათ).
ეს ფანტაზიები გამოავლენს ქართული საზოგადოების (და არა ერთი რომელიმე პარტიის) "ჭეშმარიტად" ორთოდოქსულ, ტოტალიტარულ ბუნებას. ამ ფენომენს პოლიტიკური ორთოდოქსია მინდა დავარქვა. მის საილუსტრაციოდ ერთ ძველ, მაგრამ კარგ ანეკდოტს გავიხსენებ: ღმერთი ახლად გარდაცვლილ რომის პაპს სამოთხეს ათვალიერებინებს. აქეთ კათოლიკები არიანი, იქით პროტესტანტები, აქ მუსულმანები, იქ ბუდისტები დაშ. სანამ არ მიუახლოვდებიან ერთ ადგილს, სადაც ღმერთი ტუჩებზე თითს მიიდებ და ჩურჩულით იტყვის, აქ მართლმადიდებლები არიანო. კი მაგრამ, ღმერთო, ჩურჩულით რატომ მეუბნებიო? კითხულობს რომის პაპი. ამათ გონიათ, რომ აქ მარტო ეგენი არიანო პასუხობს ღმერთი.
პოლიტიკური ორთოდოქსია პრინციპში ვერ იტანს ვერანაირ განსხვავებულ აზრს (პოლიტიკურს, ან ისეთს, რომელსაც პოლიტიზაციის შესაძლებლობა გააჩნია). ასეთი აზრის მხოლოდ ერეტიკოსი შეიძლება იყოს - ჭეშმარიტების, სახელმწიფოს, ხალხის (ყველაფრის, რისი სახელითაც პოლიტიკური ორთოდოქსია ძალას ფლობს) მტერი. ეს მტერი (რიტორიკულ დონეზე, რომელსაც იოლად შეუძლია გადაიქცეს პრაქტიკადაც) უნდა განადგურდეს (კოცონზე დაიწვას - ან თავი დაიწვას, ჩაირეცხოს დაშ). პოლიტიკური ორთოდოქსია პრემოდერნული პოლიტიკური თეოლოგიის რელიქტია, რომელმაც წარმატებით მოახერხა სეკულარიზაცია და სეკულარული პოლიტიკის სამსახურშიც ჩადგა. თან ისე, რომ სეკულარული ძალაუფლების მატარებლის საკრალიზაციას აკეთებს.
არ იქნებოდა ცუდი პოლიტიკური ორთოდოქსიის მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიასთან კავშირის გამოვლენა, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. დავამატებდი, რომ მაგ. სტალინიზმი პოლიტიკური ორთოდოქსიის ფორმაც იყო (რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო სხვა რამეა ვიდრე ტოტალიტარიზმი). ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში პოლიტიკური ორთოდოქსიის მსხვერპლია და არა მისი ავტორი, ის აგრძელებს ქართულ საზოგადოებაში გამჯდარ ტრადიციას (ყოფით დონეზე ამ ცნობიერების მაგალითია მაგ. გიორგი ლეონიძის მოთხრობა "ნატვრის ხე"). პოლიტიკური ორთოდოქსია თავისი არსით ანტილიბერალურია (თუმცა შეიძლება ლიბერალიზმის ნიღბითაც გამოდიოდეს).
პოლიტიკური ორთოდოქსიის მემკვიდრეობა გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭოთა მემკვიდრეობა და ზოგადად ორთოდოქსულ პოლიტიკურ თეოლოგიასთან მიგვიყვანს - რომელიც, ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიური ორთოდოქსია მძლავრობდა (ან მძლავრობს) მოდერნიზაციის ყველაზე დიდი მუხრუჭი აღმოჩნდა. (თუმცა ამ თემაზე ცალკე და ბევრია სალაპარაკო). ქართული მაგალითი კი გვიჩვენებს, რომ ეს ორთოდოქსია წარმატებით სეკულარიზირდა და ამ სეკულარიზირებული ფორმით პოლიტიკური რიტორიკის განმსაზღვრელი გახდა.
II. ნაციონალური მოძრაობის ვნებანი
ნაციონალური მოძრაობა (პრინციპში უკვე დიდი ხანია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ინტენსიურად) ცდილობს არა საკუთარი პოზიტიური პროგრამის ჩამოყალიბებას, არამედ ამომრჩევლისათვის იმის დამტკიცებას, რომ ყველა დანარჩენი მასზე უარესია ( და რომ ეს უარესი უბრალოდ უარესი კი არა, ცუდზე უარესია, ანუ მტერია, ბოროტებაა). ამას რამდენიმე (ერთდროული) ახსნა შეიძლება ჰქონდეს.
