Saturday, 20 November 2010

ეკონომიკური ზღაპარი



"აი რა ჩამოგიტანე" - უთხრა ერთმა წერომ მეორეს - "ქართული ბაყაყი - წლის ტრენდია"

წეროები, რომლებიც თბილ ქვეყნებში მიფრინავდნენ, დასასვენებლად მდინარის პირას გაჩერებულიყვნენ და ერთმანეთს გასული წლის თავგადასავლებს უყვებოდნენ.

"ხოდა იმას გეუბნებოდი" - თქვა წერომ, რომელმაც ბაყაყი ჩამოიტანა - "ცოტა ხნით ერთ ქვეყანაში გავჩერდი, სადაც აბორიგენმა ჩიტებმა ასეთი ამბავი მომიტანეს.


ეს ქვეყანა ცოტა ხნის წინ კორუმპირებულ მთავრობას უმართავს. დენი და შუქი არ ჰქონდათ, ღამეს პურის რიგში ათენებდნენ, გზების მაგივრად ერთი დიდი ორმო ყოფილა. მოკლედ ცუდად მისდიოდათ საქმე. მერე სხვა მთავრობა მოსულა და ფიქრი დაუწყია, მდგომარეობა როგორ გამოვასწოროთო. გზების და შუქისთვის მალევე უშველიათ, მაგრამ აი ეკონომიკური განვითარება უფრო ძნელი აღმოჩენია. დაუწყიათ ფიქრი. ხოდა ამ მთავრობას ჰყოილია მრჩეველები, რომლებსაც "ლიბერ"თ"არიანელები" რქმევიათ (ოღონდ ეხლა არ მკითხო ეგ რა არის). ამათ კიდე უთქვამთ, მოდი, ასე მოვიქცეთო. სახელმწიფოს ჩარევა კერძო საქმეებში შევამციროთო (იმიტომ, რომ სადაც სახელმწიფო ერევა, იქ შეიძლება კორუფცია გაჩნდესო) ამისთვის კიდევ სახელმწიფო ქონება გავყიდოთო. მერე გადასახადები შევამციროთ და ამით კერძო მეწარმეობას მხარი დავუჭიროთო. დაბალი გადასახადები რომ გვექნება, ხალხს მეტი ფული დარჩება და სახელმწიფოზე უკეთ ეცოდინება, ეს ფული რაში მოიხმაროსო. ვისაც მოუნდება, კბილის ექიმთან წავა, ვისაც მოუნდება ცირკშიო. ოღონდ, ვისაც უნდა, რომ ცირკი ჰქონდეს, ერთად უნდა შეიყაროს და ეს ცირკი დააფინანსოს, თორემ სახელმწიფო არც სამედიცინო დაზღვევას გადაიხდის და არც ცირკს შეინახავს, არ არის ეს მისი საქმეო. მოდი სახელმწიფოს საქმე მარტო საზღვრების და წესრიგის დაცვა იყოსო. ხოდა კიდევ მთავრობა და პარლამენტი, კანონები რომ მიიღოს და მერე ეს კანონები აღასრულოსო. ხალხმა თავი მოიფხანა და თქვა, კარგი ბატონო, ვცადოთ, იქნებ რამე გამოვიდეს ამ საქმიდანო.


გამოხდა ხანი, ხალხი თავისი საქმით იყო დაკავებული, მთავრობა კი უსაქმურად დარჩა. ჯერ იფიქრეს, მოდით რა, რამე ჩვენც დაგვარეგულირებინეთ, მაგალითად განათლებაო, მაგრამ ხალხმა არ მიუშვა: ხომ შევთანხმდით კაცო და ერთხელ მაინც ვქნათ ისე, როგორც გადაგვიწყვეტიაო. კარგით ჰოო, უთქვამს მთავრობას. მერე ერთი თვითმფრინავი უყიდია და დაუწყია იქით-აქეთ ფრენა. ხან ერთ კუნძულზე ჩაფრენილა, ხან პოლინეზიური ენების სამიტზე და ხანაც კიდევ სად. ბოლოს ეს ფრენაც მობეზრებია და უკან დაბრუნებულა. ახლა რა ვქნათო? უკითხავთ ჩინოვნიკებს. რა ვიცი, მოდი ჩვენც რამე საქმე წამოვიწყოთ, აბა ხომ არ ვიჯდებით ასეო. წამოწყებით კი წამოვიწყოთ, მაგრამ ჩვენთვის ხომ არ შეიძლებაო. ხოო, ეგრეაო, უთქვამს ერთს, მაგრამ ისე ვქნათ, რომ ვითომ ჩვენ კი არ ვაკეთებთ, ვითომ ჩვენი სიდედრები აკეთებენ. ანდა სულაც ოფშორული ფირმებიო (აი იმ კუნძულზე რომ ვიყავით, ხომ გახსოვსო, რა ერქვა, მარშალის თუ რაღაც უბედურებაო). ვა, ეს რა ჭკვიანი ვიმე ყოფილაო, უთქვამთ დანარჩენებს და დაუწყიათ საქმის კეთება. ერთ-ერთის სიდედრს სასაკლაო გაუხსნია. მაგრამ საქმის დაწყება ხომ იცი როგორი რამეა, ბაზარი იოლად არ შეგიშვებს, საბაზრო ნიშა გჭირდება, ამას კიდევ ჭირდება ბაზრის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგია და კიდევ ათასი ოხრობა, რომელსც იმ ქვეყანაში "რასკრუტკას" ეძახიან. ხოდა აი იმ ერთ ჭკვიანს ისიც მოუფიქრებია, მარკეტინგი-შმარკეტინგი არ ვიცი, მაგდენი ჯახირის თავი ვის აქვს, აგერ, ეს პარლამენტი ჩვენი არ არის, მივაღებინოთ ისეთი კანონი, რომ ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე ყველამ ხორცი მარტო ამ სასაკლაოში დაკლას და რაც აქ არ დაიკველება, ნაგვად ჩაითვალოს და ზედ ჯარიმაც დაედოსო. ვაა, ეს რა ტვინის პატრონი ყოფილაო იფიქრეს და ეგრეც ქნეს. მეორე დღეს იმ ქვეყანაში ხორცის ფასი ორი ტალანტით გაზრდილა. ხალხმა თავი გამოყო და თქვა, ე, ეგ რაღა გამოვიდა კაცო, ეგ ხომ ირიბი გადასახადის დაწესება გამოდის და თანაც ხელოვნური მონოპოლიის შექმნაო. მაგრამ იმ ჭკვიანს უთქვამს, კაცო, ჩვენ ხომ ვართ თქვენი რჩეულებიო ხოდა ასეთი დემოკრატიული კანონი მივიღეთ, ხოდა თუ არ გინდათ, გადაგვირჩიეთო. ხოო, უთქვამს ხალხს, ეგრე კი არისო და ვნახოთო. რომ ნახეს, მერე აღმოჩნდა, რომ მარტო ეს სასაკლაო კი არა, ნავთობი და შაქარი, ფქვილი და თევზი (მოკლედ იმპორტის კარგა დიდი ნაწილი), ტელევიზია და რეკლამა და რავიცი კიდევ რა, ჩინოვნიკებს ჩაეგდოთ ხელში და კომფორტული მონოპოლიები მოეწყოთ. აბა ეგრე სად გაგონილაო, თქვა ხალხმა. თქვენ ემანდ კორუფციის დამარცხება გინდოდათ და აი ეგ თუ კორუფცია აღარ არის აბა კორუფცია რაღა არისო. აი, მოვა შემდეგი არჩევნები და მერე ნახავთ რასაც გიზამთო.


ვაი, ახლა რა ვქნათო, შეეშინდათ ჩინოვნიკებს. ამათ რომ გადაგვირჩიონ, ცოტ-ცოტა ფული კი გვაქვს, მაგრამ ამ მონოპოლიებს დაგვიშლიან და ხომ დავკოტრდით ყველანიო. ეს ყველაფერი კიდევ კარგი, ციხეში თუ არ ამოგვაყოფინეს თავებიო. ე თქვე გოიმებოო, უთქვამს იმ ჭკვიანს. არაფერი თქვენ არ იცითო. ხოდა შეუყრია მერე თავისი ერთგული მონოპოლისტები. ასე და ასე, ბიჭებო და გოგონებო, თუ მომავალშიც გინდათ ფული და კარგი ცხოვრება, კარგი პონტის ქუჩაზე სახლები და ქვიშიან სანაპროზე აგარაკები, ამ ტომარას ხომ ხედავთ და შიგნით ჩაუშვით ფულები შემდეგი არჩევნებისთვისო. ვიღაცას კი უთქვამს, მაიცა ტო, ჩვენთან ხომ ბიზნესი თავისუფალიაო, დაჟე რომელიღაც ორგანიზაციის რეიტინგით მეთორმეტე ადგილი გვიჭირავს მსოფლიოშიო. იმ ჭკვიანს კი გაუცინია, ერთი ბიზნესია თავისუფალი და მეორე შენ მეყოლები, ახლა ფულს თუ არ მოჯვამ დროზეო. მოკლედ შეუკრებიათ ფული და დაუწყიათ არჩევნებისთვის მზადება. ვისაც კბილი სტკიოდა მივიდნენ და უთხრეს, აი ძმაო, სახელმწიფო შენზე ზრუნავს, თუ გინდა ოცდათორმეტივე კბილს პლატინაში ჩაგისვამთ, ოღონდ შენ ხმა მოგვეციო. ის კაცი დაფიქრებულა და კი გახსენებია, რომ თავიდან თითქოს იმაზე შეთანხმებულან, რომ სახელწმიფო ბიზნესის საქმეში არ ჩაერეოდა, გადასახადებს დაწევდა ხოდა დაგროვილი ფულით მერე ვისაც რა მოუნდებოდა იმას გააკეთებდა, მაგრამ ხმამაღლა აღარ უთქვამს. კი გაუფიქრია, კაცო, ესეც კორუფცია არ არის ამომრჩეველს რომ მოისყიდიო. მაგრამ მერე ის უფიქრია, მე მუქთად კბილებს გამიკეთებენ და ამათ თავიანთთვის გაიხარონო. მოკლედ, ზოგს კბილი ჩაუსვეს, ზოგს ცირკის ბილეთი აჩუქეს და არჩევნებიც მოიგეს. ვისაც არ მოეწონა, იმათ უთხრეს, რა გინდათ, ხო დემოკრატიულად მოვიგეთო, ეგრე თურმე, აგერ სინგაპური რომ არის მაგარი ქვეყანა, იქანეც ეგრე კეთდება ეგ საქმეო.


მოკლედ, ვიღაც-ვიღაცეებს მაინც არ მოწონებიათ ეგ ამბავი და ფიქრი დაუწყიათ, აბა ახლა რა ვქნათ და როგორ მოვიქცეთო.

"შენა მოიცა და აი თავიდან ის "ლიბერ"თ"არიანელები" რომ ახსენე, ისინი რაღას ამბობდნენ მაგაზეო?" - ჰკითხა მეორე წერომ. "რა უნდა ეთქვათ" - უპასუხა პირველმა - "არც მაგათ მოწონებიათ, მაგრამ აი იმ ჭკვიანს უთქვამს, იცით რა ვქნათ, აი ეხლა თქვენ მაგარ ფერად ჟურნალს გაგიხსნით, ეკონომისტი და ნიუ იორკერი ერთად რომ მ---ს ჰაერში აგდებულიო ჰოდა დასხედით და უმღერეთ თავისუფალ ბაზარს, ჩვენ კი ამასობაში საქმეს მივხედავთ, რა გგონიათ, ცოტა საქმე გვაქვსო?"

"ვაო"- თქვა მეორე წერომ - "მერე ეგ ამბავი რითი დამთავრდაო?"

"ჯერ არ ვიციო" - უპასუხა პირველმა - "აი მომავალ წელს ჩავფრინდები, იქაურ ფრინველებს გამოვკითხავ ამბებს და მერე შენც მოგიყვებიო"

"შენ გაიხარე" - უთხრა მეორემ - "ეს ბაყაყები კარგი ცოდნია ამ მადლიან ქვეყანაში, რომ წახვალ იქნებ კიდევ ჩამომიტანოო"

"ბაყაყები კარგო" - უთხრა პირველმა - "ჭაობში ყოველთვის კარგი მოდის"


გაგრძელება იხ. მომავალ წელს.

No comments: