Saturday, 30 May 2009

ეკლესიური სახელმწიფო


Add Imageმიეცი კეისარს კეისრისა და ღმერთს ღმრთისა (მათე 22, 21)







საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 28 მაისის განცხადებაში ხელისუფლებას სიტუაციის განმუხტვისაკენ მოუწოდა დიალოგის, ვადამდელი არჩევნების ან რაიმე სხვა გზით. 


პატრიარქის ეს განცხადება გაკეთდა იმ დროს, როდესაც საქართველოში დიდი ხნის შემდეგ პირველად - საკმაოდ ტურბულენტურად და თითქმის ყოველთვის უკიდურესად უხეში ფორმებით - მიმდინარეობს საჯარო დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ის სახელმწიფო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ "დისკუსიას" დღეს კონფლიქტის ფორმა აქვს. კონფლიქტის "დისკუსიის" ენაზე გადმოთარგმნა ანალიტიკური ოპერაციაა, რომელიც რომელიმე მხარესთან პოლემიკას (ძველბერძნულად: მტრობას) კი არა, მისი არგუმენტების ლოგიკური იმპლიკაციების თვალსაზრისით გასინჯვას გულისხმობს. შეკითხვის დასმას, რა არის ამა თუ იმ პოზიციის ლოგიკური შედეგი საქართველოს "კონსტიტუციისათვის", მისი ფუნდამენტური წესრიგისათვის. 


ამ "კონსტიტუციასთან" (დაწერილი და დაუწერელი კანონებით) დაკავშირებით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილებს სხვადასხვა წარმოდგენები აქვს. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფო უნდა გახდეს და იგივე ფუნდამენტს დაეფუძნოს, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული: დემოკრატიული სამართალწესრიგი, სამართლებრივი სახელმწიფო, ლიბერალური საბაზრო ეკონომიკა.  საზოგადოებაში არსებობს საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომ საქართველოს სახელმწიფო  "ქართულ ფასეულობებზე" უნდა იყოს დაფუძნებული და ევროპულ მოდელს უარჰყოფს, როგორც ამ ფასეულობებისთვის უცხოს და დამღუპველს. ამ პოზიციებს სხვადასხვა აგენტები (არა საიდუმლო სამსახურების თანამშრომლების გაგებით) "წარმოადგენენ", პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფორმალური და არაფორმალური (ანუ გაუფორმებელი) საზოგადოებრივი გაერთიანებები. ერთ-ერთი ასეთი აგენტია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც. ეკლესია, როგორც წესი უარყოფს, რომ ის პოლიტიკური პროცესების მონაწილეა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ამ პროცესებში საკმაოდ აქტიურად არის  ჩართული. შევნიშნავ, რომ სრულიად ლეგიტიმურია, ეკლესიას ჰქონდეს თავისი წარმოდგენა ქვეყნის პოლიტიკურ ფორმაზე და მის ფასეულობით საფუძველზე, ისევე, როგორც სავსებით ლეგიტიმურია ამ წარმოდგენათა რეკონსტრუქცია და კრიტიკა. ასევე შევნიშნავ, რომ ჩემი აზრით, თანამედროვე სახელმწიფოში არავის, მათ შორის ეკლესიას, არ აქვს უფლება, მონოპოლია ჰქონდეს ჭეშმარიტებაზე და პოლიტიკურ პროცესში ეკლესიის ხმა მხოლოდ ერთ-ერთია და არავითარ შემთხვევაში ერთად-ერთი. მაშ როგორი სახელმწიფო უნდა ეკლესიას და რას აკეთებს ის თავისი წარმოდგენების განსახორციელებლად? ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცეთ, ჯერ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა უნდა განვიხილოთ.


ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულების ისტორია საქართველოში დღემდე არ არის სათანადოდ შესწავლილი. ბუნებრივია, რომ ჩემს წერილში საკითხს ვერც ამომწურავად, ვერც სათანადო აკადემიურ დონეზე ვერ განვიხილავ. ამიტომ ეს წერილი უფრო "სადისკუსიო მასალაა".



I.

პირველ რიგში მოკლედ მიმოვიხილავ ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობას საქართველოს უახლეს ისტორიაში. 