თუკი რევოლუციის პირველ ხუთწლედში გადავინაცვლებთ, პროგრამა მკაფიო იყო: საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი - ეს ავტომატურად წყვეტდა ბევრ პრობლემას, რადგანაც ტრანსფორმაციის ინტელექტუალურ ნაწილს თითქმის მთლიანად ევროკავშირი კისრულობდა, თავდაცვის პრაქტიკულ ნაწილს კი ნატო, ნაციონალურ მოძრაობას, მის ლიდერს ან ლიდერებს კი გარანტირებული ჰქონდათ თბილი ადგილი ისტორიულ მეხსიერებაში. საუბედუროდ, ანგარიში სწორი არ გამოდგა, მმართველ პარტიას კი მოუწია ფიქრის დაწყება იმაზე, თუ როგორია ტრანსფორმაცია დახმარების და გარანტიბის გარეშე.
მმართველ პარტიაში ერთი ლეგიონერი აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა იყო გასაკეთებელი: კახა ბენდუქიძე. შეიძლება იდავო იმაზე, კარგია თუ ცუდია მისი ლიბერალური რეცეპტურა, მაგრამ ცხადია, რომ ის კოჰერენტული და გააზრებულია. პრობლემა იმაში იყო, რომ ბენდუქიძის ლიბერალიზმი პირდაპირ წიანააღმდეგობაში მოდის ნაციონალური მოძრაობის სურვილთან, შეინარჩუნოს ხეისფულება - ამიტომ მოუწია ბენდუქიძეს ფორმალურად მთავრობის დატოვება, ნაციონალურ მოძრაობას კი ლიბერალიზმის მაგივრად ყველაზე უხეირო საბჭოთა მეთოდებით ამომრჩევლის, პირდაპირ ვთქვათ, მოსყიდვა (იმიტომ რომ არ შეუძლია მისი დაინტერესება). დავამატებ, რომ ამ ჰიბრიდულობას ბევრად აჯობებდა, მთავრობას ბენდუქიძისთვის ბოლომდე დაეჯერებინა - ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტრანსფორმაციის მტკივნეული, მაგრამ მაინც შესაძლო გზა, ახლანდელი გზა კი ტრანსფორმაციის შემაფერხებელი უფროა.
ნაციონალური მოძრაობის პრობლემა ის არის, რომ მას დაკარგული აქვს მომავლის ხედვა (რომელიც, გარკვეული დოზით, ჰქონდა 2003 წელს და რომელიც, ასევე გარკვეული დოზით, წარმატებით განახორციელა კიდევაც). მაგრამ ხედვის დეფიციტის ფონზე ამბიცია კიდევ უფრო იზრდება. ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, რომ ის არის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ტრანსფორმაცია ისე, როგორც ეს შეძლო ვთქვათ ათათურქმა, მაგრამ სამწუხაროდ არ იცის, რომ საუკუნის დასაწყისის მოდერნიზაციები მხოლოდ იმის ხარჯზე იყო წარმატებული, რომ არსებობდა მეტად თუ ნაკლებად განათლებული ელიტა და მასა, რომლის უმეტესობას არც პოლიტიკური უფლებები ჰქონდა და არც წერა-კითხვა იცოდა. დღეს განსხვავება ე. წ. ელიტას და ე.წ. მასას შორის მინიმალურია და ნაციონალური მოძრაობის შიგნით მრავლად არის მინისტრიც და პარლამენტარიც, რომელიც წერა-კითხვასთანაც მწყრალად არის და მინისტრობას რომ მორჩება მერე მიდის ხოლმე განათლების მისაღებად. ათათურქისეული მოდერნიზაცია დღეს - არა მარტო საქართველოში - შეუძლებელია, იმიტომ რომ მიუხედავად რაფინირებული საშუალებებისა არცერთ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოახვიოს თავისი ნება, ხედვა ან მსოფლმხედელობა ხალხს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი, მართალია ლატენტური, მაგრამ მაინც საზოგადოებაა და არა მასა. ნებისმიერ თანამედროვე პოლიტიკურ ელიტას უწევს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა გათვალისწინება, მათი გონივრულად შეჯერება და "შესაძლებლობათა ფანჯრების" გამოყენება.
