Monday, 26 November 2012

დაკარგული ისტორია





ცოტა ხნის წინ მქონდა პატივი და სიამოვნება დამეწერა წინასიტყვაობა შესანიშნავი წიგნისათვის "დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ." დიდი მადლობა სოვლაბს ამ წიგნისათვის და ასევე წინასიტყვაობის გადმობეჭდვის ნებართვისათვის.
მგონია, რომ ეს წიგნი აუცილებლადაა წასაკითხი. და აი რატომ მგონია ასე: 






Были ли мы? 
„Отвечаю: „были“ – со всей выразительностью, четкостью, ответственностью, 
отчетливостью документа.“
ვარლამ შალამოვი

იოსებ ბროდსკი – „ებრაული წარმოშობის რუსი პოეტი, ამერიკელი ესეისტი“, საბჭოთა კავშირიდან იძულებით ემიგრირებული ნობელის პრემიის ლაურეატი იგონებს: 1964 წელსმუქთახორობისათვისლენინგრადიდან გადასახლებულს, გზაში, „სტოლიპინისსაპატიმრო ვაგონში, შეხვედრია რუსი გლეხი, რომელსაც წვრილმანი ქურდობისათვის ექვსი წელი ჰქონდა მისჯილი. ცხადი იყოოწერს ბროდსკირომ მოხუცი ან გზაში მოკვდებოდა ან ციხეშიო. არცერთი ინტელიგენტიარც რუსეთში, არც დასავლეთშიმის დასაცავად ხმას არ ამოიღებს. არასდროს! მარტო იმიტომ, რომ მის შესახებ ვერავინ და ვერასოდეს გაიგებს! […]რაღაც უფლებადამცველი მოძრაობა უკვე დაწყებულ იყო, მაგრამ ამ საწყალ მოხუცს არავინ გამოესარჩლებოდა, არც ბი-ბი-სი, არცამერიკის ხმა“, არავინ! […] იმიტომ, რომ ყველა ამ ახალგაზრდამმე მათმებრძოლებსვეძახდიიცოდა რას აკეთებდა, რაზე მიდიოდა და რისთვის. […] იმიტომ, რომ მათ ყოველთვის ჰყავდათ რაღაც აუდიტორია, ვიღაც მეგობრები, ძმაკაცები მოსკოვში. ამ მოხუცს კი არანაირი აუდიტორია არა ჰყავს. […]1

ერთი მხრივხმის უქონლობა და მეორე მხრივაუდიტორიის არარსებობა ზედმიწევნით აღწერს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა მდგომარეობას. „ხმის არქონაშეგვიძლია პირდაპირ გავიგოთსაკუთარი ისტორიის აკრძალვა ასეულობით ათასი ადამიანისათვის, სოციალური (თავად-აზნაურობა, ინტელიგენცია, ვაჭრები, „კულაკებადწოდებული შეძლებული გლეხობა), ეთნიკური და რელიგიური ჯგუფებისათვის (გერმანელები2, მაჰმადიანი მესხები). საბჭოთა კავშირში მათი ამბავი მთლიანად იყოამოგდებულიარა მარტო ნარატიული,3 არამედ ვიზუალური მეხსიერებიდანაც – „ხალხის მტრებისფოტოებსაც კი ანადგურებდნენ ან რეტუშირებას უკეთებდნენ.4 

მსხვერპლიც უთანასწოროა. ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე და პეტრე ოცხელი არასოდეს დავიწყებიათ. სამაგიეროდ, დღემდე არაფერი ვიცით ასობით ათასი უსახელოდ და უკვალოდ გამქრალი ადამიანის შესახებ.5 ვიღაც ყოველთვის რჩება საზოგადოების თვალსაწიერის და ინტერესის მიღმა. „დაკარგული ისტორიაამიტომაცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანიეს კრებული მარტო ცნობილი ადამიანების ისტორიას კი არ გვიამბობს, არამედ, „ჩვეულებრივიადამიანების გამოცდილებასაც გვიზიარებს. კრებულში სამიჟანრისმოგონებებია შეკრებილი: რეპრესირებულ ქალთა მემუარები (მინადორა ტოროშელიძის, ქრისტინე შარაშიძის, ქეთო ხუციშვილის და რაისა მიქაძისა), ზეპირი ისტორიები (ირაკლი ხვადაგიანის მასლა თამარა ვარაზაშვილის, ლარა ხრისტოვსკაიასა და მარგარიტა ასტვაცატუროვას შესახებ) და მოგონებები რეპრესირებული ქალების შესახებ

ზეპირი ისტორიების გამოყენება ისტორიკოსებმა 1940-იანი წლებიდან დაიწყეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, სადაცტრადიცულიისტორიოგრაფიის წყაროები საკმარისი არ აღმოჩნდა. ასეთია უმცირესობების ან რეპრესირებულთა ისტორიები, რომელთა აღდგენაც სხვა დოკუმენტებით ხანდახან შეუძლებელი ხდებაისტორიული არქივები შეიძლება დახურული იყოს, შემთხვევით ან სპეციალურად ნადგურდებოდეს. საქართველოშიც, განსაკუთრებით, 20-50-იანი წლების რეპრესიების ისტორია დიდად არის დამოკიდებული უშუალო თვითმხილველებზე. სამწუხაროდ, ძალიან დიდი დრო დაიკარგა და ბევრი ადამიანი არათუ თავისი სათქმელის თქმას, საზოგადოების ინტერესსაც ვერ მოესწრო. მათ შესახებ ახლა უკვე მოწმეების მეორე თაობისაგან, .. მეორადი მოწმეებისაგან (secondary witnesses)6 ვიგებთ. ამ კრებულში ასეთია შემდეგი ავტორების მოგონებები: ლიზა მაყაშვილი თავის ოჯახს იგონებს, ლევან ასათიანიდას ვერა ასათიანს, გიორგი მაისურაძეუფროს მეგობარს ლიზიკო ქავთარაძეს, ორდენ მესხიადედას აღათი კაკაჩიას, ნინო ზაალიშვილითავის სეხნია ნინო ზაალიშვილს, მარიამ ჭაჭიაბებია მარია ოტტენს). „დაკარგული ისტორიაერთ-ერთი პირველი კრებულია, რომელიც ამ უზარმაზარი ხარვეზის შევსებას ცდილობს;7 ოღონდ, აქ შეგროვილი მემუარების და ზეპირი ისტორიების მნიშვნელობას ისტორიული წყაროს სტატუსი ვერ იტევს. ეს ტექსტები მოწმობებია

იურიდიული ან ისტორიული მოწმობის და მოწმეობის განსხვავებას განმარტავს გერმანელი ლიტერატურათმცოდნე და კულტურის მკვლევარი ზიგრიდ ვაიგელი სტატიაშიმოწმობა და მოწმეობა“.8 მოწმეობა, მოწმეთა გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც სასამართლო მტკიცებულება (ან როგორც ისტორიული დოკუმენტი), მაგრამ დაუშვებელია მათი გაუბრალოება, მოწმეობის მხოლოდ იურიდიული გამოყენებადობის კრიტერიუმით გაზომვა. ვაიგელის აზრით, სხვა მნიშვნელობა, მნიშვნელობის ნარჩენი ან ნაშთი, რომელსაც მოწმეობა იურიდიული მტკიცებულების ან ისტორიოგრაფიული მოწმეობის მიღმა იძენს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც მეხსიერების, ისტორიის ფილოსოფიის ფიგურა, რომელიც იმავდროულად ენათესავება ტირილს, გოდებას (Klage). მოწმეობა, „სხვისადმი მიმართული სიტყვა, რომელიც სხვასთან კავშირს და სხვის მიერ აღიარების შესაძლებლობას აღადგენს, გადარჩენილთა მოგონების რესტიტუციისა და მომხდარის ფსიქიკური აღიარების წინაპირობა ხდება“.

მოწმე და მოწმეობა

ხმის არქონისმეორე მნიშვნელობა ერთმანეთთან აკავშირებს გამოჩენილებს და უჩინარებს. მათ აერთიანებთ საკუთარი გამოცდილების გამოხატვის სირთულე ან სულაც შეუძლებლობა. რა ენაზე შეიძლება ილაპარაკოს ადამიანმა ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკების ან საბჭოთა გულაგების შესახებ, თუკი საერთოდ მოასწრებს რამის თქმას? იტალიელი პრიმო ლევი (Primo Levi, 1919-1987), უნგრელი იმრე კერტეში (Imre Kertész, დაბ. 1929), ავსტრიელი ჟან ამერი (Jean Améry 1912-1978, პორტუგალიელი ხორხე სემპრუნი (Jorge SemprЬn 1927-2011), რუსები ვარლამ შალამოვი (1907-1982) და ნადეჟდა მანდელშტამი (1899-1980) ამ გამოცდილებას ლიტერატურის ენაზე გვიზიარებენ.9 საქართველოში გულაგზე წერაგივი მაღულარიას (1926-1995) ან ლიზიკო ქავთარაძის (1905-1988) მოთხრობები და მოგონებებიიშვიათი გამონაკლისია. ლევის ან შალამოვის შემთხვევაშიც კი, რომლებმაც შეძლეს თავიანთი გამოცდილების ლიტერატურულ შედევრებად გადაქცევა, მაინც რჩებაგამოუთქმელი“. რას ნიშნავსგამოუთქმელი“?
ოსვენციმის ყოფილი პატიმარი პრიმო ლევი გერმანელ პოეტზე და მასავით ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეზე, პაულ ცელანზე (Paul Celan, 1920-1970) ამბობს, რომ თუკი მისი ლირიკა რაიმე შეტყობინებას შეიცავდა, მასხმაურიშთანთქავდა: ეს არ იყო შეტყობინება, არ იყო ენა; უკეთეს შემთხვევაში ეს იყო ბნელი, დასახიჩრებული ენა, რომელიც მარტოდ დარჩენილი მომაკვდავის ხროტინს ჰგავდა

ნადეჟდა მანდელშტამიგადასახლებაში დაღუპული რუსი პოეტის, ოსიპ მანდელშტამის (1891-1938) მეუღლე, საბჭოთა რეპრესიების გამორჩეული მოწმეიგონებს: „მერე ხშირად ვფიქრობდი, უნდა იყმუვლო თუ არა, როდესაც გცემენ და ფეხით გთელავენ. ხომ არ ჯობია, საშინელ ამპარტავნებაში გაიყინო და ჯალათებს ამრეზილი სიჩუმით უპასუხო? და მე გადავწყვიტე, რომ ყმუილი საჭიროა. ამ საბრალო ყმუილში, რომელიც ხანდახან, კაცმა არ იცისსაიდან, აღწევდა ბგერაგაუმტარი საკნებიდან, ადამიანის ღირსების და სიცოცხლის რწმენის უკანასკნელი ნარჩენებია კონცენტრირებული. ამ ყმუილით ადამიანი კვალს ტოვებს სამყაროში და ატყობინებს სხვა ადამიანებს, როგორ იცხოვრა და როგორ მოკვდა. ყმუილით ის საკუთარი სიცოცხლის უფლებას იცავს, ცნობას აგზავნის თავისუფლებაში, დახმარებას და წინააღმდეგობას ითხოვს. სხვა თუ არაფერი დაგრჩა, უნდა იყმუვლო. სიჩუმენამდვილი დანაშაულია კაცობრიობის წინააღმდეგ.“10 
ლევი გვაიმბობს ოსვენციმის ტყვეზე, სამი წლის ბავშვზე, რომელსაც სხვა პატიმრები ჰურბინეკს ეძახდნენ და რომელსაც სიკვდილამდე მხოლოდ ორი სიტყვის თქმა შეეძლომასს-კლოთუმატისკლო“, რომელთა მნიშვნელობა არავის ესმოდა

სამივე შემთხვევაცელანისხმაური“, ნადეჟდა მანდელშტამისყმუილიდა ჰურბინეკისმასს-კლოანმატისკლო“ – გვიჩვენებს, თუ როგორ კარგავს ენა მნიშვნელობას, სამაგიეროდ იძენს სრულიად სხვა თვისებას; თან ისე, რომ მხოლოდ ამ თვისებას შეუძლია გაგვაგებინოს რაღაც, რაცჩვენსენაზე არ გამოითქმის. ამრაღაცასმოწმობა ჰქვია

მოწმესიტალიელმა ფილოსოფოსმა ჯორჯო აგამბენმა მიუძღვნა წიგნი – „რა დარჩა ოსვენციმიდან. არქივი და მოწმე“ (Giorgio Agamben, Quel che resta die Auschwitz. L’archivo e il testimone, 1998). მოწმეობის ენა არის ენა, რომელიც აღარაფერს აღარ აღნიშნავს, მაგრამ ამ თავისი არ-აღნიშვნით შეაღწევს რაღაცაში, რაც ენის გარეშე არსებობს“. აგამბენის თქმით, ის უნდა გადაიქცეს ვიღაცის ხმად, თუ თვითონ არ შეუძლია მოწმეობა, ვისაც ხმა, ენა არა აქვს. ეს ვიღაცდაკარგული, გადაგდებული ადამიანია, რომელსაც, ნაციონალ-სოციალისტური საკონცენტრაციო ბანაკების ენაზე „Muselmann“ ჰქვია11, საბჭოთა ბანაკების ენაზე კი – „доходяга“.12 ორივე შემთხვევაში იგულისხმება ადამიანი, რომელმაც უკიდურეს ზღვარს მიაღწია, არა მარტო ზღვარს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, არამედ ადამიანობას და არაადამიანობას შორისაც. სწორედ ასე ჰქვია პრიმო ლევის მოგონებებს საკონცენტრაციო ბანაკის შესახებ: „თუკი ეს ადამიანია“ (Se questo è un uomo 1947/1958). აგამბენის თქმით, „დახადიაგაარის ადამიანი, რომელსაც აყრილი აქვს ყოველგვარი ღირსება და ამიტომმხოლოდარსებაა და სწორედ ამიტომაა არა-ადამიანი.13 

ოსვენციმის უკიდურეს გამოცდილებას აგამბენი ასე აყალიბებს: „ადამიანი არის ის, ვინც უფრო დიდხანს იცოცხლებს, ვიდრე ადამიანი“. ამ პარადოქსულ აზრს კი ასე განმარტავს: ამ წინადადების პირველი მნიშვნელობა ნიშნავს არაადამიანურ შესაძლებლობას, იცხოვრო შენს ადამიანობაზე უფრო დიდხანს (მხოლოდ ბიოლოგიური ცხოვრებით), გახდედახადიაგა“. მეორე მნიშვნელობა გულისხმობსგადარჩენილიადამიანის უნარსიცხოვროს უფრო დიდხანს, ვიდრედახადიაგამ“. ეს ორი მნიშვნელობა ერთი წამით თანხვდება ერთ წერტილში და ეს არისდახადიაგა“, სწორედ მასში ჩნდება მესამეაგამბენის აზრითყველაზე ნამდვილი და ყველაზე ორაზროვანი მნიშვნელობა, რომლის საილუსტრაციოდ ის პრიმო ლევის ეყრდნობა: „ისინი („დახადიაგები“ – ..) არიან ყველაზე ნამდვილი მოწმეები“. „თუკი ადამიანობის შესახებ მოწმობა მხოლოდ მას შეუძლია“, ვისი ადამიანობაც მთლიანად განადგურებული იყო, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ადამიანის და არა-ადამიანის იდენტობა არასოდეს არის სრული; რომ შეუძლებელია ადამანური მთლიანად მოსპო, რომ რჩება რაღაც ნარჩენი. სწორედ ესნარჩენიარის მოწმე,“ – ამბობს აგამბენი
მოწმობა არის რაღაც, რაც ჩნდება სიცარიელეში არა-ენას და არა-ადამიანს, ყმუილს დადახადიაგასშორის. ამიტომმოწმობის სუბიექტი არის ის, ვინც მოწმობს სუბიექტობის დაკარგვის შესახებ“. აგამბენის თქმით, ეს ნიშნავს, რომ მოწმეობის სუბიექტი საერთოდ არ არსებობს. მოწმეობა არის პროცესი, რომელშიც ვიღაც ყოველთვის ვიღაც სხვის მაგივრად ლაპარაკობს (მაშინაც კი, როდესაც ადამიანი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს). 

ისტორია და ტრავმა

გადარჩენილი ადამიანები აღძრავენ გრძნობას, რომელშიც აღრეულია შიში, მოკრძალება, ცნობისმოყვარეობა, საიდუმლოს შეგრძნება. გადარჩენილები, – წერს დორი ლაუბიგვაშინებენ, იმიტომ, რომ გვახსენებენ საშინელ, ტრავმატულ წარსულს და ამით ჩვენი ისტორიული სიმყიფის შესახებაც მოწმობენ. ისინი ჩვენთვის წარმოადგენენ გამოცანას და საშიშროებას, რომელსაც ვერსად გავექცევით. ჩვენ წარმოუდგენლად გვეშინია ჩვენი წარსულის ტრავმებისათვის თვალის გასწორება. რა შეგვიძლია ვისწავლოთ, თუკი ამ შიშს გავაცნობიერებთ?14 

ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი კათი კარუთი ზიგმუნდ ფროიდის კვალდაკვალ ტრავმას განმარტავს, როგორც უეცარი ან კატასტროფული მოვლენის ისეთ გამოცდილებას, რომელიც ადამიანის უშუალო აღქმის შესაძლებლობებს აღემატება (overwhelming expirience) და ამიტომაც რეაქცია ამ მოვლენებზე ხშირად დაგვიანებულად გამოვლინდება.15 ადამიანი ვერ ახერხებს ტრავმატული გამოცდილების იმავე მომენტში გაცნობიერებას, შემდეგ კი გამუდმებით ცდილობს მასთან დაბრუნებას. „ძალადობრივი მოვლენის უშუალო ხილვა შეიძლება მოგვევლინოს, როგორც მისი წვდომის აბსოლუტური შეუძლებლობა; ამ უშუალობამ, პარადოქსულად, შეიძლება დაგვიანებული ფორმა მიიღოს“.

ტრავმა, კარუთის თქმით, არა მარტოსიკვდილთან სიახლოვისგანცდაა, არამედგადარჩენითგამოწვეული კრიზისიცაა. „გამეორება [...]არ არის მხოლოდ იმის გაგების მცდელობა, რომ ვიღაც მოკვდა, არამედუფრო ფუნდამენტურ და იდუმალ დონეზესაკუთარი გადარჩენის მტკიცებაა“. ამიტომ ტრავმაში ერთდროულად მონაწილეობს სხვისი სიკვდილის და საკუთარი გადარჩენის განცდა (ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიშველიოთ უილიამ სტაირონის რომანისოფის არჩევანი“, რომელშიც ნაცისტი ოფიცერი დედას აიძულებს აირჩიოს ორ შვილსგოგოს და ბიჭს შორის; თვითონ რომანი კი დედის ამბავია ამ არჩევანის შემდეგ, სწორედ ბავშვის სიკვდილის და საკუთარი გადარჩენის განუყოფლობაზე აგებული). ინდივიდუალური ტრავმატული გამოცდილება კარუთს კოლექტივზეც გადააქვს და ამის მაგალითად იშველიებს ფროიდის ნაშრომს – „მოსე და მონოთეიზმი“. 

ტრავმატული გამოცდილება, განსაკუთრებით ფროიდისმოსეზე და მონოთეიზმზედაყრდნობით, შეიძლებაკოლექტიურტრავმადაც წარმოვიდგინოთ: მაგ., ერის, როგორცწარმოსახვითი საზოგადოების“ (ბენედიქტ ანდერსონი) ტრავმა. საქართველოს XX საუკუნის ისტორიაში ასეთი ტრავმატული გამოცდილება არაერთია, 1907 წელს ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან მოყოლებული: ბოლშევიკური ოკუპაცია 1921 წელს, თავად-აზნაურობისპოგრომები’’ და რეპრესიები 1924 წლის აჯანყების შემდეგ, დიდი ტერორი 1934-1953 წლებში, დემონსტრაციის დახვრეტა 1956 წლის 9 მარტს, მომიტინგეთა სისხლიანი დარბევა 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ომი 1991-92 წლის მიჯნაზე, მხედრიონის მიერ სამეგრელოს აწიოკება და სამოქალაქო ომი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს საზოგადოებამ ამ ტრავმატული გამოცდილების გათავისება ვერ მოახერხა. კარუთს რომ დავესეხო, ეს არის უსასრულოგადარჩენაიმისა, რაც (მთლიანად) არასოდეს გაგვიცნობიერებია. „გადარჩენის ისტორია […] იღებს დაუსრულებელი კონფრონტაციის ფორმას წარსულ ძალადობასთან, რომელიც გამუდმებით ბრუნდება“. ესეისტ პაატა ქურდაძესთან გადავაწყდი აზრს, რომ ჩვენი საზოგადოების დღევანდელი აგრესია ორმოცდაათიანი-სამოციანი წლებიდან მომდინარეობს. იმის მაგივრად, რომ ძალადობის ისტორია გააზრებულიყო, მასზე ლაპარაკი ყოფილიყო შესაძლებელი, მსხვერპლი და ჯალათი არა თუ გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ, არამედ ყოველდღიურად ერთმანეთს სუფრაზე ეფიცებოდნენ სიყვარულს. ჯალათის და მსხვერპლის ალიანსი (ამჯერად ქორწინების ფორმით), რომელიც შემდგომი ძალადობის წყარო ხდება, შესანიშნავადაა აღწერილი ოთარ ჭილაძის უკანასკნელ რომანშიგოდორი“ (2003). 

დღესაც, XX საუკუნის ტრავმატული ისტორიის გააზრების ნაცვლად მისი ახალი მითებით ჩანაცვლება ხდება. „საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმისაქართველოს XX საუკუნის საქართველოს ისტორიას საბჭოთა ოკუპაციასთან გმირული ბრძოლის ისტორიად წარმოგვიდგენს. თუკი ლიზა მაყაშვილის მოგონებებს წაიკითხავთ, რომელიც ბაბუაჩემის მონაყოლითაც შემიძლია დავადასტურო, გაიგებთ, რომ თავად-აზნაურობისპოგრომებსკახეთის სოფლებშიოკუპანტებიკი არ ატარებდნენ, არამედ კახეთის გლეხობა: „კოხტაშვილმა თავის მოხსენებაში ბრძანათავადისშვილები ძირფესვიანად უნდა გავწყვიტოთ, თორემ ძეძვისა არ იყოს, რამდენჯერაც უნდა გაკაფო, მაინც ისევ ამოიყრისო. თავადისშვილების ნაშიერები ისეთივენი გაიზრდებიან, როგორი სისხლიც უდგათო“ – იგონებს ლიზა მაყაშვილი. იმისი წარმოდგენაც არ იქნებოდა სწორი, თითქოს საზოგადოების გამყოფი ხაზი გლეხებსა და თავად-აზნაურობას შორის გადიოდა.16 ეს ხაზები ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ნებისმიერი იდეოლოგიური კლიშე ან პოლიტიკის სამსახურში ჩაყენებული ისტორიული მითი. საზოგადოების გათიშვა, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან მოყოლებული, არ დაძლეულა და გამუდმებით ბრუნდებოდა. დაბრუნდა 1934-53 წლების დიდი ტერორის დროსაც. საბჭოთა ხელისუფლების დანაშაული ამ ტერორში დღესაც არ არის ბოლომდე შეფასებული და აღიარებული. მაგრამ ტერორთან, სახელმწიფო მანქანის მიერ მოქალაქეების მიზანმიმართული განადგურების ისტორიასთან ერთად არსებობს მეორე ისტორიაც; ეს ისევ საზოგადოების გათიშვის ისტორიაამეზობლების, ნათესავების, ოჯახის წევრების მიერ ერთმანეთის დასმენახანდახან იძულებით, ხანდახანსისულელით, ხანდახან ანგარებით;17ხალხის მტრებისდახოცვის, განადგურების ისტერიული მოთხოვნა ჟურნალებში, გაზეთებში, მრავალათასიან მიტინგებზე; ხალხის ერთობის სიმულირება იქ, სადაც ის, რაც საზოგადოებისაგან დარჩა უკიდურესად იყო გათიშული

საქართველო დღესაც ამ ისტორიას აგრძელებს. ერთი მხრივ, იგივე ისტერიული მოთხოვნა ერთობაზე, ერთად დგომაზე და მეორე მხრივზიზღი და მიუღებლობა, განსხვავებული აზრის, უცხოს, სხვის მიმართ, სინამდვილეში ერთი და იგივე ფენომენია: სწორედ ტრავმატული ისტორიის დაბრუნებაა. საქართველოს საზოგადოებას არ უნდა, რომ აღიაროს დანაშაული (თანამონაწილეობა საბჭოთა ტოტალიტარიზმში) და აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე (20-50-იან წლების რეპრესიებში თანამონაწილეობაზე); ამიტომაც საკუთარ თავს ერთიან, გმირულ, წამებულ სხეულად წარმოგვიდგენს და იმავდროულად ცდილობს, რომ მოსპოს ყველაფერი, რაც ხელს უშლის ამ წარმოდგენილ ერთობას. ერთადერთი, რაც ამ მდგომარეობის დაძლევის საშუალებას მოგვცემს, ისტორიისქვეყნის, საზოგადოების, ცალკეული ოჯახების და ადამიანებისარა იდეოლოგიური, არამედ დიფერენცირებული და დაკვირვებული განსჯაა. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ დიდი, პოლიტიკური ნარატივების მიღმა ცალკეულ, განსხვავებულ ხმებს უნდა დავუგდოთ ყური და შევეცადოთ, რომ ის, რასაც ისინი მოწმობენ, ჩვენი ხმით არ გადავფაროთ. „დაკარგული ისტორიაწარმოდგენას შეგიქმნით ამ არაიდეოლოგიზირებულ, პოლიფონიურ ისტორიაზე. მაგრამ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს დიფერენცირებული და დაკვირვებული განსჯა? მოდით, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ლიტერატურას

მოწმობა და აუდიტორია

მოწმობა და ის, ვინც მას ისმენსრასაც ბროდსკიაუდიტორიასეძახისერთმანეთთან დიალექტიკურ კავშირშია. მოწმობის გაგონება არ არის ჩვეულებრივი რამ, რომელიც შეიძლება მოისმინო ან წაიკითხო და გვერდზე გადადო. ადამიანი, რომელიც ტრავმასუსმენს“, წერს ამერიკელი ფსიქოლოგი დორი ლაუბი, ტრავმატული მოვლენის თანამონაწილე და თანამოზიარე ხდება: მხოლოდ მოსმენითაა შესაძლებელი, ტრავმა ნაწილობრივ მაინც განიცადო.18 მოსმენილი მოწმობა მსმენელს გარკვეულ პასუხისმგებლობას აკისრებს

ჩვენამ კრებულის მკითხველებს გვაკისრია პასუხისმგებლობა აქ გაგონილის, წაკითხულის მიმართ. რაში მდგომარეობს ეს პასუხისმგებლობა
ვარლამ შალამოვის მოთხრობაშილარიქსის აღდგინება“ (“Bоскрешение лиственницы“) მოსკოვური ონკანის გრილავ, ქლორირებულ, […]მკვდარონკანის წყალში ჩადებული ლარიქსის ტოტისუნთქავდა, რომ ადამიანებისათვის გაეხსენებინა მათი ვალიარასოდეს დაევიწყებინათ მილიონობით გვამიკოლიმაზე დაღუპული ადამიანებისა“. 
ეს მოგონებებიც ასეთი ტოტია, რომელიცაუდიტორიის“ – ჩვენი, მკითხველებისმკვდარ“, გრილ, შეიძლება გულგრილ წყალში ჩაიდება, მაგრამ შეიძლება ამ წყალშიც კიგაცოცხლდეს“, გამოაფრქვიოს სუნიმკვდრების ხმა და მკითხველიც მათი გამოცდილების თანამოზიარედ აქციოს

გამოცდილებისა, რომელიც შალამოვის თქმით, არავინ უნდა მიიღოს; მაგრამ რომელსაც იგივე შალამოვი, როგორც ერთ-ერთი მოწმე, როგორც ჰურბინეკი, როგორც ამ კრებულში შეკრებილი მოწმეები მაინც გვიზიარებენ; იმიტომ, რომ ამ მოწმობის გარეშე ადამიანი ადამიანად ვერ გადარჩება. რატომ

შალამოვი წერს, რომბანაკიმთლიანადუარყოფითი სკოლაა. მასში ერთი საათის გატარებაც არ შეიძლებაეს ერთი საათიც გამხრწნელია. არავისთვის არასოდეს არაფერი დადებითი ბანაკს არ მიუცია და არც შეეძლო მიეცა“. „ადამიანმა მის შესახებ არ უნდა იცოდეს, გაგებულიც არ უნდა ჰქონდეს. არცერთი ადამიანი ბანაკის შემდეგ არ გამხდარა არც უკეთესი, არც უფრო ძლიერი. ბანაკი უარყოფითი სკოლაა, გახრწნაა ყველასათვისუფროსებისათვის და პატიმრებისათვის, მებადრაგეებისათვის და მაყურებლებისათვის, გამვლელებისა და ბელეტრისტიკის მკითხველებისათვის.“ მაგრამ იქვე აგრძელებს: „ძალიან დიდია ასეთ (იგულისხმება მისიკოლიმური მოთხრობები“) დოკუმენტებზე მოთხოვნილება. […] მკითხველი […] ელის ჩვენს პასუხს.“ ეს პარადოქსიერთი მხრივ, არავის გაგონილიც კი არ უნდა ჰქონდეს ბანაკის შესახებ, რომ არ შეეხოს მისი გამხრწნელი ზემოქმედება, მაგრამ მეორე მხრივმკითხველი ელოდებადოკუმენტებს“, ელოდება მოწმობასუნდა განიმარტოს

