Sunday, 30 October 2011

ივანიშვილი ex machina


1937 წელს ფრანგმა მწერალმა ანდრე ჟიდმა საბჭოთა კავშირში იმოგზაურა. საბჭოური ექსპერიმენტის მიმართ უკიდურეს კეთილგანწყობას ჟიდისათვის ხელი არ შეუშლია თავისუფალ ერთა ძმური და მძლე კავშირისათვის დიაგნოზი დაესვა, რომელიც გამჭრიახობით მისი წინამორბედის, გრაფ ასტოლფ დე კიუსტინისას არ ჩამოუვარდებოდა. წიგნისათვის "დაბრუნება საბჭოთა კავშირიდან" ჟიდი, რომელმაც საბჭოთა სტუმართმოყვარეობა სათანადოდ არ დააფასა, ვერ დაინახა ის, რისი არდანახვაც არაფრით შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის მტრად გამოაცხადეს. "კრიტიკოსთა" მტრებად გამოცხადება დღევანდელ საქართველოს საბჭოთა კავშირისაგან ერგო მემკვიდრეობად, მაგრამ ახლა საბჭოთა მემკვიდრეობაზე არ ვისაუბრებ. ამ წიგნის ერთ-ერთ ნაწყვეტში ჟიდი საბჭოთა პროდუქციის უხარისხობაზე წერს. გემოვნება, წერს ჟიდი, მხოლოდ მაშინ ვითარდება, როდესაც არჩევის და შედარების საშუალება გაქვსო. ასარჩევი კი ამ ქვეყანაში არაფერი არისო. ამიტომ უნებლიედ, იმას ირჩევ, რასაც გთავაზობენ  - ან უნდა აირჩიო, ან სულაც უარი თქვაო. თუკი სახელმწიფო ერთდროულად არის მწარმოებელიც, მყიდველიც და გამყიდველიცო, მაშინ ხარისხი კულტურის დონის ზრდაზეა დამოკიდებულიო.

რასაც ჟიდი საბჭოთა პროდუქციაზე წერდა, ქართულ პოლიტიკურ პროდუქტს ზედმიწევნით შეესაბამება. ჩვენი ანალიტიკოსებიც გვიქადაგებენ, რომ საქართველოს ამომრჩევლის კულტურული დონე უნდა გაიზარდოს იმისათვის, რომ საქათველო დემოკრატული ქვეყანა გახდეს,  მაგრამ ქართველი ამომრჩეველი ერთი პარტიის მმართველობის პირობებში უნდა გამოიზარდოს. კანონი, რომელიც მოქმედებს ეკონომიკაში, ანალოგიურად მოქმედებს პოლიტიკაში: პოლიტიკური კულტურა არ გაიზრდება, თუ ამომრჩეველს შედარებისა და ამორჩევის საშუალება არ ექნა - ამის აღიარება ჩვენს ანალიტიკოსებს რატომღაც უჭირთ ხოლმე. ნაციონალურმა მოძრამობამ 8 წელიწადი ფაქტიურად უკონკურენტოდ გაატარა და საკმაო ძალისხმევაც გასწია იმისათვის, რომ კონკურენტი არც გასჩენოდა: საინფორმაციო და ფინანსურ ნაკადებზე სრული კონტროლის დამყარება შეძლო. უკონკურენტობა ნაციონალური მოძრაობისათვისაც საზიანო აღმოჩნდა და მთლიანად ქვეყნისათვისაც. ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა პირველ ოთხ წელიწადში ჩატარდა, მეორე ლეგისლატურაში კი რეფორმებს წარმატებულად ენაცვლებოდა (და ენაცვალებოდა) სხვადასხვა ობიექტების დიდი ზარ-ზეიმით (და თანაც რამდენიმეჯერ) გახსნა  - აღმშენებლობა მშენებლობებმა შეცვალა.  სტაგნაციის შეგრძნება იმდენად გაძლიერდა, რომ ნაციონალური მოძრაობის თავგადაკლული მომხრეებიც კი სისტემური გადატვირთვის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ.

უძრაობის შეგრძნება ხუთდღიანი ომის შედეგად კიდევ უფრო გამძრაფრდა, რადგანაც გასაგები გახდა, რომ პრეზიდენტი და მისი მთავრობა წინასაარჩევნო გიგანტომანიურ მიზნებს ვერაფრით შეასრულებდნენ. ახალი კურსი სასწრაფოდ გახდა საძებნელი, რომელსაც ხან სინგაპურიზაცია დაერქვა, ხანაც კიდევ რა, მაგრამ ძალიან დაემსგავსა ერთ ძველ ანეკდოტს, რომლის პერსონაჟიც გაზეთში განცხადებას აქვეყნებს: "ვკრიჭავ კატებს, შემიძლია კასტრირებაც, მოკლედ როგორც გამომივა". მიუხედავად ქვეყნის განვითარებაზე ნათელი წარმოდგენების უქონლობისა, ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ სრულიად უალტერნატივო პოლიტიკურ ძალად ჩანდა. იმედი, რომ ნაციონალური მოძრაობის რეფორმატორული გუნდი დემოკრატიზაციისათვის რამის გაკეთებას შეძლებდა, ძალიან პატარა იყო. პარტიის და მთავრობის ყოველდღიური სატელევიზიო თვითკბობის ფონზე საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ერთადერთი ქართველი მილიარდერი სწორედ სისტემური გადატვირთვის ამბიციით გამოჩნდა. ნაციონალური მოძრაობის წევრების და მხარდამჭერების ისტერიკით თუ ვიმსჯელებთ, მისი გამოჩენა მმართველი პარტიისათვის მოულოდნელი იყო.

იმათთვის, ვისაც არ აინტერესებს, როგორი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი, მერცხლები ურჩევნია ბეღურებს თუ პირიქით, კარგი თამადაა თუ არა და არც სხვადასხვა ტიპის შეთქმულების თეორიებით იწუხებს თავს, წესით უფრო საინტერესო უნდა იყოს, როგორ აპირებს "ოლიგარქი" ამ გადატრვირთვის განხორციელებას. მისი პოლიტიკური პროგრამის შესახებ ჯერ-ჯერობით ბევრი არაფერი ვიცით. ორი კონკრეტული პოექტი: სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში ნაციონალური პოლიტიკური პროგრამისათვის ძალიან ცოტაა. საგარეოპოლიტიკური განცხადებები უკიდურესად ზოგადია: საქართველომ, ივანიშვილის თქმით, უნდა გააღრმავოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ამავდროულად გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან. მას შემდეგ, რაც რუსეთის მსო-ში გაწევრიანებისათვის თანხმობის მიცემა ქართული დიპლომატიის სრულიად უპრეცედენტო გამარჯვებად გამოცხადდა, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების რესურსი ფაქტიურად ამოიწურა. ძნელი წარმოსადგენია, რომ პუტინის გუნდი პრინციპულად შეცვლის პოლიტიკას საქართველოს მიმართ და არც საქართველოს რომელიმე მთავრობა აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება, რიტორიკის შეცვლა და ჰუმანიტარული კონტაქტების აღდგენაა. ძირითად შიდაპოლიტიკურ საკითხებზე ივანიშვილს პასუხი ჯერ არ აქვს და ამ პასუხების შემუშავებას მრჩეველთა საბჭოთსან ერთად აპირებს. იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი და საკითხში გარკვევას აპირებ, პრინციპში დადებითი რამაა, იმიტომ რომ პოლიტიკოსიც და ექსპერტიც მრავლად გვინახავს, რომელიც მოუფიქრებლად გვთავაზობს არაკომპეტენტურ რეცეპტებს (ასეთები საქართველოს მთავრობაშიც და პარლამენტშიც მრავლად არიან) - მეორეს მხრივ კი, რთული წარმოსადგენია, რამდენად კარგი რჩევა შეუძლია მისცეს ივანიშვილს მაგ. ეკა ბესელიამ, რომელმაც, მას შემდეგ რაც იურიდიული კარიერა პოლიტკურზე გაცვალა, მაინცა და მაინც გონიერი პოლიტიკოსის რეპუტაციის შეძენა ვერ შეძლო.

