Friday 15 May 2015

პომადიანი და უპომადო ფემინიზმი



ლორენ ვეიზბერგერის რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში “ეშმაკი იცმევს პრადას” ორი თაობის და განსხვავებული ფილოსოფიის ქალს ვხვდებით: მირანდა პრისტლის, მოდის ცნობილი ჟურნალის რედაქტორი (რომელსაც ფილმში მერილ სტრიპი თამაშობს) და ენდი ზაქსს, უნივერსიტეტახალდამთავრებული დამწყებ ჟურნალისტს. 

რომანის (და ფილმის) შინაარსი დიდი სირთულით არ გამოირჩევა. ენდი ზაქსი ყველა სირთულეს შესანიშნავად გაართმევს თავს, ჩაცმას და დახურვასაც ისწავლის, თავისი მონსტრი უფროისის პატივისცემასაც დაიმსახურებს, პარიზშიც კი მოხვდება (რომელიც დღემდე იმ ადგილად ითვლება, სადაც მოდასთან ასე თუ ისე დაკავშირებულ ყველა ადამიანს სიკვდილის შემდეგ მოხვედრის იმედი აქვს), მაგრამ ბოლოს,  მოვალეობასა და სიყვარულს შორის, მაინც სიყვარულს აირჩევს, პრისტლის ცივ წყალს გადაასხავს და თავის ერთობ არაგლამურულ მზარეულ შეყვარებულს დაუბრუნდება. 

პრისტლი იმ თაობის ქალია, რომელსაც წარმატების მიღწევა ისეთ სამყაროში მოუწია, სადაც მამაკაცები დომინირებდნენ. ამ წარმატებსას თავისი ფასი ჰქონდა, კარიერა პირადი და ოჯახური ცხოვრების ხარჯზე გაიკეთა. ფილმში არის ერთი (ალბათ ყველაზე კარგი) სცენა, როდესაც მირანდა თავის ახალ თანაშემწეს, რომელსაც უნდა ყველას აჩვენოს, რომ ჩაცმა საერთოდ ფეხებზე ჰკიდია, უხსნის, რომ მისი სეილზე ნაყიდი ცისფერი ჯემპრი მოდის დიზაინერული აზრის შედევრია, რომელმაც ,დროთა განმავლობაში, ფართო მოხმარების უბნებამდეც ჩამოაღწია. 



ენდი ზაქსის შესაძლებლობა, დაიკიდოს კარიერა და სიყვარული არჩიოს, შესაძლებელი ზუსტად იგივე მიზეზის გამო ჩნდება: მირანდა პრიტსლის თაობა რომ არ ყოფილიყო, რომელსაც მამაკაცების სამყაროში თავის გატანა ძვირად დაუჯდა, ენდი ზაქსი თავისი არჩევანის გაკეთებას ვერ მოახერხებდა. 

ახლა რა შუაშია პომადიანი ფემინიზმი: 

საქართველოში ფემინიზმი, ან უფრო სწორად ქალთა მოძრაობა, იმ ფაზაშია, როდესაც ქალები კაცებს ეჯიბრებიან. უნდათ უფრო სქელი ჯიპებით იარონ, მანქანა უკეთესად ატარონ, უფრო შორს გადააფურთხონ, კვოტებით შევიდნენ პარლამენტში, მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ და საერთოდ, უფრო ყვერებიანები იყვნენ. პრობლემა იმაშია, რომ კონკურენციის იმ ფორმაში ჩაბმა, რომელიც საქართველოში “ჭუჭუს დატოლებითაა” ცნობილი, გულისხმობს, რომ ქალები აღიარებენ თამაშის იმ წესებს, რომლებიც კაცების მიერაა დაწესებული და შესაბამისად ფალოგოცენტრული სამყაროს გაუქმებას კი არ ცდილობენ, რომელიც სქესთა თანასწორობის ერთადერთი წინაპირობა იქნებოდა, არამედ, როგორც რევოლუციონერთა დიდ ნაწილს მოსდის ხოლმე, ამ სამყაროში ზემოდან მოქცევას ცდილობენ. კაცმა რომ თქვას, რატომაც არა, მაგრამ ფემინიზმი მაინც ცოტა სხვა რამეს გულისხმობს. 


არ ვიცი საიდან დაერქვა ქალების ამ ნაწილს წითელპომადიანი ფემინისტები. პომადიანი ფემინისტები, რომლებიც ჩვენი წითელპომადიანი ფემინისტებისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან, ფემინიზმის ე.წ. მესამე ტალღას წარმოადგენენ და ფიქრობენ, რომ ქალურობის ისეთი ატრიბუტები, როგორიცაა პირობითი პომადა თანამდევი  სოციალური ქცევით (რომელიც გამომწვევად მოქმედებს მამაკაცებზე) ქალების ძალაუფლების ერთ-ერთი ფორმაა და რატომაც არ უნდა გამოვიყენოთო. მამენტ, რატომაც არა, მაგრამ პრობლემა ისევ იმაშია, რომ სილამაზის ის კლიშეები, რომელსაც პომადიანი ფემინიზმი მისდევს, ისევ და ისევ სილამაზეზე ძალიან კონკრეტული წარმოდგენის, კერძოდ კი დასავლურ კულტურაში საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ესთეტური და სოციალური მოდელის შედეგია. რაც არ უდნა სუბევრესიული აფირმაცია (ფორმის მიღება შინაარსის რადიკალური ცვლილებით) დავარქვათ ამ ესთეტიური და სოციალური კლიშეს მიღებას, ის მაინც სილამაზის და სოციალური ქსელის კონკრეტული ფორმის ვარიაციად დარჩება მაშინაც კი, თუ წინ პლიუსის მაგივრად მინუსს დავუწერთ. 

პომადიანი ფემინიზმი ვერ იარსებებდა მეორე ტალღის ფემინისტების ბრძოლის და ძალისხმევის გარეშე, რომლებიც ცდილობდნენ მაინც, ქალის შესახებ წარმოდგენა დაეცილებინათ კაცის მზერისათვის და ქალისთვის ქალის (ან პირობითათ ნეიტრალური, სქესგარეშე, queer) თვალით შეეხედათ. 

ის, რასაც საქართველოში წითელპომადიან ფემინიზმს ეძახიან, პომადიანი ფემინიზმიც არ არის, იმიტომ რომ არ ყოფნის გამბედაობა ყველაფერი დანარჩენი გააკეთოს, რისი სიმბოლოც პომადაა, მაგრამ ეს არ არის მისი მთავარი პრობლემა. მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ფემინიზმის ამ ფორმის იდეალი სინამდვილეში კაცია, ოღონდ ისეთი კაცი, რომელიც ბიოლოგიურად ქალია. 

აქ მინდოდა მიმეწერა პატარა დასკვნა, მაგრამ გადავიფიქრე და გადავწყვიტე ეს საქმე მკითხველითვის მიმენდო. 










4 comments:

Unknown said...

ქართული წითელპომადიანი ფემინისტი დიახაც დამოუკიდებელი მოვლენაა და არ აკოპირებს სხვა ისტორიულ მოვლენას. ქვეყანაში სადაც ვაჟკაცი ქალია კომპლიმენტად ითვლება, წითელი პომადა სწორედ რომ ქალის ქალურობას უსვამს ხაზს და ყველა ქალს აძლევს შანსს რომ სწორედ "ყვერებიანი" ქალები არ იყვნენ თუ არ უნდათ. ავტორს ლოგიკაში გარღვევა აქვს...

Unknown said...

რის მიღწევას ცდილობ ზაალ ამ ბლოგით, გინდა ფემინიზმი გახდეს უფრო ბრძოლისუნარიანი თუ უბრალოდ მიზოგინიური ტექსტის დაწერის სურვილი გაგიჩნდა უცებ და "თავ კონტროლი ვერ გაუწიე"?

Unknown said...

მიზოგინიის ძველი გამოვლინება ყოფილა, მაპატიე ეხლაღა შევამჩნიე თარიღი. იმედია იგივე პოზიციაზე არ ხარ დღესაც.

Zaal Andronikashvili said...

უკაცრავად, მაგრამ პრინციპულად მიუღებელი მიმაჩნია ნებისმიერ დისკუსიაში მონაწილეობა, რომელიც არგუმენტაციული ნაწილის სრული იგნორირებით პირდაპირ შეფასებით ნაწილზე გადადის. კიდევ ერთხელ მომიწევს იმის გამეორება, რომ შეფასება, ვისიც ან როგორიც არ უნდა იყოს, საერთოდ არ მაინტერესებს. - ამ ბლოგპოსტს თავის დროს მოყვა გრძელი დისკუსია, რომელიც ზოგან საქმიანი იყო, ზოგან უსაგნო.