Sunday, 4 September 2011

ინტელექტუალები და ინტელიგენცია




ამას წინათ მარკ ცუკერბერგის გამოგონებულ სოციალურ ქსელში ამერიკელი ლიბერტარიანელი ფილოსოფოსის, რობერტ ნოზიკის, ერთ სტატიას გადავაწყდი. რახან ეს სტატია ჩემს ახლო მეგობარს გამოედო, დავინტერესდი და წავიკითხე.  ამ სტატიაში ავტორი ამტკიცებდა, რომ ინტელექტუალები კაპიტალიზმს ეწინააღმდეგებიან და რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ინტელექტუალების აღზრდა ისეთ სპეციფიურ გარემოში ხდება სადაც მემარცხენები დომინირებენო. სტატიის ბოლოს ავტორი ამბობს "სიმართლე რაღაც ამდაგვარი უნდა იყოსო"  (იქს-ფაილები ვისაც ნანახია ფრაზა ეცნობა). ნოზიკს იმდენად თვალსაჩინო ჰგონია, რომ "ინტელექტუალები" კაპიტალიზმს ებრძვიან, რომ ამ ჰიპოტეზის დამტკიცებისათვის დიდად თავს არ იწუხებს და უბრალოდ აქსიომად იღებს, მაგრამ მის ნამდვილ გულისწყრომას ინტელექტუალების ქედმაღლობა იწვევს. 

მოვიყვან ციტატას ცუდი ქართული თარგმანიდან: "სადღეისოდ ინტელექტუალები საზოგადოებაში ყველაზე დაფასებული ადამიანები არიან. ისინი სარგებლობენ პრესტიჟით, გააჩნიათ ძალაუფლება და დაჯილდოებული არიან მრავალი ღირსებით. ინტელექტუალებს მიაჩნიათ, რომ ისინი ამას იმსახურებენ. მაგრამ, კაპიტალისტური საზოგადოება, ზოგადად, ინტელექტუალებს ნაკლებად აფასებს. ლუდვიგ ფონ მიზესი ინტელექტუალების განსაკუთრებულ გულისწყრომას იმით ხსნის, რომ მუშებისგან განსხვავებით, ისინი სოციალურად წარმატებულ კაპიტალისტებს უტოლებენ თავს, უჩუმრად ედრებიან მათ და შეურაცხყოფად მიიჩნევენ, რომ მათზე ნაკლები სოციალური სტატუსი აქვთ."

 მკითხველს მაინც და მაინც ფილოლოგიური თვალი არ უნდა ჰქონდეს, რომ ამ წინადადებაში აშკარა წინააღმდეგობა დაინახოს: ერთი მხრივ, ინტელექტუალები საზოგადოებაში ყველაზე დაფასებული ადამიანები არიან, მეორე მხრივ კი, კაპიტალისტური საზოგადოება, ზოგადად, ინტლექტუალებს ნაკლებად აფასებს. მაგრამ ეს წინააღმდეგობა სინამდვილეში სტატიის ღერძია. ავტორს არ მოსწონს ინტელექტუალთა (მემარცხენე ინტელექტუალთა) ძალაუფლება, აღიარება და პრესტიჟი. არ დავიწყებ  იმის განხილვას, რატომ, უბრალოდ მინდა ერთი ორი სიტყვა ინტელექტუალებზე ვთქვა - რადგანაც ეს თემა ჩვენთვისაც აქტუალურია და რადგანაც მიზესის და ნოზიკის ქართველ მიმდევრებს ინტელექტუალების მიმართ იგივე გულის წყრომა აწუხებთ. 


ინტელექტუალის ნოზიკისეული განმარტება გულისხმობს "მათ, ვისი პროფესიაც სიტყვებით გამოხატულ აზროვნებას უკავშირდება, ვინც აზრს სხვებისთვის გასაგები სიტყვების ნაკადად აქცევს. ესენი კალამგარები არიან: პოეტები, ნოველისტები, კრიტიკოსები, ჟურნალისტები და პროფესორები." ეს განსაზღვრება, 1986 წელსაც მცდარი იყო და მხოლოდ იმით იყო ნაკარნახევი, რომ როგორმე ინტელექტუალები და მემარცხენეები ერთმანეთისგან გაეეგივებიანა. დღეს კი ეს განსაზღვრება რამდენიმე მიზეზის გამო საერთოდ არ გამოგვადგება. დღეს ბიზნესს და ინტელექტუალობას, მაგალითად, ის აერთიანებს, რომ როგორც ბიზნესმენობის და ინტელექტუალობის საწყისი ბარიერი ძალიან დაბალია. ნებისმიერი ადამიანი, რომეილიც ვთქვათ მზესუმზირის გაყიდვას გადაწყვეტს, ბიზნესმენია, ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აზრის საჯაროდ გამოთქმას მოიპრიანებს, ინტელექტუალია. (სხვათა შორის, ინტელექტუალის ასეთი განსაზღვრება ორასიოდე წლისაა და ცნობილ კალინინგრადელ ფილოსოფოს იმანუელ კანტს ეკუთვნის. აზრის საჯაროდ გამოხატვის თავისუფლებას ის განმანათლებლობის წინაპირობად მიიჩნევდა). ეს ბარიერი დღეს ასეთი დაბალი იმიტომ არის, რომ ინტელექტუალობას ა(ღა)რ ჭირდება სპეციალური განათლება, საჯარო დისკურსის რეგულირების მექანიზმებიც ისეთი მკაცრი არ არის, როგორც, ვთქვათ 20 წლის წინ: აზრის საჯაროდ გამოსათქმელად ადამიანი აღარაა დამოკიდებული (საბედნიეროდ) ჟურნალის ან გაზეთის რედაქტორზე. ამისათვის მას შეუძლია, მაგ. გახსნას ბლოგი და რამდენიც გაუხარდება ბლოგოს. ზოგი ასეთი "მებლოგე" ან თუ გნებავთ "მბლოგავი" მნიშვნელობით და პოპულარობით ეტაბლირებულ გამოცემებსაც კი სჯობნის. 
ბიზნესის და "ინტელექტის" სფეროებსაც  ისევე მკაცრადვეღარ გავმიჯნავთ, როგორც ეს, ვთქვათ,  80-იან წლებში იყო შესაძლებელი. იგივე ცუკერბერგი ან სტივ ჯობსი "კლასიკური" ბიზნესმენები კი არა, ინტელექტუალი ბიზნესმენები არიან - ადმაიანები, რომლებმაც უზარმაზარი იმპერიები საკუთარი ინტელექტუალური შრომის შედეგად შექმნეს. 

საბჭოთა კავშირში ინტელექტუალები ინტელიგენციაში იყვნენ გათქვეფილები, რომელიც სოციალურ კლასად (ფაქტიურად საბჭოთა საშუალო ფენად) იყო გადაქცეული. ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი "upper class"-ის ნაწილი იყო (პარტიული ნომენკლატურის ნაწილთან ერთად). არც ინტელექტუალური შრომა, არც, მით უმეტეს საკუთარი აზრის საჯაროდ გამოხატვა "ინტელიგენტობისათვის" აუცილებელი არ იყო. სწორედ ამ კლასობრიობის გამო იყიდებოდა დიპლომები და დისერტაციები: ლოგიკა დაახლოებით ისეთივე იყო, როგორც XIX საუკუნის ბოლოს ვინმე აშორდიასაგან აზნაურის სიგელის ყიდვის შემთხვევაში. დიპლომის ყიდვისას ადამიანი შრომის დაუხარჯავად კლასობრივ კუთვნილებას ყიდულობდა. ინტელექტუალობის მაქსიმალური ლიბერალიზაციის პირობებში განმსაზღვრელი ხარისხი ხდება: ისევ ბიზნესის მაგალითს თუ მოვიშველიებთ, "ბიზმესმენია" რომელიმე ჭიჭიკოც, რომელიც კრედიტს გამოიტანს, იმ კრედიტით "ბეენვე ხა-ხუთს" იყიდის და მერე ოფისში ბუზების თვლას დაიწყებს და მარკ ცუკერბერგიც, მაგრამ ერთი თავის სფეროში "ფორმალურ სრულყოფილებას" აღწევს, მეორე კი ვერა. ვთქვათ, ინტელექტუალია რომელიმე მაიმუნიც, რომელიც კლავიშებზე თითების ბარტყუნს ისწავლის და თავს ილია ჭავჭავაძედ წარმოიდგენს და ალენ ბადიუც. საბჭოთა მოდელისაგან განსხვავებით, ინტელექტუალი არ ფასობს "თავის თავად" იმიტომ, რომ ის გარკვეულ კლასს ეკუთვნის, არამედ, ისევე როგორც სხვა "პროფესიების" წარმოამდგენელი, ფასობს იმდენად, რამდენადაც აზროვნების სფეროში გარკვეული "სრულყოფილების" მიღწევას ახერხებს. (ბადიუ იმიტომ კი არ "ფასობს", რომ ფილოსოფოსია, არამედ იმიტომ, რომ "კარგ" ტექსტებს წერს, ანუ მამარდაშვილის თქმისა არ იყოს, აღწერის გარკვეულ სრულყოფილებას აღწევს). 
იტალიელი კომუნისტი ანტონიო გრამში, მე რომ მკითხოთ სწორად, ფიქრობდა,  იმ დასკვამდე მივიდა, რომ თავისი ინტელიგენცია ყველა კლასს (და თუ მის აზრს გავაგრძელებთ) ყველა სოციალურ ჯგუფს ჰყავს. ინტელიგენციაში ამ შემთხვევაში ისინი იგულისხმებიან, ვინც თავისი ჯგუფის ფასეულობების, იდეების, პროგრამების დაშ. არტიკულირებას ახდენს. პოსტსაბჭოთა საქარველოში ერთი ინტელიგენციის მაგივრად ახლა რამდენიმე გვყავს: მაგ. მარლთმადიდებელი ეკლესიის მრევლს თავისი ინტელიგენცია ჰყავს, ლიბერ'თ'არიანელებს თავისი და ა.შ. 
საბჭოთა კავშირისაგან განსხვავებით გვაქვს "ველი" (ფრანგ სოციოლოგ პიერ ბურდიეს თუ დავესესხებით), რომელშიც სხვადასხვა "აგენტები" მონაწილეობენ, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში ეს ველი ერთ მოთამაშეს ჰქონდა მონოპოლიზირებული. სხვა საკითხია, რომ ამ ველის მონოპოლიზაციის მცდელობა ახლაც მიმდინარეობს, მაგრამ, საინფორმაციო სივრცეზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო, მონოპოლიზაცია, აგრესიული პროპაგანდის პირობებშიც კი, ძალიან ძნელი მისაღწევი იქნება. ამ "ველში" კი აზრების "შეჯიბრება" ხდება. ინტელექტუალი თავის აზრს თავისუფლად გამოთქვამს, ვიღაცას (მაგალითად ბიზნესმენს ან პოლიტიკოსს) შეუძლია ეს აზრი მიიღოს და ამ აზრით იხელმძღვანელოს, არ მიიღებს - მოსტყვნია პატრონი (ეს ინტელექტუალის პოზიციიდან - პოლიტიკოსის ან ბიზნესმენის პოზიციიდან სავარაუდოდ პირიქითაა). 

ახლა კი იმ სფეროს მივადექით, რომელმაც ნოზიკს თავისი სტატია დააწერინა და რომელიც მის ქართველ მიმდევრებსაც აღიზიანებს. ეს არის ინტელექტუალთა ავტორიტეტი, (როგორც ბურდიე იტყოდა სიმბოლური კაპიტალი) და აქედან გამომდინარე ძალაუფლება, შექმნან საზოგადოებრივი აზრი. როგორც ვნახეთ, ნოზიკის სამიზნე ზოგადად ინელექტუალები კი არ არიან, არამედ მათი ერთი ჯგუფია: პირობითად მემარცხენე ინტელიგენციაა, რომელსაც ნოზიკი, როგორც მემარჯვენე ინტელიგენტი (უხეროდ) უპირისპირდება. ეს "მემარცხენე" ინტელიგენცია მხოლოდ პირობითადაა მემარცხენე, თანაც ისე, რომ პოლიტიკურ მემარცხენეობასთან საქმე აუცილებლად არ აქვს. "მაგრამ მათ შემთხვევაში, აზროვნების ვექტორი პოლიტიკური მემარცხენეობისკენ არის წანაცვლებული და გადახრილი." - ამბობს ნოზიკი, რომელიც ინტუიტიურად გრძნობს, მაგრამ ვერ აყალიბებს, რომ საუბარია იმ ინტელექტუალებზე, რომლებიც ზოგადად ძალაუფლებრივ სტრუქტურებზე აზროვნებენ და ამ სტრუქტურებს აკრიტიკებენ (აკრიტიკებენ ყოველთვის არ ნიშნავს უპირისპირდებიან ან მით უმეტეს ებრძვიან - ეს განსხავავება ჩვენთანაც ბევრს ვერ შეუგნია). ამ დაპირისპირებას კი ინტელქტუალის ჰაბიტუსის (ცნებას ისევ ბურდიეს დავესესხები) გენეალოგიასთან მივყევართ:  ერიხ კანტოროვიჩის ერთ შესანიშნავ სტატიაში  სათაურით "ხელოვანის სუვერენულობა" საუბარია აღორძინების ხანაში ხელოვნების, როგორც ავტონომიური სფეროს ჩამოყალიბებაზე. ეს სფერო კი ავტონომიურად იურისტების მეშვეობით ჩამოყალიბდა, რომლებმაც თეოლოგებს ინტელექტუალობაზე მონოპოლია საკამათოდ გაუხადეს. (პრინციპში ეს გენეალოგია კუდევ უფრო შორს, ბიბლიურ მეფეთა და წინასწარმეტყველთა დაპირისპირებამდე მიგვიყვანს). ხელოვანის (და ასევე ინტელექტუალის) ავტონომიას რამდენიმე იმპლიკაცია აქვს: მაგ. ის, რომ ხელოვანი თავისი სფეროს კანონმდებელია და როგორც სუვერენი პოლიტიკური ძალაუფლების "კონკურენტია". ხშირ შემთხვევაში, ის უფრო მნიშვნელოვანი კანონმდებელია, ვიდრე პოლიტიკური კანონმდებელი, იმიტომ რომ შეუძლია დაუწერელი კანონი შექმნას, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრებას საფუძვლად ედება. სწორედ ეს უნარი იწვევს ერთი მხრივ რეპრესიებს პოლიტიკური ძალაუფლების მხრიდან, მეორე მხრივ კი ქმნის ინტელექტუალის სიმბოლურ კაპიტალს. 
პიერ ბურდიე ხელოვნების "ველის" აღწერისას ამბობს, რომ მის ერთ პოლიუსზე ავტონომიური ხელოვანები არიან, ხოლო მეორე პოლიუსზე ჰეტერონომიულები. ჰეტერონომიული ხელოვანები ისეთები არიან, რომელთა "ნომოსს" პოლიტიკური ძალაუფლება განსაზღვრავს, ისინი, გამარტივებულად რომ ვთქვათ, პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო დოტაციაზე სხედან (ამ კატეგორიაში გადიან "აკადემიური" ხელოვანები"). ავტონომიური პოლისი კი ის პოლუსია, სადაც ხელოვნების კანონებს მხოლოდ ხელოვნება განსაზღვრავს (ხელოვნება ხელოვნებისათვის) და ამ პოლუსზე ბურდიე ავანგარდისტებს აქცევს. პირველნი "რეალურ" კაპიტალს ფლობენ, მეორენი სიმბოლურს - თუმცა ავტონომიურიდან ჰეტერონომიულ პოლუსზე გადანაცვლება იოლადაა შესაძლებელი. ამ მოდელს თუ ინტელქტუალებზეც გადავიტანთ, მაშინ ჰეტერონომიულ პოლუსზე "სახელისუფლებო ინტელექტუალები" აღმოჩნდებიან, ადამიანები რომლებიც "სახლემწიფოებრივად აზროვნებენ" - გრამშის განმარტებით, ეს იქნებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტელიგენცია, ავტონომიურ პოლიუსზე კი ისინი, ვინც თავიანთ აზროვნებას არ უქვემდებარებენ არც სახელმწიფო ინტერესს, არც პატრიოტიზმს და არც რომელიმე გარეშე კანონს, არამედ მხოლოდ აზროვნების კანონებს (მაგ. ასეთი იქნებოდა მერაბ მამარდაშვილი, ცოცხალი რომ ყოფილიყო). 
"სახელმწიფოებრივად მოაზროვნე" ინტელექტუალები სახელმწიფო რესურსებით სარგებლობენ, დამოუკიდებლად მოაზროვნე ინტელექტუალებს კი სიმბოლური კაპიტალი აქვთ, რომელიც სწორედ მათი დამოუკიდებლობიდან გამომდინარეობს. (ძველი რომაული განსხვავებით რომ ვისარგებლოთ, ჰეტერონომიული პოლუსის ინტელექტუალები პოტესტასთან აფილირებულობაში ცვლიან აუქტორიტასს). არ დავიწყებ ამ არჩევანის შეფასებას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ბურდიეს მოდელი ამ სფეროშიც შესანიშნავად მუშაობს. 

 ერთი ჩემი მემარჯვენე მეგობრის შეკითხვას რომ ვუპასუხო, რატომ არიან "მემარხენე" ინტელექტუალები უფრო პოპულარულები, ვიდრე "მემარჯვენე" ინტელექტუალები, (ეს ცნებები ზემოთ განვმარტე) ვიტყვი - ოდნავ პროვოკაციულად: guys, you are unsexy. ჰეტერონომიულ პოლუსზე მყოფ ადამიანს ავტორიტეტს ყოველთვის სხვა ანიჭებს და შესაბამისად მას თავისი ავტორიტეტი (თავისი თანამდევი ქარიზმით)  ვერ ექნება. მის მაგივრად ავტორიტეტი ყოველთვის ექნება იმას, ვინც მას კანონებს უდგენს. 

ავტონომიურ ინტელექტუალთა საზოგადოებრივ აზრზე გავლენა დღესდღეობით შემცირებულია:  პოლიტიკური ძალაუფლების ინსტანციები საკმაოდ მარტივად წყვეტენ ამ საკითხს: ნებისმიერი "რეალ-ტივი" ან რომელიმე ილუსტრირებული გამოცემა სამყაროს გამარტივებული სურათის პროპაგანდით ანაცვლებს სააზროვნო პროცესს, თუმცა სიმბოლური კაპიტალის მოპოვებას ვერაფრით ახერხებს. ქართულ რეალობაში სიმბოლური კაპიტალის დისკრედიტაციის გზით ექსპროპრიაციის გზას დაადგნენ, მაგრამ ვერც ეს ინსტრუმენტია გამოსადეგი. სხვისი დისკრედიტაცია შეიძლება, მაგრამ ძნელია ამით ავტორიტეტი მოიპოვო.

ის ქედმაღლობა, რომელიც ასე აღიზიანებს ნოზიკს, ნაწილობრივ დამოუკიდებლობის (და შესაბამისად სუვერენულობის) გამოხატულებაა და არა "კლასობრივი ამპარტავნება", თუმცა ბოლოს ნამდვილ ქედმაღლობაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. წარმოვიდგინოთ წარმატებული  "კლასიკური" ბიზნესმენი, რომელიც მთელი ცხოვრება მუშაობს და "დოვლათს ქმნის". მისი პროდუქტი ფულია. მას შეუძლია იყიდოს (თითქმის) ყველაფერი, რაზეც უოცნებია, მაგრამ ადრე თუ გვიან მის ცხოვრებაში დადგება მომენტი, როდესაც ფული აღარ იქნება საკმარისი და თავისი სახელის რამენაირად უკვდავყოფა მოუნდება. ამას კი, როგორც წესი, მეცენატობით ახერხებს. ეს მეცენატი (ისტორიული და პირველი) იყო შეძლებული რომაელი, რომელიც, სხვათა შორის,  ხელს უმართავდა ვერგილიუსს და ჰორაციუსს . ამ ჰორაციუსმა კი, სხვათა შორის,  დაწერა ერთი ოდა: exegi monumentum, რომელშიც ამბობს, რომ ისეთი ძეგლი აღვმართე, მომიტყნავს ყველა პირამიდა და ეხლა თუ გინდათ შეიკრიბეთ და იმ ყველაზე მაღალი პირამიდიდან რაზგონით დამასკდითო, მე კი მთლიანად არ მოვკვდები, და სანამ კაპიტოლიუმზე მსხვერპლს შესწირავენ, იქამდე ვემახსოვრები ხალხსო. (მერე კრისტიან მორგენშტერმა დაწერა ამ ლექსზე შესანიშნავი სატირა, ამ ლექსის მიბაძვები და მასზე ალუზიები კი ბლომადაა და მკითხველს უჩემოდაც მშვენივრად ეცოდინება). ჰორაციუსი, ცოტა არ იყოს შეცდა: კაპიტოლიუმზე მსხვერპლს დიდი ხანია არ სწირავენ, მაგრამ რომაელი პოეტი და რიტორი დღესაც შესანიშნავად ახსოვთ. მისი წყალობით ახსოვთ რომალეი ბიზნესმენი, ტომით ეტრუსკი, გაიუს ცილინიუს მეცენასიც (ჩვენებურად მეცენატი).  ეს ლექსი ინტელექტუალის ქედმაღლობის პირველი შემთხვევაა მსოფლიო ისტოირიაში. ხშირ შემთხვევაში ასეთი ქედმაღლობა სასაციალოა ხოლმე, მაგრამ იშვიათად, მაგალითად ჰორაციუსის შემთხვევაში, გამართლებული აღმოჩცნება. პრინციპში, ინტელექტუალი (ან ხელოვანი, ანაც საერთოდ ადამიანი) მაშინ გქვია, როდესაც მოახერხებ, რომ ასეთი ძეგლი დაიდგა. ოღონდ, მე თუ მკითხავთ, ამას აუცილებლად ავტონომია სჭირდება.


No comments:

Post a Comment