Sunday 1 November 2015

„ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით“ ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ





"ესაა პიკასოს ბიჭი? ამით ერთობოდა პიკასო???" ("არაჩვეულებრივი გამოფენა")

"На твой безумный мир ответ один - отказ" (მარინა ცვეტაევა)

რეკომენდაციები კითხვისთვის: ვისაც ლია უკლებას სურათი აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს მე-4 ნაწილი, ვისაც ჩემი დამოკიდებულება 4 და 5, ვისაც ყველაფერი ერთად, ცოტა ბევრი კითხვა მოუწევს. 

ცოტა ხნის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოეწყო სამეცნიერო კონფერენცია, რომლის ერთი ნაწილიც ხელოვანთა, მწერალთა და მხატვართა ნამუშევრებისგან შედგებოდა. ფუნდამენტალისტთა რისხვა ამ ნახატმა გამოიწვია.



სურათი 1. ლია უკლება. "Virgin Suicide"

რამდენიმე ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი უნივერსიტეტში მოვარდა, ხოლო ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კონფერენციის ორგანიზატორ პროფესორს “დაკითხვა“ მოუწყო, რომლისაც ინკვიზიციის მამებსაც კი შეშურდებოდათ. თანაც მორალისტურად აყოლებდა, ამას ასწავლით ილიას უნივერსიტეტშიო?

ამ წერილით მინდა:

-       დავიცვა და დავასაბუთო გამოხატვის და აკადემიური თავისუფლება (ადამიანი თვითონ განსაზღვრავს, რას იტყვის, დაწერს ან დახატავს და უნივერსიტეტი  - კანონის ფარგლებში - თვითონ განსაზღვრავს, რას ასწავლის );
-       დავასაბუთო, რატომაა აბსურდული და მავნე „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ ლაპარაკი ;
-       ლია უკლების შესანიშნავი ნახატის მაგალითზე ფუნდამენტალისტებს (და არა მარტო მათ) ავუხსნა, რას ვასწავლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში და ზოგადად უმაღლეს სასწავლებებლებში და რითი განსხვავდება ჩვენი აზროვნება მათი ტოტალიტარული პრაქტიკისაგან.  

ილიას უნივერსიტეტში მოვარდნილი „ინკვიზიტორი“ ჟურნალისტი (და არა მარტო ის, არამედ სხვა ფუნდამენტალისტი თანამოძმეებიც) იმან აღაშფოთა, რომ სურათზე „თვითმკვლელი“ ფეხმძიმე (როგორც ჟურნალისტი ამბობდა „მიდგომილი“ ღვთისმშობელია გამოხატული, რაც მორწმუნეთა (მართლმადიდებელ? ქრისტიან? ზოგადად მორწმუნეთა?) რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს. იმითი დავიწყოთ,  რომ ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტი რამდენიმე დაშვებას აკეთებს: 1. რომ უკლებას ნახატზე გამოხატული ქალი მართლაც ღვთისმშობელი მარიამია; 2. რომ ის იკლავს თავს და 3. რომ მისი ამგვარად გამოხატვა შეურაცხყოფს რელიგიურ გრძნობებს.

1. რასაც ილიას უნივერსიეტში ვასწავლით და რაც სავარაუდოდ არ უსწავლია ჩვენს პირობით ფუნდამენტალისტს არის ფაქტის და ვარაუდის ერთმანეთისგან განსხვავება. ვასწავლით იმას, რომ ჩვენი წინასწარი მსჯელობა ან ცრურწმენა არ უნდა შეგვეშალოს ფაქტში და საკუთარი მსჯელობა ან მოქმედება არ დავაფუძნოთ მცდარ წინაპირობებს. პირობითი ფუნდამენტალისტის მიერ გაკეთებულ სამივე დაშვებას უპირობოდ ვერ მივიღებთ. მაგალითად, ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტი იმაზეც კი არ დაფიქრებულა, რა შეურაცხყოფს კონკრეტულად „რელიგიურ გრძნობებს“, ფეხმძიმე ქალის გამოხატვა წმინდანის შარავანდედით? ღვთისმშობლის არაკანონიკური გამოხატვა (ამ კატეგორიაში მოექცეოდა ასობით და ათასობით გამოსახულება), თუ სწორედ ის, რომ ღვთისმშობელი პისტოლეტითაა გამოსახული?
ჩვენს პირობით ფუნდამენტალისტთან ლაპარაკი შეგვეძლო ამ მარტივი მითითებით დაგვემთავრებინა: სანამ ვიღაცას რაღაცის აკრძალვას მოთხოვ, ჯერ უნდა დაასაბუთო რასთან გაქვს პრეტენზია და ის, რომ ის, რასთანაც პრეტენზია გაქვს, მართლა ისაა, რაც შენ გგონია.

2. მაგრამ რადგან ილიას უნივერსიტეტში სხვა რაღაცეებსაც ვასწავლით, ჩვენს პირობით ფუნდამენტალისტთან ვირტუალურ დიალოგს გავაგრძნელებ. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტი ქრისტიანული კულტურის საფუძვლებს ცუდად იცნობს. მაგალითად შეიძლება არ იცოდეს, რომ მისი შორეული წინამორბედები ქრისტიანობის პირველ საუკუნეებშივე ზოგადად მაცხოვრის და წმინდანების გამოხატვას (მართლმადიდებლებისთვის არა მარტო ჩვეულებრივ, არამედ საკრალურ პრაქტიკას) არა თუ დიდი ეჭვის თვალით უყურებდნენ, არამედ მის აკრძალვასაც ცდილობდნენ. ქრისტიანი თეოლოგები ხატების დასაშვებობას იმითაც ასაბუთებდნენ, რომ რადგანაც მაცხოვარმა ხორცი შეისხა და სამყაროს მოევლინა, შესაბამისად მისი გამოხატვაც შესაძლებელი ყოფილა. ჩვენი ფუნდამენტილისტის შორეული თანამოძმეები, ხატთმებრძოლები კი ხატების აკრძალვას სწორედ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით ითხოვდნენ. ხატთმებრძოლეობა (მაშინაც) დამარცხდა. საკრალურ გამოსახულებებთან თავისუფალი მოპყრობა სწორედ ქრისტიანული (მათ შორის მართლმადიდებელი) კულტურის თავისებურება გახდა (რომელიც მას განასხვავებდა მაგ. ისლამისგან ან იუდეველობისაგან) და მის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. სწორედ საკრალურ გამოსახულებებთან ლიბერალურმა მოპყრობამ  ქრისტანული კულტურის წიაღში გააჩინა არა მარტო რენესანსი და მთელი საერო ხელოვნება, რომელსაც დღეს ხელოვნების ისტორიის მუზეუმებში დიდი მოწიწებით ვეპყრობით, არამედ მთელი ჩვენი ვიზუალური კულტურაც. მაგალითად ის, რომ ჟურნალისტი მიქიაშვილი შეიძლება კამერით მიუვარდეს პროფესორ მაისურაძეს, მერე ეს გადაღებული ვიდეო იუთუბზე ატვირთოს და სოციალურ ქსელებში გაავრცელოს, სწორედ იმიტომაა შესაძლებელი, რომ ოდესღაც, ქრსიტიანობის წიაღში იკონოდულებმა, ხატთმოყვარეებმა, დაამარცხეს ჟურნალისტი მიქიაშვილის წინამორბედი ხატთმებრძოლები.

კიდევ ერთი რაღაც, რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლით ის არის, რომ უნდა ვსწავლობდეთ და ვიცნობდეთ ჩვენი კულტურის საფუძვლებს, ვიცოდეთ რას ემყარება ჩვენი კულტურა და რატომ და რა გამომდინარეობს აქედან. ჩვენს პირობით ფუნდამენტალისტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ ესწავლა, მეტი ეცოდინებოდა იმ კულტურის შესახებ, რომელიც თითქოს უნდა რომ სხვებისგან დაიცვას.

ეს კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნებოდა, დაგვემთავრებინა დიალოგი ჩვენს პირობით ფუნდამენტალიტთან, მაგრამ მე მაინც გავაგრძელებ.

3. „თქვენ მართლმადიდებელი ხართ?“  - მიმართავდა ჟურნალისტი პროფესორს. ამ შეკითხვით მას სურდა ყურადღება არგუმენტიდან პიროვნებაზე გადაეტანა და ეჩვენებინა, რომ ან ა) მართლმადიდებლისთვის არასაკადრისია ასეთი „გამოფენის მოწყობა“ ან ბ) არამართლმადიდებელი ებრძვის მართლმადიდებლობას. მისივე ბიოგრაფიულ მეთოდს რომ მივყვეთ, დავინახავთ, რომ მიქიაშვილი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ხატების საგამოფენოდ გატანას სახელმწიფო მუზეუმიდან და რომ ის ცრურწმენებით შეპრყობილი, ფუნდამენტალისტურ წრეებთან დაკავსშირებული ადამიანია, რომელსაც სურს საკუთარი ცრურწმენა ტერორიზირების ხარჯზე სხვას მოახვიოს თავს. 

მაგრამ  ილიას უნივერსიტეტში ვასწავლით, რომ ყურადღება უნდა მიაქციო არა პიროვნებას, რამდენადაც ოდიოზური არ უნდა იყოს ის, არამედ შეეცადო, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გასინჯო მისი არგუმენტებიც და ამით შენი არგუმენტის სისწორე ან სიმცდარე გადაამოწმო. სწორედ ამის გაკეთებას შევეცდები ეხლა.

4. ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტის მხოლოდ ირიბად გამოთქული აღშფოთება იმან გამოიწვია, რომ მისი აზრით ღვთისმშობლის „კარიკატურასთან“ გვქონდა საქმე. სანამ აქამდე მივიდოდეთ, ორი ოპერაცია უნდა ჩავატაროთ: უნდა გავარკვიოთ, ვინ არის გამოხატული ლია უკლებას სურათზე და რა ჟანრისაა მისი ნახატი. ორივე ოპერაცია პირდაპირ კავშირშია კიდევ ერთ რაღაცასთან, რასაც ვასწავლით ილიას უნივერსიტეტში და ამ რაღაცას ინტერპრეტაცია ქვია ანუ როგორ და რა მეთოდებზე დაყრდნობით განვმარტოთ ის, რასაც ვხედავთ, ვკითხულობს ან გვესმის.

იმის გასაკრვევად, ვინ დახატა ლია უკლებამ, რამდენიმე ხერხი არსებობს. ყველაზე მარტივი ხერხი სათაურია, რომელიც პირდაპირ გაგვარკვევდა, ვინ არის ლია უკლებას სიუჟეტის მთავარი და ერთადერთი ხილული პერსონაჟი. სათაური ამის საშუალებას არ გვაძლევს. ავტორის ვებგვერდზე სურათს ქვია „Virgin Suicide“ (ქალწულის თვითმკვლელობა), რომელიც პირდაპირ გვაგზავნის ამერიკელი რეჟისორის სოფია კოპოლას ფილმთან “The Virgin Suicides“ („ქალწულთა თვითმკლველობები”, 1999), რომელიც, თავის მხრივ არის ამერიკელი მწერლის, ჯეფრი ევგენიდესის ამავე სახელწოდების 1992 წლის რომანის ეკრანიზაციაა. რომანიცა და ფილმიც მოგვითხრობს ხუთი დის (12-17 წლის გოგონების) თავგადასავალს, რომლებიც თავიანთ მოკლე, მაგრამ დასამახსოვრებელ სიცოცხლეებს რომანშიც და ფილმშიც გაურკვეველი მიზეზების გამო თვითმკვლელობით ამთავრებენ და მშობლებს და თანამოქალაქეებს სასოწარკვეთაში ჩააგდებენ. არის თუ არა თვითმკლველობა თვითგამოხატვის ფორმა, პროტესტის ფორმა, ოჯახის და პატრიარქალური წყობილების ან სამყაროს მიმართ, ერთმნიშვნელოვნად ვერ გავიგებთ, სამაგიროდ  - და ეს არის ამწუთას ჩვენთვის საინტერესო - გარკვეულია ჩვენი კონტექსტი: თინეიჯერი გოგონების რთული ემოციური სამყარო და მათი დამოკიდებულება სამყაროსთან, რომელიც არ არის მზად ისინი ისეთებად მიიღონ, როგორებიც ისინი არიან და სურს თავის თარგზე გამოჭრას. ერთ-ერთი შესაძლებლობა ლია უკლებას ნახატის ინტერპრეტაციისა იქნებოდა, რომ ის სწორედ ასეთ თინეიჯერ გოგონას, რომელიც მარტო დგას სამყაროს წინაშე და რომელსაც სამყარო იმორჩილებს მთელი თავისი ძალითა და რეპრესიული აპარატით, წმინდანად შერაცხავს. ამგვარ საკრალიზაციის მაგალითები ხელოვნების ისტორია მრავლად იცნობს, ქართულ სინამდვილეში მისი (მართალია შორეული) ანალოგი იქნებოდა კონსტანტინე გამსახურდიას მოთხრობა “ზარები ქარში”, რომელიც ჯერ არავის შეურაცხავს მამა ღმერთის შეურაცხყოფად.

მაგრამ, სათაურზე ნუ შევჩერდებით. კიდევ ერთი საშუალება დავადგინოთ, ვინ ხატია სურათზე, არის ხელოვნებათმცოდნეობის სამეცნიერო მეთოდი, რომელსაც იკონოგრაფია ქვია. იკონოგრაფია ბერძნული კომპოზიტი (შედგენილი სიტყვაა) და ხატ-წერას ნიშნავს. (კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ არის მთელი ჩვენი დღევანდელი კულტურა ქრისტიანობაში გამოუსახულებებთან თავისუფალი მოპყრობის შედეგი). მისი მიზანია გამოსახულებების შინაარსის იდენტიფიკაცია, აღწერა და ინტერპრეტაცია. ამას იკონოგრაფია, სხვათა შორის, მსგავსი მოტივების  შედარების საშუალებით აკეთებს. მართლაც, უკლებას სათაურში გამოტანილი “ქალწული” იმაზეც დაგვაფიქრებს, არის თუ არა ეს ქალწული ქალწული მარიამი. ფეხმძიმე ღვთისმშობელი ქრისტიანული იკონოგრაფიისათვის უცხო არ არის (საამისოდ არსებეობს იკონოგრაფიული ლექსიკონები, რომლებიც ამა თუ იმ გამოსახულების მოტივის ისტორიას გაგვაცნობს). მაგალითისთვის ერთს მოვიყვან:  

სურათი 2 ბატისტა დი ვიჩენცა, დიდების მარიამი (ca. 1375), ვიჩენცა. 


ვივარაუდოთ, რომ ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტის გულისწყრომა არა ფეხმძიმე, ანუ რელიგიური ენით რომ ვთქვათ, მიდგომილი მარიამის გამოსახულებამ გამოიწვია, რომელსაც ქრისტიანული, მათ შორის მართლმადიდებლური იკონოგროფია როგორც ვნახეთ, იცნობს, არამედ, ღვთისმშობლის არაკანონიკურ, ეკლესიის მიერ ავტორიზირებული ხატების კონტექსტში დახატვა. ლია უკლება ვერც აქ იქნებოდა პიონერი. ორ ნახატს გამოვყოფ: ერთი არის ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის „მადონა“ (1892-1995), სადაც (ისევე როგორც უკლებას შემთხვევაში სავარაუდოდ) ღვთისმშობელი მარიამია გამოსახული, ოღონდ არა კანონიკური, არამედ ფრიად მგრძნობიარე ფორმით.








სურათი 3: ედვარდ მუნკი, "მადონა"

მუნკის მარიამის პროტოტიპი მისი შეყვარებული დაგნი პრშებიშევსკაა (რომლიც თბილისში, სასტუმრო ლონდონში 1901 მოკლა იქნებ ვინმე ფუნდამენტალისტმაც). ისევე როგორც ხელოვნების ნაწარმოების თითქმის ყველა შემთხვევაში, ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ძნელია, შესაძლოა, რომ მუნკი თავისი სიყვარულის უკიდურეს საკრალიზაციას აკეთებს შეყვარებულის ერთ-ერთი ყველაზე საკრალურად დატვირთული სიმბოლოს რანგში აყვანით. სურათის რამდენიმე ვერსია არსებობს, ერთი ოსლოს ეროვნულ მუზეუმში ინახება, მეორე ოსლოშივე, მუნკის მუზეუმში.

არანაკლებ ცნობილია გერმანელი მხატვარი მაქს ერნსტის  „ქალწული სჯის ყრმა იესოს სამი მოწმის,  ანდრე ბრეტონის, პოლ ელიუარის და მხატვრის თანდასწრებით“.


სურათი 4: მაქს ერნსტი, „ქალწული სჯის ყრმა იესოს სამი მოწმის,  ანდრე ბრეტონის, პოლ ელიუარის და მხატვრის თანდასწრებით“. 1926, © მუზეუმ ლუდვიგი, კიოლნი

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ 1926 წელს დახატულმა ნახატმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პარიზში, სადაც ნამუშევარი შეიქმნა, მან კათოლიკე სამღვდელოების პროტესტი გამოიწვია, ხოლო 10 წლის შემდეგ, კიოლნში, სადაც ნახატი უნდა გამოფენილიყო, კიოლნის კათოლიკე მთავარეპისკოპოსმა მხატვარი დაწყევლა და განკვეთა. დღეს მაქს ერნსტის სურათი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმის, „ლიუდვიგის მუზეუმს“ ამშვენებს და ეჭვი მაქვს, იქ დღევანდელი სამღვდელოებაც შედის ხოლმე საყურებლად. აქვე დავამატებ, რომ ერნსტის ნახატიც არ ყოფილა კარიკატურა. ის წმინდა და პროფანულ სამყაროს ერთმანეთთან აკავშირებს (რაც - დიდი ინტერპრეტაცია არ არის, შეგიძლიათ ვიკიპედიაშიც ამოიკითხოთ) და სიურეალიზმის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი გახლავთ. მისი მიზანი არ არის შეურაცხყოფა, შესაძლოა იყოს პროვოკაცია, ოღონდ ეს პროვოკაცია ვიღაცის აღშფოთების პროვოკაცია კი არ არის, არამედ დაფიქრების პროვოკაცია. ის წარმოგვიდგენს ღვთისმშობელს როგორც „ჩვეულებრივ“ დედას, რომელიც შვილმა შეიძლება გააბრაზოს და რომელმაც შვილი შეიძლება დასაჯოს კიდევაც. ამით ის აახლოვებს ამქვეყნიურ დედა-შვილობას საკრალურთან და პირიქით.

ამავე ჟანრში, თუმცა კარიკატურასთან უფრო ახლოს (რადგანაც კომქსის ტექნიკას იყენებს) დგას ასევე თანამედროვე ქართული ნამუშევარი. ეს კომიქსი, რომელიც ფეისბუქის გვერდზე „ჩეშირის საგრაფო“ გამოყვეყნდა - რომელიც ცნობილ, კლასიკურ გამოსახულებებს - ამ შემთხვევაში ჯოტოს ასიზურ ჯვარცმას ალაპარაკებს,  გვიჩვენებს ქრისტეს ჯვარზე, რომელსაც ღვთისმშობელი ეუბნება „ჩამოდი, ჭამე და ისევ ადი“.


სურათი 5. "ჩეშირის საგრაფო", "ჩამოდი, ჭამე და ისევ ადი"

მისი მიზანი აქაც ვინმესთვის საკრალურის დაცინვა კი არ არის, არამედ ქართული დედა-შვილობის თავისებურეების გადატანა საკრალურ სიუჟეტში, იმის ჩვენება, რომ დედა (ან ყოველ შემთხვევაში ქართველი დედა) ნებისმიერ სიტუაციაში მაინც დედად რჩება. ეს განმარტება სხვათა შორის არც ისე შორია ღვთისმშობლის დედობრივი გრძნობების განმარტებასთან ქრისტიანული, მათ შორის მართლმადიდებლური კულტურის ფარგლებშიც. საინტერესოა, ილიას უნივერსიტეტმა მუნკის გამოფენა რომ მოაწყოს, მონათლავენ თუ არა ფუნდამენტალისტები მსოფლიო ხელოვნების შედევრებს „შეურაცხყოფად“ და მოითხოვენ თუ არა მათ მოშორებას.

მაგრამ შესაძლოა, ჩვენი პირობითი ფუნდამენტლისტი იმან განარისხა, რომ (სავარაუდოდ) ღვთისმშობელი პისტოლეტითაა გამოსახული და (სვარაუდოდ) თავის მოკვლას აპირებს. არც ღვთისმშობელი იარაღის კონტექსტშია იკონოგრაფიული სიახლე. ამჯერად კანონიკური ქრისტიანული იკონოგრაფია იცნობს ღვთისმშობლის გამოსახულებას შვიდი ხანჯლით/ისრით.


სურათი 6. „ღვთისმშობელი „სემისტრელნაია“, რუსეთი, უცნობი ავტორი

ეს არის რუსული ტიპის ხატი, რომელიც ახლოსაა ანალოგიური ხატების ტიპთან სახელწოდებით „ავი გულების მოლბობა“ (ჩვენს პირობით ფუნდამენტალისტს ვურჩევდი, ეს ხატი სახლში დაესვენებინა).


სურათი 7. ავ გულთა მოლბობა, რუსეთი, XIX საუკუნე, ფრაგმენტი
რუსეთში ეს ხატი მტრად გადაკიდებულთა შემრიგებლად ითვლება. ამ ტიპის ხატების შინაარსი არის ტკივილი, რომელიც ღვთისმშობლის გულს დანასავით ესობა. ესაა პირველ რიგში ტკივილი მისი შვილის ტანჯვათა გამო (აქედან გამომდინარეობს ღვთისმშობლის იკონოგრაფიის ისეთი ცნობილი მოტივები, როგორიცაა


ელეუსა (თანამგრძნობი),
სურათი 8, ელეუსა, ბიზანტიური ხატი, XIII საუკუნე
 პიეტა,


სურათი 9. პიეტა, მიქელანჯელო, 1498, ფლორენცია
მატერ დოლოროზა .


სურათი 10, მატერ დოლოროზა, კოლუმბია, XIX საუკუნე

მაგრამ ეს არის ასევე ტკივილი ზოგადად ადამიანთა სიავის და სისასტიკის გამო. ლია უკლებას ნახატი ამ კონტექსტსაც აცოცხლებს, ის გვაჩვენებს ღვთისმშობელს, რომელსაც გული შესტკივა ჩვენი სამყაროს ძალადობის, ბოროტების, გულქვაობის გამო.

ხატების ეს ტიპი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი დროს უსვამენ ხაზს, ელეუსას ტიპის ხატებში, მაგალითად, ღვთისმშობელი ერთი მხრივ ეფერება ყრმა იესოს, მეორეს მხრივ, მან იცის იმის შესახებ, რა ელის მას მომავალში თან უხარია და თან სწუხს ამის გამო. ღვთისმშობლის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ბევრ ქრისტიანულ კულტურაში, მათ შორის ქართულშიც, სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ის ყოველთვის, რაღაც ნაწილით მაინც, დედად რჩება.

საერთოდ, ღვთისმშობლელი ადამიანის გრძნობების გამოსახატავად შუა საუკუნეებში არაჩვეულებრივი სიმბოლო იყო სწორედ იმიტომ, რომ ის ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროების გაერთიანების საშუალებას იძლეოდა. თუნდაც ქართული „შენ ხარ ვენახი“, რომელიც დღეს შეიძლება რომელიმე ფუნდამენტალისტის გრძნობას შეურაცხყოფდეს იმიტომ, რომ ღვთისმშობელი იქ მცენარედაა მოხენიებული. ან ნაზი გრძნობიერეით სავსე ბიზანტიური ჰიმნები, რომლებიც თავის მხრივ, ანტიკურ ჰიმნებს ეყრდნობიან, შუა საუკუნეების ადამიანს რელიგიური სიმბოლოების შიგნით ამქვეყნიური გრძნობების მოთავსების საშუალებას აძლევდა.

სწორედ დედობრიობაში შეიძლება დავინახოთ ლია უკლებას ნახატის სიახლე და სკანდალურობა. ამ ნახატშიც, ისევე, როგორც, მაგ. ელეუსას ტიპის ხატებში, დრო შემოდის. ჩვენ არ ვიცით, რას მოიმოქმედებს მისი ნახატის პერსონაჟი, დააჭერს თუ არ დააჭერს სასხლეტს თითს (იმ შემთხვევაში, თუ მისი პისტოლეტი ნამდვილია). ნახატში ყურადღება შეჩერებული დროის მომენტზეა გამახვილებული (რომელიც განასხვავებს მას დროში გაწერილი თხრობისაგან და გამოსახულებისათვის დამახასიათებელ დრამატიზმს ქმნის. ამ თემაზე შესანიშნავი ნაშრომი „ლაოკოონი“ აქვს დაწერილი გერმანელ მწერალს, გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგს ). თუკი დავუშვებთ, რომ ნახატზე მართლაც ღვთისმშობელია, მაშინ მისი დაფიქრება თვითმკვლელობის შესახებ შეგვიძლია სწორედ ელეუსას ხატების კონტექსტში წავიკითხოთ: ღვთისმშობელი შეიძლება ფიქრობდეს, რომ ამ გზით,  თავისი შვილთან ერთობლივი თვითმკვლელობით აარიდოს თავი საკუთარ და შვილის ტანჯვას. ქრისტიანულ კულტურაში თვითმკვლელობას საკმაო ლიტერატურა აქვს მიძღვნილი და თუნდაც ამ ნახატის ინტერპრეტაციისათვის მისი გახსენებაც არ იქნებოდა ურიგო. მაგ. III საუკუნის ქრისტიანი ავტორი ათანაზიოსი ქრისტეს მიიჩნევს „თვითმკვლელად“ იმის გამო, რომ მან თავი არ აარიდა ჯვარცმას.

ახლა კი შეგვიძლია გადავიდეთ ყველაზე „რადიკალურ“ ინტერპრეტაციაზე, რომელსაც, როგორც ჩანს, თვითონ ავტორიც ემხრობა. http://marshalpress.ge/?p=13694 იმასაც დავამატებდი, რომ ილიას უნივერსიტეტში ასევე იმასაც ვასწავლით, რომ ავტორის პოზიცია არ არის ერთადერთი და საბოლოო ნახატის ინტერპრეტაციისას. ამ ინტერპრეტაციაზე რომ გადავიდე, უნდა დავუბრუნდე სურათის სათაურს და სოფია კოპოლას ფილმს. (სავარაუდო) ღვთისმშობელი (სავარაუდოდ) შესაძლებელია სწორედ ფემინისტურ კონტექსტში განვიხილოთ. უკლებას დანახული ღვთისმშობელი პირველ რიგში არა დედაა, არამედ ქალი. (შესაძლოა, ეს იყოს შოკის მომგვრელი პირობითი ფუნდამენტალისტისათვის, მაგრამ მუნკის ნახატი ამ თვალსაზრისით ერთი ასპექტით მაინც უფრო შორს მიდის). როგორც ქალი, ღვთისმშობელი შეიძლება არა მარტო იმაზე ფიქრობდეს, (როგორც ამას ქრისტიანული კონტექსტიდან ვიცნობთ), ღირსია თუ არა ის, როგორც ქალი, გახდეს ღვთისმშობელი. ის შეიძლება იმაზეც ფიქრობდეს, რა მოჰყვება მისი შვილის გაჩენას. რომ მას მოჰყვება ქრისტიანობის სახელით ჩადენილი უამრავი დანაშაული, მკვლელობა, წამება, გაუპატიურება, ჩაგვრა, დაპყრობითი ომები, კოლონიალიზმი, ქალის დამონება და მისი კაცისათვის დაქვემდებარება. (სავარაუდო) ღვთისმშობელი, ელეუსას ღვთისმშობლისაგან განსხვავებით ფიქრობს არა ხსნის ისტორიაზე, არამედ სამყაროს კატასტროფულ ისტორიაზე და ეს საკმარისზე მეტი მიზეზია მისთვის, თვითმკვლელობაზე იფიქროს. (კიდევ ერთი პოპ-კულტურული პარალელი იქნებოდა „უცხოს“ ტრილოგიის მესამე სერიის დასასრული. ასტრონავტი ელენ რიპლი, რომელიც „უცხოსგან“, საშიში მონსტრისგანაა ფეხმძიმედ და თავს იკლავს, ოღონდ ახალი მოსტრის დედა არ გახდეს და ამით სამყარო გადაარჩინოს. https://www.youtube.com/watch?v=Qlr-4PECivg

კიდევ ერთი, ამჯერად ლოკალური მიზეზი, რომელზეც ავტორიც საუბრობს, არის რელიგიის და რელიგიურობის პრივატიზაცია ფუნდამენტალისტების მიერ. უკლებას ნახატი შეიძლება წავიკითხოთ, როგორც არა მარტო მისი, არამედ (სავარაუდო) ღვთისმშლობლის პროტესტი დღევანდელი მართლმადიდებელი ფუნდამენტალიზმის მიერ არა მარტო სარწმუნოების, არამედ მთელი საქართველოს „პრივატიზაციის“ სურვილის მიმართ. საპატრიარქოს წიაღიდან არაერთხელ გაგვიგონია უკვე ტრადიციად ქცეული ქალთმოძულე განცხადებები, რომლებიც, სხვათა შროის საქართველოში ასე გავრცელებული ქალთა მკვლელობების ერთ-ერთ მიზეზადაც შეიძლება მიიჩნიოთ. ილია შიოლაშვილმა თავის საშობაო ეპისტოლეში „მიუსაფრობისთვის და მარტოობისათვის“ გაწირა ხელოვნურად ჩასახული და სუროგატი დედის მეშვეობით გაჩენილი ბავშვები. საპატრიარქო ყველა საშუალებით და ყველა ფრონტზე ცდილობს შეეწინააღმდეგოს ქალის გათავისუფლებას, მის ემანსიპაციას. უკლებას და მისი პერსონაჟის  რეაქცია რუსი პოეტის, მარინა ცვეტაევას სიტყვებით რომ ვთქვათ არის , „На ваш безумный мир / ответ один  - отказ!“.

ახლა კი დავადგინოთ ნახატის ჟანრი. ჩვენი პირობითი ფუნდამენტალისტი ამ ნახატს „კარიკატურად“ მიიჩნევს და (სავარაუდოდ) სწორედ ამიტომ ჰგონია ის შეურაცხმყოფელი. ამ ვარუდს მიმყარებს ჟურნალისტი მიქიაშვილის მიერ ნახსენები შარლი ებდოს, ფრანგული კარიკატურული ჟურნალის კონტექსტი. შარლი ებდოს მხატვრები მუსულმანი ფუნდამენტალისტების ტერორისტულ თავდასხმას ემსხვერპლნენ (რითაც ჟურნალისტი მიქიაშვილი ამჯერად შეფარულად პროფესორ მაისურაძეს ემუქრებოდა).  ჟანრული თვალსაზრისით, არაფერი გვაძლევს ლია უკლებას ნახატის კარიკატურად მიჩნევის საშუალებას. კარიკატურის მიზანი არის გამოსახული ობიექტის სასაცილოდ გამოყვანაა, რაც მისი ჩვეული გარეგნული ნიშნების სატირულ დეფორმაციას გულისხმობს. უკლებას ნახატში ამგვარს ვერაფერს ვერ ვხედავთ, ასე რომ „შეურაცხყოფა კარიკატურით“ შეგვიძლია გვერდზე გადავდოთ. უკლებას ნახატი უკიდურესად სერიოზული და კრიტიკულია და როგორც ვნახეთ, ინტერპრეტაციათა უსაზღვრო რაოდენობის საშუალებას გვაძლევს. ისიც დავინახეთ, რომ ჩემს ერთობ ზედაპირულ და სპონტანურ ინტერპრეტაციაშიც კი უკლებას ნახატი ფიქრისათვის ძალიან დიდ გაქანებას იძლევა. ამ ფიქრის ჩარჩოებიც ძალიან დიდია და მასში ბევრი რამე ეტევა რელიგიიდან ფემინიზმამდე (და პირიქით) და საქართველოს ისტორიიდან ხსნის ისტორიამდე.

სინამდვილეში ლია უკლებას ნახატი ალბათ ყველზე ქრისტიანულია, რაც კი საქართველოში შექმნილა როგორც მინიმუმ ბოლო 25 წლის განმავლობაში. უფრო ქრისტიანულია, რადგანაც მას, განსხვავებით უხეიროდ დახატული თანამედროვე ხატებისაგან (რომელსაც ის თავისი სტილით ბაძავს კიდევაც) შეუძლია  - და ამის ემპირიული დასტურიც გვაქვს - ცოცხალი რელიგიური გრძნობის გამოწვევა თუნდაც დაბნეულობის ფორმით. ლია უკლებამ მიაგნო იმ წერტილსაც, რომელსაც ქართველი თანამედროვე ხელოვანების არმია ათასობით ვორკშოპებზე და გამოფენებზე ცდილობს რომ მიაგნოს და ვერ აგნებს. მან იპოვა დღესდღეისობით ძნელად მოსაძებნი წერტილი, სადაც სიცხოცხლე და ხელოვნება ერთმანეთს უხლოვდება და ერთმანეთისგან განუსხვავებელი ხდება.

ილიას უნივერსიტეტში ვასწავლით, რომ ხელოვნების ნაწარმოები იმით განსხვავდება ყოფითი გამონათქვამებისაგან, რომ მისი ერთ „სათქმელამდე“ დაყვანა შეუძლებელი და აბსურდულია და ამიტომ ის არ შეიძლება იყოს შეურაცხყოფა ვინმეს მიმართ. თუმცა ვიღაცამ შეიძლება თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს. ასე, საქართველოში რელიგიურ ფუნდამენტალისტებს დაუწვავთ და წყალში გადაუყრიათ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ სწორად მისი მათი აზრით რელიგიური სკანდალურობის გამო. აკძრალული ყოფილა მსოფლიო ლიტერატურის შედევრები: ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ და ჯეიმზ ჯოისის „ულისე“. დღეს „ისლამური სახელმწიფო“ მათი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით ანადგურებს მსოფლიო კულტურის ძეგლებს. ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი პალმირა იყო. ამ გზაზე - ფუნდამენტალიზმის და ხელოვნების რეგულირების გზაზე სიარული ბარბაროსობის და განადგრურების გზაზე სიარულია. ჩვენ არავის მივცემთ საქართველოს ამ გზაზე შეყენების საშუალებას.

5. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ვასწავლით, ინტერპრეტაციისას ამ საზრისების მრავალფეროვნების გათვალისწინებას და არა მისი კრიტიკისა და არგუმენტების გარეშე ერთ გამარტივებულ ავტორიტარულ გამნარტებამდე დაყვანას და ამ პრიმიტიული ოპერაციის შედეგად მისი აკრძალვის მოთხოვნას.

„რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ გადაიქცა კონტეინერად, რომელიც პირობით ფუნდამენტალისტს საშუალებას აძლევს, მისთვის არმოსაწონი ან მისგან ვერგაგებული შიგნით გამოკეტოს, უბრალოდ მოაშოროს, აკრძლალოს, დამალოს. სინამდვილეში ნახატი პირობით ფუნდამენტალისტში ნამდვილ რელიგიურ გრძნობას აღძრავს, ოღონდ მას ამ გრძნობის ეშინია. იმის მაგივრად, რომ დაფიქრდეს, ჩაუფირქრდეს თავის თავს, თავის რწმენას, თავის ადგილს ამ ქვეყანაზე, პირობითი ფუნდამენტალისტი არა თუ საკუთარ თავს უკრძალავს ფიქრს, რომელსაც ის შეიძლებოდა რაიმე განსხვავებულ აზრამდე მიეყვანა, არამედ ამ ფიქრს უკრძალავს სხვასაც, სწორედ იმიტომ, რომ მას არ სჯერა საკუთარი თავის, ეშინია საკუთარი გრძნობების და სამყაროსი, იმიტომ, რომ თავისი თავის შეცნობის გზაზე პირველი ნაბიჯის გაკეთებას დაუფრთხია.

მაგრამ ერთია ეს სპონტანური ფუნდამენტალიზმი, რომელიც საკუთარ გრძნობებში ვერ გარკვეულა და ამის გამო აგრესიას გრძნობს სამყაროს მიმართ. მეორეა საპატრიარქოს წიაღიდან წამოსული ფუნდამენტალიზმი, რომელიც ცდილობს, შეზღუდოს აზრის თავისუფლად გამოხატვა. ამ შემთხვევაში არც სარწმუნოება, არც რელიგიური გრძნობები არაფერ შუაშია. ის ტოტალიტარულ, სტალინურ მემკვიდრეობას ნიღბავს და სხვათა შორის ცდილობს დააკანონოს ის, რისი თქმა შეიძლება და რისი არა, რისი ხატვა და გამოფენა შეიძლება და რისი არა. ამ ტოტალიტარული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მთავარი ორგანო არის დღევანდელი საპარტირაქო, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ, სეკულარულ სახელმწიფოს და ის მის მიერ გაყალბებული ქრისტიანობისა და ეროვნულობის ნაზავს დაუქვემდებაროს საკუთარი ძალაუფლებრივი პოზიციების გამყარების მიზნით.


6. კიდევ ერთი და ალბათ მთავარი რაღაც, რასაც ილიას სახელმწიფო უნივერესიტეტში ვასწავლით - და არა წმ. ილია მართლის უნივერსტიტში, როგორც რომელიმე იერარქს შეიძლება არასწორად ეგონოს - არის თავისუფლება. თავისუფლება არ ნიშნავს იმის კეთებას რაც შენ გინდა. თავისუფლება ნიშნავს ერთობლივი აზროვნების და მოქმედების შესაძლებლობას მხოლოდ და მხოლოდ თანასწორთა, თანასწორი უფლებებით აღჭურვილთა შორის. განსხვავებით ფუნდამენტალიზმისგან, რომელიც კეტავს, ახშობს და ანადგურებს - თავისუფლება ხსნის და აფუძნებს, ის არის ახლის გაჩენის ერთადერთი შესაძლებლობა. თავისუფლების სწავლა გამბედაობის სწავლასაც გულისხმობს. ჩვენ ვასწავლით ჩვენს სტუდენტებს, რომ თავისუფლი ადამიანი არ შეიძლება იყოს მხდალი და მშიშარა და რომ თავისუფლებას ყოველდღიური დაცვა და ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ ჩვენ არც ფუნდამენტალისტების, არც მათი მრისხანე სიტყვების და არც მათი პოგრომების შეფარული მუქარების გვეშინია. მინდა ყველა ფუნდამენტალისტმა კარგად შეიგნოს - სასურველია ერთხელ და სამუდამოდ - არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, არც რომელიმე სხვა უნივერსიტეტი და არც საქართველოს საზოგადოება აღარასოდეს აღარ მისცემს არავის, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ ამ ჩვენი საზოგადოების დამონების, დაბეჩავების და მასში თავისუფლების ჩაკვლის და აკრძალვის საშუალებას.






8 comments:

Unknown said...

ვისიამოვნე წაკითხვით! ბევრი ისეთი დეტალია, რამაც გაცილებით გამიმყარა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. გმადლობთ.

Anonymous said...

სანამ გაგვანათლებდეთ იკონოგრაფიის მნიშვნელობის შესახებ, ჯობდა ძველი ქართული ფრესკები გენახათ, მაშინ მიხვდებოდით რომ ეს უბრალო ავტორისეული შექმნილი სახე კი არაა, არამედ დირბის მონასტრის ფრესკის ზუსტი, თუმცა, მე ვიტყოდი, კიჩური ასლია

Unknown said...

ჩვენ არავის მიცემთ საშუალებას.. და არც თქვენ მოგცემენ საშუალებას...და სად იყო ეს მებრძოლი სული სააკაშვილის ჟამს? ზოგადად მართლა კარგად წერს, მაგრამ ეს ნაკითხი, ცინიკი ადვოკატის გამამართლებელი სიტყვა უფროა, ვიდრე ფუნდამენტალიზმის შესაძლო მანკიერების ახსნა და მისი შედეგების ნიველირების მცდელობა.

Unknown said...
This comment has been removed by a blog administrator.
Anonymous said...

თქვენ იცით ვინ იყო ღირსი დამიანე? ცოტა საქართველოს ისტორიასაც იქნებ გაცნობოდით ბატონო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმდენ უაზრობაზე, რაც მაგალითად მოგიტანიათ. ფეისბუქში ათი წლის ბავშვმა ფოტოშოპით რომ რაღაც მიახატა ნახატს, ეგ რამის დასტურად გამოდგება?

ახლა კი ღირს დამიანეზე და "შენ ხარ ვენახი"–ს წარმომავლობაზე რომ იცოდეთ ესაა >> ღირსი დამიანე, მეფეყოფილი დემეტრე იყო წმიდა კეთილმსახური მეფის დავით აღმაშენებლის შვილი. წმიდანი დაახ. 1095 წელს დაიბადა. დემეტრეს აღზრდაზე ერთნაირად ზრუნავდნენ როგორც სასულიერო, ასევე საერო და სამხედრო მეცნიერების საუკეთესო წარმომადგენლები, როგორც მემატიანე წერს დემეტრე „სიბრძნით, სიწმინდით, ახოვნებითა და სიმხნევით უმჯობეს იყო ნანისა“.

1125 წელს წმიდა დავით მეფემ სიცოცხლეშივე დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე, „დაადგა გჳრგჳნი მისითა ჴელითა“ და „შეარტყა წელთა ძლიერთა მახჳლი“.

დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფე დემეტრემ (!) შთამომავლობას ჰიმნოგრაფიის შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა. ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილია შესხმა ღვთისმშობლისა - „შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული, მორჩი, კეთილი ედემს შინა ნერგული, ალვა, სუნელი სამოთხეს აღმოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერვინა გჯობს ქებული, თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული“.

როცა რაღაცას კვლევის სახეს აძლევთ, ჯერ კარგად უნდა იყოთ გათვიცნობიერებული საკითხებში, მართლმადიდებლობას ყურმოკვრით კი არ უნდა იცნობდეთ და ხატებს. ხოლო მით უფრო ვიღაცამ ფეისბუქში რაღაცას რაღაცა მიახატა, ეგ ვერ გამოდგება დასადასტურებლად, ანუ არგუმენტად!! არც მუნკია არგუმენტი, რა შუაშია მუნკი? ჯერ ერთი თქვენვე ამბობთ იქნებ მუნკის ნახატზე სულ არ არის ღვთისმშობელი გამოსახულიო და ვარაუდის დონეზე ყოფილა. რადგან ნახატს "Madona" ჰქვია ამიტომ აღმოჩნდა ამ კვლევაში? ხოლო პირდაპირ ხატის შეცვლილი ვარიანტი თუ მოგვცა ქალბატონმა ლია უკლებამ, მაშინ იქ არ უნდა ვივარაუდოთ ღვთისმშობელი? ხოლო მუნკთან ეს აუცილებელია, რომ ვივარაუდოთ? რაღაც თქვენივე ნათქვამთან შეუსაბამობაშია ეს ყოველივე, არადა თითქმის სტატიის ნახევარი იმით გაგიფორმებიათ, იქნებ პისტოლეტიც სათამაშოაო, იქნებ სასხლეტსაც არ გამოკრას თითიო, იქნებ ეს ღვთისმშობელიც არააო(!!) ხოლო მუნკის შემთხვევაში ეს 100%–იანი სიცხადე საიდან მოვიდა თქვენთან? მისი ნახატი ასევე არ გამოდგება არგუმენტად, ვინაიდან ჩვენ შემთხვევაში საუბარია თვითმკვლელობაზე, რომელიც ისეთი ცოდვაა, რომ აღარ მიეტევება ადამიანს და ამით მხატვარმა ლია უკლებამ ღვთისმშობელი სატანასთან წილნაყარადაც კი გამოგვისახა. ეს მის მწირ განათლებულობაზეც კი მეტყველებს, რადგან თვითმკვლელი ღვთისმშობელი რამდენადმე ნონსენსია, რამეთუ ზოგადად წმინდანები თავს არ იკლავენ, სხვანაირად ისინი წმინდანებიც ვერ იქნებოდნენ. თვითმკვლელობა არის სულიწმინდის გმობა და არის მიუტევებელი ცოდვა! ზოგადად თვითმკვლელობის ამსახველი ფოტოების და ნახატების გამოფენაც რა კარგ საქმედ მიგაჩნიათ უნივერსიტეტში? ვიღაც იკლავს თავს და ამას გამოფენთ სასწავლო დაწესებულებაში? თქვენ ისიც კი ვერ გაგირკვევიათ დაწერილსა და ვიზუალურ მასალას შორის რა განსხვავებაა და მაგ უნივერსიტეტში ფსიქოლოგები მაინც არ გყავთ? რომ თან ვინმემ ნამდვილად იფიქროს ახალგაზრდობის სწორი მიმართულებით აღზრდაზეც და სანამ სუიციდის ფოტოებს გამოფენდეთ, მეტი დაფიქრებით იყოთ?

პატივისცემით, დ. კირკიტაძე

Anonymous said...

ამიტომ ჩვენ არც ფუნდამენტალისტების, არც მათი მრისხანე სიტყვების და არც მათი პოგრომების შეფარული მუქარების გვეშინია. მინდა ყველა ფუნდამენტალისტმა კარგად შეიგნოს - სასურველია ერთხელ და სამუდამოდ - არც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, არც რომელიმე სხვა უნივერსიტეტი და არც საქართველოს საზოგადოება აღარასოდეს აღარ მისცემს არავის..... და ა.შ. <<< ვინ თქვენ ბატონო ზაალ? მთლიანი უნივერსიტეტი თქვენ ხართ? თუ სხვა უნივერსიტეტებიც თქვენ ხართ? მით უფრო საქართველოს საზოგადოების მთლიანი ნაწილიც არ ხართ თქვენ, როგორც ამას აცხადებთ. საქართველოში ძალიან ბევრი თეისტია და მართლმადიდებელიც ძალიან ბევრია. იქნებ მათთვის გეცათ პატივი და ახლაც ძალიან ერთი კუთხიდან კი არ შეგეხედათ საკითხისთვის, რადგან თქვენ ხართ ერთი მოცემულობა, და ერთი რგოლი და გიწევთ სოციუმში იმ ადამიანებთან თანამყოფობა, რომლებიც შეიძლება თეისტებიც არიან და მით უფრო მართლმადიდებლებიც. ეს რას ჰგავს? ასეთი მიკერძოებულობა მე არ მინახავს, და რატომ აიგივებთ მთლიან ლექტორატს და მთლიან სტუდენტობას ერთ დიდ ათეისტურ ჯგუფთან? ამის უფლება თქვენ გაქვთ? კიდევ გიმეორებთ შეკითხვას, ვინ მთლიანი საზოგადოება და ვინ ყველა უნივერსიტეტი არ მისცემს საპატრიარქოს რამის უფლებას??
რაღაც ძალიან იყოფით და ცალკევდებით, იმის მაგივრად ყველა აღმსარებლობის და ზოგადად სტუდენტთა მორწმუნე ნაწილთან რომ გქონდეთ კარგი დამოკიდებულება. რაღაც ხმამაღალიც მეჩვენება ეს თქვენი სტატია, რადგან აშკარად ყველაფერი თქვენ ყოფილხართ და მთლიანი საქართველოც თქვენ ყოფილხართ, რაც ნამდვილად არაა ასე!!

რას ითხოვენ დღეს მორწმუნეები? ნუ მოგვაყენებთ ბატონო ასეთი მკრეხელობით შეურაცხყობას, ნუ დაგვიკნინებთ ღვთისმშობლის ხატებას, ნუ მიაწერთ მას უპატიებელ ცოდვას და ნუ გახდით ამით სატანასთან წილნაყარს.
ხოლო თქვენ თუ ყველაფერს თავისუფლების იდეით გაამართლებთ, ავდგეთ მაშინ და ვაგინოთ ერთმანეთს, ყველაფერი თუ დაშვებულია. ავდგეთ მაშინ და ვუხატოთ ერთმანეთს ღირსების შემლახავი კარიკატურები თუ შარჟები, მაინც ყველაფერი დაშვებული ყოფილა. ეს სადამდე მიგვიყვანს თქვენ თუ ფიქრობთ საერთოდ? რატომ იხლიჩებით? არ ჯობს პატივი სცეთ მართლმადიდებლებს და მათი გრძნობებისაც გაითვალისწინოთ? თუ უკვე სათვალავში აღარ თვლით მათ? რაც გამოჩნდა კიდეც თქვენი ნათქვამიდან – ჩვენ მთლიანი საქართველო ვართო!
არაა ბატონო ასე, თქვენ ხართ შემადგენელი რგოლი და ყველა რგოლს თავისებურად რაღაცის უფლება აქვს. ხოლო მორწმუნის დისკრიმინაცია კანონით ისჯება და მისი ხატებისა თუ წერილობითი ან სხვა სახის ძეგლების ხელყოფა, დასჯადი ქმედებაა!!! თუ კანონს მხოლოდ ცალი მხრიდან კითხულობთ?

დ.კ.

Anonymous said...
This comment has been removed by the author.
ივა მინდაძე said...

ეთიკური თუ მორალური კანონები ბევრს რაღაც იდუმალი, დაფარული, შეიძლება საკრალურიც კი ჰგონია. სინამდვილეში კი ისინი ძალიან ბანალურია, ტრივიალური. მაგალითად, სხვისი წერილები არ უნდა წაიკითხო. არ შეიძლება სხვისი საკუთრების მითვისება. ეს, სხვათა შორის, ყველა ქურდმა და ავაზაკმა იცის.
ის, რაც დღეს განვითარდა ილიას უნივერსიტეტში შემდგარი გამოფენის ირგვლივ, იგივე ყაიდის მოვლენაა. არ შეიძლება ხელოვნების აკრძალვა. არ შეიძლება შემოქმედებითი თავისუფლების ხელყოფა. არ შეიძლება აკადემიური თავისუფლების ხელყოფა, ზუსტად ისევე როგორც არ შეიძლება ჭუჭრუტანიდან სხვისი ცხოვრების თვალთვალი.