მოთხრობაშისენტენციაშალამოვი აღწერს, როგორ უბრუნდებადახადიაგაცხოვრებასსიტუაცია, რომელსაც აგამბენი არ განიხილავს. როდესაც დაჩაჩანაკების უკიდურეს მდგომარეობას აღწერს, შალამოვი ამბობს – „რა შემომრჩა სულ ბოლომდე? ბრაზი. და ამ ბრაზს რომ ვინახავდი, სიკვდილს ველოდი. მაგრამ სიკვდილი, ცოტა ხნის წინ ასეთი მახლობელი, ნელ-ნელა დამშორდა. სიკვდილი სიცოცხლემ კი არ ჩაანაცვლა, არამედ ნახევრადცნობიერებამ, არსებობამ, რომელსაც არა აქვს ფორმულა და რომელსაც ვერ დაერქმევა სიცოცხლე“. სიკვდილისაგან შემდეგი საფეხურით დაშორებული გრძნობაგულგრილობაა. გულგრილობას მოჰყვება შური, შურს მოჰყვება შეცოდება (სიყვარული კიწერს შალამოვი, ბრუნდება მაშინ, როდესაც ადამიანს ყველა გრძნობა უკვე დაბრუნებული აქვს). სულ ბოლოს კი ბრუნდება ენა: „შემეშინდა, თავზარი დამეცა, როდესაც ჩემს ტვინში, აი აქკარგად მახსოვსმარჯვენა თხემის ძვლის ქვემოთდაიბადა სიტყვატაიგისათვის სრულიად შეუსაბამო; სიტყვა, რომელიც მე თვითონაც ვერ გავიგე, მარტო ჩემმა ამხანაგებმა კი არა – „სენტენცია“. მოთხრობის გმირი ამ სიტყვას გიჟივით გაიძახის და ხარხარებს. „ამ სიტყვას ჩურჩულით ვამბობდი, ვყვიროდი, ამ სიტყვით ვაშინებდი და ვაცინებდი მეზობლებს. სამყაროს, ცას, ვთხოვდი პასუხს, განმარტებას, თარგმანს... ერთი კვირის მერე კი გავიგე და შიშის და სიხარულისგან შევძრწუნდი. შიშისაგანიმიტომ, რომ მეშინოდა იმ სამყაროში დაბრუნება, სადაც არ უნდა დავბრუნებულიყავი. მიხაროდარადგან ვხედავდი: ჩემი საკუთარი ნების წინააღმდეგ ცხოვრება მიბრუნდებოდა“. 

სიტყვა არის ბოლო საფეხური, რომელსაც კულტურის გარეთ, „შიშველი არსებობისმდგომარეობაში მოხვედრილი ადამიანი ადამიანობისაკენ დაბრუნების გზაზე გადის. სიტყვა ახერხებს აბსოლუტურად უარყოფითი გამოცდილებისგაწმენდას“, „გაფილტვრას“, „ტრანსფორმირებას“ – მის გადაქცევას იმად, რასაც შალამოვი თავის კრებულზე, „კოლიმურ მოთხრობებზე“ (“Колымские рассказы“) ამბობს: „ამ მოთხრობებში არ არის არაფერი, რაც არ იქნებოდა ბოროტების დაძლევა, სიკეთის გამარჯვება“. სიკეთის გამარჯვებარომელიც ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ნეგატიურის კულტურის სფეროში დაბრუნების, მკვდრის გაცოცხლების შესაძლებლობას იძლევა. მოწმობა, რომელიც ენის მეშვეობით გვაგებინებს უენობის და არა ადამიანობის შესახებ, სწორედ ასეთი ტრანსფორმატორია


დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. რედაქტორი ნინო ბექიშვილი, გამოცემაზე მუშაობდნენ ანა მარგველაშვილი, ირაკლი ხვადაგიანი, გიორგი შაიშმელაშვილი, მაგდა ცოცხალაშვილი, სოვლაბი, თბილისი, 2012. წიგნი გამოცემულია სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (dvv international) ფინანსური მხარდაჭერით. 

შენიშვნები

1. Соломон Волков, Диалоги с Иосифом Бродским, Москва, 2000.
2. იხ. აქვეგერმანია, როგორც შოკოლადის ნატეხი
3.
როდესაც ბებიაჩემმა ბაბუაჩემი გაიცნო და დაქორწინება გადაწყვიტეს, ბაბუაჩემმა სთხოვა, მისი ქართული ოჯახისთვის თავისი გერმანული წარმომავლობა არ გაემხილა“. – იგონებს მარიამ ჭაჭია
4.
ამერიკელი ლიტერატურათმცოდნე შოშანა ფელმანი (Shoshana Felman) წერს, რომ ჰოლოკოსტი იყო ისტორიული დარტყმამხედველობაზე“, და რომ არა მარტო მოკლული და მერე დამწვარი მსხვერპლი, არამედ დამნაშავეებიც დღემდეუხილავებიარიან. „Film as Witness: Claude Lanzmann’s Shoah“, in Holocaust Remembrance: the Shapes of Memory, ed. Geoffrey Hartman, London, Blackwell, 1994.
5.
ასეთია, მაგალითად, ვარაზაშვილების ოჯახის, საქართველოში სარკინიგზო და მანგანუმის მოპოვების პიონერების ისტორია. „მინდა რომ ჩემი ოჯახის ისტორია რაღაცნაირად დარჩეს“ – ასე იწყებს თავის მოგონებას ვერა ვარაზაშვილი
6.
ეს ცნება შემოიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა ტერენს დე პრემ (Terrence des Pres) და ლორენს ლანგერმა (Lawrence Langer). (Terrence des Pres, The urvivor: The Anatomy of Life in Death Camps, NY 1976; Lawrence Langer, Holocaust Testimoies: The Ruins of Memory, NY 1991. „ეს ცნება აღნიშნავს ყველა იმ მოწმეს, რომელსაც ან კონტაქტი აქვს პირველ თაობასთან“, ან ისტორიის ტრავმატულ მოვლენას განიხილავს, არა წარსულის დასრულებულ ნაწილად, არამედაქტუალურ საკითხად, რომელსაც ისე მძაფრად წარმოიდგენს, რომ მისი აღქმა მაქსიმალურად უახლოვდება თვითმხილველისას“ – წერს ჯეფრი ჰარტმანი. Geoffrey Hartman, „Shoah and Intellectual Witness“ // Partisan Review, NY 1998. 
7.
იხ. მარინა თაბუკაშვილის მიერ გამოცემული კრებულიასწლეული ინტერიერში“. თბილისი, 2011. 
8.
Sigrid Weigel, Zeugnis und Zeugenschaft, Klage und Anklage. Die Geste des Bezeugens in der Differenz von identity politics, juristischem und historiographischem Diskurs, in: Zeugnis und Zeugenschaft. Jahrbuch des Einstein Forums 1999.
9.
ვერა ვარაზაშვილი ამბობს, რომ მისთვის ბანაკის გამოცდილება მწერალ ევგენია გინზბურგის წიგნის წაკითხვის შემდეგ უფრო გასაგები გახდა (ევგ. გინზბურგი, სხვათა შორის, ვერას მამიდასთან ერთად იყო გულაგში). 
10. Надежда Мандельштам, Воспоминания, Mосква 1999;
11.
ამ სიტყვის ეტიმოლოგია ზუსტად არ არის დადგენილი; ერთ-ერთი ვერსიითმუსულმანებსმათ იმიტომ ეძახდნენ, რომ მუდმივად მცივანი ადამიანები, გასათბობად ჩაცუცქულები, რიტმულად იხრებოდნენ წინ და უკან, ამიტომაც ბანაკის სხვა წევრები მათ მლოცველ დერვიშებს ამსგავსებდნენ.  „доходяга“ – [ზღვრამდე] მისული.
12. დაკარგულ ისტორიაში ამ ტიპისაა რაისა მიქაძის მოგონებაკვერცხი“.
13.
ასეთ ცხოვრებას („მხოლოდადამიანს) აგამბენიშიშველსიცოცხლეს ეძახის და მას თანამედროვე ბიოპოლიტიკის პარადიგმად მიიჩნევს (იხ. ასევე ჯორჯო აგამბენი, ჰომო საკერი: სუვერენული ძალაუფლება და შიშველი სიცოცხლე (Homo Sacer: Il potere soverano e la vita nuda (1995). აგამბენის თქმით, ფუნდამენტური ცეზურა, რომელიც პოლიტიკურ და ბიოპოლიტიკურ სფეროს მიჯნავს, ხალხს (პოლიტიკური სხეულს) და მოსახლეობას (ბიოპოლიტიკურ სხეულს) ყოფს ერთმანეთისგან.
14.
Dory Laub, „Bearing Witness or the Vicitudes of Listening“ // Dory Laub/Shoshana Felman (Ed.), Testimony: Crises of Witnessing in Literature, Psychoanalisis, and History, London/NY 1992, p. 204-224. 
15.
იხ. Cathy Caruth, Unclaimed Experience. Trauma, Narrative and History, Johns Hopkins UP 1996.
16.
1924 წლის რეპრესიების ამბებს, სხვაახალგაზრდა მარქსისტი (მენშევიკი) ქალის რეტროპერსპექტივით იგონებს ქეთო ხუციშვილი
17. იხ. აქვე მარგარიტა ასტვაცატუროვას მოგონება
18.
Dory Laub, „Bearing Witness or the Vicitudes of Listening“ // Dory Laub/Shoshana Felman (Ed.), Testimony: Crises of Witnessing in Literature, Psychoanalisis, and History, London/NY 1992, p. 204-224.




No comments: