Saturday, 23 May 2009

ერთი ილუზიის ისტორია. ძლიერი სახელმწიფოს სიმბოლიკა, რიტორიკა და პრაქტიკა


კამო: ლენინ, რევოლუცია კოტრაწეს?
ლენინი: ჩე კამო, რევოლუცია ჰეთ ქაჩვაწ ერ.

საქართველო თავის გეოპოლიტიკურ ადგილს ევროპულ, ევრო-ატლანტიკურ და არა ევრაზიულ ან პოსტსაბჭოთა სივრცეში ხედავს. გეოპოლიტიკურმა არჩევანმა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ გაკეთდა, შესაბამისი პოლიტიკური ფორმა ვერ შეიძინა. ვარდების რევოლუციის პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების ნაწილი სწორედ ამ ფორმის შექმნისკენ იყო მიმართული (ეკონომიკური კანონმდებლობის ლიბერალიზაცია, განათლების და პოლიციის რეფორმა, ენერგეტიკული პრობლემების დაძლევა, კორუფციის ყოფითი სფეროდან გაძევება, ინფრასტრუქტრული რეფორმების დასაწყისი). საქართველო სახელმწიფო გახდა, ოღონდ სახელმწიფო, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან შორსაა თავისი გეოპოლიტიკური არჩევანის ადეკვატური პოლიტიკური ფორმისაგან. ამ ფორმის პოვნა გაცილებით უფრო რთული და შრომატევადი აღმოჩნდა, ვიდრე 2003 წლის ნოემბერში ეჩვენებოდათ „რევოლუციონერებსაც“ და საქართველოს მოქალაქეებსაც. პოსტრევოლუციური ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა სახელმწიფოს იდეის უხეირო იდეოლოგიით ჩანაცვლება იყო (ისე, კაცმა რომ თქვას, ალტერნატიული მოდელის შემოთავაზებით არავის შეუწუხებია თავი), რომელიც საბოლოო ჯამში პოლიტიკური ფორმის ჩამოყალიბებისათვის კონტრპროდუქტიული გამოდგა.

პოსტრევოლუციური საქართველო მნიშვნელოვან წილად უარყოფას ემყარება. ის, რაც არ უნდა იყოს პოსტრევოლუციური სქართველო, შევარდნაძის საქართველოა. შევარდნაძის საქართველოს „იმპლიციტური ფილოსოფიის“ გასაღები სიტყვა „სტაბილურობა“ იყო. სტაბილურობა „სოციალური შეკვეთა“ იყო ოთხმოცდაათიანების დასაწყისში, მაგრამ შევარდნაძემ იმდენი მოახერხა, რომ სტაბილურობის იდეა სრულ აბსურდამდე და საბოლოო ჯამში მის სრულ წინააღმდეგობამდე, უფრო ავად ვიდრე კარგად მართულ ქაოსამდე მიიყვანა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ადრეულ გამოსვლაში თავისი წინამორბედის და პოლიტიკური ნათლიის სახელმწიფოს ასე ახასიათებდა: „არშემდგარი, დეზინტეგრირებული, ღირსებაშელახული და სრულიად დემორალიზებული”, სახელმწიფო, “რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი”, სახელმწიფო, სადაც “ბატონობდა კორუფცია, დაუსჯელობა და უკანონობა,” სახელმწიფო, “რომელსაც არ გააჩნდა ბიუჯეტი და არ სრულდებოდა მოქალაქეთა წინაშე აღებული არცერთი სოციალური ვალდებულება, ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა.” ეს იყო “თავდაცვისუუნარო” სახელმწიფო, “რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი შელახული, ორიენტირი კი დაკარგული ჰქონდა, არ გააჩნდა ეროვნული იდეოლოგია და პატივს აღარავინ სცემდა. დაკარგული ჰქონდა იმის უნარიც, რომ მიზანი ჰქონოდა.”
პოსტრევოლუციური სახელმწიფო შევარდნაძის სახელმწიფოს “ანტონიმია”, ანუ აქვს (ან უნდა ჰქონდეს) ყველა ის ატრიბუტი, რომელიც შევარდნაძის საქართველოს არ ჰქონია, ჰყავს შედარებით არაკორუმპირებული და ეფექტური სახელმწიფო აპარატი, პოლიცია, ჯარი, თადაცვისუნარიანია, ასრულებს მოქალაქეთა წინაშე აღებულ სოციალურ ვალდებულებებს, აქედან გამომდინარე აქვს საერთაშორისო ავტორიტეტი. ჩამოთვლილი კრიტურიუმები ესტონეთს და ვთქვათ ვენესუელას ერთნაიერად მიესადაგება. ერთ შემთხვევაში შეუმდგარი სახელმწიფოს ვხედავთ, მეორეში კი სახელმწიფოს. საქმე იმაშია, როგორი უნდა იყოს ეს სახელმწიფო? 







როგორი უნდა იყოს დათვი?
ძალა შეგეწიოს!
ვარსკვლავეთის ომები

შეკითხვაზე, როგორი უნდა იყოს პოსტრევოლუციური საქართველო, მისმა პოლიტიკურმა ელიტამ (მმართველმა პარტიამ და პრეზიდენტმა) ასეთი პასუხი გასცა: საქართველო უნდა იყოს “ძლიერი სახელმწიფო”. 
პირველ რიგში სიტყვა “ძლიერი” ქართული სახელმწიფოებრიობის ტრადიციულ სისუსტეს ეხმაურება და სიმბოლურად, რიტორიკულად და პრაქტიკულად ამ სისუსტის დაძლევას ცდილობს. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა შეიცვალა. თუკი ადრე საქართველო, სიმბოლიკით თუ ვიმსჯელებთ, თავს 1918-21 წლის სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეთ თვლიდა, პოსტრევოლუციურმა საქართველომ ამ მემკვიდრეობაზე უარი გამოაცხადა. ეს უარი ერთის მხრივ პირველი რესპუბლიკის მარცხისაგან, მეორე მხრივ კი მისი მემარცხენეობისაგან დისტანცირებას გულისხმობს. (ქართული პოლიტიკური ისტებლიშმენტის თითქმის რელიგიური მემარჯვენეობა, როგორც ჩანს, მემარჯვენეობის და გამარჯვების და მემარცხენეობის და მარცხის სემანტიკური კავშირიდან გამომდინარეობს).

“ძალა” საქართველოს გერბში ორჯერ არის “ჩაწერილი”. საქართველოს გერბის დევიზი “ძალა ერთობაშია” ამ ძალის წყაროზე მიგვანიშნებს (გათიშული არ შეილება იყოს ძლიერი). ამ მხრივ დევიზი საქართველოს ისტორიიდან გამოტანილ ერთგვარ ფორმულად ქცეულ დასკვნას წარმოადგენს. გერბზე გამოსახული გვირგვინი კი (რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოსათვის, ცოტა არ იყოს, უადგილოა), ძალას და სუვერენიტეტს ერთმანეთთან აიგივებს (სუსტი ვერ იქნება სუვერენული ანუ სუვერენიტეტი არის ძალა). ერთობლიობაში კი საქართველოს გერბი ასეთ ფორმულას გვთავაზობს: რომ იყო სუვერენული უნდა იყო ძლიერი, რომ იყო ძლიერი უნდა იყო ერთიანი. 

საქართველოს გერბი ბაგრატიონების გერბის მოდიფიკაციას წარმოადგენს. პოსტრევოლუციური საქართველო თავის წინამორბედ “ძლიერ” სახელმწიფოს შუა საუკუნეების საქართველოში, უფრო სწორად კი დავით აღმაშენებლის საქართველოში ეძებს და პოულობს. პოსტრევოლუციური საქართველოს იდეოლოგების ფრიად მარტივი ისტორიულლი აზროვნება რომ აღვწეროთ, გამოვა, რომ დავით აღმაშენებლის საქართველო ძლიერი იყო, იმიტომ რომ ერთიანი იყო. ამ ისტორიული პარადიგმის მიხედვით, ერთობა ძალის საწინდარია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ერთობა ძალით მიიღწევა. პოსტრევოლუციური საქართველო გამოგონილი ისტორიული აპორიის ტყვეობაში იმყოფება და აქედან გამომდინარე ძალის კანონის სივრცეში ლოკალიზაციის სირთულეებს განიცდის. მაშ საიდან მოდის ძალა?

ვინ არის სუვერენი?

“ხაჩიკიან იესემ”
მიმინო
“სახელმწიფო - მე ვარ”
ლუი XIV

ფრაზა „ჩვენ ძლიერ სახელმწიფოს ვაშენებთ“ 2004-2007 წლის გამოსვლებში ხშირად მეორდება. "საქართველოს აქვს შანსი,” ამბობდა საქართველოს პრეზიდენტი 2006 წლის მაისში, “კვლავ ძლიერი სახელმწიფო გახდეს, როგორიც იყო ადრე, (ეს “ადრე” სწორედ დავით აღმაშენებლის საქართველოა - ზ.ა.) რომლითაც ჩვენი შვილები იამაყებენ და რომელიც მეზობლების აღფრთოვანების ობიექტი გახდება"(ალბათ სწორედ ამ აღფრთოვანებას გამოხატავენ ჩვენი პოლიტიკოსები ფორმულით “საქართველო გაბრწყინდება”). 2007 წლის ოქტომბერში კი პრეზიდენტი სააკაშვილი ამტკიცებდა, საქართველო ისეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს არისო. “ჩვენ გვყავს ასობით ათასი რეზერვისტი და საუკეთესოდ მომზადებული პროფესიული ჯარი, გვყავს წელში გამართული პოლიცია, გვაქვს ძლიერი სახელმწიფო აპარატი; რაც მთავარია, იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ვვითარდებით და ფეხზე ვდგებით”. ამ გამონათქვამებიდან რამე საერთო აზრი რომ გამოვიტანოთ, გამოვა, რომ ძლიერება არის ჯარი, პოლიცია და სახელმწიფო აპარატი. (ეკონომიკური სიძლიერე არ იგულისხმება, იმიტომ რომ ჯერ “ფეხზე ვდგებით”, მაგრამ სამაგიეროდ, სახელმწიფო აპარატის და “ძალოვანი სტრუქტურების” კუთხით უკვე ფეხზე დავდექით). სააკაშვილის გაგებით ძლიერი სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლება ჰყავს. გარკვეულწილად საქართველოში (ქვეყნის პრეზიდენტი რიტორიკას თუ სერიოზულად მივიღებთ) საქხელმწიფოს და (აღმასრულებელი) ხელისუფლების გაიგივება ხდება. ამგვარ აზროვნებას კი სუვერენიტეტის აბსოლუტისტურ გაგებასთან მივყევართ (გასაკვირი არაა, “მშენებარე” სახელმწიფოს ისტორიულ მოდელს თუ გავითვალისწინებთ). პრეზიდენტის რიტორიკიდან გამომდინარე საქართველოს გერბში ჩაწერილი ფორმულის კორექტირება და ჩანაცვლება ხდება: სუვერენის ადგილს აღმასრულებელი ხელისუფლება იკავებს, რომელიც ძალის და (ქართული გაგებით) სუვერენიტეტის წყარო ხდება. სწორედ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა შექმნას ძალით ერთობა, რომელიც, თავის მხრივ შემდეგ დიალექტიკურ საფეხურზე ძლიერების წყარო იქნება. ანუ ძალის პირველადი მატარებელი და წყარო სწორედ აღმასრულებელი ხელისუფლებაა და არა ხალხი.


საგანგებო მდგომარეობა
ფული დილით - სკამები საღამოს
ილფი და პეტროვი “12 სკამი”

ინსტრუმენტი, რომელიც ერთის მხრივ აღმასრულებელ ხელისუფლებას ძალას ანიჭებს, მეორეს მხრივ კი ერთობას ქმნის საგანგებო მდგომარეობაა. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო გამოუცხადებელი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში ცხოვრობდა, რომელიც ღიად ორჯერ, 2007 წლის ნოემბერში და 2008 წლის აგვისტოში დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იმიტომ ვცხოვრობთ, რომ აქ და ახლა მიმდინარეობს საბოლოო და გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოს ნამდვილი და სრული დამოუკიდებლობისათვის, ბრძოლა იმპერიულ ურჩხულთან ქვეყნის გარეთ და მის მეხუთე კოლონასთან ქვეყნის შიგნით. (მიხეილ სააკაშვილის განცხადებით რუსული იმპერიალიზმი სწორედ საქართველოში უნდა დასამარდეს). რუსული საფრთხის იგნორირებას ან მისი მნიშვნელობის დაკნინებას სრულიადაც არ ვაპირებ. ამ საფრთხეზე ალბათ სახელმწიფო მოხელეებს უკეთ უნდა ეფიქრათ (მაგ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელია ავსტრიული “სტანდარტისათვის” მიცემულ იტერვიუში ამბობდა: ჩვენ რუსული აგრესიისათვის მზად არ ვიყავითო). არა რეალური რუსული საფრთხე, (რომლისათვისაც მისი “გარდაუვალობის” მიუხედავად ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა) არამედ რუსულ იმპერიალიზმთან (სიკეთის ბოროტებასთან) საბოლოო და გადამწყვეტი ბრძოლა ლეგიტიმაციის თითქმის უნივერსალური პრინციპი გახდა. იტალიელი ფილოსოფოსის ჯორჯო აგამბენის განმარტებით “საგანგებო მდგომარეობა არის კანონის გარეშე სივრცე, სადაც ძალა კანონის გარეშე მოქმედებს”. საგანგებო მდგომარეობაში არა ხელისუფლების, არამედ “სუფთა” ძალის მანიფესტაცია ხდება, რომელსაც გერმანელი ფილოსოფოსი ვალტერ ბენიამინი ძალა-უფლებას (waltende gewalt) მბრძანებელ ან სუვერენულ ძალას უწოდებდა. პოსტრევოლუციური საქართველოში “ძალის”, რიტორიკას, სიმბოლიკას და პრაქტიკას სწორედ ხელის-უფლების ძალა-უფლებით ჩანაცვლების მნიშვნელობა აქვს. არ არის გასაკვირი, რომ ეს “ძალა-უფლება” კანონის უზენაესობის პრინციპს ყოველ ნაბიჯზე ეწინააღმდეგება. 
სწორედ საგანგებო მდგომარეობა გვიჩვენებს, ვინ არის სუვერენი: გერმანელ იურისტ კარლ შმიტს თუ დავუჯერებთ, “სუვერენია ის, ვინც გადაწყვეტილებას იღებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ.” კვაზიესქატოლოგიური რიტორიკა, რომელიც გამოუცხადებელ საგანგებო მდგომარეობას მართვის პრინციპად აქცევს, დემოკრატიული კონსტიტუციის პირობებში სუვერენის პოზიციის მითვისების, ძალის კანონის ჩარჩოებიდან გამოყვანის, ძალა-უფლების პროპაგირებული ერთობის მეშვეობით “დაკანონების” საშუალებაა. ფრაზა “ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ” იმას ნიშნავს, რომ ხალხი მხარს უნდა უჭერდეს ხელისუფლებას და არა ხელისუფლება ახორციელებდეს მოქალაქეთა ინტერესებს. სწორედ ეს დასკვნა გამოიტანა მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის “გაკვეთილიდან”: პრეზიდენტის აზრით, ყველაზე დიდი ფასეულობა - ერთიანობაა, რომელიც საჭიროა “თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს დემოკრატიული საზოგადოება”. დემოკრატიის ეს ერთი შეხედვით უცნაური გაგება ლოგიკური გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას ხალხის “მხარდაჭერა” სჭირდება თავისი ძალა-უფლების დასაკანონებლად. პრეზიდენტის გამონათქვამი ორ აზრს შეიცავს: ა) დემოკრატიას ჩვენს გარდა ვერავინ ააშენებს, ამიტომ ჯობია რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, მხარი დაგვიჭიროთ ბ) ჯერ მხარდაჭერა და მერე დემოკრატია. აქედან გამომდინარე პრიორიტეტი ძლიერი სახელმწიფოს აშენებაა, ხოლო უკვე შემდეგ საფეხურზე დემოკრატიულისა.

სამოთხის კიბე ანუ ჯოჯოხეთის ჰაივეი

შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია
იხსენ სამკვიდრო შენი გეორგია
ზვიად გამსახურდია
და ის ყიდულობს სამოთხის კიბეს
ლედ ზეპელინი

რაში სჭირდება ხელისუფლებას კანონ-გარეშე ძალა? “ძალა” ხელისუფლებას იმპერიულ ურჩხულთან ბრძოლისათვის და ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ სიკეთის იდეალური სახელმწიფოს, “გაბრწყინებული საქართველოს” ასაშენებლად სჭირდება. (ძნელი სათქმელია, იქნება თუ არა დემოკრატიული გაბრწყინებული საქართველო, მაგრამ მმართველი პარტიის რიტორიკიდან გამომდინარე, გაბრწყინება დემოკრატიულობასაც უნდა გულისხმობდეს). პოსტრევოლუციური საქართველოს ხელისუფლების წარმოდგენა სახელმწიფოს შესახებ მარქსის და გამსახურიდას ჰიბრიდს წარმოადგენს: მარქსის იმიტომ, რომ “ძალის” გამოყენების იდეა დედამიწაზე სამოთხის ასაშენებლად სწორედ მარქსს ეკუთვნის, გამსახურდიასი კი იმიტომ, რომ პოლიტიკური მესიანიზმი თანამედროვე საქართველოს სწორედ ფილოლოგმა პრეზიდენტმა უანდერძა. სამწუხაროა, ხელისუფლებას გუწლრფელად თუ სჯერა თავისივე მესიანისტური იდეოლოგიის და კიდევ უფრო სამწუხაროა, თუ ამ იდეოლოგიას ხელის-უფლების ძალა-უფლების ჩანაცვლებისათვის და ამ ძალა-უფლების შენარჩუნებისათვის იყენებს. სამწუხარუა იმ შემთხვევაშიც თუ ხელისუფლების კეთილ განზრახვებში ეჭვი არ შეგვეპარება. იმიტომ რომ, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი იტყოდა, ჯოჯოხეთის გზა კეთილი განზრახვებით არის მოკირწყლული. 

ერთი ილუზიის ისტორია

ვასიუკები ახალი მოსკოვი გახდება, ხოლო მოსკოვი ძველი ვასიუკები
ოსტაპ ბენდერი

ძლიერი სახელმწიფოს იდეა ორჯერ წააწყდა თავის საზღვრებს. პარადოქსულად ეს ორივეჯერ მაშინ მოხდა, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ღიად გამოცხადდა. 2007 წლის ნოემბერში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ დასავლეთის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. ქართული დემოკრატიის საერთაშორისო კრედიტი დაეცა. ხელისუფლება იძულებული გახდა შეცდომა ეღიარებინა. “ძლიერი სახელმწიფოს” იდემ მეორე დარტყმა რუსეთთსან ომის დროს მიიღო. როგორც საქართველოს პრეზიდენტი განმარტავდა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანა რუსული აგრესიის რამდენიმე დღით შეჩერება იყო, სანამ საქმეში “დასავლეთი” ჩაერეოდა და რუსეთს საბოლოოდ შეაჩერებდა. უნდა დავეთანხმოთ პრეზიდენტს იმაში, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსეთისას ვერ გაუმკლავდება. თუ 2007 წელს გადაჭაბების “უპრეცედენტო” ნიჭით დაჯილდოებულ პრეზიდენტს ეგონა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი ძლიერი, 2008 წლის აგვისტომ ამ ძლიერების რეალური საზღვრები გამოაჩინა. ეს ძალა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად (დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე) საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველაზე სავალალო კი ხელისუფლების მოქალაქეებთან დამოკიდებულება იყო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ უპასუხისმგებლოდ მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, ყველა არსებული საშუალებით წინააღმდეგობა გაეწიათ რუსული ჯარისათვის. ბაქრაძის განცხადება გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებამ თავისი ერთ-ერთი ფუნქცია, ქვეყნის თავდაცვა, საქართველოს მშვიდობიან მოსახლეობას გადააბარა. არანაკლებ უპასუხისმგებლო იყო სამხრეთ ოსეთის ქართული სოფლების მოსახლეობის ბედის ანაბარა მიტოვება. მმართველი პარტიის ოფიციალურ პირთა განმარტებას თუ დავუჯერებთ, მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ სურდა თავისი მოსახლეობა თავისი ხელით ლტოლვილებად ექცია. ამ შემთხვევაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების “პრესტიჟი” (საკუთარი მოსახლეობის ლტოლვილებად ქცევა არავინ დაგვაბრალოსო) უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. 

მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი ამბობს, რომ “დასავლური” სახელმწიფოს აშენება უნდა, გულისხმობს დავით აღმაშენებლის სახლემწიფოს (კონსტანტინე გამსახურდიას რომანზე დაყრდნობით), მაგრამ სულ სხვა რამ კი გამოსდის. საქართველოს პრეზიდენტს ჰქონია, რომ საქართველოს მოქალაქე იამაყებს თავისი ქვეყნით, ხოლო საქართველოს მეზობელი მისით “აღფრთვანდება” არა ქვეყნის და მისი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ცხოვრების დონის, არამედ მისი “ძალოვანი სტრუქტურების” სიძლიერის გამო. ამგვარი მიდგომა კი საქართველოს ყოფილ საბჭოთა კავშირთან და დღევანდელ რუსეთთან უფრო აახლოებს, ვიდრე რომელიმე ევროპულ სახელმწიფოსთან. სწორედ საბჭოთა ან თანამედროვე რუს პატრიოტს შეიუძლია თვალი დახუჭოს საკუთარ სოციალურ თუ უფლებრივ პრობლემებზე და იამაყოს ჯარის სიდიდით ან ბირთვული რაკეტების რაოდენობით. “ძალის” რიტორიკა ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი აღმასრულებელი ხელისუფლების უუნარობა კრიზისულ სიტუაციაში შეასრულოს ვალდებულებები ქვეყნის მოქალაქეების წინაშე გვიჩვენებს, თუ რა მოდელს ეყრდნობა “ძალის” ფილოსოფიაზე აგებული სახელმწიფო. პოსტრევოლუციური საქართველო ჯერ ისევ პოსტსაბჭოთა საქართველოა - სახელმწიფო, რომელიც ფაქტიურად ზედმეტად ძლიერ, მაგრამ კრიზისულ სიტუაციებში ნაკლებად ეფექტურ სახელმწიფო აპარატთან არის გაიგივებული. სახელმწიფო, სადაც სახელმწიფო აპარატი მოქალაქეზე მაღლა დგას. სახელმწიფო, სადაც მოქალაქეები არსებობენ სახელმწიფოსათვის და არა სახელმწიფო მოქალაქეებისათვის. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად იმეორებენ, რომ შეცდომას ის არ უშვებს, ვინც არაფერს აკეთებს. საკუთარი შეცდომების აღიარება და ამ შეცდომების წყაროს სწორად შეფასების უნარი არც პრეზიდენტს და არც მმართველი პარტისს წარმომადგენლებს აქამდე არ გამოუჩენიათ. შეცდომების გამოსწორება დღესაც შეიძლება. სავარაუდოდ ამ შეცდომების გამოსწორების პოტენციალი ნაციონალურ მოძრაობას უფრო აქვს, ვიდრე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას (რესპუბლიკელებს თუ არ ჩავთვლით), რადგანაც მმართველ პარტიაში ისეთი ხალხი მაინც მოიძებნება, თანამედროვე სახელმწიფოზე წარმოდგენა მაინც რომ ჰქონდეს, ოპოზიციონერთა უმრავლესობა კი კონსტიტუციური მონარქიის იდეას და რელიგიურად შეფერილ ნაციონალიზმს ვერ გასცდენია. სამწუხაროა, რომ დემოკრატიული პაროლებით მოსულმა ხელისუფლებამაც საჭიროდ ჩათვალა ოპოზიციისათვის სწორედ ნაციონალისტური იდეოლოგიის ფრონტზე გაეწია კონკურენცია. იმის მაგივრად, რომ დემოკრატიული რეფორმები გაეგრძელებინა და კანონის უზენაესობა დაემკვიდრებინა, ხელისუფლებამ უკმაყოფილო მოსახლეობის ურა-პატრიოტიზმის და დაუმსახურებელი სიამაყის სატყუარათი დამშვიდება გადაწყვიტა. ნებისმიერ შემთხვევაში, შეცდომების გამოსწორებისათვის საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა თავიდან უნდა დასვან შეკითხვა, როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქართული სახელმწიფო. დღეს კი უკვე ვიცით, როგორი არ უნდა იყოს ამ სახელმწიფოს ფილოსოფია: არც შევარდნაძისეული “სტაბილურობა”, მაგრამ არც შუა საუკუნეების მოდელზე აგებული “ძლიერება”, რადგანაც ორივე მოდელი ისევ საბჭოთა პარადიგმების ტყვეობაში გვაბრუნებს. 

1 comment:

natia said...

qarTuli saxelmwifos zusti analizia, Zalian kargi statiaa