Tuesday, 17 August 2010

"ყივჩაღის პაემანი" 2

"მოდი! გეძახი ათას წლის მერე"
გიორგი ლეონიძე






ინგლისური და კომპიუტერი რომ გადაარჩენს საქართველოს, დიდი ხანია ვიცით, მაგრამ ახლა დადგა ამ გადარჩენისათვის ქმედითი (საქმე ფიქრის ლაპარაკის მაგივრად) , როგორც ყოველთვის მასშტაბური, და რაღა თქმა უნდა, ჩვეულებისამებრ უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმის დრო. თუმცა რაღა უპრეცედენტო, პრეცედენტი, როგორც გვითხრეს, არსებობს, და თან ყოველი ქართველისათვის კარგადაა ცნობილი. ”მე მიმაჩნია, რომ ყივჩაღების შემდეგ ასეთი დიდი გარღვევა საქართველოს არ ექნება, თუ ამას სწორად გავაკეთებთ,” - ასე იტყოდა ზარატუსტრა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ნ. სააკაშვილი. დიდგორის ომი ხომ მოვიგეთ, ახლა განათლების (მორიგი) რევოლუციონირებიც დროც მოსულა.

”ჩვენ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მივაღწევთ იმას, რომ ყველა ქართველი ბავშვი, სკოლის ასაკის, 5 წლის და უფრო უფროსი, გახდება ინგლისურენოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულის შემდეგ მათი მეორე ენა იქნება ინგლისური." აგაშენა ღმერთმაო, იტყვის ამის წამკითხავი. პრეზიდენტი კი ასე აგრძელებს: "მინიმალური მოთხოვნა ეს არის, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, 5 წელზე უფროსი ასაკის და 16 წლის ჩათვლით, შემდგომ რამოდენიმე წელიწადში იქნება ინგლისურენოვანი და კომპიუტერის სრული მფლობელი.” ეს კი, პრეზიდენტის აზრით ასეთ შედეგს გამოიღებს: "საქართველო ყველაზე უფრო წინ წავიდეს და ყველაზე უფრო დიდი ნახტომი გააკეთოს შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მთელ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე". კეთილი და პატიოსანი. ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველაზე შორს გადავხტეთ პოსტსაბჭოთა სივრცის ბინადართა შორის: როგორც თავის დროზე დავით აღმაშენებელმა ჩამოიყვანა 50 000 ყივჩაღი და საქართველოს სახელმწიფოს მოდერნიზაციამ მიიღო შეუქცევადი ხასიათი, ზუსტად ამ მასშტაბის მოვლენაა შემდეგი 3 წლის განმავლობაში 10 ათასი ინგლისურის მასწავლებლის ჩამოყვანა მთელი საქართველოს მასშტაბით - იმ საქართველოსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა დღეს აკონტროლებს".

მასშტაბები პრეზიდენტს უყვარს, 500 000 რეზერვისტი, 10 000 ინგლისურის მასწავრებელი და კი გავხდებით ევროპის დუბაი და სინგაპური, აზიის შვეიცარია და ლუქსემბურგი, ისრაელის ფერებში.

ამ ფრაზამ გუშინ ბევრი კი მაცინა. მაგრამ მოდით ნუ დავცინებთ ადამიანს, რომელსაც თავისი იდეა ფიქსს - "მიშა - მეორე დავითი, დავითი - პირველი მიშა" შეუძლია მთელი ქვეყანა შესწიროს. ნუ დავცინებთ ადამიანს, რომელსაც ძალიან უნდა ისტორიაში დააფგრეიდებულ აღმაშენებლად შესვლა. აღმაშენებლობა იქით იყოს, და სისულეების ლაპარაკში თავის ორ წინამორბედს, მგონი გადაასწრო.

