Wednesday 8 June 2011

Natural Born Conformist


 

ალბათ ნანახი გექნებათ მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო კლიპი „მიშა მაგარია“ - ამ კლიპის რეჟისორის, მუსიკის ან ტექსტის ავტორის არც სახელი ვიცოდი, არც გვარი, კლიპს კი უბრალოდ კურიოზად აღვიქვამდი. ოღონდ ცოტა ხნის წინ ერთ დისკუსიაში ამოვყავი თავი, სადაც უცნაური რამ შევიტყვე: პატივცემულ ლიფონავას - ასეთი ყოფილა კლიპის ავტორის გვარი - თავი ნონკონფორმისტი ჰგონებია. აი, რას ამბობს ლიფონავა ამ კლიპის შესახებ ინტერვიუში (როგორც ჩანს ნონკონფორმისტულ) გამოცნმასთან ტაბულა-Art:http://tabulaart.ge/cinema-giorgi-lifonava/


“ეს კლიპი გადავიღეთ იმ პირობებში, როდესაც სააკაშვილის რეიტინგი ყველაზე დაბალი იყო. ჩემი აზრით, მაშინდელ ვითარებაში ეს მკვეთრად გამოხატული ნონკონფორმისტული ნაბიჯი იყო. თან ეს ჩვეულებრივი შეკვეთა იყო, რომელიც უნდა შეგვესრულებინა ისევე, როგორც სხვა მსგავსი შეკვეთები. მაგრამმიშა მაგარიაამავე დროს ჩემი და ჩემი მეგობრების განწყობასაც გამოხატავდა. ძალიან საშიში სიტუაცია იყო ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. საშიშროება იყო, რომ ყველაფერი, რაც მოპოვებული გვქონდა იმ პერიოდისთვის, დაგვეკარგა. ამ საშიშროებას ვგრძნობდით და, გულწრფელად ვამბობ, გვქონდა შეგრძნება, რომ რაღაცას ვაკეთებდით ქვეყნისთვის. ვიცი, რომ ბევრისთვის ეს დღემდე დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ასეა. ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვინც ცოტათი მაინც პროგრესულად აზროვნებს, ავტომატურად გამოდის ხელისუფლების მომხრე. მე ვერ დავუჭერ მხარს ოპოზიციას, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ქსენოფობია, ჰომოფობია და ..”

 

კლიპი გემახსოვრებათ:


 პრიმიტიული მუსიკა, პრიმიტიული ტექსტი, შესაბამისი რეჟისურა. არავინ მოითხოვს წინასაარჩევნო კლიპისაგან არტისტული ყვავილების თაიგულს. ვერც იმას მოვთხოვთ ავტორს, შეკვეთები არ მიიღოს. ბუნებრივია, ავტორის ნებაა მხარი დაუჭიროს ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკურ იდეას.  მოსწონდეს ან არ მოსწონდეს ესა თუ ის პოლიტიკოსი. მაგრამ პატივცემული ლიფონავა ამით არ კმაყოფილდება: არც შეკვეთით, არც მოქალაქეობრივი პოზიციის და ბიზნეს-ინტერესების თანხვედრით, მას, მებადურის ცოლისა არ იყოს, კიდევ უფრო მეტი უნდა: ნონკონფორმისტი არტისტის სახელი.


სწორედ ამ უცნაურმა კომბინაციამ გადამაწყვეტინა ერთი-ორი სიტყვა მეთქვა ამ თემაზე. არ ვისაუბრებ ლიფონავაზე, როგორც არტისტზე (მგონი მიზეზების ახსნა საჭირო არ არის), არამედ ლიფონავაზე, როგორც სიმპტომზე. რის სიმპტომზე? ბექა მინდიაშვილმა ამას წინათ მშვენიერი სტატია დაწერა ქართულ ინტელიგენციაზე, რომელსაც „გადაშენების პირას“ ერქვა. http://www.tabula.ge/article-4397.htmlროგორც აღმოჩნდა, საბჭოთა ინტელიგენცია მთლად გადაშენების პირას არაა.

საბჭოთა ხელოვანებს (განსაკუთრებით კი საბჭოთა ქართველ არტისტებს) საკუთარი იმიჯის შესანარჩუნებლად შესანიშნავი ფორმულა ჰქონდათ მოგონებული. მიუხედავად იმისა, რომ პარტიისა და მთავრობისაგან პრივილეგიებს იღებდნენ, ბინების, აგარაკების, მანქანების და საგზურების სახით, ანუ საბჭოთა რეჟიმში ყველანაირად ჩაწერილები იყვნენ, თავს მაინც პატრიოტებად, ეროვნულ ფასეულობების მცველებად და, ყველაზე გაბედულები, დისიდენტებადაც წამროიდგენდნენ ხოლმე. აი ეს შესანიშნავი ფორმულა ძველმა, საბჭოთა ინტელიგენციამ ხელშეუხებლად გადასცა არტისტთა შემდეგ თაობას.


თუმცა, მთლად ხელშეუხებლად არა. პოსტსაბჭოთა ხელოვანმა „სულიერის“ ("ერის წყლული მაჩნდეს წყლულად") და მატერიალურის (ბინა, აგარაკი, „პაეზდკები") შერწყმის ახალი ჰორიზონტები გახსნა. საბჭოთა არტისტები, პარტიისგან დაფასებულნი რომ ყოფილიყვნენ, გარკვეული პირობები მაინც უნდა შეესრულებინათ: სოციალისტური რეალიზმის პრინციპებისათვის ძალიან აშკარად არ უნდა ეღალატათ. ანუ ავანგარდის ნებისმიერი ელემენტი (საბჭოთა ნომენკლატურით ფორმალიზმი) საკუთარი პოზიციის დაკარგვას ნიშნავდა. ფორმალური ექსპერიმენტი (არტისტული რევოლუცია) იმდენად სახიფათოდ იყო მიჩნეული, რომ შეიძლებოდა ნამდვილი რევოლუციისთვისაც კი მიეცა დასაბამი. ასე რომ, პარტიული პატრიოტი საბჭოთა არტისტები ავანგარდისტის სახელს ნამდვილად ვერ დაიჩემებდნენ. იმისი თქმა მინდა, რომ მათთვის გარკვეული (რამდენად მისაღები სხვა საქმეა) პრინციპები და საზღვრები არსებობდა. საბჭოთა ინტელიგენტს ჰქონდა თავისი სახე (მოგვწონდა ის თუ არ მოგვწონდა ასევე სხვა საქმეა).


კიდევ ერთხელ გადავხედოთ ლიფონავას არგუმენტაციას: კლიპის გადაღების მიზეზები იყო ა) ჩვეულებრივი შეკვეთა ბ) ფასეულობების თანხვედრა შემკვეთს და შემსრულებელს შორის. თავი დავანებოთ იმას, რომ ლიფონავა, რატომღაც თავს ვალდებულად გრძნობს, კლიპის გამო თავი იმართლოს. ეს თავის მართლება კი სამსაფეხურიანია. კარგია, როცა შეკვეთა ემთხვევა შენს ფასეულობებს, არ გიწევს სინდისთან კომპრომისებზე წასვლა - საფრანგეთში, ოკუპაციის დროს,  პატრიოტი მეძავები წინააღმდეგობის წევრებს უფრო დიდი სიამოვნებით ემსახურებოდნენ (და ხანდახან ფულსაც არ ართმევდნენ) ვიდრე ფაშისტებს - მაგრამ მესამე კომპონენტი?

ამ შემთხვევაში პატივცემულ ლიფონავას ბიზნეს ეგოს და სამოქალაქო ეგოს არტისტული ეგოც დაემატა და თავისი წილი პატივისცემა მანაც მოითხოვა. იმიტომ რომ შეიძლებოდა ვიმეს მისთვის, რახან მმართველი გუნდის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდასაჭერი კლიპი გადაიღო (business as usual) და თან ამ კანდიდატს თვითონაც უჭერდა მხარს („სამშობლოსთვის არ დავზოგავთ დავს“), ვიმეს შეიძლებოდა მისთვის კონფორმისტობა დაედო ბრალად (და ალბათ დასდო კიდეც, არ ვიცი). აბა კონფორმისტი არტისტი სად გინახავთ? არტისტი ხომ (ლიფონავას აზრით) ნონკონფორმისტი უნდა იყოს, (სავარაუდოდ, პატივცემულ ლიფონავას იოსებ კობზონს ჯიმ მორისონი ერჩივნა, თუმცა ალბათ იოსებ კობზონიც ახერხებდა სამოქალაქო პოზიციისა და ბიზნესინტერესების ერთობ ელეგანტურად შეერთებას -  მართალია, იმ ზომამდე არ მისულა, ეთქვა, რახან მოსახლეობაში არაპოპულარულ კგბ-ს სიმღერებს ვუმღერი ნონკონფორმისტი ვარო).

პრობლემა ავტორის ამ სამ ეგოს შორის გაუგებრობაშია (თუ გახსოვთ ანეკდოტი სამთავიან გველეშაპზე, ორ თავს რომ დალევა უნდა და ერთს ტარკოვსკის ყურება - აი დაახლოებით ეგრე). ბიზნეს და სამოქალაქო ეგო ერთს ითხოვენ (ანუ ხელისუფლების მხარდაჭერას), არტისტული ეგო კი მეორეს (ნონკონფორმიზმს). მაშ რა უნდა ვიღონოთ ამ სიტუაციაში?  გამოსავალი მარტივია: გამოვაცხადოთ კონფორმორმიზმი ნონკონფორმიზმად. ოღონდ, ლიფონავასთვის ნონკონფორმიზმი არტისტული კატეგორია არ არის. ეს პოლიტიკური კატეგორიაა.

დიდი აზრი არ აქვს, ამ სრულიად აბსურდულ პოზიციასთან კამათს, მაგრამ ლიფონავას ილუზიები მაინც უნდა გავუფანტო: ნონკონფორმისტი არტისტი შეკვეთებს არ იღებს. საერთოდ. და პრინციპში. ნონკონფორმისტი (ასევე პრინციპში) ანტისისტემურია. ამიტომ ნონკონფორმისტი ხელოვანი მხოლოდ ანდერგერაუნდში არსებობს. და როგორც კი იქიდან გამოვა, ნონკონფორმისტი აღარ იქნება. ნონკონფორმიზს თავისი (საკმაოდ ძვირი) ფასი აქვს, ლიფონავას კი მისი იაფად ყიდვა მონდომებია. ლიფონავა, არ ვიცი მისთვსის სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნონკონფორმისტი არ არის, ის ერთი ჩვეულებრივი წევრია მთავრობის მხარდამჭერი არტისტების მრავალრიცხოვანი არმიისა. ასე ვთქვათ, იდეოლოგიური ფრონტის რიგითი მეომარია.

მაგრამ უნდა კი ლიფონავას იყოს ნონკონფორმისტი? მემგონი ნონკონფორმიზმი აქ არაფერ შუაშია. მაშ რისი სიმპტომია ლიფონავა? ახალი, ყოველგვარი პრინციპებისაგან თავისუფალი ადამიანის, რომელსაც შეუძლია მეტად ან ნაკლებად წარმატებული ბიზნეს-პროექტების განხორციელება ხელოვნების სფეროში. პროდუქტი, იმისათვის რომ კარგად გაიყიდიოს, რაც შეიძლება ბევრი მიზნობრივი ჯგუფისაკენ უნდა იყოს მიმართული: მთავრობა, პატრიოტები, „სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები“, ბიზნესმენები (შეკვეთებს ვიღებ), ქსენოფობიის და ჰომოფობიის მოწინააღმდეგეები (ანუ ისინი, ვისაც საქართველოში მემარცხენეებს ეძახიან). ოპოზიცია, როგორც მარგინალური, ამ სიიდან გამორიცხულია - ლიფონავა უმრავლესობაზე მუშაობს, არა მარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკურითაც.

ის იმდენად კონფორმულია ბაზრის კანონების მიმართ, რომ თავისი საწინააღმდეგო პოზიციის დაკავებაც შეუძლია: იმდენად უსახურია, რომ შეუძლია ნებისმიერი ნიღაბი მოირგოს. ეს უსახურობა კი კონფორმიზმის უკიდურესი ფორმაა: ის ბუნებრივადაა კონფორმისტი. იმდენად კონფრომრისტია, რომ უკვე იმის თქმაც შეუძლია, ნონკონფორმისტი ვარო. 

13 comments:

Giorgi Tabatadze said...

მომეწონა. მგონია ამ ე.წ სახელისუფლებო ხელოვნების პრობლემა ის არის, რომ მათ უნდათ ის სიკეთეები, ფული და მატერიალური სიკეთე , თან ამავე დროს ხალხის სიყვარული და სახელოვნებო წრეებში სიყვარული და აღმაფრენა. ეს ორი კი შეუთავსებელია, ან ამბობ ამ სიკეთეებზე უარს და მიდიხარ პრინციპებით ან კიდევ მიიღებ ამ სიკეთეებს და ხარ შენთვის მშვენიერ აუზიან ვილაში წამოკოტრიალებული. ფულიც და აღიარებაც არ გამოდის მაშინ, როცა მიშა სწორედაც რომ არ არის პროგრესული და გაცვდა.

Sopho said...

სასაცილოა ლიფონავას ნონკონფორმისტობა, მართლა ძალიან ბევრი მოუნდომებია.
რაც სეეხება საბჭოთა ინტელიგენციას და კონკრეტულად კინორეჟისორებს, არ ვიცი ვინ როგორ მატრიალურ სარგებელს ნახულობდა, მაგრამ ფილმებს იღებდნენ ისინი ლიფონავასგან განსხვავებით, ნამდვილ ფილმებს, და თღეს თ არსებობს ქართული კინო ეს მათი დამსახურებაა. ფაქტიურად მთელი ქართული კინო საბჭოთა პერიოდშია გადაღებული.

Katiée.Ge said...

პროფესიონალურად დაწერილი კრიტიკული რეცენზიაა.
ეს კორექტულ ენაზე.
არაკორექტულად კი - ამას ქვია გადავლა :D

Lasharela said...

ანეგდოტი მაინტერესებს სამთავიან გველეშაპზე :)

არ ვიცი შენ წარმოიდგინე და :)

რასაც პოსტში ბაზრობ კარგია და გავიგე, უბრლაოდ ცოტა ჩახლართულად ამბობ :)

კალამბურს თუ ენის გასატეხს გავს, ნონკომფორმისტი განონკომფორმისტებულა (დათვალე რამდენჯერ გიწერია (ნონ)კომფორმისტი ტექსტში :) ) დამღალა...

ეს კრიტიკა არა, უბრაოდ "გლეხებმაც" რო მსუბუქად წავიკითხოთ :) ზეთს ოლ :)

Zaal Andronikashvili said...

xuso, ზუსტად ეგრეა.
lasharela, აი, ანეკდოტი: Летит Змей Горыныч, трехголовый, конечно, и встречает Илью Муромца.
Змей Горыныч, первая голова, говорит:
- Илюша, будь другом, отруби мне одну голову!
- Ты чего?! Крыша поехала?
- Да нет... Собрались тут в кино слетать. Две головы хотят боевичёк смотреть, а третья "Тарковского, Тарковского!... Дура очкастая!

Lasharela said...

