"მოდი! გეძახი ათას წლის მერე"Tuesday, 17 August 2010
"ყივჩაღის პაემანი" 2
"მოდი! გეძახი ათას წლის მერე"ფეისბუქის პოსტები და კომენტარები.
ფეისბუქის პოსტები და კომენტარები.
პოსტი: XY
გუშინ ღამე გამომეღვიძა და გადავაფსი. ჩემი ფსელის ჩუხჩუხი ისმოდა წყნარ ღამეში.
კომენტარები:
ამბერკი: ხანდახან მეც მეფსია ხოლმე ღამ-ღამობით
მანანიკო: ვაიმე, ღამე მოფსმა რა ფანტასტიურია! (დახატული გული)
მაია: XY თქვენ ჭეშმარიტი მამულიშვილი ბრძანდებით!!!
შუქრი: აი თქვენ ფსამთ, ამ დროს კი იცით რა ხდება? რატომ არ იღებთ ხმას?
თეა: ჟოპოების .... ..... .... .....
etc etc.
Wednesday, 14 July 2010
რუსოფობია, როგორც კულტურული მექანიზმი

“შიში შეიქმს სიყვარულსა”
რუსთაველი
ეს წერილი თავისუფლად შეიძლებოდა მიზოგინიისთვის ან ჰომოფობიისთვის მიმეძღვნა. რუსოფობიაზე იმიტომ შევჩერდი, რომ თუ ჰომოფობი საქართველოში ასე თუ ისე ექსტრემისტთან (გნებავთ რელიგიურთან, გნებავთ პოლიტიკურთან) არის გაიგივებული, რუსოფობს გულანთებული პატრიოტის ნიღაბი აქვს მორგებული. რუსოფობს ჰგონია, რომ თუ ყველაფერ რუსულს შეებრძოლება, სასარგებლო საქმეს გააკეთებს. სინამდვილეში, აზროვნების და აზროვნების შედეგების თვალსაზრისით, რუსოფობს და ჰომოფობს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
"მაქვს უფლება, ვიყო რუსოფობი! რა დროს კორექტულობაა, როდესაც ტანკები ჩემი სახლიდან 40 კილომეტრში დგანან", _ ამბობს რუსოფობი. ამ ფრაზაში უხერხულობაც ჩანს, რომელსაც რუსოფობი გრძნობს, რადგანაც თავისი ფობიის გამართლებას ცდილობს. სხვა დროს და სხვა სივრცეში რუსოფობი არ იქნებოდა რუსოფობი და კორექტულობის (ან თუნდაც გულგრილობის) დროც ექნებოდა, რომელიც ახლა არ აქვს. საქართველოში რუსოფობიის მიზეზები ძნელად ასახსნელი არ არის. დღეს რუსეთი საქართველოს მტერი და არაკეთილმოსურნეა. ეს კი არა მარტო პოლიტიკურ სივრცეზე, არამედ საზოგადოებრივ ცნობიერებაზეც ახდენს გავლენას. რუსეთთან ომგადახდილ და ომწაგებულ ქვეყანაში არ არის გასაკვირი, რომ ადამიანს რუსეთის მიმართ აგრესიის, სიძულვილის ან თუნდაც ზიზღის გრძნობა გაუჩნდეს. არ ვაპირებ რუსოფობებთან პოლემიკას და იმის დასაბუთებას, რატომ არ არის, ვთქვათ, მანდელშტამი ან რახმანინოვი დამნაშავე პუტინის პოლიტიკაში და რატომ არის სისულელე ყველაფერი რუსულის მიუღებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის რუსულია. ჩემთვის საინტერესოა, რამდენად ადეკვატურად პასუხობს რუსოფობი რუსეთის პოლიტიკურ მტრობას.
ენერგიების (მათ შორის ნეგატიური ენერგიების: სიძულვილის ან ზიზღის) ტრანსფორსფორმაციის, მათი კულტურალიზაციის მექანიზმები ახალი აღმოჩენილი არ არის. არისტოტელე “პოეტიკაში” ტრაგედიის კატარტულ ეფექტზე საუბრობს: ტრაგედიის მაყურებელი (და მონაწილე) უარყოფითი ემოციებისგან (მათ შორის შიშისაგანაც) თავისუფლდება. ენერგიების ტრანსფორმაციის ყველაზე ცნობილი მექანიზმი ალბათ სუბლიმაციაა. სუბლიმაცია თავდაცვითი მექანიზმია და ფსიქიკის კონფლიქტური ტენდენციების დაძლევას ან კომპენსირებას ემსახურება. სუბლიმაციას (ამაღლებას) ზიგმუნდ ფროიდი განმარტავს როგორც ინსტინქტური სურვილების კულტურულ (ხელოვნების, რელიგიის, მეცნიერების) ფორმებად ტრანსფორმაციას.
ემოციების ან აფექტებისაგან არც პოლიტიკური სივრცეა თავისუფალი. მტრისა და მოყვარის განსხვავება (ორივე ცნება აფექტურად დატვირთულია) არა მარტო პოლიტიკის, არამედ ზოგადად კულტურის პრინციპიცაა. მტრობა, პოლემიკა, დაპირისპირება კულტურული ფორმების გენერატორია: მოსეს კანონები ეგვიპტური კანონების საპირისპიროდ იქმნება, XVII საუკუნეში ფრანგი მწერლები ლათინურის გავლენას უპრისპირდებიან, ერთი საუკუნით გვიან კი ჰერდერი ფრანგულ ლიტერატურას გაემიჯნება და ხალხურ პოეზიას და გერმანულ მითოლოგიას "აღმოაჩენს". ოღონდ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი გამიჯვნის შემთხვევაში, ის, რასაც შენ ემიჯნები, შენში უხილავ ათვლის წერტილად, იმ სახელდაუდებელ სიცარიელედ იქცევა, რომლის გარშემოც ტრიალებს შენი კულტურა.
ამ მექანიზმს კულტურული სუბლიმაცია შეიძლება ვუწოდოთ - როდესაც “სხვისაგან” გამიჯნვა (რომელიც ყოველთვის აფექტურია), “შენს” კულტურულ სივრცეს ქმნის. ასეთი გამიჯნვის მექანიზმისგან განსხვავდება ფობია, როგორც უსაფუძვლო შიში, რომელიც ვლინდება გადაჭარბებულ და გადამეტებულ სურვილში, თავი აარიდო შიშის წყაროს. განსხვავებით სხვა ფობიებისაგან, ქსენოფობია და მისი ნაირსახეობები არა მარტო და არა იმდენად ფსიქოლოგიური ფენომენებია, რამდენადაც _ კულტურული. ქსენოფობია არაფერს გვეტყვის უცხოს შესახებ (ისევე, როგორც არაქნოფობია ვერაფერს გვეტყვის ობობებზე ან აგორაფობია ვერაფერს გვეტყვის ღია სივრცეებზე), სამაგიეროდ შეიძლება ბევრი რამ გვითხრას ჩვენს საზოგადოებაზე. თუ საზღვრის გავლება, გამიჯნვა, სუბლიმაცია კულტურული მექანიზმია, რომელიც კულტურული ფორმების გამომუშავებას უწყობს ხელს, ფობიის შემთხვევაში, ერთის მხრივ, ვერ ხერხდება შიშის და აგრესიის ნაზავის ადეკვატური ტრანსფორმაცია და, შესაბამისად, ფობიის წყაროსაგან გათავისუფლება. “გავთავისუფლდეთ რუსეთისაგან”, – ამბობს რუსოფობი, მაგრამ ფობიის ლოგიკა მას გამუდმებით ფობიის წყაროსთან აბრუნებს. მეორეს მხრივ კი ფობიისაგან გათავისუფლება იმიტომ ვერ ხერხდება, რომ ფობიით შეპყრობილს არ შესწევს კულტურული ფორმის შექმნის ძალა. ფობიით შეპყრობილი ყოველთვის უძლურია.
სუბლიმაციისგან განსხვავებით, იმ მექანიზმს, რომელსაც ფობია ამუშავებს, პირობითად დესუბლიმაცია, დამდაბლება, ტრივიალიზაცია შეიძლება ვუწოდოთ. დესუბლიმაციის (ტრივიალიზაციის) აღსაწერად ცოტა ხნით ფობიას მოვეშვები და (რუსოფობების გასახარად) რუსულ ლიტერატურას მოვიშველიებ. დესუბლიმაციის რუსული შესატყვისი არის სიტყვა "опошлить". ესსეიში “ნიკოლაი გოგოლი” ვლადიმირ ნაბოკოვი пошлость-ს (Posh-lust ან Poshlost) განმარტავს როგორც “ყალბად მნიშვნელოვანს, ყალბად ლამაზს, ყალბად ჭკვიანს, ყალბად მიმზიდველს”. ესსეიში “Pჰილისტინეს ანდ Pჰილისტინყ” (“ფილისტერები და ფილისტერობა”) ნაბოკოვი წერს: “რამისათვის “პოშლიზმის” (პოსჰლისმ) მომაკვდინებელი იარლიყის მიკერება არა მარტო ესთეტიკურ, არამედ მორალურ ბრალდებასაც ნიშნავს”. ნაბოკოვისგან განსხვავებით, ტრივიალიზაციას არც ესთეტიკური არც მორალური თვალსაზრისით არ განვიხილავ. ტრივიალიზაციის მექანიზმის გამოსავლენად კი იმ მწერალს მივაკითხავ, რომელიც ერთნაირად (თუმცა განსხვავებული მიზეზებით) არ უყვართ ნაბოკოვს და ქართველ რუსოფობებს. დოსტოევსკის რომანში "ეშმაკნი" მთხრობელი კაპიტანი ლებიადკინს ასე ახასიათებს: “Есть люди, которым чистое бельё даже неприлично-с”. (ჩემი აზრით, ეს "пошлость"-ის საუკეთესო განმარტებაა). რომ დავფიქრდეთ, რატომ შეიძლება იყოს უხერხული ზოგიერთი ადამიანისთვის სუფთა საცვლის ტარება, მივხვდებით, რომ ამ უხერხულობის (ან გნებავთ ნაბოკოვისეული სიყალბის) შეგრძნების მიზეზი შეუსაბამობაა ფორმასა და შინაარსს შორის (ეს უხერხულობა იმავდროულად ის უხერხულობაცაა, რომელსაც რუსოფობი გრძნობს). გარეგნული არაადეკვატურობა ლებიადკინსა და მის ჩაცმულობას შორის ეკვივალენტურია ზოგადად გამოხატვის უუნარობისა: ლებიადკინი ვერ ახერხებს "ბუნებრივის" _ ემოციების და სურვილების კულტურულ ტრანსფორმაციას _ ანუ სუბლიმაციას. "Признак этих людей — совершенное бессилие сдержать в себе свои желания; напротив, неудержимое стремление тотчас же их обнаружить, со всею даже неопрятностью, чуть только они зародятся." - გვიხასიათებს ლებიადკინს მთხრობელი. ემოციების ნაკლებობას ლებიადკინი არ განიცდის: "— здесь, в этом сердце, накипело столько, столько, что удивится сам бог, когда обнаружится на Страшном суде!” მისი გასაჭირი ის არის, რომ არ შესწევს კულტურული ფორმის შექმნის ძალა. ძალიანაც უნდა, მაგრამ არ გამოსდის. ემოციის გამოხატვას ლებიადკინი პოეტური ფორმით ცდილობს და ასეთ იგავ-არაკს თხზავს:
Жил на свете таракан,
Таракан от детства,
И потом попал в стакан,
Полный мухоедства...
Место занял таракан,
Мухи возроптали.
«Полон очень наш стакан», —
К Юпитеру закричали.
Но пока у них шел крик,
Подошел Никифор,
Бла-го-роднейший старик...
ლებიადკინი იგავ-არაკის ლექსად დამთავრებას ვერ ახერხებს და პროზაზე გადადის. ნიკიფორი ბუზებიან-ტარაკნიან ჭიქას გადაღვრის. ეს ნიკიფორი ბუნებას განასახიერებსო, _ ასე ამთავრებს კაპიტანი თავის ოპუსს. იქ, სადაც კულტურული ფორმის შექმნა ვერ ხდება, თითქოს ბუნებრივ მდგომარეობაში დაბრუნება უნდა მოხდეს, თუმცა “ფორმა”, რომელიც ლებიადკინს გამოსდის "ბუნებრივიც" არ არის. პროდუქტი, რომელსაც ლებიადკინი ქმნის "неопрятность" - "ფეთხუმობა" – ადეკვატურად ვერგამოხატული და შესაბამისად დარღვეული კულტურული ფორმის ეკვივალენტია.
მიუხედავად არაადეკვატური გამოხატვის გროტესკული ფორმისა, ის არც გროტესკულია არც პაროდიული, რადგანაც გროტესკიც და პაროდიაც მიზანმიმართულია და ყოველთვის კულტურულ სივრცეში რჩება. ამ უხეირო იგავ-არაკში ლებიადკინი ცდილობს თავისი (ტარაკანის) და გუბერნიის ქალაქის საზოგადოების (“стакан полный мухоедства”) ურთიერთობა აღწეროს. Bბუნება, რომელიც კაპიტანი-ტარაკანის იგავ-არაკში მასაც და გუბერნიის ქალაქის საზოგადოებასაც ანადგურებს, მიგვანიშნებს, რომ ლებიადკინი ვერ ახერხებს ისეთი კულტურული სივრცის წარმოდგენას, რომელიც რაიმე აზრის მატარებელი იქნებოდა. სივრცე, რომელსაც დესუბლიმაცია ქმნის, კულტურული არ არის, მაგრამ არც ბუნებრივია.
მაშ როგორია ლებიადკინის (და ზოგადად დესუბლიმაციის) სივრცე? რა ხდება იქ, სადაც ვერ ხერხდება კულტურული ფორმების და აზრის მატარებელი კულტურული სივრცის შექმნა? ამ შეკითხვას რომ ვუპასუხო, ისევ კულტურულ ფორბიას უნდა დავუბრუნდე. კულტურული ფობია დესტრუქციულია. არ არის აუცილებელი ეს დესტრუქცია სხვის (გნებავთ მტრის ან უცხოს) წინააღმდეგ იყოს მიმართული. პირიქით, ფობიის მიერ ამოქმედებული დესუბლიმაცია არა თუ ვერ ქმნის აზრის მატარებელ კულტურულ სივრცეს, არამედ არსებულ კულტურულ სივრცესაც შლის. საილუსტრაციოდ ორ მაგალითს მოვიყვან:
ლეგენდა გვიამბობს, რომ ირანის კასტრატ შაჰს, აღა მაჰმად ხანს, თბილისის გოგირდის აბანოების სამკურნალო ძალის იმდენად სჯეროდა, რომ ეგონა, მის უძლურებასაც განკურნავდა. გოგირდის აბანომ თბილისს დაპატრონებული აღა მაჰმად ხანს, რაღა თქმა უნდა, ვერ უშველა. განრისხებულ შაჰს აბანოების დანგრევა უბრძანებია. ამ შემთხვევაში უმნიშვნელოა, ნამდვილია თუ არა ლეგენდა. მნიშვნელოვანი შაჰის რეაქციაა, უძლურების დესტრუქციაში ტრანსფორმაცია.
მეორე მაგალითი უფრო კარგად ახასიათებს ფენომენს, რომლის აღწერაც მინდა. XX საუკუნის სამოციან თუ სამოცდაათიან წლებში ქართველ ისტორიკოსთა თუ არქეოლოგთა ჯგუფი სამარყანდში მოხვდა. ისტორიული სამართლიანობის აღსრულების ჟინი ურაპატრიოტმა ქართველებმა თავისებურად მოიკლეს: ღამით გურ-ე-ამირის მავზოლეუმში შეიპარნენ და თემურ ლენგის საფლავს დააფსეს. თემურ-ლენგმა საქართველო რვაჯერ ააოხრა. მისი სისასტიკე და დაუნდობლობა ქართველების ისტორიული მეხსიერების ნაწილი გახდა. მაგრამ ქართველი ისტორიკოსების (თუ არქეოლოგების) საქციელს ეს სისასტიკე ვერ ახსნის. ამ შემთხვევაში, ნეგატიური ენერგია (ისტორიულ მეხსიერებაში ჩადებული შურისძიების აფექტი) უქმ სვლაში (idling, холостой ход) ტრანსფორმირდება. მოქმედება რამე კონკრეტულ შინაარს კი არ იძენს, მისი სემანტიკური პოტენცია უქმდება. მოქმედება უქმი-უმაქნისი-ქმედუუნარო-ი
აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციის პასუხად, ქართველი რუსოფობი დესუბლიმაციის მექანიზმს რთავს. რუსოფობია მას შესაძლო მოქმედებებიდან ყველაზე არაადეკვატურს არჩევინებს. რუსოფობს სურს, თავისი ფობია შურისძიების აქტით დაძლიოს, შური იძიოს რუსეთზე, ოღონდ ამას ისე აკეთებს, როგორც აღა-მაჰმად ხანი _ აბანოებზე, ან ქართველი ისტორიკოსი (თუ არქეოლოგი) _ თემურ ლენგზე. მისი შურისძიების აფექტი უაზრო და უქმია და მიმართულია იმისკენ, რაზეც ხელი მიუწვდება: ის მოითხოვს პუშკინის ძეგლის აღებას, უარს იტყვის პელმენების ჭამაზე, ანდა მანდელშტამის ან დოსტოევსკის წიგნს დახევს.
რუსოფობიის პრობლემა არც ესთეტიკური ბუნებისაა ("უგემოვნოა"), არც ეთიკურისა (“არაპოლიტკორექტულია”). რუსოფობიის პრობლემა ონტოლოგიურია: ის ნეგატიური აფექტის უქმ ტრანსფორმაციას ახდენს და დესუბლიმაციის მექანიზმს რთავს, რომელიც, რუსულ საფრთხეებზე ადეკვატური პასუხის გაცემას ვერ ახერხებს. რუსოფობი უძლურია, შექმნას გააზრებული კულტურული სივრცე, რომელიც, მაგალითად, რუსულს დაუპირისპირდებოდა. პირიქით, რუსოფობი საკუთარ კულტურულ სივრცეს შლის და მამარდაშვილისეულ ანტიკულტურულ, აღუწერელ სივრცედ აქცევს.
Friday, 5 February 2010
"მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი"
რეზიდენტის ინიციატივას, საქართველოს სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დანერგვის შესახებ საჯარო (ცოტა) და კერძო (ბევრი) კომენტარი მოჰყვა. პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა კარგად ვერ ჩამოაყალიბა სათქმელი (ვარიანტი: ჩვენ ვერ გავიგეთ კარგად რისი თქმა უნდოდა), რომ პრეზიდენტის ინიციატივა მოუფიქრებელი იყო, მაგრამ მასში არის რაციონალური მარცვალი, რომ პრეზიდენტის სიტყვები მხოლოდ რიტორიკაა, რომელსაც დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, სამაგიეროდ ყურადღება უნდა მივაქციოთ პრაქტიკას (ანუ იმას, როგორ აისახება საბოლოო ჯამში პრეზიდენტის "ოცნება" სასწავლო გეგმებში), რომ პრეზიდენტის ინიციატივა მართალია მოუფიქრებელი იყო, მაგრამ მას (როგორც ხშირად მომხდარა) მხოლოდ რესურსების უაზრო ხარჯვა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ამაში დრამატული არაფერია და ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რომ ის სამხედრო პატრიოტიზმი, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს, მხოლოდ ჟღერადობით ჰგავს საბჭოთა სამხედრო პატრიოტიზმს, შინაარსით კიდევ სუუუულ სხვაა.
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერები პრეზიდენტს ჩემზე უკეთ იცნობენ და უკეთ მოეხსენებათ პრეზიდენტის სიტყვას რა წონა აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის სიტყვებით მთლად უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის, იმიტომ რომ ამ ადამიანის სიტყვებს მაინც აქვს რაღაც გავლენა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
გუშინ პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით. მეც გადავწყვიტე რამდენიმე კომენტარი გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერებს მისი სიტყვების "კონტენტ-ანალიზი" რატომღაც აღიზიანებთ.
”ვთქვით, რომ შემოვიღოთ სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, ნუ შეიძლება ამას დავარქვათ სამოქალაქო თავდაცვა." - გვეუბნება პრეზიდენტი. "მაშინვე ატყდა ერთი ვაი-ვიშვიში ე.წ. ლიბერალებში, რომ ’ეს რა უბედურებაა, ეს რა ცუდი ტონია, როგორ შეიძლება’. სხვათაშორის ის რაც იყო სამხედრო აღზრდა ადრე, საბჭოთა დროს, მართლა კარგი არ იყო. ეს იყო ფორმალობა”.
პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა არ იყო კარგი საბჭოთა "სამხედრო აღზრდაში". ის რომ "ეს იყო ფორმალობა"? დანარჩენი როგორც ჩანს მისაღები და მისასალმებელი ყოფილა. "ე.წ. ლიბერალების" კრიტიკა (პრეზიდენტის ტერმინოლოგიით "ვაი-ვიში" კი პრეზიდენტს ისე გაუგია, თითქოს საუბარი "ცუდ ტონზე", ანუ გემოვნების პრობლემებზე ყოფილიყო. საუბარი კი, რამდენადაც მახსოვს სკოლის მილიტარიზაციაზე და იდეოლოგიზაციაზე და საბჭოთა იდეოლოგიური ფორმების აღორძინებაზე იყო. ამ კრიტიკას ჯერ-ჯერობით შედეგად მხოლოდ ის მოყვა, რომ "სამხედრო-პატრიოტიზმი" "სამოქალაქო თავდაცვით და უსაფრთხოებით" ჩაანაცვლეს. (ეს "სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება" მინისტრი შაშკინის გაგებით პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამხედრო პატრიოტიზმისაგან დიდად რომ არ განსხვავდება, ცალკე დავწერე და ახლა ამაზე არ შევჩერდები). ახლა კი პრეზიდენტს იმის არგუმენტირება გადაუწყვეტია, რომ მის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა სულაც არ იყო ცუდი. მოდით, პრეზიდენტის არგუმენტებს გადავავლოთ თვალი:
- ისრაელის მაგალითი. იქ (ისრაელში), როგორც პრეზიდენტი გვეუბნება, მოსახლეობამ იცის, როგორ მოიქცეს დაბომბვების დორს. პრეზიდენტის ეს არგუმეტი ცოტა არი იყოს ნაცუღლუტევია. (რამდენადაც ვიცი, ისრაელში სამოქალაქო თავდაცვა სკოლებში ცალკე არ ისწავლება). თუკი საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც გამუდმებით ემუქრება ომის საფრთხე, მაშინ უნდა არსებობდეს სამოქალაქო თავდაცვის ცენტრები, სადაც მთელ მოსახლეობას უნდა ესწავლებოდეს, როგორ მოიქცეს საომარ ვითარებაში. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სამოქალაქო თავდაცვა სასკოლო საგანი. გარდა ამისა, ალბათ იმისათვის, რომ ასწავლო როგორ შეაფაროს ადამიანმა თავი დაბომბვას ჯერ ალბათ ბომბსაცავი უნდა ააშენო - და საერთოდ შეიმუშაო სამოქალაქო თავდაცვის გეგმა, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომის დროს არ აღმოაჩნდა).
- ძირძველი ქართული პატრიოტიზმი: როგორც ჩანს პრეზიდენტს თავისი პირველი არგუმენტი დამაჯერებლად არ მიაჩნია და მის ასეთნაირად გამყარებას ცდილობს: "სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ჩვენ შვეიცარიაში და ჰოლანდიაში და არა ვართ გარშემორტყმული ერთი მიმართულებიდან ძალიან მეგობრული ქვეყნით და საქართველოს სჭირდება ყველაფერი ეს და არაფერი მილიტარისტული ეს არ არის. მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი,” - ამ არგუმენტში პრეზიდენტი სკოლის თემატიკას სცილდება და ისტორიულ წიაღსვლებს აკეთებს. არ ვიცი, რას აძლევს პრეზიდენტს XI-XII საუკუნეების საქართველოს XXI საუკუნის საქართველოსთან შედარება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ დავით აღმაშენებლის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა დღევანდელ საქართველოს რთულად თუ გამოადგება, მიუხედავად იმ ხშირი პარალელებისა, რომელსაც პრეზიდენტი თავის თავსა და დავით აღმაშენებელს შორის ავლებს ხოლმე. (დავით აღმაშენებლის განათლების პოლიტიკას რაც შეეხება, გელათის და იყალთოს აკადემიებში სამხედრო-პატრიოტიზმი, გნებავთ სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება არ ისწავლებოდა).
სამაგიეროდ ეჭვს არ იწვევს პრეზიდენტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ”საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა". ეჭვს იწვევს აქედან გამოტანილი დასკვნები ”არსებობს ხალხი, ვისაც მაგალითად მიაჩნია, რომ სამხედრო პატრიოტული აღზრდა ეს არის მილიტარიზმი და სამოქალაქო თავდაცვა, ეს არის პროვოკაცია, რომ საერთოდ, ჯარის არსებობა საქართველოში ეს არის პროვოკაცია". არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა, თითქოს ვინმე ფირქობდეს, რომ სამოქალაქო თავდაცვა პროვოკაციაა. სამოქალაქო თავდაცვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის საჭირო, ოღონდ ეს სასკოლო საგანი არ არის. კიდევ უფრო გაუგებარია, რა ლოგიკამ მიიყვანა პრეზიდენტი იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიუღებლობიდან გამომდინარეობს, რომ "ჯარის არსებობა საქართველოში არის პროვოკაცია". ჯარის არსებობა ნებისმიერ სახელმწიფოში საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს მოსახლეობის ტოტალურ მილიტარიზაციას სკოლის მოსწავლეების ჩათვლით. სამწუხაროდ, პრეზიდენტისათვის ეს განსხვავება, როგორც ჩანს, ცხადი არ არის.
იქიდან, რომ "საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა" არანაირად არ გამომდინარეობს, რომ სკოლებს "სამხედრო-პატრიოტული აღზრდა" სჭირდებათ (ისევ და ისევ: შუა საუკუნეების თავდაცვის პოლიტიკით (ქუდზე კაცი) XXI საუკუნეში ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია - სამწუხაროა და სავალალოა, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსალდალს ქვეყნის თავდაცვა ასე აქვს წარმოდგენილი). ვერც პრეზიდენტმა, ვერც განათლების მინისტრმა აქამდე ვერ შეძლეს იმის დასაბუთება, რა საჭიროა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდა ვერც თავდაცვის ვერც განათლების ამოცანებიდან გამომდინარე. "საქართველომ უნდა თავის თავი დაიცვას," - გვეუბნება პრეზიდენტი - "ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და ერთადერთი შანსი ასევე გადარჩენის". ძნელია პრეზიდენტს იმაში შეეკამათო, რომ საქართველომ თავისი თავი უნდა დაიცვას და თავისი თავის დაცვა შეძლოს. საკითხავი კი სწორედ აქედან იწყება: როგორ? პრეზიდენტის ინიციტიავები საქართველოს მოსახლეობის ტოტალური მილიტარიზაციის და სკოლების რეიდეოლოგიზაციის შესახებ კი მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ამ შეკითხვაზე პრეზიდენტს ადეკვატური პასუხი არ გააჩნია.
ps. ცალკე საკითხავია, რა "რაციოა" სინამდვილეში "სამხედრო-პატრიოტული აღზრდის" მიღმა. მე მგონია, რომ სამხედრო-პატრიოტიზმი არის ნაციონალური მოძრაობის ახალი იდეოლოგია (საქართველოს პრეზიდენტის ინტელექტუალური პროდუქტი - ამ მხირვ ოქრუაშვილი მასთან ბევრად უფრო ახლოს იდგა ვიდრე მისი გუნდის სხვა, უფრო ლიბერალური წევრები), რომელიც მომდინარეობს ძლიერი სახელმწიფოს რიტორიკიდან (სააკაშვილის გაგებით ძლიერი ჯარი და პოლიცია), პრაქტიკულად აისახა რეზერვში და პატრიოტთა ბანაკებში და ახლა სკოლაში უნდა მიიღოს საყოველთაო და სავალდებულო ფორმა.
Saturday, 16 January 2010
Back in the USSR

Back in the USSR
“ძალუმი სუნთქვით სუნთქავდა ევრაზიის გზაკვეთილზე იმპერია კავკასიელთა. „
ლევან სანიკიძე
საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საქართველოს სკოლებში სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღების შესახებ საბჭოთა იდეოლოგიური ფორმების და პრაქტიკების აღორძინებას ნიშნავს.
2010 წლის 12 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სკოლებში აუცილებლად უნდა დაინერგოს სამხედრო-პატრიოტული აღზრდა. ტერმინი, როგორც ჩანს, საქართველოს პრეზიდენტს ყურს სჭრის, ამიტომ ის სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას პირდაპირ აღარ მოიხსენიებს. “ჩვენ ეს (სამხედრო პატრიოტული აღზრდა) ნაჩქარევად გავაუქმეთ… ეს ელემენტარულად საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებმა მინიმუმ ბევრი რაღაცა გაიგონ თავის ქვეყანაზე” - საქართველოს პრეზიდენტს ალბათ ჰგონია, რომ სკოლაში ისტორიის, ლიტერატურის და გეოგრაფიის გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეები თავისი ქვეყნის შესახებ ვერაფერს გაიგებენ, ან იმას, რასაც იგებენ, დამატებითი ინტერპრეტაცია სჭირდება. იმისათის რომ ბავშბებმა გაიგონ “მინიმუმ ბევრი რაღაცა”, სხვა საგანია საჭირო - ეს საგანი კი “სამხედრო პატრიოტიზმია”. გაიგონ ამ შემთხვევაში გულისხმობს “სწორად გაიგონ”, სწორად კი ალბათ იმას ნიშნავს, როგორც ეს საქართველოს პრეზიდენტს ესმის.
Pitkin, make contorted face!
მოდით, იმის გარკვევაც ვცადოთ, როგორ ესმის პრეზიდენტს “ეს”. “სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, მხედრული სულისკვეთების გაღვივებას - ის რაც ქართველებსა და საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ხალხებს ყოველთვის ბუნებაში ჰქონდათ, ასევე საქართველოს სამხედრო ისტორიის სწავლებას,”- განგვიმარტავს პრეზიდენტის სიტყვებს მისი პრეს-მდივანი.
