Monday, 22 November 2010

წინა პოსტის გამოისობით

ჩემს ბავშვობაში თუ ყრმობაში (არ ვიცი რა დავარქვა იმ დროს სკოლა როცა დავამთავრე და უნივერსიტეტში ვაბარებდი) ქართულის გამოცდაზე (რომელსაც მისაღები ერქვა) თემებს წერდნენ ხოლმე. სულ მოდიოდა სამი, ორი საპროგრამო და ერთი თავისუფალი. ვისაც ლაი-ლაი კარგად ეხერხებოდა, თავისუფალს წერდა ხოლმე. ვისაც არა საპროგრამოს. იმისგან დამოუკიდებლად, ვის რა ეხერხებოდა, "ჩაწყობა" ხდებოდა ხოლმე. ზოგი ნაცნობით აწყობდა, ზოგიც ფულით. ხოდა აი ასეთ ჩაწყობილებს აძლევდნენ ხოლმე პაროლს: თემა უნდა დაწყებულიყო წინასწარ შეთანხმებული წინადადებით, რომელსაც მერე გამომცდელი თავისად შეიცნობდა ხოლმე და გასწორებისას ან ნიშანს არ დააკლებდა ან სულაც წაუმატებდა ხოლმე.

ხოდა ერთ ძალიან ხუთოსანი გოგონასთვისაც მიუციათ ასეთი პაროლი. მანაც, როგორც ხუთოსანთა წესია, გასაკეთებელი საქმის მონდომებაში გადააჭარბა და თემის წერა ასე დაიწყო
პ ა რ ო ლ ი: .....
ნუ, ჩაიჭრა, ცხადია.

დაახლოებით იმავე დროს (ერთი-ორი წლით ადრე) საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო. (როგორც ჩვენი ოკუპაციის მუზეუმი გვეუბნება, არც არასდროს შეჩერებულა, ხოდა გამოდის რომ გამოცოცხლდა). ხოდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ბელადი, მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდია იყო. ბელადი თავის თანამოაზრეებთან შედარებით ჭკვიან კაცადაც გამოჩნდებოდა (ასე მაგალითად ირაკლი წერეთელზე, ოდესღაც თანამოაზრეზე, ასე იტყოდა: ეს არის ჩემი უნიჭო მოსწავლე, შარშან აპარტეიდი არ იცოდა რა იყოო). ვწუხვარ, მისი ინტონაციის გადმოცემა რომ არ შემიძლია, გასახსენებლად პატარა ვიდეო.



იგივე ირაკლი წერეთელს, ძალიან რომ გაახურა, გამსახურდიამ და კოსტავამ დაავალეს, წადი ირაკლი, ჭკვიანი ბიჭი ხარ და კონსტიტუცია დაწერეო. იფიქრეს, ერთი თვით მაინც ხომ მოვიშორეთ თავიდანო. წერეთელი მოვიდა მეორე დილას და ორი ვარიანტი დავწერე და რომელი ჯობიაო. თორთლაძის კანონს რომ ვუყურებ, დაახლოებით ამ სტილშია დაწერილი.
ხოდა, სულ სხვა რამის მოყოლა მინდოდა: ზვიადს ჰყავდა ერთი თანამოაზრე, რომელსაც რაღაც პროკლამაციის დაწერა დაავალა. ეს კაციც მოსულა და მოუტანია ტექსტი, რომელსაც ეწერა: პ რ ო კ ლ ა მ ა ც ი ა. "რა არის ბიჭო ეს. ეხლა მე რომ წიგნი დავწერე უნდა დავაწერო ზემოდან წ ი გ ნ ი? " უკითხავს მომავალ პრეზიდენტს.

ხოდა ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ გუშინ რომ ლექსი დავწერე, ზოგმა ძალიან სერიოზულად მიიღო და ეტყობა უნდა დამეწერა პ ა რ ო დ ი ა (პოსტმოდერნისტებისთვის: პ ა ს ტ ი შ ი).


No comments:

Post a Comment