Thursday, 18 November 2010

"მზიური". სუბვერსიული ორენოვნება.


1971 წელს girl-band-ებზე მოდამ საბჭოთა კავშირში ჩამოაღწია. თბილისის პიონერთა სასახლეში, სადაც საბჭოთა საქართველოს ახალგაზრდობა პარტიისა და კომკავშირის მეთვალყურეობით შემოქმედებით ენერგიას ხარჯავდა, მაშინდელი ნომენკლატურით ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "მზიური" დაარსდა. ამ ანსამბლში 10-11 წლის ნიჭიერ გოგონებს იღებდნენ, რომლებსაც სმიღერა და ცეკვა უნდა სცოდნოდათ და ამ ასაკისთვის საკმაოდ რთულ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე: ელექტრო-გიტარაზე, ბას-გიტარაზე, საქსოფონზე და დასარტყამ ინსტრუნმენტებზე დაკვრა უნდა ესწავლათ. ასეთი წრეები პიონერთა სასახლეში მრავლად იყო, მაგრამ "მზიური" მოულოდნელად იმდენად წარმატებული გახდა, რომ მისი პოპულარობა საბჭოთა კავშირის საზღვრებსაც კი გასცდა. მხატვრული და სატელევიზიო ფილმები, ათეულობით ფირფიტა, მილიონობით ფანი (რომლებსაც მაშინ ალბათ თაყვანისმცემლებს ეძახდნენ) და პრიზები (მათ შორის ლენინური კომკავშირის პრემია 1976) ოფიციალურ წარმატების მაჩვენებელი იყო. საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილთა შორის "მზიური" არაოფიციალური საკულტო სტატუსით დღემდე სარგებლობს.


"მზიურის" რეპერტუარს სამხატვრო საბჭო ამტკიცებდა. ეს რეპერტუარი როგორც ენობრივად (სიმღერები არა მარტო საბჭოთა კავშირის ხალხთა ენებზე, არამედ რკინის ფარდის მიღმა ქვეყნებიდანაც - ინგლისური, ფრანგული და იაპონური) ისე თემატურადაც (საბავშვო სიმღერებიდან დაწყებული ლენინზე სიმღერებით დამთავრებული) მრავალფეროვანი იყო. ანსამბლის ორენოვანი სიმღერა "მზიური" (მუსიკა ა. რაკქიაშვილისა, ქართული ტექსტი ე. თოდუასი, რუსული ტექსტი ე. ტერელაძის) საბჭოთა საქართველოს რეპრეზენტაციისათვის პროგრამულად შეიძლება ჩაითვალოს. აღფრთოვანების აფექტი, რომელსაც სიმღერის მელოდია გადმოგვცემს, როგორც საბჭოთა, ისევე ქართული ნაციონალისტური ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. რუსულ ვერსიაში გოგონები გამარჯვებული სოციალიზმის მზეს უმღერიან:


"Эй, в барабаны бей , пой, ведь никто еще
Звонче нас в мире не пел
Солнцу над нами великому светлому
Радости этой напев!


В сердце сияющим солнца соцветием
Ясный ликует апрель.
Пой о весне, пой о жизни, счастливая
Звонкая наша свирель.

Наших песен
В мире нет чудесней
Всем они желанны
И порой известно:

Дарит неба краски
Мзиури,
Радости и тепла
Счастья вам несет!"


"ჩვენი სიმღერები ყველასთვის სასურველია" (Наши песни всем желанны), იმიტომ, რომ ანსამბლი სოციალისტური აწმყოს მახარობელია. სიტყვა "ჩვენი" რუსულ ტექსტში ერთმნიშვნელოვნად ანსამბლს გულისხმობს. ქართული ტექსტი ასეთია:

http://www.youtube.com/watch?v=NEYuZL03uZw


"დაჰკარით დაფდაფებს,

ჯერ ასე ძლიერად არავის უმღერია.

მიზანი ერთია, დიადი, ნათელი

ჩვენი მზეც ნათელია!


მზე მოგვაქვს სხივებად, მზე ათასფერადი

დიდი და საამური

ვუმღერით სიცოცხლეს, ვუმღერით გაზაფხულს

წკრიალა სალამური!


ჩვენი სმიღერები ვის არ იმორჩილებს

ყველგან ხალისი და ყველგან მაისია!

რაშა ორერა რეო და, მრავალჟამიერ რეროდა

ისმის საქართველო და.


მოგვაქვს კავკასიის მთების სურნელება

ჩვენი ოცნებები ისევ ცის ფერია

რაშა ორერა რეო და, მრავალჟამიერ რეროდა

ისმის საქართველო და."


