Monday, 13 December 2010
ვიკილიკსის კოდი
დარწმუნებული ვარ, „ვიკილიკს“-ს რუსი დიპლომატების მიმოწერა რომ გამოექვეყნებინა, ასანჟი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი და საქართველოს ეროვნული გმირი გახდებოდა, მიიღებდა თბილისის საპატიო მოქალაქეობას და საჩუქრად აგარაკს სადმე შავი ზღვის სანაპიროზე. ქართული გადმოსახედიდან მისი პრობლემა ის იყო, რომ „წმინდა ძროხაზე“ წაუცდა ხელი.
თავიდანვე ვიტყვი, რომ „ვიკილიკსის“ დამაარსებლის ფსიქოლოგიური პორტრეტი, მისი ჰეროიზაცია ან დემონიზაცია (ორივე ერთი მედლის ორი მხარეა) არ მაინტერესებს. ნაკლებად მაინტერესებს „ვიკილიკს“-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის „ინფორმაციული ღირებულებაც“. აბა, რაღა გავიგეთ „ვიკილიკს“-იდან? ჩემი აზრით, „ვიკილიკზ“-მა, უფრო სწორად კი რეაქციებმა ამ ორგანიზაციის არსებობაზე რამდენიმე პრინციპული საკითხი გამოაჩინა, რომელიც იქამდე ჩანდა, მაგრამ არა ამ მასშტაბით.
აღმოჩნდა, რომ ნორმალურია, როდესაც სახელმწიფო ყიდულობს მოპარულ საბანკო მონაცემებს გადასახადებისგან თავის ამრიდებელთა დასასჯელად. აღმოჩნდა, რომ ნორმალურია, როდესაც სპეცსამსახურები კითხულობენ მოქალაქეების პირად მიმოწერას, უსმენენ მათ სატელეფონო საუბრებს და შემდეგ, კომპრომიტირების მიზნით ამ მიმოწერის ან საუბრების რამე ნაწყვეტს აქვეყნებენ. აღმოჩნდა, რომ ნორმალურია, როდესაც ერთი სახელმწიფოს დიპლომატიური ან სპეციალური სამსახურის მეორე სახელმწიფოს ამა თუ იმ ფორმით საიდუმლო ინფორმაციას პარავს. მის ჯაშუშებს მოწინააღმდეგე ქვეყანას დაუბრუნებენ და ინციდენტი მეტად თუ ნაკლებად ამით იწურება. ასეთი დამოკიდებულება გვიჩვენებს, რომ სახელმწიფო უპირობო სიკეთედ არის მიჩნეული, ყველაფერი, რაც სახელმწიფო სახელით კეთდება კარგია და „ლეგიტიმურია“. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არანორმალურია, („შეასძლოდ კრიმინალურია“, როგორც გვითხრა საქ. უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნულმა მდივანმა და ამით იურიდიული აზრი აქამდე დაუპრყრობელ სიმაღლეებზე აიყვანა) თუ იგივეს გააკეთებს ერთი ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, რომლებიც არცერთი სახელმწიფოს ინტერესით ზურგგამაგრებული არ არიან.
რა გააკეთა „ვიკილიკსმა“? ამ ორგანიზაციამ სიტუაცია შემოაბრუნა, და ინფორმაცია, რომელსაც სახელმწიფო ასე თუ ისე ასაიდუმლოებს, მოქალაქეებითსათვის გახადა ხელმისაწვდომი. ჩემი აზრით მნიშვნელოვანი იყო არა პასუხები, რომელიც „ვიკილიკსმა“ გასცა ამა თუ იმ შეკითხვაზე, არამედ შეკითხვები, რომლებიც გაჩნდა, ან აქტუალური გახდა „ვიკილიკს“-ის მიერ გასაიდუმლოებული მიმოწერის გამოქვენყნების შემდეგ. ეს შეკითხვებია: რამდენად თავისუფალია თავისუფალი სამყარო? სად გადის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების საზღვარი? არის თუ არა სახელმწიფო უპირობო სიკეთე?
„ვიკილიკსი“ არა იმდენად რომელიმე კონკრეტულ საიდუმლოებას შეეხო, (რომელიც შეიძლებოდა ექსპერტებისა და სპეცსამსახურებისათვის ისედაც ცნობილი ყოფილიყო), არამედ იმას, რასაც ძველ რომში „arcana imperii“-ს, მმართველობის საიდუმლოს ეძახდნენ (და უპირისპირდნენ res publica-ს, საზოგადო საქმეს). ეს არის პოლიტიკის, ან სახელმწიფოს ფუნქციონირების ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრიობის გარეშე, დახურულ კარს მიღმა ხორციელდება. (ის სიცარიელე, ან თუ გინდათ ფიქცია, რომელსაც სახელმწიფო ეფუძნება). ეს „საკრალური“ სფერო თანამედროვე სახელმწიფოებში პრემოდერნული სახელმწიფოს გადმონაშთია და შესაბამისად თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საფრთხე. ავტოკრატიის ბოლო ფორპოსტი დემოკრატიაში იმიტომ, რომ ყოველთვის შეიცავს იმ ბიურაკრიტუილი აპარატების უფრო მეტი ავტონომიზაციის საშუალებას, რომლების ხელშიც საზოგადოებისათვის გაუმჭვირვალე „საიდუმლო პოლიტიკის“ გატარებაა. ეს არის ის ნაცრისფერი ზონა ან წერტილი, სადაც იშლება განსხვავება დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის. აღმოჩნდა, რომ სიტყვის თავისუფლების საზღვარი (ზოგიერთებისათვის) სწორედ იქ გადის, სადაც ის „arcana imperii“-ს ეჯახება. რომ ჩვენ, მოქალაქეებს, ყველაფრის თქმა შეგვიძლია, გარდა „გამოუთქმელის“, იმისი, რასაც ჩვენს მიერვე დაქირავებული მოხელეები ჩვენივე ინტერესში ჩვენვე გვისაიდუმლოებენ.
ვიღაცა იტყვის, რა დროს იმის კითხვაა, რამდენად თავისუფალია თავისუფალი სამყარო, როდესაც აგერ მაგალითად ჩრდილოეთ კორეა გვყავსო (რომელსაც ამ თავისუფალი სამყაროს ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატი სამხრეთ კორეისაგან ვერ ასხვავებს). მაგრამ თუ ჩვენ ჩვენი თავი თავისუფალი სამყაროს ნაწილად, თავისუფალ მოქალაქეებად და თავისუფალ მოაზროვნეებად მიგვაჩნია, ჩვენი შეკითხვებისათვის და ჩვენი აზროვნებისათვის დახურული ზონები არ უნდა არსებობდეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment