Monday, 30 May 2011

საბჭოთა ფეოდალიზმის დაბრუნება





როდესაც საქართველოში საადგილმამულო ბანკი გაიხსნა, მის გამგეობაში, სხვათა შორის, თავადი გრიგოლ ორბელიანიც შედიოდა. ხოდა, გრიგოლ ორბელიანს, გულისტკივილით უთქვამს, აბა ეს არის საქმე, მე, ყაფლანიშვილს, და ვიღაც ცალქალამანიძეს თითო-თითო ხმა უნდა გვქონდესო? აკაკი წერეთელი გრიგოლ ორბელიანს ამ ნათქვამს ცხოვრების ბოლომდე წამოაყვედრიდა ხოლმე. მაგრამ გრიგოლ ორბელიან, ერეკლე მეორის შვილისა და დავით სარდლის შვილიშვილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გვარის წარმომადგენელი, მიხვდა, რომ ახალი დრო დამდგარიყო და ეს დრო და მისი წესი, რომელიც ცალქალამანიძის და ორბელიანის თანასწორობას გულისხმობდა, გულისტკივილის მიუხედავად, მაინც აღიარა.

ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ ძველის ნგრევის ლოზუნგით მოსული ახლები, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ახლის შექმნის სურვილით ძველის პაროდიას აკეთებენ. ასე თანასწორობის ლოზუნგებით მოსულმა დიდმა და საშუალო ბოლშევიკმა ლიდერებმა ძალიან მალე გაუგეს გემო არისტოკრატიისა და მსხვილი ბურჟუაზიის ცხოვრების წესს. პრივილეგიები, რომლებიც თითქოს და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმებულიყო, თავისთვის დაიჩემეს. მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა, ცეხავიკების, საქმოსნების და ნომენკლატურისაგან შემდგარმა ელიტამ “სვეტები” დაირქვეს და ამ დამახინჯებული რუსული სახელით ხაზი გაუსვეს თავიანთ წარმოსახვით კავშირს ძველი რეჟიმის მაღალ საზოგადოებასთან. თავისი თავი გამორჩეულად, დანარჩენი გოიმებისაგან განსხვავებულად და უკეთესად მიიჩნიეს.  

ვარდების რევოლუციაც ძველთან ბრძოლის ლოზუნგებით მოვიდა. პარტიული ნომენკლატურის პრივილეგიები უნდა გამქრალიყო, კორუფცია დამარცხებულიყო და საქართველო დასავლური დემოკრატია გამხდარიყო. საქართველოს პრეზიდენტი დასაწყისში დემოკრატობდა. ქუჩაში ფეხით დადიოდა, ჩვეულებრივი თვითმფრინავით დაფრინავდა, დაქირავებულ ბინაში ცხოვრობდა და ნომენკლაუტურული აგარაკების პრივატიზაციასაც აპირებდა. ჯერ არ არსებობდა ბოლშევიკური ეპოქის ლექსიკონთან საეჭვო სიახლოვეში მყოფი სიტყვები “სააკაშვილის ეპოქა”, “სინგაპურიზაცია”, “სიღნაღიზაცია”.

ჩემი მეგობრები, როდესაც მთავრობის მსუბუქად დაცვა უნდათ ხოლმე, მეუბნებიან რომ საქართველო გარდამავალი ქვეზანა. გარდამავალი ისეთი სიტყვაა, რომ, ეტყობა პირი უნდა დააღო და თქვა ააა, მაშინ ყველაფერი გასაგებიაო. შეცდომაც და დანაშაულიც. ჩემი მეგობრები იმას, რომ საქართველო ჯერ არ არის დემოკრატიული ქვეყანა (და ამიტომ მას დემოკრატიული საზომით ვერ გავზომავთ), მაგრამ დემოკრატიულობას პარტიის და მთავრობის ბრძნული ხელმძღვანელობით მალე 2013, 15, 17 დაშ. წელს მიაღწევს. საბუთად კი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მიერ უკვდავყოფილი ფრაზა მოქავთ: ამის არდანახვა შეიძლებაო? შუქის, გზების, უსაფრთხოების, ბანერებზე დახატული ჯერ კიდევ აუშენებელი და იმ დემოკრატიასავით გაურკვეველ მომავალში ასაშენებელი უმეტესწილად უკიდურესად უგემოვნო შენობების. აი, მესტიის აეროპორტზე რაღას იტყვიო?

ძალიან გამიხარდა, როდესაც მესტიაშე ფრენები აღდგა. ბილეთიც იაფი ღირს: ერთი გზა 70 ლარი. მართალია, ეს ფასი დაბალი იმიტომაა, რომ კანადურ ავიოკომპანიას, რომელიც თბილისიდან მესტიაში დაფრინავს, სახელმწიფო უხდის დოტაციას. ამაზე კი ქართველი ლიბერარიანელები უნდა ტეხდნენ განგაშს, მაგრამ ისინი, როგორც წესი, პრეზიდენტის ინიციატივებს არ აკრიტიკებენ ხოლმე, სამაგიეროდ იმას კი იტყვიან, აბა ეხლა სასწრაფოდ გავყიდოთ სახელმწიფო უნივერსიტეტები, (ალბათ იმიტომ, რომ უმაღლესი განათლების გარეშე დავრჩეთ და აზროვნების გაქანებით იმ ლიებერარიანელებს დავემსგავსოთ, რომლებსაც თეატრი გარედან თუ უნახავთ, მაგრამ თავი თეატრალურ კრიტიკოსებად წარმოუდგენიათ და ნუვორიშული გადმოსახედიდან რომელიმე სპექტაკლსსირობადმონათლავენ ხოლმე).

აი იმ ლამაზ კანადურ თვითმფრინავს, რომელმაც საბჭოთა კავშირის დანატოვარიკუკურუზნიკიჩაანაცვლა, ლამის მეორე მსოფლიო ომის ბოლოდან რომ დაფრინავდა კოპიტნარიდან მესტიაში, ქათქათა ბორტზე სვანური კოშკები ახატია და ინგლისურად აწერია, შაბათ-კვირა სვანეთში გაატარეო. წარწერა, როგორც მიხვდებით, ტურისტებისთვისაა განკუთვნილი. ხოდა მეც მოვკიდე ჩემს სტუმრებს ხელი და 3 დღით სვანეთში ტურისტად გავფრინდი. კანადელი პილოტები, ზუსტად ისეთები, კინოში როგორიც მინახავს, ცხვირზე რეიბანებით და პირშიჟუაჩკებითზრდილობიანად ესალმებიან მგზავრებს, ერთ საათში მესტიაში ვიქნებითო, მთელი გზა კარგი ამინდი გვექნება და აბა ბედნიერად იფრინეთო.

ხეს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში კიდია მეექვსე საუკუნის ულამაზესი ხატი. იმ სოფელში ერთი ოჯახია დარჩენილი. დედა და შვილი. ჩვენი მეგზური ეკითხება, ცოლი რატომ არ მოგყავსო. აბა აქეთ ვინ წამოვაო.

ახალი სვანეთი  (ის კი არა, კალატოზოვმა რომ გადაიღო, არამედ ის, რომელიც  სიღნაღიზაციის მოლოდინშია) მესტიის აეროპორტიდან იწყება. ცენტრალურ მოედანზე, სკვერში ნეონის ლურჯი ბურთები კიდია. იქვე ვიტრინაში ტურისტული ბიურო მოკალათებულა. მოედანზე მესტიის და სვანეთის რუქები კიდია.

თბილისისკენ მიმავალი გზა კი ჯერაც არ არის გაკეთებული. ამიტომაც, მესტიელების მონაყოლით, მესტიაში საშენი მასალის ამოტანა გაცილებით მეტი ჯდება, ვიდრე თვითონ საშენი მასალა. მაგრამ ეს, როგორც ჩანს, არც ლიბერარიანელებს აინტერესებთ, არც ფასადების მთავარ სპეციალისტს.


იმ დღეს, როდესაც თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით, ტურისტულმა სააგენტომ დამირეკა და მითხრა, უამინდობის გამო თქვენი რეისი გადაიდო და უკან მანქანით უნდა ჩამოხვიდეთო. მალე გაირკვა, რომ უამინდობას სახელი და გვარი ჰქონია და მიხეილ სააკაშვილი რქმევია. მესტიაში საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული და ქვეყნის სამართავად დაქირავებული ადამიანი უნდა ჩამოფრენილიყო. მაგრამ რატომღაც თვალი კანადური თვითმფრინავისთვის დაედგა. თვითმფრინავის ყველა მგზავრს  (ჩვენი ჩათვლით) ბილეთები გაუუქმეს იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტის და მისი ამალისათვის ჩვენი კანონიერად კუთვნილი ადგილი დაეთმოთ. კრინტი არც კანადურ ავიოკომპანიას დაუძრავს, არც კინოეკრენიდან გადმოსულ პილოტებს.

საქართველოს ლიდერის მესტიაში ვიზიტი არ გახმაურებულა. მიხეილ ნიკოლოზის ძე  ამალასთან ერთად რესტორანთეთნულდშისაქეიფოდ ჩამოფრენილიყო

(მესტიელების თქმით ამას ხშირად აკეთებს ხოლმე, ხან ვისი და ხანაც ვისი თანხლებით) და თბილისიდან ცნობილი მზარეულიც კი გამოეფრინა. მესტიიდან კი ბათუმში გაფრინდა - ტელევიზორშიც ნახავდით.

 აი მაშინ მივხვდი, რომ ეს აეროპორტი არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო აშენებული, არც ტურისტებისათვის. იმიტომ რომ, ტურისტს, რომელიც შენი ქვეყნის სანახავადაა ჩამოსული, წიხლს რომ კრავ და თვითმფრინავიდან ჩამოაგდებ, არა მგონია, მეორედ მოუნდეს შენს ქვეყანაში ჩამოსვლა. ეს აეროპორტი ერთი ადამიანის კერძო მოხმარებისათვის ყოფილა აშენებული (ამიტომაც არავინ დაუდებს არც უაზრო ხარჯებს, არც გასაკეთებელი სამუშაოს ლოგიკურ თანმიმდევრობას).

ხოდა ამის მერე, არავინ თქვას, რომ საქართველო, სანამ ისეთი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც იმდენად უსაქციელო და თავხედია, რომ შეუძლია თავს უფლება მისცეს მგზავრები რეისიდან მოხსნას, იმიტომ რომ ამალასთან და მზარეულთან ერთად საქეიფოდ გაფრინდეს, დემოკრატიის გზაზეა. ასე საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები და მათი აღმოსავლეთევროპელი, აზიელი თუ აფრიკელი კლიენტები, გადიდკაცებული შარიკოვები იქცეოდნენ. ევროპაში, მსგავს უსაქციელობას არაერთი ჩინოვნიკის კარიერა უმსხვერპლია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს უარესიც შერჩენია, და აბა მგზავრების რეისიდან მოხსნას ვიღა დააყვედრიდა.

და მაინც, როდესაც ვინმე სიამაყით იტყვის, რომ საქართველოში კორუფცია დამარცხდა, შეუძლია ისიც გაიხსენოს, რომ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი სარგებლის მიზნით ასევე კორუფციის ფორმაა და წესითა და რიგით კანონით უნდა ისჯებოდეს. მაგრამ ეს კანონი რომელიმე წვრილი ჩინოვნიკისთვის თუ მუშაობს, რომელსაც ჩვენი ჟურნალისტები საზეიმოდ გამოგვიმზეურებენ ხოლმე.

ბოლოს ჩვენმა ტურისტულმა სააგენტომ ივაჟკაცა და ჩვენიკუკურუზნიკზეგადასმა მოახერხა. ”კუკურუზნიკი”, რომელიც სამუზეუმო ექსპონატს უფრო გავდა, უფრო სწორად კი მრავლისმნახველ, სანჩო პანსას უსახელო ოთხფეხა მეგობარს, ოღონდ მფრინავს, ჯიუტი აღმოჩნდა. თვითმფრინავი ვერაფრით რომ ვერ დაქოქა, პილოტმა გადარეკა, გადმორეკა და კამაზის აკუმულატორი დაპერენოსკაგააჩინა. მერე ამ აკუმალუტორით და პერენოსკით რაღაც იჯადოქრა და თვითმფრინავის დაძვრა  მოახერხა.

ჩვენი თვითმფრინავში ჩაჯდომაკასაბლანკასბოლო სცენას გავდა: ქარში და წვიმაში, უცნობი მომავლისაკენ, იმიტომ რომ მგონი არც ერთ მგზავრს, პრეზიდენტის ქეიფისათვის სპეციალურად გამოფრენილი მზარეულის ჩათვლით, ბოლომდე არ ჯეროდა, რომ ჩვენი თვითმფრინავი ფრენას მართლა შეძლებდა. პეპელაცი იმდენად სხვა ეპოქის პროდუქტი იყო, რომ მობილური ტელეფონების გამორთვაც კი არავის მოსვლია თავში აზრად ისე, რომ მგზავრები პროპელერების ხმაურში, არ ვიცი რამდენი მეტრის სიმაღლიდან ლაპარაკობდნენ და მესიჯებს აგზავნიდნენ.

უკან გამოფრენამ ერთი რამე კარგად გამოაჩინა: საბჭოთა მემკვიდრეობა, გაცილებით უფრო ვიდრე რომელიმე შენობის ფასადზე შემორჩენილი ნამგალი და ურო, საქართველოს პრეზიდენტია. ის არც იდეალისტია, არც “ექსრაორდინალური” პოლიტიკური ცხოველი. ის არაჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანია - შარიკოვია, რომელსაც დაუმსახურებელი პრივილეგიები ხელში ჩაუგდია


კიდევ ერთი არავიძე, რომელსაც თავი ვიღაცად მიუჩნევია. იმედია მიხვდებით, რომ შეკითხვა, იმსახურებს თუ არა პატივისცემას პრეზიდენტი, რომელიც არც თავისი, არც სხვისი ქვეყნის მოქალაქეებს პატივს არ ცემს, რიტორიკული იქნება.


4 comments:

Colonel Agraphina Woolf said...

ძალიან კარგი წერილია, არაჩვეულებრივი, ზუსტი. მეც ეს მდაბიო ბარბაროსობა მაგიჟებს. აქედან იწყება და ამით იხსნება ძალიან ბევრი რამ.

Colonel Agraphina Woolf said...
This comment has been removed by the author.
KNT980 said...

მიშას არ ადარდებს სვანეთი და სვანეთში ტურიზმის განვითარება. საერთოდ, იმპერატორის მენტალიტეტით მართავს ქვეყანას.

Tea said...

dzlieri werili da amave dros mtkivneuli, am kvelafers rom ec "sheni" narcisizmit shepyrobili presidenti aketebc. ara namdvilad mentalur shemtxvevastan gvaqvc sakme.