დავიწყოთ ფორმულით “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხები”. შესაძლოა, პრეზიდენტის პრესმდივანი ცდილობს ამ ფორმულით ეთნო-ნაციონალიზმში ბრალდება თავიდან აიცილოს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ქ-ნი მანჯგალაძე თავს არიდებს ცნებას “საქართველოს მოქალაქე”. ეს ჩანაცვლება კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ “მოქალაქე” საკუთარ სახელმწიფოსთან და იმ ფასეულობებთან, რომელზეც ეს სახელმწიფოა დაფუძნებული, რაციონალურ იდენტიფიკაციას, შესაბამისად კი თავისუფალ აზროვნებას, თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. სამხედრო პატრიოტიზმი კი პირველ რიგში გარკვეულ ტერიტორიასთან, ეთნოსთან ან ადამიანთან (ან სამივე კომპონენტის ნაზავთან, გავიხსენოთ “за Родину, за Сталина” ან “Ein Land, ein Volk, ein Führer”) აფექტურ კავშირს ნიშნავს. აქედანვე შევიტყობთ, თუ როგორი ადამიანების აღზრდა სურს საქართველოს პრეზიდენტს: არა მოქალაქეების, არამედ აფეტური, ადვილად დასამორჩილებელი და იოლად მართვადი მასის. ქ-ნი მანჯგალაძის კომენტარში უკვე ვხედავთ სამხედრო-პატრიოტული მითოლოგიის ბირთვს: ქართველების (და “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხების”) ბუნებაში არის თვისება, რომელსაც “გაღვივება” სჭირდება. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანს, როგორც ჩანს “ბუნებაზე” ფრიად თავისებური წარმოდგენები აქვს, თუ ჰგონია, რომ ხალხის “ბუნებაში” შეიძლება რამე იყოს. თუმცა ეს სიტყვა აღარ გაგვაკვირებს, თუ გავიხსენებთ, რომ ერთა “ბუნება” ნაციონალისტური მითოლოგიების მნიშვნელოვანი კომპონენტია. “ბუნებაში” ჩადებული თვისებების “გაღვივება” კი თავდაცვის და განათლების სამინისტროებს დაევალება. ისიც ნიშანდობლივია, რომ ორივე სამინისტროს ყოფილი “ციხეების მინისტრები” ხელმძღვანელობენ. საქართველოს განათლების სისტემა 2010 წლიდან რეპრესიულ, ტოტალიტარულ და მილიტარისტულ “სულისკვეთებას” დაექვემდებარება.
საინტერესოა, რა მეთოდებით ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი და მისი აზრების გამხმოვანებელი “მხედრული სულისკვეთების გაღვივებას?”
სამხედრო-პატრიოტული სწავლების შემოღება ნიშნავს, რომ პრეზიდენტმა საბოლოოდ თქვა უარი ლიბერალურ ფასეულობებზე. საქართველოში ფასეულობების აღრევის პირობებში, საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი იდეოლოგიური ნიშის გამონახვას ცდილობს. პოსტსაბჭოთა საქართევლო აქამდე ნაციონალიზმის სამ ვერსიას იცნობდა: ზვიად გამსახურდიას მისტიკურ ეთნონაციონალიზმს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ ნაციონალიზმს და „ლიბერალურ ნაციონალიზმს“, რომელსაც ნაციონალრი მოძრაობის მხარდამჭერი think tank-ები აყალიბებდნენ. სამხედრო პატრიოტიზმი, რომელსაც ახლა საქართველოს პრეზიდენტი გვიქადაგებს, ნაციონალიზმის მეოთხე ფორმაა. ის განსხვავდება ე.წ. კონსტიტუციური პატრიოტიზმისაგან (რომელიც მოქალაქეობის პრინციპს ეყრდნობა) და ასევე „რელიგიური პატრიოტიზმისგან“, რომელსაც საპატრიარქო ამკვიდრებს. თუ რელიგიური პატრიოტიზმი გვეუბნება, რომ რელიგიამ გადაარჩინა საქართველო და ახლაც გადაარჩენს, სამხედრო პატრიოტიზმი გვიქადაგებს, რომ საქართველო ხმალმა გადაარჩინა და მომავალშიც ასე იქნება. რელიგიური პატრიოტიზმის ნარატივი შედარებით ახალია და მისი სულის ჩამდგმელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ეა. სამხედრო პატრიოტიზმი კი კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის რომანებით იკვებება.
კონსტანტინე გამსახურდიას და ლევან სანიკიძის რომანებს (ისტორიის “ხმლამდე” დაყვანა ლევან სანიკიძის მონუმენტალური ნაშრომის, “უქარქაშო ხმლების” სათაურშიც კია გამოტანილი), ისევე, როგორც ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიას (რომლის პოპულარული ფორმა მაგ. აკადემიკოს როინ მეტრეველთან გვხვდება), საბჭოთა იდეოლოგიური საფუძვლები აქვს. პოლიტიკური ისტორია, როგორც ომების ისტორია, საბჭოთა იმპერიალიზმის იდეოლოგიურ ფუნდამენტს წარმოადგენდა. ამ საბჭოთა მეტანარატივის ავტორი კი უშუალოდ იოსებ სტალინი იყო. სტალინური სოციალისტური რეალიზმის ფორმულა სოციალისტური შინაარსის ეროვნულ ფორმაში მოქცევას გულისხმობდა. საქართველოში კი ეს ეროვნული ფორმა შუა საუკუნეების ისტორიის გაფეტიშებაზე დაფუძნებული ნაციონალისტური მითოლოგია გახდა. სწორედ საბჭოთა პერიოდში და საბჭოთა ტოტალიტარიზმით ნასაზრდოები ნაციონალისტური იდეოლოგიით უნდა აღიზარდონ მომავალი “სამხედრო პატრიოტები”.
სამხედრო პატრიოტიზმი, იგივე ჯინგოიზმი, უკიდურესი ნაციონალიზმის ფორმაა, რომელიც გარეშე საფრთხეებს მასების მობილიზაციისათვის იყენებს. უკიდურეს ნაციონალისტურ იდეოლოგიაზე დამყარებული სამხედრო-პატრიოტული აღზრდა ტიპიური ტოტალიტარული პრაქტიკაა, რომელსაც ნაციონალ-სოციალიზმი და ბოლშევიზმი ერთნაირი ენთუზიაზმით ამკვიდრებდნენ. სამხედრო-პატრიოტული აღზრდა საბჭოთა სკოლებში მთელი საბჭოთა კავშირის ერთ უზარმაზარ სამხედრო ბანაკად გადასაქცევი სტალინური პროექტის ნაწილი იყო. დღეს ამგვარი პრაქტიკა მარტო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს უარს ვაცხადებთ საბჭოთა მემკვიდრეობაზე და თითქოს მის დაძლევას ვცდილობთ, სამხედრო პარტიოტული აღზრდის აღდგენა ქართულ სკოლებში უდავოდ საბჭოთა წარსულთან დაბრუნებას ნიშნავს.
“Спасение утопающих дело рук самих утопающих”
სამხედრო -პატრიოტიზმის სკოლებში “დანერგვა”, უფრო სწორად კი აღდგენა უშუალოდ უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის ახალ თავდაცვით დოქტრინას. მისი აზრით “მარტო 16, 20, 22 ათასი ჩვენი ჯარისკაცი 5 მლნ-იან ქვეყანას ვერ დაიცავს.” ამ წინადადებას რომ დავუფიქრდეთ, მივხვდებით, რომ პრეზიდენტი მრავალნაქებ სამხედრო რეფორმას და ბოლო წლების თავდაცვით პოლიტიკას კატარსტროფულად მიიჩნევს და ფაქტიურად გვეუბნება: საქართველოს შეიარაღებული ძალები თავის ამოცანას ვერ ასრულებენ და ვერც მომავალში შეასრულებენ. აქედან გამომდინარე პრეზიდენტი თავდაცვის სტრატეგიის თვალსაზრისით გენიალურ დასკვნას აკეთებს: “საქართველოს და ქართველებს უნდა შეეძლოთ თავისი სოფლის დაცვა მაინც და თავისი უბნის.” ანუ “5 მლნ-იანი ქვეყანა ეს არის პირველ რიგში ამ 5 მლნ-ის საქმე, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმე,”. ხუთმილიონი ქვეყანა ხუთმა მილიონმა ადამიანმა უნდა დაიცვას, უფრო სწორად ყველამ უნდა დაიცვას თავისი უბანი და სოფელი. პრეზიდენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2007 წელს გვიქადაგებდა, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფოა, იმიტომ რომ ძლიერი შეიარაღებული ძალები და პოლიცია ჰყავსო, დღეს გვებუნება, რომ ჩვენ-ჩვენი სოფლების და უბნების დაცვა ჩვენი საქმეა. შეგვიძლია ვიკითხოთ, როგორ ახერხებს ადამიანი, რომელსაც ასეთი წარმოდგენა აქვს თავდაცვაზე (განათლებაზე აღარ ვლაპარაკობ) იყოს ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. ან შეკითხვა რომ შემოვაბრუნოთ, როგორ ახერხებს ქვეანა ჰყავდეს უმაღლეს მთავარსარდლად ადამიანი, რომელსაც თავდაცვაზე ასეთი წარმოდგენა აქვს.
მაგრამ საქმე მარტო თავდაცვაში არ არის: თუ სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქცია “ლეგიტიმურ ფიზიკურ იძულებაზე მონოპოლია” ანუ “ძალის მონოპოლიაა” (მაქს ვებერი), გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ მონოპოლიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელზე, თავდაცვაზე სახელმწიფო მონოპოლიაზე უარს ამბობს და მოსახლეობას ებუნება: “დაიცავით თქვენი თავი”. გაუგებარი იქნებოდა, რატომ არ ამბობს პრეზიდენტი სახელმწიფოს სხვა მონოპოლიებზე (მაგალითად სამართალდაცვაზე) უარს. მაგრამ პრეზიდენტი “5 მილიონ ქართველს” თავისი თავის და ქვეყნის დაცვას კი არ სთხოვს, ავალდებულებს. ქვეყნისათვის თავგანწირვა თითქოს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს. ოღონდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის თავისუფლების ცნება ლენინურია: “თავისუფლება არის გააზრებული აუცილებლობა”. აუცილებლობის გააზრება, როგორც ზემოთ ვნახეთ, პრეზიდენტისათვის შესაბამის, “სწორ” ინტერპრეტაციას გულისხმობს. “საქართველოში ისტორიულად მცხოვრები ხალხებისათვის” იძულების ნებაყოფლობითობაში (აუცილებლობის გააზრებაში) გადაქმნელად განათლების სისტემის იდეოლოგიური ინდოქტრინაციის სისტემად გადაქცევაა საჭირო. სამხედრო პატრიოტიზმი იძულებითი, ანუ ტოტალიტარული პატრიოტიზმია.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა სკოლებში სამხედრო-პოლიტიკური აღზრდის დანერგვის შესახებ არის არა მარტო ტოტალიტარული იდეოლოგიის დანერგვა და პრაქტიკების აღორძინება, არამედ სრული პოლიტიკური ბანკროტის ნიშანიცაა. პრეზიდენტი გვეუბნება, რომ მას ქვეყნის მართვის დიდი სურვილი აქვს, მაგრამ საამისო რესურსი არ გააჩნია. ერთადერთი, რაც პოლიტიკურად გაბანკროტებულ პრეზიდენტს დარჩენია, ტოტალიტარისტული მეთოდებით აღზრდილი და ურაპატრიოტული იდეოლოგიით ინდოქტრინირებული მხარდამჭერების არმიის შექმნაა.
Friday, 8 January 2010
La bella georgiana (დისკურსი და სიუჟეტი)

"გალიაში ჩასასმელად მინდიხარ!"
ქართული სიმღერა
დისკურსი და სიუჟეტი
მოდი ვნახოთ დისკურსი. რას გვეუბნება ქართული ლიტერატურული დისკურსი ქალის შესახებ? ქართული ლიტერატურული დისკურსის შიგნით ქალის ორ დისკურსს განვასხვავებ: ერთის მხრივ ის, თუ როგორ საუბრობს ან წერს ქართველი ქალი თავის თავზე. ეს კი არცთუ ისე ხშირი მოვლენაა და სწორედ ამიტომ ამ მოვლენაზე მსურს ყურადღების შეჩერება. მეორეს მხრივ კი ის, თუ რა ითქმის ან იწერება ქართველი ქალის შესახებ. ამის მაგალითები კი იცოცხლეთ და მრავლად გვაქვს.
მოდი ვნახოთ სიუჟეტი, ანუ გარკვეულ ფიგურათა მოქმედება წარმოდგენილ სივრცესა და დროში. სიუჟეტის ასეთი ცნება შეიძლება სოციალური რეალობის აღსაწერადაც გამოვიყენოთ. ასეთ შემთხვევაში სიუჟეტი შეიძლება იმ ინსტრუმენტად გამოგვადგეს, რომელიც თავისი ბუნებით ჰეტეროგენულ მოვლენებს, მაგალითად, სოციუმის წევრის ბიოგრაფიას, ერთ მთლიანობად კრავს და აზრს ანიჭებს. ასეთ სიუჟეტს შეიძლება ბიოგრაფიული სიუჟეტი დავარქვათ. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ბიოგრაფიული სიუჟეტი გვაქვს (ან შეიძლება გვქონდეს), მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენი ცხოვრების სიუჟეტი წარიმართოს სხვა, უკვე დაწერილი სიუჟეტის კვალდაკვალ, ანუ ჩვენი ბიოგრაფია სხვის მიერ იყოს წინასწარ დაწერილი. შეიძლება ამ სხვა სიუჟეტებს `მეტასიუჟეტები~ დავარქვათ (ანალოგიურად ჟან-ფრანსუა ლიოტარის მეტანარატივებისა), რომელთაც გარკვეული სოციუმის წევრები თავიანთ სიუჟეტებში იმეორებენ ხოლმე. ამ შემთხვევაში მეტასიუჟეტი ინვარიანტული სიუჟეტი იქნება, სოციუმის წევრების სიუჟეტები კი ვარიანტები. თუ ამ აზრს გავყვებით, შეგვეძლება ვთქვათ, რომ არსებობს ქართული მეტასიუჟეტი, ან, ჩვენს თემას რომ მივუახლოვდეთ, ქართველი ქალის მეტასიუჟეტი.
და როგორია ეს მეტასიუჟეტიო, იკითხავს მკითხველი. ამ შეკითხვაზე საპასუხოდ ყველაზე კარგი იქნებოდა გავმგზავრებულიყავით ქალაქ ერევანში, იქ კი მოგვეკითხა ჩვენი ყოფილი თანამემამულის, სერგო ფარაჯანოვის მუზეუმი. ქართველი ქალის სიუჟეტის ყველაზე ლაკონური განმარტება იქ დაგვხვდება. ამ მუზეუმში ინახება ინსტალაცია სახელწოდებით `ქართველი ქალი~, რომელიც წარმოადგენს ქალის ცალ ფეხსაცმელს, მოთავსებულს ერთ უბრალო ჩიტის გალიაში, ახლაც მშვენივრად რომ გამოიყურება, თავვის დროზე კი საერთოდ მოდი სავანგარდში იქნებოდა.

სიუჟეტური გალია და დისკურსის პოლიცია
სერგო ფარაჯანოვის ინსტალაციის მეტაფორა, ერთის მხრივ იმაზე მიგვანიშნებს, რომ მსი ბინადარი თავისუფალი არ არის, მეორეს მხრივ კი მისი პერსონაჟის დეკორატიულ ფუნქციაზე. ამ მეტაფორის ორივე ასპექტი ერთმანეთზეა დამოკიდებული და მნიშვნელოვანია ქართველი ქალის სიუჟეტის გააზრებისათვის. მოდით, ჯერ ვიკითხოთ, რას ნიშნავს ეს დეკორატიული ფუნქცია და რა გალიაა ის გალია, რომელშიც ქართველი ქალია გამომწყვდეული, რა კავშირი აქვს ამ გალიას დისკურსთან და მეტასიუჟეტთან.
ფარაჯანოვის გალიაში, ისევე, როგორც მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის დისკურსში, ქალს თავისთავადი ღირებულება არ გააჩნია, დეკორაციულია და მხოლოდ იმდენად აქვს `ფასი~, რამდენადაც მამაკაცის პრესტიჟის გამომხატველია სოციალურ ველში. მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, ქალი უმეტესწილად კაცებს შორის `საქმის გარჩევის~ მიზეზია და მხოლოდ იმდენად აქვს საკუთარი ფასეულობა, რამდენადაც კაცის ღირსებაზეა მიბმული (`გამზრდელი~ ან `გლახის ნაამბობი~). კაცის ღირსებაზე მიბმა კი ლოგიკურად მოითხოვს კაცის მიერ ქალზე კონტროლის დაწესებას. ამ კონტროლის ასევე ლოგიკური გაგრძელება და მისი ულტიმატიური ფორმა კი ჰარამხანაა, რომლის ნაირსახეობასაც, აკა მორჩილაძის ერთი რომანის პერსონაჟის თქმის არ იყოს, ახლა უკვე დაჟანგებული გალია წარმოადგენს. მაშ თუ `გალია~ ქალზე კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს, ბარემ ისიც ვიკითხოთ, თუ რა საშუალებებით ხორციელდება ეს კონტროლი, პირდაპირი მნიშვნელობით ქალის ჰარამხანაში გამოკეტვის გარეშე. ქალზე კონტროლის ამგვარი საშუალება დისკურსია. საუბარი იმ დისკურსზეა, რომელიც იჩემებს ჭეშმარიტების ცოდნას და ადგენს იმას, რა არის კარგი და რა _ ცუდი. `ქალაქელი ხალხი ვართ~, ამბობს გიო, პერსონაჟი აკა მორჩილაძის რომანისა `მოგზაურობა ყარაბაღში~, `ვიცით, ცუდი რა არის და კარგი რა არის, კარგი ყველაფერი ჩვენთანაა, ცუდი ჩვენგან შორს~. გარდა ამისა, ეს დისკურსი აყალიბებს `წესებს და კანონებს~, მთავარი კი, როგორც გიო ამბობს, `თურმე წესებია~, რომლებსაც `პირდაუბანელ თბილის-ქალაქში სოციალური სივრცის ბინადარი უნდა დაემორჩილოს. ამ დისკურსს ნორმატიული დისკურსი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ნორმატიულ დისკურსს სოციალურ ველში შესასვლელი და გამოსასვლელი საკონტროლო გამშვები პუნქტის ფუნქცია აკისრია. აკა მორჩილაძის რომანში `მოგზაურობა ყარაბაღში~ ნორმატიული დისკურსი, რომლის წარმომადგენლების როლში გიოს მამა, თენგიზ მიქატაძე და გიოს `საძმო~ გამოდის, გიოს მის შეყვარებულთან, იანასთან ურთიერთობას უშლის იანას სოციალური სტატუსის გამო. `თენგიზი არ მოგაყვანინებს~, ეუბნება გიოს დედინაცვალი. `ჩვენებურად მართლებიც იყვნენ~ _ ამბობს გიო _ `მათთვის ბოზი იყო იანა~. იანა არ შეესაბამება ნორმატიული დისკურსის წარმოდგენას იმ ქალის შესახებ, რომელიც შეიძლება ოჯახის სივრცეში მოექცეს და `შენი შვილების დედა~ გახდეს. მეზალიანსი გიოს სოციალურ ღირებულებას ამცირებს.
ნორმატიული დისკურსი ქალზე კონტროლს მეტასიუჟეტის შექმნით ახერხებს.
სწორედ ნორმატიული დისკურსი გვიამბობს ქალის როლის შესახებ სოციალურ ველში. ოჯახი, ნორმატიული დისკურსის თანახმად, ის სივრცეა, სადაც ქალის სიუჟეტი უნდა თამაშდებოდეს. ოჯახს გარეთ დარჩენილი ქალი სოციალური მარგინალის სტატუსს იძენს. ასეთი მარგინალიზაციის ფორმები მრავალგვარია (ერთ პოლუსზე შინაბერა დგას, მეორეზე `ბოზი~, ორივე სოციალური როლი რეპროდუქტიულ ფუნქციას უარყოფს). დეტალურ განხილვას არ შევუდგები, მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ ოჯახს გარეთ დარჩენა ამგვარი მარგინალიზაციის კონსტანტაა. ქალის სიუჟეტის სხვადასხვა გაჩერებები კარგად ჩანს ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში `ქეთო გალოთებულა~, სადაც ქეთოს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს სხვადასხვა პერსონაჟები აფასებენ. ქეთოსადმი დამოკიდებულება იწყება აღფრთოვანებით და პატივისცემით, და მთავრდება გალოთებული ქეთოსადმი დამოკიდებულებით: `ერთი ქეთოს დედაც!~. ქეთოს სოციალური დევალვაცია ოჯახური სივრციდან ამოვარდნით იწყება. ქეთო ჯერ ქმარს გაეყრება, მერე `ვიღაცას~ გადაეყრება, მერე კი გალოთდება. ქეთო სოციალური სივრცის ზღვარზე ექცევა და მისი სოციალური კაპიტალი ნოლს აღწევს. ალბათ ნიშანდობლივია, რომ ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში ქეთოს დისკურსი არ ისმის. ქეთო საერთოდ არ ლაპარაკობს, სხვები ლაპარაკობენ მასზე და ანიჭებენ გარკვეულ როლს საზოგადოებაში. ამ შემთხვევაში სწორედ ნორმატიულ დისკურსს აქვს ქალისათვის ადგილის მიჩენის უდავო პრივილეგია.
ქალის დისკურსი აკა მორჩილაძის რომანში, ისევე, როგორც ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში, თითქმის არ ისმის. `იანა ჩუმი იყო~ _ ამბობს გიო _ `ისე გადიოდა ოთახიდან ოთახში, ხმას ვერ გაიგებდი~. მამის დომინანტური როლი კი სწორედ ნორმატიული დისკურსის დომინანტურობაზე მიგვანიშნებს, რომელსაც ვერც გიო, ვერც იანა საკუთარ დისკურსს ვერ უპირისპირებენ. სიჩუმე იმ რესიგნაციის მანიშნებელია, რომელიც ნორმატიული დისკურსის წინაშე განიცდება. რომანის ბოლოს გიოც იანასავით ჩუმი ხდება, მისი ხმა კვდება.
ნორმატიული დისკურსი ქმნის არამარტო ქალის მოდელს, ანუ მისი სიუჟეტის ინვარიანტს, არამედ აყალიბებს იმ წესებსა და კანონებსაც, რომელსაც ქალი თავისი ცხოვრების გზაზე (თავის სიუჟეტში) უნდა ემორჩილებოდეს, რათა ინვარიანტულ სიუჟეტში ჩადებული პროგრამა შეასრულოს.
დისკურსის მიერ კალაპოტში მოქცეული სიუჟეტი ქვავდება ან ბრინჯაოში ისხმება. ძეგლებს ვგულისხმობ, ძეგლი კი მოგეხსენებათ სოციალური პრესტიჟის ერთ-ერთი უმაღლესი გამოხატულებაა. ქართველები ქალს თუ ძეგლს უდგამენ, ეს უმეტესწილად, დედის ძეგლია. ასეთი ძეგლები გვეუბნება, რომ ქართველი ქალის სიუჟეტის უკანასკნელი წერტილი, მისი კულმინაცია და ტელოსი დედობაა. ქართველმა ქალმა ძეგლი რომ დაიმსახუროს, დედა უნდა იყოს. დედის ძეგლი კი იმ ჩარჩოებზე მიგვითითებს, რომელიც ქართველი ქალის რეალიზაციისთვის არსებობს. ამ ჩარჩოს კი ქართველი ქალისათვის ოჯახი ქმნის.
ნორმატიულ დისკურსს მაკონტროლებელ ფუნქციასთან ერთად სხვა ფუნქციაც აქვს. იგი თავისი ექსკლუზიურობის შენარჩუნებაზეც ზრუნავს და არ ითმენს მის გვერდით სხვა დისკურსების არსებობას.
* * *
ახლა ისიც ვიკითხოთ, რატომ სურს ნორმატიულ დისკურსს წესების დადგენა და მერე ამ წესების შესრულებაზე ზრუნვა? `თქვენ და ჩვენ~ _ ამბობს ამ დისკურსის პოლიციის1 ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი, სკოლის დირექტორი ქეთი ნიჟარაძის რომანში `ავტოპორტრეტი~ (`მშობლები და მასწავლებლები~ ზ. ა.).
`უნდა ვებრძოლოთ მათ (ბავშვების _ ზ. ა.) ადრე გამოვლენილ გრძნობებს. ეს ძალზე სახიფათოა. სწორედ ამ ადრე გამოვლენილი გრძნობების გამო, რომელიც აუცილებლად სხვა, ცუდ ძალაში გადაიზრდება და იფეთქებს და ეს აფეთქება ყოველდღე, ყოველ წამს არის მოსალოდნელი; სწორედ ამის გამო უნდა დავირაზმოთ, ხელჩართული ბრძოლა უნდა გავუმართოთ მათ და ჩვენს გადაგვარებას. ნუ შეგვრცხვება მათი თვალთვალი!~
ამ ტირადას ორი მიმართულება აქვს, დისკურსის პოლიციას კი ორი ფუნქცია. ერთის მხრივ, დისკურსიული პოლიცია ზრუნავს იმაზე, რომ სოციუმის წევრის სიტყვა და საქმე იმ წესების შესაბამისად ხორციელდებოდეს, რომელსაც ნორმატიული დისკურსი ადგენს, რაც ქალის შემთხვევაში ნიშნავს, რომ მან უნდა შეასრულოს თავისი ტელოსი, ანუ რეპროდუქტიული ფუნქცია ოჯახის შიგნით, მოზარდი გოგონა გახდეს კდემამოსილი, მანდილოსანი და დედა, სწორედ ისეთი, როგორიც სადღეგრძელოს გმირია. ლანას ბიძის სადღეგრძელო ამგვარი სიუჟეტის დაწერის ცდაა. `ლანა, შენ დღეს ცამეტი წლის გახდი. შენ უკვე დიდი გოგონა ხარ. შენ იცი, როგორ ასახელებ მშობლებს კარგი სწავლით [...], კარგი ქალობით. დაე, მუდამ ვამაყობდეთ შენით. ხომ იცი, მთავარია სწავლა და...~ ეს სიამაყე სწორედ `სამაგალითო~ ქალს გაგვახსენებს. დისკურსის იმპლიკაციაა: შენ ასეთი უნდა გახდე, ჩვენ რომ შენით ვიამაყოთ.
მეორეს მხრივ, დისკურსის პოლიცია ხედავს `ტერორისტულ~ პოტენციალს, რომელიც ამ გრძნობებიდან გამომდინარე ალტერნატიულმა დისკურსმა და სიუჟეტმა შეიძლება შვას და რომელსაც ჰომეოსტატიური სოციუმის დესტაბილიზაციის გამოწვევა შეუძლია. ჰომეოსტატიური საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, რომელიც ერთხელ დამკვიდრებული და დაკანონებული წესების შენარჩუნებაში ხედავს თავისი არსებობის გაგრძელების ერთადერთ საშუალებას. ამ წესების შეცვლას ასეთი საზოგადოება `გადაგვარებად~ ან სულაც დაღუპვად აღიქვამს და ამ ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებული მდგომარეობის შენარჩუნების წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ აქტივობაზე რეპრესიებით რეაგირებს. ასეთი სოციუმის ლეგიტიმაციის წყარო, როგორც წესი, ტრადიციაა, რომელიც მას მეტაფიზიკურ პირველსაწყისთან აკავშირებს.
ნორმატიული დისკურსის ლეგიტიმაცია
ვნახოთ, რაში მდგომარეობს ნორმატიული დისკურსის ძლევამოსილების და მისი ლეგიტიმურობის საიდუმლო. რატომ ხდება ისე, რომ დისკურსს შეუძლია დაადგინოს ნორმები, ისაუბროს იმაზე, რა არის ჭეშმარიტი და რა _ მცდარი, რა არის კარგი და რა _ ცუდი. ცოტა ხნით ისევ აკა მორჩილაძის რომანს დავუბრუნდეთ. გიო ყარაბაღელ მხატვარ ვალერასთან წიგნს გადააწყდება. `სამად სამი სიტყვა დამამახსოვრდა~, ამბობს გიო: `ევასაც ასტუაწ, ქართულად: ჭეშმარიტად გეუბნებით მე თქვენ~. ერთი შეხედვით უცნაურია, რატომ მოხვდა ეს ეპიზოდი რომანში, რა კავშირშია ის დანარჩენ მოქმედებასთან ან რატომ დაამახსოვრდა გიოს მაინცდამაინც ეს სიტყვები. ამ მოჩვენებითი შემთხვევითობის უკან კი დისკურსის ლოგიკა იმალება, უფრო სწორად იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც ჭეშმარიტებას იჩემებენ. აკა მორჩილაძის რომანის პერსონაჟი საკმაოდ შეფარულად, იმპლიციტურად და შეიძლება ქვეცნობიერადაც კი ნორმატიულ პრინციპს, ზოგადად `არქეს~ პრინციპს, მეტაფიზიკურ ინსტანციას უკავშირებს. `რა გინდა, რომ ქნა~, _ ჩივის გიო, _ `სხვები წყვეტენ შენს ბედს. ის კი, რაც გიყვარს, უნდა დაივიწყო და ამოიგდო~.
როგორც ვხედავთ, ლიტერატურული დისკურსი სიუჟეტის წინასწარ დაწერილობას მეტაფიზიკურ ინსტანციას უკავშირებს, ხოლო ამ მეტაფიზიკური ინსტანციის წარმომადგენლობას სეკულარულ სამყაროში სოციუმის სხვადასხვა ნორმატიული ინსტიტუტები: ოჯახი, სკოლა, საძმო და მისთანანი იჩემებენ. ეს კავშირი მეტაფიზიკურ ინსტანციასთან არის ნორმატიული დისკურსის ლეგიტიმაციის წყარო. სწორედ ამ ლეგიტიმაციის წყალობით წერს ნორმატიული დისკურსი იმ მეტასიუჟეტს, რომელიც სოციუმის წევრებმა თავიანთ სიუჟეტებში უნდა განახორციელონ. სწორედ ამ ლეგიტიმაციის წყალობით თამაშობენ ის ინსტიტუტები, რომელთაც ნორმატიული დისკურსი უპყრიათ, დისკურსიული და სიუჟეტური პოლიციის როლს და ზრუნავენ იმაზე, რომ მეტასიუჟეტის პერსონაჟები მეტასიუჟეტის ფარგლებში დარჩნენ და დაწერილ სიუჟეტს თავი არ დააღწიონ, როგორც, ვთქვათ, ვუდი ალენის ფილმში `ქაიროს მეწამული ვარდი~ ან გივი მარგველაშვილის რომანში `მუცალი~ ხდება.
* * *
ამ `არქეს~ პრინციპთან დაკავშირებული ნორმატიული დისკურსი ჩურჩულით მაშინ ისმის, როდესაც ლანა უზნაძე, ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტის~ პერსონაჟი, ბედისწერაზე საუბრობს. `როდესაც წერას ჰყევხარ ატანილი~, _ ეუბნება ლანა ნიკას, თავის შეყვარებულს, _ `ისევ მას უნდა დანებდე, რამეთუ ყოველ ადამიანს თავისი ბედი უწერია~. `წერა~, რომელსაც ატანილი ჰყევხარ, ის, რომ ყველაფერი წინასწარაა დაწერილი, სწორედ დისკურსის და სიუჟეტის კავშირზე მიგვითითებს. ქეთის, როგორც ქართველი ქალის, როგორც ადამიანის `ბედი~ მეტასიუჟეტის მიერაა დეტერმინირებული, ამ `ბედთან~ დაპირისპირება კი მეტაფიზიკურ საწყისთან ბრძოლის შთაბეჭდილებას ტოვებს. `ჰოდა, რაც მეწერა, მოხდა~, _ ამბობს ლანა, მაგრამ რომანში საინტერესო სწორედ ის არის, რომ ლანა `დაწერილის~ რევიზიის შესაძლებლობას იძენს. მას აქვს `სვლის დაბრუნების~, `გადათამაშების~ შესაძლებლობა. ეს გადათამაშების შესაძლებლობა (თუნდაც ლიტერატურის სივრცეში) პოსტმოდერნული ლიტერატურის შესაძლოა უტოპიური პროექტია. ლანას თამაში `დაწერილს~ და `გადაწერილს~ შორის კი ამ პროექტის ნაწილია.
ახალი სიუჟეტის ძიებაში
როგორც ითქვა, ნორმატიული დისკურსი ადგენს როლებს, რომელიც ქართველმა ქალმა (და კაცმაც) უნდა ითამაშოს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. სიტყვა თამაშს რამდენიმე მნიშვნელობა აქვს, და თანამედროვე ლიტერატურულ დისკურსში თამაში სწორედ სიყალბის კონოტაციას იძენს. როლები, რომლებიც წინასწარაა დაწერილი, ყალბად აღიქმება და პროტესტის გრძნობას ბადებს. არჩილ ქიქოძის `კარნავალის~ პერსონაჟი გოგონა თავს იმ გალიაში გრძნობს გამომწყვდეულად, რომელსაც უკვე დაწერილი სიუჟეტი და დისკურსი ქმნის. ამ მოთხრობაში ოჯახი ტყუილის, კომუნიკაციის შეუძლებლობის ადგილია. `რაღაც უნდა გითხრა~, _ გულწრფელობას ცდილობს გოგონა, მაგრამ ნორმატიული დისკურსი აქაც ადგილზეა, `ვიცი~ _ პასუხობს ქმარი, _ `ჩვენ მალე ბავშვი გვეყოლება?~ `ბაბუა როდის უნდა გამხადოთ, ბაბუა?~ კითხულობს მამამთილი და ამ შეკითხვის მიღმა იკითხება ნორმა: ქალი არ ჩაითვლება სრულფასოვნად, სანამ თავის რეპროდუქციულ დანიშნულებას არ შეასრულებს. მაგრამ ამავე დროს, აქაც, ისევე როგორც აკა მორჩილაძის რომანში, იგრძნობა ჯერ კიდევ შეფარული და შენიღბული სიმპათია, თუნდაც დაქალებისა, რომლებიც `ჩუმ-ჩუმად მის ბედს შენატროდნენ~, რადგან ხედავდნენ, რომ გოგონა მეტასიუჟეტის გალიიდან გაქცევას ცდილობდა. `რევოლუციური პროექტი~-ს მიზანი გალიიდან თაAვის დაღწევა და მისი ბინადარის დეკორატიული ფუნქციის უარყოფაა. გოგონა თავისი რევოლუციური პროექტის განხორციელებას იმით შეეცდება, რომ საყვარელს გაიჩენს და ამით, როგორც თვითონ ჰგონია, ერთის მხრივ, სიყალბეს, მეორეს მხრივ, კი ოჯახის ჩარჩოებს თავს დააღწევს. მისი საყვარელი ქალაქის სამყაროს პერიფერიიდან მოსული ბიჭია, მოსული `ისეთი უბნიდან, [...] რომლის სახელიც არასოდეს გაეგონა~ და რომელიც `დედისთვის სრულიად მიუღებელია~, ვინაიდან ოჯახის სოციალურ ღირებულებას ამცირებს. გოგონას რევოლუციურ პროექტს არჩილ ქიქოძის მოთხრობაში ორი სახელი აქვს: `ხსნა~ და `შურისძიება~. შურისძიება მამისა და ქმრის ოჯახის მიმართ, რომელიც ვერ გახდა მისი, ორივე ოჯახის სოციალური ღირებულების დამცირებით, ხოლო ხსნა იმდენად, რამდენადაც ეს არის საჩუქარი, რომელსაც გოგონა საკუთარ თავს უკეთებს და ამით სიყალბისგან გათავისუფლებას ფიქრობს. `ყველაფერი ერთად აჩუქა, რაც წაართვეს, რასაც უმალავდნენ და რასაც აბრალებდნენ~.
არჩილ ქიქოძის მოთხრობაში რევოლუციური პროექტი ჰაერში რჩება გამოკიდებული. ამ რევოლუციის შესახებ არავინ არაფერი იცის. `იმასთან მე არაფერი მქონია და არც შეიძლება მქონოდა~, _ ატყუებს გოგონა მეობარს. რევოლუცია ხდება, მაგრამ დისკურსში ვერ ხვდება და ამდენად სოციალურ სივრცეში არმომხდარად ითვლება. გოგონა ერთჯერადი რევოლუციური აქტით კმაყოფილდება, ამიტომაც ეს უფრო შურისძიებაა, ვიდრე ხსნა. მაგრამ რევოლუცია მაინც გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ვერ ახერხებს სიუჟეტური გალიიდან თავის დაღწევას. `თავის ლამაზ გალიაში დაბრუნებული, მიხვდა _ აღარსად წამსვლელი აღარ იყო~. არჩილ ქიქოძის მოთხრობაში ქალის ახალი სიუჟეტი ჯერ არ დაწერილა. `ეს მხოლოდ ძველი და უსაშველოდ გრძელი ამბის გაგრძელებაა. დასასრული კი ჯერ კიდევ ძალიან, ძალიან შორსაა...~ სწორედ ამ `გრძელი ამბის გაგრძელება~, ან ამ ამბის, ამ სიუჟეტის ნაწილია ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტიც~. `მიკვირს, ეს უფროსები როგორ ახერხებენ ასე ერთნაირად ლაპარაკს~, ამბობს ლანა, `ავტოპორტრეტის~ პროტაგონისტი, რომლისთვისაც `ერთნაირად ლაპარაკი~ სწორედ ნორმატიული დისკურსის უსასრულოდ რეპროდუცირებას ნიშნავს, `უფროსები~ კი დისკურსის გამტარებელი ავტორიტეტები არიან, რომლებიც ლანას მაგივრად ცდილობენ მისი სიუჟეტის დაწერას. ლანა თავიდანვე უარს ამბობს ნორმატიული დისკურსის რეპროდუცირებაზე: `მე ვერ დავწერ~, _ ამბობს ლანა, _ `იმიტომ, რომ ჩემი ნაფიქრალი და განცდილი კი არაა, ვიღაც სხვების დაკანონებული და ჩამოყალიბებულია~. ეს `ვიღაც სხვები~ სწორედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ ნორმატიული დისკურსი ლანასთან მიმართებაში ჰეტერონომიულია, ლანას ცხოვრების, მისი ბიოგრაფიის სიუჟეტური კანონები სხვაგან იწერება.
ლანას პროტესტი არ მთავრდება ნორმატიული დისკურსის რეპროდუცირებაზე უარის თქმით. ნორმატიულ დისკურსს ლანა ორ სტრატეგიას უპირისპირებს. პირველი პროტესტი ჩუმი სოციალური პროტესტია, ისეთი, როგორიც არჩილ ქიქოძის `კარნავალში~ ვნახეთ, ხოლო მეორე კი ნორმატიული დისკურსისათვის საკუთარი დისკურსის დაპირისპირებაა.
* * *
უკვე დაწერილი სიუჟეტის და უკვე წარმოთქმული დისკურსის გალიიდან გათავისუფლებისთვის ბრძოლას ლანა მოზარდისათვის ხელმისაწვდომი ერთადერთი იარაღით იწყებს. ამ იარაღს დაუმორჩილებლობა ჰქვია. `მოურჯულებელი ტიპი ვარ~, _ ამბობს ლანა და ამ `მოურჯულებლობით~ გამოხატავს თავის პროტესტს ნორმატიულობის მიმართ. სიტყვა ნორმალურს ლანა სიტყვა არანორმალურს უპირისპირებს და ამით საკუთარ სოციუმში უცხო ხდება. მაგრამ სიტყვებთან თამაში სახიფათო თამაშია და არანორმალურს თავისი იმპლიკაციები მოჰყვება. არანორმალურობა, სიგიჟე ორმაგი მიმართულებისაა. არანორმალურობა, ერთის მხრივ, არის დაკანონებულ და სვის მიერ ჩამოყალიბებულ დისკურსთან დაპირისპირება, მაგრამ, მეორეს მხრივ, არანორმალურობის დისკურსი ახდენს ნორმატიული დისკურსის აქტუალიზაციას, რის გამოც არანორმალურს მაინც მიენიჭება თავისი ადგილი საზოგადოებაში. ამიტომაც გაგვიჭირდება ლანას პროტესტი წავიკითხოთ როგორც გარდამავალი ასაკის პროტესტი, ისე, როგორც ამას `ნორმალური~ დისკურსის წარმომადგენელი, ლანას დეიდა აკეთებს. ლანას თოთხმეტი წლის ასაკში ფსიქიატრთან წაყვანას უპირებენ. დეიდის მკაცრი სიტყვა `это возрастое, апатия, ცოტა ხანში გაუვლის~, ერთისმხრივ ნორმალურობის დისკურსის მცდელობაა, სახელი დაარქვას მოვლენას და ამით ისიც ნორმალურად, ჩვეულებრივი სიუჟეტის იმ ნაწილად აქციოს, სადაც მოზარდის პროტესტს `ჩვეულებრივი~ ცხოვრება მოჰყვება. ნორმატიული დისკურსისათვის არანორმალურობის დისკურსის დაპირისპირება ლანას პირველი პროექტის უსუსურობაზეც მიგვანიშნებს, რადგანაც ნორმალურობის და არანორმალურობის დიხოტომია `ნორმალურობის~ დისკურსს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით მაინც აძლევს გალიაში გამომწყვდევის საშუალებას.
ქეთი ნიჟარაძე და მისი პერსონაჟი ამ ხაფანგიდან თავის დაღწევას ახერხებენ. ლანას პროტესტი რომ მხოლოდ მოქმედებაში გამოხატულ ისოციალური პროტესტი ყოფილიყო, ვთქვათ ისეთი, როგორიც `კარნავალის~ პერსონაჟი გოგონასია, ის მისცემდა ნორმატიულ დისკურსს მისთვის სახელის დარქმევის და ამდენად ძველ სიუჟეტში დაბრუნების საშუალებას.
აქ კი ლანას მეორე სტრატეგიაზე უნდა შევჩერდეთ, რომელიც პირველის პარალელურად ხორციელდება და პირველზე გაცილებით უფრო საინტერესოა. ლანა დღიურის წერას გადაწყვეტს. სწორედ ეს იქნება მისი ცდა ნორმატიულ, ლანასთან მიმართებაში ჰეტერონომიულ დისკურსს ალტერნატიული, ავტონომიური დისკურსი დაუპირისპიროს და სხვა სიუჟეტი შექმნას, რომელიც ჯერ არ დაწერილა, მაგრამ რომლის შესაძლო ბოლოც ანტიციპირებულია დღიურის პირველსავე სტრიქონებში: `ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია, ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი~. სიყვარული, შემოქმედება და თვითმკვლელობა სწორედ ის ცარიელი სივრცეებია გალიის გისოსებს შორის, რომლის მეშვეობითაც ლანა ამ გალიიდან თავის დაღწევას და თავისი დისკურსის, თავისი ავტოპორტრეტის შექმნას შეეცდება. საკუთარი დისკურსის და საკუთარი სიუჟეტის შექმნა ცარიელ ადგილას, იქ, სადაც შენამდე არავის არაფერი უთქვამს და გაუკეთებია, რთული ამოცანაა, ამიტომაც ლანა ხშირად სხვა სიუჟეტებს მოიზომებს ხოლმე. ეს სხვა სიუჟეტები `მადამ ბოვარი~ და `ანა კარენინაა~. ორივე ქალი სიუჟეტური გალიიდან გამოსავალს ეძებს, ოღონდ სხვადასხვა გზით. ანა, ლანას აზრით, ემა ბოვარისგან განსხვავებით იმიტომ არის გმირი, `რომ ზურგი აქცია საზოგადოებას, რომელიც სავსე იყო სიყალბით, სიცრუითა და თვალთმაქცობით. ის ნამდვილი ქალი იყო, იმიტომ რომ არ შეეძლო თავისი გრძნობების დაფარვა~. ლანას ახალი სიუჟეტის პროგრამა სიყალბისგან თავის დაღწევა ხდება, სიყალბის წყარო კი, ლანას აზრით, სოციუმი და მისი ინსტიტუტებია, რომელთაც ნორმატიული დისკურსი უპყრიათ. ორივე კლასიკური რომანი პროტაგონისტთა სიკვდილით მთავრდება, სიკვდილი კი არის ის წერტილი, რომელიც ნორმატიულ დისკურსს ადამიანის ცხოვრების საბოლოო შეფასების, მის სიუჟეტურ არტახებში მოქცევის და მისთვის გარკვეული აზრის მიცემის საშუალებას აძლევს. შეიძლება ამიტომაც, ლანა, რომელიც ასევე შეეცდება თავის მოკვლას, ხელოვნების გზას ამოირჩევს.
ლანას პროექტი შეკითხვების დასმა უფროა, ვიდრე შეკითხვებზე პასუხი. `როდესაც დედაჩემი მეუბნება, გაიმართე, კითხვის ნიშანივით ნუ ხარ მოხრილიო, მეცინება და ვპასუხობ, კითხვის ნიშანი ვარ, აბა რა ვარ-მეთქი.~ შეკითხვების დასმა ლანასთვის ნორმატიული დისკურსის დესტაბილიზაციის სტრატეგიაა. `შენ იმისთვის გაგაჩინეს~, _ ცხოვრების აზრს უხსნის ლანას დეიდამისი, _ `რომ იშრომო, გიხაროდეს სიცოცხლე და გააჩინო შენი მსგავსი, იმანაც იშრომოს და გააჩინოს თავისი მსგავსი~. ლანას ეს პასუხი იმიტომ არ აკმაყოფილებს, რომ არ აწყობს `ცხოვრების ასეთი სქემა~. ლანას თავის თავში და თავის დანიშნულებაში გარკვევა სურს. აქ კი ლანას მეორე გალია ელოდება. `დამსხვრეული სულის ნაწილების ძიება, [...] მათთან გაერთიანების სურვილი~. `იმისათვის, რათა ნორმალურად ვიცხოვრო, ვაკეთო ჩემი საქმე და მაქსიმალურად ცოტა დეპრესია მქონდეს, უნდა მივაღწიო შინაგან ჰარმონიას, რომელიც ცამეტი-თოთხმეტი წლისამ დაკარგე~. ლანაც ცდილობს, თავისი ცხოვრების ისეთი სიუჟეტი დაწეროს, რომელიც ყველაფერს ახსნის და აზრს მიანიჭებს. `რომ ღამღამობით არ გამოვეღვიძებინე რაღაც ძალას და არ მეკითხა რატომ? ... რისთვის?~ და ამით საკუთარი ცხოვრებაც ისევ ნორმატიულ დისკურსს დაუქვემდებაროს. ავტოპორტრეტი ამ შემთხვევაში მეტაფორად იქცევა, რომელიც, უცნაურია, მაგრამ გალიის მეტაფორასთან ძალიან ახლოს დგას. ავტოპორტრეტს, ისევე როგორც ავტობიოგრაფიას, ორმაგი მიმართულება აქვს. ჯერ ერთი, ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია თვითრეფლექსიურია, ანუ ვთქვათ გალიაში გამომწყვდეული თავის თავს გალიის შიგნითაც ხედავს და გალიის გარეთაც. მეორე, და უფრო საინტერესო კი ის არის, რომ, ერთის მხრივ, ავტოპორტრეტი და ავტობიოგრაფია თვითონ ქმნის იმ გალიას, რომლის ტყვედაც ავტოპორტრეტის და ავტობიოგრაფიის პერსონაჟი (და გარკვეულ, მხოლოდ გარკვეულწილად) ავტორი თავის თავს აქცევს და ამით ცდილობს გაექცეს სხვის მზერაში გაყინვას. მეორეს მხრივ, კი თავისი და სხვისი გალიიდან დაღწევის მცდელობასაც. შემოქმედება, ერთის მხრივ, როგორც ლანა ამბობს, თავისი თავის გამხელაა ამ სამყაროსათვის, ანუ მცდელობაა საკუთარი თავის დისკურსის შექმნისა, მაგრამ, მეორეს მხრივ, `შემოქმედება ალბათ გამოსავალია რაღაციდან, საკუთარი თავიდან~. საკუთარი თავიდან გამოსავალი არის სწორედ ნიცშესეული და არტოსეული პროექტი, თავი დააღწიო ნებისმიერ დისკურსს და სიუჟეტს, ისეთსაც კი რომელსაც შენ თვითონ ქმნი. ეს გზა, ლანას თქმით, არის გზა, რომელმაც შეიძლება დაგღუპოს თუ პასუხს, გამოსავალს ვერ ნახავ, [...] გამოსავალს, რომელიც დაგავიწყებს სასოწარკვეთას~. ამ გზას სოციალური სივრციდან გასვლის, მისგან საბოლოოდ გათავისუფლების გარდა მარტოობის და სასოწარკვეთის იმპლიკაციაც აქვს. ლანა შემთხვევით არ ახსენებს `ყურმოკვეთილი მხატვრის სასოწარკვეთას~. ოღონდ ლანა ამ გზასაც არ დაადგება ბოლომდე. `მე შეგნებულად გადავწყვიტე იმ ჯაჭვის გაწყვეტა~, _ ამბობს ლანა, _ `რომელსაც მარტოობა ერქვა. მე გავაჩინე შვილი [...].~ სიტყვა `შეგნებულად~ აქ შემთხვევითი არ არის. ამ სიტყვით ლანა უპირისპირდება ნორმატიულ დისკურსს, რომელშიც ქალის რეპროდუქტიული ფუნქცია თავისთავადია და რეფლექსიას არ საჭიროებს. ლანას გადაწყვეტილება, სოციალურ სივრცეში დაბრუნდეს, შეგნებულია და იგი ქალის მეტასიუჟეტის ტრადიციულ ფარგლებს მიღმა ხორციელდება. ლანა ახერხებს, მეტასიუჟეტისგან თავის დაღწევას და ნორმატიული დისკურსისთვის საკუთარი დისკურსის დაპირისპირებს, ოღონდ განიცდის იმას, რომ მისი სიუჟეტი, როგორც ნორმატიული დისკურსის მიერ დაწერილი სიუჟეტი `ჰარმონიული~ და საბოლოო აზრის მატარებელი არ არის. ამ განცდას ლანა ისევ ნორმატიულ დისკურსთან მიყავს. ლანას დღიურები მიაქვს ფსიქიატრთან, რომელმაც დღიურები უნდა წაიკითხოს და ლანას სულიერი `ჰარმონია~ დაუბრუნოს.
სხვა განხილული ტექსტებისგან განსხვავებით, ქეთი ნიჟარაძის `ავტოპორტრეტში~ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქ ქალის დისკურსი ნორმატიულ დისკურსს თავის, ავტონომიურ დისკურსს უპირისპირებს, ოღონდ არ იჩემებს იმ პრეტენზიას, რომ თავად გახდეს ნორმატიული და ქალის ახალი მეტასიუჟეტი დაწეროს. ქეთი ნიჟარაძე თავის რომანში გენდერული საზღვრების წაშლას ახერხებს იმის გარეშე, რომ ქალს სოციალურ სივრცეში რაიმე განსაკუთრებული როლი მიუჩინოს. მისი გმირი სიუჟეტური გალიიდან გამოსავალს ხელოვნებაში ხედავს, რომელმაც გენდერული საზღვრები არ იცის და თავისი ბუნებით `უნისექსურია~. ამდენად, ქეთი ნიჟარაძე ახერხებს სოციალური სივრცის ალტერნატიული სივრცის, თავისებური `ატოპოსის~ შექმნას, რომელიც დისკურსიული და სიუჟეტური გალიიდან გათავისუფლების ადგილი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის კი არ არის, რომ რომანის პროტაგონისტი თვითონ ვერ ახერხებს ამ `ატოპოსში~ მოხვედრას, არამედ ის, რომ იგი ნორმატიული სიუჟეტური და დისკურსიული გალიიდან გათავისუფლების თავისებურ გზას აჩვენებს.
