Thursday, 9 February 2012

პოლიტიკური ორთოდოქსია




 - ვისაც მარტო კულტურული ნაწილი გაინტერესებთ და პოლიტიკურ-კულტურული არა - მარტო I ნაწილი წაიკითხეთ - 



I. პოლიტიკური ორთოდოქსა 

რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელებში საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს გადავაწყდი. ამ ინტერვიუში გიგა ბოკერია (სამართლიანად) ასაბუთებდა: ის მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება, "ნიშნავს ირიბად აღიარებას გავლენის სფეროსი, რომ ვიღაცას აქვს ვეტო შენს განვითარებაზე, სხვა ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს შენ რა მიმართულებით წახვალ“. გიგა ბოკერია ყოველთვის შესანიშნავი პოლემიკოსი იყო. კარგი მოჭადრაკესავით,  მოწინააღმდიგეს პოზიციაში სუსტ წერტილზე იერიში მიიტანა და მისი დაცვა მიზან-მიმართულად გაანადგურა. ეს არის პოლიტიკური რიტორიკის საუკეთესო გამოვლინება: არგუმენტებით აიძულო ოპონენტი აღიაროს თავისი შეცდომა: ბოდიში, არასწორად ვთქვი და მეორეჯერ აღარ გავიმეორებო. 

ამ წერილის წერა იმიტომ არ დამიწყია, რომ გიგა ბოკერიასთვის, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს და ალბათ კიდევ დიდ ხანს ვერ ვნახავ, კომპლიმენტი მეთქვა. მის გამოსვლაში - სწორედ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა იქიდან, რაც შეუძლია შემოგვთავაზოს "პოლიტიკურ სპექტრს", უკეთ ჩანს იმ პრობლემის სიმპტომები, რომელზეც მინდა ვისაუბრო. 

დავიწყოთ ტრივიალური ფაქტით, რომ გიგა ბოკერია არ არის მხოლოდ უშიშროების საბჭოთს მდივანი (ანუ ადამიანი, რომელსაც თანამდებობიდან გამომდინარე დავალებული აქვს ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა), არამედ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერიც (ანუ ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია საკუთარი პარტიის გამარჯვებაში). სწორედ ამ ჰიპოსტასში მისი ბოლოდროინდელი გამოსვლები საარჩევნი კამპანიის ნაწილია, ან ყოველ შემთხვევაში ასეთად აღიქმება. 

ეს საარჩევნო კამპანია კი  - ჯერ-ჯერობით - უცნაური ფორმით მიმდინარეობს. ნაციონალური მოძრაობა არ ეუბნება ამომრჩეველს რას სთავაზობს (მაგ. იმას, არსებობს თუ არა ახლო ან საშუალო ვადაში ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა), არ ამბობი იმას, თუ როგორ აპირებს მაგ. უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას, საერთოდ არ ამბობს რას აპირებს და მით უმეტეს როგორ. აქამდე მისი (ნაციონალური მოძრაობის) საარჩევნო კამპანია ოპონენტის დისკრედიტაციაზეა აგებული (განსხავებით მისი პოზიციის მცადრობის არგუმენტირებული დამტკიცებისა, როგორც ეს გიგა ბოკერიამ გააკეთა). ნაციონალური მოძრაობის უფრო დაბალ რეგისტრებში უშიშროების საბჭოს მდივნის დახვეწილი ანალიზი გადაიქცევა ფრაზად: ივანიშვილი (ან X Y) რუსთეთის (ბოლო) პროექტია. 

საქმე იმაში არ არის, რომ ივანიშვილი ან რომელიმე სხვა ოპოზიციური, ისევე როგორც სამთავრობო პოლიტიკოს მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს რუსეთის ბოლო, ბოლოსწინა თუ რიგითი პროექტი. საქმე იმაშია, რომ დაუმტკიცებელი ბრალდება გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტის სტიგმატიზაციისათვის (და სწორედ ამ თვალსაზრისით არაფრით განსხვავდება გამონათქვამისგან "სააკაშვილი სომეხია" ან "ჟვანია პიდარასტია"). წიგნში "წერის ნულოვანი დონე" ფრანგი სემიოტიკოსი როლან ბარტი წერს: "სტალინიზმის სამყაროში, სადაც განსაზღვრება, რომელიც ზღვარს ავლებს კეთილსა და ბოროტს შორის, მთლიანად იმორჩილებს ენას, წერის ფუნქცია საბოლოო ჯამში სასამართლო პროცესის ხარჯების დაზოგვამდე დაიყვანება, რადგანაც (სტალინსტური) წერა ანადგურებს ნებისმიერ დროით ინტერვალს  სახელდების აქტსა და სასამართლო განაჩენის გამოტანას შორის". ბრალდების მიზანია მტრის, როგორც მტრის იდენტიფიკაცია და მისი განადგურების სანქციის გაცემა. 

ნაციონალური მოძრაობის ყველაზე დაბალ რეგისტრებში ასეც ხდება. იოლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებსაც ადრეული ოთხმოცდაათიანების შემდეგ ჟანგმოკიდებული ამხანაგი მაუზერისათვის სიტყვის მიცემის და დაჩოქებული და თვალებახვეული კოლაბორაციონისტებისათვის კეფაში ტყვიის დახლის სურვილი გაუჩნდებათ. მგონი ლევან რამიშვილს უნდა დავესესხო ცნებას "ცივი სამოქალაქო ომი", რომლის გრადუსის აწევის მოხალისეები დიდი ხნის საძებარი არ იქნება. ის, რომ აქამდე ცივ სამოქალაქო ომს უფრო ოპოზიცია აღვივებდა და ახლა მმართველი პარტია აგრძლებს, შეიძლება მისი თავდაუჯერებლობის ნიშანიც იყოს, მაგრამ პრობლემა, მგონი უფრო რთულია და არ ეხება მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას ან მის მხარდამჭერებს. 

იგივე აზროვნების შედეგია სიტყვა (და ცნება) "ჩარეცხილები", რომელიც არა მარტო "ყოფილ" ინტელიგენციას გულისხმობს, არამედ ზოგადად ადამიანებს, რომლებსაც რომელიმე ჯგუფი ან მთლიანად საზოგადოება ზედმეტად მიიჩნევს. 

რა ბედი ელით იმათ, ვისაც სკატოლოგიური მეტაფორიკის მოყვარულები ჩარეცხილებს ან ჩასარეცხებს უწოდებენ? (არ უნდა დაგვავიწყდეს ამ მეტაფორის ინტერტექსტი, ვ.ი. ლენინი, რომელიც (გრასირებით წარმოთქვით) ამბობდა, რომ интеллигенция  - говно. ინტელიგინციის როლზე თავის დროზე დავწერე და აღარ გავმეორდები, მაგრამ რაც მაინტერესებს (და არა რიტორიკულად) ეს არის: რა როლს აკუთვნებეენ მათ მოხალისე ასენიზატორები, თუ გავითვალისწინებთ რომ  - final solution, როგორც ისტორია (საბედნიეროდ) გვიჩვენებს, არ არსებობს? სად მიდის საბოლოოდ ის კანალიზაცია, სადაც ჩამრეცხავები ჩასარეცხებს ჩარეცხვას უპრიებენ?  - უტყვი მასის როლს, რომელიც არც ხმას ამოიღებს, არც თავისი ინტერესის როგორმე გამოხატვას მოინდომებს? ისეთი მასისას, რომელიც პერმანენტუალდ უნდა აკონტროლო ნებისმიერი (მედიის და პოლიციის) მეთოდით? მასა რომელიც უნდა აღზარდო? (საბჭოთა კავშირში იყო ასეთი ტერმინი  перековка, სადაც ხალხის მტრები მეტაფორულ სამჭედლოში ხალხის მოყვარეებად უნდა გადაეკეთებინათ). 

ეს ფანტაზიები გამოავლენს ქართული საზოგადოების (და არა ერთი რომელიმე პარტიის) "ჭეშმარიტად" ორთოდოქსულ, ტოტალიტარულ ბუნებას. ამ ფენომენს პოლიტიკური ორთოდოქსია მინდა დავარქვა. მის საილუსტრაციოდ ერთ ძველ, მაგრამ კარგ ანეკდოტს გავიხსენებ: ღმერთი ახლად გარდაცვლილ რომის პაპს სამოთხეს ათვალიერებინებს. აქეთ კათოლიკები არიანი, იქით პროტესტანტები, აქ მუსულმანები, იქ ბუდისტები დაშ. სანამ არ მიუახლოვდებიან ერთ ადგილს, სადაც ღმერთი ტუჩებზე თითს მიიდებ და ჩურჩულით იტყვის, აქ მართლმადიდებლები არიანო. კი მაგრამ,  ღმერთო, ჩურჩულით რატომ მეუბნებიო? კითხულობს რომის პაპი. ამათ გონიათ, რომ აქ მარტო ეგენი არიანო პასუხობს ღმერთი. 

პოლიტიკური ორთოდოქსია პრინციპში ვერ იტანს ვერანაირ განსხვავებულ აზრს (პოლიტიკურს, ან ისეთს, რომელსაც პოლიტიზაციის შესაძლებლობა გააჩნია). ასეთი აზრის მხოლოდ ერეტიკოსი შეიძლება იყოს - ჭეშმარიტების, სახელმწიფოს, ხალხის (ყველაფრის, რისი სახელითაც პოლიტიკური ორთოდოქსია ძალას ფლობს) მტერი. ეს მტერი (რიტორიკულ დონეზე, რომელსაც იოლად შეუძლია გადაიქცეს პრაქტიკადაც) უნდა განადგურდეს (კოცონზე დაიწვას - ან თავი დაიწვას, ჩაირეცხოს დაშ). პოლიტიკური ორთოდოქსია პრემოდერნული პოლიტიკური თეოლოგიის რელიქტია, რომელმაც წარმატებით მოახერხა სეკულარიზაცია და სეკულარული პოლიტიკის სამსახურშიც ჩადგა. თან ისე, რომ სეკულარული ძალაუფლების მატარებლის საკრალიზაციას აკეთებს.

 არ იქნებოდა ცუდი პოლიტიკური ორთოდოქსიის მართლმადიდებლურ პოლიტიკურ თეოლოგიასთან კავშირის გამოვლენა, მაგრამ ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა. დავამატებდი, რომ მაგ. სტალინიზმი პოლიტიკური ორთოდოქსიის ფორმაც იყო (რომელიც, ჩემი აზრით, კიდევ უფრო სხვა რამეა ვიდრე ტოტალიტარიზმი).  ნაციონალური მოძრაობა ამ შემთხვევაში პოლიტიკური ორთოდოქსიის მსხვერპლია და არა მისი ავტორი, ის აგრძელებს ქართულ საზოგადოებაში გამჯდარ ტრადიციას (ყოფით დონეზე ამ ცნობიერების მაგალითია მაგ. გიორგი ლეონიძის მოთხრობა "ნატვრის ხე"). პოლიტიკური ორთოდოქსია თავისი არსით ანტილიბერალურია (თუმცა შეიძლება ლიბერალიზმის ნიღბითაც გამოდიოდეს). 