გაასწორა :))

კომენტარებს ეს ქაფჩერინგით დაცვა გაუტიშე რა. არ დაისპამება ბლოგი მენდე (როცა მქონდა ბლოგი, ეგრე მქონდა და ყველაფერი ოკ იყო)

Zaal Andronikashvili said...

ოღონდ ქაფჩერინგით დაცვა რა არის, ისიც მითხარი:-)

guga said...

dzalian yle statiaa!
ginda da aketeb = nonkonformizmi
ar ginda da keteb = konformizmi

rac sheexeba undergaunds, aq cota sxva fenomenTan gvaqvs saqme. aq mtavroba gvexvetseba undergraunduli duxis daqoqvas da xalxi vetsinaaghmdegebiT, imitom rom tkbili tyuilebi gvirchevnia (chvenobiT pirobiTad vtser) yvelafers. es statia adamianis tsarmatebiT gamotsveuli shuriani arsebis monabods ufro gavs, vidre xarisxian kritikas. me bodishi

Zaal Andronikashvili said...

ჰო, ორიგინალური შეფასება იყო:-)
საქმე ზუსტად მაგაშია: მთავრობა რომ ანდერგრაუნდის ხელოვნურად შექმნას მოინდომებს, გამოვა ლიფონავა. ან ნებისმიერი სხვა მეინსტრიმი (ოღონდ იდეოლოგიზირებული).
კომენტარის მეორე ნაწილი ვერ გავიგე: ლიფონავა თუ წარმატებული იყო საერთოდ არ ვიცოდი, და თუ წარმატებულია, ეგეთი წარმატების შემშურებელს რაღა ვუთხარი;-) აბა მაგრად!

Sofia said...

მორიგი ნიუდაჩნიკისა და ცხოვრებაზე გაცოფებული ადამიანის ბოდვა :)) როცა აღარ იციან რა თქვან და უკანალიდან გამოძრობილ მიზეზებს დასდევენ :)))) ხელი ჩაჭიდეთ ერთმანეთს ამაშუკელის თამადობით და აბა თქვენ იცით :)))) თბილისში ერთი მდინარეა თქვენივე ხასიათის ინგრედიენტებით შეზავებული, არ გაუჭირდება ათვისება :)))))) ვაახ რავა ამ ქვეყანაშია ყველას მამიდა პატიოსანი :))) ვინც ახლა იხევს კალთებს "ვაის" ძახილით, სინამდვილეში ერთი სული აქვთ მათ ადგილას აღმოჩნდნენ, ვისი მისამართითაცაა ეს "ვაი"...
P.S. გააკეთეთ უკეთესად და ყველაფერი უკეთესად იქნება :) თუ არადა მიიღეთ როგორც არის და მოკეტეთ :))))))))))))))

Zaal Andronikashvili said...

sofia, უკაცრავად, მაგრამ "ნიუდაჩნიკი" ვინ არის? - ისე, სასაცილო კომენტარი იყო but, alas, misses the point totally "უდაჩას" გისურვებთ;-)

Lasharela said...

Zaal Andronikashvili
კომენტარის დაწერა რომ გინდა და აბა თუ ადამიანი ხარ ქვემოთ რომ დაკლაკნილი ასოები წერია, ის აკრიფეო რო გეუბნება :))
ეგ გამორთე და არაავტორიზებულ (ე.წ. ანონიმუსებს) მიეცი საშუალება დაგიტოვონ კომენარი. ასე უფრო მრავალფეროვანი კომეტნარები გექნება :)

Unknown said...

ძალიან მაგარია :)))) ოიიი, კობზონზე ძალიან ვიცინე.
ისე ახლახანს მიხსნიდა ჩემი ერთი ფრენდი ამ ტიპის მოვლენებს და ამჟამად საქართველოში სუპერარაპოპულარული დოსტოევსკი მოიშველია: Право на бесчестие.
არადა, ვიცნობდი გიორგის, ასისტენტი იყო პირველ არხზე, თავაზიანი და ჩუმი. აი ახლა კი "პროგრესული ნონკონფორმისტი" გამხდარა- wow!