Thursday 30 December 2010

რას ნიშნავს საქართველოს სინგაპურიზაცია?

საქართველოს მთავრობის წევრებს (მათ უპირობო მხარდამჭერებს) ერთი სახალისო თვისება აქვთ: თუკი სადმე რაიმე კვლევა გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოს წარმატებებზე საუბრობს, დიდი ხალისით და ენთუზიაზმით იმოწმებენ "ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს". თუკი კვლევის შედეგები მაინცა და მაინც ისეთი კარგი არ არის, მაშინ ან საერთაშორისო ორგანიზაციაა არაკომპეტენტური, ან კვლევის შედეგები არასანდო - ყოველ შემთხვევაში მიზეზი ყოველთვის გარეთაა საძებნელი და არა შიგნით. 

ასე მაგ. ჟურნალმა "ტაბულამ" ინტერვიუ ჩამოართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს. 
ჟურნალისტი ეკითხება გილაურს: მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიადვილის რეიტინგის მიხედვით, ბოლო 5 წლის მანძილზე მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა ვართ, ხოლო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური კორუფციის ბარომეტრის კვლევის მიხედვით, კორუფციის დაბალი დონით, მსოფლიო ათეულში შევდივართ. როგორ შეაფასებდით ამ კვლევათა შედეგებს?
გილაური პასუხობს: "პირველი კვლევა ძალიან კარგი სტიმულია, რომ მაქსიმალურად გავამარტივოთ რეგულაციები და უფრო მიმზიდველები გავხდეთ კერძო სექტორისთვის. გარდა ამისა, ეს არის ქვეყნის რეკლამა. ისეთი ქვეყნების გვერდით ვართ, როგორებიცაა ახალი ზელანდია, სინგაპური, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი.

შემდეგ აგრძელებს: "საერთაშორისო გამჭვირვალობა ორ კვლევას ატარებსკორუფციის აღქმის ინდექსს და გლობალური კორუფციის ბარომეტრს. პირველში .. ექსპერტები აფასებენ ქვეყანაში კორუფციის დონეს, ხოლო მეორეში რიგით მოქალაქეებს ეკითხებიან, ჰქონდათ თუ არა პირადად მათ კორუფციასთან შეხება. კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო 30-ის მიღმა აღმოჩნდა. ამ ორი კვლევის შედარება შემდეგზე მეტყველებს: როდესაც ერთ ან ორ .. ექსპერტს ეკითხები, სხვა შედეგის იღებ, მაგრამ როდესაც ეკითხები ხალხს, მაშინ საქართველო ათეულში ხვდება."

საქართველოს მთავრობის და მისი უპირობო მხარდამჭერების თვალით დანახული სურათი: მადლიერი მოსახლეობა ალალად პასუხობს, რომ კორუფციასთან შეხება არ ჰქონია, ხოლო "ე.წ. ექსპერტები" მხოლოდ იმას ცდილობენ, რასაც სსრკ- იდეოლოგები, როდესაც არ მოსწონდათ მათ სსრკ-ს მიმართ გამოთქმული პრეტენზიები "очернение действительности"-ს ეძახდნენ. საკუთარი ქვეყნის და მისი რეფორმატორი მთავრობის მიმართ შურით და ზიზღით შეპყრობილები ეს ცუდი ადამიანები ცდილობენ როგორმე (სადაც გაუვათ და შეძლებენ) ზიანი მიაყენონ ქვეყნის  იმიჯს (არ გეგონოთ რომ ვიგონებ და ვაჭარბებ: ამ და მსგავს კომენტარებს მრავლად შეხვდებით). 

რისი თქმაც გილაურს დაავიწყდა და არც "ტაბულას" ჟურნალისტს გაუხსენებია ის იყო, რომ  "საქართველოს შემთხვევაში, თბილისის 500 მაცხოვრებელი გამოიკითხა და მათგან 3% განაცხადა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ქრთამის გადახდა მოუწიათ. ეს მართლაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხულთა 38% -მა თავი შეიკავა პასუხისგან, ან განაცხადა, რომ არ ახსოვდა გადაიხადა თუ არა ქრთამი. რესპონდენტების ეს ბოლო პასუხი შეიძლება ინტერპრეტირებული იქნას, როგორც დაბნეულობა იმაზე, მათ მიერ გადახდილი თანხა ოფიციალური გადასახადი იყო თუ არა. ეს საინტერესო ინფორმაციაა, რომლის უკეთ გამოსაკვლევადაც ჟურნალისტებს მეტის გაკეთება შეეძლოთ."http://www.transparency.ge/blog/pgakvetilebi-kartuli-mediis-mier-koruptsiis-kvlevis-gashukebidanp


იმავე ინტერვიუში, გილაური საქართველოში "ელიტური კორუფციის" არსებობას უარჰყოფს. ამ ინტერვიუმდე ცოტა ხნის წინ, ამერიკის ელჩმა, ჯონ ბასმა ასეთი რამ თქვა: "მიმაჩნია, რომ მთავრობის საქმიანობის შესახებ და ასევე ამ ქვეყანაში მთავრობისა და ბიზნესის გადაკვეთის საკითხების შესახებ ჟურნალისტური გამოძიების ნაკლებობაა, რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა საზიანო იყოს დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის." http://civil.ge/geo/article.php?id=23495

ამერიკის ელჩი დიპლომატისათვის ერთობ უჩვეულო მინიშნებას აკეთებს: მედიის კრიტიკის მიღმა შეიძლება დავინახოთ პრობლემა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვერ ხედავს ან დანახვა არ უნდა: კერძოდ კი "მთავრობის საქმიანობაში" და ასევე "მთავრობის და ბიზნესის გადაკვეთაში", რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის საზიანო შეიძლება იყოს. ან არა და, განსავითარებელი ჯერ კიდევ ბევრია.

არანაირად არ მინდა ვთქვა, თითქოს საქართველოს მთავრობას 2003 წლიდან მოყოლილი კარგი არაფერი გაუკეთებია. საუბარია არა იმაზე, რაც გაკეთდა, არამედ იმაზე, რა არ გაკეთებულა. 
რომ გავარკვიოთ, რა არ გაკეთებულა, შეგვიძლია მივაკითხოთ ჟურნალ "ეკონომისტის" მოხსენებას სათაურით "დემოკრატიის ინდექსი 2010". http://graphics.eiu.com/PDF/Democracy_Index_2010_web.pdf ამ კვლევაში ქვეყნები ოთხ კატეგორიად არიან დაყოფილები: სრული დემოკრატიები (26 ქვეყანა), ხარვეზიანი დემოკრატიები (53 ქვეყანა, რომელთა რიგები 2010 წელს, სხვათა შორის, იტალიამ და საფრანგეთმა შეავსო, ჰიბრიდული რეჟიმები (33 ქვეყანა) და ავტორიტარული რეჟიმები (55 ქვეყანა). ა ინდექსის მიხედვით საქართველო არის "ჰიბრიდული რეჟიმი" და 165 ქვეყნიდან 103 ადგილს იკავებს (ბუტანსა და პაკისტანს) შორის. რუსეთი 107 ადგილზეა, სომხეთი 109ზე ერაყი 111ზე, შემდეგ კი იწყება ავტორიტარული რეჟიმები. ჩვენი (ეკონომიკური აღმავლობის და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით) მისაბაძი მაგალითი სინგაპური 82 ადგილზეა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყველაზე წარმატებული დემოკრატია (თუმცა არასრული) ესტონეთია, რომელიც 33 ადგილზეა. პოსტკომუნისტური ქვეყნებიდან მას მხოლოდ სლოვენია უსწრებს წინ (32 ადგილი) საქართველოს გვარიანად უსწრებენ ჩვენი პარტნიორები სუამ-ში მოლდოვა და უკრაინა (65 და 67 ადგილები). 

"ეკონომისტის" კვლევითი ჯგუფი ქვეყნის რეიტინგს 5 კრიტირეუმით აფასებს. ესენია: I საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, II მთავრობის ფუქნციონირება, III პოლიტიკური ჩართულობა, IV პოლიტიკური კულტურა და V სამოქალაქო თავისუფლებები. I პოზიციაში საქართველოს 7 ქულა აქვს 10 დან; მეორეში 2,14; მესამეში 3, 89; მეოთხეში 3,75 და მეხუთეში 6,18. საერთო ჯამში 4,59 ქულა. 2008 წელთან შედარებით საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა და 104-დან 103 ადგილზე გადაინაცვლა. (კვლევაში შეგიძლიათ ნახოთ ის კრიტერიუმები, რომლითაც თითოეული პოზიცია ფასდება. ეჭვი მაქვს, დეტალური ანალიზისათვის, რომელსაც საქართველოს მთავრობაში ალბათ არავინ აკეთებს, საინტერესო იქნება). მხოლოდ ერთ კომენტარს გავაკეთებ: ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზეც საქართველოს მთავრობას გავლენა არ აქვს არის კონტროლი ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე (II პოზიციაში ამ კრიტერიუმით ქვეყანას 1 ქულა აკლდება ან ემატება).

"ეკონომისტის" კვლევითი ჯგუფის განმარტებით ჰიბრიდული რეჟიმი (მათ შორის საქართველოც) ზოგადად ასე ხასიათდება: არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ტარდება, რაც ხელს უშლის მათ ღიაობას და სამართლიანობას ( free and fair). მთავრობის ზეწოლა ოპოზიციურ პარტიებსა და კანდიდატებზე შესაძლოა ჩვეულებრივი რამ იყოს. მნიშვნელოვანი სისუსტეები ჰიბრიდულ რეჟიმებში უფრო ჭარბობს ვიდრე  ხარვეზიან დემოკრატიებში: საუბარია პოლიტიკურ კულტურაზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე და პოლიტიკურ ჩართულობაზე (პარტიციპაციაზე). გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტად ხორციელდება. სუსტია სამოქალაქო საზოგადოებაც. როგორც წესი არის ზეწოლა ჟურნალისტებზე და სასამართლო არ არის თავისუფალი". (შეგიძლიათ ხაზი გაუსვათ იმას, რაც ემთხვევა საქართველოსაც). 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოგიკას რომ დავუბრუნდეთ, თუ ქვეყნის რეკლამაა "იდგე" დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს გვერდით, მაშინ პაკისტანისა და ბუტანის "გვერდზე დგომა" ჰიბრიდული რეჟიმების ბოლო ათეულში, ანტირეკლამა უნდა იყოს. იმას, ვისთვისაც მარტო რეკლამა არ არის საინტერესო, შეიძლება მოუვიდეს თავში შეკითხვა, ნეტავ რატომ არის ასე? მთავრობის და მისი უპირობო მხარდამჭერებისაგან შეიძლება ასეთი პასუხები მოვისმინოთ: "ეკონომისტის" კვლევით ჯგუფს აფინანსებს გაზპრომი, საქართველოს მტრები და არაკეთილმოსურნეები ყველგან ჰყავს, ისინი ვერ ხედავენ ჩვენს წარმატებებს და ა.შ. პრობლემების მიზეზი ყოველთვის გარეთ იქნება. 

იქნება, ერთხელ მაინც, მიზეზები გარეთ არ გვეძებნა და გვეკითხა, რა არ მუშაობს ჩვენთან ისე, როგორც გვინდა რომ მუშაობდეს და რა არის ამისთვის გასაკეთებელი? (ამით წესით პოლიტიკური პარიტიები უნდა იყვნენ დაკავებულები, მაგრამ არ არიან - ეს არის იმის მიზეზი, რომ ოპოზიციურ პარტიებს ცოტა მხარდამჭერი ჰყავს, ხოლო მმართველი პარტია სიტუაციის გამოსწორებით დაინტერესებული არ არის). 

მაგრამ იმასაც თუ ვიკითხავთ, რა გვინდა, ერთ საინტერესო რამეს დავინახავთ: ჩვენი აღიარებული მიზანი და მისაბაძი მაგალითი სინგაპურია. (მაგალითისთვის: http://civil.ge/geo/article.php?id=23094&) სინგაპურმა სწრაფად განახორციელა ეკონომიკური რეფორმები და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით (ყოველ შემთხვევაში Heritage Foundation-ის ინდექსით) მეორე ადგილზეა. http://www.heritage.org/Index/Ranking რომ შევხედოთ სინგაპურს დემოკრატიის ინდექსში, ვნახავთ, რომ ის ჰიბრიდული რეჟიმების პირველ სამეულში შედის და დემოკრატიის კუთხით 82 ადგილზეა. სინგაპური იგივე Heritage Foundation-ის შეფასებით, ნომინალური დემოკრატიაა. აი ეს არის ის, რისკენაც მიისწრაფვის ჩვენი მთავრობა (ყოველ შემთხვევაში მის დეკლარაციებს თუ დავუჯერებთ). ეკონომიკური განვითარება დემოკრატიული განვითარების გარეშე. 

ვიღაცამ შეიძლება ისიც თქვას, რომ ეკონომიკური განვითარების გარეშე დემოკრატიული განვითარება არ არსებობს. მაგრამ ერთი, რომ ახალი კვლევების მიხედვით (რომელზეც მიუთითებს "ეკონომისტის" ანგარიში), ეჭვქვეშ დგება პირდაპირი კორელაცია ეკონომიკურ განვითარებასა და დემოკრატიას შორის და მეორე: გაუგებარია, რატომ არ უნდა ვითარდებოდეს ეკონომიკა და დემოკრატია პარალელურად. სამართლიანობისათვის, ისიც უნდა ითქვას, რომ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, გარკვეულწილად დემოკრატიის განვითარების მხრივ ზოგიერთ ხარვეზს სავარაუდოდ გამოასწორებს (საკანონმდებლო დონეზე და იმედი დავიტოვოთ, კანონების შესრულების დონეზეც). 

შემდეგი შეკითხვა, რომელიც შეიძლება გაგვიჩნდეს ის იქნება, რატომ აქვს საქართველოს მთავრობას მაინც და მაინც სინგაპური აღებული მაგალითად? რატომ არა დანია? (მოსახლეობის და ტერიტორიის მიხედვით ამ სახელმწიფოების შედარება თავისუფლად შეიძლება, დანიის შედარება საქართველოსთან ისტორიული გამოცდილების თვალსაზრისითაც დასაშვებია: მეზობელმა გერმანიამ მას XIX საუკუნეში ტერიტორიები წაართვა, ხოლო XX საუკუნეში უკვე ნაცისტურ გერმანიას დანია ოკუპრიებული ჰყავდა). დანია დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისითაც წინ არის (მესამე ადგილზეა) და ეკონომიკური თავისუფლების მხრივაც (მეცრე ადგილზეა), არის ნატოსა და ევროკავშირის წევრი (რაც, ჩვენს მთავრობას თუ დავუჯერებთ, ასევე ჩვენი დეკლარირებული მიზანი გახლავთ)? მაშ რატომ მაინცა და მაინც სინგაპური? რატომ მივისწრაფვით მოდელისაკენ, რომელიც არ არის დემოკრატიული? 

ეჭვი მაქვს, ამ კითხვაზე აზრიანი პასუხი არც საქრათველოს პრეზიდენტს, არც მთავრობას, არც მმართველ პარტიას და არც მათ უპირობო მხარდამჭერებს არ ექნებათ. მაგრამ თუ გავიხსენებთ იმასაც, რაზეც მიგვანიშნებს ამერიკის ელჩი (საქართველოს მთავრობისათვის უდავო ავტორიტეტი), შეიძლება დავინახოთ, სად გველის მთავარი შიდაპოლიტიკური საშიშროება: არალიბერალური დემოკრატიის მშენებლობა (ფასადური დემოკრატიის, რომელშიც არჩევნები ტარდება, მაგრამ ყოველთვის ერთი პარტია იგებს), რომელშიც (შესაძლო) ეკონომიკუირი განვითარების მთავარი სარგებლი მიმღები მმართველი პარტია და მასთან მჭიდროდ დაკავშირებული ბიზნესი იქნება. 

No comments: