Saturday 16 October 2010

"დოსტოევსკის დედაც მოვტყან!"


არის ასეთი სიტყვა: ცრურწმენა, ინგლისურად superstition გერმანულად კი aberglaube, ამაო რწმენა, იმის რწმენა, რაც არ არსებობს. ცრურწმენაა თუ გჯერა, რომ 13 რიცხვი უბედურების მომტანია, ან შავმა კატამ თუ გადაგირბინა, არასასიამოვნო რამ გადაგხდება თავს. არსებობს კიდევ ასეთი სიტყვა, prejudice, გერმანულად Vorurteil - რომელიც ნიშნავს იმას, რომ რაიმე აზრი ჩამოიყალიბე მსჯელობამდე, ანუ ლოგიკურად კი არ მისულხარ რაღაც დასკვნამდე, არამედ ეს დასკვნა მსჯელობის გარეშე მიიღე. თუ არ მეშლება, ამ prejudice-ის და Vorurteil -ის ქართული თარგმანი, უმსჯელობა, გიგი თევზაძემ შემოიღო. მგონია, რომ სიტყვა უმსჯელობას, თუმცა თარგმანი კორექტულია, ქართულში ცოტა სხვა კონოტაცია აქვს. prejudice-იცა Vorurteil-იც ადრე შუალედურ დასკვნასაც გულისხმობდა, რომელიც შემდეგი მსჯელობის შედეგად შეიძლებოდა შეცვლილიყო კიდე ვაც. ქართული სიტყვა უმსჯელობა კი ამგვარ შესაძლებლობას არ ტოვებს, ეს არის "აზრი", რომელიც არანაირ მსჯელობას არ საჭირეობს და ვერც მსჯელობის შედეგად შეიცვლება. ამ "აზრს" იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული ნებისმიერი არგუმენტის მიმართ. სწორედ ამ მნიშვნელობით უმსჯელობა საქართველოში მიღებულ აზრის გამოთქმის ფორმას მშვენივრად აღწერს. "დოსტოევსკის (დოსტოევსკის მაგივრად ნებისმიერი ვინმე ან რამე შეგიძლიათ ჩასვათ) დედა მოვტყან!" (ისე, ეს კონკრეტული ფრაზა forum.ge-დან არის აღებული), რათ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, მოვტყან და მორჩა. ეს "მოვტყან" ემოციური მუხტის მატარებელი კი არის, მაგრამ ამ ემოციის უკან დამალული აზრის არტიკულირება უჭირს. ( ხანდახან ასეც ხდება ხოლმე, რომ გინებით გამოხატული ემოციის უკან აზრიც იმალება ხოლმე). ხოდა ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენდა: საბჭოთა კავშირში პარტკომის თუ ადგილკომის თუ პროფკავშირების კრებაზე გამოდის ერთი მეეზოვე და ამბობს "как еб твою мать, так еб твою мать, а как еб твою мать - так хуй!". ცხადია, დამსწრეები ბევრს ვერაფერს გაიგებენ. ადგება მეორე მეეზოვე და კოლეგის სიტყვებს გადმოთარგმნის: "как двор подметать, так дворник Михеев, а как в загранпоездку - то бригадир!" მეც ასე შევეცდები ეხლა ერთი უმსჯელობის გადათარგმნას, რომელსაც ამას წინათ ფეისბუქში გადავაწყდი.




"თავიდან ვიფიქრე ეს წერილი ხომ არ დავიწყო წინადადებით: “შევეცი რუსულ კულტურას!”. - იწყებს ავტორი, მაგრამ ასეთ დასაწყისს მაინც სხვას ამჯობინობს, ასე ხომ ეპატაჟი გამომივიდოდაო. კი ამბობს, მაგრამ საწყისი ომახიანი შეძახილის იქით მაინც ვერ მიდის. (რუსოფობიის თემას აქ აღარ განვავრცობ, იმიტომ რომ ამაზე უკვე დავწერე, და ბევჯერ ერთი და იგივეს გამეორება მეზარება. მსურველებმა მიაკითხონ ლინკს: http://andronikashvili.blogspot.com/2010/07/blog-post.html )


არ დავიწყებ ავტორის (ცოტა უხეირო) მეტაფორების - ავტორი რუსულ-ქართულ ურთიერთობას ცოლ-ქმრის ურთიერთობას ადარებს - და არც ამ ურთიერთობების სექსუალური კონოტაციების გარჩევას. არც იმაში შევედავები ავტორს, რომ ამბობს, "მე არ მინდა ჩემმა შვილმა 15 წლის ასაკში დოსტოევსკი ორიგინალში წაიკითხოს-მეთქი". თავის შვილს ვინ როგორ გაზრდის, რა ენას ასწავლის და რა წიგნს წააკითხებს, მისი პირადი საქმეა. შევეცადოთ ჩავწვდეთ ავტორი აზრს:


"მგონია, რომ ჩემი მოსაზრება საკმარისად მარტივია: სანამ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რუსულადაც (“აც”- ხაზს ვუსვამ) საუბრობს, ან იმ დონეზე მაინც ესმის რუსული, რომ იკითხოს და ტელევიზორს თვალი ადევნოს, მანამდე, მგონი, არაფერი გვეშველება. ამას დიდი ხანია ვიმეორებ და ცხადია ბევრი კონტრ-არგუმენტი მეგებებოდა სხვადასხვა ადამიანებისგან სხვადასხვა დროს." - გვეუბნება ავტორი და ისე ამბობს "კონტ-არგუმენტები" მეგებებოდაო, თითქოს თავისი აზრის, ანუ როგორც თვითონ ამბობს მრწამსის გასამყარებლად რამე არგუმენტი მოეყვანოს. შეკითხვაზე (მაინც რატომ არ გვეშველება იქამდე სანამ რუსულადაც ვილაპარაკებთ და წავიკითხავთ) პასუხი ერთობ ორიგინალური აღმოჩნდა. ამ პასუხს ავტორი იმით იწყებს, რომ თავის მრწამსს გვიმხელს: "მივადექი მრწამსს (убеждение- ვგულისხმობ, ზოგმა რომ კარგად გაიგოს რას ვამბობ). ჩემი მრწამსია, რომ ქართველმა 18 წლის შემდეგ უნდა ისწავლოს რუსული მეორე ენად თუ ამის სურვილი ექნება ან თუ, მაინცდამაინც, დოსტოევსკის წაკითხვა მოუნდება ორიგინალში."


აქ კი გამეცინა, იმიტომ რომ ავტორის მრწამსს (ვითარცა უმსჯელობას) არგუმენტები მართალია არ სჭირდება, მაგრამ ფრიად საინტერესო კონოტაციები აქვს. მის შეკითხვაზე პასუხი სწორედ ამ კონოტაციებში იმალება. რატომ თვრამეტ წლამდე (ანუ სანამ ქართველი თვრამეტი წლისა შეიქნება)? ამ დროს ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, მართვის მოწმობას, ლეგალურად შეუძლია იყიდოს მაღაზიაში ალკოჰოლი და სიგარეტი. "რუსული კულტურა" ავტორს უფრო ამ უკანასკნელ კატეგორიაში გაჰყავს ."მოკლედ, მე […] რუსული კულტურის ფასეულობებს ვერ ვიზიარებ! " ამაყად გვეუბნება ავტორი. ავტორის "მსჯელობას" რომ დავუკვირდეთ, მივხდებით, რომ რუსული კულტურის (რომელიც გაიგივებულია რუსულ ფასეულობებთან) მავნებელი ზემოქმედების (რომლისგანაც ავტორს ასაკობრივი ცენზით განუზრახავს თავის დაცვა) მატარებელი რუსული ენა ყოფილა. (იმიტომ რომ, ავტორს არ სურს თავის შვილს დოსტოევსკი ორიგინალში წააკითხოს, მაგრამ ხომ შეიძლება უცაბედად ქართული თარგმანი ჩაუვარდეს ხელში? ისე გამოდის, რომ დოსტოევსკი, როგორც საწამლავი, მხოლოდ რუსული ენის "გამხსნელში" იხსნება, ხოლო ქართული ენა, მას ანტიდოტივით უვნებელ ჰყოფს). ეს რუსული ენა კი იმისთანა შხამიანი რამ ყოფილა (რადგანაც ის მტრის ენაა, იმ მტრის, რომელიც გვკლავდა, გვბომბავდა, ტერიტორიებს გვართმევდა და გვართმევს), რომ სანამ ამ ენაზე არა თუ ვილაპარაკებთ და წავიკითხავთ ან გავიგონებთ მაინც, იქამდე არაფერი გვეშველება. რას ნიშნავს ეს გვეშველება? ამას მკითხველი მიხვდება, თუ ჩემსავით საქმის გაკეთება დაეზარება და ავტორის წერილს ბოლომდე წაიკითხავს. ავტორის ლოგიკით, ისე გამოდის, რომ თუ რუსულს შემთხვევით სადმე გავიგონებთ, (ღმერთმა დაგვიფაროს და თუ რუსულად დავილაპარაკეთ ხომ საერთოდ) აი ეს ფასეულობები, რომელსაც არ იზიარებს ავტორი (ოღონდ არ გვეუბნება, ეს ფასეულობები რაში მდგომარეობს და მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსული კულტურა "პროზის, პოეზიის, სახვითი ხელოვნების თუტანცი-მანცისგარდა, სახელმწიფოს გვარობაც და საზოგადოების მიმართებებიცაა"), ხოდა ეს ფასეულობები, რომელსაც არ იზიარებს ავტორი და არ უნდა იზიარებდეს არცერთი ქართველი პატრიოტი, რუსულის გაგონების თანავე ჩვენს ტვინებში შეაღწევს და მომენტალურად დაიწყებს ჩვენს მოწამვლას ისე, რომ ავტორისნაირ გულანთებულ პატრიოტს შეიძლება ვერა, მაგრამ ზოგ-ზოგიერთ მერყევ ელემენტს უმალ სამშობლოს მტრად გადააქცევს (ჩამოთვლილები არიან: ბურჯანაძე (საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი), ნოღაიდელი (საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი), ორჯონიკიძე (რომელიც მეთერთემეტე არმიას შემოუძღვა საქართველოში 1921 წელს) და ორახელაშვილი (საქართველოს რევ-კომის ხელმძღვანელი იმავე 1921 წლიდან) . ხოდა ისე გამოდის, რომ რუსული ენის მომწამვლელი ზემოქმედებისაგან თუ დავიცავთ თავს, როდესაც რუსულს დავივიწყებთ და რუსულის გაგონებაზე ოროპაქსებს შევირჭობთ ყურში, მაშინ ყოფილი თანამებრძოლები ან თანამემამულეები აღარ გადაიქცევიან მოღალატეებად (თითქოს საქართველოში აქამდე სიტყვა "ღალატი" უცხო ყოფილიყოს) და "გვეშველება" (საქართველო გაბრწინდება).


აი ასე ითარგმება ფრაზა, რომლითაც ავტორს თავისი წერილის დაწყება უნდოდა (შევეცი რუსულ კულტურას!). მისი (ავტორის) ემოცია ჩემთვის გასაგებია. ოღონდ მე მაინც მგონია, რომ ჩვენი "შველა" დაიწყება მაშინ, როდესაც უმსჯელობების (რუსული ენა=რუსულ კულტურას=რუსულ ფასეულობებს=თანამედროვე რუსულ პოლიტიკურ წყობას და არის მავნე ქართველისათვის) მაგივრად არგუმენტირებულ მსჯელობას ვისწავლით და ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას (უფრო სწორად საზოგადოებრივ ცხოვრებას მაინც) არა ამ და ამდაგვარ უმსჯელობებზე არამედ კარგად აწონ-დაწონილ რაციონალურ გადაწყვეტილებებზე დავაფუძნებთ.


მე მაინც მგონია, რომ ავტორს სხვა რამის თქმა უნდოდა. შესაძლოა, მას უნდოდა ეთქვა, რომ მას არ მიაჩნია სწორად რუსული ენის პრივილეგირება საქართველოში, რომ რუსული ქართველისათვის არ უნდა იყოს განსაკუთრებული ენა, რადგანაც ჩვეულებრივი ენაა სხვა ენათა შორის და რომ თანამედროვე ქართველს ინგლისური ან ჩინური შეიძლება უფრო გამოადგეს, ვიდრე რუსული. მაგრამ ავტორს, თუ მართლა ამის თქმა უნდოდა, ასე რომ ეთქვა, ღია კარის შემტვრევა გამოუვიდოდა და ვერც ურა-პატრიოტების იაფ აპლოდისმენტებს მოისმენდა. კარგი მამაპაპური შეკურთხება არ ჯობია? ბოლო-ბოლი ხალხი გინებით ლიტერატურულ კარიერას იკეთებს. ხოდა, სოციალურს რატომ ვერ გაიკეთებს?

4 comments:

vasasi said...

ორი დღის წინ გია თორთლაძემ წამოაყენა ახალი ინიციატივა: ქუჩებს, რომლებსაც საბჭოთა დროინდელი სახელები ჰქვია, უნდა გადავარქვათ, პლუს, უნდა მოვსპოთ ყველა საბჭოთა სიმბოლიკა, რაც კი დღემდე არსებობს ქვეყანაში.
მოსპობა-განადგურება მშრალი ხიდიდან იწყება.

ამ საქმით ჩვენ საბჭოთა მენტალიტეტს აღმოვფხვრითო, - ამბობს იდეის ავტორი.


არაფერი განსაკუთრებული, ისე მოვაყოლე, უბრალოდ.. :)

Anonymous said...

ბოლო-ბოლი ხალხი გინებით ლიტერატურულ კარიერას იკეთებს

ესეც უმსჯელობას ჰგავს : )

Anonymous said...

დოსტოევსკი რატომღაც ურა პატრიოტების ყველაზე საყვარელი თემაა რატომღაც, არაერთხელ მინახია დოსტოევსკის გინება. ისე კი ერთმა ჩვენმა სახელოვანმა პოლიტიკოსმა დაახლოებით ასეთი ფრაზა წარმოთქვა: "ტარკოვსკი არ მიყვარს იმიტომ რომ ძალიან რუსი რეჟისორია."

Alexander Kartveli said...

მიდით ”იგულავეთ” ისე მაინტერესებს ასეთივე დიდი გულით ”იგულავებდით” 40-იან და 50-იან წლებში დიდ რუსეთში გერმანული კულტურის დაცვის დროშით?