Friday 8 January 2010

La bella georgiana (დისკურსი და სიუჟეტი)




"გალიაში ჩასასმელად მინდიხარ!"

ქართული სიმღერა 


დისკურსი და სიუჟეტი 

მოდი ვნახოთ დისკურსი. რას გვეუბნება ქართული ლიტერატურული დისკურსი ქალის შესახებ? ქართული ლიტერატურული დისკურსის შიგნით ქალის ორ დისკურსს განვასხვავებ: ერთის მხრივ ის, თუ როგორ საუბრობს ან წერს ქართველი ქალი თავის თავზე. ეს კი არცთუ ისე ხშირი მოვლენაა და სწორედ ამიტომ ამ მოვლენაზე მსურს ყურადღების შეჩერება. მეორეს მხრივ კი ის, თუ რა ითქმის ან იწერება ქართველი ქალის შესახებ. ამის მაგალითები კი იცოცხლეთ და მრავლად გვაქვს.

მოდი ვნახოთ სიუჟეტი, ანუ გარკვეულ ფიგურათა მოქმედება წარმოდგენილ სივრცესა და დროში. სიუჟეტის ასეთი ცნება შეიძლება სოციალური რეალობის აღსაწერადაც გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში სიუჟეტი შეიძლება იმ ინსტრუმენტად გამოგვადგეს, რომელიც თავისი ბუნებით ჰეტეროგენულ მოვლენებს, მაგალითად, სოციუმის წევრის ბიოგრაფიას, ერთ მთლიანობად კრავს და აზრს ანიჭებს. ასეთ სიუჟეტს შეიძლება ბიოგრაფიული სიუჟეტი დავარქვათ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბიოგრაფიული სიუჟეტი გვაქვს (ან შეიძლება გვქონდეს), მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენი ცხოვრების სიუჟეტი წარიმართოს სხვა, უკვე დაწერილი სიუჟეტის კვალდაკვალ, ანუ ჩვენი ბიოგრაფია სხვის მიერ იყოს წინასწარ დაწერილი. შეიძლება ამ სხვა სიუჟეტებს `მეტასიუჟეტები~ დავარქვათ (ანალოგიურად ჟან-ფრანსუა ლიოტარის მეტანარატივებისა), რომელთაც გარკვეული სოციუმის წევრები თავიანთ სიუჟეტებში იმეორებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მეტასიუჟეტი ინვარიანტული სიუჟეტი იქნება, სოციუმის წევრების სიუჟეტები კი ვარიანტები. თუ ამ აზრს გავყვებით, შეგვეძლება ვთქვათ, რომ არსებობს ქართული მეტასიუჟეტი, ან, ჩვენს თემას რომ მივუახლოვდეთ, ქართველი ქალის მეტასიუჟეტი.

და როგორია ეს მეტასიუჟეტიო, იკითხავს მკითხველი. ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ყველაზე კარგი იქნებოდა გავმგზავრებულიყავით ქალაქ ერევანში, იქ კი მოგვეკითხა ჩვენი ყოფილი თანამემამულის, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი. ქართველი ქალის სიუჟეტის ყველაზე ლაკონური განმარტება იქ დაგვხვდება. ამ მუზეუმში ინახება ინსტალაცია სახელწოდებით `ქართველი ქალი~, რომელიც წარმოადგენს ქალის ცალ ფეხსაცმელს, მოთავსებულს ერთ უბრალო ჩიტის გალიაში, ახლაც მშვენივრად რომ გამოიყურება, თავვის დროზე კი საერთოდ მოდი სავანგარდში იქნებოდა. 