მეორე პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობას - თუ მივაკითხავთ მის დაბალ რეგისტრებს, იქ, სადაც ინტელექტით დაუმძიმებელი დისკურსი შეუნიღბავად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს მაშინ, როდესაც სარკეში საკუთარი თავით ტკბება - სჯერა, რომ მან და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა "შექმნა ქვეყანა" და როგორც ქვეყნის არა თუ დამფუძნებელს, არამედ შემქმნელს ამ ქვეყანაზე განსაკუთრებული უფლებები გააჩნია. აქედან გამომდინარეობს ნაციონალური მოძრაობის წინამოდერნული, ფეოდალური დამოკიდებულება. ცხადია, რომ დემოკრატიაში, როგორიც არ უნდა იყოს წარსული დამსახურება, ის არანაირ დამატებით "უფლებას" არ განიჭებს. მაგრამ სწორედ აქ არის პრობლემის სათავე: ნაციონალურმა მოძრაობამ რესურსების ფეოდალური დანაწილება დაიწყო: ანუ, საქართველო დღეს ისეთი ქვეყანა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აშკარად უპირატეს პირობებშია ჩაყენებული, მის მოწინააღმდეგეს კი იოლად შეიძლება პრობლემები შეექმნას.
ნაციონალური მოძრაობა ვერაფრით გამოდის მონოპოლისტის როლიდან ვერც პოლიტიკაში და ვერც ეკონომიკაში ერთი მარტივი მიზეზის გამო: პოლიტიკური კონკურენცია და მისგან დამოუკიდებელი ბიზნესის გაჩენა პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს მის ძალაუფლებას, რომელიც მან, მისი აზრით, სამუდამოდ დაიმსახურა.
ძნელია, თუ შეუძლებელი არა ნაციონალური მოძრაობის ამ მითოსის დაშლა - არა იმიტომ, რომ ის განსაკუთრებით ძლიერია, არმედ იმიტომ, რომ საერთოდ ძნელია მოწრმუნეს აუხსნა, რომ ის, რასაც ის სწამს, არ არსებოს (ან არ არსებობს იმ ფორმით, რომლითაც მას სწამს). მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო რთულია - ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი პოლიტიკოსის ფუნქციას სწორედ მითების (მის შემთხვევაში სასარგებლო ტყუილების) შექმნაში ხედავდა. ეს სასარგებლო ტყუილი იყო ის, რისი მეშვეობითაც მმართველებს ხახლი მორჩილებაში უნდა ჰყოლოდათ.
იმ პირობებში, როდესაც არ გაქვს არანაირი შესაძლებლობა, მოკლე ვადაში (არჩევნებამდე) მნიშვნელოვნად გაზარდო ამომრჩევლის ცხოვრების დონე ან ყოველ შემთხვევაში, შესთავაზო მკაფიო პერსპექტივა ცხოვრების დონის ზრდისა მომავალი ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში, მიმართავ ხრიკს, რომელსაც მიმართავდა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა და მისი შენარჩუნება უნდოდა იმ დროიდან, როდესაც ძალაუფლება საერთოდ გაჩნდა. ეს ხრიკი შიშის ჩანერგვა და შესაძლო მოწინააღმდეგის დემონიზაციაა.
სამწუხაროდ ჩემთვის, გიგა ბოკერიას გამოსვლა ამ ერთობ ტრადიციულ რეპერტუარს მაინც ვერ ცდება (უმნიშვნელო ვარიაციებით) - მისი აზრი მისთვის უნებლიედ რელიგიურ, აგიოგრაფიულ მეტაფორებს ირჩევს: ოპოზიციის ნაწილი სუსტია, ის ცდუნებას აყვა. "მტკიცედ სდგაა" - გაახსენდება ქართულსკოლადამთავრებულს "შუშანიკის წამება". ნაციონალური მოძრაობა ის არის, რომელიც არასოდეს შეცდება და მტკიცედ გაუძლებს განსაცდელს, თავს არ მოუხრის მტერს, ოპოზიცია კი მერყევია, როგორც ლერწამი, იოლად შეცდენადია ბოროტისათვის და შეიძლება მტერთან თანამშრომლობასაც დათანხმდეს (მით უმეტეს ძალაუფლების მოპოვების ფასად).
პოლიტიკური პოლემიკის რელიგიურ ჭრილში გადაყვანა (ჩვენ კეთილები ვართ, ისინი ბოროტები, ჩვენ სიკეთისათვის ვიბრძვით დაშ.) გარდა თვითსაკრალიზაციისა (საკუთარი თავის სიკეთესთან და შესაბამისად უნივერსალურ და მარადიულ ფასეულობასთან გაიგივებისა) სეკულარული არგუმენტების უქონლობის ნიშანიცაა.
პრობლემაც სწორედ ამაშია, იმის გარდა, რომ ისინი ჩვენზე უარესები არიან, ნაციონალურ მოძრაობას სათქმელი დიდად არაფერი დარჩა - ან თუ დარჩა აქამდე რატომღაც არ უთქვამს და ეტყობა მომავლისათვის ინახავს.
ამ, ისევ საჭადრაკო ენას თუ დავუბრუნდები, პატური სიტუაციიდან, მაინც არსებობს გამოსავალი. საინტერესო სწორედ ის ტენდენციაა, რომელიც გიგა ბოკერიას გამოსვლაში იკვეთება: მმართველი პარტია ოპოზიციას უკვე სერიოზულად უყურებს, თუმცა კი შეიძლება ამას ჯერ არც აღიარებდეს და არც კი აცნობიერებდეს. ეს კი პირველი ნაბიჯია მრავალპარტიული სისტემისაკენ. ეს ნაბიჯი კი იმას ნიშნავს, რომ მოავალში, ნაციონალურ მოძრაობას და ამჟამად ოპოზიციურ პარტიებს მაინც მოუწევთ საკუთარი, არც თუ ისე დიდი ინტელექტუალური რესურსების მობილიზება ან მოზიდვა და არაფრისმთქმელი პროპაგანდის მაგივრად ამომრჩევლისათვის სერიოზული პროგრამების შემოთავაზება. მომავალი არჩევნები ალბათ ბოლოა, სადაც პროპაგანდის ის ფორმები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებდა ბოლო წლების განმავლობაში, რაიმე შედეგს მაინც გამოიღებს.
იმიტომ კი არა, რომ ოპოზიციას უკეთესი პროგრამა აქვს ნაციონალურ მოძრაობაზე - უბედურება იმაშია, რომ რაიმე მკაფიო გეგმა არც ერთს აქვს და არც მეორეს - არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას გამოჩნდა თავისი ლიდერი, რომლის ქარიზმას კონკრეტული მონეტარული გამოხატულება აქვს, მაგრამ როგორც ქარიზმა, ამომრჩევლის (ასავალ-დასავალის მკითხველი და სამების მრევლიც ამომრჩეველია) თვალში, არაფრით ჩამოუვარდება ნაციონალური მოძრაობის მობერებული და მოსუქებული კოჭლი იხვის მიმქრალ ქარიზმას. ექვსი მილიარდი (თუ რამდენიც არის) დოლარი თავის თავად ქმნის გრავიტაციის ველს (ზუსტად ისე, როგორც მილიონიანი კუპიურა მარკ ტვენის მოთხრობაში "მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საბანკო ბილეთი"), სწორედ იმას, რომელიც პერსონალიზაციის მოყვარე ქართველი ამომრჩევლის თვალში აქამდე აკლდა ოპოზიციას.
ამასობაში აღარ მაქვს არანაირი ილუზია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ რაიმე ღირებული პროგრამის შემოთავაზებას შეძლებს, ისევე, როგორც ამას ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობაც. ალბათ გამართლდება ბექა მინიაშვილის პროგნოზიც, რომ ქართულ ოცნებას უფრო ნაციონალისტური და მართლმადიდებლური შეფერილობა ექნება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას (თუმცა, არც ერთი არც მეორე არც იმას აკლია ან ყოველ შემთხვევაში, აკლდა). უკვე ჩანს, რომ ქართული ოცნება ნაციონაური მოძრაობის მიერ ჩარეცხილებს აგროვებს. კაცმა რომ თქვას, ეს ნორმალურიცაა: "ჩარეცხილებიც" ისეთივე ლეგიტიმური ინტერესთა ჯგუფია, როგორც ნებისმიერი სხვა და სრული უფლება აქვს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების არტიკულირებისა, იმისდა მიუხედავად, მოგვწონს ესა თუ ის ინტერესთა ჯგუფი, თუ არ მოგვწონს.
არსებობს თუ არა გამოსავალი: ჩემი აზრით არსებობს, მაგრამ ისიც აქტორების ნებაზეა დამოკიდებული - სანამ არ ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანს, რომლის აზრი და ცოვრების წესი არ მოგვწონს, მაინც აქვს არსებობის (მათ შორის პოლიტიკური) არსებობის უფლება ჩვენს გვერდით (და არა კანალიზაციაში), ერთი რომ ნებისმიერ მოდერნიზაციაზე (რომელიც აუცილებლად მხოლოდ გარეგნული იქნება) საუბარი ზედმეტი იქნება და მეორე, რომ პოლიტკური არტიკულაციის შესაძლებლობას და ელემენტარულ აღიარებას მოკლებული ადამიანთა ჯგუფები უეჭველად ადრე თუ გვიან, შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში და უკვე იქიდან მოითხოვენ თავიანთ (პრინციპში კანონის მიერ მინიჭებულ) უფლებებს - არაბული გაზაფხული სწორედ ამას გვასწავლის. . ისევ პოლიტიკურ სფეროში რომ დავბრუნდეთ, ამიტომ მგონია, რომ უკეთესია ყველა ჯგუფს ჰქონდეს პოლიტიკური არტიკულაციის უნარი (გავიმეორებ: არა კანალიზაციაში არამედ იქ, სადაც ამ არტიკულაციის ადგილია - ანუ პარლამენტში), და რომ ერთდ ცუდ ან თუნდაც მთლად წყალწაყებულზე ოდნავ უკეთეს პარტიას ორი ერთმანეთის დამაბალანსებელი ცუდი პარტია ჯობია.
ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა სწორედ ამ მხრივ არის სასარგებლო: ის გამოიწვევს უსისტემო სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ სხეულად ჩამოყალიბებას და, მომავალში, პარლამენტს გარეთ გამართული დებატების პოლიტიკურ სივრცეში მოქცევას თუ დაბრუნებას. ამან კი წესით, ნაციონალურ მოძრაობასაც უნდა მისცეს სტიმული მოეშვას საკუთარი ნარცისიზმის ნაკვალევების დატოვებას (კრეტინული ძეგლებით საქართველოს მორთვას), უაზრო და ძვირი პროექტების განხორციელებას (პარლამენტის გადატანა თბილისიდან ქუთაისში), სრულიად მეგალომანიური და ავანტიურისტული გეგმების სერიოზულად განხილვას (ლაზიკა) და (ისევ) საქმეს მიხედოს - მით უმეტეს, მისივე წინასაარჩევნო პლაკატებს თუ დავუჯერებთ, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
პოლიტიკური არტიკულირების სივრცეებს (რესპუბლიკურ პარლამენტს და თვითმმართველობებს) "ცივილიზატორული" ფუნქცია აქვთ და გარკვეული ტიპის (მაგ. ქსენოფობიურ) გამონათქვამებს, რომლებიც, მაგ. შესაძლებელია გაზეთ ასავალ დასავალში - შეუძლებელს ხდის. საპარლამენტო სიტყვა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ პარლამენტში ნაციონალისტური პარტია მოხვდეს (როგორც მაგ. უნგრეთში) მაგრამ პარლამენტის შიგნით ასეთ პარტიებზე ზემოქმედების მექანიზმები (თუ საზოგადოების მხრიდან არა - რომელიც საქართველოში სუსტია) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაინც უფრო დიდია.
ორი (ან მეტი) საპარლამენტო პარტია (მათი მიმართულებების და ხარისხისგან დამოუკიდებლად), რომელთაგანაც არცერთს არ ექნება აბსოლუტური უმრავლსობა, ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ერთპარტიული მმართველობა, რომელიც, პარტიის იდეოლოგიის და მისი ხარისხისაგან დამოუკიდებლად ავტომატურად მოახდენს ერთპარტიულობისათვის დამახასიათებელი ყველა მანკის რეპროდუქციას.
როგორც ზემოთ (საკმაოდ გრძლად) ვთქვი, საქართველოს პოლიტიკური პრობლმები დიდ წილად კულტურული პრობლემებია. ამიტომ მგონია, რომ პოლიტიკური ორთოდოქსიის (და ზოგადად, ბინარულ სტრუქტურებში აზროვნების) დაძლევა (რომელიც "სხვის" არსებობას დაუშვებლად მიიჩნევს და ნებისმიერ "სხვას" ავტომატურად თარგმნის "მტრად) ამ წუთისათვის სწორედ ის "მსოფლმხედველობითი რევოლუციაა", რომელიც საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება და რომლის გარეშეც ის ვერაფრით მოახერხებს თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებას.
შენიშვნა: ა) ბოდიშს ვუხდი მკითხველს ორთოგრაფიული შეცდომებისთვის,როგორც იცით, მეორედ კითხვა ძალიან მეზარება. ბ) რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორთოდოქსიის მთავარი მატარებელი მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს აზროვნება ეკლესიის შიგნითაც გვხვდება მის გარეთაც.