ეს წერილი აღმოჩნდა გაჟონილ წერილთა შორის, რომლებიც სხვადასხვა მთავრობების
მიმოწერას ეხებოდა. ასე განსაჯეთ, სჩანს, არა მარტო საიდუმლო სამსახურები, არამედ მათი
მოყარაულე ძაღლებიც ადევნებენ თვალ-ყურს არატრადიციული, ან თუ გნებავთ ტრადიციული
(გააჩნია საიდან შეხედავთ) ცოდნის აქა-იქ მიმოფანტულ ფრაგმენტებს, თუმცა, ეჭვი გვაქვს, წაკითხულის გაგება გაუჭირდებათ, რაც
არა მარტო მათი, არამედ ჩვენი დროის სენიც უნდა იყოს. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ
“გულის გონი” მართალია თვითონაც ბევრი ვერაფერი გაიგო ამ წერილში აღწერილი ამბებისა,
მაგრამ საინტერესოდ მიიჩნია და მისი თარგმნა
გადაწყვიტა. უზუსტობებს, სტილისტურ, ორთოგრაფიულ და სხვა შეცდომებზე კონტრაქტის შესაბამისად
ჩვენი მთარგმნელი აგებს პასუხს, რმელიც, ზოგიერთ რედაქტორს თარჯიმნისაგან ვერ გაურჩევია.
წერილის ადრესატი არის ვინმე ჩინელი დენდროლოგი ბი ძინი. ავტორის ვინაობის დადგენა,
სამწუხაროდ, შეუძლებელია.
ძვირფასო ბი ძინ,
ვიცი, მოუცლელობის გამო ახალ ამბებს აღარც კი კითხულობ, მით უმეტეს ისეთებს,
რომლებიც მათ შემგროვებლებს და გამავრცელებლებს გასართობ განყოფილებაში მოუქცევიათ.
სახალისო სწორედ ისაა, რომ ბოლო დროს მთავარი გასართობადაა მიჩნეულიდა გასართობი კი
მთავრად. ამიტომ გადავწყვიტე, ეს ამბავი, ვრცელი კომენტარით, შენთვის მომეყოლა. არა მგონია, ჩვენთვის მთლად უმნიშვნელო იყოს.
ევქსინის პონტსა და გურგანის ზღვას შორის ერთი პატარა, მთაგორიანი ქვეყანაა მოქცეული, რომლიც, თანამედროვე რეკლამას თუ დავუჯერეთ, გაუთავებულ მდგომარეობაში
ამერიკის შეერთებულ შტატებზე დიდია. ამ ქვეყანას ბოლო დროს მართავს ერთი ზვიგენების
მოყვარული კაცი. მისი სახელი, გაგიკვირდება და შენი სახელის თითქმის სრული ომონიმია.
ის ხუშტური, რომელზეც მინდა გიამბო, დიდი ნაწილისთვის დასაცინი გახდა, ხოლო მის კმაყოფაზე
მყოფთათვის ერთგულების დადასტურების კიდევ ერთ საშუალებად იქცა. ამ კაცმა, რომლის სურვილებსა
და მათ ასრულებას შორის დროის მონაკვეთი პირდაპირპროპორციული გახლავს მისი საბანკო
ანგარიშების ზომისა სანაპიროს აქეთაც და იქითაც,
ქალაქის პარკიდან ერთი ძველისძველი ხის ძირ-ფესვიანად ამოთხრა ბრძანა და მისი საკუთარ
ეზოში გადარგვა განიზრახა, რომელიც, ვეჭვობ, ამ ქვეყანაში შემორჩენილი პარკების საერთო
ფართობზე დიდიც კი გამოვა. ქვეყანაში, სადაც ცოდნის დამცრობას გაცვლითი კურსის ვარდნა
თუ გაუსწრებს, ვერავინ მიხვდა ამ კაცის ჭეშმარიტ ზრახვებს. როგორც ალბათ უკვე მიმიხვდი,
ამ კაცს ეს ძველი ხე ეზოს გასალამაზებლად არ სჭირდება და სინამდვილეში დრუიდების საიდუმლო
ცოდნას გამოსდევნებია. ეჭვი მაქვს, ამ ცოდნოს მოსაპოვებლად მეტი ხარჯი ექნება გაწეული,
ვიდრე ხის გემზე დასადებად, გასამგზავრებლად და გადაარგავად. ისიც მგონია, რომ ეს ფული
წყალში რომ გადაეყარა, მეტ ხეირს ნახავდა, მაგრამ ეს სულაც არაა არც მთავარი და არც
საინტერესო.
მივხვდი შენს შემდეგ შეკითხვასაც, აბა სად ევქსინის პონტი და სად დრუიდების
საიდუმლო ცოდნაო. თავიდან მეც ასე ვიფიქრე და ძველ წიგნებს და ახალ ცნობის ფურცლებს
ჩავუჯექ (ჩავაანალიზე, როგორც ჩვენი ზვიგენოფილი იტყოდა). ჩავუჯექ და აღმოვაჩინე, რომ
ამ ხალხს ადრე რაღაცეები სცოდნია, მაგამ დავიწყებია, ოღონდ ბოლომდე არა.
პირველ კვალს ჩვენი ისტორიისა შემთხვევით გადავაწყდი. ამა ქვეყნის ტურისტთა
მოსაზიდ წიგნებში მოყოლილია ბერძნების ამბავი, რომლებსაც უხსოვარ დროს (რომელიც ჩვენ
მშვენივრად გვახსოვს), ევქსინის, მაშინ ჯერ კიდევ არასტუმართმოყვარე ზღვის ნაპირებიდან
ოქროს ვერძის ტყავი გაუტაციათ. მივყევი წყაროებს,
ხოდა პირველი რაც აღმოვაჩინე ის იყო, რომ ეს ქვეყანა, თებესთან ერთად ერთადერთი
ადგილი აღმოჩნდა, სადაც მიწიდან შობილი რაინდების ამბაია მოყოლილი. არ გაგიკვირდება,
რომ სადაც მიწიდან შობილი რაინდებია, იქ არც გველია შორს. ამ ამბავშ კი გველი ჯერ ასად
ჩანდა. რამდენიმეჯერ მომიწა ამ ამბის გადაკითხვა, სანამ უცებ გონება არ გამინათდა.
ეს ვერძის ტყავი ხეზე ეკიდა. გადმოცემის მიხედვით საწმისს გვეეშაპი ყარაულობდა. ალბათ
მიხვდი, რომ გადმოცემა ბერძენთა, რომლებიც ხეებს წყალში საცურაო ფიცრებად თუ იყენებდნებდნენ,
ყალბია. ბერძენი თუ მოიქრებდა, რომ გაქუცლ (თუნდააც მოოქროვილ) ცხვრის ტყავს ძვირფასი
არაფერი სცხია. ნამდვილად ძვირფასი, ძვირფასი
კი არა და ფასდაუდებელი ის ხე იყო რომელსაც (და არა ტყავს!) გველეშაპი იცავდა. (ეს
ვეშაპები, ერთი აქაური მეცნიერის თქმით, ამ ხალხის პირველი ღვთაებები იყვნენ. საერთოდ
ყოველთვის მაკვირვებდა მეცნიერების უნარი, დაინახ დეტალი, ხანდახან მნიშვნელოვანი და
ხანახანაც არა) და ვერ შეამჩნიო მთავარი! მთავარი კი ამ შემთხვევაში ხე იყო. ხე, რომელსაც
იცავდა გველი. რომელიც ამ ქვეყნის არსებობის, კეთილდღეობის საწინდარი იყო. მოკლედ ბერძნებს
ხელში მოოქროვილი ჩვარი შერჩათ, ხე და გველი თავის ადგილას დარჩნენ, მაგრამ მოხდა მოულოდნელი
რამ, რამაც ეს ქვეყანა მაინც დააქცია. ბერძნებს
თან გაჰყოლოია ხის მცველი ქალი, რომლის გარეშეც, მოგეხსენება, ტრადიციის გადაცემა შეუძლებელია.
თავისი ბერძენი ქმრისათვის ამ ქალს, ვითარცა ნამდვილ მცველს, საიდუმლო არ გაუნდია და
ის კაციც მალევე გაუშვია მარილის მოსატანად. დაუხოცავს თავისი შვილებიც, რომლებსაც
სიდუმლოს ცოდნა კი ეკუთვნოდათ, მაგრამ საბერძნეთში ვერაფრად გამოიყენებდნენ. მოკლედ,
ოჯახური ტრაგედიები ჩვენი საქმე ნამდვილად არაა, მაგამ იმ ხის სამეფო მალევე დაქცეულა
და იმ დაქცევის ექოს, როგორც ატყობ, ჩვენამდეც
მოუღწევია სხვადასხვა გზებით. საიდუმლო ცოდნა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ზღაპრებში
გადადის, ოღონდ არასოდეს მთლიანად. ასე, ამ ხალხის ზღაპრებში არის ვინმე ტყაშმაფა,
ტყის დედოფალი, რომელიც სწორედ რომ ხის მცველი ქალი უნდა იყოს. ცალკე შეხვდები გველებსაც,
მაგრა, ერთად, თავმოყრილად, საიდუმლო ცოდნა უკვე აღარ გვხვდება.