როგორც პრეზიდენტის შტატიანი მხარდამჭერები იტყვიან (ანუ ისეთები, რომლებიც მხარდაჭერაში ხელფასსაც იღებენ), "მიშას სჩვევია მოუფიქრებელი ლაპარაკი". ნუ რა მოხდა მერე, ფიცხი კაცია, იტყვის ხოლმე სისულელეს, მერე "ნაბან წყალს ბავშვი ხომ არ უნდა გადავაყოლოთ". მთავარი ხომ საქმის კეთებაა და არა ლაპარაკი. "ენას ძვალი არ აქვს" - და არც პრეზიდენტია გამონაკლისი. ხოდა, აი, პრეზიდენტის შტატიანი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მოდით ამ დებილობის მოუფიქრებელი ნათქვამის მიღმა, იქნებ რაციონალური მარცვალი დავინახოთო.

"რაციონალური მარცვალი", რა თქმა უნდა, არის. ბევრი კვლევა და ძიება არ ჭირდება იმას, რომ ყველა უცხო ენის მცოდნემ მკლავები რომ დავიკაპიწოთ და თარგმანის მეტი არაფერი ვაკეთოთ, მაინც ვერ მოვახერხებთ მსოფლიოში დაგროვილი ცოდნის გადმოქართულებას. რადგანაც მთელ საჭირო ცოდნას ქართულად ვერ მივიღებთ, მეორე ენა გვჭირდება. თანაც ისეთი, რომელზეც ამ ცოდნასთან მისვლის საშუალებას მოგვცემს. მე რომ მკითხოთ, ქართველებისათვის ყველაზე გვიან 1990 წელს ცხადი იყო (ან უნდა ყოფილიყო), რომ ეს ენა ინგლისური იქნებოდა. და რა უნდა გვექნა იმისათვის, რომ ეს ენა ინგლისური გამხდარიყო? "ლიბერთარიანელები" რომ ყოფილიყვნენ მაშინ საქართველოში, იტყოდნენ, რა უნდა ვქნათ, აგერ ბაზარი და ეს დალოცვილი მოაწესრიგებს ყველაფერსო. ვისაც ფული, შნო და ნიჭი აქვს, კი ისწავლის თავისით ინგლისურს და კომპიუტერსაც იყიდისო. სხვანაირადაც შეიძლებოდა: მაგალითად, ბიბლიოთეკებს ინგლისური წიგნები შეეძინათ, სკოლაში და უმაღლეს სასწავლებლებში კი ინგლისურის გაძლიერებული სწავლება დაწყებულიყო. ამას კი ინგლისურის მასწავლებლების მომზადება და გადამზადება დასჭირდებოდა. მაგრამ ადრე, ისევე როგორც ახლა, ფიქრის სურვილი სახელმწიფო გვამებს ნაკლებად ჰქონდათ, ამას ურაპატრიოტული ლოზუნგები ერჩივნათ.

დავუბრუნდეთ ყივჩაღებს. საქართველოში ლინგვისტური რევოლუციის დრო დადგა. მას კი საქართველოს მთავარი რევოლუციონერი, მიხეილ ნ. სააკაშვილი განახორციელებს 10 000 ნეითივსპიკერი "ყივჩაღის" მეშვეობით. რად გვინდა ეს ყივჩაღებიო? იკითხავს ვინმე. მავანი კონსერვატორი დააყოლებს, რა იცი ეს ყივჩაღები ჩვენს ბავშვებს რა მამაძაღლობას ასწავლიან, ქართველობას მთლად წაართმევებენ და ისედაც გადაგვარების პირას მდგომ ხალხს კიდევ უფრო გადაგვაგვარებენო. ეს მავანი კონსერვატორი თავის ეშმაკებს დავუტოვოთ, ჩვენ კი ჩვენს შეკითხვას დავუბრუნდეთ. რად გვინდა და იმად, რომ (სავარაუდოდ) საქართველოში ინგლისურის მასწავლებლები ან ცოტაა, ან ვერ იციან ისეთი ინგლისური, "ყველაზე უფრო დიდი ნახტომი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში მთელ ამ პოსტ-საბჭოთა სივრცეზე" რომ გაგვაკეთებინოს.

მასწავლებლების კვალიფიკაცია მართლაც პრობლემაა. რა უნდა ვქნათ? მთლად გაიშნიკებივით მასწავლებლებს ვერ მოექცევი - მასწავლებლის გაწვრთნას ცოტა მეტი დრო სჭირდება, ვიდრე საპატრულო პოლიციელისას. პროცესი ხანგრძლივი იქნება და მინისტრი შაშკინი განათლების რეფორმის საფლავში ჩადებას თუ ვერ მოასწრებს, შეიძლება ერთ 10 წელიწადში პირველი შედეგები გამოიღოს კიდევაც. მოკლედ ამ საქმეს დრო, მოთმინება და მიზანმიმართულობა სჭირდება. თან შედეგებს უცებ ვერ გააპიარებ და შენი დაწყებული რეფორმის შედეგები შეიძლება სულ სხვა პრეზიდენტმა მოიმკას.

ჩვენს პრეზიდენტს კი, რას იზამ, და მასშტაბი და ისტორიული პარალელები უყვარს. საქმე გამოვა თუ არა კი ნაკლებად აინტერესებს. გუშინდელ გამოსვლას გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი შაყირობდა, ამ სისულელეზე სერიოზულად როგორ ვილაპარაკოთო, ზოგი, რეფლექსისამებრ, პრეზიდენტს იცავდა. შეკითხვები კი ან გამომრჩა ან არ ყოფილა. ან არა და უნდა ყოფილიყო: მაგალითად შეკითხვა, რომელიც აღმაშენებლის დროინდელ ბლოგერს არ გაუჩნდებოდა: რა ჯდება ყივჩაღების ჩამოყვანა და საიდან უნდა დავაფინანსოთ ეს დიდებული ინიციატივა? ზუსტად რადგან არ ვიცი, უნდა ვივარაუდო, ვარიანტი ორია:

ა) ეს არის ვოლუნტარიატი, ანუ ეს ღვთისნიერი ყივჩაღები ინგლისურის სწავლებაში ფულს არ აიღებენ, იცხოვრებენ საქართველოში, დატკბებიან მისი მშვენიერი ბუნებით, შეჭამენ ქართულ საჭმელს და დალევენ ქართულ ღვინოს, მსოფლიოში უძველესს, გაეცნობიან ჩვენს ისტორიას და კულტურას - მოკლედ, როგორც ერთ-ერთი პრეზიდენტის ყველაფერში მხარდამჭერი იტყოდა, ამაზე კარგი რეკლამა რად გინდა. კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მაინც უნდა დავარღვიო იდილია და ორი შეკითხვა დავსვა: ერთი პრინციპული და ერთიც პრაქტიკული. პრინციპული შეკითხვა ასეთია: შეიძლება თუ არა, რომ ინგლისურის შესწავლა სკოლაში (როგორც ახლა იტყვიან მდგრადად) იყოს დაფუძნებული დედა-ენაზე მოსაუბრე, ვთქვათ, მზარეულის ან მემანიკურის კომპეტენციაზე? პრაქტიკული შეკითხვა კი ასეთია: საიდან ვიცით, რომ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად მართლაც ექნება 10 000 ყივჩაღს?

ბ) პრეზიდენტის ინიციატივა ფინანსდება საქართველოს ბიუჯეტიდან. ამ შემთხვევაშიც მაქვს პრინციპული შეკითხვები: ვიცით, რომ საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობაა. ხომ არ ჯობია, რომ ჩვენი მოქალაქეების განათლებაში დავხარჯოთ ფული და მერე დავასაქმოთ სკოლებში? მაგრამ, როგორც თავიდან ვთქვი, ამ ვარიანტს ის დიდი ნაკლი აქვს, რომ დროში გაიწელება, მასშტაბურობა მოაკლდება, თანაც უფიქრელად დაბრეხვების მაგივრად სერიოზული მოფიქრება და დაგეგმვა სჭირდება.

მოკლედ, დასკვნა ისეთია, რომ "რაციონალური მარცვალი" (ანუ პრობლემა) დიახაც არსებობს და დღეს არ გაჩენილა, მაგრამ პრეზიდენტის ინიციატივა, როგორც ხშირად მომხდარა ხოლმე, პრობლემის გადაწყვეტას კი არ ემსახურება, არამედ მის პირად ამბიციას.

ისე, პრეცედენტებს თუ მოვძებნით, სხვასაც ვიპოვნით: ეს არ იქნება დავით აღმაშენებელი, არამედ რუსეთის რეფორმატორი და პირველი იმპერატორი პეტრე პირველი, რომელსაც ქართველი ურაპატრიოტები ნაზარალიხანად წოდებული ერეკლე I-ის უკანონო შვილად მიიჩნევენ (აბა სად შეეძლო იმ ძღინკიან ალექსეი რომანოვს ამისთანა ვაჟკაცის გაჩენაო) და მერე კი უკვირთ, ნეტავი ქართველებში სტალინიზმი საიდან გავრცელდაო. პეტრე I, ეტყობა იფიქრა, სანამ ეს ჩემი რუსები აზრზე მოვლენ (თუ საერთოდ მოვიდნენო), მუყაით ოსტზეელ ბარონებს, უმუშევრად დარჩენილ ფრანგებს და ჰოლანდიელებს მოვიწვევ და ახლა რომ მოდერნიზაციას ეძახიან, იმას დავმართავ რუსებსო. მაინცა და მაინც კარლ მარქსის მოხმობა არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ისტორიის ფარსად განმეორებაზე ვილაპარაკოთ. ისტორია ფარსად (ხანდახან) იმიტომ მეორდება ხოლმე, რომ მაგ. ის, რაც აბსოლუტური მონარქისთვის ნორმალურია, დემოკრატიული ქვეყნის (ან ისეთის, რომელსაც უნდა, რომ დემოკრატიული იყოს) პრეზიდენტისთვის შეიძლება იდიოტობა აღმოჩნდეს. ჩვენი შემთხვევაც კი სწორედ ასეთია.

ეს კი კიდევ ერთ პრინციპულ შეკითხვამდე მიგვიყანს: როგორი შეიძლება იყოს მოდერნიზაცია XXI საუკუნის დღევანდელ საქათველოში? ვინ ახორციელებს მოდერნიზაციას? როგორი იქნება ეს მოდერნიზაცია: "ზემოდან", "ქვემოდან" თუ "შერეული"?

დღევანდელი დღის პარადოქსი კი ის არის, რომ პრეზიდენტს, რომელსაც დააფგრეიდებული აღმაშენებლობის ეშმაკი არ ასვენებს, "ლიბერთარიანელი" მხარდამჭერები ჰყავს, რომლებიც, წესით და რიგით, პრეზიდენტის ინიციატივების პირველი კრიტიკოსები უნდა იყვნენ, მაგრამ, ჩემთვის რთულად ასახსნელ მიზეზთა გამო, არ არიან. ისინი, თავიანთ კრიტიკულ უნარს, როგორც წესი, იოლ საკბილოს, ოპოზიციას, მოახმარენ ხოლმე. პრეზიდენტის ინიციატივებიდან კი, შესაშური ტოლერანტობით, რაციონალური ბირთვს გამოძებნიან, მაშინაც კი, როდესაც ის (რაციონალური ბირთვი) იქ (პრეზიდენტის ინიციატივებში) არ არის.

ეს პარადოქსი, ზოგადად, საქართველოს მოდერნიზაციას დიდ გაუგებრობაში აქცევს: გაუგებარია, ვინ არის (ან უნდა იყოს) მოდერნაზიის "ავტორი": სახელმწიფო, რომელიც გარკვეული ინიციატივებით განაახლებს გარკვეულ სფეროებს (როგორც, მაგალითად, საპატრულო პოლიციის რეფორმისას მოხდა), თუ "ბაზარი" (ანუ მოდერნიზაცია ბაზრის მოთხოვნების ხარჯზე ხდება). აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტი პრაქტიკაში იმის მომხრეა, რასაც მისი "ლიბერთარიანელი" მხარდამჭერები თეორიულად აკრიტიკებენ ვითარცა "მემარცხენეობას", რომელსაც ხშირად ეშმაკეულად კომუნიზმადაც მონათლავენ ხოლმე.

მე კი მგონია, რომ, როგორც არ უნდა იყოს, დღევანდელი მოდერნიზაცია ერთი კაცის ხუშტურებზე ვერ იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ მოდერნიზაციის ხუშტურზე დამყარებული მცდელობა, რაციონალურ ბირთვს რომც შეიცავდეს, გრძელვადიან შედიგს მოკლევადიან ეფექტს შესწირავს.

p.s. ისე, სპეკულაციებში რომ გადავიჭრათ, შეიძლება ამ "ლიბერთარიანელებს" პრეზიდენტის ხუშტურები (რომელიც რომელიმე ლიუდვიგ ბავარიელს შეიძლება მოუხდებოდა, საქართველოს პრეზიდენტს, კი, რა ვქნა, და ვერაფრით დაამშვენებს) - ეროტიკული მასაჟის სპეციალისტის ჩამოყვანა და ვიზიტები ისეთ ადგილებში, სადაც საქართველოს პრეზიდენტს დიდად არაფერი უნდა ესაქმებოდეს, სხვა, უფრო დიდ პრობლემებს რომ არ შევეხოთ - მობეზრდათ კიდევაც. შეიძლება იმასაც ფიქრობენ, იქნებ ამ კაცმა 2013 წლამდე ნაკლები სისულელე ილაპარაკოს და კიდევ უფრო ნაკლები აკეთოს და მერე კი დავაჭერთ "რესტარტის" ღილაკს ხელს და "სააკაშვილის ეპოქას" "რომელმაც გააჩინა სიტყვა სიღნაღიზაცია" ისტორიულ დავიწყებას მივცემთო. (ისე, ეს ყივჩაღებიც განათლების "სიღნაღიზაციას" - გარეგნული იერის შეცვლას სტრუქტურული ცვლილებების განუხორციელებლად - ჰგავს). ღმერთმა ქნას. მაგრამ ჩემს მაგივრად ვინმე სკეპტიკოსი რომ წერდეს, იმასაც იტყოდა, რომ გასაფუჭებელი, გასაკეთებლის არ იყოს, ჯერ კიდევ ბევრია.

3 comments:

George said...

მაგაშია ზუსტად საქმე, რომ გასაფუჭებელი კიდევ ბევრია, ბევრს კიდე ხელი აქვს ჩაქნეული და ამაზე უარეს რაღას იზამს ეს შეშლილი, იყოს ბარემ 2013–მდეო. წარმოგიდგენიათ შემდეგი 2–3 წლის განმავლობაში (მერეს რომ თავი დავანებოთ) რამდენი მავნებლობის გაკეთება შეუძლიათ და რამდენი ადამიანის დაღუპვა?!

John said...

თუ ასე გაშფოთებთ ეს საკითხი, უცნაურია, რატომ არ დაინტერესდით გაგერკვიათ საიდან ფინანსდება ეს პროექტი. იქნებ ჯერ უფრო საფუძვლიანად შეგესწავლათ საკითხი. ასეთ შემთხვევაში არ მოგიწევდათ ”მკითხაობა” რა და როგორ ხდება.

Zaal Andronikashvili said...

იხ. კომენტარები ფეისბუქზე. ამომწურავად არის განხილული პროგრამის დაფინანსებაც etc.

მკითხაობა კი ცოტა სხვა ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ეგ იქით იყოს.