In nova fert animus mutatas dicere formas corpora
მოდი, გიამბობთ, როგორ იქცნენ ფორმები სხვა სხეულებად
ოვიდიუსი, მეტამორფოზები 1,1.
ამბავი, რომელსაც მოვყვები, ინტელიგენციის მოკლე ისტორიაა საქართველოში. როგორ ჩამოყალიბდა ქართული ინტელიგენცია, როგორ გადაიქცა ის დამოუკიდებელ კლასად საბჭოთა პერიოდში და რა ცვლილებები განიცადა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. თემა ერთი სტატიისათვის ზედმეტად ვრცელია. მასალის სივრცეს შევზღუდავ იმით, რომ ინტელიგენციის ტრანსფორმაციების ფორმალურ მხარეზე გავამახვილებ ყურადღებას და არა შინაარსობრივზე. ფორმალური აღწერა წინ უსწრებს შინაარსობრივს, რადგანაც ჰომოგენურ ინტელიგენციის (იმ თვალსაზრისით, რომ ის სოციალურად ერთგვაროვან ჯგუფს წარმოადგენს) შინაარსობრივად შეიძლება განსხვავებული მიმართულებები ჰქონდეს. ასე ხდებოდა კიდევაც საქართველოში XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე და XX საუკუნის 80-იანი წლებიდან დღემდე.
წერილის პირველი ნაწილ ნაწილი თეორიულია, მეორე ისტორიული. ინტელიგენციის ცნებას და თეორიას ამ წერილისათვის არაპროპორციულად დიდ ადგილს იმიტომ ვუთმობ, რომ ისტორიული ნაწილის, ინტელიგენციის ტრანსფორმაციათა აღწერის მცდელობაც კი თეორიული ჩარჩოს გარეშე არაპროდუქტიული მგონია. თეორიული თვალსაზრისით გამოვყოფ ინტელიგენციის ოთხ მოდელს: რომანტიკული ტრადიციის ეროვნულ ინტელიგენციას, კლასობრივ ინტელიგენციას (გრამში), კლასობრივად მიუკედლებელი ინტელიგენციას (მანჰაიმი) და პოსტკლასიკური საზოგადოების ინტელიგენციას (მამარდაშვილი). ამ მოდელებს გამოვიყენებ არა ისტორიული პერიოდიზაციისათვის (თუმცა შეიძლება გარკვეული განვითარების დანახვა რომანტიკული ინტელიგენციიდან პოსტკლასიკურ ინტელიგენციამდე), არამედ სისტემატურად, ქართული ინტელიგენციის აღსაწერად ყოველ ისტორიულ მონაკვეთში.
ისტორიულ ნაწილში თითო ქვეთავი ეძღვნება XIX საუკუნის, საბჭოთა პერიოდის და პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის აღწერას.
I. ინტელიგენციის ცნება და თეორია
ცნება „ინტელიგენცია“ ისეთი ადამიანების ერთობლიობას აღნიშნავს, რომლებისათვისაც განათლება პროფესიული ან სოციალური განმასხვავებელი ნიშანია საზოგადოების სხვა ჯგუფებისაგან. ამ გაგებით ინტელიგენცია, როგორც ფენომენი ცნებაზე ძველია და ყველგან არსებობდა, სადაც კი წერა-კითხვა ან მასთან დაკავშირებული საქმიანობა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ჯგუფების პრივილეგია იყო. ანტონიო გრამში და კარლ მანჰაიმი ინტელიგენციას ისტორიულად სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებენ. XIX საუკუნეში სიტყვა ინტელიგენციამ, რომელიც იქამდე ინტელექტს ნიშნავდა, შეიძინა განათლებულ ადამიანთა ჯგუფის მნიშვნელობა. თანამედროვე გაგებით ინტელიგენციის ისტორიაც აქედან იწყება. სავარაუდოდ, ცნება ინტელიგენცია პირველად გამოიყენა პოლონელმა ფილოსოფოსმა კაროლ ლიბელტმა 1844 წელს. 1840-იან წლებში ინტელიგენციას სოციალური ჯგუფის აღსანიშნავად იყენებდნენ გერმანიაშიც და რუსეთშიც. რუსეთში ეს ცნება 1860-იან წლებში პოპულარული გახადა ჟურნალისტმა ბობრიკინმა, რომელიც ამ ცნების ავტორობას იჩემებდა. რუსეთში ინტელიგენციის ცნებამ შეიძინა განსაკუთრებული სულიერი მისიის მატარებელი სოციალური ჯგუფის მნიშვნელობა. საქართველოში ინტელიგენციის ცნება 1890-იანი წლების შემდეგ მკვიდრდება. 1906 წელს არჩილ ჯორჯაძე უკვე ინტელიგენციის ისტორიას წერს.
სოციალური ჯგუფის აღსანიშნავად ეს ცნება უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პოლონეთსა და რუსეთში გამოიყენებოდა (საქართველოშიც, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილში). დასავლეთ ევროპაში ინტელიგენციის ცნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქმის აღარ გვხვდება - დასავლეთევროპული დისკურსი ნაკლებად ეხება კოლექტიურ ინტელიგენციას, უფრო ინდივიდუალურ (საჯარო) ინტელექტუალებს .
მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნის დასაწყისში ინტელიგენციაზე ბევრი ავტორი წერდა (ბერდიაევი, პლეხანოვი, ბუხარინი, პოლონსკი) გრამშიმ და მანჰაიმმა შექმნეს ინტელიგენციის თეორია, რომელიც თავის მნიშვნელობას არ კარგავს დღესაც.
ინტელიგენციის თეორიაში ინტელიგენციის ფორმის შესახებ განსხვავებულ მოსაზრებებს ვხვდებით: ა) ინტელიგენცია ერის განათლებული, საუკეთესო ნაწილია; ბ) ინტელიგენცია ყოველი კლასის განათლებული ფენაა, რომელსაც კლასობრივი მდგომარეობის გაცნობიერება და ჩამოყალიბება შეუძლია; გ) ინტელიგენცია კლასობრივია, მაგრამ ყველა კლასში წარმოადგენს შედარებით მიუკერძოებელ ფენას, რომელსაც საკუთარი კლასობრივი ინტერესებისაგან ტრანსცენდირება შეუძლია; დ) ინტელიგენცია კლასობრივია, მაგრამ ერთკლასიან თანამედროვე საზოგადოებაში ის ამ კლასის ინტერესებს ემსახურება. ამ განსხვავებულ თეორიებზე დაწვრილებით შევჩერდები.
ა) ინტელიგენციის ცნება, რომელიც პოლონეთის 1831 წლის აჯანყების კონტექსტში გაჩნდა და თეორიულად გააფორმა კარლ ლიბელტმა, რომანტიზმის და ერის ჰერდერისეული გაგების პროდუქტი იყო. ჰერდერს მიაჩნდა, რომ ენა, კულტურა, ხელოვნება ეროვნული სულის გამოხატულება იყო. აქედან კი შორს არ იყო მოსაზრება, რომ მწერლები და ხელოვანნი, რომლებიც ეროვნულ სულს გამოხატავდნენ, ერის საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. ერის ჰერდერისეული გაგება განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო იქ, სადაც პოლიტიკური ერი არ არსებობდა. რუსეთის მიერ დაპყრობილ პოლონეთში (ან მის ნაწილში) სწორედ ინტელიგენცია ითავსებდა პოლიტიკური კლასის ფუნქციასაც ან, უფრო სწორად, ყოფილი პოლიტიკური ნაწილი (თავად-აზნაურობა) ინტელიგენციად გადაიქცა. მსგავსი სოციალური ტრაექტორია შეგვხვდება საქართველოშიც, სადაც თავად-აზნაურობა, ან ყოველ შემთხვევაში მისი ნაწილი გარდაიქმნა ინტელიგენციად მას შემდეგ, რაც რუსულმა კოლონიურმა მმართველობამ მას პოლიტიკური ფუნქცია ჩამოართვა.
ინტელიგენცია ილია ჭავჭავაძესაც რომანტიზმის ტრადიციიდან გამომდინარე ესმოდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცნებით არ სარგებლობდა. მისთვის ინტელიგენტი - მეცნიერი ან ხელოვანი - მამულის შვილი იყო, მამული კი არ იყო კლასობრივად დიფერენცირებული. მამულიშვილი მთელი ერის ინტერესებს გამოხატავდა. ეს თეორია ილიას გაშლილი აქვს საპროგრამო წერილში “საქართველოს მოამბეზედ” (1863), ამ გაზეთმა კი საფუძველი ჩაუყარა პირველ დასს და მის სოციალურ ფილოსოფიას.
ერის სულისკვეთების გამომხატველთა მნიშვნელობით ესმოდა ინტელიგენცია XX საუკუნის დასაწყისში რუს ფილოსოფოს ნიკოლაი ბერდიაევს. რადგანაც ერს ერთი სული ჰქონდა, ხორციც ერთი უნდა ჰქონოდა. ამიტომაც, ინტელიგენციის ჰომოგენურობის დარღვევა ბერდიაევს მიაჩნდა ეროვნული ორგანიზმის სნეულების გამოხატულებად.
ეროვნული ინტელიგენციის თეორია, რომელიც ექსპლიციტურად არ ჩამოყალიბებულა და რომელსაც იმპლიციტურად, თუმცა სხვადასხვაგვარად და სხვადასხვა აქცენტებით მისდევდნენ პოლონეთში კარლ ლიბელტი, საქართველოში ილია ჭავჭავაძე და რუსეთში ნიკოლაი ბერდიაევი ინტელიგენციას პრინციპშივე ერთიან სოციალურ ჯგუფად განიხილავდა და ვერ უშვებდა ინტელიგენციის სხვადასხვა ჯგუფების ან უფრო სწორად სხვადასხვა სოციალური ჯგუფების საკუთარი ინტელიგენციის არსებობის შესაძლებლობას. რაკი ერი ერთი სხეული იყო და ერთი სული ჰქონდა, მისი სულის გამომხატველი ინტელიგენციაც ერთი უნდა ყოფილიყო. ასეთი წარმოდგენის ფარგლებში ინტელიგენციის დიფერენციაცია მხოლოდ გადახვევის, დევიაციის ნიშნად აღიქმებოდა.
ბ) ერის ჰერდერისეული ცნებისაგან განსხვავებით ინტელიგენციის კლასობრივი თეორია მარქსისაგან მოდიოდა და კლასების თეორიას ეყრდნობოდა. მარქსი ინტელიგენციის ცნებას იყენებდა სოციალური თვალსაზრისით, ოღონდ ინტელიგენციის თეორიაზე არ დაფიქრებულა. ინტელიგენციის კლასობრივი თეორია ჩამოაყალიბა იტალიელმა კომუნისტმა ანტონიო გრამშიმ “ციხის რვეულებში”. გრამშის თეორიაზე დიდი გავლენა მოახდინა დისკუსიებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიმდინარეობდა 1920-აინ წლებში. გრამშიმ 1922-1923 წელს რუსეთში იმოგზაურა და აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ბოლშევიკურ, განსაკუთრებით კომინტერნის ინტელიგენციასთან. მისი ჰეგემონიის თეორია და ინტელიგენციის თეორია ატარებდა რუსეთში მიმდინარე დისკუსიების კვალს.
ბოლშევიკები ინტელიგენციის კლასობრიობას კი აღიარებდნენ, მაგრამ არ ჰქონიათ ამ კლასობრიობის შესახებ ჩამოყალიბებული აზრი. რუსული ინტელიგენციის მკვლევარი ს. კრასილნიკოვი 1920-იანი წლების საბჭოთა კავშირში სამ პოზიციას გამოყოფს: “პირველის წარმომადგენლები (ზალიკინდი, ვოლფსონი) ინტელიგენციას მუშათა კლასის სახეობად განიხილავდნენ, რომელიც ასრულებდა გარკვეული სახის საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას. მეორე პოზიციის მომხრენი (ბუხარინი, ლუნაჩარსკი), მიუხედავად ზოგიერთი განსხვავებისა, ინტელიგენციას საზოგადოების არაპროლეტარული, საშუალო ფენების […] დამოუკიდებელ ნაწილად მიიჩნევდნენ. […] მესამე ჯგუფის წარმომადგენლებს ( პოლონსკის და სხვებს) მიაჩნდათ, რომ ყოველ საზოგადოებრივ კლასს საკუთარი ინტელიგენცია ჰყავდა. ამ სამ პოზიციას შორის საზღვრები არ იყო მკაფიო. ლენინი და ლუნაჩარსკი, მაგ. ინტელიგენციას კლასთაშორის შუალედურ, მერყევ ჯგუფად მიიჩნევდნენ. ლუნაჩარსკი და ბუხარინი ინტელიგენციას ჰომოგენურ ჯგუფად განიხილავდნენ (ამაში ისინი მისდევდნენ ძველ, რომანტიზმიდან მომდინარე შეხედულებას ინტელიგენციის შესახებ), მაგრამ მიიჩნევდნენ, რომ პროლეტარიატს საკუთარი, ახალი ინტელიგენცია უნდა შეექმნა, რომელიც ჩაანაცვლებდა ძველ ინტელიგენციას.
საბოლოოდ, იდეალურ შემთხვევაში, მთელი პროლეტარიატი, კულტურის დონისა და ცნობიერების ამაღლების გზით მთლიანად უნდა გადაქცეულიყო საკუთარ ინტელიგენციად (ასეთი მოსაზრება გამოთქვა მემარცხენე პროფესურის წარმომადგენელმა მიხაილ რაისნერმა 1923 წელს გამართულ დისკუსიაზე).
გრამშის თეორიასთან ყველაზე ახლოს იყო საბჭოთა პუბლიცისტი ვიაჩესლავ პოლონსკი, რომელიც მიიჩნევდა, რომ ინტელიგენცია იყო იმ ხალხის ერთობლიობა, რომელიც საკუთარი კლასის ზოგადი ამოცანების და ინტერესების გაგებამდე ამაღლდა. ასე გაგებული ინტელიგენცია საკუთარი კლასის იდეოლოგიის ორგანიზატორი იყო. მისი აზრით, ერთიანი ინტელიგენცია არ არსებობდა: თავ-თავისი ინტელიგენცია ჰყავდა თავად-აზნაურობას, ბურჟუაზიას, გლეხობას, პროლეტარიატს. პოლონსკიც, რაისნერივით მიიჩნევდა, რომ მომავალში ზღვარი პროლეტარიატს და ინტელიგენციას შორის უნდა წაშლილიყო და პროლეტარიატი უნდა გამხდარიყო საკუთარი თავის ბელადი.
გრამში რუსული დისკუსიების სისტემატიზაციას შეეცადა და დასვა კლასობრივად გაგებული ინტელიგენციის თეორიისათვის მთავარი შეკითხვა, რას წარმოადგენდა ინტელიგენცია: დამოუკიდებელ სოციალურ ჯგუფს თუ ყველა სოციალური ჯგუფის ინტელექტუალურ ავანგარდს.
გრამშისათვის, ინტელიგენციის ტრადიციული გაგებისაგან განსხვავებით, ინტელიგენცია არ უკავშირდებოდა რომელიმე საქმიანობას. ყველა ადამიანი, ფიზიკურად მშრომელიც კი, ინტელექტუალურადაც შრომობდა. ყველა ინტელექტუალი იყო, ოღონდ ყველა არ ასრულებდა ინტელექტუალის ფუნქციას. “ინტელიგენციის ახალი ტიპის შექმნის პრობლემა პირველ რიგში მდგომარეობს ყველა ადამიანისთვის ამა თუ იმ ფორმით დამახასიათებელი ინტელექტუალური საქმიანობის კრიტიკულ განვითარებაში და ინტელექტუალურ და კუნთოვან-ნერვულ საქმიანობას შორის ახალი წონასწორობის მიღწევაში. უნდა შეიქმნას ისეთი წონასწორობა, რომლის შედეგადაც კუნთოვან-ნერვული შრომა, როგორც მატერიალური და სოციალური სამყაროს განმაახლებელი პრაქტიკული საქმიანობის ნაწილი, გახდება ახალი მსოფლმხედველობის საფუძველი”. თანამედროვე სამყაროში ყველაზე არაკვალიფიცირებული ფიზიკური შრომაც კი უნდა გამხდარიყო ინტელიგენტის ახალი ტიპის ჩამოყალიბების საფუძველი, განსხვავებით ინტელიგენციის ძველი გაგებისა, რომელიც ინტელიგენტად მხოლოდ უმაღლეს განათლებასთან ან ხელოვნებასთან დაკავშირებულ ინტელექტუალურ შრომას მიიჩნევდა.
აქედან გამომდინარე ყოველ კლასს ჰყავდა საკუთარი ინტელიგენცია, რომელიც, ამ კლასთან მიმართებაში ორგანული იყო - მის წიაღში ჩნდებოდა და ამ კლასის მიზნების და მოთხოვნილებების გაცნობიერება და ჩამოყალიბება შეეძლო. ყოველი ახალი კლასი საკუთარი რიგებიდან ქმნიდა ახალ ინტელიგენციას (რომელიც, გრამშისთანაც, თუნდაც იმპლიციტურად ემთხვეოდა მთელ კლასს) და რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა პრაქტიკული ცხოვრების ყველა სფეროში რომელიმე კონკრეტული სფეროს (მაგ. ხელოვნების) პრივილეგირების ან მონოპოლიზაციის გარეშე.
წინამორბედი კლასის ინტელიგენციას დაკარგული ჰქონდა მისი ორგანული კლასობრივი მიკუთვნებულობის შეგნება და თავი მიაჩნდა “მარადიულად”, “კლასგარეშედ” ან “ზეკლასობრივად”. ასეთ ინტელიგენციას გრამში ტრადიციულს უწოდებდა. (მაგ. ფეოდალიზმისათვის სასულიერო წოდება ორგანული ინტელიგენცია იყო, რომელიც ისტორიული განვითარების შემდეგ ეტაპზე უკვე ტრადიციულ ინტელიგენციად გადაიქცა). იმ კლასისათვის, რომელიც ძალაუფლებისაკენ მიისწრაფოდა, უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო ტრადიციულ ინტელიგენციაზე კულტურული ჰეგემონიის მოპოვება.
გრამში იკავებდა პოზიციას ბუხარინს და პოლონსკის შორის. ერთი მხრივ, ინტელიგენციის კლასობრიობა გამოიხატებოდა იმაში, რომ ყველა კლასს საკუთარი ინტელიგენციის შექმნა შეეძლო და ამას აკეთებდა კიდეც, მეორე მხრივ კი ინტელიგენცია კლასთან მიმართებაში დამხმარე ფუნქციას ასრულებდა: 1) ინტელიგენცია უზრუნველყოფდა ხალხის მასების ,სპონტანურ’ თანხმობას იმ მიმართულებასთან, რომელსაც მმართველი ჯგუფი საზოგადოებას ახვევდა თავს […] 2) ინტელიგენცია მონაწილეობას იღებდა იძულების სახელმწიფო აპარატში, რომელიც უზრუნველყოფდა ,კანონიერ’ დისციპლინას იმათში, ვინც არც პასიურად არც აქტიურად არ ეთანხმებოდა მოქმედ ძალაუფლებას და რომელიც შეიძლებოდა განვრცობილიყო მთელ მოსახლეობაზე მართვის კრიზისის დროს, როდესაც მოსახლეობის სპონტანური თანხმობა ქრებოდა. მოქმედი ძალა კლასი იყო, ინტელიგენცია კი კლასს ემსახურებოდა. განსხვავებით საბჭოთა თეორეტიკოსებისაგან, გრამში კლასის ავანგარდის ფუნქციას ნაკლებად აკისრებდა პარტიას, არამედ მიიჩნევდა, რომ იდეალურ შემთხვევაში მთელი კლასი უნდა გამხდარიყო საკუთარი თავის ინტელიგენცია.
გ) ინტელიგენციის კლასობრივ თეორიას აღიარებდა გერმანელი სოციოლოგი კარლ მანჰაიმი, ოღონდ ამ თეორიაში თავისი შესწორებები შეჰქონდა. სტატიაში “შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური მეცნიერება?” რომელიც შესულია წიგნში იდეოლოგია და უტოპია (1929) მანჰაიმი ვარაუდობდა, რომ აზროვნება დაკავშირებული იყო “ყოფიერებით მდგომარეობასთან” (Seinslage) - არსებობდა კავშირი იმას შორის, რას ფიქრობდა ესა თუ ის საზოგადოებრივი ჯგუფი ან კლასი (მის იდეოლოგიას) და მის “ყოფიერებით მდგომარეობას” შორის.
ცოდნის (განსაკუთრებით პოლიტიკური ცოდნის) კლასობრიობის აღმოჩენა, მანჰაიმის აზრით, მარქსისტული სოციოლოგიის დამსახურება იყო. ოღონდ მარქსისტული სოციოლოგია ორ ასპექტს არ ითვალისწინებდა. პირველ რიგში, ის ხედავდა და აღწერდა მოწინააღმდეგე ჯგუფების მსოფლმხედველობას, როგორც იდეოლოგიას (რომელსაც უნგრელი ფილოსოფოსი გეორგ ლუკაჩი (1885-1971): ყალბ ცნობიერებას უწოდებდა), ოღონდ არ შესწევდა უნარი საკუთარი პოლიტიკური მსოფლმხედველობაც აღეწერა, როგორც იდეოლოგია.
მეორე შენიშვნა, რომელიც მანჰაიმს მარქსისტული სოციოლოგიის მიმართ ჰქონდა, ცოდნის კლასობრიობის გადაულახავი მდგომარეობდა. მანჰაიმი თვლიდა, რომ მიუხედავად კლასობრიობის და იდეოლოგიური დაქსაქსულობისა, პოლიტიკური ველი მაინც ერთიანი იყო და ამ ერთიანობას სწორედ “კლასობრივად მიუკერძოებელი ინტელიგენცია” უზრუნველყოფდა.
მივყვეთ მანჰაიმის არგუმენტაციას. მანჰაიმის აზრით, მსოფლმხედველობის და (პოლიტიკური) აზროვნების დაქსაქსვა, დიფერენციაცია და პოლარიზაცია პოლიტიკური პოზიციების მიხედვით XIX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული სულ უფრო ინტენსიური ხდებოდა. ამ დროიდან მოყოლებული, ნებისმიერი პოლიტიკური ცოდნა აუცილებლად პარტიული და, რაც მთავარია, პარტიკულარული, როგორც მანჰაიმი ამბობს, “ნაწილობრივ-ყოფიერი” იყო. მაგრამ თავისთავად პოლიტიკური ცოდნის პარტიკულარულობა იყო იმის მაჩვენებელი, რომ “პარტიული ასპექტები” ერთი მთლიანი ველის ნაწილები იყვნენ, ხოლო პოლიტიკური სოციოლოგიის ამოცანა ამ მთლიანი პოლიტიკური ველის აღწერა იყო.
თუკი დიფერენცირებულ პოლიტიკურ ველს ერთ მთლიანობად წარმოვიდგენდით, მაშინ უნდა ყოფილიყო ძალები, რომლებიც ამ მთლიანობას უზრუნველყოფდა. პოლიტიკური ველის მთლიანობას ქმნიდა “დინამიკური სინთეზი”, რომელიც განსხვავდებოდა სტატიკური სინთეზისაგან. სტატიკური იყო სინთეზი, რომელიც ეყრდნობოდა წმინდა რაოდენობრივ შუალედს პოლიტიკურ პოლუსებს შორის (ასეთ შუალედურ კლასად მემარცხენე და მემარჯვენე თეორეტიკოსები ბურჟუაზიას ასახელებდნენ). დინამიკური სინთეზი კი რომელიმე ჯგუფს კი არ ეყრდნობოდა, არამედ მაქსიმალურად ითვისებდა ყველა ჯგუფის კულტურულ სიკეთეებს და სოციალურ ენერგიას და უზრუნველყოფდა პარტიკულარული, ერთმანეთთან შეურიგებელი და ურთიერთგამომრიცხავი სააზროვნო სტილების შერიგებას.
მანჰაიმის აზრით ასეთი სინთეზი შესაძლებელი იყო, რადგანაც (სოციალური) აზროვნება უნდა განვითარებულიყო გართულებული საზოგადოებრივი პრობლემების გადაწყვეტის მოთხოვნილებების კვალდაკვალ: გართულებული პრობლემები ქმნიდა კლასობრივად ლოკალიზებული ცოდნის ტანსცენდირების და დინამიკური სინთეზის აუცილებლობას, რომელიც სამუდამო კი არ იყო, არამედ ისტორიულად იცვლებოდა. ამგვარი დინამიკის და მთლიანობისადმი მისწრაფება ვერ წამოვიდოდა კლასობრივად, გინდაც საშუალო კლასებში ლოკალიზებული ჯგუფისაგან, არამედ შედარებით უკლასო, სოციალურ სივრცეში არამყარად ჩანერგილი ჯგუფისაგან. სწორედ ასეთი ჯგუფი იყო მანჰაიმის აზრით სოციალურად მიუკედლებელი ინტელიგენცია.
მანჰაიმი თვლიდა, რომ მხოლოდ კლასებზე ორიენტირებული სოციოლოგიას ამ ფენომენის დანახვა არ შეეძლო და ინტელიგენციას კლასად ან კლასის დანამატად განიხილავდა. სწორედ ასე ხდებოდა ინტელიგენციის საბჭოთა თეორიებში და გრამშის თეორიაში. მანჰაიმის აზრით, განსხვავებით სხვა სოციალური ჯგუფებისაგან, ინტელიგენციას არ ჰქონდა ჰომოგენური ეკონომიკური ბაზა, რომელიც მისი ამ კრიტერიუმით დაჯგუფების შესაძლებლობას მოგვცემდა. გარდა ამ ეკონომიკური კრიტერიუმისა, არსებობდა სოციოლოგიური კრიტერიუმიც: განსხვავებით სხვა ჯგუფებისაგან, სხვადასხვა კლასის ინტელიგენცია სარგებლობდა ცოდნის ერთობლივი საგანძურით. ეს ერთობლივი სარგებლობა ანელებდა დიფერენციაციის ტენდენციას. განათლება და კულტურა ემანსიპატორული ძალები იყო, რომლებიც ინტელიგენციას საშუალებას აძლევდა საკუთარი კლასის ან წოდების ჩარჩოებს გასცდენოდნენ. (ეს მხარე მანჰაიმს გაშლილი აქვს წერილში “ინტელიგენციის პრობლემა”).
მანჰაიმის აზრით“ მიუკედლებელი ინტელიგენციის” შუალედური მდგომარეობიდან გამომდინარე ორი გზა იხსნებოდა: თავისუფალი არჩევანით შეერთება ამა თუ იმ ანტაგონისტურ კლასთან ან საკუთარი მისიის - მთლიანობის სულიერი ინტერესების ადვოკატობის - აღმოჩენა. პირველი გზა გულისხმობდა მოწინააღმდეგე კლასებთან გაერთიანების შესაძლებლობასაც (ისეთ კლასებთან გაერთიანებას, რომელთანაც ინტელიგენტი არ იყო დაკავშირებული წარმომავლობით). არჩევანის ეს შესაძლებლობა განასხვავებდა ინტელიგენციას კლასობრივად ერთმნიშვნელოვნად დეტერმინირებული ინდივიდუუმებისაგან, რომლებსაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეეძლოთ საკუთარი სოციალური სამკვიდროს მიღმა მოქმედება.
მანჰაიმის თეორია არ ნიშნავდა ჰომოგენური ინტელიგენციის რომანტიკულ თეორიასთან დაბრუნებას: მანჰაიმის ინტელიგენცია, მიუხედავად იმისა, რომ კლასობრივი იყო, ამ კლასობრიობის გადალახვის და ამით ისტორიულად ცვლადი დინამიკური სინთეზის შესაძლებლობას ქმნიდა, რომელიც აუცილებელი იყო ისტორიული პროცესისათვის: ისტორიულად გართულებული ამოცანების გადაწყვეტისათვის, რომელსაც ცალკე აღებული კლასი ვერ გადაწყვეტდა.
დ) ინტელიგენციის თავისებური თეორია ჩამოაყალიბა მერაბ მერაბ მამარდაშვილმა სტატიაში “ინტელიგენცია თანამედროვე საზოგადოებაში”, რომელიც პირველად გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის დანგრევამდე დიდი ხნით ადრე, 1968 წელს, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად აღწერს ინტელიგენციის იმ მდგომარეობას, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში და საქართველოში შეიქმნა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მოქმედებს დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილი თავის მოკლე სტატიაში საბჭოთა კავშირს და სოციალისტურ ბანაკს საერთოდ არ შეხებია, მთელი რიგი შენიშვნებისა შეიცავდა საბჭოთა ინტელიგენციის და მისი წოდებრივი თვითშეგნების (ინტელექტუალურ შრომაზე და საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატვის მონოპოლიაზე პრეტენზიის) კრიტიკასაც. თავის წერილში მამარდაშვილი ეყრდნობა გრამშის და მიუხედავად იმისა, რომ ის მანჰაიმს არ ახსენებს, მისი თეორია გრამშისა და მანჰაიმის გარკვეულ სინთეზს გულისხმობს. ინტელიგენციის ისტორიას მამარდაშვილი უშუალოდ უკავშირებს საზოგადოების ეკონომიკური განვითარების ისტორიას და ამით გრამშის და მანჰაიმის კვალდაკვალ მარქსისტულ თუ არა, მტკიცე მატერიალისტურ საფუძველზე დგას. გრამშისაგან განსხვავებით მამარდაშვილი “ტრადიციული” და “ორგანული” ინტელიგენციის ცნებებს განსხვავებულად იყენებს და მათ საზოგადოებრივი განვითარების ორ პერიოდს: კლასიკურს და თანამედროვეს უკავშირებს. კლასიკურ პერიოდი (1930-იან წლებამდე) “ეკონომიკური კანონების და ძალების სტიქიური იძულებით” ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ადამიანების ცნობიერება არ მიიჩნეოდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებლად და სპეციალური მართვისა და რეგულირებისაგან თავისუფალი იყო. “ერთმანეთთან საზოგადოებრივი მთლიანობით დაკავშირებული საზოგადოებრივი ატომების” რეგულირება ხდებოდა მეტ-ნაკლებად სტიქიურად “ინდივიდუალისტური, “გონიერი”, “რაციონალურად გაგებული” ეგოისტური ინტერესისა და საბაზრო კონკურენციის კანონების მეშვეობით. გარკვეული თვალსაზრისით ის, რასაც მამარდაშვილი “კლასიკურს” უწოდებს, შეიძლება დავუკავშიროთ მანჰაიმის მიერ აღწერილ იდეოლოგიურად დიფერენცირებულ პოლიტიკურ ველს: ამ პერიოდში იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს და არსებობს განსხვავებული (კლასობრივი) პოლიტიკის შესაძლებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს კლასობრივი ინტელიგენცია, რომელსაც, თავის მხრივ, კლასობრიობისაგან განრიდების მექანიზმები აქვს.
კლასიკური კაპიტალიზმის პერიოდში “ინტელიგენცია იყო რაოდენობრივად შეზღუდული და ჰქონდა დრო და საშუალება განეხორციელებინა ფაქტობრივი მონოპოლია გონებრივ შრომაზე იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებაში ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო წოდებრივი დანაწილება, კასტურობა, გარკვეული ტრადიციულობა და სიმყარე სოციალური სტრატიფიკაციებისა, რომელიც ძალიან შეზღუდულ სოციალურ დინამიკას უშვებდა”. იდეოლოგიას, რომელიც ინტელიგენციას გამოუმუშავდა და რომლის მიხედვითაც ინტელიგენცია საკუთარ თავს, როგორც “საზოგადოების სინდისს”, “საზოგადო მგრძნობელობის ორგანოს” (всеобщим чувствилищем) წარმოიდგენდა, რომელშიც კრიტიკული თვითშეგნებისა და მგრძნობელობის ყველა ძაფი ერთდებოდა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას მიიჩნევდა მის გარეშე უხმოდ და უსმენოდ დარჩენილად, მამარდაშვილი “განმანათლებლურ აბსოლუტიზმს” უწოდებდა. კლასიკური პერიოდის ინტელიგენციის ასეთი აღწერა აახლოებს მას რომანტიკული ტრადიციის ინტელიგენციასთან. ოღონდ მამარდაშვილის მოდელში ინტელიგენცია, თუნდაც კლასიკური, არ არის სტატიკური.
მამარდაშვილი “კლასიკური” კაპიტალიზმის ინტელიგენციას, გრამშისაგან განსხვავებით, არ აღწერს, როგორც ბურჟუაზიის “ორგანულ” ინტელიგენციას. ორგანული ინტელიგენციის ცნება მისთვის არა კლასიკური, არამედ თანამედროვე (კაპიტალისტური) საზოგადოების ცნებაა. რადგანაც, მამარდაშვილის აზრით, “კლასიკურ” პერიოდში კავშირი ეკონომიკურ ბაზასთან და მის ზედნაშენთან არამყარია, უფრო სწორად ეს ზედნაშენი “ბოლომდე აშენებული” არ არის, ინტელიგენციას ჰქონდა გარკვეული თავისუფლება, რაც მამარდაშვილის ანალიზს მანჰაიმისეულ “ნაწილობრივ მიუკედლებელ ინტელიგენციასთან” აახლოებს. ინტელიგენციის შედარებითი თავისუფლება აძლევდა მის გარკვეულ ნაწილს „რომელსაც შეეძლო ამაღლებულიყო კაცობრიობის მთელი კულტურის დაუფლებამდე და ისტორიული პროცესის, როგორც მთლიანობის გაგებამდე […] გადასულიყო (და გადადიოდა კიდეც) ჩაგრულთა მხარეს”.
განსხვავებით კლასიკურისაგან, თანამედროვე სამყაროს, მამარდაშვილის თქმით, საზოგადოების სტრუქტურის არა სტიქიური, არამედ ორგანიზებული კავშირები ახასიათებდა, გაზრდილიყო ცნობიერების როლი სახელმწიფო მონოპოლიური კაპიტალიზმის მიზნების რეალიზაციაში. თანამედროვე სამყაროში მმართველი კლასის ეკონომიკური ინტერესები საზოგადოებრივი ატომების ცნობიერების “ორიენტაციის”, “კოდირების” გზით ხორციელდებოდა. საზღვრები მეცნიერებას, წარმოებას და საზოგადოებრივ ადმინისტრირებას შორის იშლებოდა. ინტელექტუალური შრომაც ხდებოდა სულ უფრო მასობრივი და სტანდარტიზებული, რომელიც გულისხმობდა კავშირებს მის შემსრულებლებს შორის, არსებული “მაგალითების” მასობრივ მასშტაბებში შაბლონურ კვლავწარმოებას, ინტელექტუალური ფუნქციის რუტინულ ხასიათს, რომელიც დიფერენცირებული იყო შემსრულებელთა შორის, რომლებსაც, თავის მხრივ, დაეკარგათ მთლიანობის კავშირის გაცნობიერების უნარი და ამით დამსგავსებოდნენ მშრომელებს შრომის დანაწილების პროცესში. ამ პროცესთან უშუალო კავშირში იყო “დასავლური საზოგადოების […] იდეოლოგიური და ინსტიტუციური ზედნაშენის” საბოლოო ჩამოყალიბება, რომელსაც შეეძლო “საკუთარი ოპოზიციაც კი - იქნებოდა ეს ბრძოლა გაფიცვების მეშვეობით თუ “მემარცხენე” ავანგარდული ხელოვნება - გადაექცია საკუთარი თვითრეგულირების ორგანოებად, სარქვლებად და მათი, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში ინტეგრაცია მოეხერხებინა”.
თანამედროვე საზოგადოების სტრუქტურის შესაბამისად განსხვავებული იყო ინტელიგენციაც, რომელსაც დაეკარგა ტრადიციული მონოპოლია საზოგადოებრივი და ისტორიული პროცესების გაცნობიერებასა და აზრის გამოხატვაზე და შესაბამისად თავისი წოდებრივი “რჩეულობის შარავანდედი”. “ინტელიგენციას უკვე აღარ შეუძლია გამოაცხადოს პრეტენზია იმაზე, რომ მან სხვის მაგივრად იცის ან სხვის მაგივრად აზროვნებს და შემდეგ პატერნალისტურად დაიცვას ან გაანათლოს ისინი მზა აბსოლუტური ჭეშმარიტების ან ჰუმანისტური მორალის მიწოდებით. [ინტელიგენცია] თვითონ ექცევა მისთვის გაუგებარი, დანაწევრებული რეალობის, ფრაგმენტირებული მთლიანობის წინაშე”. გრამშისეული “ორგანული” ინტელიგენციას მამარდაშვილი სწორედ საზოგადოების თანამედროვე განვითარებას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მარადაშვილი არაფერს ამბობს თანამედროვე საზოგადოების კლასიკურ აგებულებაზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის “ერთკლასიან” საზოგადოებას აღწერს, რომელშიც საზოგადოების ფართო ფენები, პროლეტარიატის ჩათვლით, ფაქტობრივად ბურჟუაზიად არიან გადაქცეულები და კლასობრივი განსხვავებები ბურჟუაზიის სხვადასხვა კლასებს შორის განსხვავებას გულისხმობს. ამიტომაც მამარდაშვილი თანამედროვე საზოგადოების ინტელიგენციაზე ლაპარაკობს, როგორც ბურჟუაზიის ორგანულ ინტელიგენციაზე, რომელიც არ უნდა ავურიოთ გრამშისეული გაგებით ორგანულ ინტელიგენციებში (მათ შორის ბურჟუაზიისა) “კლასიკურ საზოგადოებაში”. ბურჟუაზიის “ორგანული” ინტელიგენციის ჩამოყალიბების პროცესში მამარდაშვილი ყურადღებას ამახვილებდა ორ განსხვავებულ პროცესზე: მართალია ინტელიგენციის მონოპოლია დარღვეული იყო, მაგრამ იდეოლოგია, რომელიც ამ მონოპოლიას ოდესღაც შეესაბამებოდა, ჯერ კიდევ შემორჩენილიყო. ამ მონოპოლიის დამრღვევი პროცესები აღიქმებოდა, მაგრამ გაცნობიერებული არ ყოფილა. ამიტომაც ინტელიგენცია, იმდენად, რამდენადაც ის არ ეგუებოდა არსებულ მდგომარეობას და სოციალური კრიტიკის ტრადიციას აგრძელებდა, ირაციონალური და აპოკალიფსური სოციალური უტოპიების საშუალებით გამოხატავდა საკუთარ თავს, მეორე ნაწილი კი სისტემაში ინტეგრაციას არჩევდა და სოციალური ინჟინერიის პროცესში მონაწილეობას იღებდა. განვითარებულ საზოგადოებაში ინტელიგენცია განიცდიდა სტანდარტიზაციის, გაუცხოების პროცესს, მისი ექსპლოატაცია ადრინდელთან შედარებით უფრო ნატიფი და რთული იყო. აქედან გამომდინარე, ინტელიგენცია დადგა დილემის წინაშე: “გადაიქცეს თანამედროვე კორპორაციის ჩინოვნიკად და ინტეგრირდეს არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში, თუ წავიდეს დემოკრატიული ბრძოლის და დემოკრატიული ძალების ბრძოლის გზით თანამედროვე მონოპოლიებთან”.
მამარდაშვილის წერილი ორი თვალსაზრისითაა საინტერესო. ერთი მხრივ, მასში შეგვიძლია წავიკითხოთ საბჭოთა ინტელიგენციის ირიბი აღწერა. ისევე, როგორც თანამედროვე საზოგადოება ფაქტობრივად ერთკლასიანი საზოგადოებაა (ბურჟუაზიული), ასევე ერთკლასიანია საბჭოთა საზოგადოებაც, რომელშიც ინტელიგენციაც ასევე დაქვემდებარებულ, სისტემასთან შერწყმულ და მის მომსახურე როლს ასრულებს, მაგრამ აქვს დემოკრატიული ბრძოლის პოტენციალიც. მეორე მხრივ, მამარდაშვილს 1968 წლის სტატია გვაძლევს საშუალებას, აღვწეროთ ინტელიგენციის როლი უკვე პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში, როდესაც საზოგადოებრივი სტრუქტურა ემსგავსება მამარდაშვილის მიერ აღწერილს და მიისწრაფვის ერთკლასიანი ბურჟუაზიული საზოგადოების მოდელისაკენ.
ინტელიგენციის ოთხი თეორია: ეროვნული ინტელიგენციის, კლასობრივი ინტელიგენციის, შედარებით მიუკედლებელ ინტელიგენციისა და ერთკლასიანი, "პოსტკლასური” საზოგადოების ორგანული ინტელიგენციისა საშუალებას მოგვცემს, აღვწეროთ ქართული ინტელიგენცია და მისი ტრანსფორმაციები დაახლოებით 200 წლის განმავლობაში.
II. XIX საუკუნის ქართული ინტელიგენცია.
XVIII საუკუნის ბოლომდე განათლების ძირითადი წყარო ჯერ კიდევ ეკლესია იყო, მაღალი წოდების წარმომადგენლები განათლებას შინაც იღებდნენ. ეს იყო გრამშის გაგებით ტრადიციული ინტელიგენცია, რომელსაც ეკუთვნოდა მამების (გრიგოლ ორბელიანის და ბარბარე ჯორჯაძის) თაობა. ტრადიციული ინტელიგენცია თავად-აზნაურობის ინტელიგენცია იყო - განათლებული ფენა მასში განსაკუთრებულად არ ყოფილა გამოყოფილი - ყველას მეტი ან ნაკლები განათლება ჰქონდა მიღებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების ან ნიჭის მიხედვით მონაწილეობდა. წერა ჰობი იყო და არა პროფესია.
ინტელიგენციის გაჩენა საქართველოში დაკავშირებულია არა ახალი სოციალური კლასის გაჩენასთან (მაგ. ბურჟუაზიასთან), არამედ ტრადიციული ინტელიგენციის დიფერენციაციასთან, რაც თავის მხრივ უშუალოდ იყო დაკავშირებული განათლების პროფესიული ცენტრების გაჩენასთან: სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, ჟურნალ-გაზეთებთან. რუსეთის იმპერიის უნივერსიტეტები გახდნენ ქართული ინტელიგენციის სამჭედლოები, ხოლო ტრადიციული ინტელიგენციის შინაარსობრივი დიფერენციაციის გამოხატულება გახდა განსხვავებული მიმართულების ჟურნალ-გაზეთების (მაგ. “ცისკარი”, როგორც ტრადიციული ინტელიგენციის ჟურნალი და “დროება”, როგორც ახალი ინტელიგენციის გაზეთი. არჩილ ჯორჯაძე ქართული ინტელიგენციის ისტორიას სწორედ ჟურნალი “ცისკრის” დაარსებით იწყებს).
თავად-აზნაურობის წრიდან ინტელიგენციის გამოყოფა სოციალურმა და ეკონომიკურმა განვითარებამ განაპირობა, რომელმაც გამოიწვია ტრადიციული ფასეულობებისა და იერარქიების დაშლა. XIX საუკუნის შუამდე თავად-აზნაურობის ხელში იყო სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და სიმბოლური კაპიტალი. XIX საუკუნის შუიდან ეკონომიკურ კაპიტალში მას ვაჭრები შეეცილნენ, ხოლო კულტურულ კაპიტალში ახალი თაობა, რომელსაც განათლება რუსეთის უნივერსიტეტებში მიეღო და იქაური იდეები საქართველოში ჩამოეტანა.
ეს შინაური განათლება აღარ იყო, ეს იყო თვისებრივად განსხვავებული, პროფესიონალიზირებული განათლება, რომლის მიღებასაც რამდენიმეწლიანი ინტენსიური შრომა და საკმაო ფული სჭირდებოდა. ინტელიგენციის გაჩენა უშუალოდ უკავშირდება კულტურული კაპიტალის, განათლების მნიშვნელობის გაზრდას. სიმბოლური კაპიტალის მატარებელი ხდება არა თავადი, აზნაური ან ვაჭარი, არამედ განათლებული ადამიანი. სიმბოლური კაპიტალის ტრანსფორმაციას ზუსტად გამოხატავს ამირინდო, გიორგი ერისთავის „დავის“ პერსონაჟი: „კალამი ხმლათ გარდაიქცაო“. XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში სამაგალითო ქართველი განათლებული მამულიშვილია, რომელიც თავის განათლებას კერძო მატერიალური ან სიმბოლური წარმატების წყაროდ კი არ განიხილავს, არამედ საზოგადოებას მოახმარს.
სამოციანელთა თაობა, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ჩაუდგა სათავეში, გრამშის კატეგორიებით რთულად აღიწერება. წოდებრივად სამოციანელები თავად-აზნაურები იყვნენ, ოღონდ სამოციანელები არ სხდებიან არც ტრადიციული და არც ორგანული ინტელიგენციის კატეგორიაში. ეს ტრადიციული ინტელიგენციის (თავად-აზნაურობისათვის კი ორგანული ინტელიგენციის) ემანსიპირებული ნაწილია, რომელმაც შეძლო საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დადგომა და, ზეწოდებრივი, ეროვნული ფასეულობების და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება. ილიას შექმნილია მამულის ფართო, პოლიტიკური ცნება, რომელმაც ჩაანაცვლა დაკარგული პოლიტიკური სახელმწიფო და ასე თუ ისე დღემდე განსაზღვრავს ქართულ პოლიტიკურ ფილოსოფიას. მონარქიის ერით (ნაციით), უზენაესი სუვერენის ადგილას მეფის მაგივრად ხალხის (ერის) დაყენებამ დასავლეთ ევროპაში ბურჟუაზიის მხრებზე გადაიარა. საქართველოში ეს ამოცანა ისევ თავად-აზნაურობის ინტელიგენციად გარდაქმნილმა ნაწილმა იკისრა.
ვრცელ ციტატას მოვიყვან არჩილ ჯორჯაძის სტატიიდან, რომელიც შესანიშნავად აღწერს ქართული ინტელიგენციის თავად-აზნაურობის წიაღიდან ემანსიპაციის პროცესს. […] ინტელიგენციის გამოსახა იწყება 1861 წლიდან. 1863 წელს უკვე გარკვეულად მოსჩანს ახალი, კულტურულ საზოგადოებრივი ჯგუფის სახე. (1863 წელს დაარსდა ჟურნალი საქართველოს მოამბე, რომელიც დაუპირისპირდა “მამების” “ცისკარს” - ზ.ა.). აქედამ იწყება დიფერენციაცია თავად-აზნაურობისა, როგორც წოდებრივ ერთეულისა და ინტელიგენციისა, როგორც წოდებათა შუა მდგარ კულტურულ ძალისა. მართალია, ამ ინტელიგენციის დიდი უმრავლესობა თავად-აზნაურულ ელემენტისაგან შესდგება. ამ გარემოებას თავისი ცუდი და კარგი მხარე ჰქონდა, მაგრამ მაინც შეგვიძლიან ვთქვათ. რომ ინტელიგენცია უკვე აღარ არის თავად-აზნაურობა, არც თავისი მოქმედებით, არც თავისი მისწრაფებით. […] დღეს, მაგალითად საბოლოოდ მოხდა გათიშვა დემოკრატიული ინტელიგენციისა და წოდებრივ თავად-აზნაურობისა. ასე რომ ინტელიგენცია და თავად-აზნაურობა სხვა და სხვა მოვლენათა კათეგორიებია. […] ადვილად წარმოსადგენია, რომ მესამოციანების ქართული პრესა, რომელმაც დაძლია პრინციპი წოდებრიობისა და მოიწადინა დემოკრატიულ ნიადაგზე დგომა აუცილებლად დაჰკარგავდა თავად-აზნაურობის თანაგრძნობას. და ეს ასედაც იყო. “ცისკრის” მკითხველნი მას უნდობლობით და მტრულად ეკიდებოდნენ. სამაგიეროდ ამ პრესას ახალი მკითხველი გამოუჩნდა. ეს მკითხველი იყო ნორჩი ქართველი ინტელიგენცია, ახალგაზრდობა და შეგირდები სხვა და სხვა სასწავლებლებისა”.
თავად-აზნაურობის წიაღიდან გამოსულმა ინტელიგენციამ უარი თქვა საკუთარი წოდებრივი ინტერესების დაცვაზე და გამოესარჩლა წოდებას, რომელსაც ჯერ საკუთარი ინტელიგენცია არ ჰყავდა. ამიტომ საქართველოში ინტელიგენციის გაჩენის აღწერას უფრო მანჰაიმის თეორიის მეშვეობით შევძლებთ, ვიდრე გრამშისა. სამოციანელთა ლოიალობა არ ეკუთვნოდა მათ წოდებას, არამედ სწორედ საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დადგომამ შექმნა საქართველოში საზოგადოების და საზოგადოებრივი აზრის წინსვლის შესაძლებლობა. მართალია, არჩილ ჯორჯაძე რუსი კოლეგების კვალდაკვალ ინტელიგენციას შუალედურ ფენად მოიხსენიებს, მაგრამ ის თვითონვე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თავად-აზნაურულ ინტელიგენციას და თავად-აზნაურობას შორის კავშირი არასოდეს რაზნოჩინცებიდან წამოსულმა ორგანულმა დემოკრატიულმა ინტელიგენციამ გაჩენამ ზღვარი მათსა და ტრადიციულ ინტელიგენციას შორის სწორედ წოდებრივ კუთვნილებაზე გაავლო.
შინაარსობრივად სამოციანელებს ჯორჯაძე ლიბერალიზმსა და დემოკრატიზმს შორის ათავსებს. “პირველი ხანა ამ ჯგუფის მოღვაწეობისა დახასიათდება, აზროვნების ფარგალში, სხოლასტიურ აზროვნების წინააღმდეგ გალაშქრებაში, ხოლო, სოციალურ საკითხთა ფარგალში, ბატონ-ყმურ საქართველოს უარყოფაში. მეორე ხანა ამ ჯგუფის მოღვაწეობისა გამოისახა მოქალაქეობრივ და საზოგადოებრივ იდეალების გამორკვევაში და იდეურ ხელმძღვანელობაში ყოველგვარ საკულტურო დაწესებულებისა, რომელიც კი იბადებოდა ჩვენს საზოგადოებაში”. ყველაფრის მიუხედავად, ჯორჯაძე სამოციანელთა წოდებრივ ინსტინქტებს - გრძელი ვადით მაინც - უფრო ძლიერად მიიჩნევს, ვიდრე მათ ემანსიპატორულ პოტენციალს.
თუკი “საქართველოს მოამბის” და “დროების” ცისკრისაგან გამოყოფა წოდებრივად ჰომოგენური ინტელიგენციის შინაარსობრივად დაყოფის შედეგი იყო, 1880-იანი წლებიდან საქართველოში ჩნდება (გრამშისეული გაგებით) ორგანული ინტელიგენციაც. ჯორჯაძე არ ეთანხმებოდა ქართული ინტელიგენციის სამ დასად დაყოფის თეორიას და საკუთარი დიფერენციაცია შემოჰქონდა: მესამოცელებს მოსდევდნენ მეოთხმოციანელნი, ნაროდნიკებად მონათლული ჯგუფი, რომელიც გაზეთი “იმედის” გარშემო იყო შეკრებილი. ეს ჯგუფი შედგებოდა ეგრეთ წოდებული რაზნოჩინცებისგან. სწორედ ამ ჯგუფის მაგალითზე აღწერს ჯორჯაძე ორგანული ინტელიგენციის დაბადებას, რომელიც ძველ ინტელიგენციას უპირისპირდება მისი წოდებრიობის გამო.
“ოცი წლის ბატონ-ყმობის გათავისუფლების შედეგ, […] სოციალური ცვლილებების ნაყოფი აღმოჩნდა უკვე ჩვენს ინტელიგენციის წრეებში. თუ წინად აქ თავ.-აზნაურთა წარმომადგენლებს მეტს სხვა წოდების შვილს თითქმის ვერ ნახავდით, ახლა გაჩნდნენ სხვა წოდებიდან გამოსული ინტელიგენტი “დიაკვნის-შვილები”, როგორც უწოდებნენ მათ დაცინვით კეთილშობილ საზოგადოებაში. ამ ინტელიგენტების დემოკრატიზმი მწიგნობრივი აღარ იყო. საუკუნოების მონობიდამ გამოსული და თავდაღწეულნი, მათს სისხლში სდუღდა პროტესტი და მათ თითქოს თანაშეზრდილი ჰქონდათ უნდობლობა თავად-აზნაურებისადმი, თუნდაც რომ ისინი ინტელიგენტები და დიდებული მგოსნები ყოფილიყვნენ. ეს ახალი სამწერლო დემოკრატია, თუმცა ტლანქი და უხეში, ხოლო პირდაპირი და გულწრფელი მოსარჩლე იყო დავრდომილ ხალხისა, რომლის წრიდამ თვითონ იყვნენ გამოსულნი და რომლის დაქვეითებას და დაცემას ასე კარგად გრძნობდნენ და ხედავდნენ”. შინაარსობრივად 1881 წელს დაარსებული გაზეთი “იმედი” გამოხატავდა სოციალური თემების ემანსიპაციას ნაციონალური თემების წიაღიდან.მეოთხმოციანეთა ჯგუფი იყო ე.წ. მესამე დასი, რომელსაც ჯორჯაძე ახალ დასს ეძახის. ეს ჯგუფი, რომელიც თავდაპირველად ეგნატე ნინოშვილის გარშემო იყო შეკრებილი და გვიანდელ სოციალ-დემოკრატებს და ბოლშევიკებს აერთიანებდა, ჯგუფად გაფორმდა ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე, სადაც სილიბისტრო ჯიბლაძემ წაიკითხა საპროგრამო სიტყვა. ჯგუფს მალევე შეუერთდა ნოე ჟორდანია, შემდგომში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რომელმაც ჯგუფის მარქსისტული მიმართულება გააძლიერა. მესამედასელები იმთავითვე დაუპირისპირდნენ სამოციანელებს - ნოე ჟორდანიას წერილი “ქართული პრესა” ძირითადად ილია ჭავჭავაძის კონსერვატორად წარმოჩენას ისახავდა მიზნად და უფრო პოლემიკური და იდეოლოგიური იყო, ვიდრე აღწერითი.
საბოლოოდ, XX საუკუნისათვის ჯორჯაძე სამ ძირითად ჯგუფს გამოყოფს: სამოციანელებს, მარქსისტებს და სოციალ-ფედერალისტებს, რომელთა შორის განსხვავებაც ძირითადად ეროვნული და სოციალური საკითხის მნიშვნელობაზე გადიოდა: პირველნი ემხრობოდნენ ეროვნულ საკითხს და უგულებელყოფდნენ სოციალურს, მეორენი სოციალურ მხარეზე ამახვილებდნენ ყურადღებას და ოპონენტებისაგან ეროვნული ნიჰილისტების ბრალდებას ისმენდნენ, მესამენი კი ცდილობდნენ შეეჯერებინათ ეროვნული და სოციალური საკითხები და მიაჩნდათ, რომ ეროვნულობას, სამოციანელებისაგან განსხვავებით, კულტურულის მაგივრად პოლიტიკური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
ამათგან ორგანული ინტელიგენცია ნაროდნიკები, სოციალ-დემოკრატები, სოციალ-ფედერალისტები იყვნენ. რა პოზიციაზეც არ უნდა მდგარიყვნენ ისინი შინაარსობრივად, ფასეულობრივად ისინი აღიარებდნენ განათლების მნიშვნელობას და განათლების, როგორც საზოგადო სიკეთის მნიშვნელობას. ეს ფასეულობრივი დამოკიდებულება განათლების მიმართ ინტელიგენციის შინაარსობრივად დაყოფილ ჯგუფებს აერთიანებდა შეგნებაში, რომ განათლებული ადამიანი საზოგადო მოღვაწე უნდა ყოფილიყო და სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსაზრება ექსპლიციტურად და პროგრამულად ჩამოყალიბებული არ ყოფილა, ინტელიგენციის გაგება უტილიტარული, პოლიტიკური კლასის ან სახელმწიფო აპარატის მომსახურე კლასისა (გრამშისეული მოურავების გაგებით) არ ყოფილა. ინტელიგენტი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ფიგურა, საზოგადო მოღვაწე იყო. ინტელიგენციის ასეთი გაგება, ინტელიგენციის ფორმა, სწორედ სამოციანელების შექმნილი იყო, ამ ფორმას სხვადასხვა შინაარსის დატევა შეეძლო. ის საბჭოთა პერიოდშიც კი კულტურულმა მეხსიერებამ შემოინახა და მისი რეაქტუალიზაციის შესაძლებლობა შექმნა, მართალია ძველისაგან განსხვავებული, გვიანდელ საბჭოთა კავშირში უკვე კარიკატურული ფორმით.
III. საბჭოთა ინტელიგენცია
საბჭოთა კავშირში ინტელიგენციის ფუნქცია თავდაპირველად დამორჩილებული იყო პროლეტარული რევოლუციის იდეას. ინტელიგენცია - პირველ რიგში პარტიული ინტელიგენცია - თავს მიიჩნევდა პროლეტარიატის ავანგარდად და არა ზოგადი ეროვნული მისიის მატარებელ ჯგუფად. ამიტომ პროლეტარიატის ორგანულ ინტელიგენციას უნდა ჩაენაცვლებინა ტრადიციული ინტელიგენცია ან, ყოველ შემთხვევაში, ჰეგემონია მოეპოვებინა მასზე. როგორც შესავალში ვთქვი, საბჭოთა მარქსისტთა შორის აღიარებული იყო ინტელიგენციის კლასობრიობა, ოღონდ გარკვეული არ იყო, ინტელიგენცია ცალკე კლასი იყო სხვა კლასთა შორის თუ ყველა კლასს თავისი საკუთარი ინტელიგენცია ჰყავდა.
მიუხედავად 1920-იან წლებში მიმდინარე დისკუსიებისა, ინტელიგენციის შესახებ რაიმე ერთიანი თეორია არ ჩამოყალიბებულა. ოდნავ გვიანდელი, გრამშისეული თეორიული მოდელით რომ ვისარგებლოთ, ორგანული ინტელიგენციის როლი ბოლშევიკებს ჰქონდათ მორგებული (თვითაღწერაშიც კი რევოლუციონერთა დიდი ნაწილი თავს ლიტერატორად მოიხსენიებდა), საკუთრივ ინტელიგენციის ცნებით კი აღიწერებოდა ბოლშევიკების გადმოსახედიდან ტრადიციული, “ბურჟუაზიული” ინტელიგენცია, რომელიც საბჭოთა წყობილების მტრად იყო მიჩნეული ბურჟუაზიასთან, წვრილ ბურჟუაზიასთან და ძველ არისტოკრატიასთან ერთად.
განსხვავება ახალ, ორგანულ ინტელიგენციასა და ძველ, ტრადიციულ ინტელიგენციას შორის ჰეგემონიის პრეტენზიაზეც გადიოდა. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ოქტომბრის რევოლუციის ერთ-ერთი ბელადის, ლევ ტროცკის პოლემიკა რევოლუციურ ლიტერატურულ გაერთიანება “სამჭედლოსთან” (кузница). “სამჭედლო” ბრალად სდებდა პარტიულ ხელმძღვანელობას ლიტერატურულ პროცესებში ჩარევას. რაზეც ტროცკი უპასუხებდა, რომ “სამჭედლოს”, ისევე როგორც სხვა ლიტერატურულ გაერთიანებებს ტყუილად ჰქონდათ პროლეტარული ხელოვნების პრეტენზია. პროლეტარული ხელოვნება ჯერ არ არსებობდა და უცნობია, როდისმე გაჩნდებოდა თუ არა. ტროცკი ლიტერატორებს ბრალს სდებდა იმაში, რომ მათ ვერ გააცნობიერეს ისტორიული ცვლილება: ადრე ბელინსკი, ჩერნიშევსკი ან დობროლიუბოვი, ერთი მხრივ, ლიტერატურის საზოგადოებრივი შთამაგონებლები, ხოლო მეორე მხრივ - საზოგადოების ლიტერატურული შთამაგონებლები იყვნენ. ისინი, ტროცკის აზრით, იყვნენ თავიანთი დროის საზოგადოების ბელადები იყვნენ, ახლა კი, ბოლშევიკური ცკ-ს წევრები იქნებოდნენ. შესაბამისად, ტროცკი აღიარებდა ინტელიგენციის, როგორც კლასობრივი ან საზოგადოებრივი ავანგარდის ფუნქციას, ოღონდ ეს ფუნქცია რევოლუციის შემდეგ “პროფესიით” ინტელიგენტებისაგან გადმოვიდა ფუნქციით ინტელიგენციაზე: კომუნისტურ პარტიაზე, რომელსაც უნდა დამორჩილებოდა ძველებურად გაგებული ინტელიგენცია (მწერლები, ხელოვანები და მეცნიერები).
ამ თვალსაზრისით ტროცკისაგან განსხვავებული აზრი რევოლუციის სხვა “ბელადებსაც” არ ჰქონიათ: ყველა მათგანი თვლიდა, რომ ხელოვნება და მეცნიერება უნდა დაემორჩილოს რევოლუციურ და პარტიულ საჭიროებას.
აქედან გამომდინარეობდა საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა მეცნიერების და ხელოვნების (ტრადიციული ინტელიგენციის) მიმართ. 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მერყეობდა ტრადიციული ინტელიგენციაზე ჰეგემონიისა და მისი პროლეტარული ინტელიგენციით ჩანაცვლებას შორის. 1920-იან წლებში დასაშვები იყო “ბურჟუაზიული სპეციალისტების” გამოყენება, 1930-იან წლებში კი იგივე ბურჟუაზიული სპეციალისტები საბოტაჟის ბრალდებით განადგურდნენ. კლასობრივი უნდობლობა ბურჟუაზიული სპეციალისტების (ტრადიციული ინტელიგენციის) მიმართ აუცილებელს ხდიდა საკუთარი, კლასობრივი ინტელიგენციის გაზრდას. აქაც უნდა განვასხვაოთ ტრადიციული და ორგანული ინტელიგენცია. საბჭოთა გაგებით ტრადიციული ინტელიგენცია იყვნენ პროფესიონალი მეცნიერები, ხელოვანები, ადმინისტრატორები ხოლო საბჭოთა გაგებით ორგანული ინტელიგენცია იყო პარტია, როგორც საბჭოთა სახელმწიფოს ავანგარდი და შინაარსის განმსაზღვრელი ყველა სფეროში, მათ შორის ხელოვნების
აკრძალვების და წახალისების სისტემა სსრკ-ში 1936 წლამდე უმაღლესი განათლებისაკენ გზას უღობავდა დამარცხებული კლასების წარმომადგენლებს და გზას უხსნიდა მუშებსა და გლეხებს. შესაბამისად, 1921-1936 წლებში ინტელიგენციის მიმართ პრაქტიკულად ხორციელდებოდა ის პოლიტიკა, რომელიც თეორიულად ბუხარინს და ლუნაჩარსკის ჰქონდათ ჩამოყალიბებული და რომელიც პროლეტარული ინტელიგენციის შექმნაზე და ჩამოყალიბებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ასეთ ინტელიგენციას შეიძლება ვუწოდოთ წითელი ინტელიგენცია. ეს წითელი ინტელიგენცია “მომსახურე” ინტელიგენცია იყო: ის ემსახურებოდა საბჭოთა სახელმწიფოს მოთხოვნილებებს, მაგრამ არ განსაზღვრავდა მის პოლიტიკას. პოლიტიკის განსაზღვრა ბოლშევიკური, მოგვიანებით კომუნისტური პარტიის საქმე იყო. ინტელიგენციამ ორგვარი ტრანსფორმაცია განიცადა: ტრადიციული ინტელიგენცია, რომელიც ზე-კლასობრივი ეროვნული ინტელიგენცია იყო, პროფესიულად მეცნიერებას და ხელოვნებას წარმოადგენდა, პოლიტიკურად ოპოზიციაში იყო მმართველ რეჟიმთან (მეფის ხელისუფლებასთან) და საზოგადოებრივი აზრის ჰეგემონიაზე პრეტენზია ჰქონდა, შეიცვალა ფუნქციონალური ინტელიგენციით: პოლიტიკური კლასით (ბოლშევიკური, მოგვიანებით კომუნისტური პარტიით), რომელიც იყო საზოგადოებრივი ცხოვრების რეალური ჰეგემონი, და კლასობრივად დიფერენცირებული, ძველი და წითელი ტრადიციული გაგებით პროფესიული ინტელიგენციით (მეცნიერებით, ხელოვნებით და ადმინისტრატორებით), რომლებსაც, პარტიისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ცხოვრების განმსაზღვრელი კი არა, დაქვემდებარებული, მოსამსახურე ფუნქცია ჰქონდა.
სიტყვათშეთანხმება “წითელი ინტელიგენცია” ნეგატიური კონოტაციით 1980-იანი-1990-იანი წლების საქართველოში გვხვდება ეროვნული მოძრაობის დისკურსში. პოზიტიური კონოტაციით ცნება “წითელი პროფესურა” 1920-1930-იანი წლების საბჭოთა კავშირში გვხვდება.
“წითელი პროფესურის” ან “წითელი ინტელიგენციის” ცნებამ ამ სიტყვის მკაცრი მნიშვნელობით აზრი დაკარგა უკვე 1930-იანი წლების დასაწყისში. 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირში ორი ძირითადი სამომავლო პროექტი განიხილებოდა: ტროცკისტული მსოფლიო რევოლუციის თეორია და სტალინის თეორია ერთ სახელმწიფოში სოციალიზმის აღმშენებლობის შესახებ. ტროცკის თეორიის მიხედვით, რომელიც მარქსის საფუძველზე უფრო მყარად იდგა, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე, საბჭოთა კავშირი უნდა გამხდარიყო მსოფლიო რევოლუციის ფორპოსტი. ტროცკისაგან განსხვავებით სტალინს თეორიულად ნაკლებად მყარი, მაგრამ უფრო პრაგმატული მოსაზრება ჰქონდა სოციალიზმის ცალკე აღებულ ქვეყანაში აღმშენებლობის შესახებ. თუკი მსოფლიო რევოლუციის თეორია ეყრდნობოდა მსოფლიო პროლეტარიატს, როგორც კლასს, ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების თეორია განსხვავებულ სოციალურ დიფერენციაციას და “ნაციონალიზმთან” დაბრუნებას ნიშნავდა იმ გაგებით, რომ რამდენიმე არაანტაგონისტური კლასისაგან შემდგარი საბჭოთა ხალხი ფორმალურად მაინც ხდებოდა საბჭოთა კავშირის სუვერენი. სტალინი 1936 კონსტიტუციისადმი მიძღვნილ გამოსვლაში სსრკ-ს ხალხს 2 კლასად და ერთ ფენად (прослойка): მუშებად, გლეხებად და ინტელიგენციად ყოფდა.
ინტელიგენციასთან საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულების კრიტერიუმებად ლიტერატურას თუ ავიღებთ, დავინახავთ, რომ ეს დამოკიდებულება რამდენიმეჯერ რადიკალურად შეიცვალა 1925 და 1932 წელს შორის. 1925 წლის 18 ივლისს პოლიტბიურომ გამოსცა დადგენილება ლიტერატურის სფეროში პარტიის პოლიტიკის შესახებ შესახებ. ამ დადგენილებაში აღიარებული იყო, რომ კლასთა ბრძოლა საბჭოთა კავშირში ჯერ არ იყო დამთავრებული და ეს ბრძოლა ლიტერატურაშიც მიმდინარეობდა, რომ (ახალი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში) არსებობდა ახალი ბურჟუაზია, რომლისკენაც მიისწრაფოდა ძველი და ახალი ინტელიგენცია. პროლეტარიატის დიქტატურის პირობებში პარტიის პოლიტიკა მდგომარეობდა ძველი ინტელიგენციის მიმხრობაში და მის ნელ-ნელა გამოდევნაში პროლეტარული ინტელიგენციის მიერ. ლიტერატურაში ჰეგემონია უნდა განეხორციელებინა მთელ პროლეტარიატს, რადგანაც პროლეტარი და გლეხი მწერლები ჯერ არ იყვნენ მზად ამგვარი ჰეგემონიისათვის, პარტია კი უნდა დახმარებოდა პროლეტარ და გლეხ მწერლებს ამგვარი ჰეგემონიის მოპოვებაში. ძველი ინტელიგენციის წარმომადგენლებს, რომლებიც “მეგზურების” (попутчики) ცნებით მოიხსენიებდნენ, პარტია ტოლერანტობის პოლიტიკას აცხადებდა, რომლის მიზანიც იყო “მაღალი კლასის სპეციალისტების” შენარჩუნება, მიმხრობა და კომუნისტური იდეოლოგიის ხაზზე გადაყვანა. ამ დადგენილებით, პარტია, ფაქტობრივად უარს ეუბნებოდა პროლეტარი მწერლების ორგანიზაციებს, განსაკუთრებით რაპპს-ს (რუსეთის პროლეტარ მწერალთა ასოციაცია) ლიტერატურის სფეროში ხელმძღვანელ როლზე, არამედ - გარკვეულად - ლიტერატურის სფეროში ნეიტრალიტეტს აცხადებდა.
შედარებითი ნეიტრალურობის პოლიტიკა რადიკალურად შეიცვალა 1932 წელს. 23 აპრილს სრულიად რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) ცკ-ს პოლიტბიურომ გამოსცა დადგენილება “ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ”. ამ დადგენილებაში პოლიტბიურო ამბობდა, რომ პროლეტარ მწერალთა ორგანიზაციები ლიტერატურულ განვითარებას კი აღარ უწყობდნენ ხელს, არამედ ამუხრუჭებდნენ, ამიტომაც პროლეტარულ ლიტერატურულ ორგანიზაციებს აუქმებდა და მათ ადგილას ქმნიდა ერთიან მწერალთა კავშირს ყველა მწერლისთვის, ვინც საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმას უჭერდა მხარს და სოციალისტურ მშენებლობაში სურდა მონაწილეობის მიღება. ამავე გზას უნდა დასდგომოდნენ სხვა შემოქმედებითი კავშირები: კომპოზიტორებისა, მხატვრებისა და ასე შემდეგ.
სტალინური დადგენილება რამდენიმე თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი სტალინური ტიპის საბჭოთა ინტელიგენციის ჩამოყალიბებისთვის: 1) კულტურის შინაარსს განსაზღვრავდა მხოლოდ პარტია და მისი ცენტრალური კომიტეტი. ის უარს ამბობდა, კულტურული “მოურავების” მოდელზე, როგორადაც რაპპ-ს ჰქონდა თავი წარმოდგენილი და ამით, ფაქტობრივად, უარს ამბობდა კლასობრივი ინტელიგენციის მოდელზე. ინტელიგენცია აღარ წარმოადგენდა ერთ რომელიმე, თუნდაც ჰეგემონ კლასს. 2) პირველიდან ლოგიკურად გამომდინარეობდა კულტურული ველის ჰომოგენიზაცია. რამდენიმე ათეული ან ასეული ლიტერატურული და სხვა სახელოვნებო ორგანიზაციის მაგივრად იქმნებოდა ერთიანი ორგანიზაციები, რომლებიც ხელოვნების მუშაკებს აერთიანებდა სფეროების მიხედვით და ამ გაერთიანებას იმეორებდა რესპუბლიკურ დონეზე. მაგ., შეიქმნა მწერალთა კავშირი და მის თარგზე გამოიჭრა არქიტექტორთა, კომპოზიტორთა და ასე შემდეგ კავშირები. 3) პარტიული პოლიტიკა ხელოვნების მიმართ მოქმედებდა დასჯისა და წახალისების მეთოდით. ინტელიგენციას უნდა მიეღო მონაწილეობა პარტიის მიერ განსაზღვრულ იდეოლოგიურ მუშაობაში. ვინც ამ ამოცანას ვერ ასრულებდა, ან ფიზიკურად განადგურდებოდა ან ნადგურდებოდა სხვა, უფრო ნატიფი მეთოდებით: არ ეძლეოდა პროფესიული მუშაობის საშუალება და შესაბამისად არ ჰქონდა შემოსავლის წყარო. ასეთი ბედი ეწია, მაგ. მიხაილ ბულგაკოვს და მარინა ცვეტაევას. 4) ისინი, ვინც მიიღებდა თანამშრომლობის შემოთავაზებულ ფორმებს, გადადიოდნენ საბჭოთა ელიტის რიგებში.
საბჭოთა კავშირში ინტელიგენციამ განიცადა ტრანსფორმაცია კლასობრივად დიფერენცირებული ინტელიგენციიდან საერთო-სახალხო ინტელიგენციად. 1930-იანი წლების შემდეგ ინტელიგენციამ დაკარგა პოლიტიკურად ან საზოგადოებრივად აქტიური ჯგუფის ფუნქცია, ეს ფუნქცია მთლიანად იკისრა კომპარტიამ, რომელმაც გამოაცხადა თავი ჯერ პროლეტარიატის, ხოლო შემდეგ კი მთელი საბჭოთა ხალხის ორგანულ ინტელიგენციად. ძველი გაგებით პროფესიული ინტელიგენცია, ერთი კლასის ან ჯგუფის, დიფერენცირებული პოლიტიკური სივრცის ნაწილების იდეების გენერატორიდან და გამომხატველიდან, სოციალურად და პოლიტიკურად აქტიური ფენიდან გადაიქცა ერთიან, დაუნაწევრებელ წოდებად, სოციალურად და პოლიტიკურად პასიურ სახელმწიფოს მომსახურე პერსონალად სხვადასხვა სფეროებში: მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ადმინისტრაციაში. ამ სამსახურის საფასურად ინტელიგენცია იღებდა სოციალურ სტატუსს (სიმბოლურ კაპიტალს), სოციალურ კაპიტალს (კავშირებს), ხოლო ფინანსურ კაპიტალს ანაცვლებდა პრივილეგიების სხვადასხვა ფორმები დაწყებული უკეთესი საბინაო პირობებით და დასვენების უკეთესი საშუალებებით დამთავრებული უკეთესი კვებით და მკურნალობით.
მოხდა ის, რასაც ვარაუდობდა ლუნაჩარსკი 1920-იან წლებში: საბჭოთა ინტელიგენცია მოწყდა ხალხს და ჩამოყალიბდა ახალ ელიტად. ამა თუ იმ ფორმით, საბჭოთა ინტელიგენციას არა წამყვანი, არამედ ინსტრუმენტული ფუნქცია ენიჭებოდა. ის ემსახურებოდა საბჭოთა სახელმწიფოს, რომლის იდეოლოგიასაც კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურო განსაზღვრავდა. ეს აღარ იყო წითელი ინტელიგენცია პროლეტარული ინტელიგენციის გაგებით, ეს იყო საბჭოთა ადმინისტრაციული ელიტა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლებოდა არ ჰქონდა დიდი სიმპათია საბჭოთა წყობილების მიმართ, მაგრამ პრივილეგიების სანაცვლოდ მას ლოიალობას უცხადებდა. ლოიალობის ფორმები განსხვავდებოდა: სტალინის სიცოცხლეში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო პანეგირიკები სტალინის ან ბერიას მიმართ, 1960-იანი წლებიდან მოყოლებული საკმარისი იყო ფორმალური ლოიალობის შენარჩუნება და პირდაპირი დისიდენტობისათვის თავის არიდება თუნდაც საზღვარგარეთ პუბლიკაციებზე უარის თქმით. ასე თუ ისე, საბჭოთა ინტელიგენცია ჩართული იყო სახელმწიფოსთან კორუფციულ ურთიერთობაში მაშინაც კი, თუკი მის წარმომადგენლებს გულწრფელად სჯეროდათ საბჭოთა სახელმწიფოსი.
თუკი XIX საუკუნეში ინტელიგენცია წარმოიშვა ერთი წოდების - თავადაზნაურობის დიფერენციაციიდან, ჯგუფისგან, რომელმაც შეძლო საკუთარ წოდებრივ ინტერესებზე მაღლა დამდგარიყო და საზოგადო საქმის სამსახურში ჩამდგარიყო, ამან კი თავის მხრივ გაუხსნა გზა ორგანული ინტელიგენციის ჩამოყალიბებას ჯერ რაზნოჩინცების, შემდეგ კი გლეხობის და პროლეტარიატის წრიდან, სტალინისეულ სსრკ-ში უკუპროცესი მიმდინარეობდა: მოხდა ინტელიგენციის უნიფიკაცია და ორგანული ინტელიგენციის ტრადიციულ ინტელიგენციად გადაქცევა საკუთარი წოდებრივი შეგნებით, კოდექსით და პრივილეგიებით, ოღონდ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ფუნქციის გარეშე. წაიშალა საზღვარი პროლეტარ ინტელიგენტსა და არისტოკრატ ინტელიგენტს შორის, პირობითად: სიმონ ჩიქოვანსა და ალიო მირცხულავას შორის. სტალინური ყაიდის საბჭოთა ინტელიგენცია (რომელიც განსხვავდებოდა წითელი, პროლეტარული ინტელიგენციისაგან) დაუბრუნდა XIX საუკუნის ინტელიგენციის პირველი ნახევრის მოდელს: ინტელიგენციას საკუთარი თავი წარმოედგინა არა მარტო ერის საუკეთესო ნაწილად და მის მისწრაფებათა გამომხატველად, არამედ ამ გამოხატვის მონოპოლისტი. ოღონდ, სინამდვილეში, მას დაეკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პარტიის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში ჰქონდა. საბჭოთა საქართველოში ეს ჩარჩოები უფრო ფართო იყო, ვიდრე რუსეთში. შედარებითი თავისუფლების გამო საბჭოთა ქართულ ინტელიგენციას შექმნილი ჰქონდა საკუთარი მითოლოგია, რომელიც მას XIX საუკუნის არისტოკრატიის და ინტელიგენციის მემკვიდრედ, სტალინური რეპრესიების მსხვერპლად და ქართველი ხალხის წინამძღოლად სახავდა. სწორედ ამ ფორმით მოაღწია ინტელიგენციამ პერესტროიკამდე, როდესაც მას ჰეგემონიისათვის ბრძოლა ეროვნულ მოძრაობასთან მოუხდა.
IV. პოსტსაბჭოთა ინტელიგენცია
პოსტსაბჭოთა ინტელიგენციის ისტორია მისი ხელახალი დიფერენციაციის ისტორიაა ერთიანი “ნახევარი კლასიდან”, როგორადაც რაოდენობრივად გაზრდილი ინტელიგენცია გადაქცეულიყო საბჭოთა კავშირში.
1980-იან წლების ბოლოს ინტელიგენცია ფორმალურად და სოციალურად ერთიანი იყო, მაგრამ უკვე დაეკარგა შინაარსობრივი ერთობლიობა: მას გამოეყო დისიდენტების ფენა, რომელიც ფორმალურად იმავე ინტელიგენციის წიაღიდან გამოვიდა, ოღონდ შინაარსობრივად სხვა პოზიციაზე იდგა. ის მიუღებლად თვლიდა საბჭოთა ხელისუფლებასთან კომპრომისს და 1980-იანი წლების ბოლოს უკვე გამოდიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით. მისი წინამძღოლი, ზვიად გამსახურდია, ისეთივე წარმომადგენელი იყო საბჭოთა ინტელიგენციისა, როგორც მისი შემდგომი ოპონენტები. ფორმალური განსხვავება მათ შორის არ ყოფილა. ამ მხრივ საინტერესოა დაპირისპირება ინტელიგენტ დისიდენტ ზვიად გამსახურდიას და “პროლეტარ” დისიდენტ ჯონი ლაშქარაშვილს შორის. ის, რომ ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვა ინტელიგენტმა დისიდენტმა, სიმპტომური იყო: ეს ნიშნავდა, რომ სოციალური სტრუქტურა არ შეცვლილა და იცვლებოდა მხოლოდ მისი შინაარსები.
განსხვავება ინტელიგენციის ტრადიციულ და დისიდენტურ ნაწილს შორის შინაარსობრივადაც ძალიან დიდი არ ყოფილა: ორივეს პრეტენზია ჰქონდა ქართველი ერის წინამძღოლობაზე (რომელიც ორივეს ერთნაირად ესმოდა, როგორც რომანტიკული ტრადიციიდან მომდინარე, საბჭოთა ეროვნული პოლიტიკის ფილტრში გატარებული ეთნო-ლინგვისტური ერთობა), ორივე სარგებლობდა ქართული ისტორიული და ფილოლოგიური მეცნიერების და ლიტერატურის წიაღში ჩამოყალიბებული იდეოლოგიური და ცნებითი აპარატით, ოღონდ ინტელიგენციის დისიდენტურ ნაწილს შეეძლო ნონკონფორმიზმის კაპიტალიზაცია, ხოლო ტრადიციული ინტელიგენციისათვის კოლაბორაციონიზმის დაბრალება.
ეროვნულმა მოძრაობამ ჩამოართვა ტრადიციულად გადაქცეულ საბჭოთა ინტელიგენციას მონოპოლია ერის წინამძღოლობაზე: ინტელიგენციის გამსახურდიას წინააღმდეგ ბრძოლა დიდწილად სწორედ ამ, სიმბოლური ძალაუფლებისათვის ბრძოლამ განაპირობა. სახელმწიფო გადატრიალებამ და შევარდნაძის დაბრუნებამ დროებით აღადგინა ძველი ბალანსი: შევარდნაძემ სახელმწიფოს საყრდენად გამოაცხადა კულტურა და შესაბამისად ინტელიგენციას (კულტურის და მეცნიერების ელიტის ვიწრო, XIX საუკუნისეული გაგებით) დაუბრუნა ქვეყნის ელიტის სტატუსი. ოღონდ რესტავრაციას აღარ შეეძლო საბჭოთა ინტელიგენციის შერყეული სტატუსის გამოსწორება. დაიწყო ინტელიგენციის დიფერენციაცია არა მარტო შინაარსობრივად, არამედ ფორმალურადაც: ინტელიგენციის ნაწილმა მთავრობის ლეგიტიმაციის მონეტარიზაციის ჩვეულ გზას დაადგა (თუმცა ამ გზაზე ის წარმატებით ჩაანაცვლა საპატრიარქომ), ნაწილმა პროფესიონალი ინტელექტუალების გზა აირჩია, ნაწილმა გადაინაცვლა სამოქალაქო საზოგადოების არასამთავრობო ორგანიზაციების სექტორში, ნაწილი შეუერთდა ადმინისტრაციას, ნაწილი კი შეუერთდა პრეკარიატს (სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისაგან შედგენილ ფენას უკიდურესად არამყარი სოციალური გარანტიებით და საარსებო პირობებით, რომელმაც ფაქტობრივად ჩაანაცვლა ძველი პროლეტარიატი) .
მიუხედავად იმისა, რომ ინტელიგენციამ, როგორც წოდებამ მნიშვნელობა დაკარგა, ინტელიგენციის დიფერენციაცია დაიწყო და გრძელდება ძველი, საბჭოთა ინტელიგენციის სოციალურ ბაზაზე. დაშლილი ინტელიგენციის ყველა ცალკეული სეგმენტი მაინც რჩებ(ოდ)ა “კასტად”, “ნახევარ-კლასად” ანუ ფაქტობრივად უფრო დახურულ, ვიდრე ღია წოდებად, ერთმანეთთან დაკავშირებულად პირადი, ნათესაური, პროფესიული და სხვა კავშირებით, რომელშიც მოქმედებდა წოდებრივი იერარქიები და წოდებაში “მიღების” წესები.
პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის მამოძრავებელი ძალა გახდა ინტელიგენციის არასამთავრობო და პროფესიონალ ინტელექტუალებად ჩამოყალიბებული ნაწილი. ორივე ინტელიგენციის შინაარსობრივი, მაგრამ არა ფორმალური დიფერენციაციის პროდუქტი იყო. ფაქტობრივად განმეორდა XIX საუკუნის 60-იანი წლების სიტუაცია (ხაზს ვუსვამ ფორმალურ და არა შინაარსობრივ პარალელს), როდესაც წოდების წარმომადგენელთა ნაწილმა იმპორტირებული იდეების მეშვეობით შეძლო დამდგარიყო წოდებრივ ინტერესებზე მაღლა და წასულიყო საკუთარი წოდებრივი ინტერესების წინააღმდეგ. ამ “ახალმა” ინტელიგენციამ, რომელიც დაუპირისპირდა ძველ, წოდებრივ ინტელიგენციას (რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად არაკორექტულად “ჩასარეცხს” უწოდებდა) შემოიტანა დემოკრატიის და სამოქალაქო საზოგადოების პრინციპები.
შინაარსობრივად ეს ინტელიგენცია იყო ლიბერალური და ირხეოდა ლიბერალურ ცენტრსა და მემარჯვენე ლიბერალობას შორის). ინტელიგენციის ეს ნაწილი შეეცადა მოერგო “ბურჟუაზიული” ინტელიგენციის იმპორტირებული როლი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას ტრანსფორმაციის ის გზა ჯერ არ გაუვლია, რომელიც მას ბურჟუაზიულად აქცევდა. პირიქით, თუ ინდუსტრიული ქვეყნების უმეტესობაში საზოგადოება მეტ-ნაკლებად ერთი, ბურჟუაზიული კლასისაგან შედგება, საქართველოში ეს კლასი უმცირესობაშია, ხოლო დიდი ნაწილი კი პრეკარიატს წარმოადგენს. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნო, რომ მატერიალური ბაზის თვალსაზრისით ეს ინტელიგენცია არ წარმოადგენდა ახალ ბურჟუაზიას, ეკონომიკური ბაზის თვალსაზრისით ის დიდად არ განსხვავდებოდა საქართველოს მოქალაქეების (ან ყოველ შემთხვევაში ინტელიგენციის) უმეტესობისაგან. მიუხედავად ეკონომიკური “ბაზის” დაუმთხვევლობისა, იდეოლოგიურად ინტელიგენციის ამ ნაწილმა ნეოლიბერალურ ეკონომიკას და ფაქტობრივად მსხვილ ბურჟუაზიას დაუჭირა მხარი, რომელიც, ფაქტობრივად, ქმნიდა იმ კორუმპირებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელსაც ინტელიგენციის ეს ნაწილი სხვა სფეროებში უპირისპირდებოდა.
ინტელიგენციის ერთადერთი ნაწილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არ იყო ძველ ინტელიგენციასთან, მომძლავრებული სასულიერო წოდება იყო. ინტელიგენციის ამ ნაწილს ვერ ვუწოდებთ ტრადიციულს, ის ახალი გაჩენილია და 30 წელიწადს თუ ითვლის. მას ვერც ორგანულს ვუწოდებთ, იმიტომ რომ ის არ წარმოადგენს რომელიმე კლასს ან სოციალურ ჯგუფს. საეკლესიო ინტელიგენცია საბჭოთა ინტელიგენციის, საერთო-სახალხო ინტელიგენციის “ჩრდილოვანი” ანარეკლია, ის იმეორებს მის სტრუქტურას და პრეტენზიას აცხადებს ხალხის ინტერესებს ცოდნასა და გამოხატვაზე. ის “პარალელური” ინტელიგენციაა, რომელმაც მიითვისა XIX საუკუნის ინტელიგენციის პრეტენზია და იდეოლოგია. მისი უფრო სახალხო საფუძვლების გამო ეს ინტელიგენცია მემარცხენე ჯგუფების მეტი სიმპათიით სარგებლობს, ვიდრე ლიბერალური ინტელიგენცია.
ჯერ-ჯერობით მთავარი მახასიათებელი პოსტსაბჭოთა ინტელიგენციისა მისი არაორგანულობა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქონებრივი და შეიძლება ითქვას კლასობრივი დიფერენციაციაც საკმაოდ შორს წავიდა, ეკონომიკურად დაუცველ საზოგადოებრივ ჯგუფებს საკუთარი ინტელიგენცია არ შეუქმნიათ და მათი მოსარჩლის როლი ისევ ქალაქური ინტელიგენციის საზოგადოებრივად აქტიური თაობებიდან ყველაზე უმცროსმა იკისრა. ინტელიგენცია ჯერ კიდევ ატარებს საბჭოთა წოდებრივი ინტელიგენციის კვალს (ისევე, როგორც XIX საუკუნის ინტელიგენცია თავად-აზნაურობის კვალს ატარებდა, რომლის წიაღიდანაც შეიქმნა XIX საუკუნის ინტელიგენცია). ის ჯერ შინაარსობრივი დიფერენციაციის ფაზაშია და ნაწილობრივ იმეორებს XIX საუკუნის ინტელიგენციის განვითარების გზას: დემოკრატიული ინტელიგენცია უპირისპირდება კონსერვატიულს, სოციალისტური ინტელიგენცია უპირისპირდება დემოკრატიულს, მაგრამ ერთი, რომ ისინი სოციალურად ერთ ფენას წარმოადგენენ და ინტელიგენციის ფუნქციაზე იმპლიციტურად საერთო წარმოდგენები აქვთ: “ხალხი” მათთვის გარეშე ობიექტი და მათი პოლიტიკის საგანია, ისინი ორგანულად არ წარმოადგენენ არცერთ სოციალურ ჯგუფს. მამარდაშვილის ცნება რომ გამოვიყენო, ინტელიგენციისა და ხალხს შორის დამოკიდებულება ჯერ კიდევ “განმანათლებლური აბსოლუტიზმის” კატეგორიით აღიწერება. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს საკუთარი ინტერესების ჩამოყალიბების და გამოხატვის საშუალება ჯერ არ მისცემია და ამ ფუნქციას მის მაგივრად სხვები ასრულებენ. ინტელიგენციის განვითარება საქართველოში ორი მიმართულებით იქნება შესაძლებელი: ერთი მხრივ საზოგადოების უფრო ფართო ფენები და არა მხოლოდ ყოფილი “საბჭოთა” ინტელიგენცია (ამ ცნების იმ ფართო, წოდებრივი გაგებით, რომლის გაშლასაც ზემოთ შევეცადე) ჩაერთვებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრის გამოხატვის პროცესში. მეორე მხრივ, საქართველოში სულ უფრო აქტუალური გახდება ის არჩევანი, რომელზეც მამარდაშვილი წერდა 1968 წლის სტატიაში: მიუხედავად “ტრადიციული” (კლასიკური) ინტელიგენციის იდეოლოგიის არსებობისა, ინტელიგენცია საქართველოშიც გაივლის ინტელექტუალური შრომის დესაკრალიზაციის და ინდუსტრიალიზაციის პროცესს, რომელიც, საქართველოშიც, ინტელიგენციის წარმომადგენლებს დააყენებს დილემის წინაშე, ინტეგრირდეს სისტემაში (ჩვენს შემთხვევაში ოლიგარქიულ კაპიტალიზმში) თუ დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი გახდეს.