80იანი წლების ბოლოს და 90იანი წლების დასაწყისში ეკლესიას "იდეოლოგიურ" სივრცეში სერიოზული კონკურენტი ჰყავდა - ზვიად გამსახურდია. საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეოლოგიური დოქტრინა ჩამოყალიბებულია (საკმაოდ ეკლექტური ფორმით) ლექციაში "საქართველოს სულიერი მისია". ამ "ოპუსის" შეფასებას ახლა არ შევუდგები (იხ.  ჩემი და გიორგი მაისურაძის სტატია "დამოუკიდებლობის ფილოლოგემა" http://andronikashvili.blogspot.com/2008/10/blog-post_703.html). მხოლოდ აღვნიშნავ, რომ ეს ტექსტი საკრალურობის მატარებლად ქართველ ერს მიიჩნევს და არა ეკლესიას. შევარდნაძემ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლეგიტიმურობის დეფიციტის შევსება ეკლესიის მეშვეობით სცადა. სწორედ მისი დამსახურებაა ეკლესიის და სახელმწიფოს შორის საზღვრების მოშლა. შევარდნაძემ საპრეზიდენტო ფიცის სეკულარული ფორმა არ იკმარა და პრეზიდენტად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში "ეკურთხა". ამგვარი "კურთხევა" არც კონსტიტუციური არც რელიგიური თვალსაზრისით გამართლებული არ არის - პრეზიდენტი არ არის მეფე რომ ეკლესიაში ტახტზე დაბრძანებული ეკურთხოს და დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს არ სჭირდება "სარკალური ლეგიტიმაცია" - იშლება საზღვარი დემოკრატიასა (ლეგიტიმაციის წყარო ხალხია) და მონარქიას (ლეგიტიმაციის წყაროა ღმერთია) შორის. მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც შევარდანძის მმართველობის წლებში გადაიდგა, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება იყო. ეს შესწორება აღიარებს "ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში". რას უნდა ნიშნავდეს ეს "განსაკუთრებული როლი"? რითი განსხვავდებოდა ეს როლი ვთქვათ "თავად-აზნაურ-გლეხობის" (ნიკოლოზ ბარათაშვილის ფორმულა რომ მოვიშველიოთ) როლისაგან? ერთის მხრივ, ეს "განსაკუთრებული როლი", გარკვეულ წილად, გახდა საფუძველი ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმებისა, რომელმაც "განსაკუთრებული ისტორიული როლის" აწმყოში კონვერტაცია მოახდინა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთადერთი ეკლესიაა საქართველოში, რომელსაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მეორეს მხრივ, კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს ფორმულა შეიძლება წავიკითხოთ როგორც პასუხი ზვიად გამსახურდიას "ერის სულიერ მისიაზე". ამ ფორმულის მიხედვით "სულიერი მისიის" მატარებელი ქართველი ერი კი არა ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გვევლინება. (ამ მისიის მითოლოგიურობაზე რომ არაფერი ვთქვათ). 

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიეთობა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთი შეხედვით, სააკაშვილმა  შევარდნაძის დროს დამკვიდრებული ტრადიცია წარმატებით გააგრძელა. გრძელდება ეკლესიის დაფინანსება ბიუჯეტიდან და ეკლესიის გავლენის ელექტორალური მიზნებით გამოყენების მცდელობები. გაგრძელდა "ორმაგი ლეგიტიმაციის" პრაქტიკა. მიუხედავად ამისა, სააკაშვილის მთავრობასა და ეკლესიას შორის ურთიერთობა ვერ არის ისეთი ჰარმონიული, როგორც შევარდნაძის მთავრობასა და ეკლესიას შორის იყო. მარტივი გამოსავალი იქნებოდა, ამის მიზეზი პიროვნულ სიმპატია- ანტიპატიებში გვეძებნა. ჩემი აზრით, ამ დაძაბულობის მთავარი მიზეზი იგივეა, რაც გამსახურდიას და მის მთავრობას და ეკლესიას შორის იყო: "ეროვნულ-მესიანური დისკურსის" კონტროლი. პოლიტიკური მესიანიზმის თვალსაზრისით სააკაშვილი სწორედ გამსახურდიას მემკვიდრეა, ამ მესიანურ სიუჟეტში კი მთავარი როლი არა ეკლესიას, არამედ სააკაშვილს და მის მთავრობას ენიჭება (იხ. ჩემი სტატიები "შემობრუნების წერტილი" http://andronikashvili.blogspot.com/2008/10/blog-post_4416.html და "ერთი ილუზიის ისტორია" http://andronikashvili.blogspot.com/2009/05/blog-post.html). 

სააკაშვილის მთავრობასა და ეკლესიას შორის დაძაბულობის გამოყენებას ოპოზიცია შეეცადა. 2006 წლიდან მოყოლებული, სხვადასხვა ოპოზიციური ალიანსების "იდეოლოგიური სტრატეგია" შეიცვალა. მარტივად რომ ვთქვათ, ფრაზა "ჩვენ უკეთესი დემოკრატები ვართ" შეცვალა ფრაზამ "ჩვენ უფრო ეროვნულები/ქრისტიანულები/ეკლესიურები" ვართ (ერთ-ერთ მაგალითად დავით გამყრელიძის წინასაარჩევნო კლიპიც გამოდგებოდა). დაიწყო გაუთავებელი ვიზიტები საპატრიარქოში და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ამა თუ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის კურთხევის მისაღებად. (ოპოზიციის ამ "სტრატეგიას" ხელისუფლებაც უმალ ანალოგიური "კონტრსტრატეგიით" გამოეხმაურა, ვგულისხმობ ეკლესიისათვის ავტომანქანების საჩუქრად გადაცემას და საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, ანუ ეკლესიის "მოსყიდვის" პირდაპირ, მაგრამ არც თუ ისე წარმატებულ მცდელობას. ) ერთის მხრივ, ოპოზიციის ამგვარი "სტრატეგია" მის სრულ უპასუხისმგებლობას ნიშნავს იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლიათ და გამუდმებით სჭირდებათ ამ გადაწყვეტილებათა ლეგიტიმაცია. ამ შემთხვევაში ოპოზიცია შევარდნაძე-სააკაშვილის მოდელით მოქმედებს, ანუ ორმაგი ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობს. ლეგიტიმაციის ერთი წყარო "ხალხის ნებაა" (წაიკითხე: მიტინგზე შეკრებილი ხალხის). ოპოზიციას მაინც უჭირს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით ლაპარაკი - ეს მხოლოდ რეფერენდუმის, პლებისციტის ან არჩევნების საფუძველზეა შესაძლებელი. ლეგიტიმაციის მეორე წყარო კი "პატრიარქის კურთხევაა" - ამ შემთხვევაში ოპოზიცია არა ქართველი ერის, არამედ ქართველების სულიერი მამის ნებას ასრულებს. აქაც, ისევე, როგორც შევარდნაძის მიერ დამკვიდრებული "პრეზიდენტად კურთხევის" რიტუალის შემთხვევაში, ძირი ეთხრება დემოკრატიის საფუძვლებს. დემოკრატიულ სახელმწიფოში ლეგიტიმაციის ერთადერთი წყარო ხალხია. თუკი ჩვენ ლეგიტიმაციის სხვა წყაროს დავუშვებთ, მაშინ სახელმწიფო რომელშიც ჩვენ ვიცხოვრებთ, ვერც ფორმალური, ვერც შინაარსობრივი კრიტერიუმებით ვერ იქნება დემოკრატიული. ეკლესიასა და სახელმწიფოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით  - ამჯერად ძლიერი მოკავშირის გადმობირების გამო - ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებაში მოსვლის საფასურად ეკლესიას "იდეოლოგიური დისკურსის" ბატონ-პატრონობა დაუთმოს. ახლა კი დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მოვლენათა ასეთ განვითარებას. 


II. 

ეკლესიის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშის ჩამოყალიბებას საქართველოს ისტორიაში ეკლესიის როლის მასშტაბური გადაწერის პროექტი ახლავს თან. კონსტიტუციაში ჩაწერილ "ეკლესიის განსაკუთრებულ როლს" შესაბამისი "გამყარება" სჭირდება. სანამ ამ საკითხზე ვისაუბრებდე, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.

კათოლიციზმისგან განსხვავებით, მართლმადიდებელ სამყაროში ეკლესია საერო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, რომ საერო და სასულიერო ხელისუფლების გაყოფა აღმოსავლეთ საქრისტიანოში არასოდეს ყოფილა ისეთი მკაცრი, როგორც დასავლეთ საქრისტიანოში. ძნელია, ბიზანტიაში საიმპერატორო ხელისუფლება "საეროდ" მოიხსენიო. იმპერატორი ბიზანტიურ პოლიტიკურ თეოლოგიაში ღმერთის "ცოცხალი ხატია" - ღმერთი კი "ზეციური იმპერატორი". ქართული პოლიტიკური თეოლოგია არა ეკლესიის წიაღში იქმნება, არამედ სამეფო კარზე - ამ მხრივ  "ქართლის ცხოვრების" კრებული ქართული პოლიტიკური თეოლოგიის ცენტრალური ტექსტია.  ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში სწორედ მეფეა საკრალური ისტორიის მთავარი მოქმედი პირი და სწორედ მეფეს აკისრია "მოქცევაი ქართლისაში" ნაწინასწარმეტყველები "ისტორიის აღსრულება"  - ქართლის მიწიერ სამოთხედ გადაქცევა. (ამგვარი ალუზიები მრავლადაა განსაკუთრებით დავითის ისტორიკოსთან, ბასილი ეზოსმოძღვართან და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"-ს ავტორთან) სარწმუნოების დამცველი ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაში მეფეა და არა ეკლესია. ეკლესიის "განსაკუთრებულ როლზე" ქართლის ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს ვიპოვნით.  (ქართულ პოლიტიკურ თეოლოგიაზე იხ. ჩემი სტატია "ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მარტიროლოგიური პარადიგმა" http://andronikashvili.blogspot.com/2008/10/c.html).

1801 წლიდან მოყოლებული, როდესაც რუსეთის იმპერიამ ჯერ ქართლ-კახეთის სამეფო შეიერთა, შემდეგ კი საქართველოს დანარჩენი სამეფო-სამთავროებიც, კოლონიური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიველი ნაბიჯი ეკლესიის დამოუკიდებლობის გაუქმება გახდა. საქართველოს ეკლესიას რუსი ეგზარქოსი მართავდა და ეკლესია (ყოველ შემთხვევაში მისი ზედა ეშელონები) საქართველოში გამრუსებლურ პოლიტიკას ატარებდა. ქართველი ერის იდეა, რომელმაც ბაგრატიონთა დინასტიური მითი შეცვალა, სამოციანელთა ინტელექტუალური პროდუქტი იყო და სეკულარული პროექტი გახლდათ. მაშინაც კი, როდესაც ილია ჭავჭავაძე სარწმუნოებაზე საუბრობს, სარწმუმოება ეროვნულობასთან უფრო უნდა დავაკავშიროთ, ვიდრე ეკლესიასთან. ილია ჭავჭავაძის "პოლიტიკურ თეოლოგიაში" მეფეს ხალხი ანაცვლებს და სწორედ ის (და არა ეკლესია) არის სარწმუნოების, როგორც ქრისტიანული ისე "მამულის რელიგიის" მატარებელი. (იხ. ჩემი სტატია "მამულის დაბადება ლიტერატურის სულიდან" http://andronikashvili.blogspot.com/2008/10/blog-post_17.html) საქართველოს პირველი რესპუბლიკა - მიუხედავად მისი სოციალ-დემოკრატიული მთავრობისა და საქართველოს პირველ კონსტიტუციაში სოციალ-დემოკრატიული იდეების სიმრავლისა - სწორედ სამოციანელთა ინტელექტუალური ძალისხმევის წყალობით გახდა შესაძლებელი. 


1801 წლიდან მოყოლებული "პერესტროიკის" დრომდე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებაში, ისევე როგორც "ეროვნული დისკურსის" შექმნაში დიდი როლი არ შეუსრულებია. (საბჭოთა საქართველოში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ იხ. გიორგი მაისურაძის სტატია "დახურული საზოგადოება და მისი დარაჯები http://www.facebook.com/note.php?note_id=58557262829). 1987 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია ჭავჭავაძე საეკლესიო ტრადიციაში ჩაწერა. ამით ეკლესია შეეცადა იმ "იდეოლოგიური ვაკუუმის" ამოვსებას, რომელიც მას ქართულ "ეროვნულ დისკურსში" 150-ზე მეტი წლის განმავლობაში ჰქონდა. სწორედ ეს თარიღი შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ეკლესიის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ  ჩამოყალიბების თარიღად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური აგენტის როლი ეკლესიას საქართველოს ისტორიაში არასოდეს შეუსრულებია. თუ საქართველოს სამეფოში ეკლესია და სახელმწიფო გაყოფილი არ ყოფილა იმ თვალსაზრისით, რომ ეკლესია სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა, ეკლესიის დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბება - პარადოქსულად -  მხოლოდ სეკულარულ სახელმწიფოში - ეკლესიისა და სახელმწიფოს გაყოფის შედეგად გახდა შესაძლებელი. 


თანამედროვე საეკლესიო ისტორიოგრაფია ისტორიის გადაწერას და საქართველოს ისტორიაში ეკლესიის როლის გაზრდას ცდილობს - ეს ხდება დავით აღმაშენებლის ან ილია ჭავჭავაძის მოძღვართა როლის სრულიად დაუსაბუთებელი გადაჭარბების საშუალებით - დავით აღმაშენებლისა და ილია ჭავჭავაძის მიღწევები მათ მოძღვრებს მიეწერება ამით კი საქართველოს ისტორიაში ეკლესიის "განსაკუთრებული როლის" "დასაბუთება" ხდება. "წარსული იმიტომ გავიხსენეთ, რომ იგი გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენი დღევანდელილ და მომავალი ცხოვრებისა და საქმიანობისათვის" - ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეში.  მაგრამ იმისათვის, რომ დღევანდელ ცხოვრებაზე სწორი შეხედულება შევიძინოთ, საჭიროა რომ ისტორიაც "სათანადოდ" ვიცოდეთ, ანუ ვიცოდეთ ისტორიის ისეთი ვერსია, რომელიც ეკლესიის "განსაკუთრებულ როლს" წარმოაჩენს. ამით იქმნება წარმოდგენა, თითქოს ეკლესია ყოველთვის ყოფილიყო საქართველოს პოლიტიკური ისტორიის ნამდვილი წარმმართველი  - გაკვეთილი რომელიც ჩვენ უნდა ვისწავლოთ იმაში მდგომარეობს, რომ ახლაც და მომავალშიც ასე უნდა იყოს. 


III.

ახლა შევეცადცდები იმის რეკონსტრუქციას, თუ რა არის და როგორი უნდა იყოს საქართველო, მისი პოლიტიკური მოწყობა, ის ფასეულობები, რომელსაც ეს პოლიტიკური ფორმა უნდა ეფუძნებოდეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმოდგენით. ეს თემა საკმაოდ ვრცელია და ამიტომაც მის მხოლოდ ზოგიერით ასპექტზე შევჩერდები.


რამდენადაც ვიცი, თავისი წარმოდგენები ქვეყნის ფუნდამენტური წესრიგის შესახებ ეკლესიას პირდაპირ არასოდეს გამოუხატავს. ძირითადი ტენდენცია გვიჩვენებს, რომ საერო ცხოვრების თითქმის ყველა ასპექტი განმსჭვალული უნდა იყოს რელიგიური პრინციპებით.   "საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი." -  ამბობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2008 წლის საშობაო ეპისტოლეში (http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/sashobao2008.htm). კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც ჩანს, მაღალგანვითარებული საქართველო სურს, მაგრამ ისეთი, რომელიც ერთგულია საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპებისა, სახელმწიფო, რომელშიც ტექნოლოგიური მოდერნიზაციის მიერ მოტანილი კეთილდღეობა შერწყმულია ტრადიციებისადმი და რელიგური პრინციპებისადმი ერთგულებასთან. მოყვანილი მაგალითები უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, რამდენიმე რამ შეიძლება მოგვხვდეს თვალში: 1) არც ისრაელი არც ქუვეითი ევროპული სახელმწიფოები არაა. შესაძლოა აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ეკლესია საქართველოს ადგილს ევროპაში ვერ ხედავს. 2) ორივე სახელმწიფო, განსაკუთრებით კი ისრაელი, ამერიკის მოკავშირეა და თავის დამოუკიდებელ არსებობას მნიშვნელოვან წილად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას უმადლის. ძნელი სათქმელია, პატრიარქი ამასაც გულისხმობდა თუ არა. 3) ორივე სახელმწიფო ეკონომიურად საკმაოდ განვითარებულია, თუმცა ქუვეითის კეთილდღეობა ბუნებრივი რესურსებით სიმდიდრეზეა დაფუძნებული. არსებობს კიდევ ერთი, ჩვენი თემისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მსგავსება: რელიგიური კანონის არსებობა. თუმცა რელიგიურ კანონს (შარიათი ისლამში და ჰალახა იუდაიზმში) კუვეიტსა და ისრაელში ფრიად განსხვავებული ადგილი უჭირავს. 

ქუვეითით დავიწყებ. ქუვეითის ისტორია მე-17 საუკუნეში იწყება. ის XIX საუკუნეში ოტომანთა იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ბრიტანეთის იმპერიის პროტექტორატის ქვეშ იყო, ხოლო 1961 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა. ქუვეითი კონსტიტუციური მონარქიაა. ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს. ქვეყნის მეთაურს, შეიხს, პარლამენტი ამტკიცებს მმართველი ოჯახის წარდგენით. ქუვეითის კონსტიტუციის მეორე მუხლი აღიარებს, რომ შარიათი არის ყველა ქუვეითური კანონის ძირითადი (მაგრამ არა ექსკლუზიური) წყარო. დასაშვებია, რომ გარკვეული კანონები მთლიანად შარიათის საფუძველზე არ იყოს შექმნილი (მაგ. კომერიცული სამართალი, რომელიც, განსხვავებით ბევრი სხვა მუსულმანური ქეყნისაგან, უშვებს პროცენტების აღებას). აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკლესიათვის მისაღებია ისეთი ფორმა, როდესაც კომერციის გარდა ყველა სფერო რელიგიურ პრინციპებს ეფუძნება. (ძალიან მოკლედ რომ შევეხო ქუვეითის განათლების სისტემას, მისი ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ ქუვეითში ძირითადად ქალები სწავლობენ - კაცების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის სასწავლებლად. უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები კი ქუვეითში ძირითადად უცხოელები არიან. მათი რაოდენობა 50-იან წლებში 90% იყო და მიუხედავად განათლების რამდენიმე რეფორმისა დღემდე მნიშვნელოვნად არ შემცირებულა. ქუვეითის განათლების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის შრომის ბაზარს). 

ახლა ისრაელზე გადავიდეთ: ისრაელი სეკულარული სახელმწიფოა, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 1948 წელს ჩამოყალიბდა. სახელმწიფოს ფორმა საპარლამენტო რესპუბლიკაა. პრეზიდენტს მხოლოდ წარმომადგენლობითი (ცერემონიული) ფუნქცია აქვს. ისრაელის საპარლამენტო დემოკრატიის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი საინტერესო იქნებოდა, მაგრამ ეს საკითხი ჩემს თემას სცილდება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ისრაელში საკრალური და სეკულარული წესრიგის ალტერნატივაა. ისრაელში დღესაც გრძელდება დისკუსიები ისრაელის სახელმწიფოს "რაობის" შესახებ: სჭირდება თუ არა ისრაელს მეტი ებრაული კულტურა, უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლაში იუდაიზმი, სავალდებულო უნდა იყოს თუ არა კაშრუტის კანონები (კანონები, რომლებიც კვების წესებს ადგენს) და შაბათის დაცვა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სიონიზმის სეკულარული და ორთოდოქსული გაგების მიმდევართ. ორივე მიმართულება უმცირესობას წარმოადგენს, მაშინ, როდესაც ისრაელის მოსახლეობის უმეტესობა ამ ორი პოლარული შეხედულების კომბინირებას ახერხებს. 

ჰალახა, რაც ივრითზე გზას ნიშნავს, რელიგიური კანონია, უფრო სწორად კი რელიგიური კანონების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ბიბლიურ, ტალმუდურ, რაბინულ კანონებს ისევე როგორც ტრადიციებსა და ადათებს. ჰალახა არეგულირებს არა მარტო რელიგიურ პრაქტიკას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებასაც. თუმცა, ჰალახას სავალდებულოდ მხოლოდ ორთოდოქსი იუდეველები (და ნაწილობრივ კონსერვატიული იუდეველები) მიიჩნევენ. ისევ და ისევ, ჩვენთვის საინტერესოა ორთოდოქსული ან ტრადიციონალისტური ხაზის მოსაზრებები, რომლებიც იბრძვიან სახელმწიფოში იუდაზიმის წილის გაზრდისათვის. ოფიციალურად, თავისი პარტიის საბოლოო პოლიტიკურ მიზნად თეოკრატია (ჰალახიკური სახელმწიფო) სულ ორ პარტიას აქვ დასახული, თუმცა ამ ეტაპზე თეოკრატიისათვის არც-ერი მათგანი არ იბრძვის. (ერთ-ერთი მათგანი, პარტია შასი, სამთავრობო კოალიციაში შედის). უნდა შევნიშნო, რომ მიუხედავად სეკულარული ფუნდამენტური წესრიგისა, ისრაელში მაინც არსებობს ასპექტი, რომელსაც რელიგიური სამართალი არეგულირებს: ქორწინება და განქორწინება ებრაელთა, მუსულმანთა, დრუზთა და ქრისტიანთა რელიგიური სასამართლოების იურისდიქციაში შედის. 

მთავარი მსგავსება ქუვეითსა და ისრაელს შორის, გარდა განვითარების დონისა, რელიგიური კანონების არსებობა აღმოჩნდა, თუმცა ქუვეითში შარიათი სხვა კანონების პირდაპირი წყაროა, ისრაელში კი ჰალახა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ასეთი წყარო არ არის. პოლიტიკური ფორმის თვალსაზრისით ეკლესია აშკარა უპირატესობას ქუვეითურ მოდელს (კონსტიტუციურ მონარქიას) ანიჭებს. (ამასთან დაკავშირებით იხ. გიორგი მაისურაძის სტატია "მონა-რქიანი საქართველო" http://www.lib.ge/body_text.php?6776). აშკარაა აგრეთვე ეკლესიის სურვილი, ეკლესიური ცხოვრების წესების გარკვეული კოდიფიცირებული ფორმით საერო სფეროში გადმოტანისა. ძნელი სათქმელია რა დოზით. მაგალითად განათლების სფეროს ეკლესია ამ კუთხით პრიორიტეტულად მიიჩნევს. აქ უნდა "შეიცვალოს სასწავლო პროგრამები, ქრისტიანული სწავლება შეტანილ იქნას სკოლაში და ეკლესიამაც, შესაძლებლობისამებრ, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მოსწავლეების სულიერ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში. მითუმეტეს, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს სფერო ამ ქვეყნის ტრადიციულ რელიგიას აქვს გადაცემული და ამისთვის კაპელანის ინსტიტუტიც არსებობს." (http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2008.htm) -(ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ის, რომ ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ასე არ არის, არამედ ის, რომ ეკლესიას სურს, რომ საქართველოში იყოს ასე). მეორე პრიორიტეტული სფერო მედიაა: "დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვა და სხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან." (2008 წლის საშობაო ეპისტოლე). განათლების სისტემაზე და მედიაზე კონტროლის დაწესება კი ქვეყნის "იდეოლოგიური დისკურსის" კონტროლს ნიშნავს. თუმცა პრობლემურია ის, თუ რა ფორმითაა შესაძლებელი ეკლესიური ცხოვრების წესის, რელიგიური კანონის გადმოთარგმნაა საერო კანონების ენაზე. განსხვავებით ისლამისაგან და იუდაიზმისაგან არც ზოგადად ქრისტიანობას და არც კონკრეტულად მართლმადიდებლობას არ გამოუმუშავებია რელიგიურ ბაზაზე შექმნილი  კოდექსი, თავისი შარიათი და ჰალახა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს სამოქალაქო კანონშემოქმედებითი საქმიანობა.  პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს, გამოჩნდა, როდესაც ეკლესია გადაცემა "დიდი ათეულის" დახურვას შეეცადა. მაშინ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა მიხეილ ჭიაურელმა განაცხადა, პატრიარქის სიტყვა ჩემთვის კანონზე მაღლა დგასო. ეს გახლავთ დილემა, რომელიც ყველა მართლმადიდებელი მორწმუნის წინაშე, ვინც ილია მეორეს თავის სულიერ მამად მიიჩნევს, დადგება იმ შემთხვევაში, როდესაც პატრიარქის სიტყვა "საერო" იურისდიქციას გადაწვდება. მაშ როგორ ფუნდამენტურ წესრიგს გულისხმობს ეკლესია? ისეთს, რომელშიც პატრიარქის სიტყვას - ვთქვათ საკვირაო ქადაგებას, სააღდგომო ან საშობაო ეპისტოლეს - კანონის ძალა აქვს? თუ ეკლესიას სურს შეიმუშავოს შარიათის და ჰალახას თავისი ვერსია, რომელიც გახდება ახალი ქართული კონსტიტუციის საფუძველი? ამასთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საიტზე presa.ge გამოქვეყნებული მასალა სათაურით "არარელიგიურებს ეგონათ პატრიარქი ეკლესიურ მმართველობას გამოაცხადებდა" (http://www.presa.ge/index.php?text=news&i=7882 ). მიუხედავად ამ ტერმინის ბუნდოვნებისა, საინტერესოა, რომ "ეკლესიური მმართველობა"  საერთოდ თეორიულ შესაძლებლობად განიხილება. ჯერ-ჯერობით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეკლესიას მართლმადიდებლურ ფასეულობებზე დამყარებული საქართველო სურს, ისეთი, რომელშიც ეკლესია აკონტროლებს განათლების სისტემას და მასმედიას. ჯერ-ჯერობით გაუგებარია, როგორ და რა ფორმით ფიქრობს ეკლესია მართლმადიდებლური ფასეულობების კანონმდებლობაში კონვერტაციას. 

დასასრულს, მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა იმ იმპლიკაციებზე, რომელიც რელიგიური კანონების სახელმწიფო მოწყობის საფუძვლად დადებას აქვს.  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების დაცვას. (ტრადიციად მხოლოდ ისეთი ტრადიცია ითვლება, რომელიც მართლმადიდებლობასთანაა კონფორმული) "ჩვენ ჩვენი მეობა უნდა დავიცვათ, რათა არ ვიქცეთ სხვათა მიზნების განხორციელებისათვის ბრმა იარაღად. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს არსებობისა და განვითარების გარანტიაა". (2009 წლის სააღდგომო ეპისტოლე. http://www.orthodoxy.ge/patriarqi/epistoleebi/saagdgomo2009.htm) "მეობა" ეკლესიას ესმის როგორც მართლმადიდებელი ქართველობა. ეს აზრი შეიძლება გამოიხატოს ფორმულით ქართველი=მართლმადიდებელს. საქართველოს მოსახლეობის 86% მართლმადიდებელი ქრისტიანია (ყოველ შემთხვევაში ფორმალურად მაინც - პატრიარქის თქმით "ყველა ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს"). რა უნდა ქნას იმ ნაწილმა, რომელიც ამ 86%-ში ითვლება, მაგრამ, როგორც პატრიარქი ამბობს "ეკლესიური ცხოვრებით არ ცხოვრობს"? ან საქართველოს მოსახლეობის არამართლმადიდებელმა მოსახლეობამ  - 14%, რომელთათვისაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ვერანაირად ვერ იქნება სულიერი მამა? ამ მხრივ საყურადღებოა პატრიარქის 1990 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება, რომელიც თავის დროზევე საკმაოდ მტკივნეულად აღიქვა არაქართულმა მოსახლეობამ: "სახელითა მამისა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშეძმათა კვლა.  მაშინაც კი, თუკი ამ განცხადების მიზნად ძმათა-კვლის შეჩერებას მივიჩნევთ, გამოდის, რომ სომხები, აზერბაიჯანელები, რუსები, აფხაზები და საქართველოს სხვა ეროვნების და აღმსარებლობის წარმომადგენლები "ძმები" არ არიან - ანუ მათი მოკვლა ქართველისთვის დაშვებულია. ისეთ მულტიეთნიკურ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, რელიგია, როგორც ინტეგრაციული პროექტი არ მუშაობს და სხვა კონფესიების და ეთნოსების გამორიცხვას გულისხმობს. "განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც".  - ამბობს ილია II 2008 წლის საშობაო ეპისტოლეში. საწინააღმდეგო აზრის იყო ილია ჭავჭავაძე. როდესაც აჭარა საქართველოს (უფრო სწორად მაშინდელ რუსეთის იმპერიას) შემოუერთდა, ილია ჭავჭავაძე წერდა: "ჩვენი აზრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“ („ოსმალოს საქართველო“).  ილია ჭავჭავაძის აზრით, საქართველოს ინტეგრაციული პროექტი არ შეიძლება იყოს კონფესიური. 

თუკი საქართველო კონფესიურ პროექტს აირჩევს, ეს მისთვის კონფესიური კონფლიქტების და პერსპექტივაში ქვეყნის დაშლის საკმაოდ რეალურ პერსპექტივას ნიშნავს. (ეკლესიის საგარეო-პოლიტიკურ კურისის რეკონსტრუქციის ცდა იხ ნოდარ ლადარიას სტატიაში "ასიმეტრიები" http://azrebi.ge/ReadArticle.aspx?ID=174 . ასევე გიორგი ანდრიაძის პასუხი ამ სატიაზე: http://internet.ge/v2/index.php?action=news&category=3&news=45039).

რელიგიურ კანონებზე აგებული სახელმწიფო, სადაც ქართველობა მართლმადიდებლობასთანაა გაიგივებული -  "ეროვნული თეოკრატიაა". ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ "ეროვნულ თეოკრატიაში" ლეგიტიმური მხოლოდ ის იქნება, რაც მართლმადიდებლობასთანაა კონფორმული, ანუ ასეთი სახელმწიფო ავტომატურად გამორიცხავს არაქართველს ან არაეკლესიურად მცხოვრებ ქართველს. 


როგორც თავიდან ვთქვი, ლეგიტიმურია, რომ ეკლესიას თავისი წარმოდგენა ჰქონდეს მომავალი საქართველოს შესახებ.  ისრაელის მაგალითი, რომელსაც პატრიარქი ეყრდნობა, გვიჩვენებს, რომ ორთოდოქსული შეხედულებები პოლიტიკურადაც ფორმდება. ისევე, როგორც ისრაელში, საქართველოშიც შეიძლება გაჩნდეს პარტია, რომელიც თეოკრატიას საკუთარ პოლიტიკურ მიზნად დაისახავს. ისრაელი კარგი მაგალითია იმისა, რომ სეკულარულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში ტრადიციები, რომელიც მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფისათვის ძვირფასია, არ იკარგება, რომ იმას ვისაც სურს რელიგიური კანონით ცხოვრება ამისი საშუალება აქვს ისევე, როგორც ადამიანს, რომელსაც ამ კანონებით ცხოვრება არ სურს. სამაგიეროდ იგივეს ვერ ვიტყვით თეოკრატიულ მოდელზე. ეს არის იზოლაციონისტური, შეუწყნარებელი, მონოეთნიკური და მონოკონფესიური, სახელწიფო, სადაც იმას, რასაც ვამბობთ, ვაკეთებთ, ვკითხულობთ, ვუყურებთ ან ვუსმენთ რელიგიური ცენზორი აკონტროლებს. საკითხავია, რომელ მოდელს ემხრობა საბოლოო ჯამში ეკლესია? თუ ის ისრაელის მოდელს ემხრობა, ეს ნიშნავს, რომ ის დემოკრატიულ ფუნდამენტურ წესრიგს აღიარებს. მაგრამ ალუზიები შარიათისა და ჰალახას კანონებზე იმასაც გვაფიქრებინებს, რომ ეკლესია არც თეოკრატიულ მოდელს გამორიცხავს. კარგი იქნებოდა, ეკლესიას ღიად რომ განემარტა, უჭერს თუ არა საქართველოში დემოკრატიის ფუნდამენტურ წესრიგს მხარს, ისეთს, სადაც ყველას  - მართლმადიდებელს და მუსულმანს, ქართველსა და აფხაზს, ექნება უფლება და საშუალება იცხოვროს ისე, რომ არ განიცადოს დისკრიმინაცია კონფესიური და ეთნიკური ნიშნით? თუ მისი საბოლოო მიზანი საქართველოს "ეროვნულ თეოკრატიად" გადაქცევაა? ჩვენ კი, კაგრი იქნებოდა, ეკლესიის თემისათვის ერთხელ და სამუდამოდ ტაბუ მოგვეხსნა და გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ გვესახება ეკლესიის ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში. 


ps. კულტურული კვლევების სტუდენტებს ვურჩევდი, სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომები ეკლესიის დისკურსის შესახებ და ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის შესახებ დაეწერათ. ეს თემა საქართველოში თითქმის სრულიად შეუსწავლელია და თუნდაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე კვლევის სასწრაფოდ დაწყებაა აუცილებელი. 





 



No comments: