Saturday 16 January 2010

Back in the USSR


Back in the USSR

ძალუმი სუნთქვით სუნთქავდა ევრაზიის გზაკვეთილზე იმპერია კავკასიელთა.

ლევან სანიკიძე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საქართველოს სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღების შესახებ საბჭოთა იდეოლოგიური ფორმების და პრაქტიკების აღორძინებას ნიშნავს.

 2010 წლის 12 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს სამხედრო-პატრიოტული აღზრდა. ტერმინი, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს ყურს სჭრის, ამიტომ ის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას პირდაპირ აღარ მოიხსენიებს.  “ჩვენ ეს (სამხედრო პატრიოტული აღზრდა) ნაჩქარევად გავაუქმეთ… ეს ელემენტარულად საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებმა მინიმუმ ბევრი რაღაცა გაიგონ თავის ქვეყანაზე” - საქართველოს პრეზიდენტს ალბათ ჰგონია, რომ სკოლაში ისტორიის, ლიტერატურის და გეოგრაფიის გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეები თავისი ქვეყნის შესახებ ვერაფერს გაიგებენ, ან იმას, რასაც იგებენ, დამატებითი ინტერპრეტაცია სჭირდება. იმისათის რომ ბავშბებმა გაიგონ “მინიმუმ ბევრი რაღაცა”, სხვა საგანია საჭირო  - ეს საგანი კი “სამხედრო პატრიოტიზმია”. გაიგონ ამ შემთხვევაში გულისხმობს “სწორად გაიგონ”, სწორად კი ალბათ იმას ნიშნავს, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტს ესმის.

 

Pitkin, make contorted face!

მოდით, იმის გარკვევაც ვცადოთ, როგორ ესმის პრეზიდენტს “ეს”. “სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, მხედრული სულისკვეთების გაღვივებას - ის რაც ქართველებსა და საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ხალხებს ყოველთვის ბუნებაში ჰქონდათ, ასევე საქართველოს სამხედრო ისტორიის სწავლებას,”- განგვიმარტავს პრეზიდენტის სიტყვებს მისი პრეს-მდივანი.

დავიწყოთ ფორმულით “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხები”. შესაძლოა, პრეზიდენტის პრესმდივანი ცდილობს ამ ფორმულით ეთნო-ნაციონალიზმში ბრალდება თავიდან აიცილოს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი მანჯგალაძე თავს არიდებს ცნებას “საქართველოს მოქალაქე”. ეს ჩანაცვლება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ “მოქალაქე” საკუთარ სახელმწიფოსთან და იმ ფასეულობებთან, რომელზეც ეს სახელმწიფოა დაფუძნებული, რაციონალურ იდენტიფიკაციას, შესაბამისად კი თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. სამხედრო პატრიოტიზმი კი პირველ რიგში გარკვეულ ტერიტორიასთან, ეთნოსთან ან ადამიანთან (ან სამივე კომპონენტის ნაზავთან, გავიხსენოთ “за Родину, за Сталина” ან “Ein Land, ein Volk, ein Führer”) აფექტურ კავშირს ნიშნავს. აქედანვე შევიტყობთ, თუ როგორი ადამიანების აღზრდა სურს საქართველოს პრეზიდენტს: არა მოქალაქეების, არამედ აფეტური, ადვილად დასამორჩილებელი და იოლად მართვადი მასის. ქ-ნი მანჯგალაძის კომენტარში უკვე ვხედავთ სამხედრო-პატრიოტული მითოლოგიის ბირთვს: ქართველების (და “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხების”) ბუნებაში არის თვისება, რომელსაც “გაღვივება” სჭირდება. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანს, როგორც ჩანსბუნებაზეფრიად თავისებური წარმოდგენები აქვს, თუ ჰგონია, რომ ხალხისბუნებაშიშეიძლება რამე იყოს. თუმცა ეს სიტყვა აღარ გაგვაკვირებს, თუ გავიხსენებთ, რომ ერთა “ბუნება” ნაციონალისტური მითოლოგიების მნიშვნელოვანი კომპონენტია. “ბუნებაში” ჩადებული თვისებების “გაღვივება” კი თავდაცვის და განათლების სამინისტროებს დაევალება. ისიც ნიშანდობლივია, რომ ორივე სამინისტროს ყოფილი “ციხეების მინისტრები” ხელმძღვანელობენ. საქართველოს განათლების სისტემა 2010 წლიდან რეპრესიულ, ტოტალიტარულ და მილიტარისტულ “სულისკვეთებას” დაექვემდებარება.

 

საინტერესოა, რა მეთოდებით ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი და მისი აზრების გამხმოვანებელი “მხედრული სულისკვეთების გაღვივებას?”

 

სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღება ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ თქვა უარი ლიბერალურ ფასეულობებზე. საქართველოში ფასეულობების აღრევის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი იდეოლოგიური ნიშის გამონახვას ცდილობს. პოსტსაბჭოთა საქართევლო აქამდე ნაციონალიზმის სამ ვერსიას იცნობდა: ზვიად გამსახურდიას მისტიკურ ეთნონაციონალიზმს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ ნაციონალიზმს და „ლიბერალურ ნაციონალიზმს“, რომელსაც ნაციონალრი მოძრაობის მხარდამჭერი think tank-ები აყალიბებდნენ. სამხედრო პატრიოტიზმი, რომელსაც ახლა საქართველოს პრეზიდენტი გვიქადაგებს, ნაციონალიზმის მეოთხე ფორმაა. ის განსხვავდება .. კონსტიტუციური პატრიოტიზმისაგან (რომელიც მოქალაქეობის პრინციპს ეყრდნობა) და ასევე რელიგიური პატრიოტიზმისგან“, რომელსაც საპატრიარქო ამკვიდრებს. თუ რელიგიური პატრიოტიზმი გვეუბნება, რომ რელიგიამ გადაარჩინა საქართველო და ახლაც გადაარჩენს, სამხედრო პატრიოტიზმი გვიქადაგებს, რომ საქართველო ხმალმა გადაარჩინა და მომავალშიც ასე იქნება. რელიგიური პატრიოტიზმის ნარატივი შედარებით ახალია და მისი სულის ჩამდგმელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ეა. სამხედრო პატრიოტიზმი კი კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის რომანებით იკვებება.

კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის  რომანებს (ისტორიის “ხმლამდე” დაყვანა ლევან სანიკიძის მონუმენტალური ნაშრომის, “უქარქაშო ხმლების” სათაურშიც კია გამოტანილი), ისევე, როგორც ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიას (რომლის პოპულარული ფორმა მაგ. აკადემიკოს როინ მეტრეველთან გვხვდება), საბჭოთა იდეოლოგიური საფუძვლები აქვს. პოლიტიკური ისტორია, როგორც ომების ისტორია, საბჭოთა იმპერიალიზმის იდეოლოგიურ ფუნდამენტს წარმოადგენდა. ამ საბჭოთა მეტანარატივის ავტორი კი უშუალოდ იოსებ სტალინი იყო. სტალინური სოციალისტური რეალიზმის ფორმულა სოციალისტური შინაარსის ეროვნულ ფორმაში მოქცევას გულისხმობდა. საქართველოში კი ეს ეროვნული ფორმა შუა საუკუნეების ისტორიის გაფეტიშებაზე დაფუძნებული ნაციონალისტური მითოლოგია გახდა. სწორედ საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა ტოტალიტარიზმით ნასაზრდოები ნაციონალისტური იდეოლოგიით უნდა აღიზარდონ მომავალი “სამხედრო პატრიოტები”.

 

სამხედრო პატრიოტიზმი, იგივე ჯინგოიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმის ფორმაა, რომელიც გარეშე საფრთხეებს მასების მობილიზაციისათვის იყენებს. უკიდურეს ნაციონალისტურ იდეოლოგიაზე დამყარებული სამხედრო-პატრიოტული აღზრდა ტიპიური ტოტალიტარული პრაქტიკაა, რომელსაც ნაციონალ-სოციალიზმი და ბოლშევიზმი ერთნაირი ენთუზიაზმით ამკვიდრებდნენ. სამხედრო-პატრიოტული აღზრდა საბჭოთა სკოლებში მთელი საბჭოთა კავშირის ერთ უზარმაზარ სამხედრო ბანაკად გადასაქცევი სტალინური პროექტის ნაწილი იყო. დღეს ამგვარი პრაქტიკა მარტო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უარს ვაცხადებთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე და თითქოს მის დაძლევას ვცდილობთ, სამხედრო პარტიოტული აღზრდის აღდგენა ქართულ სკოლებში უდავოდ საბჭოთა წარსულთან დაბრუნებას ნიშნავს.

 

“Спасение утопающих дело рук самих утопающих”

სამხედრო -პატრიოტიზმის სკოლებში “დანერგვა”, უფრო სწორად კი აღდგენა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის ახალ თავდაცვით დოქტრინას. მისი აზრით “მარტო 16, 20, 22 ათასი ჩვენი ჯარისკაცი 5 მლნ-იან ქვეყანას ვერ დაიცავს.” ამ წინადადებას რომ დავუფიქრდეთ, მივხვდებით, რომ პრეზიდენტი მრავალნაქებ სამხედრო რეფორმას და ბოლო წლების თავდაცვით პოლიტიკას კატარსტროფულად მიიჩნევს და ფაქტიურად გვეუბნება: საქართველოს შეიარაღებული ძალები თავის ამოცანას ვერ ასრულებენ და ვერც მომავალში შეასრულებენ. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი თავდაცვის სტრატეგიის თვალსაზრისით გენიალურ დასკვნას აკეთებს: “საქართველოს და ქართველებს უნდა შეეძლოთ თავისი სოფლის დაცვა მაინც და თავისი უბნის.” ანუ “5 მლნ-იანი ქვეყანა ეს არის პირველ რიგში ამ 5 მლნ-ის საქმე, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმე,”. ხუთმილიონი ქვეყანა ხუთმა მილიონმა ადამიანმა უნდა დაიცვას, უფრო სწორად ყველამ უნდა დაიცვას თავისი უბანი და სოფელი. პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს გვიქადაგებდა, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, იმიტომ რომ ძლიერი შეიარაღებული ძალები და პოლიცია ჰყავსო, დღეს გვებუნება, რომ ჩვენ-ჩვენი სოფლების და უბნების დაცვა ჩვენი საქმეა. შეგვიძლია ვიკითხოთ, როგორ ახერხებს ადამიანი, რომელსაც ასეთი წარმოდგენა აქვს თავდაცვაზე (განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ) იყოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. ან შეკითხვა რომ შემოვაბრუნოთ, როგორ ახერხებს ქვეანა ჰყავდეს უმაღლეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელსაც თავდაცვაზე ასეთი წარმოდგენა აქვს.

 მაგრამ საქმე მარტო თავდაცვაში არ არის: თუ სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია “ლეგიტიმურ ფიზიკურ იძულებაზე მონოპოლია” ანუ “ძალის მონოპოლიაა” (მაქს ვებერი), გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ მონოპოლიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელზე, თავდაცვაზე სახელმწიფო მონოპოლიაზე უარს ამბობს და მოსახლეობას ებუნება: “დაიცავით თქვენი თავი”. გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ ამბობს პრეზიდენტი სახელმწიფოს სხვა მონოპოლიებზე (მაგალითად სამართალდაცვაზე) უარს. მაგრამ პრეზიდენტი “5 მილიონ ქართველს” თავისი თავის და ქვეყნის დაცვას კი არ სთხოვს, ავალდებულებს. ქვეყნისათვის თავგანწირვა თითქოს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. ოღონდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის თავისუფლების ცნება ლენინურია: “თავისუფლება არის გააზრებული აუცილებლობა”. აუცილებლობის გააზრება, როგორც ზემოთ ვნახეთ, პრეზიდენტისათვის შესაბამის, “სწორ” ინტერპრეტაციას გულისხმობს. “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხებისათვის” იძულების ნებაყოფლობითობაში (აუცილებლობის გააზრებაში) გადაქმნელად განათლების სისტემის იდეოლოგიური ინდოქტრინაციის სისტემად გადაქცევაა საჭირო. სამხედრო პატრიოტიზმი იძულებითი, ანუ ტოტალიტარული პატრიოტიზმია.

 

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა სკოლებში სამხედრო-პოლიტიკური აღზრდის დანერგვის შესახებ არის არა მარტო ტოტალიტარული იდეოლოგიის დანერგვა და პრაქტიკების აღორძინება, არამედ სრული პოლიტიკური ბანკროტის ნიშანიცაა. პრეზიდენტი გვეუბნება, რომ მას ქვეყნის მართვის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ საამისო რესურსი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც პოლიტიკურად გაბანკროტებულ პრეზიდენტს დარჩენია, ტოტალიტარისტული მეთოდებით აღზრდილი და ურაპატრიოტული იდეოლოგიით ინდოქტრინირებული მხარდამჭერების არმიის შექმნაა.

 

 15.10.2010,   გამოქვეყნდა აქ: http://azrebi.ge/index.php?m=734&newsid=60

No comments:

Post a Comment