"radgan maqsimaluri Tavisufleba yovelTvis emTxveva saxelmwifos maqsimalur Zalas. romel Zalas? am sferoSi gansxvavebebze laparaki maT uyvarT, vinc ar emorCileba Zalis iseT koncefcias, romelic arsebiTia saxelmwifosTvis da amrigad – TavisuflebisaTvis. isini ganasxvaveben moralur Zalas materialurisgan: kanonis Zalas, romelic Tavisufali arCevanis Sedegadaa miRebuli da Zaladobriv Zalas, romelic mkacrad zRudavs moqalaqis nebas. es gansxvaveba gulubryvilod SeiZleba miviCnioT, Tu is gulwrfelia! yovelgvari Zala moraluri Zalaa, radgan is nebis mimmarTvelia. da, ra argumentic ar unda gamoviyenoT– qadageba iqneba Tu xelketi – misi efeqturoba isaa, rom saboloo jamSi Sinaganad ubiZgebs adamians, daarwmunebs mas, morCilebisken mouwodebs".
jovani jentile
26 მაისს, მიტინგის დაშლისას, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ათეულობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. დემოკრატიულ ქვეყნებში - ისეთში, როგორიც ჩვენც გვინდა რომ ვიყოთ (ამაში, იმედი მაქვს, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები დამეთანხმებიან) - იწყება გამოძიება (მათ შორის საპარლამენტო დონეზე), შემდეგ ხდება იმის გარკვევა, ვინ დააშავა, დააშავა თუ არა, რამდენად დააშავა და თუ დააშავა რა ფორმით უნდა დაისაჯოს. 28 მაისის, რუსთაველის ძეგლთან გამართული აქციის “არა ძალადობას!” მონაწილეები სწორედ ასეთ გამოძიებას მოითხოვდნენ და აპროტესტებნენ ძალადობას - ანუ სახელმწიფო მოხელეების მხრიდან ძალის კანონით დაშვებულზე მეტად გამოყენებას. მგონი დიდი მარჩიელობა არ უნდა დასჭირვებოდა იმის გაგებას, რომ ძალადობა, ამ შემთხვევაში, არის კანონგარეშე ძალა.
“არა ძალადობას” პოლიტიკური პოზიციაა: მიმართული იმისკენ, რომ მთავრობამ სახელმწიფოს სახელით თავისი თავი კანონგარეშე არ დააყენოს იმ დროს, როდესაც ვერც პოლიტიკური პარტიები, ვერც ამ პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ინტელექტუალები (იშვიათი გამონაკლისების გარდა) ვერ ახერხებენ “ძალადობის” (ძალის არალეგიტიმურად გამოყენების) გამოძიების მოთხოვნას. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოძიება კი აუცილებელია იმიტომ, რომ სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც თავიანთ თავს კანონზე მაღლა აყენებენ, არა მარტო თვითონ იქცევიან დამნაშავეებად, არამედ სახელმწიფოს დამაჯერებლობას უთხრიან ძირს და შესაბამისად სწორედ იმას აკეთებენ, რასაც თავიანთ ოპონენტს აბრალებენ: იმათ აძლევენ ხელს, ვისაც სახელმწიფოს დასუსტება აწყობს.
რომ მკითხოთ, რამ აიძულა “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა არმია, მძიმე არტილერიით დაწყებული, ახალბედა რეზერვისტებით დამთავრებული, მისეულიყვნენ 28 მაისს, რუსთაველის ძეგლთან გამართული აქციის “არა ძალადობას!” მონაწილეებს, პასუხის გაცემა გამიჭირდება. მაშ რა ედებათ ბრალად აქციის მონაწილეებს? გაგიკვირდებათ, მაგრამ “ძალადობის” გაპროტესტება.
ასე, მაგალითად, ჟურნალმა “ტაბულამ” გამოაქვეყნა ზაზა ბიბილაშვილის წერილი "მორალს ამოფარებული უზნეობა ანუ რა უნდოდათ ქართველ ინტელიგენტებს". http://www.tabula.ge/article-4511.html პათეტიკური ბანალობების ფუჩეჩს თუ ჩამოვაშორებთ, ხელში შეგვრთება უკვე საკმაოდ შელახული მრწამსი "რა დროს დიფ ფარფლებია ახლა ელ ჯეროა მოდაში” “რა დროს დემოკრატიაა, ახლა ხომ რუსეთის საფრთხე გვემუქრება”, რომელიც თავისი გაქანებით კიდევ ერთი ქვისგამხეთქი არგუმენტის ტოლფასია: “აბა გრეჩიხა გინდათ?!” მარტო ეს სტანდარტული კომპლექტი რომ ყოფილიყო, ბატონი ბიბილაშვილის სტატიაზე საუბარს დიდი აზრი არ ექნებოდა, მაგრამ მისი მამულიშვილური აღშფოთება იმ ხალხმა გამოიწვია, ვინც 28 მაისს პოლიციის ძალადობა [ძალის კანონით დაშვებულზე მეტად გამოყენება] გააპროტესტა. აქ კი ზაზა ბიბილაშვილის აზრის სიღრმეში ჩაყვინთვა მოგვიწევს, თუ გვინდა რომ იქიდან ობოლი მარგალიტი ამოვიყვანოთ. ახლა კი ყურადღებით: თუ აქამდე არ იცოდით რა იყო საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა, ახლა გაიგებთ: “მარადიული (sic!) ქართული ინტელიგენცია”.
მოკლედ, საქართველოს ინტელიგენცია რომ არ ჰყოლოდა, აქამდე ყველა პრობლემას იოლად მოაგვარებდა - რუსეთის საფრთხესაც მარტივად გაუმკლავდებოდა, და სიღნაღიზირებულ სინგაპურსაც უმალ ააშენებდა.
ავტორის, ცოტა არ იყოს, არეული აზრი ლოგიკური თანმინდევრობით რომ დავალაგოთ, გამოვა, რომ “ინტელიგენტები” - ესენი კი, ზაზა ბიბილაშვილის აზრით, ის ადამიანები არიან, ვინც ძალადობა გააპროტესტა - ძალადობას იმიტომ კი არ აპროტესტებენ, რომ მართლა რამე აწუხებთ, ინტელიგენტების “უკმაყოფილობის” (წაიკითხე: მთავრობით უკმაყოფილების) მიზეზი სულ სხვაა. პატივცემული ავტორი იმასაც გვეუბნება, ეს “სხვა” რა არის: ინტელიგენტები ისინი არიან, ვისაც უნდა “ღვაწლის აღიარებაზე დაფუძნებული იმუნიტეტი, პრივილეგიები და მონოპოლია კეთილისა და ბოროტის განსაზღვრაზე...” (სტილი დაცულია).
ამ მონოპოლიას კეთილის და ბოროტის საზღვარზე კი როგორც ეტყობა, ინტელიგენციას ახალი მთავრობა ართმევს. სწორედ ამიტომ ინტელიგენცია ებრძვის ამ მთავრობას სხვადასხვა საბაბით, და “კეთილის და ბოროტის საზღვარზე მონოპოლიის” მოსაპოვებლად მზად არის სული მიჰყიდოს გრეჩიხას, რუსეთს, ეშმაკს… უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს “ინტელიგენციის” სათაურში გამოტანილი “მორალს ამოფარებული უზნეობა”.
ავტორი სტატიის პირველ ნაწილში ვერაფრით ახერხებს იმის დასაბუთებას, რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება და რატომ არის კარგი ძალადობა დაამიტომ მეორე ნაწილში, სასოწარკვეთილი, ასეთ ხრიკს მიმართავს: ამათ ძალადობის გაპროტესტება კი არ უნდათ, ძველი პრივილეგიების დაბრუნება უნდათო.
სამაგიეროდ, რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება გაგვაგებინებს ჩემი პატივცემული კოლეგას, გია ნოდიას სტატია “ანგელოზები და დემონები”.http://www.tabula.ge/article-4500.html განსხვავებით ზაზა ბიბილაშვილის განრისხებული პათეტიკისა ეს წერილი მამაშვილურ-დამრიგებულია და ერთის მხრივ უმწიფარ სულელებს, მეორე მხრივ კი ქალბატონ ჟუჟუნას (რომელიც იმედია “ტაბულას” კითხვით უკვე დამწიფების გზაზეა დამდგარი) უხსნის როგორია სინამდვილეში სამყარო.
მაშ რატომ არის “ცუდი” ძალადობის გაპროტესტება? პატივცემულ პროფესორს უნდა დაგვიმტკიცოს რომ: ა) ძალადობა ბუნებრივია, ამიტომ ვინც ძალადობას აპროტესტებს უმწიფარია. ამ ინფანტილიზმიდან კი ორი რამ გამომდინარეობს ბ)ადამიანებს, რომლებიც ძალადობას აპროტესტებენ, უმანკობა სწყურიათ და ამიტომ ჰგონიათ, რომ თავს პოლიტიკის გარეთ აყენებენ გ) ეს უმანკო ადამიანები სინამდვილეში სულაც არ არიან უმანკოები და ამ ვითომაც არაპოლიტიკური ან ზეპოლიტიკური პოზიციიდან საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას ცდილობენ.
რა მიზნების მიღწევას ცდილობდნენ აქციის მონაწილეები, გია ნოდია პირდაპირ არ გვეუბნება, მაგრამ ტექსტში არის ერთი ადგილი, რომელმაც შეიძლება მიგვახვედროს ავტორის აზრის მიმართულება: “საუბარი იმაზე, რომ ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლა “არაპოლიტიკურია”, უბრალოდ ეშმაკური ფანდია, რადგან აქ ის პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის მცდელობასაც გულისხმობს”. თუკი დავურუნდებით არგუმენტაციის პირველ ნაწილს, ასეთ კონსტრუქციას მივიღებთ: რადგან აქციის მონაწილენი ინფანტილურები არიან (არ აღიარებენ ადამიანის ბუნებას) და შესაბამისად ეშინიათ ძალაუფლების და პასუხისმგებლობის, ამიტომ ისინი თავიანთი ვითომ “არაპოლიტიკური პოზიციით” მხარს უჭერენ “რეჟიმის” შეცვლის მოსურნეთა სხვა ჯგუფებს. აქაც, საბოლოო ჯამში, ხელში შეგვრჩა გამონათქვამი “ამათ გრეჩიხა უნდათ” (შეიძლება არც უნდათ, მაგრამ რახან სულელები არიან, ანუ, როგორც ლენინი იტყოდა, სასარგებლო იდიოტები, ისე გამოსდით, რომ მაინც “მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს”).
გია ნოდიას არგუმენტაცია ჩანაცვლებათა და დაბრალებათა სერიაზეა აწყობილი:
- ძალადობის გაპროტესტება მას ესმის არა როგორც პოლიციის მიერ ძალის კანონით დაშვებულზე ზედმეტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული პროტესტი, არამედ როგორც “ადამიანის ბუნების” წინააღმდეგ მიმართული პროტესტი.
გია ნოდია, ზაზა ბიბილაშვილისგან განსხვავებით, პირდაპირ შეტევას არ იწყებს აქციის მონაწილეებზე - აკადემიური უნარჩვევებიდან გამომდინარე ის პოზიციის კრიტიკას ცდილობს. მაგრამ რადგანაც პოზიციის კრიტიკას ამ პოზიციის არ ვიცი შეგნებული თუ შეუგნებელი დამახინჯებით იწყებს - რომელზეც შემდგომი, არერთი მარგალიტით დამშვენებული არგუმენტაციაა აწყობილი, ძალიან მალე კრიტიკიდან დისკრედიტაციაზე გადადის.
რა აძლევს ავტორს იმის საშუალებას, რომ “ძალადობა” ადამიანის ბუნებად მიიჩნიოს? როგორც პოლიტიკის, ისევე ძალადობის განმარტებებში გია ნოდია გერმანელ სოციოლოგ მაქს ვებერს ეყრდნობა (უფრო შორეულ პერსპექტივაში კი ინგლისელ ფილოსოფოს თომას ჰობსს, რომელიც ვებერისთვისაც ერთ-ერთი მთავარი წყაროა).
განსხვავებით არისტოტელესაგან, ჰობსისათვის ბუნებრივი მდგომარეობა არის ყველას ომი ყველას წინააღმდეგ (ადამიანი ადამიასთვის მგელია). ამ მდგომარეობიად თავის დასაღწევად ადამიანები თანხმდებიან, თავიანთი უფლებების (მათ შორის ძალადობის უფლების) დათმობაზე, სწორედ ეს შეთანხმებაა სახელმწიფოს - ლევიათანის დაბადების მომენტი. [სწორედ აქედან გამომდინარე ასკვნის გია ნოდია, რომ “ძალადობა ბუნებრივია”, თუმცა, ალბათ ბუნებრივი მდგომარეობის შესახებ სხვა წიგნებიც წაუკითხავს]. დავუშვათ, რომ გია ნოდია ჰობსს აფირმატიულად კითხულობს. ჰობსთან ძალა, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, „პოტენციური“ ძალაა, რომლის შიშითაც აღკვეთილია ძალის ალტერნატიული ცენტრები და შესაბამისად „ბუნებრივი მდგომარეობის“ დაბრუნების საშიშროება. მაგრამ ჰობსთანაც კი სახელმწიფოს - რომელიც ამქვეყნიურ, ანუ მოკვდავ ღმერთად არის წარმოდგენილი - ძალის გამოყენება შეზღუდულია „კონტრაქტით“ [და არა კონტროლით, როგორც მაგალითად ჰგონია ჟურნალ ტაბულას თანამშრომელს, სანდრო თარხან მოურავს]. ანუ ბუნებრივიდან კულტურულ სფეორშია გადმოსული - კულტურა კი იქ ჩნდება, სადაც ბუნებრივი (როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ) ადამიანების მიერ შეთანხმებული კანონებით მოითოკება. სუვერენი, რომელიც მის ხელში კონცენტრირებულ ძალას უკანონოდ იყენებს, ტირანია.
მოხსენებაში “პოლიტიკა როგორც პროფესია” ვებერი ამბობს: “როგორც ტროცკიმ ბრესტ-ლიტოვსკში თქვა, ყოველი სახელმწიფო ძალადობას ემყარება. ეს მართლაც ასეა”. (ტროცკი ბრესტ-ლიტოვსკში სავარაუდოდ იხსენებდა ლენინის შრომას “სახელმწიფო და რევოლუცია”). ვებერისათვის ძალადობა არ არის სახელმწიფოს ერთადერთი საშუალება, მაგრამ ეს მისი სპეციფიური საშუალებაა იმ თვალსაზრისით, რომ სახელმწიფოს გააჩნია ძალადობაზე ლ ე გ ი ტ ი მ უ რ ი მონოპოლია. განსხვავებით ლენინისაგან და ტროცკისგან, ვებერს აქცენტი სწორედ ლეგიტიმურობაზე გადააქვს. ეს კი იმას ნიშნავს,რომ სახელმწიფო ფიზიკური ზემოქმედების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეულ ჩარჩოებში იყენებს. ამ ჩარჩოებს გარეთ გასვლა სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლებს კანონგარეშე აყენებს.
არ ვიცი, ამდენი ლაპარაკი რად უნდოდა იმას, რომ ფრაზა „არა ძალადობას“ იმას კი არ ნიშნავს, რომ ვიღაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებდა, ადამიანის ბუნებიდან ძალადობისაკენ მიდრეკილება გააქრეო, არამედ იმას, რომ არავინ, მათ შორის მთავრობამ (რომელიც სახელმწიფოს მართავს ხალხის სახელით და მანდატით კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე) არ უნდა დააყენოს თავისი თავი კანონზე მაღლა. გია ნოდია თავის სტატიაში სწორედ ამ ჩანაცვლებას აკეთებს ანუ აქციის მონაწილეებს ლეგიტიმურ და არალეგიტიმურ ძალადობას შორის განუსხვავებლობას მიაწერს. და ამ ჩანაცვლების საფუძველზე ცდილობს თავის ოპონენტთა პოზიციის, როგორც ინფანტილურის, დისკრედიტაციას.
მაშ რა გააკეთეს აქციის მონაწილეებმა? მათ პოლიტიკური ნაბიჯი გადადგეს - ამაში გია ნოდია სავსებით მართალია. ეს არის პოზიცია, რომელიც გამოიწვია როგორც სახელისუფლებო ისევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის (პარტიების) უუნარობამ, წარმოადგინონ და დაიცვან ამ ადამიანების (ან ორგანიზაციების) ინტერესი იცხოვრონ ისეთ სახელმწიფოში, რომელშიც კანონის უზენაესობა იქნებოდა უზრუნველყოფილი. რატომ შეიძლება ასეთ სამოქალაქო პოზიციას ინფანტილური ერქვას, ალბათ გია ნოდია განგვიმარტავს.
რატომ გახდნენ აციის “არა ძალადობას!” მონაწილეები “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერთა მასიური შეტევის ობიექტები?
საქართველოს ევროპული (ევროატლანტიკური) არჩევანი არ არის არც “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებული, არც “ნაციონალური მოძრაობაა” ამ არჩევანის ერთადერთი მომხრე, არც ის გზაა ერთადერთი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს ამ მიზნის მისაღწევად (რა თქმა უნდა თუკი დავუშვებთ, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” რაიმე გააზრებული პოლიტიკა აქვს და არა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცვლადი ტაქტიკა) – შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ვინც “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს, ავტომატურად ხვდება ბურჯანაძის (ან გრეჩიხას) ბანაკში - მოკლედ იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ მოღალატეებად მოიხსენია, უბრალოდ ტყულია - “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მითოსის ნაწილია.
1 comment:
ძლიან კარგია ზაალ... "ევროპული სტანდარტების" არგუმენტ–გაუმტარი ჟილეტებითა და ჩაფხუტებთ ეკიპირებულ ტაბულას მძიმე დემაგო – არტილერიას რა თქმა უნდა ვერაფერს დააკლებს, მაგრამ მე ძალიან მომეწონა:)
Post a Comment