Sunday 13 May 2018

ბასიანის ბრძოლა


моя революция! 
მაიაკოვსკი

მძიმედ შეიარაღებული სპეცდანიშნულების რაზმების მიერ თბილისის კლუბებში შევარდნას მასობრივი პროტესტი მოყვა. 

რამდენიმე ათასი ადამიანი სპონტანურად შეიკრიბა 9 აპრილის მოედანზე და შუაღამემდე სიტყვით, მუსიკით და ცეკვით იცავდა საკუთარ თავისუფლებას
სიმბოლური იყო, რომ თბილისი 2018 წელი შეიძლება მასშტაბით არა, მაგრამ სულისკვეთებით მაინც (იმედი მაქვს, მასშტაბიც მოვა) ჰგავდა 1968 წლის პარიზს


1968 წლის რევლუციებს ბევრ ქვეყანაში, სადაც ახალი თაობა სწორედ თავისი  მსოფლმხედელობით და ცხოვრების სტილით დაუპირისპირდა ძველ, ომგამოვლილ, უკიდურესად კონსერვატიულ, უთანასწორო და რეპრესიულ თაობას, რომელიც იქამდე განსაზღვრავდა პოლიტიკურ და კულტურლ ცხოვრებას. 

ვეცდები, აზრი განვავრცო:

რატომ მაინც და მაინც ბასიანი?იმიტომ რომ ბასიანი სიმბოლოდ იქცა. ახალი თაობის, ახალი თბილისის, ახალი ცხოვრების სტილის სიმბოლოდ. კლუბებმა, განსაკუთრებით ბასიანმა, შეძლეს ის, რაც ძალიან ცოტა სფეროში მოხერხდა: საქარველოს მოწინავე ქვეყნად გადაქცევა. ეს ჯერ ვერ შეძლო ვერც ლიტერატურამ, ვერც მუსიკამ, ვერც ადრე სახვითმა და ახლა ვიზუალურმა ადრე ხელოვნებამ და აწ არტმა. ვერ შეძლო მეცნიერებამ, ვერ შეძლო ტექნოლოგიამ. შეძლო ყველაზე ძველმა და ყველაზე ახალმა: ღვინომ და კლუბმა. 

კლუბზე სანამ გადავიდოდი, ღვინოზეც ვიტყვი ორ სიტყვას, იმიტომ რომ ესეც სიმბოლური ამბავია. ოთარ იოსელიანის შესანიშნავი ფილმი “გიორგობისთვე” ალბათ გახსოვთ. გემახსოვრებათ, რომ მთავარი გმირი მეღვინეა. ისიც გემახსოვრებათ, რომ ის ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის ღვინის “სიწმინდის” დაცვას. ცუდი ღვინო იოსელიანის ფილმში დეგრადაციის, კულტურის დაკარგვის სიმობლოა. საქართველოს კულტურული დეგრადაცია (კულტურა ფართო ცნებაა და მარტო ხელოვნებას არ ნიშნავს, საზოგადოებრივ სივრცესაც გულისხმობს, რომელიც დაკარგული გვაქვს) სწორედ ღვინის გაწყალწყალებით და დაშაქრვით იწყება, როდესაც მუქთა ფული და მოკლევადიანი მოგება პატიონსებაზე, შრომაზე და ხარისხზე მაღლა დგება. უცნაურია, რომ კარგი ღვინო ახალი საქართველოს პირველი მერცხალი გახდა.

და კლუბი?ცოტა თავხედურიცაა დავწერო ბასიანზე, სადაც არ ვყოფილვარ და გადმოცემით ვიცი. მაგრამ რადგანაც იმ ქალაქში ვცხოვრობ, რომელიც კლუბების ხარისხით და რაოდენობით დაჩაგრული ნამდვილად არაა და რომელსაც ბასიანი დასაწყისში ბაძავდა და ახლა მგონი გაასწრო კიდევაც და რადგანაც ცოტა მიფიქრია ამ თემაზე, ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. 

პირველ რიგში, კლუბი საზოგადო სივრცეა (სწორად ის სივრცე, რომელიც ასე ძნელად ყალიბდება საქართველოში). სოციალური სივრცე, სადაც ერთად იყრის თავს სრულიად განსვავებული ხალხი, სხვადასხვა გაგების და მსოფლმხედველობის ადამიანი, ჰეტერო და გეი, ნეოლიბერალი და ანარქისტი, ძველი ბიჭი და ჰიპსტერი, მორწმუნე და ათეისტი. რაც მთავარია თავს იყრის არა თუ უკონფლიქტოდ, არამედ პოულობს რაღაც საერთოს: მუსიკას და რიტმს. ბასიანი გახდა მის გარეთ არარსებული სივრცის მიკრომოდელი, რომელიც გვიჩვენებს, რომ შესაძლებელია ისეთი საზოგადო სივრცე, სადაც მოხერხდებოდა განსხვავებათა შეთავსება იმის გარეშე, რომ ადამიანებმა საკუთარი შეხედულება ან ცხოვრების სტილი სხვისი კარნახით შეიცვალონ ან დათმონ. იყვნენ ისინი ვინც არიან. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, მაგრამ სწორედ (პირობითად) ბასიანია დღეს თანასწორი და დემოკრატიული სივრცის მოდელი. 

რა ხდება კლუბში?კლუბი არ არის უბრალოდ სოციალური სივრცე. ეს არის სოციალური სივრცე, სადაც რაღაც ხდება (არა ის, რაც დიმიტრი ლორთქიფანიძეს ჰგონია). რა არის ეს რაღაც? ჩვენი (ყველა ადამიანის) კულტურის ნაწილია გრძნობების, ემოციების გამოხატვის აუცილებლობა. ზოგიერთი კულტურა ამისათვის სპეციალურ სივრცეებს ქმის. მაგ. ანტიკური თეატრი იყო ასეთი ადგილი, სადაც მთელი ათენური პოლისი დიონისეს დღესასწაულზე იკრიბებოდა  და “შიშითა და თანაგრძნობით” ადევნებდა თვალყურს სამ ტრაგედიას და ერთ კომედიას. არისტოტელე “პოეტიკაში” გვეუბნება, რომ ტრაგედიის კულტურული მექანიზმი კათარზისია: “ემოციების გამოშვება”. შეიძლება ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ დღევანდელი კლუბები (მათ შორის თბილისურიც) სწორედ ათენის თეატრის შთამომავლები არიან. იქ სიარული  - პირდაპირი მნიშვნელობით, ყოვლეგვარი გადატანის გარეშე - კათარტულია. ვისაც კათარზისი განუცდია (კათარზისი არაა პირდაპირ კავშირში ნარკოტიკებთან, თუმცა ნარკოტიკმა შესაძლოა ეს ეფექტი კიდევ უფრო გააძლიეროს) იცის, რომ ესაა მარტივად რომ ვთქვა, ბედნიერების განცდა: სიცოცხლის და მთელ სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება, როცა გიყვარს ყველა და ყველაფერი შენს გარშემო. 

ბედნიერების შეგრძნება ყველგან არ მოიპოვება, ზოგი ადგილი ახერხებს მის გამომუშავებას ზოგი არა და ამისი ზუსტი ქიმია არავინ იცის. ფაქტია, რომ ბერლინში მთელი მსოფლიო სწორედ ამისთვის ჩამოდის  და ახლა თბილისშიც დაიწყო ჩამოსვლა. ვერც იმის გარანტიას მოგცემთ, რომ ბასიანშიმისული ყველა ადამიანი კათარზისს განიცდის და ცოტა ხნით ბედნიერი გახდება, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ ჯადოქრულ რეცეპტს თბილისის რამდენიმე კლუბმა მიაგნო. ამიტომაც ჩამოდის ხალხი თბილისში, იმ რაღაც უცნაური განცდისათვის, რომელიც თბილისში გაჩნდა და რომელზეც, გადმოცემით ვიცოდით, ვთქვათ, ბოლშევიკებამდელი თბილისიდან. კიდევ ერთხელ გაგიკვირდებათ, მაგრამ ბასიანი დღეს ისეთივე კულტურული მემკვიდრეობაა (ოღონდ ცოცხალი), როგორც ვთქვათ, მეტეხის ეკლესია. ისაა ქართული კულტურის სახე, ოღონდ ცოცხალი კულტურის და არა დაკონსერვებულის. აბა “ჩუნგა-ჩანგას” მოსასმენად არა მგონია ვინმემ მოინდომოს საქართველოში ჩამოსვლა. 

რატომ დადის ხალხი კლუბში? კათარზისი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, გათავისუფლებაა -  არისტოტელეს მიხედვით ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება (მაგალითად შიშისგან, რომელიც პირველ რიგში სიკვდილის შიშია). თანამედროვე სამყაროზე და გლობალიზაციაზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ, მაგრამ თანამედროვე ადამიანს ნეგატიური ემოციები რომ არ აკლია, მოგეხსენებათ. განსაკუთრებით საქართველოში. სადაც სიღარიბე და სიღატაკე ყოველ ნაბიჯზე გვხვდება და სამწუხაროდ ისე ხდება, რომ ვცდილობთ მას თვალი ავარიდოთ ხოლმე. პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ჩვენს წინაშეა გრძელია: დაწყებული ტოტალური უმუშევრობით, უიმედობით, უსახსრობით, ელემენტარული საჭიროების არარსებობით. ელემენტარული საჭიროება მარტო პური და წყალი კი არაა, საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებაცაა (მაგ. ხელოვნება, სპორტი, დასვენება, რომელზეც უმრავლესობას ხელი უბრალოდ არ მიუწვდება თუნდაც იმიტომ, რომ  ეს ინფრასტრუქტურა მიზანმიმართულად განადგურდა, გაიყიდა და ჩანაცვლდა “ მსუყე და იაფი ფულის მომტანი კორპუსებით) და რომელსაც ჩვენს თანამემამულეთა დიდი ნაწილი სხვადასხვა ფორმის ნარკოტიკებით უმკლავდება (თუ მარქსის არ იყოს და რელიგიასაც ნარკოტიკში მივათვლით). მარქსი რელიგიას “სახალხო ოპიუმს” იმიტომ კი არ ამბობდა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინა მორწმუნეთა გრძნობებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეჩვენებინა: ადამიანი კი არ ებრძვის მის წინაშე მდგომ პრობლემას, არამედ მისგან გაქცევას ცდილობს, ლოცვაში იქნება თუ თრიაქში. 

გაგვიჭირდება დავადანაშაულოთ ადამიანი, რომლებიც რეალობისგან გაქცევას არჩევენ მის შეცვლას. ეს უფრო მარტივი გზაა. განსაკუთრებით გაგვიჭირდება იმიტომ, რომ ამ რეალობის შესაცვლელად ჩვენც ბევრს არაფერს ვაკეთებთ. სამაგიეროდ ამ რეალობით ხელის მოთბობას ახერხებს რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც პერიოდულად “ზემოთ” მოექცევა ხოლმე, იქ, რასაც ჩვენთან ჯერ კიდევ საბჭოთა, არადემოკრატიული ტრადიციით “ხელისუფლებას” ეძახიან. რადგანაც სსრკ-ს შემდეგ მართვის ერთპარტიული სისტემა დღემდე შეუცვლელი დარჩა, ისე ხდება, რომ ადრე თუ გვიან “ხელისუფლება” თვითშენარჩუნების რეჟიმზე გადადის. (სწორედ ამას ქვია სისტემა, ძალაუფლებრივი მექანიზმი, რომელიც თავის თავს ავტომატურად თავიდან აწარმოებს). თვითშენარჩუნების მექანიზმი პირდაპირ გულისხმობს რეპრესიებს და ალტერნატიული კერების ჩახშობის აუცილებლობას (ეს სისტემური ლოგიკაა: ჩაახშოს ყველაფერი ანტისისტემური).

საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ნარკოტიკები სისტემის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო. 1980-იანი წლების თბილისზე არსებობს რუსულენოვანი ქართველი მწერლის, მიშა გიგოლაშვილის რომანი “ეშმაკის ბორბალი”, ალბათ ერთადერთი წიგნი, რომელშიც იმ ეპოქის ეს მხარე ფაქტიურად დოკუმენტურადაა აღწერილი. ვერცერთმა პოსტსაბჭოთა მთავრობამ ვერ მოახერხა ნარკოტიკებზე,როგორც ახალგაზრდების კონტროლის და მათი რეპრესიების ინსტრუმენტზე უარის თქმა. “ჩადება”-ს რომ თავი დავანებოთ, ქუჩაში გაჩერება და მკლავების გასინჯვა არის სიგნალი: მე, სახელმწიფო, გიყურებ და გაკონტროლებ, ფრთხილად იყავი და დამემორჩილე! 

სწორედ ამიტომ ხდება, რომ ნარკოტიკები, ასევე სრულიად მოულოდნელად, იძენს თავისუფლების, ანტისისტემურობის, მოძალადე სახელმწიფოსთან დაპირისპირების სიმბოლოს მნიშვნელობას. 

თავისუფლება და თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებებია, რომელიც, რაც არ უნდა ჩაახშო, რაიმე ფორმას მაინც იპოვნის. ის, რომ ეს ფორმა ნარკოტიკებიცაა, ჩვენი ბრალია. ჩვენი ბრალია იმიტომ, რომ ვერ დავანგრიეთ რეპრესიული სისტემა და ვერ შევქმენით თანასწორი საზოგადოება, რომელიც ყველას (განურჩევლად ყველას) მისცემდა საკუთარი თავის გამოხატვის იმ საშუალებას, რომელიც მაინცა და მაინც რეალობისგან გაქცევას არ გახდიდა აუცილებელს. 

ასე მხოლოდ საქართველოში არ ყოფილა. 1960-იანი წლების ბოლოს დასავლეთ ევროპაშიც და სხვაგანაც აგორდა პროტესტის უზარმაზარი ტალღა, რომელმაც მიმართული იყო უსამართლო, უთანასწორო, იერარქიული, მჩაგვრელი სისტემის წინააღმდეგ. მოძრაობა, რომელიც ისტორიაში 1968 წლის რევოლუციების (ან გნებავთ ჯანყების) სახელით შევიდა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური იყო, მოკლევადიან პოლიტიკურ ცვლილებებს ვერ მიაღწია. სამაგიეროდ ფაქტიურად მთლიანად შეცვალა ჯერ დასავლეთი და მერე აღმოსავლეთ ევროპის ყოფითი კულტურა. 

არ დაგჭირდებათ იმის თქმა, რომ ამ მოძრაობის ერთ-ერთი (მართალია ბევრად უფრო გვიან, 1977 წელს იან დიურის მიერ შექმნილი, მაგრამ სულისკვეთებად იქამდეც არსებული) ფორმულა იყო სექსი, ნარკოტიკები და როკენ-როლი. “ქართული მარშის” ზოგიერთ წარმომადგენელს გიტარის დანახვაზე შეიძლება მარტო “ჩუნგა-ჩანგა” არ გაახსენდეს და ვთქვათ, ჯიმ მორისონის პლაკატიც ნანახი ჰქონდეს სადმე. აი ეს იყო თაობა, რომელიც “ტრადიციული ფასეულობების” წინააღმდეგ იბრძოდა არა (ან არა მარტო) პოლიტიკით, არამედ მუსიკით და ცხოვრების ახალი, თავისუფალი სტილით. ცხოვრების ამ სტილში   - მათ შორის თავისუფალ, ემანსიპირებულ სექსუალობაში, რომელიც გულისხმობდა, რომ სექსიც არის ადამიანის თვითგამოხატვის ერთ-ერთი სრულიად ლეგიტიმური ფორმა - ნარკოტიკები მთავარი არ ყოფილა. მთავარი იყო ადამიანის დაუოკებელი წყურვილი იყოს თავისუფალი და თვითონ იყოს საკუთარი ბედის (თუ უბედურების) მჭედელი. ამ მოძრაობამ, თუ პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლები ვერ შეარყია, ის მაინც მოახერხა, რომ სამყაროს ერთი ნაწილი მაინც უფრო თანასწორი გახდა . თავისუფლება გადამდებიცაა და ჩემი თავისუფლება (თუ თავისუფლებას არ დავუძახებთ “ყველაფერი ნებადართულიას”) შენს თავისუფლებასაც ნიშნავს. ის გადამდები და ინკლუზიურია და გულისხმობს, რომ თავისუფლება ან ყველას აქვს, ან არავის, იმიტომ რომ მე ვერ ვიქნები თავისუფალი, შენ თუ მონა ხარ.

იმედი მაქვს, რომ საქართველოში დღეს იგივე ხდება. რომ მოვიდა, როგორც იქნა, თაობა, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების სტილი და შეუძლია საკუთარი მსოფლმხედველობა, რომელიც შეიძლება არ იყოს პოლიტიკური, მაგრამ სინამდვილეში ბევრად უფრო პოლიტიკურია, ვიდრე ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობის კლიშეებიდან ჩამოსხმული (თუმცა გულწრფელი) მოწოდებები, წარმოადგენს ყველაზე დიდ საშიშროებას სისტემისათვის. იმიტომ რომ სწორად ახალმა ტალღამ, ახალმა მსოფლხმედველობამ, ცხოვრების ახალმა სტილმა ერთი ხელის მოსმით დაამსხვრიოს ყველაფერი ის, რაც აქამდე ვერ მოახერხა ვერცერთმა პოლიტიკურმა პროტესტმა. (ამაზე გივი მაგველაშვილს აქვს დაწერილი შესანიშნავი რომანი “მუცალი). ესაა ბასიანის ისტორია, რომელსაც ვერ მოიგებს ვერც ხელისუფლება, ვერც შავრაზმელები. ბასიანის ბრძოლა გამარჯვების ბრძოლაა. საქართველოში კულტურული რევოლუცია დაიწყო. 

P.S.: ის რაც დღეს საქართველოში ხდება, ახალი მამათა და შვილთა ბრძოლაა. ბოლომამათადაშვილთაბრძოლასსაქართველოში1870-იანწლებშიიყოდათანამედროვესაქართველოშვილების” მემკვიდრეობაზედგასსაქართველოსპრობლემაყოველთვისიყოკონსერვატიულობადაახლისმიუღებლობამაგრამესახალიიყოყოველთვისაუცილებელიდასასიკეთო.
ეხლავიღაცგამოხტებადაიტყვისისშვილებიილიადააკაკიიყვნენოდაიმათგასაგონადვიტყვიროგორიმამებიცთქვენახართდღედაღამემადლობასუნდაიხდიდეთრომასეთუბადრუკებსასეთილაღიშვილებიგყავთილია და აკაკი დღეს რომ ცოცხლები იყვნენ, გუშინ ნახავდით 9 აპრილის მონუმენტის თავზე შემომხტრებს და DJ VRIL-ის დაკრულ მუსიკაზე მოცეკვავეებს. 

ფოტოკრედიტები: 1.http://batumelebi.netgazeti.ge/news/135544/ 2. http://www.ipress.ge/new/110646-basianshi-specrazmi-shevida-shss-sagamodziebo-moqmedebebs-atarebs 3. https://rdln.wordpress.com/2014/06/13/france-may-june-1968-the-glimmer-of-revolution/ 

No comments:

Post a Comment