ხის და გველის ამბავი, რა თქმა უნდა გეცოდინება, სრულიად პროფანირებული
ფორმით, ებრაელთა ლეგენდებშიც მოხვდა. ეს ლეგენდა შედარებით სრულია, მაგრამ მნიშვნელოვან
დეტალებში დამახინჯებული. აქ გვაქვს ხე, გველი, გვყავს ქალი და კაცი, რაც გვაკლია,
არის ამბავი, რომელიც ებრაელებმა უკვე სახეცვლილად მიიღეს ე.წ. წარღვნის შემდეგ. ამ
ამბავში გველი ატომღად “მაცდურადაა” გადაქცეული (სასაცილოც კი არაა), ხოლო კაცი და
ქალი ისჯებიან (!!!) იმის გამო, რომ ხიდან ნაყოფს მოწყვეტენ. ეს ისტორია სრულიად ეწინააღმდეგება
ყველა ჭეშმარიტ გადოცემას: როგორ შეიძლება, წმინდა ხის ნაყოფი მისი მცველებისათვის
დასჯის მიზეზიგახდს (მოგეხსენება, რომ ჩვენი
დამოკიდებულება ხეებთან, რომელსაც რელიგიასაც კი ვერ დავარქმევ) სასჯელის ცნებას იმთავითვე
გაორიცავს. კიდევ უფრო პარადოქსულია, რომ მცველთა ტრიადის მესამე წევრი, გველი, მაცდურად
და ბოროტად არის წარმოჩენილი, ხოლო კეთლად მოგვევლინება სრულიად გაუგებარი არსება,
რომელზეც ერთადერთი რაც დანამდვილებით ვიცით ისაა, რომ ხეებს ცეცხლის ფორმით ანადგურებს
და თან რატომღაც მიჩნეულია ადამიანთა შემოქმედად. მოკლედ შავი თეთადაა ქცეული და თეთრი
შავად, მაგრამ აქ მთავარი ეს კი არა, ისაა, რომ სწორედ ამ ხის ამბავს გაუადვილებია
ჩვენი პონტოელებისათვის ზემოთ აღწერილი ამბებიდან ასე 1300-1700 წლის შემდეგ ქრისტიანობის
მიღება.
ბოდიში უნდა მოგიხადო, რომ მოვლენებს წინ გავუსწარი. არანაკელბ მნიშვნელოვანი
გახლავს ცნობა, რომელიც, მაგალითად ბერძენთ გეოგრაფ სტრაბონს შემოუნახავს, რომ ჩენს
პონტოელთ ადამიანთა ხეებზე დამარხვა სცოდნიათ, შენ წარმოიდგინე, ბერძენთა მოსვლიდან
1000 და მეტი წლის შემდეგაც კი! როგორც ხვდები, დამარხვა აქ არაფერ შუშია, ვის შეიძლება
მოუვიდეს თავში აზრად მკვდრის ტომარაში დამარხვა და ხეზე ჩამოკიდება? ეს სტრაბონის,
როგორც ახლა იტყვიან, რაციონალიზაცია გახლავს მოვლენისა, რომელიც გასცილებია მისი გონეების
შეაძლებლობებს. შენთვის ალბათ ცხადია, რომ სინამდვილეში პონტოელთ შემოუნახავთ ძველისძველი
აღდგომის რიტუალი. ამ რიტუალს მოგვიანებით დავუბრუნდები, მაგრამ ასე სტრაბონის დროიდან
მოყოლებული პონტოელთა შორის ძველი ცოდნის თავისებური , არ მიწყენ თუ გეტყვი, რომ დამახინჯებული
გამოყენება (სწორედაც რომ გამოყენება!) იწყება, თითქოს ცოდნა იმისთვის არსებობს, რომ
ის ჩაქუჩივით მოიხმარო და არა ჭვრეტით სრულ-იქმნა. ცხადია, რომ ძალაუფლება და ცოდნა
ერთმანეთანაა დაკავშირებული, რის მისახვედრადაც ჩვენს შემდგომ გალებს რამდენიმე ათასი
წელიწადი დასჭირდათ, მაგრამ ძალაუფლება (საკრალური) პირდაპირ გამომდინარეობს ცოდნიდან,
ხოლო ახალნი ცოდნას იყინებენ ძალაუფლების მოსაპოვებლად ან გასამყარებლად. სწორედ ეს
გაუკუღმართება დაემართატ ჩვენს პონტოელებსაც . ხო, დამავიწყდა მეთქვა, რომ ამ კოლხთა
ერთ ალაგს გალი ჰქვიან, რაც მათ გალლებთან ძველ, მაგრამ შეწყვეტილ კავშირზე მიგვითითებს.
გაულკუღმართება კი მაშინ დაიყწყო, როდესაც ძველი ცოდნის ნაფლეთები ხელში
ჩავარდნიათ კავკასიული იბერიის მეფეებს (იმედი მაქვს, რომ პონტოელნი, ძველი ცოდნის
ძირძველი მატარებელნი გალიდან, ამას არასოდეს იკადრებდნენ, თუმცა ამას დღეს უკვე ვერასოდეს
გავიგებთ.
კავკასიური იბერიის მეფეებს საიდანღაც შეუტყვიათ ხეების და ხანგრძლივობის
კავშირის შედეგი, რომელიც სათავისოდ გამოუყენებიათ, მაგრამ დიდათ არ გაუმართლათ. შენ
მშვენივრად იცი სამწუხარო ამბავი, რომ ამ დროს ჰრომთ უკვე ჰქონდათ გარკვეული ცოდნა
ჩვენი, კავკასიელ იბერიელებზე ბევრად უფრო სრული ცოდნის შესახებ და ესწავლათ ჩვენთან
ბრძოლა ყოველგვარი ნამუსის და რაინდობისაგან გარეცხილი ხერხებით. რომაელთ მხედართმთავარი
გნეუს პომპეუსი რატომღაც იბერიულ კავკასიაშიც ჩასულა. რამ ჩაიყვანა ამ სიშორეს, მაშინ
არ ვიცოდით, ახლა კი შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ პომპეუსი ცდილობდა საიდუმლო
ცოდნის ის ნაწილწბი შეეტყო, რომლებიც, საბედნიეროდ, რომაელებმა ვერასოდეს გაიგეს. სწორედ
ამ წარუმატებლობას უნდა დავაბალოთ მისი მარცხი იულიუს კეისართან, რომელმაც დასავლეთევროპულ
გალში მეტი შეიტყო, ვიდრე რომელიმე რომაელმა იქამდე ან იმის შემდეგ, ოღონდ, საუბედროდ,
სრულიად საწინააღმდეგოდ გაიგო, რაც პროფანისაგან არ უნდა გაგვიკვირდეს და არც უნდა
გვეწყინოს, მის ამ ცოდნას რომ არ მოჰყოლოდა ამდენი ჭირი და უბედურება. მცოდნე სულ სხვა
თვალით წაიკითხავს მის “გალის ომს”.
კავკასიის იბერიელები, ან თუ გნებავს იბერიელ-კავკასიელები, როგორც მატიანე
გვიამბობს ტყეებში დამალულან. ტყეებში დამალვა რომ არაფერ შუაშია, ჩემი თქმა არ გჭირდება.
სინამდვილეში, იბერიელ-კავკასიელნი ხეების საიდუმლო ძალის გამოყენებას ლამობდნენ, მაგრმ
პომპეუსის უფროს ცოდნას თავი ვერ გაართვეს. სწორედ ამ დროისა უნდა იყოს უცნაური იბერიული
ზღაპარი, რომელშიც ხეზე შემჯდარ ჩიტს მოადგება ბატონი მელა (პომპონიუსი?) და ემუქრება,
ბარტყს თუ არ გადმომიგბ ხეს მოვჭრი და შენც შეგჭმო. ცხადია, სისულელეა, რანაირად უნდა
დაემუქროს მელა ხეზე მჯდომ ჩიტს და გასაგებია,
რომ მთავარი საფრთხე ხეს ემუქრება. არც ჩიტა და არც მელა, ღმერთი-რჯული, კულტიათვის ცნობილი არაა. როგორც ჩანს, ზღაპარმა
ხატოვნად შემოგვინახა რომაული კოლონიზაციის ყველაზე მწარე ეპიზოდები.
პომპეუსის შემდეგ, ხეების შესახებ არც იბერიაში და არც პონტოს ნაპირებზე
ბევრი ააფერი ისმის. ხეები იქ გამოჩნდებიან, სადაც ნამდვილად არ მოელი! სად ხეები და
სად ქრისტიანებიო, იფიქრებ, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ მათ უფრო რომაელებლის გამგრძელებლებად
და შესაბამისად ჩვენს მტრებად აღვიქვამდით და ამოტომაც ვერ ვხედავდით მათში ჩვენი ცოდნოს
ნაკვალევს. წარმოიდგინე, რომ ამ საზოგად მამაკაცების კულტში იბერიელ-კავკასიელებს განმანათლებლად,
ანუ ქრისტიანობის გამავრცელებლად ქალი დაუსახავთ. ეს თვაისთავად სულაც არ იქნებოდა
საკმარისი, რომ არა მისი იბერიაში
მოსვლის გარემოებები. ამ ქალს თურმე სჭერია დაკლაკნილი ჯვარი, რომელიც ვაზისაგან ყოფილა გაკეთებული. სწორედ ამ უცნაური ხის არჩევამ მაფიქრებინა,
რომ ამ ლეგენდაში იბერიელ-კავკასიელებმა ისევ ძველი, მართალია შეკვეცილი ამბავი ააღორძინეს.
როგორც ხედავ, გვაკლია გველი, კაცი და რიტუალი, მაგრამ ესეც ერთი შეხედვით: ცოტაოდენი
ფანტაზიით გველის კვალი შეიძლება დაკლაკნილ ტოტებში დავინახოთ, (ვიცი, ასეთი გადაჭარბებისათვის
არ შემაქებ) , ხოლო რაც შეეხება კაცს, აქ ყველაფერი ბევრდ უფრო რთულად და საინტერესოდაა.
ქრისტინები, მოგეხსენება, ჯვარცმულ ქრისტეს
სცემენ თაყვანს, რომელსაც ისინი ღმერთის შვილად მიიჩნევენ, რომელიც ჯვარცმიდან მესამე
დღეს აღმსდგარა მკვდრეთით . ალბათ ვერ წარმოგიდგენია,
რამდენი ხანი ვერ ვახერხებდით დაგვენახა რა ხდებოდა აღმოსავლეთ ქრისტიანობის წიაში,
მაშინ, როდესაც ჩვენი მზერა დასავლეთისაკენ იყო მიპყრობილი. მართალია ხეზე (და არა
ამ ხისგან შექმნილ ჯვარზე) კაცი არასწორად ჰკიდია (ერთადერთი სწორი ფორმა ქრისტიანობაში ჯვარცმული წმინდა პეტრეა), მაგრამ სწორად იბერიულ-კავკასიურმა
ტრადიციამ შემოგვინახა ძველი ცოდნის ნაკვალევი ყველაზე სულყოფიი ფორმით: ხე (*გველი),
ქალი, ხეზე ჩამოკიდებუი კაცი, სიკვდიის და სიცოცხლის საზღვარი. როგორც ჩნს, იბერიელ-კავკასიელთა
შემთხვევაში უბრალოდ ძველი ცოდნის კვალთან
უნდა გვქონოდა საქმე, ვიდრე მის შეგნებულ გამოყენებასთან, მაგრამ ეს კვალიც
კი გვიჩვენებს, რომ ყოფილან ადამიანები, ვინაც ტრადიციის თუნდაც ასეთი ფორმით გადაცემას
ლამობდნენ. სამწუხარო იმ დროს მათ იქ ძებნაზე ჩვენთან არავის უფიქრია.
ძველი ცოდნის კვალი კავკასიურ იბერიაში მას შემდეგ რვაასიოდე წლით იკარგება
ფრიად უცნაურ დროს და ადგილას ჩნდება. მაშინ (ახლა კვლავ გალის მიდამოებში ვართ) იქაური
სამეფო ისეთ დღეში იყო, რომ საიდუმლო კი არა და რამე ცოდნაზეც კი სურულიად ზედმეტია
ლაპარაკი. ამ ქვეყნის მეფეს ნადირობა ჰყვარებია და აჯამეთის ტყიდან გამოსვლა არც კი
სდომებია. როგორც კი შვილი წამოზრდია, მისთვის გადაუბღებია მეფობა. უცნაური ამბავია,
მაგრამ შემდეგი მოვლენებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ ამ კაცს, რომელსაც ფრიად
ირონიულად გველებზე მონადირე რაინდის სახელი რქმევია, გალის ტყეებში ვიღაცისთვის ან
არაღაცისთვის მიუგნია, რასაც მისი და მისი სამეფოს ბედ-იღბალი მთლიანად შეუცვლია. ჩემი
ვარაუდით, ამ კაცმა მიაგნო სწორედ იმ ცოდნას (არა სრულყოფილს, არამედ ჯერ კიდევ
1200 წლით ადრე გაკუღმართებულს), რომლითაც იბერიელ-კავკასიელთა მეფეები რომაელებს ვერ
დაუპირისპირდნენ. მაგამ ამასობაში რომაელთა საიდუმლო ცოდნაც დაქვეითებულიყო. ამ ცოდნის
და თავისი შვილის მეშვეობით ამ კაცს საკუთარი ძალაუფლება ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გაუმყარებია (როგორ მტკივა გული, რომ ძველი
ცოდნის ასეთი პროფანული გამოყენებაც კი მიხარია) და ის თავისი შვილების და შვილიშვილებისთვისაც
გადაუცია. არ გაგიკვირდება, რომ ამ კაცის შვილის ერთ-ერთი მტერი მას “ტყეთა მეფეს” ეძახდა, გასაგებია
რატომაც. მისმა სელჯუკმა ანტაგონისტმა კარგად
არ იცოდა, რომ ტყაშმაფა კაცი კი არა, ქალი უნდა ყოფილიყო, სამაგიეროდ ცოტა ხნის შემდეგ
ეს დავითს გაუგია. ამ ცოდნის კვალს წავაწყდებით
ჩვენი იბერიელ-კავკასიელებისათვის ერთ ფრიად პატვცემულ წიგნში, სადაც ჩვენი რიტუალური
ფორმულა ერთობ თავისებურად, სამაგიეროდ შესაშური სიზუსტითაა გადმოცემული: “ქმნა მართლისა
სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად”. შენთვის ცხადია, რომ აქ სწორედ ჩვენს რიტუალზე
და სიკვდილ-სიცოცხლის საზღვრის გადალახვაზეა ლაპარაკი. ცხადია, საპირისპირო მიმართულებით.
ამდროინდელი საიდუმლო ცოდნის ნაკლი ის იყო, რომ ქალიც და გველიც იქიდან
დაკარგულიყვნენ (როგორც ჩანს ქრისტიანობის გავლენით). ჩვენ ვიცით, რომ იმ მეფის შვილი,
რომელზეც წეღან გიყვებოდი, მთელი ცხოვრებდა ეძებდა და აგროვებდა საიდუმლო ცოდნის ნამცეცებს,
როგორც შინ ისე გარეთ ( მატიანე იმასაც გვიამბობს,
რომ ის ყველა აღმსარებლობის ბრძენთ ხვდებოდა). როგორც ახლა ჩანს, რაღაცას მართლაც მიაგნო
და გაიგო, რომ ძველი ცოდნის გასამყარებლად ქალი აუცილებელი იყო. ამიტომაც ამ ქვეყანაში
სასწრაფოდ შეიცვალა ტახტის მემკვიდრეობის კანონი, ისე რომ საიდუმლო ცოდნა და ხელისუფლება
ერთ ხელში მოქცეულიყო ( სამწუხაროდ მეფე დავითმა ან არასწორ ცნობებს მიაგნო, ან რასაც
მიაგნო სათანადოდ ვწრ განმარტა, ან ეს ცნობები ჯერ ბერძნულად და ლათინურად, შემდეგ
კი არაბულად თარგმანისას დამახინჯდა). კარის პოეტების მეშვეობით კი ქალთა მიმართ მეტი
პატივისცემის დამკვიდრება დაიწყო, ვიდრე იქამდე ქრისტიანობის მიმდევართ როდესმე დასიზმრებიათ.
(იმის საფუძვლები, რასაც დღეს პიარს ეძახიან სინამდვილეში, მოგეხსენება, ბევრად უფრო
ძველია).
მეფე გიორგიდან მის შვილთაშვილ თამარამდე, როდესაც მოხერხდა საიდუმლო კულტში
ქალის შემოყვანა, კავკასიური იბერია აღმა მიდიოდა. ძველი ცოდნის მოსაპოვებლად სპეციალური
სკოლებიც კი დაუარსებიათ. რამეს მიაკვლიეს თუ არა ახლა ალბათ ვეღარ გავიგებთ, იმიტომ
რომ დედოფლის შვილს მართალია მცენარეები ძალიან ყვარებია, მაგრამ ხეებზე უფრო ბალახების
პატივისმცემელი ყოფილა. როდის და როგორ განადგურდა საიდუმლო ცოდნის კვალი ეს ვეღარ
დავადგინე, მაგრამ ამ სამეფოსათვის მომთარეებს მოუღიათ ბოლო. როგორც ამბობენ, ისტორია
მეორდება. როგორც ჩვენ დაგვამარხეს მომთაბარეებმა, რომლებსაც ხეების არაფრი გაეგებოდათ
რომლებსაც დღეს ინდო-ევროპელებად მოიხსენებენ, ისე ამათტვისაც ხეების ვერდამფასებლებს
გადაუტეხავთ ხერხემალი.
ქრისტეშობიდან მეცამეტე საუკუნის შემდეგ საიდუმლო ცოდნის ალი-კვალიც აღარა
სჩანს კიდევ შვიდას წელზე მეტს. რუსები, რომლებიც რომაელების მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ
თავს , ხეების ჩეხვაში თუ ყოჩაღობდნენ, საიდუმლო ცოდნა კი აქა-იქ თუ გაკრთებოდა, ოღონდ
ისიც მთავრობასთან მწყრალად მყოფთა შორის. ჩვენს კავკასიურ იბერიაშიც უკეთესად არ უნდა
ყოფილიყო საქმე, იქ რომ არ გამოჩენილიყო ერთი ბუნებისა და განაკუთრებით ხეების მოტრფიალე
კაცი. ახლა ძნელი იქნება იმისი თქმა, ეს კაცი
სადმე გადაკარგულ თუ კარგად გადამალულ საიდუმლო ცოდნას გადააწყდა, თუ საიდულო
ცოდნით გადმოცემის გარეშე დაჯილდოვების საოცრებასთან
გვქვს საქმე. ეს კაცი პოეტი გამხდარა, რომელააც მისი ხალხი დღემდე დიდად აფასებს. თავის ლექსებშიც და მოთხრობებშიცო, როგორც მის შესახებ
წაივკითხე, მას არაერთი ძველი მითოსი გაუცოცხლებია, მაგრამ მთავარს მისი მკვლევარნი,
რა გასაკვირია და ვერ მიმხვდარან. მთავარი კი გახლავს ამბავი ერთი ჭაბუკისა, რომელიც
გრძნეულებთან მოხვედრილა, იქ გველი უჭამია და ბუნების ენაზე ალაპარაკებულა. გველის
ჭამა აქ, ცხადია, არაფერ შუაშია. ეს უფრო შენს საყვარელ ჩინთა გასტრონომიულ ექსცესებს
ჰგავს. ოღონდ ამ ამბავში ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად ჩნდება გველი, როგოეც ცოდნის
(და არა ცოდვის, როგორც ქრისტიანებს ეგონათ) შემნახველი და გადამცმი. ტრაგიკული კი
(ბერძნების მიერ მოგონილი მნიშვნელობით, რომლებმაც ცოდნის დამცრობის გამო ერთიანი მხოლოდ
ნაწილ-ნაწილ დაინახეს) ის იყო, რომ ამ ჭაბუკს თვითონ მოუწია ხის მოჭრა. გაგიგია ასეთი
რამ? მცველი ხეს ჭრიდეს, თან ტიროდეს და განიცდიდეს? თუ ეს ტრაგედიები მართლა არსებობს,
ამაზე უარესს ძნელად თუ წარმოიდგენ! ესეთი მწუხარე ის ძველი ზღაპარიც კი არ ყოფილა
ჩიტზე და მელაზე.
ამ კაცის სიკვდლიდან ცოტა ხნის შემდეგ კი საიდუმლო ცოდნით კი უფრო ისინი
დაინტერესებულან, ვისაც ძალაუფლების საიდუმლო ყველაფერს ერჩია. სწორედ მათ დაიწყეს
საიდუმლო სამსახურების გაოყენება იმის გამოსაძიებლად, რაც ამ სამსახურებს სულაც არ
ე-ხე-ბოდა. რაღაცა ცოდნა პონტოელების შესახებ თავიდან მოუძიებია ერთ ახალგაზრდა გალელ
ისტორიკოსს, რომელიც შემდეგ რუსეთის ტომით იბერიელ-კავკასიელი მმართველის მრჩეველიც
კი შექმნილა გალის და კავკასიური იბერიის ისტორიის საკითხებში. როგორც ჩანს, ამ კაცს
რაღაც ცოდნა გადაუცია ბოლშევიკური რუსეთის საიდუმლო სამსახურის ტომით გალელი უფროსისათვის,
რომელსაც ხეებზე მეტად ქალები აინტერესებდა და ისტორიკოსს ყური არ ათხოვა, თუმცა, როგორც
ამ პროფესიის ხალხს სჩვევია, ქაღალდები არ გადაუყრია და შეუნახავს. ამ გზით მიუღწევია
საიდუმლო ცოდნის რომელიღაც ფრაგმენტს (შემდეგი მოვლენებიდან გამომდინარე ალბათ სწორედ
იმას, რომელსაც პომპეუსის დროინდელი კავკასიელე იბერები ფლობდნენ და რომელიც ხეისუფალთ
აინტერესებთ ხოლმე) იბერიის მაშინდელ მმართველამდე, რომელსაც დასავლეთში ედუარდ კედლისმნგრევლის
სახელით იცნობენ.
ამ ლიგურიელ კაცს, რომელსაც მცენარეებიდან ყველაზე მეტად ჰყვარებია შენი
მოწონებული camellia sinensis, სასწრაფოდ დაურგავს იბერიის სატახტო ქალაქის შუაგულში ჭადარი. გარდა
ამისა, ხელოვანთათვის დაუვალებია სატახტო ქალაქის დაარსების მეორე (სინამდილეში კი
მისი აზრით ჭეშმარიტი) ლეგენდის გალექსვა და ხალხში გამოტანა. რატომ მიიჩნიეს საიდუმლო
ხე ჭადრად არავინ იცისი, იმიტომ რომ გალელი ისტორიკოსის საიდუმლო ჩანაწერებზე მე ხელი
არ მიმიწვდება, მაგრამ ცხადია, რომ სახალისო შეცდომასთან გვაქვს საქმე. ამ ერთი ჭადრის თუ ზოგადად ჭადრების ძალის
ამბავი იბერებში (ყოველ შემთხვევაში მათ ძალაუფლების მოყვარე და ძალაუფლებისმოყვარეთა
მოყვარე ნაწილში) სარწმუნოდ შექმნილა, ისე რომ ჭადრებზე ნადირობა ერთ დროს კედლისმგრევლის
მტერთა პოლიტიკადაც კი ყოფილა გამოცხადებული.
კედლისმნგრევლის (რომელსაც კედელი ჯერ არ დაენგრია) ადგილმონაცვლემ, პირველი რაც გააკეთა,
ის მთავარი ჭადარი მოაჭრევინა, ვინაიდან სჯეროდა, რომ სწორედ ეს ხე ანიჭებდა კედლისმნგრეველს
ძალას. ის ხე, როგორც ხვდები, არაფერ შუაში იო, მაგრამ ამ ხის მოჭრის შემდეგ ამ ქვეყნის
საქმე სულ უკან და უკან წასულა, განსაკუთრებით იბერებისათვის ისეათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან
სფეროებში, როგორიცაა ფეხბურთი და ოპერა ( თავი რომ დავანებოთ ზოგასად ხს ჭრის ბარბაროსულობას).
კედლისმნგრეველმა, ხელმეორედ გახელისუფლებულმა, ეს ჭადარი კი თავიდან დარგო, მაგრამ
როგორც ალბათ წარმოგიდგენია, ჭადარმა ხელისუფლება ისევე შეუნარჩუნა, როგორც , ვთქვათ,
ბაბუაწვრა გამოგადება სამყაროს ღერძად.
თუმცა, საიდუმლო სამსახურში შენახულ ცოდნას ან პირდაპირ სამსახურიდან,
ან ამ სამსახურთან მომუშავე მრჩეველთა მეშვეობით, რომლებიც კედლისმნგრევლის დამხობის
შემდეგ პირდაპირი და გადატინითი მნიშვნელობით უპატრონოდ დაშთენილან, პონტიფექსთან მოხვედრილა.
პონტიპექსი, რომელიც ისედაც ძველი იბერიულ-კავკაირი კულტების გამგრძელებელი ყოფილა,
ხეებითაც მოხიბლულა და პალესტინიდან ჩამოტანილი ძველი ხე დაურგვევინებნა სატახტო ქალაქის
შუაგულში. პალესტინის ხეები რა დასარგველია, ეს შენ ჩემზე კარგად იცი, მაგრამ აქ ქრისტიანობის
და ძველი ცოდნის ურთიერთჩანაცვლებას ვხედავთ. ერთი მნიშვნელოვანო დეტალი ძველი ცოდნისა
კი ჩანს, რომ ხე ძველი უნდა იყოს.
არ გაგიკვირდება, რომ იგივე ხალხი, ვინაც პონტიფექსს აძლევდა რჩევებს,
ზვიგენოფილთანაც მივიდა. ზვიგენოფილსაც, სჩანს, ჭკუაში დასჯდოია ეს აბავი, ოღონდ თავიდან
არა სცოდნია, როგორი ხე უნდა დაერგა თავის ბაღში ღიღინ-ღიღინით. ამიტომაც, თავის ხელ-ქვეითს,
სატახტო ქალაქის ამირას დაავალა რაც შეიძლება მეტი სხვადასხვანაირი ხე დაერგო. ეჭვი
რომ არავის აეღო (თუმცა რაღა ეჭვი, როცა ყველამ, ვინც რჩევას ყიდდა და პატრონ ეძებდა, ამ
ხეების შესახებ ცოტა რამ მაინც იცოდა) ესე ამბავი ზღაპრული გადააქციეს საარჩევნო მოწოდებად
“დავრგოთ მილიონი ხე”. მილიონი კი არა, სატახტოში მგონი ხე აღარ შემორჩა, მაგრამ ამასობაში
რომელიღაც ყველაზე მარიფათიან მრაჩეველს ზვიგენოფილი დაურწმუნებია, ის ხე შენ რომ ეძებ
ნამდვილად ტიტის ხე არისო. ვერ გეტყვი, რომ გული მომდის საიდუმლოთა ფულით შოვნის მომტყუებლებზე.
ზვიგენოფილს ჩაუთვლია, რომ მისი ხელისუფლება ახლა ოც-ოცდაათ წელიწადს მყარ ფესვებზე
დგას, მაგრამ ეჭვი მაქვს, სიურპრიზებს უნდა ელოდეს.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგწეერე, რომ მგონი ღირს ამ ქვეყანაში ერთი-ორი
მცოდნის გაგზავნა, ვინძლო სადმე შემორჩენილი ჩვენიანები იპოვნონ. ცოტა ხნის წინ მანდ
ახალგაზრდათა ჯგუფი გაჩენილა, რომელიც პარტიზანულად რაღაც ხებსა რგავს და ვნახოთ, ჩვენები
ხომ არ არიან.
ახლა რაც შეეხება თვითონ ხეს: იბერილებს ეს ხე ალვისა ეგონათ, გალელებს
კაკალი, ახლებმა რატომღაც ჭადრად მიიჩნიეს, პონტიფექსს კი ზეთისხილად მოელანდა. ვაშლი
რომ არაფერ შუშია, ეგეც მშვენივრად მოგვეხსენება. ტიტაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი.
ყველაზე გონებამაზვილური თეორიას ერთ იბეროულ-კავკასიურ ტრაქტატში მივაგენი, რომელოც
ამ ხეს ვაზად მიიჩნევს მისი სხვადასვაკულტებთან კავშირის და ასევე რომაული ანდაზის
გამო, რომ ჭეშმარიტება სწორედ ღვინოშია. შენზე უკეთ ვის ეცოდინება, რომ რომალებმა თუ
რამე არ იცოდნენ ამ ქვეყნად, ჭეშმარიტებაა. ისიც კარგად ვიცით, რომ ის ხე, რომელსაც
ეძებდნენ იბერები არის
აქ წყება ტექსტი. არ ვიცით, ეროვნული უშიშროების სააგენტომ მოჭრა აქ წერილი
თუ მისმა გამავრცელებლებმა მაგრამ ვფიქრობთ, ინფორმაცია საყურადღებოა.
ოფისის მძღოლის მინაწერი: ძმებო, ქართველებო, თუ ამ ხეებს მართლა რამე
შეუხლიათ, მოდით და დავრგოთ და დავრგოათ, იქნებ მაშინ მაინც გვრხველოს რამე, ჰაა?
აღდგომა და ხვალე, მატარებელში