პოლიტიკური ორთოდოქსიის მემკვიდრეობა გაცილებით უფრო შორს მიდის, ვიდრე საბჭოთა მემკვიდრეობა და ზოგადად ორთოდოქსულ პოლიტიკურ თეოლოგიასთან მიგვიყვანს - რომელიც, ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგიური ორთოდოქსია მძლავრობდა (ან მძლავრობს) მოდერნიზაციის ყველაზე დიდი მუხრუჭი აღმოჩნდა. (თუმცა ამ თემაზე ცალკე და ბევრია სალაპარაკო). ქართული მაგალითი კი გვიჩვენებს, რომ ეს ორთოდოქსია წარმატებით სეკულარიზირდა და ამ სეკულარიზირებული ფორმით პოლიტიკური რიტორიკის განმსაზღვრელი გახდა.  



II. ნაციონალური მოძრაობის ვნებანი

ნაციონალური მოძრაობა (პრინციპში უკვე დიდი ხანია, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ინტენსიურად) ცდილობს არა საკუთარი პოზიტიური პროგრამის ჩამოყალიბებას, არამედ ამომრჩევლისათვის იმის დამტკიცებას, რომ ყველა დანარჩენი მასზე უარესია ( და რომ ეს უარესი უბრალოდ უარესი კი არა, ცუდზე უარესია, ანუ მტერია, ბოროტებაა). ამას რამდენიმე (ერთდროული) ახსნა შეიძლება ჰქონდეს. 

თუკი რევოლუციის პირველ ხუთწლედში გადავინაცვლებთ, პროგრამა მკაფიო იყო: საქართველო გახდება ნატოს და ევროკავშირის წევრი - ეს ავტომატურად წყვეტდა ბევრ პრობლემას, რადგანაც ტრანსფორმაციის ინტელექტუალურ ნაწილს თითქმის მთლიანად ევროკავშირი კისრულობდა, თავდაცვის პრაქტიკულ ნაწილს კი ნატო, ნაციონალურ მოძრაობას, მის ლიდერს ან ლიდერებს კი გარანტირებული ჰქონდათ თბილი ადგილი ისტორიულ მეხსიერებაში. საუბედუროდ, ანგარიში სწორი არ გამოდგა, მმართველ პარტიას კი მოუწია ფიქრის დაწყება იმაზე, თუ როგორია ტრანსფორმაცია დახმარების და გარანტიბის გარეშე. 

მმართველ პარტიაში ერთი ლეგიონერი აღმოჩნდა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რა იყო გასაკეთებელი: კახა ბენდუქიძე. შეიძლება იდავო იმაზე, კარგია თუ ცუდია მისი ლიბერალური რეცეპტურა, მაგრამ ცხადია, რომ ის კოჰერენტული და გააზრებულია. პრობლემა იმაში იყო, რომ ბენდუქიძის ლიბერალიზმი პირდაპირ წიანააღმდეგობაში მოდის ნაციონალური მოძრაობის სურვილთან, შეინარჩუნოს ხეისფულება - ამიტომ მოუწია ბენდუქიძეს ფორმალურად მთავრობის დატოვება, ნაციონალურ მოძრაობას კი ლიბერალიზმის მაგივრად ყველაზე უხეირო საბჭოთა მეთოდებით ამომრჩევლის, პირდაპირ ვთქვათ, მოსყიდვა (იმიტომ რომ არ შეუძლია მისი დაინტერესება). დავამატებ, რომ ამ ჰიბრიდულობას ბევრად აჯობებდა, მთავრობას ბენდუქიძისთვის ბოლომდე დაეჯერებინა - ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტრანსფორმაციის მტკივნეული, მაგრამ მაინც შესაძლო გზა, ახლანდელი გზა კი ტრანსფორმაციის შემაფერხებელი უფროა. 

ნაციონალური მოძრაობის პრობლემა ის არის, რომ მას დაკარგული აქვს მომავლის ხედვა (რომელიც, გარკვეული დოზით, ჰქონდა 2003 წელს და რომელიც, ასევე გარკვეული დოზით, წარმატებით განახორციელა კიდევაც). მაგრამ ხედვის დეფიციტის ფონზე ამბიცია კიდევ უფრო იზრდება. ნაციონალურ მოძრაობას ჰგონია, რომ ის არის პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ტრანსფორმაცია ისე, როგორც ეს შეძლო ვთქვათ ათათურქმა, მაგრამ სამწუხაროდ არ იცის, რომ საუკუნის დასაწყისის მოდერნიზაციები მხოლოდ იმის ხარჯზე იყო წარმატებული, რომ არსებობდა მეტად თუ ნაკლებად განათლებული ელიტა და მასა, რომლის უმეტესობას არც პოლიტიკური უფლებები ჰქონდა და არც წერა-კითხვა იცოდა. დღეს განსხვავება ე. წ. ელიტას და ე.წ. მასას შორის მინიმალურია და ნაციონალური მოძრაობის შიგნით მრავლად არის მინისტრიც და პარლამენტარიც, რომელიც წერა-კითხვასთანაც მწყრალად არის და მინისტრობას რომ მორჩება მერე მიდის ხოლმე განათლების მისაღებად. ათათურქისეული მოდერნიზაცია დღეს - არა მარტო საქართველოში - შეუძლებელია, იმიტომ რომ მიუხედავად რაფინირებული საშუალებებისა არცერთ მთავრობას არ აქვს საკმარისი რესურსი, მოახვიოს თავისი ნება, ხედვა ან მსოფლმხედელობა ხალხს. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი, მართალია ლატენტური, მაგრამ მაინც საზოგადოებაა და არა მასა. ნებისმიერ თანამედროვე პოლიტიკურ ელიტას უწევს სხვადასხვა ჯგუფების ინტერესთა გათვალისწინება, მათი გონივრულად შეჯერება და "შესაძლებლობათა ფანჯრების" გამოყენება.

მეორე პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობას - თუ მივაკითხავთ მის დაბალ რეგისტრებს, იქ, სადაც ინტელექტით დაუმძიმებელი დისკურსი შეუნიღბავად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს მაშინ, როდესაც სარკეში საკუთარი თავით ტკბება - სჯერა, რომ მან და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა "შექმნა ქვეყანა" და როგორც ქვეყნის არა თუ დამფუძნებელს, არამედ შემქმნელს ამ ქვეყანაზე განსაკუთრებული უფლებები გააჩნია. აქედან გამომდინარეობს ნაციონალური მოძრაობის წინამოდერნული, ფეოდალური დამოკიდებულება. ცხადია, რომ დემოკრატიაში, როგორიც არ უნდა იყოს წარსული დამსახურება, ის არანაირ დამატებით "უფლებას" არ განიჭებს. მაგრამ სწორედ აქ არის პრობლემის სათავე: ნაციონალურმა მოძრაობამ რესურსების ფეოდალური დანაწილება დაიწყო: ანუ, საქართველო დღეს ისეთი ქვეყანა, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი აშკარად უპირატეს პირობებშია ჩაყენებული, მის მოწინააღმდეგეს კი იოლად შეიძლება პრობლემები შეექმნას. 
ნაციონალური მოძრაობა ვერაფრით გამოდის მონოპოლისტის როლიდან ვერც პოლიტიკაში და ვერც ეკონომიკაში ერთი მარტივი მიზეზის გამო: პოლიტიკური კონკურენცია და მისგან დამოუკიდებელი ბიზნესის გაჩენა პირდაპირ შეუქმნის საფრთხეს მის ძალაუფლებას, რომელიც მან, მისი აზრით, სამუდამოდ დაიმსახურა. 

ძნელია, თუ შეუძლებელი არა ნაციონალური მოძრაობის ამ მითოსის დაშლა - არა იმიტომ, რომ ის განსაკუთრებით ძლიერია, არმედ იმიტომ, რომ საერთოდ ძნელია მოწრმუნეს აუხსნა, რომ ის, რასაც ის სწამს, არ არსებოს (ან არ არსებობს იმ ფორმით, რომლითაც მას სწამს). მაგრამ პრობლემა ბევრად უფრო რთულია - ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი პოლიტიკოსის ფუნქციას სწორედ მითების (მის შემთხვევაში სასარგებლო ტყუილების) შექმნაში ხედავდა. ეს სასარგებლო ტყუილი იყო ის, რისი მეშვეობითაც მმართველებს ხახლი მორჩილებაში უნდა ჰყოლოდათ. 


იმ პირობებში, როდესაც არ გაქვს არანაირი შესაძლებლობა, მოკლე ვადაში (არჩევნებამდე) მნიშვნელოვნად გაზარდო ამომრჩევლის ცხოვრების დონე ან ყოველ შემთხვევაში, შესთავაზო მკაფიო პერსპექტივა ცხოვრების დონის ზრდისა მომავალი ოთხი თუ ხუთი წლის განმავლობაში, მიმართავ ხრიკს, რომელსაც მიმართავდა ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა და მისი შენარჩუნება უნდოდა იმ დროიდან, როდესაც ძალაუფლება საერთოდ გაჩნდა. ეს ხრიკი შიშის ჩანერგვა და შესაძლო მოწინააღმდეგის დემონიზაციაა. 


სამწუხაროდ ჩემთვის, გიგა ბოკერიას გამოსვლა ამ ერთობ ტრადიციულ რეპერტუარს მაინც ვერ ცდება (უმნიშვნელო ვარიაციებით) - მისი აზრი მისთვის უნებლიედ რელიგიურ, აგიოგრაფიულ მეტაფორებს ირჩევს: ოპოზიციის ნაწილი სუსტია, ის ცდუნებას აყვა. "მტკიცედ სდგაა" - გაახსენდება ქართულსკოლადამთავრებულს "შუშანიკის წამება". ნაციონალური მოძრაობა ის არის, რომელიც არასოდეს შეცდება და მტკიცედ გაუძლებს განსაცდელს, თავს არ მოუხრის მტერს, ოპოზიცია კი მერყევია, როგორც ლერწამი, იოლად შეცდენადია ბოროტისათვის და შეიძლება მტერთან თანამშრომლობასაც დათანხმდეს (მით უმეტეს ძალაუფლების მოპოვების ფასად). 

პოლიტიკური პოლემიკის რელიგიურ ჭრილში გადაყვანა (ჩვენ კეთილები ვართ, ისინი ბოროტები, ჩვენ სიკეთისათვის ვიბრძვით დაშ.) გარდა თვითსაკრალიზაციისა (საკუთარი თავის სიკეთესთან და შესაბამისად უნივერსალურ და მარადიულ ფასეულობასთან გაიგივებისა) სეკულარული არგუმენტების უქონლობის ნიშანიცაა. 

პრობლემაც სწორედ ამაშია, იმის გარდა, რომ ისინი ჩვენზე უარესები არიან, ნაციონალურ მოძრაობას სათქმელი დიდად არაფერი დარჩა - ან თუ დარჩა აქამდე რატომღაც არ უთქვამს და ეტყობა მომავლისათვის ინახავს.

ამ, ისევ საჭადრაკო ენას თუ დავუბრუნდები, პატური სიტუაციიდან, მაინც არსებობს გამოსავალი. საინტერესო სწორედ ის ტენდენციაა, რომელიც გიგა ბოკერიას გამოსვლაში იკვეთება: მმართველი პარტია ოპოზიციას უკვე სერიოზულად უყურებს, თუმცა კი შეიძლება ამას ჯერ არც აღიარებდეს და არც კი აცნობიერებდეს. ეს კი პირველი ნაბიჯია მრავალპარტიული სისტემისაკენ. ეს ნაბიჯი კი იმას ნიშნავს, რომ მოავალში, ნაციონალურ მოძრაობას და ამჟამად ოპოზიციურ პარტიებს მაინც მოუწევთ საკუთარი, არც თუ ისე დიდი ინტელექტუალური რესურსების მობილიზება ან მოზიდვა და არაფრისმთქმელი პროპაგანდის მაგივრად ამომრჩევლისათვის სერიოზული პროგრამების შემოთავაზება. მომავალი არჩევნები ალბათ ბოლოა, სადაც პროპაგანდის ის ფორმები, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ამკვიდრებდა ბოლო წლების განმავლობაში, რაიმე შედეგს მაინც გამოიღებს.

იმიტომ კი არა, რომ ოპოზიციას უკეთესი პროგრამა აქვს ნაციონალურ მოძრაობაზე - უბედურება იმაშია, რომ რაიმე მკაფიო გეგმა არც ერთს აქვს და არც მეორეს - არამედ იმიტომ, რომ ოპოზიციას გამოჩნდა თავისი ლიდერი, რომლის ქარიზმას კონკრეტული მონეტარული გამოხატულება აქვს, მაგრამ როგორც ქარიზმა, ამომრჩევლის (ასავალ-დასავალის მკითხველი და სამების მრევლიც ამომრჩეველია) თვალში, არაფრით ჩამოუვარდება ნაციონალური მოძრაობის მობერებული და მოსუქებული კოჭლი იხვის მიმქრალ ქარიზმას. ექვსი მილიარდი (თუ რამდენიც არის) დოლარი თავის თავად ქმნის გრავიტაციის ველს (ზუსტად ისე, როგორც მილიონიანი კუპიურა მარკ ტვენის მოთხრობაში "მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საბანკო ბილეთი"), სწორედ იმას, რომელიც პერსონალიზაციის მოყვარე ქართველი ამომრჩევლის თვალში აქამდე აკლდა ოპოზიციას. 

ამასობაში აღარ მაქვს არანაირი ილუზია, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ რაიმე ღირებული პროგრამის შემოთავაზებას შეძლებს, ისევე, როგორც ამას ვერ შეძლებს ნაციონალური მოძრაობაც. ალბათ გამართლდება ბექა მინიაშვილის პროგნოზიც, რომ ქართულ ოცნებას უფრო ნაციონალისტური და მართლმადიდებლური შეფერილობა ექნება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას (თუმცა, არც ერთი არც მეორე არც იმას აკლია ან ყოველ შემთხვევაში, აკლდა). უკვე ჩანს, რომ ქართული ოცნება ნაციონაური მოძრაობის მიერ ჩარეცხილებს აგროვებს. კაცმა რომ თქვას, ეს ნორმალურიცაა: "ჩარეცხილებიც" ისეთივე ლეგიტიმური ინტერესთა ჯგუფია, როგორც ნებისმიერი სხვა და სრული უფლება აქვს საკუთარი პოლიტიკური ინტერესების არტიკულირებისა, იმისდა მიუხედავად, მოგვწონს ესა თუ ის ინტერესთა ჯგუფი, თუ არ მოგვწონს.  

არსებობს თუ არა გამოსავალი: ჩემი აზრით არსებობს, მაგრამ ისიც აქტორების ნებაზეა დამოკიდებული - სანამ არ ვაღიარებთ იმას, რომ ადამიანს, რომლის აზრი და ცოვრების წესი არ მოგვწონს, მაინც აქვს არსებობის (მათ შორის პოლიტიკური) არსებობის უფლება ჩვენს გვერდით (და არა კანალიზაციაში), ერთი რომ ნებისმიერ მოდერნიზაციაზე (რომელიც აუცილებლად მხოლოდ გარეგნული იქნება) საუბარი ზედმეტი იქნება და მეორე, რომ პოლიტკური არტიკულაციის შესაძლებლობას და ელემენტარულ აღიარებას მოკლებული ადამიანთა ჯგუფები უეჭველად ადრე თუ გვიან, შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ აუცილებლად გამოვლენ ქუჩაში და უკვე იქიდან მოითხოვენ თავიანთ (პრინციპში კანონის მიერ მინიჭებულ) უფლებებს - არაბული გაზაფხული სწორედ ამას გვასწავლის. . ისევ პოლიტიკურ სფეროში რომ დავბრუნდეთ, ამიტომ მგონია, რომ უკეთესია ყველა ჯგუფს ჰქონდეს პოლიტიკური არტიკულაციის უნარი (გავიმეორებ: არა კანალიზაციაში არამედ იქ, სადაც ამ არტიკულაციის ადგილია - ანუ პარლამენტში), და რომ ერთდ ცუდ ან თუნდაც მთლად წყალწაყებულზე ოდნავ უკეთეს პარტიას ორი ერთმანეთის დამაბალანსებელი ცუდი პარტია ჯობია.

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა სწორედ ამ მხრივ არის სასარგებლო: ის გამოიწვევს უსისტემო სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ სხეულად ჩამოყალიბებას და, მომავალში, პარლამენტს გარეთ გამართული დებატების პოლიტიკურ სივრცეში მოქცევას თუ დაბრუნებას. ამან კი წესით, ნაციონალურ მოძრაობასაც უნდა მისცეს სტიმული მოეშვას საკუთარი ნარცისიზმის ნაკვალევების დატოვებას (კრეტინული ძეგლებით საქართველოს მორთვას), უაზრო და ძვირი პროექტების განხორციელებას (პარლამენტის გადატანა თბილისიდან ქუთაისში), სრულიად მეგალომანიური და ავანტიურისტული გეგმების სერიოზულად განხილვას (ლაზიკა)   და (ისევ) საქმეს მიხედოს - მით უმეტეს, მისივე წინასაარჩევნო პლაკატებს თუ დავუჯერებთ,  გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. 

პოლიტიკური არტიკულირების სივრცეებს (რესპუბლიკურ პარლამენტს და თვითმმართველობებს)  "ცივილიზატორული" ფუნქცია აქვთ და გარკვეული ტიპის (მაგ. ქსენოფობიურ) გამონათქვამებს, რომლებიც, მაგ. შესაძლებელია გაზეთ ასავალ დასავალში  - შეუძლებელს ხდის.  საპარლამენტო სიტყვა უფრო მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს. რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ პარლამენტში ნაციონალისტური პარტია მოხვდეს (როგორც მაგ. უნგრეთში) მაგრამ პარლამენტის შიგნით ასეთ პარტიებზე ზემოქმედების მექანიზმები (თუ საზოგადოების მხრიდან არა - რომელიც საქართველოში სუსტია) საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მაინც უფრო დიდია. 

ორი (ან მეტი) საპარლამენტო პარტია (მათი მიმართულებების და ხარისხისგან დამოუკიდებლად), რომელთაგანაც არცერთს არ ექნება აბსოლუტური უმრავლსობა, ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ერთპარტიული მმართველობა, რომელიც, პარტიის იდეოლოგიის და მისი ხარისხისაგან დამოუკიდებლად ავტომატურად მოახდენს ერთპარტიულობისათვის დამახასიათებელი ყველა მანკის რეპროდუქციას. 

როგორც ზემოთ (საკმაოდ გრძლად) ვთქვი, საქართველოს პოლიტიკური პრობლმები დიდ წილად კულტურული პრობლემებია. ამიტომ მგონია, რომ პოლიტიკური ორთოდოქსიის (და ზოგადად, ბინარულ სტრუქტურებში აზროვნების) დაძლევა (რომელიც "სხვის" არსებობას დაუშვებლად მიიჩნევს და ნებისმიერ "სხვას" ავტომატურად თარგმნის "მტრად) ამ წუთისათვის სწორედ ის "მსოფლმხედველობითი რევოლუციაა", რომელიც საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება და რომლის გარეშეც ის ვერაფრით მოახერხებს თანამედროვე ქვეყნად ჩამოყალიბებას. 

შენიშვნა: ა) ბოდიშს ვუხდი მკითხველს ორთოგრაფიული შეცდომებისთვის,როგორც იცით, მეორედ კითხვა ძალიან მეზარება. ბ) რა თქმა უნდა, პოლიტიკური ორთოდოქსიის მთავარი მატარებელი მართლმადიდებელი ეკლესიაა, მაგრამ საინტერესო სწორედ ის არის, რომ ეს აზროვნება ეკლესიის შიგნითაც გვხვდება მის გარეთაც. 

Tuesday, 31 January 2012

ობამა-სააკაშვილი


ობამა-სააკაშვილის შეხვედრამ გასაკვირად ბევრი ინტერპრეტაციები გამოიწვია ბოდი-ლენგვიჯიდან დაწყებული საქართველოს ირანთან შესაძლო ომში შესაძლო ბაზად გამოყენების შესაძლებლობებით დამთავრებული. 

ვერანაირად ვერ დავიბრალებ პოლიტიკურ ანალიტიკოსობას ან "ექპერტობას". სამაგიეროდ, როგორც ფილოლოგს, ანუ ადამიანს, რომელსაც ტექსტის ანალიზთან ყოვლედღიური შეხება აქვს,  ამერიკის პრეზიდენტის სათქმელი, ანუ "მესიჯი" მაინც და მაინც რთულად არ მომეჩვენა. 

მგონი, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ,  დროის მონაკვეთზე უნდა განვალაგოთ ის, რაც ამერიკის პრეზიდენტმა თქვა ( და განსაკუთრებით ის, რაც არ უთქვამს). 



პრეზიდენტმა ობამამ საქართველო შეაქო განსაკუთრებული წარმატებების გამო დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოს აღმშენებლობის საქმეში. განსაკუთრებით აღნიშნა ინსტიტუციონალური აღმშენებლობა, უმცირესობების დაცვა და პოლიციის და კანონის უზენაესობის სისტემის გაუმჯობესება. 

ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც გაკეთდა წარსულშიო, თქვა პრეზიდენტმა ობამამ და იქვე დაამატა, რომ ის, რასაც მომავალში მოველით, ეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებიაო, რომლებიც გაამყარებს წარსულ მიღწევებსო. 

შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება: 

ეკონომიკაში: მაღალ სამთავრობო დონეზე დიალოგი საქართველოს საბაზრო ეკონომიკის შექმნაში გაკეთებული პროგრესის მხარდასაჭერად, რაც მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შ ე ს ა ძ ლ ე ბ ლ ო ბ ა ს (მომავალში) 

თავდაცვა და უსაფრთხოება: 
 - მადლობა ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისათვის, (სადაც პროცენტულად საქართველო თავისი კონტიგენტის რაოდენობით მეორე ადგილზეა).
 - აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს მისწრაფებას ბოლოს და ბოლოს (ultimately) გახდეს ნატოს წევრი. 

პრეზიდენტი ობამას თქმით, საქართველო პასუხისმგებელი მოთამაშე იყო მსოფლიო პოლიტიკაში (პოზიცია, რომელიც რადიკალურად განსხვავდება რუსულისაგან) და რომ საქართველოს მოდელი სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის (პოზიცია, რომელიც, პრინციპში განსხვავდება ევროპულისაგან). თუკი საქართველო გააგრძელებს წინსვლას მომავალი წლების განმავლობაში, მის მაგალითს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. 

******


როგორც არ უნდა ვატრიალოთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პრეზიდენტი ობამას გამოსვლაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. - "formal transition of power" ამ შემთხვევაში იმას კი არ გულისხმობს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ძალაუფლება პირდაპირ გადასცეს, ვთქვათ, ქართულ ოცნებას, არამედ სწორედ თავისუფალი და სამარლლიანი არჩევნების ჩატარებას.  ისეთი არჩევნებისა, სადაც აღარ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი და ამომრჩეველის ძალით მოზიდვის აქამდე ჩვეული ფორმები. დავამატებ, რომ სართველოში არცერთი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნება ჯერ არ ჩათვლილა თავისუფლად და სამართლიანად. 

წარსულ მიღწევებსა და მომავალ წარმატებებს შორის კავშირი პრეზიდენტმა ობამამ თავის მოკლე გამოსვლაში ორჯერ წამოწია. არჩევნები კი ერთადერთი რგოლია, რომელიც წარსულსა და მომავალს აკავშირებს (ყოველ შემთხვევაში მის გამოსვლაში). თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება მნიშვნელოანია იმიტომ რომ 
ა) მასზე იქნება დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო რეგიონისათვის მოდელის სტატუსს - დავამატებდი, შეძლებს გამოვიდეს პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების რიგიდან (როგორც ვთქვი, ეს კომპლიმენტია, რომელსაც ყველა საქართველოს მეგობარი ქვეყანა არ იზიარებს  - არამეგობრებზე რომ არაფერი ვთქვათ -  მაგრამ სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი). 
ბ) ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს და აშშ-ს შემდგომი ურთიერთობები, იმიტომ რომ ალბათ ძნელი მისახვედრი არ იქნება, რომ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება არც ეკონომიკური და არც სამხედრო თანამშრომლობა არ გაღრმავდება. 

ეს არჩევნები გამოაჩენს, რა უფრო საინტერესოა ნაციონალური მოძრაობისათვის, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, თუ საქართველოს განვითარება იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში. 

კიდევ ერთი კომენტარი: პრეზიდენტ ობამას რუსეთი, შემთხვევითი წამოცდენის გარდა, არ უხსენებია. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთის პრობლემა, საფრთხე დაშ. ფრჩხილებს გარეთ არის გატანილი. მგონი, არ იქნებოდა ცუდი, მისი მაგალითისათვის მიგვებაძა. 

და ბოლოს, ალბათ არ უნდა დაგვავიწყდეს იმ ხალხის წვლილის აღნიშვნა, ვინც  - ქართული მხრიდან - იმუშავა იმაზე, რასაც პრეზიდენტი ობამა საქართველოს, ჯერ თუნდაც შესაძლებლობის დონეზე, დაჰპირდა. 

Sunday, 30 October 2011

ივანიშვილი ex machina


1937 წელს ფრანგმა მწერალმა ანდრე ჟიდმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. საბჭოური ექსპერიმენტის მიმართ უკიდურეს კეთილგანწყობას ჟიდისათვის ხელი არ შეუშლია თავისუფალ ერთა ძმური და მძლე კავშირისათვის დიაგნოზი დაესვა, რომელიც გამჭრიახობით მისი წინამორბედის, გრაფ ასტოლფ დე კიუსტინისას არ ჩამოუვარდებოდა. წიგნისათვის "დაბრუნება საბჭოთა კავშირიდან" ჟიდი, რომელმაც საბჭოთა სტუმართმოყვარეობა სათანადოდ არ დააფასა, ვერ დაინახა ის, რისი არდანახვაც არაფრით შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის მტრად გამოაცხადეს. "კრიტიკოსთა" მტრებად გამოცხადება დღევანდელ საქართველოს საბჭოთა კავშირისაგან ერგო მემკვიდრეობად, მაგრამ ახლა საბჭოთა მემკვიდრეობაზე არ ვისაუბრებ. ამ წიგნის ერთ-ერთ ნაწყვეტში ჟიდი საბჭოთა პროდუქციის უხარისხობაზე წერს. გემოვნება, წერს ჟიდი, მხოლოდ მაშინ ვითარდება, როდესაც არჩევის და შედარების საშუალება გაქვსო. ასარჩევი კი ამ ქვეყანაში არაფერი არისო. ამიტომ უნებლიედ, იმას ირჩევ, რასაც გთავაზობენ  - ან უნდა აირჩიო, ან სულაც უარი თქვაო. თუკი სახელმწიფო ერთდროულად არის მწარმოებელიც, მყიდველიც და გამყიდველიცო, მაშინ ხარისხი კულტურის დონის ზრდაზეა დამოკიდებულიო.

რასაც ჟიდი საბჭოთა პროდუქციაზე წერდა, ქართულ პოლიტიკურ პროდუქტს ზედმიწევნით შეესაბამება. ჩვენი ანალიტიკოსებიც გვიქადაგებენ, რომ საქართველოს ამომრჩევლის კულტურული დონე უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ საქათველო დემოკრატული ქვეყანა გახდეს,  მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ერთი პარტიის მმართველობის პირობებში უნდა გამოიზარდოს. კანონი, რომელიც მოქმედებს ეკონომიკაში, ანალოგიურად მოქმედებს პოლიტიკაში: პოლიტიკური კულტურა არ გაიზრდება, თუ ამომრჩეველს შედარებისა და ამორჩევის საშუალება არ ექნა - ამის აღიარება ჩვენს ანალიტიკოსებს რატომღაც უჭირთ ხოლმე. ნაციონალურმა მოძრამობამ 8 წელიწადი ფაქტიურად უკონკურენტოდ გაატარა და საკმაო ძალისხმევაც გასწია იმისათვის, რომ კონკურენტი არც გასჩენოდა: საინფორმაციო და ფინანსურ ნაკადებზე სრული კონტროლის დამყარება შეძლო. უკონკურენტობა ნაციონალური მოძრაობისათვისაც საზიანო აღმოჩნდა და მთლიანად ქვეყნისათვისაც. ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა პირველ ოთხ წელიწადში ჩატარდა, მეორე ლეგისლატურაში კი რეფორმებს წარმატებულად ენაცვლებოდა (და ენაცვალებოდა) სხვადასხვა ობიექტების დიდი ზარ-ზეიმით (და თანაც რამდენიმეჯერ) გახსნა  - აღმშენებლობა მშენებლობებმა შეცვალა.  სტაგნაციის შეგრძნება იმდენად გაძლიერდა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავგადაკლული მომხრეებიც კი სისტემური გადატვირთვის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

უძრაობის შეგრძნება ხუთდღიანი ომის შედეგად კიდევ უფრო გამძრაფრდა, რადგანაც გასაგები გახდა, რომ პრეზიდენტი და მისი მთავრობა წინასაარჩევნო გიგანტომანიურ მიზნებს ვერაფრით შეასრულებდნენ. ახალი კურსი სასწრაფოდ გახდა საძებნელი, რომელსაც ხან სინგაპურიზაცია დაერქვა, ხანაც კიდევ რა, მაგრამ ძალიან დაემსგავსა ერთ ძველ ანეკდოტს, რომლის პერსონაჟიც გაზეთში განცხადებას აქვეყნებს: "ვკრიჭავ კატებს, შემიძლია კასტრირებაც, მოკლედ როგორც გამომივა". მიუხედავად ქვეყნის განვითარებაზე ნათელი წარმოდგენების უქონლობისა, ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სრულიად უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად ჩანდა. იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობის რეფორმატორული გუნდი დემოკრატიზაციისათვის რამის გაკეთებას შეძლებდა, ძალიან პატარა იყო. პარტიის და მთავრობის ყოველდღიური სატელევიზიო თვითკბობის ფონზე საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ერთადერთი ქართველი მილიარდერი სწორედ სისტემური გადატვირთვის ამბიციით გამოჩნდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების ისტერიკით თუ ვიმსჯელებთ, მისი გამოჩენა მმართველი პარტიისათვის მოულოდნელი იყო.

იმათთვის, ვისაც არ აინტერესებს, როგორი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, მერცხლები ურჩევნია ბეღურებს თუ პირიქით, კარგი თამადაა თუ არა და არც სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორიებით იწუხებს თავს, წესით უფრო საინტერესო უნდა იყოს, როგორ აპირებს "ოლიგარქი" ამ გადატრვირთვის განხორციელებას. მისი პოლიტიკური პროგრამის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. ორი კონკრეტული პოექტი: სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში ნაციონალური პოლიტიკური პროგრამისათვის ძალიან ცოტაა. საგარეოპოლიტიკური განცხადებები უკიდურესად ზოგადია: საქართველომ, ივანიშვილის თქმით, უნდა გააღრმავოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ამავდროულად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. მას შემდეგ, რაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისათვის თანხმობის მიცემა ქართული დიპლომატიის სრულიად უპრეცედენტო გამარჯვებად გამოცხადდა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი ფაქტიურად ამოიწურა. ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინის გუნდი პრინციპულად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და არც საქართველოს რომელიმე მთავრობა აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება, რიტორიკის შეცვლა და ჰუმანიტარული კონტაქტების აღდგენაა. ძირითად შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ივანიშვილს პასუხი ჯერ არ აქვს და ამ პასუხების შემუშავებას მრჩეველთა საბჭოთსან ერთად აპირებს. იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი და საკითხში გარკვევას აპირებ, პრინციპში დადებითი რამაა, იმიტომ რომ პოლიტიკოსიც და ექსპერტიც მრავლად გვინახავს, რომელიც მოუფიქრებლად გვთავაზობს არაკომპეტენტურ რეცეპტებს (ასეთები საქართველოს მთავრობაშიც და პარლამენტშიც მრავლად არიან) - მეორეს მხრივ კი, რთული წარმოსადგენია, რამდენად კარგი რჩევა შეუძლია მისცეს ივანიშვილს მაგ. ეკა ბესელიამ, რომელმაც, მას შემდეგ რაც იურიდიული კარიერა პოლიტკურზე გაცვალა, მაინცა და მაინც გონიერი პოლიტიკოსის რეპუტაციის შეძენა ვერ შეძლო.

რასაც ივანიშვილი ჯერ-ჯერობით გვთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივაა: ან მე ან ის. საარჩევნო ტაქტიკისათვის ამგვარი პოლარიზება შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს გვაძლევს. ნიშანდობლივია "რევოლუციური" გზის უარყოფაც. თუმცა მილიარდერის შეხედულებები არც ამ საკითხზეა ერთმნიშვნელოვანი: ერთი მხრივ ივანიშვილი იდეალურად მრავალპარტიულ სისტემას მიიჩნევს, მეორეს მხრივ კი საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებას აპირებს. ეს კი მაინც გულისხმობს "მიკრორევოლუციას": რამდენიმეწლიან ტრანზიციულ პერიოდს, რომელიც ივანიშვილს საშუალებას მისცემს "გამოასწოროს" ნაციონალური მოძრაობის შეცდომები და შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს. ძნელია ამგავარ დაპირებებს რეალურობაში ეჭვი არ შეიტანო. განსაკუთრებით, ცოტა არ იყოს, უცნაური განცხადებების ფონზე, რომ მისი ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მაგ. ვანო მერაბიშვილს მიეცემა ახალი პარტიის შექმნის ან ბიზნესის კეთების საშუალება. ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც ეს მის წინამორბედებს: მოქალაქეთა კავშირს, მრგვალ მაგიდას და კომუნისტურ პარტიას დაემართათ. მეორე კი, სამაგალითო დემოკრატიაში, რომელსაც ივანიშვილი გვპირდება, პოლიტიკური და ბიზნეს-საქმიანობა ისედაც თითქოს ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს რაიმე განსაკუთრებული დათქმის გარეშე.

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა იმითი კი არ არის საინტერესო, რომ ერთ ერთპარტიულ მონოპოლისტს (ნაციონალურ მოძრაობას) რომელიმე სხვა მონოპოლისტი, კიდევ ერთი 97%-ით არჩეული მესია შეცვლის, რომელიც ახალი რესპუბლიკის შენებას მოინდომებს ახალი დროშით, გერბით და ჰიმნით.  არამედ იმით, რომ მისი გამოჩენით ერთპარტიულ მონოპოლიას შეიძლება ბოლო მოეღოს.

ივანიშვილი ახალბედა პოლიტიკოსია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ანალიტიკოსებს მისი ახალბედობა მკაცრი შეფასების გაკეთების საშუალებას აძლევს. პროფესორი გია ნოდიასათვის მილიარდერი მხოლოდ "ფულის ტომარაა" და მეტი არაფერი. მაგრამ ივანიშვილის სრული პოლიტიკური გამოუცდელობის მიუხედავად მას ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციის რეალური პერპექტივა აქვს (რასაც ეს პარტიები დამოუკიდებლად ვერაფრით ახერხებდნენ) და ასევე საშუალება აქვს ოპოზიციური ბლოკის ლეგალური ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ვერ აკონტროლებს. ეგ ყველაფერი ხომ ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდაო, იკითხავს ვინმე. ეს შეკითხვა საფუძველს მოკლებული არაა.

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივად თავს კი აცხადებს, მაგრამ საინტერესო სწორედ ის იქნება რა თვალსაზრისით მოახერხებს ის სააკაშვილის ალტერნატიული ფიგურა გახდეს. ან იმ გაგებით, რომ მტვერსასრუტივით შეისრუტოს ყველა, ვისაც პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამა თუ იმ მიზეზით თვალში არ მოსდის და ერთგვარ უკეთეს "გრეჩიხად", ანუ საპროტესტო ამომრჩევლის ლიდერად გადაიქცეს.  ან იმით, რომ ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებული მკაფიო პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბებას შეძლებს. (ბადრი პატარკაციშვილს ამისი არც სურვილი და არც პრეტენზია ჰქონდა. ის "რევოლუციურ" პროექტზე მუშაობდა).  ამ საკითხების გარკვევა მკითხავ ბეჰემოთებზე უკეთ დაგვანახებს საქართველოს განვითარების პერსპექტივებს: თუკი აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ არსებობს ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებული პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბების პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი, მაშინ საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში უახლოესი ათი ან ოცი წლის განმავლობაში გაუგებარი პერსპექტივების ტრანზიციულ რეჟიმად დარჩება. თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი პროგრამის შექმნა შესაძლებელია, მაშინ საქართველოს მიეცემა შანსი, დაასრულოს ერთპარტიული მონოპოლიების მავნე ტრადიცია და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცეს.

Thursday, 29 September 2011

დემოკრატია საქართველოში



თქვენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?
ჯაბა იოსელიანი
გინდებლარიენ დემოკრატია? - პაჟალუსტა!
შოთა გორგოძე

საქართველოში შეიძლება რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოისმინოთ იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მიმართულებით ვვითარდებით. ერთნი, რომლებსაც მეორენი გულთბილი სიმპათიით "მიშისტებად" მოიხსენიებენ, თვლიან, რომ ქვეყანა სინათლის სისწრაფიით მიჰქრის გაბრწყინებისაკენ (სინგაპურს+შვეიცარია)3. მეორენი, რომლებსაც პირველები არანაკლები სიყვარულით "ჟოპოებს" ეძახიან, ფიქრობენ, რომ ქვეყანა იგივე სიჩქარით მიექანება ავტორიტარიზმის უფსკრულისაკენ და დღითი დღე ემსგავსება ყოფილი ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკის და დღევანდელი ერითრეას ნამრავლს. ასეთ პირობში იშვიათად ხთება, როდესაც ვინმე დასაბუთებულ და მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელ აზრს გამოთქვამს ხოლმე. ასეთი გამოკვლევა ცოტა ხნის წინ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ შემოგვთავაზა.


მისი მოხსენების შესახებ 21 სექტემბერს გამართულ  დისკუსიას სახელწოდებით "დემოკრატიზაციის კრიზისი საქართველოში? დემოკრატიული კონსოლიდაციის ხედვა, გზები და რესურსები" სამწუხაროდ ვერ დავესწარი. მაგრამ რადგანაც ლევან რამიშვილმა მოხსენების ტექსტი გამომიგზავნა, რისთვისაც ვმადლობ, დაგვიანებით მინდა გამოვეხმაურო ამ ერთობ საინტერესო დოკუმენტს. რამდენადაც სწორი და იმედის მომცემია საკითხის დასმა, სოლიდიურია აღწერითი და ანალიტიკური ნაწილი, იმდენად  იმედისგამაცრუებელია დასკვნითი (რეკომენდაციული ) ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად ძალიან ბევრი საკამათო დეტალისა, გამოკვლევა შესანიშნავ სადისკუსიო პლათფორმას წარმოადგენს.

დავიწყებ იმით, რაშიც ვეთანხმები გია ნოდიას გამოკვლევას (მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყოველ პუნქტთან შეიძლება კამათი):
 - რომ საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმია", რომელიც აერთიანებს დემოკრატიულობის და ავტორიტარულობის ელემენტებს
 - რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს ჰიბრიდული რეჟიმი რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადაიქცეს დემოკრატიულად, პირიქით, თუ ეს ძალისხმევა არ იქნა, დემოკრატიის რეგრესის სერიოზული საფრთხე შეიქმნება.
- რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიღწევები ძირითადად მმართველობის სფეროშია, რაც არანაირად არ გულისხმობს მეტ დემოკრატიზაციას. პირიქით, ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიის ხარისხმა ბევრი მიმართულებით (მაგ. მედიის თავისუფლების მიმართულებით) დაიწია. მიუხედავად ამისა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ნაციონალურ მოძრაობას განხორციელებული რეფორმები უარვყო ან სათანადოდ არ დავუფასო. 2003 წლის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მოახარხა არშემდგარობის ზღვარზე მდგომი სახელმწიფოს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოდ გადაქცევა.
 - რომ არსებობს მყარი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია მხოლოდ დემოკრატიულ საფუძველზეა შესაძლებელი და რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ლიბერალურ დემოკრატიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ არჩევანს.
- რომ როგორც დემოკრატიზაციაზე, ისე დემოკრატიის დეფიციტზე პასუხისმგებელი ერთი, მმართველი პარტია ვერ იქნება - თუმცა, რადგანაც მას გადაწყვეტილების მიღების ყველა პოლიტიკური ბერკეტი ხელთ უპყრია, შესაბამისად, ძალიან ბევრია დამოკიდებული მის პოლიტიკურ ნებაზე. დანარჩენ მოთამაშეებს კი მთავრობაზე ზემოქმედების ძალიან შეზღუდული რესურსი აქვთ.
-  რომ დემოკრატიზაცია დღევანდელი საქართველოს "პრიორიტეტული და გადაუდებელი ამოცანაა".

აქედან კი ორი შეკითხვა გამომდინარეობს: რა არის გასაკეთებელი დემოკრატიზაციისათვის (დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის) და რა გვიშლის (ან პირიქით გვიწყობს) ამაში ხელს.

პირველ შეკითხვაზე გია ნოდია როგორც გამოკვლევის შესავალ, ისე მის დასკვნით ნაწილებში გვპასუხობს, "არ არსებობს ჩამოყალიბებული, მთლიანობითი ხედვა, რომელიც საზოგადოებას დემოკრატიის განვითარებაში თვისობრივ იმედს ჩასახავდა". აქ კი ძალიან გამიჭირდება, ჩემს კოლეგას დავეთანხმო. სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებოდი, დავუბრუნდები გამოკვლევაში დასმულ მეორე შეკითხვას: რა გვიშლის ხელს დემოკრატიის კონსოლიდაციაში?

დემოკრატიის დეფიციტის "საკვანძო სფეროებად" გია ნოდია ასახელებს შუალედური ინსტიტუტების (პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ასოციაციების, დამოუკიდებელი მედიის) განუვითარებლობას და დემოკრატიულ პრაქტიკას (დემოკრატიული "ჩვევების რუტინიზაციას”). აქვე დასახელებულია კიდევ ორი საკვანძო სფერო: ნდობის ამაღლება სასამართლოების და საარჩევნო ინსტიტუების მიმართ. ამათგან პირველს მკვლევარი თავის გამოკველვაში გაკვრით ეხება და ამბობს, რომ ამ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდება, ამიტომ ამაზე არც მე ვისაუბრებ. მეორე საკითხს, საარჩევნო ინსტიტუტები მიმართ ნდობის ამაღლებას, კი მეტ ყურადღებას უთმობს. რადგან ეს საკითხი მეც საკვანძო მგონია, თავს უფლებას მივცემ ერთი ორი სიტყვა ამ თემაზე მეც ვთქვა.

გია ნოდიას იმაშიც დავეთანხმები, რომ არ არსებობს არც მარტივი რეცეპტები, არც მარტივი საგზაო რუკა, მაგრამ გამიჭირდება იმაში დავეთანხმო, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის მხოლოდ შუალედური ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიული პრაქტიკის რუტინიზაცია იყოს საკმარისი (თუმცა ეს უდავოდ მნიშვნელოვანია) და რომ არ არსებობს კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეფორმების ერთობლიობა, რომელიც "გარღვევას" თუ არ გამოიწვევდა, დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც იქნებოდა. ამიტომაც ჩემი პასუხი პირველ შეკითხვაზე (რა არის გასაკეთებელი) სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული.

გია ნოდია დემოკრატიის დეფიციტის მთავარ (ერთ-ერთ) მიზეზად ასახელებს უნდობლობას საარჩევნო გარემოს მიმართ. ჩემი აზრით, ეს მისი მოხსენების ყველაზე პრობლემური ნაწყვეტია რამდენიმე თვალსაზრისით. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს აღქმით ნაწილზე (ნდობის ამაღლება) და არაფერს ამბობს ინსტიტუციონალურ ნაწილზე (არსებობს თუ არა იმის პირობები, რომ ეს ნდობა ამაღლდეს ან საერთოდ არჩევნები თავისუფლად და პატიოსნად ჩაითვალოს). ეს პირობები  კი ძალიან მალე მიგვიყვანს დანარჩენ ორ საკვანძო საკითხთან: მედიასთან (რომლის ლომის წილს ახლანდელი მთავრობა აკონტროლებს და წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ იყენებს) და სასამართლოებთან (სადაც არჩევნების შედეგების გასაჩივრება იქნებოდა შესაძლებელი). ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი (წინასაარჩევნოდ ვაუჩერების, სხვადასხვა სახის დახმარებების დაშ. დარიგება ანუ ამომრჩევლის სახელმწიფო ბიუჯეტით პირდაპირი ან ირიბი მოსყიდვა) ისევე როგორც პირდაპირი ან ირიბი გავლენა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ხმებზე. ყველა ეს პრობლემა სცილდბა მხოლოდ "აღქმით" ნაწილს და საერთაშორისო დამკვირვებელთა მოხსენებებში ფიქსირდება კიდევაც.

ნოდია ამოდის კონსოლიდირებული დემოკრატიის სემუელ ჰანტინგტონისეული განმარტებიდან , რომელიც მას არასრულად მოჰყავს: გია ნოდიას თქმით დემოკრატიზაციის კონსოლიდაციაზე საუბარია მაშინ, როდესაც ხელისუფლება ორჯერ ზედიზედ იცვლება არჩევნების გზით. (აქაც არ დავუწყოთ ძებნა კონსოლიდირებული დემოკრატიის სხვა არაერთ განმარტებას და იმას დავჯერდეთ, რომელიც გია ნოდიას შეურჩევია). ჰანტინგტონის განმარტებას გია ნოდია აკრიტიკებს იმ თვალსაზრისით, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ამ კრიტერიუმს (ძალაუფლების ორჯერ ზედიზედ მშვიდობიანად გადაცემას) უპრიობოდ ვერ მივიღებთ, რადგანაც მსოფლიოში გვაქვს მაგალითები, რომლებსაც ამ კრიტერიუმით ვერ შევაფასებთ - იაპონია და გერმანია (და ასევე ბოტსვანა). გასაგებია, რომ მკვლევარს ეს მაგალითები ეურისტული მიზნებისათვის სჭირდება, მაგრამ რომელიმე პოლიტიკოსის ხელში ამ მაგალითებმა შეიძლება სულ სხვა იერი შეიძინოს: აგერ შეხედეთ, იაპონიას და გერმანიას ამდენი წელი ერთი და იგივე პარტია მართავდა და ჩვენ რაღას გვერჩით, ერთი პარტიის ხანგრძლივი მმართველობა სულაც არ არის დემოკრატიულობის ინდიკატორიო.
ფრანგი მწერალი, გუსტავ ფლობერი იტყოდა, ღმერთი დეტალებში არისო. ორიგინალში ჰანტინგტონის განმარტება ასე ჟღერს: "the party or group that takes power in the initial election at the time of transition loses a subsequent election and turnsover power to those election winners, and if those election winners then peacefully turn over power to the winners of a later election." (პარტია ან ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაში მოვა ტრანზიციის პერიოდის თავდაპირველი არჩევნების დროს, წააგებს შემდგომ არჩევნებს და გადასცემს ძალაუფლებას (შემდეგ) არჩევნებში გამარჯვებულებს და შემდეგ ამ არჩევნებში გამარჯვებულები თავის მხრივ ძალაუფლებას გადასცემენ მომდევნო არჩევნებში გამარჯვებულებს).  კონსოლიდირებული დემოკრატიის ჰანტინგტონისეული განმარტება ტრანზიციულ რეჟიმებს ეხება. მაგალითები, რომლებიც გია ნოდიას მოჰყავს, ტრანზიციულად რთულად თუ ჩაითვლებოდა (საუბარია ომისშემდგომ გერმანიასა და იაპონიაზე). გერმანიას ტრანზიციის პერიოდში საერთოდ მოკავშირეთა საკონტროლო საბჭო მართავდა, ხოლო გერმაიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ (განსაკუთრებით 1955 წლამდე, მაგრამ კარგა ხანს ამის შემდეგაც) ქვეყნის სუვერენიტეტი შეზღუდული იყო. იგივე ეხება იაპონიასაც: 1952 წლამდე იქ საოკუპაციო რეჟიმი მოქმედებდა, ხოლო 1955 წლიდან სტაბილური ორპარტიანი საპარლამენტო სისტემა შეიქმნა. მართალია იაპონიას წლების განმავლობაში ერთი, ლიბერალდემოკრატიული პარტია მართავდა, მაგრამ მისი მაგალითი საქართველოს შემთხვევაში დიდად ადეკვატური არ არის. ამ პარტიაში იმდენად ძლიერია შიდაფრაქციული ბრძოლა, რომ პოლიტიკური ინტერესების არტიკულირება ერთი პარტიის შიგნით ხდება). გერმანიის მაგალითი კი საერთოდ მოკლებულია რელევანტურობას: ჯერ ერთი, გია ნოდია თვითონვე აღნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალული პარტიები გერმანიას ომისშემდეგი ოცი წლის განმავლობაში მარტო კი არ მართავდნენ, არამედ სხვა პარტიებთან კოალიციაში. და მეორე, სრულიად იგნორირებულია გერმანიის ფედერალური სტრუქტურა. მაშინაც, როდესაც ქვეყნის სათავეში 20 წლის განმავლობაში შეიძლება ერთი პარტია იყოს, სხვადასხვა ფედერალურ მხარეებს, ქალაქებს და კომუნებს შეიძლება სხვადასხვა პარტიები მართავდნენ, ისე, რომ არ არის დარღვეული მოსახლეობის ინტერესთა გამოხატვის და დაცვის შესაძლებლობა. ამისი შესაძლებლობა კი საქართველოში არ გვაქვს.

ესეც რომ არ იყოს, როგორც ავტორი თვითონ აღნიშნავს, ამ ქვეყნებში, საქართველოსაგან განსხვავებით, არჩევნების მიმართ უნდობლობა არ გაჩენილა. აქ კი, ჩემი აზრით, ავტორს უნდა ეკითხა, რატომ არ დგებოდა ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობა მის მიერ მოყვანილ მაგალითებში და რატომ არის უნდობლობა არჩევნების მიმართ საქართველოში. თუმცა, თეორიულად რა თქმა უნდა ისეა, რომ მოსახლეობა შეიძლება ერთსა და იგივე პრატიას რამდენიმე საარჩევნო პერიოდის განმავლობაში უცხადებდეს ნდობას, მაგრამ საქართველოში პრაქტიკულად ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსოლიდირებული დემოკრატიის ჰანტინგტონისეული კრიტერიუმი ზედმეტად მკაცრად შეიძლება მოგვეჩვენოს, კრიტერიუმი, რომელსაც გია ნოდია გვთავაზობს, ზედმეტად რბილია (განსაკუთრებით მმართველი პარტიის მიმართ). ავტორი საარჩევნო დემოკრატიის დონეს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგების კანონიერებას საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ძირითადი პოლიტიკური პარტიები ცნობენ. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რითი ვზომავთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლეოსბას: თუ არჩევნების შედეგებით, მაშინ გამოდის, რომ მაშინ, როდესაც არსებობს არჩევნების გაყალბების ეჭვი, საზოგადოების უმრავლესობა ამ საეჭვო არჩევნების შედეგებით გაიზომება. რაც შეეხება ძირითად პოლიტიკურ პარტიებს, ვერც ეს კრიტერიუმია მაინცა და მაინც ნათელი: მაგ. თუ მარტო ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატები აღიარებენ არჩევნების დემოკრატიულობას, მაშინ არჩევნები არ შეიძლება დემოკრატიულად ჩაითვალოს, მაგრამ მათ თუ ვთქვათ, ახალი მემარჯვენეებიც შეუერთდნენ, მაშინ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი დამაკმაყოფილებელი გახდება? ჩემი აზრით, უფრო ადეკვატური კრიტერიუმი იქნებოდა, თუ საზოგადოების უმრავლესობის აზრი დაემთხვეოდა დამკვირვებელთა აზრს და არა მარტო პარლამენში მოხვედრილ (ან მოსახვედრად განწირულ) პარტიათა აზრს, არამედ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების დიდ ნაწილს მაინც (ისეთების, რომებიც არჩევნებს აღიარებენ ძალაუფლების ცვლის ინსტრუმენტად).

მაგრამ აქ "მოჯადოებულ" წრეში აღმოვჩნდით: იმისათვის, რომ არჩევნების მიმართ ნდობა ამაღლდეს საჭიროა რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ერთნაირი რესურსები (მაგ. თავიანთი პროგრამების ამომრჩევლისათვის მიწოდებისა) - (ამასთან დაკავშირებით იხ. გიგა ზედანიას სტატია "პოლიტიკური და სამოქალაქო" http://www.tabula.ge/article-5150.html) , საარჩევნო კანონი იყოს პრინციპში კონსენსუსური და უპირატესობას არ ანიჭებდეს რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას, არსებობდეს არჩევნების შედეგების გაპროტესტების ლეგალური მექანიზმები დაშ. აქ კი მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს და სავარაუდოდ შეეცდება საკუთარი ძალაუფლებრივი უპირატესობების დაცვას.

შესაძლებელია თუ არა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა? ჩემი აზრით, ამის გარკვეული შანსი არსებობს და ეს შანსი სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები გია ნოდიას ცენტრალურ შეკითხვას, რომელსაც ის უარყოფითად პასუხობს:  არსებობს თუ არა "ერთიანი ხედვა" იმისა, რა უნდა გაკეთდეს კონსოლიდირებული დემოკრატიის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად.

ასეთი ხედვა, მაგ. აქვს მმართველ პარტიას, თუმცა ნეგატიური (ex negativo). მიუხედავად იმისა, რომ გია ნოდია დემოკრატიზაციის შესახებ კონსენსუსზე საუბრობს, ის არ ამბობს, თუ რა ნაბიჯებს დგამენ სხვადასხვა აქტორები (ამ შემთხვევაში კანონმდებელი) ამ მიზნის მისაღწევად. ანუ, მდგომარეობა ისეთია, რომ რიტორიკულ დონეზე დემოკრატიზაციის აუცილებლობას ყველა, მათ შორის მმართველი პარტიაც აღიარებს, მაგრამ მისი პრაქტიკული ნაბიჯები ყოველთვის დემოკრატიზაციისაკენ არ არის მიმართული. ამის ნათელი მაგალითია ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი. ეს პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ კანონდმებლობასთან შედარებით გაუმჯობესებულია, შეიცავს ერთ ფრიად უცნაურ სიახლეს, რომლის მიხედვითაც, სუვერენის აშკარა ნების წინააღმდეგ, დაგეგმილია პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა 150-დან 190-მდე. ამ ცვლილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ არანაირი რაციონალური დასაბუთება პარლამენტის წევრთა რიცხობრივი რაოდენობის გაზრდას არ აქვს. ერთადერთი რაციო, რომელიც ამ, იურიდიული თვალსაზრისით ერთობ საეჭვო ინიციატივას აქვს, არის შეთანხმება მთავრობასა და "რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის". დიდად არავინ არ მალავს, რომ ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებაში მონაწილეობდნენ, პარლამენტში მოხვდნენ, ოღონდ ისე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაკარგოს არც საკონსტიტუციო უმრავლესობა, და თანაც არ შეამციროს დეპუტატების ამჟამინდელი რიცხობრივი რაოდენობა. თუ ასეა, მაშინ ეს იქნება ფასადური დემოკრატიის განმტკიცებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, სადაც პარლამენტში რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი, მაგრამ არსებული ძალაუფლებრივი ბალანსი არ დაირღვევა.

პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში გვაქვს, და რომელზეც, სხვათა შორის, გია ნოდია და გიგა ზედანიაც საუბრობენ, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ისეთი საბაზისო დემოკრატიული ისნსტიტუტები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები. პარტიები ვერ ასრულებენ ამომრჩეველთა ლეგიტიმური ინტერესების არტიკულირების, დაცვის და განხორციელების ფუნქციას.  წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნებოდა, რომ საქართველოში, სადაც ძალიან მაღალია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, თითქმის ყველა პარტია მემარჯვენეა (ამავე დროს, მმართველი პარტია მემარჯვენე რიტორიკის და მემარცხენე პრაქტიკის შეჯერებას ახერხებს). გია ნოდია მაგ. სამართლიანად წერს, რომ მმართველი პარტიის "სიძლიერე ძალაუფლებაში ყოფნით განისაზღვრება, რაც არ ნიშნავს, რომ ის ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაშიც შეძლებს ერთიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის და მომხრეთა უმრავლესობის შენარჩუნებას". აქედან მარტივად გამომდინარეობს დასკვნა, რომ პარტია ან პარტიები, რომლებიც მხარდაჭერთა სოლიდურ საფუძველზე კი არ დგანან, არამედ თავს მხოლოდ ძალაუფლებაში ყოფნით ინარჩუნებენ, ამ ძალაუფლების რესურსებს თავის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად გამოიყენებენ. ეს ასევე ზრდის ზემოთ გამოთქმულ ეჭვს, რომ პარტიათა გარიგება შესაძლებელია ამომრჩევლის ინტერესის მიუხედავად, მის წინააღმდეგ ანაც სულაც საზიანოდ.

რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ პირობებში? ადრეც დავწერე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, დემოკრატიზაციის მთავარი ხარვეზი საქართველოში (რომელსაც, როგორც ჩანს, ირიბად გია ნოდიაც უნდა ეთანხმებოდეს, თუმცა არ მინდა არაფერი დავაბრალო), ერთპარტიულ ტრადიციაში მდგომარეობს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა საქართველოდან გადმოყვა. საქართველოს პრობლემა იმდენად სუპერპრეზიდენტული სისტემა არ ყოფილა, რამდენადაც ერთპარტიული მმართველობა, რომელიც აკონტროლებდა ერთი მხრივ ძალაუფლების ყველა შტოს, მეორე მხრივ კი ცენტრალიზებულად მართავდა მთელ ქვეყანას. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ მაგ. სოფელი ჩუმლაყის ან სოფელი ოფშკვითის ინტერესებს ცენტრიდან დანიშნული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც, მართალია, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეა, მაგრამ თანამდებობაზე რომ დაინიშნოს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ან თავისი თემის ინტერესებისა იძულებულია (ან ყოველ შემთხვევაში წახალისებულია) მმართველი პარტიის წევრი გახდეს და მისი ხაზი გაატაროს.

ამიტომ, ჩემი აზრით, დემოკრატიზაციის პრობლემის ფორსირებისათვის ერთი რამაა აუცილებელი: ყველა თვითმმართველობა საქართველოში უნდა გახდეს არჩევითი იმ პირობით, რომ თვითმმართველ სუბიექტებს შესაბამისი ეკონომიკური დამოუკიდებლობაც ექნებათ. ჯერ-ერთი ეს დაახლოებს პოლიტიკური პარტიების და ამომრჩევლის ინტერესებს: ის პარტიები, რომლებიც ამ პროცესს ალღოს ვერ აუღებენ გაქრებიან და გაჩნდებიან ისეთები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების გამომხატველები იქნებიან და სწორედ აქედან ( და არა მთავრობასთან გარიგებით) შეიძენენ თავიანთ დასაყრდენს. მეორე, რომ ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს დემოკრატიული პრაქტიკის რუტინიზაციას არა მარტო დედაქალაში, არამედ ყოველ სოფელში და ქალაქში. მესამე, რომ თვითმმართველობათა არჩევითობა და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა ნებისმიერ პარტიას მოუსპობს მეტ-ნაკლებად ტოტალური კონტროლის შესაძლებლობას წინასაარჩევნო პროცესებზე.

არ მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებით ახლო მომავალში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მან ერთხელ უკვე უარი თქვა მიღწეულ შეთანხმებებზე, არჩევითი ყოფილიყო საქართველოს დიდი ქალაქის მერის თანამდებობები (ასეთი არჩევნები მარტო თბილისში ჩატარდა). მაგრამ ნებისმიერ შემთხვავში, შესაძლებელია ასეთი საკანონმდებლო ცვლილებებისაკენ იყოს მიმართული ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, პოლიტიკური სიმპათიების და ანთიპატიებისაგან დამოკიდებლად, ვისაც საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის ნახვა გაურკვეველ მომავალში კი არა, ახლოვადიან პერსპექტივაში უნდა.  

Sunday, 25 September 2011

გმირთა ვარამი ანუ ლიბერ'თ'არიანელის გაჭირვება



                                                                'დერიდამ თქვა, სიკვდილი აღარ იქნებაო'
                                                                 ყოფილი წინასწარმეტყველი


საყვარელო ძმაო ბექა,

მას შემდეგ, რაც შენი წერილი "ეტალონი" http://www.tabula.ge/article-5617.html შენთვითონვე პასკვილად მოიხსენიე და ამით აკადემიურობაზე ყოველგვარ პრეტენზიაზე უარი თქვი, დასამატებელი ბევრი არაფერი დამრჩა. ნიჭიერი კაცი ხარ და პასკვილებიც გამოგდის, იმაზე რომ არაფერი ვთქვა, რომ ეგ შენი მასპინძელი ჟურნალი პერიოდულად ნეტარხსენებულ ჟურნალ 'ნიანგს' ტოლს არ უდებს ხოლმე.  ერთი პირობა კი გული დამწყდა: რომ გეთქვა, რომ საქართველოში არის ინტელექტუალის ისეთი ტიპი, რომელიც სერიოზულ ცოდნას რაიმე მიმდინარეობაზე ან მიმართულებაზე მიკერებით და ცნობილი გვარების რახა-რუხით ანაცვლებსო, დაგეთანხმდებოდი კიდევაც, ოღონდ შენს ადგილას ცოდვას არ დავიდებდი და უსამართლოდ არ დავივიწყებდი კიდევ ერთ მიმდინარეობას, საქართველოში უდავოდ მეინსტრიმულ ლიბერ'თ'არიანელობას. არ აგერიოს ლიბერტარიანელობაში, იმასთან საერთო ამ ექსკლუზიურად ქართულ ლიბერ'თ'არიანელობას დაახლოებით იმდენივე აქვს, რამდენიც თანამედროვე ქართულ მართლმადიდებლობას - მართლმადიდებლობასთან კერძოდ და ქრისტიანობასთან ზოგადად. ჯერ ერთი იმას ვგულისხმობ, რომ ეს ლიბერ'თ'არიანელობა რელიგიური ხასიათიასაა, ანუ რწმენის საქმე უფროა ვიდრე გონებისა და მეორეც იმას, რომ ამ რელიგიური ორგანიზაციის კანონიკურ ტექსტებს ერთი ან ორი ადამიანი თუ იცნობს, დანარჩენები კი "გადმოცემით" ქადაგებენ. ლიბერ'თ'არიანელებს სჯერათ, რომ '"მემარცხენე ინტელექტუალების" მეინსტრიმული მდგომარეობა აძლევს მათ საშუალებას იყვნენ პრიმიტიულები და ზედაპირულები და ამავდროულად თვითტკბობით დაკავდნენ' და რომ ეს 'სახიფათოა მთელი მსოფლიოსთვის'. მემარცხენეები სამყაროს მთავარი საფრთხეა, ფემინისტები, მულტიკულტურალისტები, სოციალისტები და მათთან მიტმასნილი ელემენტები ძირს უთხრიან დასავლურ ცივილიზაციას, რომელიც დაღუპვის პირას არის მისული. "ბებერი ევროპა რუსეთს დაუწვა", ვაშინგტონში შეპარულა საეჭვო წარმომავლობის მელა ბარაქ ხუსეინ ობამა და საშველი სულ არსაიდან იქნებოდა, ქვეყანას რომ არ მოვლენოდნენ ამერიკელი მეჩაიე არწივები და მათი ერთგული მოკავშირეები, ქართველი ლიბერ'თ'არიანელი გავაზები, რომლებსაც დასავლური ცივილიზაციისა და მთელი სამყაროს ფემინისტების და მულტიკულტურალისტებისაგან ხსნის მძიმე ტვირთი დაუდევთ ტიტანურ ბეჭებზე. 

ბოლო დროს შენც შეუერთდი ამ კეთილშობილ ფრინველთა კრებულს, მემარცხენეობის ქაოსში დაკარგულ 'ეტალონთა' გუნდს როგორც ქორი ისე დაედევნე და ერთი ორჯერ ძუბეხი ნისკარტიც დააწიე. ამიტომ ბოდიშს გიხდი, ამ წერილით სამყაროს ხსნისაგან ხუთიოდ წუთით თუ მოგწყვიტე. 

კაცმა რომ თქვას, თავისი ჭია ვისაც როგორ უნდა ისე გაახაროს: ზოგი, მაგალითად კვირაში ან თვეში ერთხელ რომელიმე ციხესიმაგრეში იკრიბება, შუა საუკუნეების ყაიდაზე გამოეწყობა და რაინდობანას თამაშობს. ჩვენს ლიბერ'თ'არიანელებსაც კატექონობანას თამაშში ფრიდრიჰ ავგუსტ ფონ ჰაიეკმა მოუმართოს ხელი ორთავ სოფელსა შინა. მით უმეტეს თუ ამ საქმისათვის სპონსორებსაც შოულობენ და ხელფასებსაც იღებენ. მაგრამ მათ ერთი პატარა ჭიაცა ჰყავთ, რომელიც ვერაფრით გაუხარებიათ: კომიკური ამპლუა არ აკმაყოფილებთ და ინტელექტუალურ პიესაში თამაში უნდათ. 



მართალი გითხრა, ზოგიერთებისაგან განსხვავებით, ინტელექტუალობა არც საპატიო წოდება მგონია, არც დახურული კლუბი. თუ რამე გინდა, თქვი და დაწერე, მით უმეტეს, მადლობა გამჩენს ინტერნეტიც არსებობს და სურათებიანი ჟურნალიც გაქვს სათამაშოდ.  ეს შენი ლიბერ'თ'არიანელები, რომლებსაც "მემარცხენე ინტელექტუალთა" პოპულარობა ჩემთვის გამოუცნობი მიზეზით, მოსვენებას არ აძლევს, ძილს უკარგავს და ხასიათს უშხამავს, თავიანთ "კონკურენტებს" (აი იმათ, თავიანთი "მეინსტრიმულობით" მსოფლიოს საფრთხეს რომ უქმნიან) ტრადიციული მეთოდებით ვეღარ ებრძვიან. ვერც ისე, როგორც კათოლიკური ეკლესია ცოცხზე ამხედრებულ ბოროტების ადეპტებს ებრძოდა, ვერც ისე, როგორც ცხონებული სენატორი მაკარტი გვიანდერძებდა. მაგრამ ჩვენ სხვა გზით წავალთო, თქვეს ლიბერ'თ'არიანელებმა და ინტელექტუალობის ინტელექტუალუბით დათრგუნვა განიზრახეს. ეს ამბიცია ზოგადად დასაფასებელია, მაგრამ ამათ,  სხვა რომ ვერაფერს მოახერხეს, ისე მოიქცნენ, როგორც გურული ძველი ანეკდოტიდან  - მწყერს რომ ვერაფრით მოინადირებს ბოლოს ხელს ჩაიქნევს და იტყვის: 'ჩემს თვალში მოკვდი და აწი იფრინე რამდენიც გინდაო'. შეიკრიბება ორი-სამი ნორჩი ლიბერ'თ'არანელი და იტყვის: 'აუ, ჰაიეკი რა მაგარია არა?' 'აბა, ნუ ძალიან მაგარია! ნაის!' 'და ფუკო რა ყლეა?' 'საოცარი ყლეა.' 'აბა ჰაიეკს შეხედე როგორი ულვაშები აქვს!' 'და ფუკო პოსლიკაა, ფუუ  ფუკო!' 'ხო, და მიზესი რა მაგარია?'  'უმაგრესია!' 'და ჟიჟიეკი რა სირია?' დაშ. რა თქმა უნდა, ასეთ ღრმა მეცნიერულ, როგორც ზოგიერთ წრეებში იტყვიან 'დისკურსიას' თავისი მოკრძალებული შარმი აქვს (ერთი რუსი აფიცერი ცივილიზაციას, მაგალითად, ულვაშიანი გენერლების რაოდენობით ზომადა, ახლა კრიტერიუმი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა გახდა). ერთი ტუსოვკის ფარგლებში, მით უმეტეს თუ თანამოაზრეებთან, უფრო სწორად თანამორწმუნეებთან გაქვს საქმე, ინტელექტუალობის ამ დონითაც იოლად გახვალ ფონს და შეიძლება პროფესორიც კი გახდე (მიხვდები, რომ ეს შენობითი ფორმა ამ შემთხვევაში არანაირად არ გგულისხმობს პრიადად შენ). მაგრამ ამ გოგონებს და ბიჭუნებს სერიოზულობაზე პრეტენზიები თუ აქვთ და თუ მართლა უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი, ვინც მათ მემარცხენე ინტელექტუალებში ჩაუთვლიათ, ზედაპირულნი არიან და მოდას აყოლილთა წყალობით არიან 'პოპულარულნი', ალბათ აჯობებდა ჩაეტვირთათ კინდლში რომელიმე დერიდა ან ბადიუ და ეკამათათ. მაგრამ ამას დროის დახარჯვა უნდა, არც ეს ტექსტებია მაინცა და მიანც ადვილი საკითხავი. ოღონდ დროს რომ დახარჯავ და რომ მიხვდები, რომ აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბება არ არის მაინცა და მაინც ადვილი საქმე და უაპელაციო სისულეების დაბრეხვებისაგან ცოტათი განსხვავდება, მერე შეიძლება  სულაც არ გახდე კიდევ ერთი მემარხენე ინტელექტუალი. პირიქით, შეიძლება ლიბერ'თ'არიანელიდან ლიბერტარიანელადაც გადაიქცე (გახდე ის ყრმა, რომელსაც ჩუმის ნატვრით ნატრულობს ლიბერ'თ'არიანელი, ის ბაშიაჩუკი, რომელიც ურჯულო მემარცხენეთა აბდულშაჰილებს ბეჭებზე დასცემს). მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაგიჩნდება ერთი პატარა მუხრუჭი, რომელიც არ მოგცემს უფლებას სვისი შრომა ტუტუცური ხელაღებით წყალში გადაყარო. ჯერ ჯერობით კი, ლიბერ'თ'არიანული ნააზრევიდან იმას ვკითხულობთ, რომ სოციალისტებს, როგორებიც არიან ობამა და ტროცკი, ჩვენი (ქართველი გადასახადების გადამხდელების) ქონების წართმევა უნდათ. 

გახსოვს, ბექა, ძველი ანეკდოტი ბრეჟნევზე და რეიგანზე? რეიგანი ეუბნება ლეონიდ ილიას ძეს, აი ჩვენთან, ამერიკაში, სიტყვის თავისუფლებაა: ნებისმიერ ამერიკელს შეუძლია დადგეს თეთრი სახსლის წინ და თქვას, ამერიკის პრეზიდენტი იდიოტიაო. ჩვენთანაც არის სიტყვის თავისუფლებაო, პასუხობს ბრეჟნევი. ნებისმიერ საბჭოთა მოქალაქეს შეუძლია გამოვიდეს წითელ მოედანზე და თქვას, რომ ამერიკის პრეზიდენტი იდიოტია. ზოგი ჩვენი ლიბერ'თ'არიანელიც ასევე იქცევა. ხმალამოღებული ებრძვის ამერიკის პრეზიდენტს სოციალისტობისათვის, უკრიტიკებს ეკონომიკურ პოლიტიკას და გულწრფელად სწუხს ამერიკელ გადასახადის გადამხდელებზე. მესმის, რომ ის, რაც ამერიკაში ხდება, მთელი მსოფლიოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი გადასახადის გადამხდელის სოლიდარობისაც მესმის ამერიკელი გადასახადის გადამხდელის მიმართ. მაგრამ იგივე ლიბერ'თ'არიანელს არ გაახსენდება ქართველი გადასახადების გადამხდელი, როდესაც, მაგ. საქართველოს მთავრობა ტუვალუს მისცემს ფინანსურ დახმარებას, თან ისე ეფექტურად, რომ ეს ტუვალუ ბოლო-ბოლო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს. არც მაშინ გაიხსენებს ქართველ გადასახადის გადამხდელს, როდესაც წინასაარჩევნოდ მმართველი პარტია უხვად გასცემს სხვადასხვა სახის დახმარებებს კბილის პროტეზის ჩასმით დაწყებული სახურავის რემონტით დამთავრებული. ლიბერ'თ'არიანული ლოგიკით, ობამა რატომღაც სოციალისტია, საქართველოს მთავრობა კი, რომელიც სოციალურ დახმარებაზე პროცენტულად ბევრად მეტს ხარჯავს ვიდრე ამერიკის მთავრობა და ამ ხარჯების არა თუ შემცირებას, გაზრდასაც აპირებს, მემარჯვენე. მე ამ ლოგიკას ვერაფრით მივხვდი, შენ კი პასუხი უკეთ გეცოდინება და მერე, თუ არ დაგეზარა მომიყევი. 

დავშთები მარად და ყველგან შენი მეგობარი