სიუჟეტური გალია და დისკურსის პოლიცია 

სერგო ფარაჯანოვის ინსტალაციის მეტაფორა, ერთის მხრივ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მსი ბინადარი თავისუფალი არ არის, მეორეს მხრივ კი მისი პერსონაჟის დეკორატიულ ფუნქციაზე. ამ მეტაფორის ორივე ასპექტი ერთმანეთზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვანია ქართველი ქალის სიუჟეტის გააზრებისათვის. მოდით, ჯერ ვიკითხოთ, რას ნიშნავს ეს დეკორატიული ფუნქცია და რა გალიაა ის გალია, რომელშიც ქართველი ქალია გამომწყვდეული, რა კავშირი აქვს ამ გალიას დისკურსთან და მეტასიუჟეტთან. 
ფარაჯანოვის გალიაში, ისევე, როგორც მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის დისკურსში, ქალს თავისთავადი ღირებულება არ გააჩნია, დეკორაციულია და მხოლოდ იმდენად აქვს `ფასი~, რამდენადაც მამაკაცის პრესტიჟის გამომხატველია სოციალურ ველში. მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, ქალი უმეტესწილად კაცებს შორის `საქმის გარჩევის~ მიზეზია და მხოლოდ იმდენად აქვს საკუთარი ფასეულობა, რამდენადაც კაცის ღირსებაზეა მიბმული (`გამზრდელი~ ან `გლახის ნაამბობი~). კაცის ღირსებაზე მიბმა კი ლოგიკურად მოითხოვს კაცის მიერ ქალზე კონტროლის დაწესებას. ამ კონტროლის ასევე ლოგიკური გაგრძელება და მისი ულტიმატიური ფორმა კი ჰარამხანაა, რომლის ნაირსახეობასაც, აკა მორჩილაძის ერთი რომანის პერსონაჟის თქმის არ იყოს, ახლა უკვე დაჟანგებული გალია წარმოადგენს. მაშ თუ `გალია~ ქალზე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს, ბარემ ისიც ვიკითხოთ, თუ რა საშუალებებით ხორციელდება ეს კონტროლი, პირდაპირი მნიშვნელობით ქალის ჰარამხანაში გამოკეტვის გარეშე. ქალზე კონტროლის ამგვარი საშუალება დისკურსია. საუბარი იმ დისკურსზეა, რომელიც იჩემებს ჭეშმარიტების ცოდნას და ადგენს იმას, რა არის კარგი და რა _ ცუდი. `ქალაქელი ხალხი ვართ~, ამბობს გიო, პერსონაჟი აკა მორჩილაძის რომანისა `მოგზაურობა ყარაბაღში~, `ვიცით, ცუდი რა არის და კარგი რა არის, კარგი ყველაფერი ჩვენთანაა, ცუდი ჩვენგან შორს~. გარდა ამისა, ეს დისკურსი აყალიბებს `წესებს და კანონებს~, მთავარი კი, როგორც გიო ამბობს, `თურმე წესებია~, რომლებსაც `პირდაუბანელ თბილის-ქალაქში სოციალური სივრცის ბინადარი უნდა დაემორჩილოს. ამ დისკურსს ნორმატიული დისკურსი შეგვიძლია ვუწოდოთ.

ნორმატიულ დისკურსს სოციალურ ველში შესასვლელი და გამოსასვლელი საკონტროლო გამშვები პუნქტის ფუნქცია აკისრია. აკა მორჩილაძის რომანში `მოგზაურობა ყარაბაღში~ ნორმატიული დისკურსი, რომლის წარმომადგენლების როლში გიოს მამა, თენგიზ მიქატაძე და გიოს `საძმო~ გამოდის, გიოს მის შეყვარებულთან, იანასთან ურთიერთობას უშლის იანას სოციალური სტატუსის გამო. `თენგიზი არ მოგაყვანინებს~, ეუბნება გიოს დედინაცვალი. `ჩვენებურად მართლებიც იყვნენ~ _ ამბობს გიო _ `მათთვის ბოზი იყო იანა~. იანა არ შეესაბამება ნორმატიული დისკურსის წარმოდგენას იმ ქალის შესახებ, რომელიც შეიძლება ოჯახის სივრცეში მოექცეს და `შენი შვილების დედა~ გახდეს. მეზალიანსი გიოს სოციალურ ღირებულებას ამცირებს.

ნორმატიული დისკურსი ქალზე კონტროლს მეტასიუჟეტის შექმნით ახერხებს.

სწორედ ნორმატიული დისკურსი გვიამბობს ქალის როლის შესახებ სოციალურ ველში. ოჯახი, ნორმატიული დისკურსის თანახმად, ის სივრცეა, სადაც ქალის სიუჟეტი უნდა თამაშდებოდეს. ოჯახს გარეთ დარჩენილი ქალი სოციალური მარგინალის სტატუსს იძენს. ასეთი მარგინალიზაციის ფორმები მრავალგვარია (ერთ პოლუსზე შინაბერა დგას, მეორეზე `ბოზი~, ორივე სოციალური როლი რეპროდუქტიულ ფუნქციას უარყოფს). დეტალურ განხილვას არ შევუდგები, მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ოჯახს გარეთ დარჩენა ამგვარი მარგინალიზაციის კონსტანტაა. ქალის სიუჟეტის სხვადასხვა გაჩერებები კარგად ჩანს ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში `ქეთო გალოთებულა~, სადაც ქეთოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს სხვადასხვა პერსონაჟები აფასებენ. ქეთოსადმი დამოკიდებულება იწყება აღფრთოვანებით და პატივისცემით, და მთავრდება გალოთებული ქეთოსადმი დამოკიდებულებით: `ერთი ქეთოს დედაც!~. ქეთოს სოციალური დევალვაცია ოჯახური სივრციდან ამოვარდნით იწყება. ქეთო ჯერ ქმარს გაეყრება, მერე `ვიღაცას~ გადაეყრება, მერე კი გალოთდება. ქეთო სოციალური სივრცის ზღვარზე ექცევა და მისი სოციალური კაპიტალი ნოლს აღწევს. ალბათ ნიშანდობლივია, რომ ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში ქეთოს დისკურსი არ ისმის. ქეთო საერთოდ არ ლაპარაკობს, სხვები ლაპარაკობენ მასზე და ანიჭებენ გარკვეულ როლს საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში სწორედ ნორმატიულ დისკურსს აქვს ქალისათვის ადგილის მიჩენის უდავო პრივილეგია.

ქალის დისკურსი აკა მორჩილაძის რომანში, ისევე, როგორც ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში, თითქმის არ ისმის. `იანა ჩუმი იყო~ _ ამბობს გიო _ `ისე გადიოდა ოთახიდან ოთახში, ხმას ვერ გაიგებდი~. მამის დომინანტური როლი კი სწორედ ნორმატიული დისკურსის დომინანტურობაზე მიგვანიშნებს, რომელსაც ვერც გიო, ვერც იანა საკუთარ დისკურსს ვერ უპირისპირებენ. სიჩუმე იმ რესიგნაციის მანიშნებელია, რომელიც ნორმატიული დისკურსის წინაშე განიცდება. რომანის ბოლოს გიოც იანასავით ჩუმი ხდება, მისი ხმა კვდება.

ნორმატიული დისკურსი ქმნის არამარტო ქალის მოდელს, ანუ მისი სიუჟეტის ინვარიანტს, არამედ აყალიბებს იმ წესებსა და კანონებსაც, რომელსაც ქალი თავისი ცხოვრების გზაზე (თავის სიუჟეტში) უნდა ემორჩილებოდეს, რათა ინვარიანტულ სიუჟეტში ჩადებული პროგრამა შეასრულოს.

დისკურსის მიერ კალაპოტში მოქცეული სიუჟეტი ქვავდება ან ბრინჯაოში ისხმება. ძეგლებს ვგულისხმობ, ძეგლი კი მოგეხსენებათ სოციალური პრესტიჟის ერთ-ერთი უმაღლესი გამოხატულებაა. ქართველები ქალს თუ ძეგლს უდგამენ, ეს უმეტესწილად, დედის ძეგლია. ასეთი ძეგლები გვეუბნება, რომ ქართველი ქალის სიუჟეტის უკანასკნელი წერტილი, მისი კულმინაცია და ტელოსი დედობაა. ქართველმა ქალმა ძეგლი რომ დაიმსახუროს, დედა უნდა იყოს. დედის ძეგლი კი იმ ჩარჩოებზე მიგვითითებს, რომელიც ქართველი ქალის რეალიზაციისთვის არსებობს. ამ ჩარჩოს კი ქართველი ქალისათვის ოჯახი ქმნის.

ნორმატიულ დისკურსს მაკონტროლებელ ფუნქციასთან ერთად სხვა ფუნქციაც აქვს. იგი თავისი ექსკლუზიურობის შენარჩუნებაზეც ზრუნავს და არ ითმენს მის გვერდით სხვა დისკურსების არსებობას. 
* * *

ახლა ისიც ვიკითხოთ, რატომ სურს ნორმატიულ დისკურსს წესების დადგენა და მერე ამ წესების შესრულებაზე ზრუნვა? `თქვენ და ჩვენ~ _ ამბობს ამ დისკურსის პოლიციის1 ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, სკოლის დირექტორი ქეთი ნიჟარაძის რომანში `ავტოპორტრეტი~ (`მშობლები და მასწავლებლები~ ზ. ა.). 

`უნდა ვებრძოლოთ მათ (ბავშვების _ ზ. ა.) ადრე გამოვლენილ გრძნობებს. ეს ძალზე სახიფათოა. სწორედ ამ ადრე გამოვლენილი გრძნობების გამო, რომელიც აუცილებლად სხვა, ცუდ ძალაში გადაიზრდება და იფეთქებს და ეს აფეთქება ყოველდღე, ყოველ წამს არის მოსალოდნელი; სწორედ ამის გამო უნდა დავირაზმოთ, ხელჩართული ბრძოლა უნდა გავუმართოთ მათ და ჩვენს გადაგვარებას. ნუ შეგვრცხვება მათი თვალთვალი!~ 
ამ ტირადას ორი მიმართულება აქვს, დისკურსის პოლიციას კი ორი ფუნქცია. ერთის მხრივ, დისკურსიული პოლიცია ზრუნავს იმაზე, რომ სოციუმის წევრის სიტყვა და საქმე იმ წესების შესაბამისად ხორციელდებოდეს, რომელსაც ნორმატიული დისკურსი ადგენს, რაც ქალის შემთხვევაში ნიშნავს, რომ მან უნდა შეასრულოს თავისი ტელოსი, ანუ რეპროდუქტიული ფუნქცია ოჯახის შიგნით, მოზარდი გოგონა გახდეს კდემამოსილი, მანდილოსანი და დედა, სწორედ ისეთი, როგორიც სადღეგრძელოს გმირია. ლანას ბიძის სადღეგრძელო ამგვარი სიუჟეტის დაწერის ცდაა. `ლანა, შენ დღეს ცამეტი წლის გახდი. შენ უკვე დიდი გოგონა ხარ. შენ იცი, როგორ ასახელებ მშობლებს კარგი სწავლით [...], კარგი ქალობით. დაე, მუდამ ვამაყობდეთ შენით. ხომ იცი, მთავარია სწავლა და...~ ეს სიამაყე სწორედ `სამაგალითო~ ქალს გაგვახსენებს. დისკურსის იმპლიკაციაა: შენ ასეთი უნდა გახდე, ჩვენ რომ შენით ვიამაყოთ.

მეორეს მხრივ, დისკურსის პოლიცია ხედავს `ტერორისტულ~ პოტენციალს, რომელიც ამ გრძნობებიდან გამომდინარე ალტერნატიულმა დისკურსმა და სიუჟეტმა შეიძლება შვას და რომელსაც ჰომეოსტატიური სოციუმის დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. ჰომეოსტატიური საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ერთხელ დამკვიდრებული და დაკანონებული წესების შენარჩუნებაში ხედავს თავისი არსებობის გაგრძელების ერთადერთ საშუალებას. ამ წესების შეცვლას ასეთი საზოგადოება `გადაგვარებად~ ან სულაც დაღუპვად აღიქვამს და ამ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული მდგომარეობის შენარჩუნების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქტივობაზე რეპრესიებით რეაგირებს. ასეთი სოციუმის ლეგიტიმაციის წყარო, როგორც წესი, ტრადიციაა, რომელიც მას მეტაფიზიკურ პირველსაწყისთან აკავშირებს. 

ნორმატიული დისკურსის ლეგიტიმაცია

ვნახოთ, რაში მდგომარეობს ნორმატიული დისკურსის ძლევამოსილების და მისი ლეგიტიმურობის საიდუმლო. რატომ ხდება ისე, რომ დისკურსს შეუძლია დაადგინოს ნორმები, ისაუბროს იმაზე, რა არის ჭეშმარიტი და რა _ მცდარი, რა არის კარგი და რა _ ცუდი. ცოტა ხნით ისევ აკა მორჩილაძის რომანს დავუბრუნდეთ. გიო ყარაბაღელ მხატვარ ვალერასთან წიგნს გადააწყდება. `სამად სამი სიტყვა დამამახსოვრდა~, ამბობს გიო: `ევასაც ასტუაწ, ქართულად: ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ~. ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ მოხვდა ეს ეპიზოდი რომანში, რა კავშირშია ის დანარჩენ მოქმედებასთან ან რატომ დაამახსოვრდა გიოს მაინცდამაინც ეს სიტყვები. ამ მოჩვენებითი შემთხვევითობის უკან კი დისკურსის ლოგიკა იმალება, უფრო სწორად იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც ჭეშმარიტებას იჩემებენ. აკა მორჩილაძის რომანის პერსონაჟი საკმაოდ შეფარულად, იმპლიციტურად და შეიძლება ქვეცნობიერადაც კი ნორმატიულ პრინციპს, ზოგადად `არქეს~ პრინციპს, მეტაფიზიკურ ინსტანციას უკავშირებს. `რა გინდა, რომ ქნა~, _ ჩივის გიო, _ `სხვები წყვეტენ შენს ბედს. ის კი, რაც გიყვარს, უნდა დაივიწყო და ამოიგდო~.

როგორც ვხედავთ, ლიტერატურული დისკურსი სიუჟეტის წინასწარ დაწერილობას მეტაფიზიკურ ინსტანციას უკავშირებს, ხოლო ამ მეტაფიზიკური ინსტანციის წარმომადგენლობას სეკულარულ სამყაროში სოციუმის სხვადასხვა ნორმატიული ინსტიტუტები: ოჯახი, სკოლა, საძმო და მისთანანი იჩემებენ. ეს კავშირი მეტაფიზიკურ ინსტანციასთან არის ნორმატიული დისკურსის ლეგიტიმაციის წყარო. სწორედ ამ ლეგიტიმაციის წყალობით წერს ნორმატიული დისკურსი იმ მეტასიუჟეტს, რომელიც სოციუმის წევრებმა თავიანთ სიუჟეტებში უნდა განახორციელონ. სწორედ ამ ლეგიტიმაციის წყალობით თამაშობენ ის ინსტიტუტები, რომელთაც ნორმატიული დისკურსი უპყრიათ, დისკურსიული და სიუჟეტური პოლიციის როლს და ზრუნავენ იმაზე, რომ მეტასიუჟეტის პერსონაჟები მეტასიუჟეტის ფარგლებში დარჩნენ და დაწერილ სიუჟეტს თავი არ დააღწიონ, როგორც, ვთქვათ, ვუდი ალენის ფილმში `ქაიროს მეწამული ვარდი~ ან გივი მარგველაშვილის რომანში `მუცალი~ ხდება. 

* * *

ამ `არქეს~ პრინციპთან დაკავშირებული ნორმატიული დისკურსი ჩურჩულით მაშინ ისმის, როდესაც ლანა უზნაძე, ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტის~ პერსონაჟი, ბედისწერაზე საუბრობს. `როდესაც წერას ჰყევხარ ატანილი~, _ ეუბნება ლანა ნიკას, თავის შეყვარებულს, _ `ისევ მას უნდა დანებდე, რამეთუ ყოველ ადამიანს თავისი ბედი უწერია~. `წერა~, რომელსაც ატანილი ჰყევხარ, ის, რომ ყველაფერი წინასწარაა დაწერილი, სწორედ დისკურსის და სიუჟეტის კავშირზე მიგვითითებს. ქეთის, როგორც ქართველი ქალის, როგორც ადამიანის `ბედი~ მეტასიუჟეტის მიერაა დეტერმინირებული, ამ `ბედთან~ დაპირისპირება კი მეტაფიზიკურ საწყისთან ბრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. `ჰოდა, რაც მეწერა, მოხდა~, _ ამბობს ლანა, მაგრამ რომანში საინტერესო სწორედ ის არის, რომ ლანა `დაწერილის~ რევიზიის შესაძლებლობას იძენს. მას აქვს `სვლის დაბრუნების~, `გადათამაშების~ შესაძლებლობა. ეს გადათამაშების შესაძლებლობა (თუნდაც ლიტერატურის სივრცეში) პოსტმოდერნული ლიტერატურის შესაძლოა უტოპიური პროექტია. ლანას თამაში `დაწერილს~ და `გადაწერილს~ შორის კი ამ პროექტის ნაწილია. 


ახალი სიუჟეტის ძიებაში 

როგორც ითქვა, ნორმატიული დისკურსი ადგენს როლებს, რომელიც ქართველმა ქალმა (და კაცმაც) უნდა ითამაშოს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. სიტყვა თამაშს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, და თანამედროვე ლიტერატურულ დისკურსში თამაში სწორედ სიყალბის კონოტაციას იძენს. როლები, რომლებიც წინასწარაა დაწერილი, ყალბად აღიქმება და პროტესტის გრძნობას ბადებს. არჩილ ქიქოძის `კარნავალის~ პერსონაჟი გოგონა თავს იმ გალიაში გრძნობს გამომწყვდეულად, რომელსაც უკვე დაწერილი სიუჟეტი და დისკურსი ქმნის. ამ მოთხრობაში ოჯახი ტყუილის, კომუნიკაციის შეუძლებლობის ადგილია. `რაღაც უნდა გითხრა~, _ გულწრფელობას ცდილობს გოგონა, მაგრამ ნორმატიული დისკურსი აქაც ადგილზეა, `ვიცი~ _ პასუხობს ქმარი, _ `ჩვენ მალე ბავშვი გვეყოლება?~ `ბაბუა როდის უნდა გამხადოთ, ბაბუა?~ კითხულობს მამამთილი და ამ შეკითხვის მიღმა იკითხება ნორმა: ქალი არ ჩაითვლება სრულფასოვნად, სანამ თავის რეპროდუქციულ დანიშნულებას არ შეასრულებს. მაგრამ ამავე დროს, აქაც, ისევე როგორც აკა მორჩილაძის რომანში, იგრძნობა ჯერ კიდევ შეფარული და შენიღბული სიმპათია, თუნდაც დაქალებისა, რომლებიც `ჩუმ-ჩუმად მის ბედს შენატროდნენ~, რადგან ხედავდნენ, რომ გოგონა მეტასიუჟეტის გალიიდან გაქცევას ცდილობდა. `რევოლუციური პროექტი~-ს მიზანი გალიიდან თაAვის დაღწევა და მისი ბინადარის დეკორატიული ფუნქციის უარყოფაა. გოგონა თავისი რევოლუციური პროექტის განხორციელებას იმით შეეცდება, რომ საყვარელს გაიჩენს და ამით, როგორც თვითონ ჰგონია, ერთის მხრივ, სიყალბეს, მეორეს მხრივ, კი ოჯახის ჩარჩოებს თავს დააღწევს. მისი საყვარელი ქალაქის სამყაროს პერიფერიიდან მოსული ბიჭია, მოსული `ისეთი უბნიდან, [...] რომლის სახელიც არასოდეს გაეგონა~ და რომელიც `დედისთვის სრულიად მიუღებელია~, ვინაიდან ოჯახის სოციალურ ღირებულებას ამცირებს. გოგონას რევოლუციურ პროექტს არჩილ ქიქოძის მოთხრობაში ორი სახელი აქვს: `ხსნა~ და `შურისძიება~. შურისძიება მამისა და ქმრის ოჯახის მიმართ, რომელიც ვერ გახდა მისი, ორივე ოჯახის სოციალური ღირებულების დამცირებით, ხოლო ხსნა იმდენად, რამდენადაც ეს არის საჩუქარი, რომელსაც გოგონა საკუთარ თავს უკეთებს და ამით სიყალბისგან გათავისუფლებას ფიქრობს. `ყველაფერი ერთად აჩუქა, რაც წაართვეს, რასაც უმალავდნენ და რასაც აბრალებდნენ~.

არჩილ ქიქოძის მოთხრობაში რევოლუციური პროექტი ჰაერში რჩება გამოკიდებული. ამ რევოლუციის შესახებ არავინ არაფერი იცის. `იმასთან მე არაფერი მქონია და არც შეიძლება მქონოდა~, _ ატყუებს გოგონა მეობარს. რევოლუცია ხდება, მაგრამ დისკურსში ვერ ხვდება და ამდენად სოციალურ სივრცეში არმომხდარად ითვლება. გოგონა ერთჯერადი რევოლუციური აქტით კმაყოფილდება, ამიტომაც ეს უფრო შურისძიებაა, ვიდრე ხსნა. მაგრამ რევოლუცია მაინც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ვერ ახერხებს სიუჟეტური გალიიდან თავის დაღწევას. `თავის ლამაზ გალიაში დაბრუნებული, მიხვდა _ აღარსად წამსვლელი აღარ იყო~. არჩილ ქიქოძის მოთხრობაში ქალის ახალი სიუჟეტი ჯერ არ დაწერილა. `ეს მხოლოდ ძველი და უსაშველოდ გრძელი ამბის გაგრძელებაა. დასასრული კი ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორსაა...~ სწორედ ამ `გრძელი ამბის გაგრძელება~, ან ამ ამბის, ამ სიუჟეტის ნაწილია ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტიც~. `მიკვირს, ეს უფროსები როგორ ახერხებენ ასე ერთნაირად ლაპარაკს~, ამბობს ლანა, `ავტოპორტრეტის~ პროტაგონისტი, რომლისთვისაც `ერთნაირად ლაპარაკი~ სწორედ ნორმატიული დისკურსის უსასრულოდ რეპროდუცირებას ნიშნავს, `უფროსები~ კი დისკურსის გამტარებელი ავტორიტეტები არიან, რომლებიც ლანას მაგივრად ცდილობენ მისი სიუჟეტის დაწერას. ლანა თავიდანვე უარს ამბობს ნორმატიული დისკურსის რეპროდუცირებაზე: `მე ვერ დავწერ~, _ ამბობს ლანა, _ `იმიტომ, რომ ჩემი ნაფიქრალი და განცდილი კი არაა, ვიღაც სხვების დაკანონებული და ჩამოყალიბებულია~. ეს `ვიღაც სხვები~ სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნორმატიული დისკურსი ლანასთან მიმართებაში ჰეტერონომიულია, ლანას ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის სიუჟეტური კანონები სხვაგან იწერება.

ლანას პროტესტი არ მთავრდება ნორმატიული დისკურსის რეპროდუცირებაზე უარის თქმით. ნორმატიულ დისკურსს ლანა ორ სტრატეგიას უპირისპირებს. პირველი პროტესტი ჩუმი სოციალური პროტესტია, ისეთი, როგორიც არჩილ ქიქოძის `კარნავალში~ ვნახეთ, ხოლო მეორე კი ნორმატიული დისკურსისათვის საკუთარი დისკურსის დაპირისპირებაა. 

* * *

უკვე დაწერილი სიუჟეტის და უკვე წარმოთქმული დისკურსის გალიიდან გათავისუფლებისთვის ბრძოლას ლანა მოზარდისათვის ხელმისაწვდომი ერთადერთი იარაღით იწყებს. ამ იარაღს დაუმორჩილებლობა ჰქვია. `მოურჯულებელი ტიპი ვარ~, _ ამბობს ლანა და ამ `მოურჯულებლობით~ გამოხატავს თავის პროტესტს ნორმატიულობის მიმართ. სიტყვა ნორმალურს ლანა სიტყვა არანორმალურს უპირისპირებს და ამით საკუთარ სოციუმში უცხო ხდება. მაგრამ სიტყვებთან თამაში სახიფათო თამაშია და არანორმალურს თავისი იმპლიკაციები მოჰყვება. არანორმალურობა, სიგიჟე ორმაგი მიმართულებისაა. არანორმალურობა, ერთის მხრივ, არის დაკანონებულ და სვის მიერ ჩამოყალიბებულ დისკურსთან დაპირისპირება, მაგრამ, მეორეს მხრივ, არანორმალურობის დისკურსი ახდენს ნორმატიული დისკურსის აქტუალიზაციას, რის გამოც არანორმალურს მაინც მიენიჭება თავისი ადგილი საზოგადოებაში. ამიტომაც გაგვიჭირდება ლანას პროტესტი წავიკითხოთ როგორც გარდამავალი ასაკის პროტესტი, ისე, როგორც ამას `ნორმალური~ დისკურსის წარმომადგენელი, ლანას დეიდა აკეთებს. ლანას თოთხმეტი წლის ასაკში ფსიქიატრთან წაყვანას უპირებენ. დეიდის მკაცრი სიტყვა `это возрастое, апатия, ცოტა ხანში გაუვლის~, ერთისმხრივ ნორმალურობის დისკურსის მცდელობაა, სახელი დაარქვას მოვლენას და ამით ისიც ნორმალურად, ჩვეულებრივი სიუჟეტის იმ ნაწილად აქციოს, სადაც მოზარდის პროტესტს `ჩვეულებრივი~ ცხოვრება მოჰყვება. ნორმატიული დისკურსისათვის არანორმალურობის დისკურსის დაპირისპირება ლანას პირველი პროექტის უსუსურობაზეც მიგვანიშნებს, რადგანაც ნორმალურობის და არანორმალურობის დიხოტომია `ნორმალურობის~ დისკურსს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მაინც აძლევს გალიაში გამომწყვდევის საშუალებას.

ქეთი ნიჟარაძე და მისი პერსონაჟი ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას ახერხებენ. ლანას პროტესტი რომ მხოლოდ მოქმედებაში გამოხატულ ისოციალური პროტესტი ყოფილიყო, ვთქვათ ისეთი, როგორიც `კარნავალის~ პერსონაჟი გოგონასია, ის მისცემდა ნორმატიულ დისკურსს მისთვის სახელის დარქმევის და ამდენად ძველ სიუჟეტში დაბრუნების საშუალებას.

აქ კი ლანას მეორე სტრატეგიაზე უნდა შევჩერდეთ, რომელიც პირველის პარალელურად ხორციელდება და პირველზე გაცილებით უფრო საინტერესოა. ლანა დღიურის წერას გადაწყვეტს. სწორედ ეს იქნება მისი ცდა ნორმატიულ, ლანასთან მიმართებაში ჰეტერონომიულ დისკურსს ალტერნატიული, ავტონომიური დისკურსი დაუპირისპიროს და სხვა სიუჟეტი შექმნას, რომელიც ჯერ არ დაწერილა, მაგრამ რომლის შესაძლო ბოლოც ანტიციპირებულია დღიურის პირველსავე სტრიქონებში: `ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი~. სიყვარული, შემოქმედება და თვითმკვლელობა სწორედ ის ცარიელი სივრცეებია გალიის გისოსებს შორის, რომლის მეშვეობითაც ლანა ამ გალიიდან თავის დაღწევას და თავისი დისკურსის, თავისი ავტოპორტრეტის შექმნას შეეცდება. საკუთარი დისკურსის და საკუთარი სიუჟეტის შექმნა ცარიელ ადგილას, იქ, სადაც შენამდე არავის არაფერი უთქვამს და გაუკეთებია, რთული ამოცანაა, ამიტომაც ლანა ხშირად სხვა სიუჟეტებს მოიზომებს ხოლმე. ეს სხვა სიუჟეტები `მადამ ბოვარი~ და `ანა კარენინაა~. ორივე ქალი სიუჟეტური გალიიდან გამოსავალს ეძებს, ოღონდ სხვადასხვა გზით. ანა, ლანას აზრით, ემა ბოვარისგან განსხვავებით იმიტომ არის გმირი, `რომ ზურგი აქცია საზოგადოებას, რომელიც სავსე იყო სიყალბით, სიცრუითა და თვალთმაქცობით. ის ნამდვილი ქალი იყო, იმიტომ რომ არ შეეძლო თავისი გრძნობების დაფარვა~. ლანას ახალი სიუჟეტის პროგრამა სიყალბისგან თავის დაღწევა ხდება, სიყალბის წყარო კი, ლანას აზრით, სოციუმი და მისი ინსტიტუტებია, რომელთაც ნორმატიული დისკურსი უპყრიათ. ორივე კლასიკური რომანი პროტაგონისტთა სიკვდილით მთავრდება, სიკვდილი კი არის ის წერტილი, რომელიც ნორმატიულ დისკურსს ადამიანის ცხოვრების საბოლოო შეფასების, მის სიუჟეტურ არტახებში მოქცევის და მისთვის გარკვეული აზრის მიცემის საშუალებას აძლევს. შეიძლება ამიტომაც, ლანა, რომელიც ასევე შეეცდება თავის მოკვლას, ხელოვნების გზას ამოირჩევს. 

ლანას პროექტი შეკითხვების დასმა უფროა, ვიდრე შეკითხვებზე პასუხი. `როდესაც დედაჩემი მეუბნება, გაიმართე, კითხვის ნიშანივით ნუ ხარ მოხრილიო, მეცინება და ვპასუხობ, კითხვის ნიშანი ვარ, აბა რა ვარ-მეთქი.~ შეკითხვების დასმა ლანასთვის ნორმატიული დისკურსის დესტაბილიზაციის სტრატეგიაა. `შენ იმისთვის გაგაჩინეს~, _ ცხოვრების აზრს უხსნის ლანას დეიდამისი, _ `რომ იშრომო, გიხაროდეს სიცოცხლე და გააჩინო შენი მსგავსი, იმანაც იშრომოს და გააჩინოს თავისი მსგავსი~. ლანას ეს პასუხი იმიტომ არ აკმაყოფილებს, რომ არ აწყობს `ცხოვრების ასეთი სქემა~. ლანას თავის თავში და თავის დანიშნულებაში გარკვევა სურს. აქ კი ლანას მეორე გალია ელოდება. `დამსხვრეული სულის ნაწილების ძიება, [...] მათთან გაერთიანების სურვილი~. `იმისათვის, რათა ნორმალურად ვიცხოვრო, ვაკეთო ჩემი საქმე და მაქსიმალურად ცოტა დეპრესია მქონდეს, უნდა მივაღწიო შინაგან ჰარმონიას, რომელიც ცამეტი-თოთხმეტი წლისამ დაკარგე~. ლანაც ცდილობს, თავისი ცხოვრების ისეთი სიუჟეტი დაწეროს, რომელიც ყველაფერს ახსნის და აზრს მიანიჭებს. `რომ ღამღამობით არ გამოვეღვიძებინე რაღაც ძალას და არ მეკითხა რატომ? ... რისთვის?~ და ამით საკუთარი ცხოვრებაც ისევ ნორმატიულ დისკურსს დაუქვემდებაროს. ავტოპორტრეტი ამ შემთხვევაში მეტაფორად იქცევა, რომელიც, უცნაურია, მაგრამ გალიის მეტაფორასთან ძალიან ახლოს დგას. ავტოპორტრეტს, ისევე როგორც ავტობიოგრაფიას, ორმაგი მიმართულება აქვს. ჯერ ერთი, ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია თვითრეფლექსიურია, ანუ ვთქვათ გალიაში გამომწყვდეული თავის თავს გალიის შიგნითაც ხედავს და გალიის გარეთაც. მეორე, და უფრო საინტერესო კი ის არის, რომ, ერთის მხრივ, ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია თვითონ ქმნის იმ გალიას, რომლის ტყვედაც ავტოპორტრეტის და ავტობიოგრაფიის პერსონაჟი (და გარკვეულ, მხოლოდ გარკვეულწილად) ავტორი თავის თავს აქცევს და ამით ცდილობს გაექცეს სხვის მზერაში გაყინვას. მეორეს მხრივ, კი თავისი და სხვისი გალიიდან დაღწევის მცდელობასაც. შემოქმედება, ერთის მხრივ, როგორც ლანა ამბობს, თავისი თავის გამხელაა ამ სამყაროსათვის, ანუ მცდელობაა საკუთარი თავის დისკურსის შექმნისა, მაგრამ, მეორეს მხრივ, `შემოქმედება ალბათ გამოსავალია რაღაციდან, საკუთარი თავიდან~. საკუთარი თავიდან გამოსავალი არის სწორედ ნიცშესეული და არტოსეული პროექტი, თავი დააღწიო ნებისმიერ დისკურსს და სიუჟეტს, ისეთსაც კი რომელსაც შენ თვითონ ქმნი. ეს გზა, ლანას თქმით, არის გზა, რომელმაც შეიძლება დაგღუპოს თუ პასუხს, გამოსავალს ვერ ნახავ, [...] გამოსავალს, რომელიც დაგავიწყებს სასოწარკვეთას~. ამ გზას სოციალური სივრციდან გასვლის, მისგან საბოლოოდ გათავისუფლების გარდა მარტოობის და სასოწარკვეთის იმპლიკაციაც აქვს. ლანა შემთხვევით არ ახსენებს `ყურმოკვეთილი მხატვრის სასოწარკვეთას~. ოღონდ ლანა ამ გზასაც არ დაადგება ბოლომდე. `მე შეგნებულად გადავწყვიტე იმ ჯაჭვის გაწყვეტა~, _ ამბობს ლანა, _ `რომელსაც მარტოობა ერქვა. მე გავაჩინე შვილი [...].~ სიტყვა `შეგნებულად~ აქ შემთხვევითი არ არის. ამ სიტყვით ლანა უპირისპირდება ნორმატიულ დისკურსს, რომელშიც ქალის რეპროდუქტიული ფუნქცია თავისთავადია და რეფლექსიას არ საჭიროებს. ლანას გადაწყვეტილება, სოციალურ სივრცეში დაბრუნდეს, შეგნებულია და იგი ქალის მეტასიუჟეტის ტრადიციულ ფარგლებს მიღმა ხორციელდება. ლანა ახერხებს, მეტასიუჟეტისგან თავის დაღწევას და ნორმატიული დისკურსისთვის საკუთარი დისკურსის დაპირისპირებს, ოღონდ განიცდის იმას, რომ მისი სიუჟეტი, როგორც ნორმატიული დისკურსის მიერ დაწერილი სიუჟეტი `ჰარმონიული~ და საბოლოო აზრის მატარებელი არ არის. ამ განცდას ლანა ისევ ნორმატიულ დისკურსთან მიყავს. ლანას დღიურები მიაქვს ფსიქიატრთან, რომელმაც დღიურები უნდა წაიკითხოს და ლანას სულიერი `ჰარმონია~ დაუბრუნოს.

სხვა განხილული ტექსტებისგან განსხვავებით, ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტში~ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ ქალის დისკურსი ნორმატიულ დისკურსს თავის, ავტონომიურ დისკურსს უპირისპირებს, ოღონდ არ იჩემებს იმ პრეტენზიას, რომ თავად გახდეს ნორმატიული და ქალის ახალი მეტასიუჟეტი დაწეროს. ქეთი ნიჟარაძე თავის რომანში გენდერული საზღვრების წაშლას ახერხებს იმის გარეშე, რომ ქალს სოციალურ სივრცეში რაიმე განსაკუთრებული როლი მიუჩინოს. მისი გმირი სიუჟეტური გალიიდან გამოსავალს ხელოვნებაში ხედავს, რომელმაც გენდერული საზღვრები არ იცის და თავისი ბუნებით `უნისექსურია~. ამდენად, ქეთი ნიჟარაძე ახერხებს სოციალური სივრცის ალტერნატიული სივრცის, თავისებური `ატოპოსის~ შექმნას, რომელიც დისკურსიული და სიუჟეტური გალიიდან გათავისუფლების ადგილი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ რომანის პროტაგონისტი თვითონ ვერ ახერხებს ამ `ატოპოსში~ მოხვედრას, არამედ ის, რომ იგი ნორმატიული სიუჟეტური და დისკურსიული გალიიდან გათავისუფლების თავისებურ გზას აჩვენებს.

No comments: