Monday 20 June 2011

May the violence be with you


 "radgan maqsimaluri Tavisufleba yovelTvis emTxveva saxelmwifos maqsimalur Zalas. romel Zalas? am sferoSi gansxvavebebze laparaki maT uyvarT, vinc ar emorCileba Zalis iseT koncefcias, romelic arsebiTia saxelmwifosTvis da amrigad – TavisuflebisaTvis. isini ganasxvaveben moralur Zalas materialurisgan: kanonis Zalas, romelic Tavisufali arCevanis Sedegadaa miRebuli da Zaladobriv Zalas, romelic mkacrad zRudavs moqalaqis nebas. es gansxvaveba gulubryvilod SeiZleba miviCnioT, Tu is gulwrfelia! yovelgvari Zala moraluri Zalaa, radgan is nebis mimmarTvelia. da, ra argumentic ar unda gamoviyenoT– qadageba iqneba Tu xelketi – misi efeqturoba isaa, rom saboloo jamSi Sinaganad ubiZgebs adamians, daarwmunebs mas, morCilebisken mouwodebs".
 jovani jentile
 
26 მაისს, მიტინგის დაშლისას, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. დემოკრატიულ ქვეყნებში  - ისეთში, როგორიც ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ (ამაში, იმედი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დამეთანხმებიან) - იწყება გამოძიება (მათ შორის საპარლამენტო დონეზე), შემდეგ ხდება იმის გარკვევა, ვინ დააშავა, დააშავა თუ  არა, რამდენად დააშავა და თუ დააშავა რა ფორმით უნდა დაისაჯოს. 28 მაისის, რუსთაველის ძეგლთან გამართული აქციის “არა ძალადობას!” მონაწილეები სწორედ ასეთ გამოძიებას მოითხოვდნენ და აპროტესტებნენ ძალადობას - ანუ სახელმწიფო მოხელეების  მხრიდან ძალის კანონით დაშვებულზე მეტად გამოყენებას. მგონი დიდი მარჩიელობა არ უნდა დასჭირვებოდა იმის გაგებას, რომ ძალადობა, ამ შემთხვევაში, არის კანონგარეშე ძალა.

“არა ძალადობას” პოლიტიკური პოზიციაა: მიმართული იმისკენ, რომ მთავრობამ სახელმწიფოს სახელით თავისი თავი კანონგარეშე არ დააყენოს იმ დროს, როდესაც ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც ამ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ინტელექტუალები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერ ახერხებენ “ძალადობის” (ძალის არალეგიტიმურად გამოყენების) გამოძიების მოთხოვნას. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიება კი აუცილებელია იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თავიანთ თავს კანონზე მაღლა აყენებენ, არა მარტო თვითონ იქცევიან დამნაშავეებად, არამედ სახელმწიფოს დამაჯერებლობას უთხრიან ძირს და შესაბამისად სწორედ იმას აკეთებენ, რასაც თავიანთ ოპონენტს აბრალებენ: იმათ აძლევენ ხელს, ვისაც სახელმწიფოს დასუსტება აწყობს.

რომ მკითხოთ, რამ აიძულა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა არმია, მძიმე არტილერიით დაწყებული, ახალბედა რეზერვისტებით დამთავრებული, მისეულიყვნენ 28 მაისს, რუსთაველის ძეგლთან გამართული აქციის “არა ძალადობას!” მონაწილეებს, პასუხის გაცემა გამიჭირდება. მაშ რა ედებათ ბრალად აქციის მონაწილეებს? გაგიკვირდებათ, მაგრამ “ძალადობის” გაპროტესტება.

ასე, მაგალითად, ჟურნალმა “ტაბულამ” გამოაქვეყნა ზაზა ბიბილაშვილის წერილი "მორალს ამოფარებული უზნეობა ანუ რა უნდოდათ ქართველ ინტელიგენტებს". http://www.tabula.ge/article-4511.html პათეტიკური ბანალობების ფუჩეჩს თუ ჩამოვაშორებთ, ხელში შეგვრთება უკვე საკმაოდ შელახული მრწამსი "რა დროს დიფ ფარფლებია ახლა ელ ჯეროა მოდაში”  “რა დროს დემოკრატიაა, ახლა ხომ რუსეთის საფრთხე გვემუქრება”, რომელიც თავისი გაქანებით კიდევ ერთი  ქვისგამხეთქი არგუმენტის ტოლფასია: “აბა გრეჩიხა გინდათ?!” მარტო ეს სტანდარტული კომპლექტი რომ ყოფილიყო, ბატონი ბიბილაშვილის სტატიაზე საუბარს დიდი აზრი არ ექნებოდა, მაგრამ მისი მამულიშვილური აღშფოთება იმ ხალხმა გამოიწვია, ვინც 28 მაისს პოლიციის ძალადობა [ძალის კანონით დაშვებულზე მეტად გამოყენება] გააპროტესტა. აქ კი ზაზა ბიბილაშვილის აზრის სიღრმეში ჩაყვინთვა მოგვიწევს, თუ გვინდა რომ იქიდან ობოლი მარგალიტი ამოვიყვანოთ. ახლა კი ყურადღებით: თუ აქამდე არ იცოდით რა იყო საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა, ახლა გაიგებთ: “მარადიული (sic!) ქართული ინტელიგენცია”. 


მოკლედ, საქართველოს ინტელიგენცია რომ არ ჰყოლოდა, აქამდე ყველა პრობლემას იოლად მოაგვარებდა - რუსეთის საფრთხესაც მარტივად გაუმკლავდებოდა, და სიღნაღიზირებულ სინგაპურსაც უმალ ააშენებდა.

ავტორის, ცოტა არ იყოს,  არეული აზრი ლოგიკური თანმინდევრობით რომ დავალაგოთ, გამოვა, რომ “ინტელიგენტები” - ესენი კი, ზაზა ბიბილაშვილის აზრით, ის ადამიანები არიან, ვინც ძალადობა გააპროტესტა -  ძალადობას იმიტომ კი არ აპროტესტებენ, რომ მართლა რამე აწუხებთ, ინტელიგენტების “უკმაყოფილობის” (წაიკითხე: მთავრობით უკმაყოფილების) მიზეზი სულ სხვაა. პატივცემული ავტორი იმასაც გვეუბნება, ეს “სხვა” რა არის: ინტელიგენტები  ისინი არიან, ვისაც უნდა “ღვაწლის აღიარებაზე დაფუძნებული იმუნიტეტი, პრივილეგიები და მონოპოლია კეთილისა და ბოროტის განსაზღვრაზე...” (სტილი დაცულია).

ამ მონოპოლიას კეთილის და ბოროტის საზღვარზე  კი როგორც ეტყობა, ინტელიგენციას ახალი მთავრობა ართმევს. სწორედ ამიტომ ინტელიგენცია ებრძვის ამ მთავრობას სხვადასხვა საბაბით, და “კეთილის და ბოროტის საზღვარზე მონოპოლიის”  მოსაპოვებლად მზად არის სული მიჰყიდოს გრეჩიხას, რუსეთს, ეშმაკს… უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს “ინტელიგენციის” სათაურში გამოტანილი “მორალს ამოფარებული უზნეობა”.

ავტორი სტატიის პირველ ნაწილში ვერაფრით ახერხებს იმის დასაბუთებას, რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება და რატომ არის კარგი ძალადობა დაამიტომ მეორე ნაწილში, სასოწარკვეთილი, ასეთ ხრიკს მიმართავს: ამათ ძალადობის გაპროტესტება კი არ უნდათ, ძველი პრივილეგიების დაბრუნება უნდათო.

სამაგიეროდ, რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება გაგვაგებინებს ჩემი პატივცემული კოლეგას, გია ნოდიას სტატია “ანგელოზები და დემონები”.http://www.tabula.ge/article-4500.html განსხვავებით ზაზა ბიბილაშვილის განრისხებული პათეტიკისა ეს წერილი მამაშვილურ-დამრიგებულია და ერთის მხრივ უმწიფარ სულელებს, მეორე მხრივ კი ქალბატონ ჟუჟუნას (რომელიც იმედია “ტაბულას” კითხვით უკვე დამწიფების გზაზეა დამდგარი) უხსნის როგორია სინამდვილეში სამყარო.

მაშ რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება?  პატივცემულ პროფესორს უნდა დაგვიმტკიცოს რომ: ა) ძალადობა ბუნებრივია, ამიტომ ვინც ძალადობას აპროტესტებს უმწიფარია. ამ ინფანტილიზმიდან კი ორი რამ გამომდინარეობს ბ)ადამიანებს, რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ, უმანკობა სწყურიათ და ამიტომ ჰგონიათ, რომ თავს პოლიტიკის გარეთ აყენებენ გ) ეს უმანკო ადამიანები სინამდვილეში სულაც არ არიან უმანკოები და ამ ვითომაც არაპოლიტიკური ან ზეპოლიტიკური პოზიციიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ.

რა მიზნების მიღწევას ცდილობდნენ აქციის მონაწილეები, გია ნოდია პირდაპირ არ გვეუბნება, მაგრამ ტექსტში არის ერთი ადგილი, რომელმაც შეიძლება მიგვახვედროს  ავტორის აზრის მიმართულება: “საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა “არაპოლიტიკურია”, უბრალოდ ეშმაკური ფანდია, რადგან აქ ის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის მცდელობასაც გულისხმობს”. თუკი დავურუნდებით არგუმენტაციის პირველ ნაწილს, ასეთ კონსტრუქციას მივიღებთ: რადგან აქციის მონაწილენი ინფანტილურები არიან (არ აღიარებენ ადამიანის ბუნებას) და შესაბამისად ეშინიათ ძალაუფლების და პასუხისმგებლობის, ამიტომ ისინი თავიანთი ვითომ “არაპოლიტიკური პოზიციით” მხარს უჭერენ “რეჟიმის” შეცვლის მოსურნეთა სხვა ჯგუფებს. აქაც, საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა გამონათქვამი “ამათ გრეჩიხა უნდათ” (შეიძლება არც უნდათ, მაგრამ რახან სულელები არიან, ანუ, როგორც ლენინი იტყოდა, სასარგებლო იდიოტები, ისე გამოსდით, რომ მაინც “მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს”).

გია ნოდიას არგუმენტაცია ჩანაცვლებათა და დაბრალებათა სერიაზეა აწყობილი:

-       ძალადობის გაპროტესტება მას ესმის არა როგორც პოლიციის მიერ ძალის კანონით დაშვებულზე ზედმეტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, არამედ როგორც “ადამიანის ბუნების” წინააღმდეგ მიმართული პროტესტი.

გია ნოდია, ზაზა ბიბილაშვილისგან განსხვავებით, პირდაპირ შეტევას არ იწყებს აქციის მონაწილეებზე - აკადემიური უნარჩვევებიდან გამომდინარე ის პოზიციის კრიტიკას ცდილობს. მაგრამ რადგანაც პოზიციის კრიტიკას ამ პოზიციის  არ ვიცი შეგნებული თუ შეუგნებელი დამახინჯებით იწყებს  - რომელზეც შემდგომი, არერთი მარგალიტით დამშვენებული არგუმენტაციაა აწყობილი, ძალიან მალე კრიტიკიდან დისკრედიტაციაზე გადადის.

რა აძლევს ავტორს იმის საშუალებას, რომ “ძალადობა” ადამიანის ბუნებად მიიჩნიოს? როგორც პოლიტიკის, ისევე ძალადობის განმარტებებში გია ნოდია გერმანელ სოციოლოგ მაქს ვებერს ეყრდნობა (უფრო შორეულ პერსპექტივაში კი ინგლისელ ფილოსოფოს თომას ჰობსს, რომელიც ვებერისთვისაც ერთ-ერთი მთავარი წყაროა).

განსხვავებით არისტოტელესაგან, ჰობსისათვის ბუნებრივი მდგომარეობა არის ყველას ომი ყველას წინააღმდეგ (ადამიანი ადამიასთვის მგელია). ამ მდგომარეობიად თავის დასაღწევად ადამიანები თანხმდებიან, თავიანთი უფლებების (მათ შორის ძალადობის უფლების) დათმობაზე, სწორედ ეს შეთანხმებაა სახელმწიფოს - ლევიათანის დაბადების მომენტი. [სწორედ აქედან გამომდინარე ასკვნის გია ნოდია, რომ “ძალადობა ბუნებრივია”, თუმცა, ალბათ ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ სხვა წიგნებიც წაუკითხავს]. დავუშვათ, რომ გია ნოდია ჰობსს აფირმატიულად კითხულობს. ჰობსთან ძალა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, „პოტენციური“ ძალაა, რომლის შიშითაც აღკვეთილია ძალის ალტერნატიული ცენტრები და შესაბამისად „ბუნებრივი მდგომარეობის“ დაბრუნების საშიშროება. მაგრამ ჰობსთანაც კი სახელმწიფოს  - რომელიც ამქვეყნიურ, ანუ მოკვდავ ღმერთად არის წარმოდგენილი - ძალის გამოყენება შეზღუდულია „კონტრაქტით“ [და არა კონტროლით, როგორც მაგალითად ჰგონია ჟურნალ ტაბულას თანამშრომელს, სანდრო თარხან მოურავს]. ანუ ბუნებრივიდან კულტურულ სფეორშია გადმოსული - კულტურა კი იქ ჩნდება, სადაც ბუნებრივი (როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ) ადამიანების მიერ შეთანხმებული კანონებით მოითოკება. სუვერენი, რომელიც მის ხელში კონცენტრირებულ ძალას უკანონოდ იყენებს, ტირანია.

მოხსენებაში “პოლიტიკა როგორც პროფესია” ვებერი ამბობს: “როგორც ტროცკიმ ბრესტ-ლიტოვსკში თქვა, ყოველი სახელმწიფო ძალადობას ემყარება. ეს მართლაც ასეა”. (ტროცკი ბრესტ-ლიტოვსკში სავარაუდოდ იხსენებდა ლენინის შრომას “სახელმწიფო და რევოლუცია”). ვებერისათვის ძალადობა არ არის სახელმწიფოს ერთადერთი საშუალება, მაგრამ ეს მისი სპეციფიური საშუალებაა იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს გააჩნია ძალადობაზე  ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ი  მონოპოლია. განსხვავებით ლენინისაგან და ტროცკისგან, ვებერს აქცენტი სწორედ ლეგიტიმურობაზე გადააქვს. ეს კი იმას ნიშნავს,რომ სახელმწიფო ფიზიკური ზემოქმედების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში იყენებს. ამ ჩარჩოებს გარეთ გასვლა სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს კანონგარეშე აყენებს.


არ ვიცი, ამდენი ლაპარაკი რად უნდოდა იმას, რომ ფრაზა „არა ძალადობას“ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებდა, ადამიანის ბუნებიდან ძალადობისაკენ მიდრეკილება გააქრეო, არამედ იმას, რომ არავინ, მათ შორის მთავრობამ (რომელიც სახელმწიფოს მართავს ხალხის სახელით და მანდატით კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე) არ უნდა დააყენოს თავისი თავი კანონზე მაღლა. გია ნოდია თავის სტატიაში სწორედ ამ ჩანაცვლებას აკეთებს ანუ აქციის მონაწილეებს ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ ძალადობას შორის განუსხვავებლობას მიაწერს. და ამ ჩანაცვლების საფუძველზე ცდილობს თავის ოპონენტთა პოზიციის, როგორც ინფანტილურის, დისკრედიტაციას. 



მაშ რა გააკეთეს აქციის მონაწილეებმა? მათ პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს - ამაში გია ნოდია სავსებით მართალია. ეს არის პოზიცია, რომელიც გამოიწვია როგორც სახელისუფლებო ისევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის (პარტიების) უუნარობამ, წარმოადგინონ და დაიცვან ამ ადამიანების (ან ორგანიზაციების) ინტერესი იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. რატომ შეიძლება ასეთ სამოქალაქო პოზიციას ინფანტილური ერქვას, ალბათ გია ნოდია განგვიმარტავს.

რატომ გახდნენ აციის “არა ძალადობას!” მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მასიური შეტევის ობიექტები?

საქართველოს ევროპული (ევროატლანტიკური) არჩევანი არ არის არც “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებული, არც “ნაციონალური მოძრაობაა” ამ არჩევანის ერთადერთი მომხრე, არც ის გზაა ერთადერთი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს ამ მიზნის მისაღწევად (რა თქმა უნდა თუკი დავუშვებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” რაიმე გააზრებული პოლიტიკა აქვს და არა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცვლადი ტაქტიკა) –  შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს, ავტომატურად ხვდება ბურჯანაძის (ან გრეჩიხას) ბანაკში - მოკლედ იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოღალატეებად მოიხსენია, უბრალოდ ტყულია  - “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მითოსის ნაწილია.

ეს პოლიტიკური მითოსი დღითი დღე კარგავს პოპულარობას. სერიოზული არგუმენტაციის შემოთავაზება მის დასაცავად შეუძლებელი თუ არა, რთულია. გაცილებით უფრო ადვილია მათი დისკრედიტაცია, ვინც ამა თუ იმ საკითხში სამართლიანად გაკრიტიკებს. რატომ გაკრიტიკებს? იმიტომ რომ ინფანტილურია, ან მოღალატეა, ან ეზიზღები ან ყველაფერი ერთად. ასეთი დამოკიდებულება, რომელიც ადრეც კი გხვდებოდა, ბოლო დროს ნამდვილ ტრენდად გადაიქცა. 



Friday 10 June 2011

საქართველოს დამოუკიდებლობა. ოცი წლის შემდეგ.



„The time has come“, the Walrus said, „to talk of many things“...
L. Carroll
"ფილოსოფიის სირთულე მისი მატერიის ბრალი კი არ არის, არამედ ჩვენი აბურდული ტვინისა".
ლ. ვიტგენშტაინი

დისკლაიმერი: ეს არ არის სამეცნიერო წერილი, სადისკუსიო დრაფტია. 

სქოლიოებისაგან მაქსიმალურად შევიკავე თავი და ასევე შევეცადე მარტივად, ხშირად გამარტივებულადაც მეწერა. მაგრამ მაინც მინდა ერთი წიგნი ვახსენო, რომელმაც თანამედროვე საქართველოს შესახებ უფრო მეტი გამაგებინა, ვიდრე ნაციონალიზმის თეორიებმა (გელნერმა, ანდერსონმა, ჰობსბაუმმა, სმიტმა) - ეს არის ჰანა არენდტის „რევოლუციის შესახებ“. მისგანვე არის „შთაგონებული“ „რეკომენდაციული“ ნაწილიც.

სამეცნიერო არ არის ეს წერილი იმიტომაც, რომ ეს წერილი ჩემი პირადი პოზიციაცაა.

წერილი გრძელი გამომივიდა, ამიტომ მათთვის, ვისაც ბევრი კითხვა ეზარება მოკლედ ჩამოვაყალიბებ ორ - პოლემიკურ -  თეზისს: ა) საქართველოში ძალაუფლების სტრუქტურა („ერთპარტიული ძალაუფლება“) არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის შემდეგ. ბ) რომელიც ა)-დან გამომდინარეობს: საქართველო, მიუხედავად ფორმალურად არსებული კონსტიტუციისა ჯერაც არ არის კონსტიტუირებული სახელმწიფო.

დამოუკიდებელი საქართველოს 20წლიანი ისტორია მხოლოდ ამ (ამ ორ თეზისთან დაკავშირებული) კუთხით არის განხილული, ამიტომ ბევრი - საინტერესო - საკითხი უბრალოდ ყურადღების მიღმა დარჩა.

ასევე მათთვის, ვინც მაბრალებს ხოლმე რომ მარტო „ვაკრიტიკებ“ და გამოსავალზე არაფერს ვამბობ, (და არც მაინტერესებს) შეუძლია  პირდაპირ მიადგეს ბოლო ნაწილს (პარაგრაფები 16-20).

ვისაც, ვაჟა ზაზავიჩის მეთოდით „ალაგ ალაგ“ წაკითხვა უნდა და ისტორიული ნაწილი არ აინტერესებს, შეუძლია წაიკითხოს პარაგრაფები 1, 4, 8, 10, 11, 16-20.

კორექტურული შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი. იმედია, გაგებით მოეკიდებით. სხვა (შესაძლო) შეცდომებთან ერთად დაბეჭდილ ვერსიაში გავასწორებ. 

1.
სიმბოლური განსაბჭოება და რეალური საბჭოთა მემკვიდრეობა არის ის ფორმულა, რომლითაც საქართველო დღემდე ცხოვრობს - ბოლო მაგალითი დეპუტატი თორთლაძის კანონია, რომელსაც, გაუგებარი მიზეზების გამო, „თავისუფლების ქარტია“ ქვია. ქარტიის გარჩევას არ დავიწყებ. მისი ერთი ნაწილი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. საბჭოთა მემკვიდრეობა დეპუტატ თორთლაძეს საბჭოთა სიმბოლოებთან აქვს გაიგივებული - ეს ის გასაოცრად იშვიათი შემთხვევაა, როდესაც საქართველოში უმრავლესობა ოპოზიციის მოსაზრებას და ინიციატივას შესაშური ერთსულოვნებით იზიარებს. ეს კანონი, თუმცა კი იმეორებს რამდენიმე აღმოსავლეთევროპული ქვეყნის პრაქტიკას, მაინც აჩვენებს, რომ ქართველ კანონმდებელს ვერ გაუაზრებია საკითხის სიღრმე, და ამიტომ ამ პრობლემის ზედაპირიდან მოცილება უცდია. გაუაზრებლობა და აქედან გამომდინარე კოსმეტიკურობაა არის ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი პრინციპი უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. მემკვიდრეობის ჯაჭვი, რომელიც გვიანდელი სსრკ-დან მოდის არ შეწყვეტილა. დავასაბუთებ, მაგრამ შორიდან შემოვლა დამჭირდება.

2.
ყველაზე გროტესკული აღლუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდა, ალბათ 93 წლისა იყო. 26 მაისს ტრიბუნაზე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარესთან, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ჯაბა იოსელიანი იდგა. რესპუბლიკის მოედანზე კი ჯარის სხვა დანაყოფებთან ერთად მხედრიონი გამოვიდა. არამწყობრი ნაბიჯით, უფორმოდ, თუმცა თავისებურად: უმეტესობას შავი ჟილეტები ეცვა და ზოგს საფორმე რეიბანებიც ეკეთა. ფეხზე ინსპექტორები ეცვათ თუ არა აღარ მახსოვს.

ეს აღლუმი გროტესკული იყო. მაგრამ არანაკლებ გროტესკულია სამხედრო აღლუმი პოსტსაბჭოთა საქართველოში,  რომელიც - მოგეხსენებათ - 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს იმართება. ოღონდ ეს 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღეა (ამიერკავკასიის ფედერაცია დაიშალა და საქართველომ, სომხეთმა და აზერმაბიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს). საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც არც დამოუკიდებლობა მოიპოვა სამხედრო გზით და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა სამხედრო კონფლიქტში დამარცხდა, მაგრამ მაინც თვლის საჭიროდ, ყოველ წელს დამოუკიდებლობის დღე სამხედრო აღლუმით აღნიშნოს.

ამით, მაშინდელმა ქართველმა კანონმდებელმა ხაზი გაუსვა პირველ რესპუბლიკასთან თანმიმდევრობას. მაგრამ მეორეს მხრივ  - სიმბოლურ დონეზე - არარსებულად გამოაცხადა საბჭოთა საქართველოს 70 წელიწადი. ასე ვთქვათ, „undo“ გაუკეთა. ეს იყო პირველი „კოსმეტიკური“ ნაბიჯი, რომელიც პრობლემასთან რეალური დაპირისპირების და მისი გადაწყვეტის მაგივრად სიმბოლოებს მიადგა და რეალურის სიმბოლურად გადაწყვეტა მოინდომა. შედეგები სავალალო აღმოჩნდა.

3.
დამოუკიდებლობის 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადებაც სიმბოლური იყო. ოღონდ ამჯერად პოლიტიკური რიტორიკის დონეზე.



პარლამენტი იხსენებდა 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, როდესაც საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრაცია სისხლიანად დაარბია.




1989 წლის 9 აპრილი 1991 წლის 9 აპრილში ჩაწერილია და სიმბოლურად აკეთებს იმას, რაც 1989 წლის 9 აპრილს არ გაკეთებულა - აცხადებს დამოუკიდებლობს, იმიტომ რომ პოლიტიკური რიტორიკა სწორედ 1989 წლის 9 აპრილს მიიჩნევდა ქართული დამოუკიდებლობის „პირველად სცენად“ (Urszene).

ნაციონალური სახელმწიფოები ასეთ საწყის მომენტებს ხშირად იხსენებენ ხოლმე: ფრანგები 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, რომელიც მათთვის რევოლუციის სიმბოლოდ და „პირველად სცენად“ იქცა. ესპანელები 12 ოქტომბერს, კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს (რომელმაც ესპანეთი იმპერიად გაადქცია, „რომელშიც მზე არასოდეს ჩადიოდა“). ქართული არჩევანი ამ მხრივ პრობლემური აღმოჩნდა, იმიტომ რომ იქ, სადაც სხვები გამარჯვების დღეს აღნიშნავდნენ, ქართველებმა დამარცხების დღეს გაიხსენეს.

ოღონდ ეს დამარცხების დღე გამარჯვების დღეც არის - ქრისტიანული თვალსაზრისით. საქართველოს პარლამენტის სპიკერი, შემდეგ კი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების კატეგორიებით აზროვნებდა და ძველი ქართული მარტიროლოგიური პარადიგმა ააღორძინა. ამ პარადიგმას სააღდგომო ლიტურგიის ერთი პასაჟი უდევს საფუძვლად: „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“. (გამსახურდიას პოლიტიკურ მისტიკაში საქართველოს სიმბოლო მკვდრეთით აღდგინებული ლაზარე იყო). 9 აპრილის მსხვერპლშეწირვა ქართულ პოლიტიკურ მითოლოგიაში დამოუკიდებლობის აღდგენის წინაპირობა გახდა. ქართველი ერი (9 აპრილს დაღუპულები pars pro toto) მოკვდა, მაგრამ მკვდრეთით აღსდგა ამჯერად უკვე დამოუკიდებელი ჰიპოსტასით. (სწორედ ამას გულისხმობდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურიდა, როდესაც „ქრისტეს გზაზე“ საუბრობდა და ამ გზას ბარაბას გზას,(ეროვნული დამოუკიდებლობისათვის პოლიტიკური და არა „სარკალური“ ბრძოლის გზას), შეიძლება ერთობ მოუფიქრებლადაც, უპირისპირებდა.




ქართული პოლიტიკური მითოლოგია საბჭოთა კავშირის დაშლას და დამოუკიდებლობის მოპოვებას ქართველების დამსახურებას მიაწერს და ცდილობს მიჩქმალოს, რომ საქრთველოს, ისევე როგორც დანარჩენ 15 საბჭოთა რესპუბლიკას, დამოუკიდებლობა თავისი ძალისხმევით არ მიუღია (მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის საქართველომ დამოუკიდებლობა ერთ-ერთმა პირველმა გამოაცხადა).

რიტორიკულ დონეზე განსხვავება 9 აპრილსა და 26 მაისს შორის სრულიად საწინააღმდეგო ჭრილში იყო დანახული: პირველი რესპუბლიკა (ნორმალური პოლიტიკური პროცესი) იყო „ბარაბას გზა“ და ამიტომაც „ღმერთმა თავისუფლება წაგვართვა“, ხოლო 9 აპრილი იყო „ქრისტეს გზა“ - წამების გზა. ქარისტიანული რიტორიკა სამართლებრივ სიმბოლიკასთან წინააღმდეგობაში მოვიდა. სიმბოლურ დონეზე კი არჩევანი  - ასევე პრობლემური - სამართლებრივი სიმბოლიკის  („ბარაბას გზის“) სასარგებლოდ გაკეთდა. ოღონდ, როგორც ჩანს, ამით ამსთანავე „ბარაბას გზის“ „ქრისტეს გზაზე“ მოქცევაც უნდა მომხდარიყო.

რამდენადაც სიმბოლური იყო 26 მაისის არჩევა დამოუკიდებლობის დღე, იმდენადვე სიმბოლურია 9 აპრილის უარყოფა. უფრო სწორად, სიმბოლური კი არ არის, ნიშანდობლივია, იმიტომ რომ კანონმდებელს არა მგონია გააზრებული ჰქონოდა რას ნიშნავდა ეს თითქოს ტრივიალური არჩევანი. 9 აპრილის, ანუ დამოუკიდებლობის ახალი დღის უარყოფა, ნიშნავდა იმას, რომ მაშინდელმა კანონმდებელმა ფაქტიურად უარი თქვა სრულიად ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირებაზე - სიმბოლურად ის პირველ რესპუბლიკას დაუკავშირა, ხოლო სამართლებრივად კი საბჭოთა საქართველოს.

4.
1991 წელს პრობლემა სწორედ სიმბოლურსა და „რეალურ“ პლანს შორის აცდენა იყო, იმიტომ რომ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მეორე რესპუბლიკის ცხოვრებას არეგულირებდა, ფაქტიურად საბჭოთა გახლთდათ - საბჭოურობაზე აშკარა (ზედაპირული) რეფერენციების გამოკლებით. (ისევე, როგორც ქართული ენციკლოპედია ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შემცირებული ვარიანტი იყო - იქიდან უბრალოდ საბჭოთა მოღვაწეები და ცნებები ამოყარეს, მაგრამ ენციკლოპედია ასეთი ხელოვნური ამოყრით ნაკლებად საბჭოთა მაინც არ გამხდარა).

საბჭოთა არა მარტო საკანონმდებლო საფუძველი იყო: საბჭოთა იყო ყველა ინსტიტუტი და რაც მთავარია ძალაუფლების სტრუქტურაც. როგორი იყო ეს ძალაუფლების სტრუქტურა? „საბჭოთა კავშირი“ მიგვანიშნებს იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ეს სახელმწიფო: ძალაუფლება ხალხის ხელში უნდა ყოფილიყო, რომელიც საბჭოების (იერარქიულად აწყობილი თვითმმართველობების) მეშვეობით მართავდა სახელმწიფოს. მაგრამ ჯერ ბოლშევიკური რუსეთი, შემდეგ კი სსრკ სხვა გზით წავიდა: წითელ ტერორს უნდა განემტკიცებინა პროლეტარიატის ჰეგემონია, და შემდეგ, ნათელ მომავალში, პროლეტარიატის ჰეგემონია ჰარმონიულად უნდა გადასულიყო უკლასო საზოგადოებაში. ლენინის სიკვდილის შემდეგ სტალინად წოდებულმა იოსებ ჯუღაშვილმა მაქსიმალურად გააძლიერა ის სტრუქტურა, რომელსაც ხელმძღვანელობდა: „კომუნისტური პარტია“. ძალაუფლება საბჭოებიდან (რომლებსაც ის ფორმალურად ეპყრათ) პარტიის ხელში გადავიდა. ექსპერიმენტული „საბჭოთა“ მოდელი (რომელიც ყველაზე ახლოს ამერიკელ კოლონისტთა თვითმმართველ ერთეულებთან იყო) ისევ ძველმა, ნაციონალურმა მოდელმა ჩაანაცვლა. ოღონდ „ნაციას“ და სსკრ-ს, „ნაციათა იმპერიას“ (როგორც მას ამერიკელი მეცნიერი ფრანსინ ჰირში უწოდებს), არა თვითმპყრობელი იმპერატორი, არამედ „თვითმპყრობელი პარტია“ და მისი გენერალური მდივანი მართავდა. საბჭოთა კავშირში სუვერენი კომუნისტური პარტია იყო და შესაბამისად, როგორც სუვერენი, კანონზე მაღლა იდგა (სუვერენულობის თეორიების შესახებ წიგნების სია გრძელია, ერთ მაგალითად კარლ შმიტის „პოლიტიკურ თეოლოგიას“ დავასახელებ).

5.
დამოუკიდებელმა ქართულმა სახელმწიფომ ძალაუფლების ეს მოდელი (რომელიც დღემდე მოქმედებს), საბჭოთა კავშირისაგან მემკვიდრეობად მიიღო. და მისი შეცვლისათვის არაფერი გააკეთა. „კომპარტია“ „მრგვალმა მაგიდამ“ ჩაანაცვლა (თუმცა პარლამენტში ორივე პარტია იყო წარმოდგენილი). ერთპარტიული ჰეგემონიისთვის ბრძოლა დაიწყო. სწორედ პოლიტიკური სივრცის არარსებობამ (რომელიც პირდაპირი შედეგი იყო ძველი სტრუქტურების მემკვიდრეობად მიღებისა) არ დაუშვა განსხვავებული პოლიტიკური აზრი. უფრო სწორად, განსხვავებული პოლიტიკური აზრი სახელმწიფოს (ხალხის) მტრობად მიიჩნია. რადგანაც საბჭოთა მოდელში პარტია=სახელმწიფოს, რომელიც ხალხის სახელით ლაპარაკობს, პარტიის კრიტიკოსი ავტომატურად იქცევა სახელმწიფოს კრიტიკოსად, კრიტიკოსი კი მტრად. სწორედ ამ ლოგიკით აცხადებდა საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ნებისმიერ პოლიტიკურ ოპონენტს „სუკის აგენტად“.  (ვიდეო ნახეთ მეორე წუთიდან).



გამოვტოვებ ანომიის იმ პერიოდს, რომელიც საქართველოში გამსახურდიას სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ „ჩამოგდებისა“ და შევარდნაძის „ჩამოყვანას“ შორის  - და გარკვეული პერიოდი „ჩამოყვანის“ შემდეგაც იყო, იმიტომ რომ ამ პერიოდში ძალა აღარანაირი უფლებით აღარ იყო შეზღუდული და პირდაპირ გადაიქცა ძალადობად.

ედუარდ შევარდნაძეც, რომელსაც ასევე ჰქონდა ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირების შანსი, ძველი (და მისთვის კარგად ნაცნობი) გზით წავიდა: ქვეყნის სამართავად მან არა დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა/გაძლიერება დაიწყო, არამედ პარტიული სტრუქტურის მშენებლობას მიყვა. „მოქალაქეთა კავშირი“ ტიპიური „ძალაუფლების“ პარტია იყო. პარტია, რომელსაც არ აერთიანებდა არც ერთიანი ფასეულობითი სისტემა (ოღონდ, გაუგებარი მიზეზით, მოქკავშირი სოცინტერნის წევრი გახდა), არც რაიმე ერთიანი პროგრამა.

ერთადერთი, რაც ამ პარტიას (რომლის წევრები იყვნენ, ერთის მხრივ,  ზურაბ ჟვანია, მიხეილს სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე, ვანო მერაბიშვილი, ხოლო მეორე მხრივ ავთანდილ ჯორბენაძე, ნიკო ლეკიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ვაჟა ლორთქიფანიძე) აერთიანებდა და ერთად კრავდა „ხელისუფლებაში ყოფნა“ იყო. უფრო სწორად პარტია იყო ხელისუფლება და აკონტროლებდა როგორც აღმასრულებელ, ისევე საკანონმდებლო და სასამართლო „ხელისუფლებებს“, რომლებსაც, რეალურად, პარტიისაგან განსხვავებით, არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდათ. კონსტიტუცია, რომელიც 1995 წელს შეიქმნა, იყო „კონსტიტუცია ზემოდან“, რომელიც, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე „უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯი“ იყო, მაგრამ პრინციპულ პრობლემას, ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტურიებულობას, მაინც ვერ აგვარებდა. სწორედ ამ არაკონსტიტუირებულობის გამოხატულება იყო ორი შევარდნაძისეული ინოვაცია, რომელიც  - ნიშანდობლივად - სამართლებრივი ჩარჩოების გარეთ მოიქცა, უფრო სწორად ლეგიტიმაციის არასამართლებრივ ფორმა გახლდათ. რადგან ძალაუფლება ხალხის ხელში არ იყო და შევარდნაძე, მიუხედავად აბსოლუტური უმრავლესობით არჩევისა, მაინც არ იყო „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი (ისევე როგორც გამსახურდია) - არამედ ხალხის მიერ „ლეგიტიმირებული“ პრეზიდენტი იყო, მისი (პარტიული) ძალაუფლებისათვის ლეგიტიმაციის დამატებითი წყაროები იყო საჭირო.

ისე, სანამ ლეგიტიმაციის ამ დამატებით წყაროებზე გადავალ, ისიც მინდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის ამ ფორმისათვის ქართულ სლენგში არსებობს ცნება, რომელიც რუსულიდან მოდის, შინაარსით საბჭოთაა და პრობლემის არსს გაცილებით უფრო ზუსტად გამოხატავს, ვიდრე ლათინური სიტყვა ლეგიტიმაცია. ეს ცნება არის „გაპრავება“, რომელიც გულისხმობს „ლევის“, უკანონოს, ჩრდილოვანის, არაკანონიერად მოპოვებულის (კვაზი)სამართლებრივ სივრცეში მოქცევას. აი ეს „გაპრავება“ იყო ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 1991წლიდან მოყოლებული დღემდე. (გარდა თბილისის მერის არჩევნებისა, რომელიც, მიუხედავად ხარვეზებისა, მაინც პირველი ნაბიჯი იყო სწორი მიმართულებით. თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამაზე ბოლოს მოგახსენებთ). „გაპრავება“ იმიტომ, რომ უკვე არსებული და ხელში ჩაგდებული ძალაუფლების (რომლის წყაროც ხალხი არ ყოფილა) ლეგიტიმაცია იყო.

ედუარდ შევარდნაძემ ერთი მხრივ საკრალური ლეგიტიმაცია შემოიტანა: პრეზიდენტის ეკლესიის მიერ კურთხევა და ეკლესიის, როგორც „პარტიული ძალაუფლების“ საკრალური დასაყრდენის გაძლიერება დაიწყო. ამით შევარდნაძემ აშკარად გამოაჩინა „პარტიული ძალაუფლების“ მონარქიული ტრადიციის საფუძვლები - გამსახურდია საკრალურს თვითონ ითავსებდა და ამიტომ გარეშე ლეგიტიმაციას არ საჭიროებდა (ამიტომაც, ის ყველაზე ახლოს იდგა Führer-ობასთან).  მეორე მხრივ კი  - რადგან მარტო საკრალური ლეგიტიმაცია საკმარისი არანაირად არ იქნებოდა და თან თავისი წინამორბედის ბედიც კარგად ახსოვდა, მოსახლეობას სოციალური კონტრაქტი შესთავაზა: შედარებითი (მხედრიონის წლებთან) სტაბილურობა და ტოტალური კორუფცია. ეს ტოტალური კორუფცია, რომლის მაგალითადაც შეგვიძლია ერგნეთის ბაზრობა დავასახელოთ, ისეთი იყო, რომ ყველას აწყობდა: ქრთამის ამღებსაც და ქრთამის მიმცემსაც.

6.
„ვარდების რევოულიცამ“ გააჩინა იმედი, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს შეძლებდა ახალ, ძველი მემკვიდრეობისაგან თავისუფალ, სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. მაგრამ ძალაუფლების ძველი სტრუქტურა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ვარდების რევოლუციონერების თავდაპირველი სურვილები. ნაციონალური მოძრაოიბის ლიდერები, რომლების დიდი ნაწილიც, საქართველოს პრეზიდენტის ჩათვლით „მოქალაქეთა კავშირის“ აქტიური წევრები იყვნენ (მის „ლიბერალურ“ ფრთას წარმოადგენდენ), იგივე გზას დაადგნენ, რასაც მათი წინამორბედი სახელისუფლო პარტიები: მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ძალაუფლების ერთი პარტიის ხელში მონოპოლიზიბა, ისე, რომ გარდა საპარლამენტო საკონსტიტუციო უმრავლესობისა, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებაც კვლავ ერთი პარტიის ხელშია. ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი სწორედ ამიტომ არ არსებობს: ძველი „ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ მოდელი, მიუხედავად დემოკრატიული ფასადისა, მაინც ერთპარტიული მმართველობის ტრადიციას აგრძელებს.

7.
ალბათ ვინმე იტყვის, რომ ეს „ხელისუფლების კრიტიკოსის“ აზრია, ანუ - ამ ვინმეს გადმოსახედიდან, ადამიანის, რომელიც ხელისუფლებისადმი „ცუდად არის განწყობილი“ და ამიტომ პრინციპში „ვერ ხედავს“ (ამის არდანახვა შეიძლება?) ვერაფერ კარგს რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ წერილში არ ვსაუბრობ კონკრეტულ რეფორმებზე (რომლებსაც ვხედავ და გაგიკვირდებათ და ვაფასებ კიდევაც), არამედ ძალაუფლების სტრუქტურაზე, რომელიც არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის შემდეგ, ანუ გარკვეულ ფუძემდებლურ პრინციპებზე, რომელთა შეუსრულებლობის გარეშე საქართველო ისევ „პოსტსაბჭოთა“, ანუ საბჭოთა მემკვიდრეობაში ჩარჩენილი სახელმწიფო იქნება და ვერ გახდება „თანამედროვე ევროპული“ სახელმწიფო. ჩემი პოზიციის გასამყარებლად ამჯერად ამ მთავრობის „დეკლარირებული მხარდამჭერის“, ჩემი კოლეგის, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გია ნოდიას მოსაზრებას მოვიყვან: „ საქართველოს ბოლო 8 საუკუნის განმავლობაში ყველაზე ეფექტური ხელისუფლება ჰყავს” წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/34003-gia-nodia-saqarthvelos-bolo-8-saukunis-ganmavlobashi-yvelaze-efeqturi-khelisufleba-hyavs.html#ixzz1OoKatu2Y
არ ვიცი, რა პოლიტიკური კატეგორიებით სარგებლობდა გია ნოდია, (ან მმართველობის რა კონცეფციებს გულისხმობდა) როდესაც საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს მეფეებს, მთავრებს (და ასევე, სავარაუდოდ, რუსეთის იმპერატორებს და მათ მთავარმმართებლებს) ადარებდა, მაგრამ ცხადია, რომ მას საქართველოს პრეზიდენტი (და შესაბამისად მისი წინამორბედებიც) აშკარად მოარქიული ტრადიციის ჭრილში ჰყავს დანახული - (თავი დავანებოთ იმპლიციტურ კომპლიმენტს, თუ ეს კომპლიმენტად შეიძლება ჩაითვალოს, „მიშა - ახალი დავითი“).
აქვე დავამატებდი იმასაც, რომ საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს ფრაზა „ხელისუფლების მხარდამჭერი“: ადამიანს რომელიც თავის თავად ხელისუფლებას (და არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, ფასეულობათა სისტემას, კონკრეტულ პროგრამას) უჭერს მხარს? ასეთი დაყოფა „ხელისუფლების მომხრეებად“ და მის, ანუ სახელმწიფოს ანუ ხალხის მოწინააღმდეგეებად თავისთავად არის სწორედ „ერთპარტიული თვითმპყრობელობისათვის“ დამახასიათებელი აზროვნების რელიქტი.

8.
რა იყო ვარდების რევოლუციონერების შეცდომა? ჩემი აზრით, ეს შეცდომა ძალიან ბანალური იყო, მაგრამ - მათი აზრით - გამართლება ჰქონდა. რევოლუციონერთა დამოკიდებულება თავიდან ასეთი იყო: ჩვენ მოვალთ, ჩავატარებთ არაპოპულარულ რეფორმებს და მერე წავალთ. განზრახვა ლოგიკური და სწორი იყო, იმიტომ რომ რევოლუციონერის როლი რევოლუციის დასრულება და რესპუბლიკის შექმნაა. სამწუხაროდ, ეს განზრახვა რევოლუციონერებს არ განუხორციელებიათ. არ დავიწყებ მარტივი ფსიქოლოგიური დასკვნების კეთებას, რომ ძალაუფლება რყვნის და ა.შ. (თუმცა ეს ალბათ ასეც არის). უბრალოდ, რეცოლუციონერებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ძალა და გამბედაობა ორი ძალიან ძლიერი ინერციული წინააღმდეგობა გადაელახათ ა) „ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ არსებული სტრუქტურის წინააღმდეგობა და ბ) „რევოლუციური კანონის“ წინააღმდეგობა. ამ ორი განსხვავებული მიზეზის წინააღმდეგობა გადაიკვეთა და შედეგად მოგვცა ვარდების რევოლუციონერთა მთავარი მითოლოგემა: რომ მხოლოდ „ნაციონაალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოში განახორციელოს რეფორმები და შეინარჩუნოს საქართველოს სახელმწიფოებრიობა. ყველა დანარჩენი ან პირდაპირი ან ლატენტური მტერია, ამიტომ ყველა, ვინც პირდაპირ არ უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას, ირიბად უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის=ქართული სახელმწიფოებრიობის მტრებს. (ასეთ აზრს ხშირად შევხვედრივარ სხვადასხვა კონტექსტებში, ბოლოს კი ჩემი კოლეგების, გიგი თევზაძის და დათო აფრასიძის დიალოგში გადავაწყდი  http://24saati.ge/index.php/category/opinion/2011-06-05/17411 „პარტიული ძალაუფლების“ შესახებ უკვე ვისაუბრე. ახლა იმასაც ვიტყვი, რა არის ეს რევოლუციური კანონი.

9.
1989 წლის 9 აპრილი რევოლუციური მომენტის ინსცენირება იყო. ქართულ პოლიტიკურ ნარაციაში სწორედ აპრილის გამოსვლებმა დაშალა სსრკ თვითონ აპრილის გამოსვლები კი რევოლუცია იყო. ვანო მურადელის ერთ სიმღერაში (ტექსტის ავტორი ვლადიმირ კამენეცკი) რევოლუციური მომენტის ლოგიკა სრულყოფილად არის გამოხატული:

Есть у Революции начало,
Нет у Революции конца!

რევოლუცია პერმანენტულია არა ტროცკის გაგებით, არამედ იმ გაგებით, რომ რევოლუციური მომენტი, რევოლუციის „პირველადი სცენა“ გრძელდება მუდამ:

Всё горит, горит заря над Смольным -
Это с нами, это на века.
Залп Авроры никогда не смолкнет,
Вдаль простёрта Ленина рука.


კონსტიტუირება არის რევოლუციის ბოლო (და მისი მიზანი), რომელიც, თავისი არსით, კონტრრევოლუციურია (იმიტომ რომ რევოლუციას წერტილს უსვამს). თუ კონსტიტუირება არ ხდება, რევოლუციური მომენტი გრძელდება ან მისი გამუდმებით ინსცენირება ხდება. საქართველოში ასე მოხდა 1992 და 2003 წელს.

„რევოლუციური კანონი“ - წერს ფრანგი ფილოსოფოსი და რევოლუციონერი კონდორსე - „არის კანონი, რომლის მიზანია შეინარჩუნოს რევოლუცია და დააჩქაროს ან არეგულიროს მისი კურსი“. რევოლუციური კანონი, არის ძალა, რომელიც კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა დგას, ეს სუვერენული ძალაა, რომელიც მხოლოდ თავისი ნებით და მეტი არაფრით არ არის შეზღუდული. ის არსებითად მონოპოლისტური ძალაა და ძალაუფლების სხვა ცენტრებს არ ცნობს და მტრულად მიიჩნევს. რევულუციური კანონი და რევოლუციის მიზანი (რესპუბლიკის ჩამოყალიბება) ერთმანეთს ეწინააღმდეგება. საქართველო სწორედ ამ წინააღმდეგობაში მოექცა: იმედი, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდებოდა ახალი სახელმწიფოს კონსტიტუირება არ გამართლებულა: ჩვენ დღესაც რევოლუციური კანონით, საგანგებო მდგომარეობაში ვცხოვრობთ. რა კანონია ეს კანონი? ეს კანონი გვეუბნება: არსებობს შიდა და გარე საფრთხე, რომ ქართული სახელმწიფო შეწყვეტს არსებობას, ამიტომაც ჩვენ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ნებისმიერ ფასად უნდა დავიცვათ ქართული სახელმწიფოებრიობა და იქამდე, სანამ ეს საფრთხე გვემუქრება ყველა დანარჩენი კანონი დავუქვემდებაროთ ამ (რევოლუციურ) კანონს, რომელიც არ ემთხვევა ჩვენს (ფორმალურ) ძირითად კანონს ანუ კონსტიტუციას. (ყველაზე ზუსტი ტერმინი ირანელებმა მოიფიქრეს: „ისლამური რევოლუციის დარაჯები“. აი ასეთი დარაჯი საქართველოში  - სტრუქტურულ პარალელზე მაქვს საუბარი და არა შიანაარსობრივზე - „ნაციონალური მოძრაობაა“). ოღონდ ის, რასაც ერთ შემთხვევაში ისლამის რევოლუციის დარაჯები, ხოლო მეორეში კი „ნაციონალური მოძრაობა“ დარაჯობს, არა სახელმწიფოებრიობაა, არამედ საკუთარი ძალაუფლებაა. ისევე, როგორც ირანი არ შეწყვეტს არსებობას ისლამური რევოლუციის ფუნდამეტის გარეშე, არც საქართველო შეწყვეტს არსებობას, თუ მის სათავეში მაინცა და მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

10.
2003 წელს ვარდების რევოლუციონერების ხელში უზარმაზარი ძალაუფლება იყო აკუმულირებული. ეს ძალაუფლება შეიძლებოდა იმისათვის გამოეყენებინათ, რომ რევოლუცია დაესრულებინათ, დაებრუნებინათ ხელისუფლება ხალხისათვის (რას ნიშნავს ხალხისათვის ძალაუფლების დაბრუნება იხ. ქვემოთ) და ამის შემდეგ მომხდარიყო ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირება. ამის საპირისპიროდ, ვარდების რევოლუციონერებმა ხალხისათვის ძალაუფლების გადაცემა არ მოინდომეს, უფრო სწორად, ტრანზიციის - გადაცემის - მომენტი გაწელეს. თუ რა დროით, ეს ჯერ არავინ იცის. ფაქტია, რომ ახლაც ამ ტრანზიციულ მომენტში ვცხოვრობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ძალა, რომელიც კანონზე უფრო მაღლა დგას და ამ ძალას „სახელად ნაციონალური“ მოძრაობა ქვია. და ქვეყნის შიგნით არ არსებობს არანაირი სხვა ძალა, რომელიც ამ ძალას რამენაირად დააბალანსებდა. (მართალია, ასეთი ძალა ქვეყნის გარეთ არსებობს - რუსეთს არ ვგულისხმობ  - ეს აშშ და გარკვეული დოზით, ევროკავშირიცაა). ძალაუფლების შენარჩუნებისათვის ნაციონალურ მოძრაობას ორი (უკვე საკმაოდ ფერდაკარგული) არგუმენტი აქვს: ა) რეფორმები (რომლებიც ნაცმოძრაობის ძალიან აქტიური მხარდამჭერების თქმითაც კი შეჩერებულია ბ) რუსეთის საფრთხე, რომელიც გამუდმებით ემუქრება საქართველოს სახელმწიფოებრიობას. (ცხადია, რომ რუსეთის საფრთხე მართლაც არსებობს, მაგრამ არანაირად არ არის ცხადი, რატომ აკისრია ნაციონალურ მოძრაობას ექსკლუზიურად ამ სააფრთხისაგან ჩვენი დაცვის მესიანისტური როლი).

11.
დამოუკიდებელი საქართველოს 20წლიანი ისტორიის არცერთ მომენტში ძალაუფლება ხალხის ხელში არ ყოფილა. მისი (ხალხის) ერთადერთი ფუნქცია არსებული ძალაუფლების არჩევნების გზით ლეგიტიმაცია იყო.

მაგალითად: ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც მივიღეთ 1995 წელს, რამდენჯერმე შევცვალეთ, ბოლოს შარშან. მიუხედავად ამისა, ჩვენს კონსტიტუირებულები არ ვართ იმ გაგებით, რომ საქართველოს მოსახლეობას ამ კონსტიტუციებზე მუშაობაში მხოლოდ პასიურად აქვს მონაწილეობა მიღებული. 2010 წელს კონსტიტუციის ცვლილებებზე მუშაობა ამ მხრივ განსხვავდებოდა ადრინდელი საკონსტიტუციო პროექტებისაგან, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოებრივ ინტერესთა მთელ სპექტრს ასახავდა და ამ მხირვ „კონსენსუსური“ იქნებოდა, ან თუნდაც ინტერესთა წინააღმდეგოებრიობას მაინც გაითვალისწინებდა კონსენსუსის მიუღწევლად. დავამატებ, რომ ისრაელელები ჩვენზე „ჭკვიანები“ აღმოჩნდნენ, და ანალოგიურ სიტუაციაში - როდესაც კონსტიტუცია ვერ ხდება საზოგადოებრივ ძალათა კონსენსუსის პროდუქტი- კონსტიტუცია საერთოდ არ მიიღეს. ეს მდგომარეობა - როდესაც ერთის მხრივ კონსტიტუცია გვაქვს, მეორეს მხრივ კი ეს კონსტიტუცია რეალურად არ ასახავს ჩვენს რეალიებს, რეალურად არის ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილის საფუძველი. იმასაც დავამატებ, რომ პოლიტიკურის პრიმატი სამართლებრივზე ისრაელში სწორედ ისაა, რასაც საქართველოს ახლანდელი მთავრობა ინტუიტიურად გრძნობს და ამიტომაც ისრაელს მაგალითად ხშირად მოიშველიებს ხოლმე.

12.
„ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ ლოგიკა ისეთია, რომ ის არანაირად არ გულისხმობს ხელისუფლების „სხვისათვის“ გადაცემის ან განაწილების მექანიზმს - არსებითად ანტიდემოკრატიულია. ამიტომ ძალაუფლების გადაცემის ერთადერთი ხერხი არის გადატრიალება/აჯანყება/რევოლუცია. შესაბამისად, მთავრობაც და ოპოზიციაც ერთი პარადიგმით აზროვნებს და საქართველოს ისტორია, ბოლო 20 წლის განმავლობაში, სწორედ ამ პარადიგმის შიგნით ვითარდება. აქედან გამომდინარე ოპოზიცია, ხალხის სახელით, უპრისპირდება „პირსისხლიან“ მთავრობას და ყოველ მიტინგზე თავიდან იბადება „ერად“, „ხელისუფლება“ კი ნებისმიერ საწინააღმდეგო აზრს ან დემონსტრაციას სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებად აღიქვამს.  ასე, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა 2007 წლის შვიდ ნოემბერს ქართველი ხალხის ემანსიპაციის მომენტი დაინახა: „7 ნოემბერს, … ქართველმა ხალხმა თქვა, რომ ის უფორმო მასა არ არის; 2007 წლის 7 ნოემბერს ახალი ქართული ნაცია, სამოქალაქო ნაცია დაიბადა.” უცნაურია, რომ
ქართული ნაციის დაბადების დღედ მიჩნეულია მისი „მსხვერპლშეწირვა“ – 2011 წლის 26 მაისისათვისას შედარების წერტილი 9 აპრილი იყო. ოპოზიია (ხან სისტემური, ხანაც არა) ცდილობს 1989 წლის რევოლუციური მომენტის გამოეორებას და პარადოქსულად, გამოსდის კიდეც. მაგრამ გამოსდის მხოლოდ სიუჟეტურად (ანუ მთავრობა მიტინგს არბევს) მაგრამ „ლაზარეს მკდვრეთით აღდგომა“ (ან თუ გნებავთ ნაციის თავიდან დაბადება) არ ხდება: გამსახურდიასეული პოლიტიკური ეზოთერიკა ისტორიას არის ჩაბარებული.

საწინააღმდეგო ნარატივი სახელმსიფოს „შედგომაზე“ მოგვითხრობს. მგონი არავინ კამათობს იმაზე, რომ დღევანდელი საქართველო აღარ არის „failed state“ (მათ შორის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც). საინტერესო ქართული სახელმწიფოს „შედგომის“ კრიტერიუმია. ამ შედგომის (ალბათ არა ერთადერთი) კრიტერიუმი, მაგრამ ალბათ ყველაზე მოულოდნელი ის არის, რომ ქართული სახელმწიფოს „შედგომა“ მაინცა და მაინც ქართული ნაციის დაბადების დღეებს ემთხვევა. ანუ სახელმწიფო შედგა მაშინ, როდესაც დაარბია 7 ნოემბრის დემონსტრაცია (ან 26 მაისის) და თავიდან აიცილა სახელმწიფოს დაშლის (პოსტულირებული) საფრთხე. სწორედ ამ საფრთხის აცილების უნარში ხედავენ სახელმწიფოს „შედგომის“ ფაქტს. მის სიძლიერეს („სახელმწიფომ“ როგორც იქნა აღადგინა ძალაზე მონოპოლია და ახლა ამ მონოპოლიას იყენებს კიდევაც). ანუ სახელმწოფო „შემდგარად“ (წიხლით?) გრძნობს თავს, როდესაც თავიდან აიცილებს „ერთპარტიული მმართველობის“ პარადიგმაში ძალაუფლების გადაცემის ერთადერთ შესაძლებლობას: გადატრიალებას/აჯანყებას/რევოლუციას. „გადავრჩით“ ფორმდება როგორც ფუნდამენტური წარმატება.

13.
ცალკე საკითხია, რომ ძალის კულტი, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა 2007 და განსაკუთრებით 2008 წლამდე უწევდა აქტიურ პროპაგანდას, მუსოლინისეული (და არა ჰიტლერისეული) ფაშიზმისას ჰგავს.
იტალიელი ფილოსოფოსი ჯოვანი ჯენტილე (მუსოლინის მხარდამჭერი ინტელექტუალი) სტატიაში რა არის ფაშიზმი წერდა: “სახელმწიფო და ინდივიდი…[...] ერთია; და მართვა არის ხელოვნება, შეათავსო და გააიგივო ეს ორი ცნება იმგვარად, რომ მაქსიმალური თავისუფლება მაქსიმალურად შეეხამოს არა მხოლოდ წმინდად გარეგნულ საჯარო წესრიგს, არამედ – ყველაზე მეტად – სწორედ კანონიერ ხელისუფლებას და მის აუცილებელ ორგანოებს. რადგან მაქსიმალური თავისუფლება ყოველთვის ემთხვევა სახელმწიფოს მაქსიმალურ ძალას. რომელ ძალას? ამ სფეროში განსხვავებებზე ლაპარაკი მათ უყვართ, ვინც არ ემორჩილება ძალის ისეთ კონცეფციას, რომელიც არსებითია სახელმწიფოსთვის და ამრიგად – თავისუფლებისათვის. ისინი განასხვავებენ მორალურ ძალას მატერიალურისგან: კანონის ძალას, რომელიც თავისუფალი არჩევანის შედეგადაა მიღებული და ძალადობრივ ძალას, რომელიც მკაცრად ზღუდავს მოქალაქის ნებას. ეს განსხვავება გულუბრყვილოდ შეიძლება მივიჩნიოთ, თუ ის გულწრფელია! ყოველგვარი ძალა მორალური ძალაა, რადგან ის ნების მიმმართველია. და, რა არგუმენტიც არ უნდა გამოვიყენოთ– ქადაგება იქნება თუ ხელკეტი – მისი ეფექტურობა ისაა, რომ საბოლოო ჯამში შინაგანად უბიძგებს ადამიანს, დაარწმუნებს მას, მორჩილებისკენ მოუწოდებს. და აბსტრაქტული დისკუსიის საგანი არაა ის, თუ როგორი შეიძლება იყოს ამ არგუმენტის ბუნება...” შემდეგ ჯენტილემ დააზუსტა, რომ ძალა, რომელსაც ის მორალურ მნიშვნელობას ანიჭებდა, ერთადერთი – სახელმწიფოს ძალა – იყო, რომლისთვისაც სკვადრისტების ხელკეტი კრიზისულ სიტუაციაში აუცილებელი დანამატი იყო. ჯ. ჯენტილე, „რა არის ფაშიზმი“, გვ. 50-51. მსგავს არგუმენტაციას შევხვდებით ბენიტო მუსულინის წინგში „ძალა და თანხმობა“ (იტალიურიდან თარგმანი ხათუნა ცხადაძისა, ციტატა ამოღებულია კარლო გინძბურგის სტატიიდან "Unus testis".

ჯენტილე, მუსოლინი და ძალის ქართველი ფეტიშისტები ერთმანეთში ურევენ ძალას (power) და ძალადობას (violence). ამ ორ ცნებას შორის საზღვარი მათ არგუმენტაციაში სრულიად იშლება.

14.
არანაირად არ მინდა „ნაციონალურ მოძრაობას“ ფაშისტური ვუწოდო - საუბარია, ისევ და ისევ, სტრქტურულ პარალელებზე. ეს სტრუქტურული პარალელები კი არსებობს ყველასათვის, ვინც „ზემოდან მოდერნიზაციის“ მომხრეა (ასეთი რაღაცეები XX საუკუნის დასაწყისის ნაციონალური სახელმწიფოებისათვის იყო დამახასიათებელი). გარდა ამისა, „ზემოდან მოდერნიზაცია“ „ზემოდან რევოლუციონირების“ - რევოლუციური მომენტის გაწელვის ეკვივალენტურია. თვითონ ნაციონალური მოძრაობის აქტიურ მხარდამჭერები ნაციონალური მოძრაობის (და პრეზიდენტი სააკაშვილის ) მოდერნიზაციულ პოლიტიკას - რომელიც მე რომ მკითხოთ, დიდად არც არსებობს, უფრო სწორად კოსმეტიკურ დონეზე არსებობს - ათათურქის მოდერნიზაციას ადარებენ. შევნიშნავდი, რომ ათათურქის მოდერნიზაცია სამაგალითო იყო არა მარტო გერმანელი ნაციონალ-სოციალისტებისათვის, არამედ სტალინური საბჭოეთისათვისაც. (პირველ საკითხზე არსებობს სპეციალური გამოკვლევები, მეორეზე ჯერ სამწუხაროდ არა, მაგრამ 30 წლებში სსრკ-ში გამოცემული ათათურქის ბიოგრაფიები და მისი ნაწერების სრული კრებულიც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს).

15.
თავისი წინამორბედის, „მოქალაქეთა კავშირის“ მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ცდილობს მოსახლეობასთან სოციალური კონტრაქტის გაფორმებას. დაპირებების პირველი პაკეტი, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება, აფხაზეთის და ოსეთის დაბრუნება, არ შესრულდა. ეკონომიკური სასწაული, მიუხედავად ეფექტური ციფრებისა, მოსახლეობისათვის დიდად შესამჩნევი არ არის (განსაკუთრებით დიდი ინფლაციის ფონზე). უმუშევრობა კვლავაც ძალიან დიდია. მოდერნიზაციის მაგივრად  - ხშირ შემთხვევაში - მოდერნიზაციის კარიკატურას ვიღებთ. (სიღნაღიზაციას მოდერნიზაციის მაგივრად). ფასადების ღებვაზე ვისაც არ ეზარება, ყველა ლაპარაკობს. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ „აღმშენებლობა“ გაგებულია როგორც „მშენებლობა“ - ანუ არა ინსტიტუტების, არამედ შენობების. რეალური რეგიონალიზაციის მაგივრად კეთდება უაზრო, არაფრისმომცემი და ძვირადღირებული პროექტები, რომლებიც მძიმე ტვირთად აწვება გადასახადის გადამხდელს: საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანა ბათუმში, კონტროლის პალატისა და პარლამენტის ქუთაისში. ახალი დაპირებები ბევრად უფრო მორიდებულია: 5 მილიონი ტურისტი, უფრო მეტი წყალი ონკანიდან დაშ.

16.
მაგრამ საქმე დეტალებში არაა. „ერთპარტიულ თვითმპყრობელობაში“ სოციალური კონტრაქტი ანაცვლებს კონსტიუციას. სუვერენი რაღაცას პირდება მოსახლეობას და ამ დაპირებას ან ასრულებს და ანაც არა. ის, რაც საქართველოს სჭირდება ამ ტიპის სოციალური კონტრაქტი არ არის. საქართველოს სჭირდება მეორე ტიპის, არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური კონტრაქტი, რომელიც იქნება ახალი ქართული სახელმწიფოს კონსტიტუირების რეალური და არა ფორმალური (როგორც აქამდე იყო) აქტი. ამ პრობლემას, როგორც ჩანს, ჩემი კოლეგები, გიგი თევზაძე და დათო აფრასიძეც ხედავენ, მაგრამ სრულიად განსხვავებულად აფასებენ. როდესაც ისინი ამბობენ, რომ „ეროვნული კონსენსუსი“ არ არსებობს, გულისხმობენ საქართველოს არჩევანს რუსეთსა და დასავლეთს შორის (რომელიც, საბოლოო ჯამში მათთვის ნიშნავს არჩევანს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოს გაქრობას შორის). მე კი მგონია, რომ ეს არჩევანი დიდი ხნის წინაა გაკეთებული დასავლეთის სასარგებლოდ და დღეს მასში ეჭვი რამდენიმე მარგინალურ პოლიტიკოსს თუ შეაქვს. პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა იმაშია, რომ „დასავლურ არჩევანთან“ ნაციონალური მოძრაობის გაიგივება ხდება და ყველა დანარჩენი, ყველა ვინც ნაციონალურ მოძრაობას ამა თუ იმ მიზეზის გამო აკრიტიკებს, დასავლური კურსის მოწინააღმდეგედ მიიჩნევა. ასეთი მოსაზრება მცდარი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„კონსენსუსის არარსებობა“ სრულაიდ სხვა სიბრტყეზე ვლინდება: საქართველოში ინტერესთა ჯგუფებს (გნებავთ ტერიტორიულს, გნებავთ კორპორატიულს) არ აქვთ საკუთარი ინტერესების კანონიერ ჩარჩოში განსხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ძალაუფლება ხალხს არ აქვს. რადგანაც ინტერესთა ჯგუფებს არ აქვთ კანონიერ სივრცეში საკუთარი ინტერესების გამოხატვიც შესაძლებლობა, ისინი, ან სახელმწიფოს მიმართავენ „თხოვნით“ (ასე იქცევა მაგალითად ეკლესია) - სახელმწიფო კი ამ თხოვნებს ასრულებს (თუ მთხოვნელის ინტერესი ანგარიშგასაწევია), ანაც არა. ან მიმართავენ პროტესტის, ხანდახან კი რადიკალური პროტესტის ფორმებს. პირველი შესაძლებლობა არსებითად კორუფციულია, მეორე კი დესტრუქციული. ერთადერთი გამოსავალი კორუფციის და დესტრუქციის ამ ჭაობიდან, ისეთი სამართლებრივი სივრცის შექმნაა, სადაც ინტერესთა ჯგუფებს რეალურად ექნებათ თავიანთი ინტერესების გამოხატვის შესაძლებლობა (რამდენად მოახერხებენ ინტერესთა ჯგუფები თავიანთი ინტერესების რეალიზებას ეს უკვე მათ კონკურენციაზე უნდა იყოს დამოკიდებული).

ამიტომაც, ამ „ჰორიზონტალური“ კონტრაქტისათვის, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი, არსებობს ერთი წინაპირობა: ხელისუფლების ხალხისათვის დაბრუნება. როდესაც ხელისუფლების ხალხისათვის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ რამე მეტაფორულს, არამედ სრულიად რეალურს და კონკრეტულს. ვგულისხმობ პირდაპირ და დემოკრატიულ არჩევნებს თვითმმართველობებში (და არა მარტო თბილისში). სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ თბილისის მერის არჩევნები ამ (ჩემი აზრით სწორი) მიმართულებით გადადგმული პირველი (მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯი) იყო. მხოლოდ „ქვემოდან“ თვითმმართველობებიდან წამოსული ძალაუფლება შეძლებს „ერთპარტიული თვითმპყრობელობის“ ეფექტურ ნეიტრალიზაციას.

ახალი საქართველოს კონსტიტუირებაში სწორედ ამ „ჰორიზონტალურ“ კონტრაქტს ვგულიხმობ. მისი საბოლოო ფორმა შეიძლება გახდეს ახალი კონსტიტუცია (თუმცა არა აუცილებლად). განმსაზღვრელი ამ შემთხვევაში საქართველოს ახალი ფუნდამენტური წესრიგია (გერმანულად ამას Grundordnung, ინგლისურად კი Fundamental Order ქვია), რომელიც ყოველთვის არ არის იგივე რაც კონსტიტუცია და რომელიც, ამ შემთხვევაში, ძალაუფლების ტერიტორიალური და კორპორატიული ინტერესთა ჯგუფების ხელში არსებობას გულისხმობს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ (და თან შევეკამათები ჩემს უნივერსიტეტელ კოლეგებს): „კონსენსუსი“, მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერაფრით ვერ იქნება სახელმწიფოს (წაიკითხე მმართველი პარტიის) საქმე. „სახელმწიფოს“ (მმართველი პარტიის) მიერ შემოთავაზებული „კონსენსუსი“ ყოველთვის „სუსტი და არათანმიმდევრული“ იქნება. იმაში, თუ როგორი უნდა იყოს ქართული სახელმწიფო (იმ საფუძველზე რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა არსებობდეს), ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი ხმის უფლება: პოლიტიკურ პარტიებს, ტერიტორიალურ ერთეულებს, რელიგიურ და სამოქალაქო არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესს. Res publica საერთო საქმეა და ვერანაირად ვერ იქნება ერთი პარტიის, ან ინტელექტუალური ელიტის ამოცანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, „კონსენსუსზე“ საუბარი საერთოდ ზედმეტი იქნება. ოღონდ ეს „კონსენსუსი“ იმუშავებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში: თუკი ინტერესთა ჯგუფებს ძალაუფლება ექნებათ (უფრო სწორად ძალაუფლებები, რომლებიც ერთმანეთს დააბალანსებენ). თუ მათ ძალაუფლება არ ექნათ, მაშინ ის, ვის ხელშიც იქნება ძალაუფლება (ერთი პარტია), ყოველთვის შეძლებს საკუთარი ინტერესების სხვებისათვის თავზე მოხვევას ისე, როგორც ეს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ხდებოდა.

17.
სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკის კონტროლის და დაბალანსების ფუნქცია ვერ შეასრულა, იმიტომ რომ რეალური ძალაუფლება არ ჰქონია და მხოლოდ auctoritas, ავტორიტეტი ჰქონდა, რომლის იგნორირებაც ძალიან ადვილი იყო. სამოქალაქო საზოგადოებას „სამართლიანობის დისკურსი“ ეპყრა, ხელისუფლებას კი ძალისა, ამიტომაც ის ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში ყოველთვის დამარცხებული გამოდიოდა. (ამის შესახებ მშვენივრად უწერია ბლეზ პასკალს „აზრებში“ (ფრაგმენტი 103-298). ეს პასაჟი შესანიშნავად აქვს გარჩეული ლუი მარანს წიგნში „მეფის პორტრეტი“.) რადგანაც სამოქალაქო საზოგადოებამ არ გაამართლა, როგორც ძალის (ან ძალადობის) მაკონტროლებელმა მექანიზმმა (ვფიქრობ, რომ ამან ათქმევინა ჩემს მეგობარს, ბექა მინდიაშვილს, სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობსო), სხვა გამოსავალია საძებნელი და ეს სხვა გამოსავალი სწორედ „მიკროძალაუფლებათა“ მრავალი სხვადასხვა ცენტრის შექმნაშია.  საუბარია ერთის მხრივ ტერიტორიულ თვითმმართველობებზე, მეორეს მხრივ კი არასამთავრობო საინიციატივო ჯგუფებზე, რომლებიც მიზნობრივად იმუშავებენ კონკრეტულ თემებზე (მაგალითად „თბილისის ჰამქარს“ დავასახელებ) და ან თვითმმართველობებში გადაინაცვლებენ, ანაც პოლიტიკური ლობირების ფუნცქიას შეითავსებენ. აი ასეთი „მიკროძალაუფლებები“ იქნება ჩემი აზრით, ეფექტური გამოსავალი იმისათვის, რომ საქართველოში აღდგეს, უფრო სწორად კი შეიქმნას ძალაუფლებათა ბალანსი და ამით ერთხელ და სამუდამოდ დაფუძნდეს თავისუფალი პოლიტიკური სივრცე.

18.
სწორედ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი იმაზე, რომ საქართველო კონსტიტუირებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. (კონსტიტუირებულ სახელმწიფოდ იმ გაგებით, რომ ხალხი თვითონ შეთანხმდება „თამაშის წესებზე“ და ახალ სახელმწიფოს დააფუძნებს. კონსტიტურებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს ნიშნავს, რომ ეს იქნება სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი ინტერესთა ჯგუფი, მორწმუნეები და ათეისტები, პატრიოტები და კოსმოპოლიტები დაშ. საკუთარი ინტერესების გამოხატვის და დაცვის შესაძლებლობას მიიღებენ არა ვინმეს წყალობით, არამედ საკუთარი ძალაუფლებიდან გამომდინარე. სწორედ ამ „მიკროძალაუფლებების“ არსებობა იქნება იმის გარანტიც, რომ ადამიანები, რომლებიც თავიანთ თავს ქვეყნის პატრონებად იგრძნობენ,  - რადგანაც ამ ქვეყანას თვითონ მართავენ  (რეალურად და არა ნომინალურად) თავიანთ თავისუფლებას (რომელიც ნეგატიური კი არა პოზიტიური თავისუფლება იქნება) არა ვინმეს ყიჟინით და შეძახილით, არამედ საკუთარი ნებით ბოლომდე კბილებით დაიცავენ.

19.
ქართველებმა ჯერ ვერ მოვახერხეთ „კულტურულ ნაციას“ (Kulturnation) და „სახელმწიფო ნაციას“ (Staatsnation) შორის განსხვავების გადალახვა.
პრობლემა, რომელიც ქართულ კონტექსტში გვექმნება არის ნაციას (რომელიც მუდმივ რევოლუციურ მომენტშია და ვერაფრით „დაიბადა“ ანუ კონსტიტუირდა) და სახელმწიფოს შორის, რომელიც, მიუხედავად ფორმალური კონსტიტუციურობისა, არ შემდგარა როგორც სამართლებრივი სახელმწიფო. (იმიტომ, რომ არსებობს ძალა, რომელიც თავის თავს სუვერენად აღიქვამს და შესაბამისად თავის თავს კანონზე - ანუ კონსტიტუციაზე - მაღლა აყენებს).

მოდელი, რომელიც აღვწერე არ არის ნაციონალისტური, იმ თვალსაზრისით, რომ ის ნაციას, როგორც რაიმე პრიმორდიალურ ერთობას არ გულისხმობს. მაგრამ არც გამორიცხავს. უბრალოდ ეს მოდელი ბევრად უფრო მოქნილია მრავალეროვანი სახელმწიფოსათვის. ამ შემთხვევაში ნაცია ყალიბდება არა როგორც „წარმოსახვითი ერთობა“ (ბენედიქტ ანდერსონი), არამედ როგორც კონტრაქტების, ხელშეკრულებების ქსელით ერთად შეკრულ თვითმმართველ ერთეულთა კავშირი. ასეთი კავშირის მოდელი XVIII საუკუნის ამერიკა უფროა, ვიდრე ევროპული ნაციები.

20.
რა მოხდება, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაუბრუნებს ხალხს ძალაუფლებას? სავარაუდო პროგნოზი იგივეა, რაც ყველა „თვითმპყრობელი პარტიებისათვის“ - პარტია, თავის უკიდურესი ჰეტეროგენულობის გამო (ძნელია წარმოიდგინო რა საერთო ფასეულობები შეიძლება ჰქონდეთ მაგ. ბოცო წიკლაურს და გიგა ბოკერიას), დაშლას დაიწყებს (სინამდვილეში ეს პროცესი დაწყებულია: „ნაცმოც“ შაგრენის ტყავია, ისევე, როგორც მისი წინამორბედი, „მოქალაქეთა კავშირი“ იყო). პარტიიდან გამოგდებული წევრები, ყოფილი ერთგული თანამებრძოლები (როგორებიც იყვნენ ბურჯანაძე, ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ხაინდრავა, ზურაბიშვილი) შეავსებენ ოპოზიციონერთა (სავარაუდოდ რადიკალურ ოპოზიციონერთა) რიგებს. (ეს პროცესი თავითსავად იმის მაჩვნენებელია, რომ თანაპარტიელებს შორის არანირი ფასეულობითი „კონსენსუსი“ არ არსებობს). მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეიძლება სცადოს ფინანსური  (და ასევე კულტურული ) დასაყრდენის შეძენა ბიზნესის, პოლიტიკის და კულტურის  დაკავშირების გზით (უფრო სწორად, უკვე ცდილობს) და ამით ცხოვრება გაიხანგრძლივოს, ის მაინც ვერ გადაწყვეტს „თვითმპყრობელი პარტიების“ თანდაყოლილ პრობლემას: ძალაუფლების გადაცემის შეუძლებლობას. რეზერვი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას ექნება, 10, 15 ან მაქსიმუმ 20 წელი იქნება - რომელიც სულ უფრო და უფრო დაემსგავსება უძრაობის და სტაგნაციის დეკადენტურ პერიოდს. საბოლოო ჯამში კი „ნაციონალური მოძრაობა“ ისევე დაასრულებს არსებობას, როგორც მისმა წინამორბედებმა: „კომპარტიამ“, „მრგვალმა მაგიდამ“ და „მოქალაქეთა კავშირმა“. პარტია გაქრება, რამდენიმე ადამიანი, რომელიც „კომპარტიიდან“ მოყოლებული ყველა მთავრობაში იყო, სავარაუდოდ ახალ მთავრობასაც აუღებს ალღოს. მაგრამ ქვეყნისათვის ეს დაკარგული წლები იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ფუნდამენტური პრობლემა, ახალი სახელმწიფოს კონსტიტუირების პრობლემა, გადაუჭრელი დარჩება.

ვის შეუძლია დღეს ამ პრობლემის გადაჭრა? 2013 წლისათვის მდგომარეობა ჯერ კიდევ ისეთი იქნება, როდესაც ასეთი - მართლა რევოლუციური - გადაწყვეტილების მიღება ნაციონალური მოძრაობის შიგნით იქნება შესაძლებელი (ამ ჰეტეროგენული ორგანიზმის „საღი“ ნაწილის ხარჯზე). ვერც სხვა პოლიტიკური პარტიები, ვერც სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში ვერ ჩაერევა, უფრო სწორად კი მაყურებლის როლი ექნება. იმისათვის, რომ რაიმე წონა მოიპოვონ, ოპოზიცირუმა პარტიებმა თვითმმართველბის დონეზე უნდა დაიწყონ გრძელვადიანი და კარგად გააზრებული მუშაობა, რომელიც მათ რამდენიმე წელიწადში ნაციონალურ დონეზე უფრო სერიოზული ოპერირების საშუალებას მისცემს. „სამოქალაქო საზოგადოება“ კი უნდა ჩამოყალიბდეს „მიზნობრივ ინტერესთა ჯგუფებად“ და ამ გზით შეეცადოს სამოქალაქო აქტივობის გამოღვიძებას. ყველა სხვა გზა იგივე შეცდომების გამოერებამდე მიგვიყვანს, რომელსაც ამ ოცი წლის განმავლობაში ასე გულმოდგინედ ვიმეორებთ.