ქართული ვერსიის პირველ სტროფში "მზეს" ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ის, ერთის მხრივ, ანსამბლის სახელწოდებას გულისხმობს, მეორეს მხრივ კი საბჭოთა კავშირში საქართველოს რეპრეზენტაციაზე მიგვანიშნებს. საბჭოთა კავშირში საქართველოს მყარი ატრიბუტი ჰქონდა: "მზიური" (Солнечная Грузия). საბჭოთა საქართველოს დროშაზე სავალდებულო წითელ ფონზე ლურჯი მზე იყო გამოსახული.


ეს მზე - ყოველ შემთხვევაში უძრავ და უდარდელ სამოცდაათიანებში, დღესასწაულის სიმბოლო იყო, რომელიც არასოდეს მთავრდებოდა. საქართველო საბჭოთა კავშირში გართობასა და ლხინზე იყო პასუხისმგებელი: ცეკვით და სიმღერით, კინოთი და თეატრით, სამთო და საზღვაო კურორტებით და საბჭოთა კავშირისათვის ექსკლუზიური გასტრონომიული საქონელით. ქვეყანაც და მისი მოსახლეობაც საბჭოთა კავშირის გამრთობებად იყვნენ მიჩნეულები. საბჭოთა საქართველოს მიჩენილი ჰქონდა ადგილი, სადაც სოციალური და პოლიტიკური აქტივობა გართობით იყო ჩანაცვლებული.


მზიურის ქართული ტექსტი ერთის მხრივ საბჭოთა სტერეოტიპებს ითვისებს, მეორეს მხრივ კი მათ ნაციონალურ, შეიძლება ითქვას ნაციონალისტურ პასუხსაც სცემს. მზე, ლხინი და დღესასწაული მეორე სტროფში სალამურის წკრიალა ხმად გადაიქცევა, რომელსაც ქართული მზე და კავკასიის მთების სურნელება (IV სტროფი) კავკასიის ქედის იქით მიაქვს. "რაშა ორერა რეო და" - ხალისის და გაზაფხულის ონომატოპოეტური გამოხატულება (III სტროფი), რომელიც "მრავალჟამიერ" გრძელდება - საქართველოს ხმაა. ამ სიმღერაში საქართველო მუდმივი დღესასწაულის ქვეყანაა.


ქართულ ტექსტს "ეზოთერული", მხოლოდ ქართველი მსმენელისათვის გასაგები მნიშვნელობაც აქვს. ის ერთი მხივ ეთანხმება ქვეყნის სისუსტეს, რომელიც სხვისი სტერეოტიპებით არის განსაზღვრული, მაგრამ ამ სისუსტეს სიძლიერედ აქცევს. რუსული ტექსტისგან განსხვავებით (სადაც "ჩვენი სიმღერები ყველასთვის სასურველი" იყო, ქართულ ტექსტში "ჩვენი სიმღერები ვის არ იმორჩილებს". ამით სიმღერა (საქართველოს ხმა) ჰეგემონიის საშუალებად იქცევა. "ჩვენი" ამ შემთხვევაში, რუსული ტექსტისაგან განსხვავებით ანსამბლს კი არა საქართველოს გულისხმობს. სიმღერის მეოთხე სტროფი "ჩვენი ოცნებები ისევ ცის ფერია" ქართველ რომანტიკოსთა და სიმბოლისტთა ფერთამეტყველების აქტუალიზაციას ახდენს და ამით ეროვნული ტრადიციის უწყვეტობაზე მიანიშნებს. სიმღერაში საქართველოს რეალობა ისეა წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად დომინირებულ ქვეყანას კულტურის სფეროში უპირატესობა ენიჭება და სწორედ ამით საბჭოთა კავშირში ქართული იდენტობის მნიშვნელოვან გამოხატულებად იქცევა.


მზიურის სიმღერაში კარგად ჩანს ქართული ნაციონალიზმის ფორმულა: საბჭოთა თხიერში ჩასხმული ქართული ღვინო. ქართული ნაციონალიზმს ერთის მხრივ თავის თავს საბჭოთა იდეოლოგიური სტერეოტიპებისაგან გამიჯნვა სურდა, ოღონდ, მეორეს მხრივ, ამ სტერეოტიპებს ითვისებდა, ნაციონალიზმის ენაზე თარგმნიდა და ამით, თავისდა უნებურად და გაუცნობიერებლად, საბჭოთა მემკვიდრეობაში ეწერებოდა.

3 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. ენობრივი ნიშნების პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა და თქვენს ტექსტებში ეს ტრენდი ყოველთვის გამოკვეთილია...

    ReplyDelete
  3. ზალიკო, დღეს გადავაწყდი ამ საინტერესო ბლოგს. და იცი კიდევ რა ვიფიქრე? ეს “რაშა” გასაგებია, რომ ხალხური “რაშა-რერა”-დანაა, მაგრამ იქნებ ამავდროულად “Russia”-საც გულისხმობდა/ეხმიამებოდა :)

    ReplyDelete