Monday 2 January 2017

Dictatura litearia. ლიტერატურული სივრცე საბჭოთა კავშირში

ეს წერილი ცოტა უფრო დიდი პროექტის ნაწილია, რომელიც XIX და XX საუკუნის საქართველოს კულტურის განმსაზღვრელ მექანიზმებს აღწერს. ეს კონკრეტული თავისუფალი სივრცის გაგებას ეხება და სვამს შეკითხვას, რატომ გავურბოდით და დღემდე გავურბივართ რეალობას და როგორ შეიძლება თავისუფლების წყურვილმა არათავისუფლებასთან მიგვიყვანოს. აქვე დავამატებ, რომ გურამ დოჩანაშვილის კეჟერაძეების ციკლი ძალიან მიყვარს და მგონია, რომ ის ერთ-ერთი საკუეთესოა XX საკუკუნის ქართულ პროზაში.




I


ჯორჯ ორუელის რომანი „1984“ ზუსტად გამოხატავს ტოტალიტარული ძალაუფლების ლოგიკას: მისი მიზანია არა მარტო საზოგადოების ნეიტრალიზაცია და საჯარო სივრცის განადგურება, არამედ ნებისმიერი თავისუფალი სივრცის, მათ შორის კერძოსი, საკუთარი კანონისათვის დაქვემდებარება. როგორ შეიძლება ადამიანმა ტოტალიტარულ სახელმწიფოში, რომლის მიზანიც ნებისმიერი ავტონომიის განადგურებაა, შეიქმნას თავისუფალი, ავტონომიური, უცხო კანონისათვის დაუმორჩილებელი სივრცე?

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ (1973) ახალბედა სოციოლოგი თამაზი (მთხრობელი) და მისი „ახალგაზრდა და ენერგიული“ ხელმძღვანელი ფოტოგრაფ ვასიკო კეჟერაძეს „ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრებ მუშა-მოსამსახურეთა [...] თავისუფალი დროის გამოყენების“ შესწავლის მიზნით უტარებენ ინტერვიუს, რომლის „აქტუალური“ და „პრაქტიუკული ინტერესი“ იმაში მდგომარეობს, რომ გამოვლინდეს „ადამიანზე სასარგებლოდ ზემოქმედების მნიშვნელოვანი მექანიზმები“. წარუმატებელი ინტერვიუ თავისუფალი დროის შესახებ, რომელსაც მთხრობელის ჩამოლაბორანტება მოჰყვება, მოთხრობის გნმავლობაში გადაიქცევა რეფლექსიად თავისუფალი სივრცის შესახებ.

I.



ვასიკო კეჟერაძე სოციოლოგს იმით გამოიყვანს მწყობრიდან, რომ ეკონომიკურ ლოგიკას ყირაზე აყენებს და ნებისმიერ შეკითხვას ლიტერატურას უკავშირებს. ვასიკოსთვის პროფესია მაინცა და მაინც მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარს ლიტერატურა,  მას კომუნალური მომსახურების კარგი პირობები აქვს, რადგანაც აქვს წიგნების ორი უზარმაზარი კარადა, თაროები, მოხერხებული სავარძელი და ტორშერი, მოსწონს დიდჯიბეებიანი ტანსაცმელი, იმიტომ რომ შიგნით ნებისმიერი წიგნი ეტევა, ვერ გამოვა კრებაზე, იმიტომ რომ არ შეუძლია ერთნაირად მიმართოს ადამიანებს, რომლებსაც წაკითხული აქვთ ან არ აქვთ სტენდალი და „მისალოცებისაგან“ (ანუ ისეთებისაგან განსხვავებით ვისაც ლიტერატურა არ ან ძალიან არ უყვარს) სულაც არ მიისწრაფვის დაწინაურებისაკენ. მოდით ვნახოთ, რა იმალება ლიტერატურით ამ მანიაკალური გატაცების მიღმა.

ვასიკო კეჟერაძე სოციოლოგ თამაზს ინტერვიუს დაწყებამდევე დააბნევს: თამაზი მას ვიღაცას აგონობს, „აურელიანო სქელს, სანამ გასუქდებოდა [...] მარშალის ბიძაშვილს, ეულალიას ქმარს“. გაუგებრობა მალევე გაირკვევა: „მისალოც“ თამაზს არც „ბეტანკურიანი რომანი“, არც „ანსელმოიანი რომანი, ლიოსასი, მარიო ვარგასის“ არ წაუკითხავს და ამიტომ ლიტერატურის მოყვარულის მინიშნებებს ვერ ხვდება. „ბეტანკურიანი რომანს“ (დოჩანაშვილის „სამოსელი პრიველი“ 1975-1983) „ანსელმოიან რომანთან“ (მარიო ვარგას ლიოსას „მწვანე სახლი“, 1965) ნაკლები აქვს საერთო, ვიდრე ლიოსასვე რომანთან „სამყაროს დასასრულის ომი“ ( „La guerra del fin del mundo“, 1981). ორივე კანუდოსის ისტორიას ყვება, კოლონიისა, რომელიც ბრაზილიის პროვინციაში ბიჰაია მქადაგებელმა ანტონიო ვისენტე მენდეზ მასიემ, ზედმეტსახელად ანტონიო კოსელეირომ, დაარსა 1893 წელს.






 ამ კვაზიკომუნისტურმა კოლონიამ, რომელიც ძირითადად უმიწაწყლო გლეხებისაგან, ყოფილი მონებისა და ინდიგენური მოსახლეობისაგან შედგებოდა, სახელი მალევე გაითქვა. ორი წლის თავზე მისი მოსახლეობა 30.000-მდე გაიზარდა. ავტონომიური, შეცდომით მონარქისტულად და სეპარატისტულად მიჩნეული კოლონიის არსებობა, (რომელმაც, სხვათა შორის, საკუთარი, ტყავით ვაჭრობაზე დამყარებული წარმატებული ეკონომიკაც შექმნა), ბრაზილიის რესპუბლიკურმა მთავრობამ საკუთარი ლეგიტიმურობის საფრთხედ მიიჩნია. სამი სამხედრო ექსპედიციია კანუდოსელთა თავდადებულ წინააღმდეგობას ემსხვერპლა. მეოთხე ექსპედიცია (1897), რომელსაც თავად ომის მინისტრი, მარშალი კარლოს მაჩადო დე ბეტანკური ხელმძღვანელობდა,


რვათვიანი ალყის შემდეგ კოლონისტთა დაუნდობელი ამოჟლეტითა და კოლონიის განადგურებით დასრულდა.

მარშალის ბიძაშვილთან მსგავსების გამო, თამაზი და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ჯანჯაკომო სემინარიოს, მარშალის უფროს ძმას ჰგავს, რეპრესიულ სახელმწიფოსთან ასოციაციას იწვევენ. ეს ასოციაცია ენობრივ დონეზე ძლიერდება: ხელმძღვანელი თავის თანამშრომელს დავალებას გადაგვარებულ საუწყებო ენაზე აძლევს, რომელიც ანდრეი პლატონოვის ენობრივ ექსპერიმენტებს ჩამოჰგავს. თამაზის ლექსიკა, რომელიც „სხვადასხვა ორგანოებს“ და „ინსტანციას“ ახსენებს, საბჭოთა ყურისათვის არაორაზროვნად უნდა ყოფილიყო რეპრესიული სახელმწიფო აპარატის ნიშანი.
კანუდოსის ხსენება კი პირიქით, თავისუფალ სივრცეში გადასვლის და ახალი, საკუთარი, თავისუფალი, რეპრესიული სახელმწიფო აპარატისაგან თავისუფალ კანონებზე დაფუძნებული ავტონომიის ასოციაციას იწვევს. ლიტერატურის სივრცის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან იდენტიფიკაციას მოთხრობაში პოლიტიკური განზომილება შემოაქვს და ორ სფეროს მიჯნავს: (ტოტალიტარული) სახელმწიფოსი, რომელსაც ადამიანებზე (ტოტალური) კონტროლის დაწესება სურს და ლიტერატურისა, რომლისთვისაც ვასიკოს, მის „თანაშემწე“ კლიმს, მაგრამ ასევე ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს თავის შეფარება და საკუთარი თავისუფლების და ავტონომიის შენარჩუნება შეუძლია.

„ლიტერატურული“ ავტონომიის რამდენიმე გზა არსებობს: ვასიკო კეჟერაძეს XIX საუკუნის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა დარად შეეძლო თავშესაფარი ეროვნულ ენობრივ სივრცეში და კულტურული ერის (Kulturnation) რომანტიკულ კონცეფციაში ეძებნა – ენა და ლიტერატურა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ექცია. ანაც, დოჩანაშვილის უფროსი კოლეგებისავით მითოლოგიზირებულ ისტორიულ წარსულს მიჰკედლებოდა. მაგრამ, კეჟერაძე სხვა გზას ირჩევს. მართალია ის ქართველია და ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მისი სივრცე და ენა მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული სივრცე და ენა უფროა, რომელიც, კეჟერაძის შემთხვევაში, პრინციპში ინდივიდუალური თავისუფლების სივრცეა.

II.

ლიტერატურას (და ხელოვნებას) და პოლიტიკას შორის ანტაგონოზმს დიდი ტრადიცია აქვს. ფრანგ ლიტერატურათმცოდნეს, პასკალ კაზანოვას თუ დავუჯერებთ, მსოფლიო ლიტერატურის სივრცის ძირითადი მახასიათებელი სწორედ (ყოველთვის შედარებითი) ავტონომიაა. ეს ავტონომია განსაკუთრებული კანონების შექმნის საშუალებას იძლევა. მისი კატეგორიული იმპერატივი, კაზანოვას თქმით, ლიტერატურაში პოლიტიკის ინტერვენციის წინააღმდეგ ბრძოლაა. „ლიტერატურულმა ველმა“ (ამ ცნებას ფრანგ სოციოლოგს, პიერ ბურდიეს დავესესხები) ძალაუფლების ველისაგან ავტონომია მხოლოდ XIX საუკუნეში მოიპოვა. ვასიკო კეჟერაძის იდეალი სწორედ „ავტონომიური“ მწერალია „მგელზე ამხედრებული ამაყი გლახა, არწივით მხარზე“, რომელიც ამ არწივივით „არ იწვრთნება“. თუმცა, როდესაც ვასიკო ლიტერატურაზე საუბრობს, ის არა შემოქმედებას, პროდუქციას, არამედ რეცეფციას გულისხმობს.

ნიშანდობლივია, რომ აქცენტი რეცეფციაზე, მკითხველზე და არა მწერალზე კეთდება: ლიტერატურული წარმოების ველი საბჭოთა კავშირში პოლიტიკური ძალაუფლებისადმი იყო დაქვემდებარებული, მწერალი კი („ძაღლის გამწრვთნელი მამაც ჰუსართა ბრჭყვიალა ტანსაცმელში“ – როგორც ვასიკო იტყოდა) მწერალთა კავშირში სავალდებულო წევრობით სისტემის სამსახურში იყო ჩაყენებული – საბჭოთა ლიტერატურულ ველს ავტონომიური ვერაფრით დაერქმეოდა. მკითხველს კი სწორედ კითხვის აქტში შეუძლია გათავისუფლდეს. „არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და კითხვას შორის“ – ამბობს კეჟერაძე –  „მე მგონი ის, რომ ორივეს ეგრეთ წოდებული პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი – მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი – შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამამაღლებელი“. ორივე, სმაცა და კითხვაც თავისუფალ სივრცეს ხსნის. ახლა კი ვნახოთ, როგორ არის ის სივრცე მოწყობილი, რომელსაც ვასიკო კეჟერაძე თავს აფარებს და საკუთარ ავტონომიურ ლიტერატურულ სამყაროს აფუძნებს.

კეჟერაძის სივრცე (ისევ პიერ ბურდიეს დავესესხები) „ეკონომიკური სამყაროს სარკისებური ანარეკლია“, რომელიც თამაზისა და მისი ხელმძღვანელის სივრცისაგან განსხვავებით იერარქიულად კი არა, თანასწორად არის მოწყობილი: „თქვენთვის, მისალოცებისათვის“ – ეუბნება ვასიკო სოციოლოგებს – „ზოგი – უფროსი ბრძანდებით, ზოგიც – უმცროსი, არ არსებობს მხოლოდ ტოლი [...] მე და კლიმი კი, აბა, რამ გაგვყო, მიწოდეთ მე თუნდათ ფოტოკაბინეტის მთავარი დირექტორი და იმას – თანაშემწე, მაინც ერთნი ვართ, რადგან: ჩვენ ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა“. მეორეს მხრივ, ეს სივრცე საკუთარ, არაემპირიულ კანონებს ემორჩილება: „აი, ვთქვათ, დგას ქუჩაში ის ვაჟბატონი, ნაფუფუნებარი, და მის გვერდით კი… [...] უნებურად ამაყი, ჩამოძენძილი, მშიერი, ხელგამხმარი, დიდებული ესპანელი ინვალიდი [...] ჰოდა, ჩამოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ – რამდენი კაცი დგას ქუჩაში? – იტყვის: „ორი…“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ – ის და ის – ესე იგი – ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება, ლიტერატურაში კი, ჩემო კარგო, ეჰ, ასეთი უზუსტობა არასოდეს არ მოხდება, ყველაზე უკანონებო მეცნიერება თუმცაღა კია“.…

