Saturday 2 May 2015

ეკოლოგიური საქართველო



საქართველო წარსულის ქვეყანაა. წარსულისაკენ ქართველი სიხარულით იხედება, მომავლისაკენ - არა.  მომავალი სხვაგან იქმნება. 

სანამ ჩვენთან დავობენ, მინისტრია თუ არა ადამიანი, რომელიც პარლამენტს ჯერ მინისტრად არ დაუმტკიცებია, საქართველოზე არანაკლებ მზიურ კალიფორნიაში “ტესლა მოტორსის” (და კიდევ ორი კონცერნის)  გენერალურმა დირექტორმა (CEO) ელონ მასკმა რევოლუციური ტექნოლოგია წარმოადგინა. http://www.teslamotors.com/powerwall

მასკი “ახალი სტივ ჯობსია”. ვიზიონერი ბიზნესმენი, რომელსაც ტექნოლოგიით სამყაროს შეცვლა უნდა, ცხადია უკეთესობისკენ (ტესლა მოტორსს ელექტროენერგეტიკის პიონერის და ფუტურისტის ნიკოლა ტესლას სახელი ქვია). ოღონდ, ჯობსი თუ მაინც ასე თუ ისე მომხმარებლის სამყაროს აუმჯობესებდა, მასკი გარემოზეც ფიქრობს. სხვათა შორის, ხედვას და ოცნებას შორის მარტივი განსხვავება არსებობს: თუ მეოცნებე ტახტზე წამოგორებული ოცნებობს, როგორ გახდეს მილიონერი ან გაფრინდეს კოსმოსში, ვიზიონერი თავისი ხედვის განხორციელებისათვის შრომას არ დაიზარებს. ამერიკული ოცნებაც - ქართულისგან განსხვავებით - იმაზე იყო დამყარებული, რომ ადამიანს საკუთარი შრომით შეუძლია წარმატების მწვერვალს მიაღწიოს. 

მასკის იდეა (ერთი შეხედვით) ძალიან მარტივია. სახლის სახურავზე დამონატჟებული მზის ბატარეები, რომლებსაც საქართველოში ჯერ კიდევ ოთხმოციანი წლების ბოლოს უშვებდნენ,  ერთი ოჯახისათვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. პრობლემა აქამდე ამ ელექტროენერგიის შენახვა იყო. უმზეო დღეებში მზის ბატარეა საკმარის დენს ვერ გვაწვდის, ამიტომაც იძულებულები ვართ, დენი ტრადიციულად, ქსელიდან მივიღოთ. “ტესლა მოტორსმა”, რომელიც, სხვათა შორის, ელექტრომობილების პიონერია, შექმნა ელექტროენერგიის სტაციონარული შემნახველები, მარტივად რომ ვთქვათ აკუმულატორები,  რომლებსაც მზის ელექტროენერგიის შენახვა შეუძლიათ. როდესაც, მაგალითად, მზის ბატარეა, ან ქარის ელექტროსადგური ზედმეტ ენერგიას აწარმოებს, აკუმულატორები ჭარბ ენერგიას ინახავენ და მაშინ იყენებენ, როდესაც მზე ან ქარი არ არის. “ტესლა მოტორსის” აკუმულატორები ენერგეტიკული დამოუკიდებლობის პრობლემას შეიძლება ბოლომდე ვერ წყვეტენ, მაგრამ აქამდე ბევრიც არ უკლიათ. 

რატომ ვყვები: საქართველოში მზე და ქარი, წყლის არ იყოს ბევრია. არ ვიცი რას აკეთებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ან საქართველოს მთავრობა (შეკითხვა რიტორიკულია), მაგრამ წესიერ, თავისი ქვეყნის ინტერესებზე მზრუნავ და არა ქონდრისკაცულ ამბიციებში ჩამხრჩვალ მთავრობას ინოვაციები უნდა აინტერესებდეს. ჩვენ ჯერ არ ვართ (და არ ვიცი როდის ვიქნებით) იმ დონეზე, რომ საკუთარი პიონერული ტექნოლოგიები გვქონდეს. მაგრამ იმის უნარი მაინც უნდა შეგვწევდეს, რომ სხვისი მოგონილი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. საქართველოს მომავალი და გადარჩენის შანსი ინოვაციებშია. გასული საუკუნის მოდელებით თუ ვიცხოვრებთ, ყოველთვის ჩამორჩენილები ვიქნებით. ამიტომაც საქართველოს არა დამწევი, არამედ წინმსწრები მოდერნიზაცია სჭირდება. საქართველო მარტივად შეიძლება გადაიქცეს ისეთ ქვეყანად, სადაც ინდივიდუალური, ეკოლოგიური ენერგომომარაგება ჩვეულებრივი რამ გახდება. ინდივიდუალური ინიციატივა ამას არ ეყოფა, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა სჭირდება. 

 საქართველოს აქვს პოტენციალი, მთლიანად გადავიდეს “ალტერნატიული” ანუ ბუნებრივი ელექტროენერგიის წყაროებზე ისე, რომ ბუნებას არ ავნოს. არც “ხუდონჰესის” მშენებლობის გამო მოგვიწევს ნახევარი სვანეთის დატბორვა, ელექტროენერგიის ტარიფები კი საგარეო ვაჭრობის პრობლემა გახდება. 

მაგრამ, როგორც დასასწყისში ვთქვი, მომავალი პრინციპულად არ გვაინტერესებს. 

No comments:

Post a Comment