Thursday, 4 November 2010

ისტორიის დასასრული


გუშინწინ დიმა მამულიასთან და გიორგი მაისურაძესთან ერთად ვიჯექი კაფეში. ხოდა, ორ ჭკვიან ადამიანთან რომ ზიხარ და ყავას მიირთმევ და კოქტეილს წრუპავ, საინტერესო რამეებზე ლაპარაკობ ხოლმე. განსაკუთრებით კარგი იყო, რომ ეს საინტერესო რაღაცეები არ ეხებოდა პოლიტიკას, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს, ხელისუფლებას და ოპოზიციას დაშ.


დიმამ საინტერესო რამე თქვა - ისეთი, რაც პრინციპში ყველამ "იცის", ანუ მეტ-ნაკლებად გრძნობს, მაგრამ იშვიათად უფიქრდება ხოლმე რა გამომდინარეობს ამ ცოდნიდან. მაგ. რისი სიმპტომია, რომ ჩვენამდე ერთი და ორი თაობით ადრე შეიძლებოდა კარგი რომანის დაწერა, კარგი ფილმის გადაღება და ფილოსოფოსსაც შეეძლო რამე ეთქვა. რატომ გახდა იშვიათი, თუ შეუძლებელი არა, კარგი კინო, კარგი ლიტერატურა და ფილოსოფია (რომელზეც ვერ იტყვი, რომ ის შეიძლება იყოს კარგი თუ ცუდი). ხოდა დიმამ თქვა, რომ ფილოსოფიის ენამ, ანუ ისეთმა, რომელიც დაკავშირებულია "გააზრებასთან" აზრის და საზრისის წარმოებასთან, თავისი თავი ამოწურა. რომ მაგ. დელიოზის იქით წასვლა ამ ენაზე საერთოდ შეუძლებელია. მაქსიმუმი, რაც შეუძლია ფილოსოფოსს გააკეთოს, ამ ენის ვარიირებაა, მაგრამ უფრო შორს ვერ წავა. არსებობს გარკვეული ზღვარი, რომლის იქითაც გადასვლა არ შეიძლება. და ეს ზღვარი მიღწეულია. რას ნიშნავს ამ ზღვარის მიღწევა?


როდესაც ფუკუიამა ლაპარაკობდა ისტორიის დასასრულის შესახებ, შეიძლება რაღაც იგრძნო, რაც ძალიან მარტივად აღწერა, მაგრამ საინტერესო მეტაფორა მაინც შექმნა. შეიძლება სინამდვილეში სხვა რაღაცაზეა ლაპარაკი. მაგ. დღევანდელი ფუტუროლოგები წერენ, რომ ჩვენი წარმოდგენა მომავლის შესახებ ყოველთვის კავშირშია აწმყოსთან, ანუ როდესაც ჩვენ მომავალს წარმოვიდგენთ, წარმოვიდგენთ რაოდენობრივად, მაგრამ არა ხარისხობრივად ტრანსფორმირებულ აწმყოს. ანუ, ისტორია დამთავრებულია დროში და ვრცელდება სივრცეში (დაახლოებით ეს იყო ფუკუიამას იდეაც). ხარისხობრივად განსხვავებული მომავლის წარმოდგენა ფუტუროლოგს არ შეუძლია.


პრინციპში, სიმბოლური ფორმების (ფილოსოფიის და მითოსის (ლიტერატურა და ხელოვნება) ერთ-ერთი (შეიძლება არაპირდაპირი) ფუნქცია მომავლის მოდელირებაა. რაღაცის შემოთავაზება, რაც ადამიანის ცხოვრებას ენერგიას და სურვილს სძენს (ეს დიმაა: არა აზრს, არამედ სურვილს). ჰოდა, აქედან გამომდინარეობს ორი რამ: ერთი რომ სიმბოლური ფორმების კრიზისი იმის მანიშნებელია, რომ დღევანდელი ადამიანი არ არის რეპრეზენტირებადი: არ არსებობს არანაირი შინაარსი, რომელიც შეიძლება საერთოდ გამოხატვადი იყოს. ამიტომაც რეპრეზენტაცია (ნებისმიერი) გადაიქცევა სიმულაციად (ეს ბოდრიარის მკითხველს კარგად მოეხსენება). მეორე, რომ "განმანათლებლური" ეპისტემა (ანუ ეპისტემა, რომესაც ფუკო ადამიანის ცოდნის ეპისტემას ეძახის), მოდერნულობა (თავისი პოსტმოდერნიანად) დამთავრდა. და ეხლა ვართ ნაცრისფერ ზონაში, როდესაც ის ახალი, რასაც ვერ წარმოიდგენენ ფუტუროლოგები, ჯერ არც დამდგარა და არც წარმოდგენადი (ანუ რეპრეზენტირებადი) არ არის. (ერთადერთი, რასაც ისტორიის დასასრული შეიძლება ნიშნავდეს ის არის, რომ ისტორიის გარკვეულმა ისტორიულმა ცნებამ თავისი თავი ამოწურა).


მოკლედ ის სიმბოლუი ფორმები, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს: ენა, გინდა ფილოსოფიის, გინდა ხელოვნების, არანაირად არ არის ადეკვატური . ამიტომ ვერც ფილოსოფოსი და ვერც ხელოვანი ვეღარაფერს ვეღარ ამბობს (სამაგიეროდ ენა მითვისებული აქვს პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია მოკლევადიანი სურვილები აღძრას). ასეთ ნაცრისფერ ზონებში რამდენიმე გამოსავალი არსებობს ერთ-ერთი რენესანსია: როდესაც შენ არ გაქვს კულტურული ფორმების გენერირების უნარი, მიმართავ წარსულს, რომელიც გაძლევს გამოხატვის საშუალებას (ასე "აღმოაჩინა" ბრუნელესკიმ გუმბათი). რენესანსი (ბანალური, მაგრამ არა ყოველთვის გაცნობიერებული რამე რომ ვთქვა), არ ნიშნავს გამეორებას - ეს ტრანსფორმაციაა, რომელშიც ძველი და ახალი ახალ კონსტელაციაში ექცევა. დიმას გამოსაცალიც რენესანსია, ოღონდ არა ანტიკური ფორმების, არამედ ალქიმიურის. ალქიმიის ანალოგიური ენა (მასთან ერვროპულ ფილოსოფიაში ნიცშე უფრო ახლოს არის ვიდრე ბატაი) არის ის ენა, რომელმაც "რაციოს" გვერდის ავლით "გაცნობიერების" უფრო ცოცხალი და სხარტი საშუალებაა.


1 comment:

MachineSp1rit said...

ვერ გავიგე რატომ გონია ავტორს რომ ფილოსოფიაში და ლიტერატურაში არაფერი ახლის თქმა არ შეიძლება. უფრო მართებული იქნებოდა გვეთქვა რომ შეიძლება მაგრამ არ გამოჩნდება, დაახლოების იმის ანალოგიაა, ტყეში ხემ რომ წაიქცეს და ირგვლივ არავინ იყოს ხმა თუ იქნებაო. თუ ეს იგულისხმება მაშინ ვეთანხმები სტატიის ავტორს, თუ პირდაპირი გაგებით წერს, მაშინ არ ვიცი.