ლიტერატურის „უკანონობა“ და მისთვის დამახასიათებელი თანასწორობა, ისევე, როგორც ლიტერატურის მეცნიერებასთან გათანაბრება შესაძლოა, სწავლულთა რესპუბლიკის ( respublica literaria ) ჰუმანისტურ კონცეფციაზე მიგვანიშნებდეს. (ეს ცნება პირველად ვენეციელ ჰუმანისტს, ფრანჩესკო ბარბაოს გამოუყენებია 1417 წელს). გამოთქმა literae –  ამბობს ინგლისელი ისტორიკოსი პიტერ ბერკი – სწავლულობის ჩვენეულ ცნებას შეესაბამება. მისივე თქმით, ჰუმანისტებისათვის სწავლულობა ენასთან და ლიტერატურასთან იყო დაკავშირებული –
განსხვავება სწავლულსა და „ლიტერატორს“ შორის მხოლოდ XVIII საუკუნეში გაფორმდა. respublica literariam-მ, სწავლულთა რესპუბლიკამ, სწავლულთა „წარმოსახვითმა საზოგადოებამ“ და „გამოგონილმა ერმა“ (ისევ ბერკს მივყვები), რომელიც სივრცის და დროის ტრანსცენდირებას ახდენდა და ამიტომაც ენების, რელიგიების და ერების მრავალსახეობაზე მაღლა იდგა, აღმავლობას 1550 და 1789 წლებს შორის მიაღწია. ფრანგი მწერლის ბონავენტურ დ’არგონის „ბატონი დე ვინიუ-მარვილის ისტორიის და ლიტერატურის კრებულში“  (Mélanges d’historie et de literature par M. de Vigneul-Marville, 1699) ვკითხულობთ, რომ „სწავლულთა რესპუბლიკა ძალიან ძველია [...] არასოდეს ყოფილა ის ასეთი დიდი, მჭიდროდ დასახლებული, ასე თავისუფალი და ძლევამოსილი. ის მოიცავს მთელს მსოფლიოს და შედგება ყველა ეროვნების, სოციალური კლასის, თაობის და ორთავ სქესისაგან. [...] იქ საუბრობენ ყველა ენაზე, ძველსა და ახალზე.“ თავისუფლება და თანასწორობა სწავლულთა რესპუბლიკის დამახასიათებელი ნიშნებია. ფრანგი მწერალი და ფილოსოფოსი პიერ ბელი თავის ისტორიულ და კრიტიკულ ლექსიკონში (1697) წერს: „სწავლულთა რესპუბლიკა, სადაც თავისუფლება მბრძანებლობს, უკიდურესად თავისუფალი სახელმწიფოა. მასში მხოლოდ ჭეშმარიტების და გონების მბრძანებლობას აღიარებენ. მასში ყოველი მბრძანებელია და ამავე დროს, ყველა ყველას იურისდიქციას ექვემდებარება.“ სწავლულთა რესპუბლიკა შეიძლება იყოს როგორც ავტონომიური ძალაუფლების ველთან მიმართებაში – პიტერ ბერკის სიტყვით „თანასწორობის ოცნება იერარქიულად ორგანიზებულ საზოგადოებაში“, ისევე, როგორც ანომიუირი (თავისი შინაგანი სტრუქტურით).

პიერ ბურდიე (რომელიც სწავლულთა რესპუბლიკას მის მიერ აღწერილ ლიტერატურულ ველს ადარებს) ამ ანომიურობას ასე აღწერს: „მასში არავინ არის ნომოსის აბსოლუტური ბატონი და პატრონი“. ორივე კომპონენტი, როგორც ავტონომია ძალაუფლების ველისაგან, ისე შინაგანი ანომია, იმ ლიტერატურულ სივრცესაც ახასიათებს, რომელსაც კეჟერაძე თავს აფარებს. მაგრამ არსებობს ერთი განსხვავება: შედარება ღვინის სმის თავისუფლებასა და კითხვის თავისუფლებას შორის გვიჩვენებს ზღვარს სმის „ზღვარგადასულ“ ანომიას და სწავლულთა რესპუბლიკის ამაღლებულ ავტონომიას შორის. რაში მდგომარეობს ეს ავტონომია?

თამაზის შეკითხვაზე, როგორი ლიტერატურა უყვარს, ფოტოგრაფი ღიმილით პაუხობს „მხატვრული ლიტერატურა“. სოციოლოგის შენიშვნაზე, „მხატვრული“ ლიტერატურა ლიტერატურის მხოლოდ ვიწრო გაგებაა, რადგანაც „არსებობს ლიტერატურა დოკუმენტური, მეცნიერული, პოპულარული, სახელმძღვანელო“, ვასიკო ირონიულად პასუხობს: „ბროშიურა გამოგრჩა, კარგო“. კეჟერაძის ტექსტთა წესრიგში ლიტერატურის ცნებიდან ყველა ჟანრი, მხატვრული ლიტერატურის გარდა, მხოლოდ ერთი მიზეზით არის განდევნილი: ფიქციონალურობის ძალის ხაზგასასმელად. ლიტერატურის ფიქციონალური პოტენციალი ვასიკოს საშუალებას აძლევს თავისუფლება სწორედ იქ მოიპოვოს, სადაც ტოტალიტარულ სახელმწიფოს მისი შეზღუდვა უნდა. თუკი სახელმწიფო გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს, კითხვა მთელ მსოფლიოში მოგზაურობას შესაძლებელს ხდის. მკითხველი ერთადერთ ჭეშმარიტ მოგზაურად გადაიქცევა: „ კაცი ვერ იტყვის, თუ ვინაა ჭეშმარიტად ნამყოფი პერუსა და ნიგერიაში, მე, თუ რომელიმე ჩიბუხგაჩრილი ლოცმანი, რომელმაც გემით მთელი მსოფლიო შემოიარა“ – ამბობს ვასიკო.

თუ სახელმწიფოს ადამიანის დროსა და სივრცეში ზუსტი ლოკალიზება და გაკონტროლება უნდა, მკითხველი სწორედაც რომ მოუხელთებელი ხდება: „რა არ გადაგვხდენია და, ღმერთო ჩემო, სულ რომ არაფერი, რამდენი ქალი გვყვარებია [...]… სად არ ვყოფილვარ, მისალოცებო, რა არ მომივლია [...]კატას – ცხრა სიცოცხლე აქვს, მე კი, ვისაც ასე მიყვარს ყოველივე ეს, ჰეე, რამდენი, რამდენნაირი სიცოცხლე მინახავს და თქვენ კი, მისალოც ინტერვიუერებს, გაინტერესებთ თუ რამდენ წუთს ვკარგავ ვერმიშელის რიგში, მე კი სწორედ მაშინ, ვინ იცის, სად და როგორ დავბოდიალობ“.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ავტონომიისათვის სიკვდილისგან თავისუფლებაა: „სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი, აჰ, ყველაფერი გამოგვიცდია“. ლიტერატურასAნაზიარევი მკითხველი მარადისობის მუდმივი მანქანის მფლობელი ხდება: „ისე კი, სხვათა შორის, სიტყვამ მოიტანა და ფიზიკოსები თუ ვერასოდეს შექმნიან „პრეპენტუუმ მობილეს“, ლიტერატურამ უკვე შექმნა – ეს სწორედ „დონ კიხოტია“.

III.

ასეთ ავტონომიას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი ემპირიული სამყაროს წიგნის სამყაროსთან აღრევაა, რითაც დასაწყისში კანუდოსის ხსენებით შემოტანილი პოლიტიკური ბრძოლის განზომილება იკარგება: და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, სარეცელზე, შეიძლება ასე წარმოთქვას: „ეჰ, კარგი იყო, ოხერი…“ და თქვენისთანამ კი ჯანმრთელმა, შესაძლოა ნიშნის მოგებით მკითხოს: „რა – სიცოცხლე თუ ლიტერატურა…“ მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?
- რას მეტყვით?.. – ეკითხება ხელმძღვანელი, აფორიაქებულია.
- მე კი მოგიგებთ: „და განა სულერთი არ იყო?“

ფიქციონალურ სამყაროში გადასვლით სრულდება ანალოგია სწავლულთა რესპუბლიკასთან. ანალოგიასთან ერთად არის განსხვავებიც, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სტატიაში „კომუუნიკაცია XVII საუკუნის სწავლულთა რესპუბლიკაში“ პოლ დიბონი კომუნიკაციას სწავლულთა რესპუბლიკის საშუალებად და მიზნად მიიჩნევს. თუკი წერილობითი და პირადი ურთიერთაობა სწავლულთა რესპუბლიკის „მოქალაქეთა“ შორის ამ რესპუბლიკას საერთოდ ქმნის და ინარჩუნებს, კეჟერაძის „ლიტერატურული რესპუბლიკა“ სივრცული, ჰორიზონტალური კომუნიკაციის შეუძლებლობიდან იბადება.

ტოტალიტარულ სახელმწიფოში ჰორიზონტალური კომუნიკაციის არარსებობა და აქედან გამომდინარე ვერტიკალური კომუნიკაციის აუცილებლობა ბევრად უფრო დახვეწილადაა ნაჩვენები მერაბ მამარდაშვილის ინტერვიუში „მემკვიდრეობის იდეა და ფილოსოფიური ტრადიცია“ (1989). ეს ინტერვიუ იწყება ციტატით ჯორჯ ორუელის დასაწყისში ნახსენები რომანიდან „1984“: „ის იყო ჭეშმარიტების მოღაღადე მარტოსული, რომელსაც არასოდეს არავინ გაიგონებდა. მაგრამ სანამ ის ამ ჭეშმარიტებას ღაღადებდა, რაღაც უცნაური გზით მემკვიდრეობა არ წყდებოდა“. მემკვიდრეობის, თანმიმდევრობის ეს პარადოქსული გზა – როდესაც „მოსაუბრესა“ და „მსმენელს“ შორის შეხვედრა ემპირულად არ ხდება, მამარდაშვილისათვის წინასწარ არსებულ კავშირს გულისხმობს: უნივერსალურ კავშირებს ცნობიერებაში, რომლებიც ნებისმიერ შინაარსამდე ან საგნობრივ კრისტალიზაციამდე არსებობს. (ეს კავშირი პირველადია ნებისმიერი შესაძლო შინაარსისა და საგნობრივი კრისტალიზაციის მიმართ). ცნობიერების გამოცდილების სტრუქტურა, მამარდაშვილის თქმით, ისეა მოწყობილი, რომ ის დამოუკიდებელია ყოველი საგნობრივი ენის და ინტერპრეტაციისაგან (ყოველ კულტურას თავის გამოხატვის და აღწერის ენა აქვს).  ცნობიერების ეს სტრუქტურები დამოუკედებელია ერთის მხრივ საგნობრივი ენებისაგან და მეროეს მხრივ ამ სტრუქტურების გამომგონებლების (მაგ. დეკარტის ან კანტის) ინტერპრეტაციისაგან. სწორედ ცნობიერების ეს სტრუქტურები ადამიანს ნებისმიერი შესაძლო ემპირიული კონტაქტისაგან დამოუკიდებელს ხდის და საშუალებას აძლევს დაახლოვოს დროსა და სივრცეში  ემპირიულად დაშორებული საგნები. ეს კი (ფილოსოფიის ისტორიის თვალსაზრისით) გულისხმობს ყოველი ისტორიულად საგნობრივი ენის რედუქციის შესაძლებლობას ისე, რომ შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ ფილოსოფიური სისტემის „ობიექტური შინაარსის“ წვდომა. (მაგ. დეკარტისეული ცოგიტო ერგო სუმ შეიძლება გამოიხტოს სვა კატეგორიებში და სხვა საგნებთან მიმართებაში). ასეთი რედუქცია ქმნის სხვა სივრცესა და დროს – ქრონოლოგიური თანმიმდევრობის მაგივრად ვიღებთ ჰორიზონტალს, რომლის წერტილები ერთმანეთს კი არ მოსდევს, არამედ თანაარსებობს. ეს არის თანაარსებობის მოძრავი წერტილი, რომელიც პლატონთან, დეკარტთან, ბუდასთან და ა.შ. თანაარსებობის საშუალებას გვაძლევს. ამ წერტილში ერთდოულად არსებობს წარსული და მომავალი.

ამ წერტილში, სადაც იშლება განსხვავება „უკიდურეს სოლიფსიზმისა“ და „აბსოლუტურ რეალიზმის“ შორის, ფილოსოფიურ ან პოეტურ „აზროვნების აქტში“ (ეს სწორედ საგნობრივი ენის და სამყაროს რედუქციის აქტია) – რომელიც აუციელბლად გულისხმობს სხვას, როგორც აზროვნების თანასწორუფლებიან აგენტს – ცნობიერების გამოცდილების უდროო სივრცეში გადასვლა იმავდროულად გულისხმობს საჯარო სივრცის რეკონსტრუქციას (ფილოსოფია მამარდაშვილისთვის „ხმამაღლა“, საჯაროდ აზროვნებაა): შეწყვეტილი ტრადიცია მოაზროვნის პირადი ძალისხმევის შედეგად თავიდან იქმნება და ნარჩუნდება.

ვასიკო კეჟერაძის „უკიდურესი სოლიფსიზმი“ სხვას არ იცნობს. ამიტომაც ის ვერ ახერხებს „უკიდურესი სოლიფსიზმიდან“ „აბსოლუტურ რეალიზში“ გადასვლას და, შესაბამისად, პიროვნული თავისუფლებიდან საჯარო სივრცის როგორც თავისუფალი სივრცის დაფუძნებას. თავისუფლების ინსტრუმენტიდან ლიტერატურა ნიველირების ინსტრუმენტად იქცევა: ლიტერატურის მოყვარულები ერთმანეთს სრულ განურჩევლობამდე გვანან. ამიტომაც, საჯარო სივრცის ცნება ზედმეტი ხდება. კეჟერაძე ტოტალიტარიზმის უნიფორმულობას მართალია გაურბოდა, მაგრამ თვითონ შექმნა ისეთი სივრცე, სადაც მხოლოდ ერთნაირად მოაზროვნე ადამიანების არსებობაა შესაძლებელი. შედეგად, უტოპია დისტოპიად გადაიქცევა: სწავლულთა რესპუბლიკა, რესპუბლიცა ლიტერარია ლიტერატურულ დიქტატურად გადაიქცევა.

ანომიას და ავტონომიას შორის განსხვავებას კიდევ ერთი იმპლიკაცია აქვს. სოციოლოგის შეკითხვა, საიდან იცის ვასიკომ, რომელია დიდი ნაწარმოები და რომელი არა, გულისხმობს შეკითხვას კეჟერაძის მიერ წარმოდგენილი ავტონომიური სივრცის კანონმდებლის შესახებ. „ მე, საყვარელო, – უცნაურად უღიმის რესპონდენტი, – ჩემი იშვიათი ფიქსატორი მაქვს, რომელსაც ვერც ერთი უზუსტესი ხელსაწყო ვერ შეედრება – როცა ნამდვილად ღირებულ რაიმეს წავიკითხავ, იქნება ეს ნაწარმოები მთლიანად თუ ერთი პატარა ეპითეტი ან შედარება, ვიმეორებ, თუ მართლა კარგი და ღირებულია, მაშინ მარცხენა ხელზე, მაჯიდან იდაყვამდე, აუცილებლად დამბურძგლავს“. თუკი მკითხველი კანონმდებლად იქცევა, მაშინ ის თავისი კანონის (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) გატანას და შენარჩუნებასაც შეეცდება. სოციოლოგის შეკითხვაზე, როგორ მოაწყობდა ცხოვრებას, კეჟერაძე უჩვეულო პროექტით პასუხობს: „როგორ და მთელ ქალაქს კარცერებით მოვფენდი“. ხელმძღვანელის რეპლიკაზე, ეს ხომ დესპოტიზმი იქნებაო, ვასიკო ასე პასუხობს: „ ეს არ იქნება კარცერი ჩვეულებრივი გაგებით, ეს იქნება კარცერ-ლუქსი…[...]
წიგნებიანი თაროებით სავსე, რბილი, მოხერხებული სავარძლით, კოხტა მაგიდაზე ნათურა – სოკოთი, ეს იქნებოდა კარცერი –
ოცნება ყოველი წიგნის მოყვარულთათვის“. ამ კარცერში მოხვდებოდნენ უსაქმური ჯეელები, რომლებიც „ დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე“, მაგრამ ასევე „უწიგნური ქიმიკოსები“, „ლოთები“, „მსხვილ-მსხვილი ვაჭრები“, რომლებსაც არ გაათავისუფლებდნენ, სანამ მთელ კარადა წიგნს არ წააკითხებენ. კარცერი-ლუქსის პატიმარი კითხვას დიდასოებიანი საბავშვო წიგნებით იწყებს. საკითხავი მას ნელ-ნელა ურთულდება: „ისე კი, ჟიულ ვერნით დაწყება ყველაფერსა სჯობს, მთავარია, ჯერ მაგიდასთან ჯდომა ისწავლოს, ფეხების ხან სკამქვეშ შეკეცვა, ხან კი – გაშლა, წიგნის გადაფურცვლა ისწავლოს, სარჩევის თვალიერება, მერე თანდათან მივაწვდით… აბა, კლიმ… ჰო, „სამ მუშკეტერს“, მარკ ტვენს, რომელიც რა ვქნა, მომკალი და არ მიყვარს, ო ჰენრის, მერე წამოვიდოდნენ უფრო სერიოზული მწერლები, კლიმ, ორი კაცი მომაწოდე… მშვენიერია – ჯეკ ლონდონი, რომელიც ორმხრივ დააინტერესებს და რა თქმა უნდა, შეიძლება ჰიუგოს პროზაც, რომანტიულს რომ ეძახიან, სწორედ ისაა და თან ოდნავ ძნელი წასაკითხი, მერე კი ცოტას ამოვასუნთქებდი, „უთავო მხედარი“, „აივენგო“, ვთქვათ… და მოდი, კლიმ, ახლა კი ვუბოძოთ ის დიდი მწერლები, რომლებიც საოცრად ადვილად იკითხებიან… ჰოო, მერიმე, ჩეხოვი… ერთიც! სწორია, სწორი – ესე იგი. მივცემდით მერიმეს, ჩეხოვსა და მოპასანს, შემდეგ კი რისკის დროც დადგებოდა, რაიმე ძნელი, ოღონდ რომანი არა, ნამეტანი იქნება – ჯერ მოთხრობა შევუგდოთ, კლიმ… აჰ, არა, არა, რა დროს მაგისი „სიკვდილი ვენეციაშია“, რას ამბობ, კაცო… მოკლედ დაიმე ისეთი, და მერე ისევ შედარებით ადვილი, შედარებით-მეთქი, ოდნავ ძველმოდური… ჰოო, თუნდაც დიკენსი“. „კარცერ-ლუქსში“ ის იმდენ ხანს დარჩება, სანამ ლიტერატურის მოყვარულად, „რომელიმე კლიმად“ არ გადაიქცევა. რატომ შეიძლებოდა თავისუფალ სივრცეზე ოცნებას კარცერის, თუნდაც ლუქსი-კარცერის წარმოდგენამდე მივეყვანეთ?

კარცერს რუსეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში ეძახდნენ განსაკუთრებით მკაცრ დისციპლინარულ სასჯელს სამხედრო მოსამსახურეებისა და პატიმრებისათვის უმკაცრეს პირობებში (იზოლაციას სინათლის და გათბობის გარეშე საკვების სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვით). თავად სიტყვა, რომელიც ლათინურიდან მომდინარეობს და დილეგს ნიშნევს, რუსულში (და ქართულში) გერმანულიდან შემოვიდა. აკადემიური იურისდიქციის ფარგლებში, XX საუკუნემდე, კარცერს, სასკოლო და საუნივერსიტეტო საპატიმროს, აღზმრდელობითი დანიშნულება ჰქონდა. გამოდის, რომ ვასიკო კეჟერაძე თავისი პროექტით სიტყვას თავის პირველად მნიშვნელობას უბრუნებს. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში კარცერმა თავისი აღმზრდელობითი მნიშვნელობა დაკარგა: სტუდენტისათვის კარცერში მოხვედრა საპატიოდაც ითვლებოდა. ამიტომაც ეს სიტყვა არსებული წესრიგის წინააღმდეგ აჯანყების მნიშვნელობასაც ატარებს, რომელიც არათავისუფალ სივრცეს (სულიერი) თავისუფლების სივრცედ აქცევდა. კარცერის, და შესაბამისად, ციხის ეს კონოტაცია ქართულ ლიტერატურაშიც გვხვდება, მაგ. ჭაბუა ამირეჯიბის ან ნოდარ დუმბაძის რომანებში, სადაც რუსეთის ან საბჭოთა იმპერიის ციხე ისეთ ადგილად იქცევა, სადაც თავისუფლება და დემოკრატია გარეგნულად თავისუფალი გარესამყაროსაგან განსხვავებით შესაძლებელი ხდება. Aმიტომაც „კარცერი-ლუქსი“ საბჭოთა მოქალაქის მდგომარეობაზე მიგვანიშნებს: ის არაფრით განსხვავდება ვასიკო კეჟერაძის ოთახისაგან. როგორც მკითხველს, მას შეუძლია არათავისუფალი სივრცის, თავისი ციხის სულიერი თავისუფლების სივრცედ გადაქცევა. მაგრამ როდესაც ის ცდილობს, ინდივიდუალური თავისუფლების სივრცე საჯარო სივრცედ წარმოიდგინოს, ვასიკო არსებულ პირობებს სარკისებური სიმეტრიით იმეორებს: ციხე, ტოტალიტარიზმის პირობებში სულიერი თავისუფლების ადგილი, საზოგადოებრივ სივრცეზე გადმოაქვს. დაპირებული ავტონომიის მაგივრად, რომელიც თითქოს სხვა, თავისუფალ კანონებს უნდა დაფუძნებოდა, ძალაუფლებით აღჭურვილი მკითხველი, სივრცის არსებობის წესების, მისი ნომოსის შეუცვლელად, თავისუფალ სივრცეს დიდ ციხედ, „კარცერი-ლუქსებით“ გავსებულ სივრცედ გადააქცევს.

No comments:

Post a Comment