რასაც ივანიშვილი ჯერ-ჯერობით გვთავაზობს, მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივაა: ან მე ან ის. საარჩევნო ტაქტიკისათვის ამგვარი პოლარიზება შეიძლება სასარგებლოც იყოს, მაგრამ შინაარსის თვალსაზრისით ბევრს ვერაფერს გვაძლევს. ნიშანდობლივია "რევოლუციური" გზის უარყოფაც. თუმცა მილიარდერის შეხედულებები არც ამ საკითხზეა ერთმნიშვნელოვანი: ერთი მხრივ ივანიშვილი იდეალურად მრავალპარტიულ სისტემას მიიჩნევს, მეორეს მხრივ კი საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გამარჯვებას აპირებს. ეს კი მაინც გულისხმობს "მიკრორევოლუციას": რამდენიმეწლიან ტრანზიციულ პერიოდს, რომელიც ივანიშვილს საშუალებას მისცემს "გამოასწოროს" ნაციონალური მოძრაობის შეცდომები და შემდეგ პოლიტიკიდან წავიდეს. ძნელია ამგავარ დაპირებებს რეალურობაში ეჭვი არ შეიტანო. განსაკუთრებით, ცოტა არ იყოს, უცნაური განცხადებების ფონზე, რომ მისი ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ მაგ. ვანო მერაბიშვილს მიეცემა ახალი პარტიის შექმნის ან ბიზნესის კეთების საშუალება. ჯერ ერთი, როგორც ჩანს, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან, როგორც ეს მის წინამორბედებს: მოქალაქეთა კავშირს, მრგვალ მაგიდას და კომუნისტურ პარტიას დაემართათ. მეორე კი, სამაგალითო დემოკრატიაში, რომელსაც ივანიშვილი გვპირდება, პოლიტიკური და ბიზნეს-საქმიანობა ისედაც თითქოს ყველა მოქალაქეს უნდა შეეძლოს რაიმე განსაკუთრებული დათქმის გარეშე.

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა იმითი კი არ არის საინტერესო, რომ ერთ ერთპარტიულ მონოპოლისტს (ნაციონალურ მოძრაობას) რომელიმე სხვა მონოპოლისტი, კიდევ ერთი 97%-ით არჩეული მესია შეცვლის, რომელიც ახალი რესპუბლიკის შენებას მოინდომებს ახალი დროშით, გერბით და ჰიმნით.  არამედ იმით, რომ მისი გამოჩენით ერთპარტიულ მონოპოლიას შეიძლება ბოლო მოეღოს.

ივანიშვილი ახალბედა პოლიტიკოსია. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ ანალიტიკოსებს მისი ახალბედობა მკაცრი შეფასების გაკეთების საშუალებას აძლევს. პროფესორი გია ნოდიასათვის მილიარდერი მხოლოდ "ფულის ტომარაა" და მეტი არაფერი. მაგრამ ივანიშვილის სრული პოლიტიკური გამოუცდელობის მიუხედავად მას ოპოზიციური პარტიების კონსოლიდაციის რეალური პერპექტივა აქვს (რასაც ეს პარტიები დამოუკიდებლად ვერაფრით ახერხებდნენ) და ასევე საშუალება აქვს ოპოზიციური ბლოკის ლეგალური ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ვერ აკონტროლებს. ეგ ყველაფერი ხომ ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდაო, იკითხავს ვინმე. ეს შეკითხვა საფუძველს მოკლებული არაა.

ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილის ალტერნატივად თავს კი აცხადებს, მაგრამ საინტერესო სწორედ ის იქნება რა თვალსაზრისით მოახერხებს ის სააკაშვილის ალტერნატიული ფიგურა გახდეს. ან იმ გაგებით, რომ მტვერსასრუტივით შეისრუტოს ყველა, ვისაც პრეზიდენტი სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამა თუ იმ მიზეზით თვალში არ მოსდის და ერთგვარ უკეთეს "გრეჩიხად", ანუ საპროტესტო ამომრჩევლის ლიდერად გადაიქცეს.  ან იმით, რომ ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებული მკაფიო პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბებას შეძლებს. (ბადრი პატარკაციშვილს ამისი არც სურვილი და არც პრეტენზია ჰქონდა. ის "რევოლუციურ" პროექტზე მუშაობდა).  ამ საკითხების გარკვევა მკითხავ ბეჰემოთებზე უკეთ დაგვანახებს საქართველოს განვითარების პერსპექტივებს: თუკი აღმოჩნდა, რომ საქართველოში არ არსებობს ნაციონალური მოძრაობისაგან განსხვავებული პოლიტიკური პროგრამის ჩამოყალიბების პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსი, მაშინ საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში უახლოესი ათი ან ოცი წლის განმავლობაში გაუგებარი პერსპექტივების ტრანზიციულ რეჟიმად დარჩება. თუ აღმოჩნდა, რომ ასეთი პროგრამის შექმნა შესაძლებელია, მაშინ საქართველოს მიეცემა შანსი, დაასრულოს ერთპარტიული მონოპოლიების მავნე ტრადიცია და თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გადაიქცეს.

3 comments:

Eliso said...

მშვენიერი წერილია, მაგრამ ერთ რამეში ვერ დაგეთანხმებით - კომუნისტებისა და სუკის წარმომადგენლები მრავლად იყვნენ როგორც ზვიადის,ისე შევარდნაძის მთავრობაში და ამ უკანასკნელთან, მრგავალი მაგიდაც იყო წარმოდგენილი. მოქალაქეთა კავშირს კი, ყველა წინამორბედი ჰყავდა თავის მთავრობაშ. თუმც, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ ყველა მთავრობაში,ძირითადად ერთი და იგივე პირები ან ერთი კატეგორიის ხალხი ხვდებოდა. ვეჭვობ, ზოგი მათგანი კიდევ ერთ წრეს გააკეთებენ, კვლავ წინანი იქნებიან და მომავალ მთავრობაშიც მოახერხებენ აღმოჩენას.

xokaido said...

წინ წავალთ, ადგილზე ვიდგებით თუ უკან სვლას დავიწყებთ ყველგან დაგვხვდება აზრი: ივანიშვილის ფული მისი ტვინით არის ნაშოვნი... მისი ტვინი, ნიჭი, შნო და ფულიც პატრონს იმაზე ბევრად უკეთეს პოლიტიკოსად აქცევს ვინემ ნოდიები (გია), ცინცაძეები (სოსო) და საყვარელიძეები (რეზო) არიან ამ ქვეყანაში...

Colonel Agraphina Woolf said...

საკონსტიტუციო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, ეს იმპერატიული მოთხოვნაა. ივანიშვილის გამოჩენით ეს შანსი გაჩნდა. იქნებ ავცდეთ თურქმენეთის, რუსეთისა და სხვა ამდაგვარი ქვეყნების მმართველობის ყაიდას. არ მინდა პოსტ-საბჭოთა ნაცრიფერ ზონაში ჩარჩენა, სულ მინიმუმ აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტებს მაინც მინდა მივუახლოვდეთ. პირველი ნაბიჯი არჩევნებით ხელისუფლების გადაცემა იქნება, ეს მაინც უნდა მოვახერხოთ - ასე მგონია.