Saturday 23 May 2009

Nowhere Land


I.
ინტერვიუში ანი ეპელბუანთან („ფილოსოფიის ადგილი საბჭოთა სისტემაში“) მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ოქტომბრის რევოლუცია და მისი შემდგომი მოვლენები საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დროიდან, ისტორიიდან და ცხოვრებიდან გასვლას ნიშნავდაო. „ამჟამინდელი პრობლემა“ კი ის არის, „ცხოვრებას დაუბრუნდეო“. ცხოვრებიდან და დროიდან ამოვარდნა რომელზეც მამარდაშვილი საუბრობდა, მისი აზრით, უტოპიაში, საბჭოთა პროექტში ჩათრევით იყო გამოწვეული და პარალელური სამყაროს შექმნას ნიშნავდა, რომელიც, „სარკის მიღმა“, „მიღმა სამყარო“, „სიკვდილის სამყარო“ იყო. მამარდაშვილისთვის ისტორიიდან და დროიდან ამოვარდნის პრობლემა პრიველ რიგში არა სოციალური და პოლიტიკური, არამედ მეტაფიზიკური იყო - ადამიანი, რომელმაც ტოტალიტარულ სახელმწიფოში ცხოვრების - უფრო სწორად კი ცხოვრების არქონის გამოცდილება მიიღო, თავიდან უნდა იშვას, „ხელმეორედ უნდა ისწავლოს ცხოვრება“. „ეს დაბადება კი იმყოფება იმ ველში, რომელშიც შესაძლო ადამიანი სიმბოლოს უერთდება და ამ შეერთების დაძაბულობისაგან ანუ თავის თავზე ძალისხმევის შედეგად ადამიანში ადამიანი იბადება“. იყო ცოცხალი მამარდაშვილის განმარტებით, ნიშნავს საკუთარი ცხოვრების ყველა გამოვლინებაში, იმაში რასაც ამბობ, ფიქრობ ან აკეთებ, შეინარჩუნო ერთგვარი ფუნდამენტური კავშირი შენს თავთან. ეს მეტაფიზიკური აქტი არის საფუძველი იმისა, რომ არსებობდეს ნორმალური სოციალური კავშირები და შეიქმნას პოლიტიკური სივრცე. 
ამ ინტერვიუდან 20 წლის შემდეგ პრობლემის არსი არ შეცვლილა. საქართველომ ჯერ ვერ მოახერხა დაბრუნებოდა ცხოვრებას, თუმცა მოახერხა დაბრუნებოდა ისტორიას, გლობალურ პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით. აი ეს მდგომარეობა, როდესაც საქრთველო ფორმალურად თანამედროვე ისტორიის ნაწილია, ხოლო „შინააროსბრივად“ - არა, ტრანზიტული მდგომარეობაა. საბჭოთა საქართველო უტოპიური პროექტის ნაწილი იყო. ამ უტოპოსის ლოკალიზაცია მაინც შესაძლებელი იყო. მას გააჩნდა სივრცე და დრო, რომლის აღწერაც შესაძლებელი იყო, თუნდაც იმ უარყოფითი კატეგორიებით, რომლითაც მას მამარდაშვილი აღწერს - ოღონდ ცხადია, გეოგრაფიულ კატეგორიებს არ ვგულისხმობ. საქართველო ამ სივრციდან გამოვიდა, ოღონდ თავისი „ადგილი“ ჯერ ვერ იპოვა. აი ამ მდგომარეობას - გეოპოლიტიკურ, ეკონომიკურ და დროით სალხინებელს - სოციოლოგების და პოლიტოლოგების ენაზე ტრანზიტულობა ეწოდება. ტრანზიტულობის სოციოლოგიურ ან პოლიტოლოგიურ განმარტებას თავი რომ დავანებოთ, ტრანზიტულობა დროში და სივრცეში ლოკალიზაციის, ადგილმდებარეობის დადგენის შეუძლებლობას თუ არა, უკიდურეს სირთულეს გულისხმობს. სივრცე და დრო მარტო გეოგრაფიული კოორდინატებით და კალენდარით არ განისაზღვრება. ჩემი მოკრძალებული მოსაზრება კი ის გახლავთ, რომ საქართველო, როგორც ტრანზიტული ანუ გარდამავალი ქვეყანა არც არანაირ დროში და სივრცეში არ იმყოფება. ტრანზიტული ადგილი არსად არის - ატოპიურია. შესაბამისად არც ტრანზიტის დრო არის განსაზღვრული - ის აქრონიაა. წესრიგი, რომელიც აქ უნდა სუფევდეს, ასევე განუსაზღვრელია, ასე რომ ატოპიაში, აქრონიაში და ანომიაში ვცხოვრობთ. ეს უადგილობა, უდროობა და ანომიურობა ისეთი ბუნებისაა, რომ თავის თავში ბევრ სხვადასხვა (მაგრამ არა უსასრულოდ ბევრ) სივრცეს, დროს და წესრიგს მოიცავს. საქმე ისაა, სად, რა დროში, სივრცეში და წესრიგში ამოვყოფთ თავს. 
საქართველოს ლოკალიზაცია დროის სივრცეში, პირდაპირ იქნება დაკავშირებული მის სივრცულ ლოკალიზაციასთან. მაგალითად: საქართველომ კი გააკეთა არჩევანი ევროკავშირის და ნატოს სასარგებლოდ, მაგრამ ევროკავშირს და ნატოს საქართველოს სასარგებლოდ არჩვენაი არ გაუკეთებია, ჩვენ არ ვართ დღეს იმ წესრიგის ნაწილი, რომლის არსებობის გარანტიასაც ევროკავშირი ან ნატო იძლევა, მაგრამ ჩვენი არჩევანი ევროკავშირის და ნატოს სასარგებლოდ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არჩვეანი, ჩვენი ტრასფორმაციის, გნებავთ მოდერნიზაციის გარკვეულ მიმართულებას გულისხმობს, ისევე როგორც გარკვეულ კონსტიტუციას - ძირითად კანონს, რომელიც ჩვენი ცხოვრების და ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობის საფუძველი გახდება. („კონსტიტუციას“ ამ შემთხვევაში მხოლოდ სამართლებრივი მნიშვნელობით არ ვგულისხმობ, არამედ როგორც დაწერილი და დაუწერელი კანონების ერთობლიობას). ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა ეს კანონი ჩვენი, იმაზე დამყარებული, რასაც ჩვენ ჩვენს ფასეულობებს ვეძახით, შეგვიძლია და გვინდა თუ არა ამ კანონით ცხოვრება. 

II.
„გამეორება ცოდნის დედაა“ - საბჭოთა სკოლის ერთერთი მაქსიმა იყო. განათლების სისტემაში, რომელიც მზა ცოდნის დაზეპირებაზე და არა აზროვნების წახალისებაზე იყო ორიენტირებული, გამეორება მნიშვნელოვანი პედაგოგიური ინსტრუმენტი გახლდათ. საბჭოთა სისტემაში გაზრდილები რომ ვართ, ალბათ ამიტომ გვიყვარს ერთი და იგივე შეცდომების გამეორება, კარგად რომ გაგვიჯდეს ძვალში და რბილში. 

ცოდნის არ იყოს, საბჭოთა მეცნიერებას და განათლებას კულტურაზეც სტატიკური შეხედულება ჰქონდა. ისტორიის სახელმძღვანელოებში „კულტურა“ ამა თუ იმ თავის ბოლოს იყო მოქცეული და მოგვითხრობდა, რომ ამა და ამ საუკუნეში აშენდა ესა თუ ის ეკლესია, დაიწერა ესა თუ ის წიგნი და დაიხატა ესა თუ ის ნახატი. კულტურა ან სამუზეუმო ექსპონატი იყო, ან რეზერვაცია, რომელთანაც ჩვეულებრივ მოქალაქეს პირდაპირი შეხება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, ვინმემ თავისუფლად შეიძლება უნიტაზი ჩაურეცხავი დატოვოს და ამავე დროს თავი რუსთაველის მემკვიდრედ მიიჩნიოს.

საბჭოთა კავშირში კულტურა თუ სამუზეუმო ექსპონატი იყო, კანონი „უცხო“ იყო. ჰეტერონომიულად, სხვის მიმართ დაწესებული კანონით ვცხოვრობდით. აქედან გამომდინარე კანონი შეიძლება დაარღვიო, იმიტომ რომ ის შენი არ არის. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგაც გადმოგვყვა კანონისადმი ასეთი დამოკიდებულება. ჯერ ვერ მივხვდით, რომ კანონი, გიდნა დაწერილი გინდა დაუწერილი ჩვენ თვითონ უნდა გამოვიმუშაოთ, ჩვენ თვითონ უნდა შევთანხმდეთ მასზე, ვაღიაროთ, რომ ეს კანონი ჩვენია, რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების წესი, რომ ჩვენ თავს უნდა მივცეთ კანონი, ანუ ავტო-ნომიურები გავხდეთ. 

სინამდვილეში კი კულტურა უფრო წესრიგია, კანონი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება თავისი თავის ორგანიზებას ახერხებს. პოლიტიკა, ლიტერატურა, არქიტექტურა, ამ „ორგანიზაციის“, შინაგანი კანონის გამოხატულებაა. შინაგანი კანონი როდესაც არ არის, როდესაც ამ კანონის ადგილი ცარიელია, როდესაც საზოგადოების დამაკავშირებელი ძაფები გაწყვეტილია, ამ სიცარიელის ხელოვნურად შევსებას ვცდილობთ. „გარდამავალი პერიოდი“ სწორედ ის დროა, როდესაც ძველი „კანონი“ მკვდარია, ახალი კი ჯერ კიდევ არ არსებობს. სამაგიეროდ არსებობს ძველი, მკვდარი ფორმების ინერცია. ამ ძველ ფორმებთან დაბრუნება შეიძლება მარტივ გამოსავლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ სიმარტივემ არ უნდა მოგვატყუოს. 

მოდით ცოტა ხნით შევხედოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს წარსულთან და მომავალთან თანამედროვე ქართულ კულტურას: ამის მაგალითად კი თანამედროვე არქიტექტურის ორ ნიმუშს, წმინდა სამების ტაძარს და ავლაბრის შადრევანს გადავავლოთ თვალი. ერთი შეხედვით ამ ორ არქიტექტურულ ნაგებობას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს - დროსთან დამოკიდებულების გარდა. ავლაბრის შადრევანი პუშკინის სკვერის შადრევნის ორჯერ გაზრდილი ასლია, სამების ტაძარი კი კლასიკური პერიოდის ქართული არქიტექტურის ასევე პროპორციებში გაზრდილი ვერსიაა. როგორც თავად არქიტექტორი ამბობს „გავაანალიზეთ თითქმის ყველა დიდი ქართული ტაძარი: ოშკი, ბანა, ბაგრატი, ხახული, სვეტიცხოველი, გელათი და მათ სინთეზზე გავაკეთე ჩემი პროექტი” (სტილი დაცულია). არქიტექტორს თავისი არგუმენტიც აქვს: “მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს... ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი” (სტილი აქაც დაცულია). თუკი მართლმადიდებლობა “ორთოდოქსალური რელიგიაა” და “თავის თავში პირველს და ტრადიციულს ატარებს”, მაშინ რატომ აირჩია ავტორმა მოდელად ვთქვათ ბანა და სვეტიცხოველი და არა ანჩისხატი ან ბოლნისის სიონი? ამ ლოგიკით ეს ძეგლები ხომ უფრო ახლოს უნდა მდგარიყო “პირველთან” და “ტრადიციულთან”? პასუხი მარტივია: მისთვის, ისევე როგორც მისი დამკვეთისათვის დრო ქართული კლასიკური არქიტექტურის აღმავლობის ხანასთან ერთად გაჩერდა, რომელიც ამავდროულად პოლიტიკური აღმავლობის ხანაც იყო. ორივე შემთხვევა გვიჩვენებს ჩვენს დამოკიდებულებას წარსულთან და მომავალთან: იდეალური ფორმა წარსულშია მოთავსებული, ახლის საძებნელი არც სურვილი არც ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, მომავალი კი არის გადიდებული წარსული. აქედან გამომდინარე, მომავალი ჩვენთვის არის წარსული ფორმების უშინაარსოდ, რეფლექსიის გარეშე გადმოღება. 

III.

ერთ ქართულ ანეკდოტში მთის სოფლის მაცხოვრებლები ახალ მერსედესს მოიგებენ. მთიან სოფელში მერსედესს ვერც სადმე გაატარებენ, ვერც სადმე გააჩერებენ, ამიტომ მჭედელს სქელ ჯაჭვს შეუკეთავენ და მანქანას ქარაფში გადაჰკიდებენ. რამენიმე ხნის შემდეგ ჯაჭვი გაწყდება. რა ვქნათო? იკითხავენ მანქანის გაბრაზებული პატრონები. რა უნდა ვქნათ და მჭედელი მოვკლათო, იტყვის ერთ-ერთი. არ გამოვაო, იტყვის მეორე. რატომო? ერთია მთაშიო. ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთი თოფს აიღებს და წასვლას დააპირებს. სად მიდიხარო - ჰკითხავენ. პარიკმახერი უნდა მოვკლაო. პარიკმახერი რატომო? - ორია მთაშიო. ქართული პოლიტიკური აზროვნება ამ ანეკდოტს ჰგავს. რაღაც ხდება რაც ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს. პრობლემის გადაწყვეტის ნაცვლად კი პოლიტიკოსები ნებისმიერ მოქმედებას გვთავაზობენ. (ნებისმიერს არა ვოლუნტარისტულის, არამედ არბიტრალურის გაგებით). ამ პრობლემის მიზეზი, ჩემი აზრით, პოლიტიკური სივრცის “სტრუქტურაა”. უფრო სწორად ის, რომ სტრუქტურა, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ სივრცეს აქვს, პოლიტიკურ “კანონს”, ნომოსს, არ ექვემდებარება.

წარსული ფორმების გაუაზრებლად გადმოღება ქათული პოლიტიკური კულტურისთვისაც გახლავთ დამახასიათებელი. დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე სხვანაირი სტრუქტურის მატარებელია, ვიდრე ავტორიტარულ ქვეყანაში. საბჭოთა კავშირში ეს სივრცე დახურული იყო. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობას არანაირი წვლილი არ მიუძღვოდა. საბჭოთა საქართველოში რამდენიმე სივრცე არსებობდა, სადაც თავისუფალი აზრის გამოთქმა იყო შესაძლებელი და რომლებმაც პოლიტიკური სივრცე ჩაანაცვლა. გურამ დოჩანაშვილი მოთხრობაში “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” წერს, რომ თავისუფლების ასეთი “ოაზისები” სუფრა და ლიტერატურა იყო. სუფრა და ლიტერატურა იყო ის “სივრცე”, რომლის სტრუქტურა არ ყოფილა განსაზღვრული საბჭოთა ნომოსის მიერ და საკუთარ ნომოსს, საკუთარ კანონს ემორჩილებოდა, რომელიც საბჭოთა აზროვნებისაგან განსხვავებული აზრის არა მარტო გამოთქმის საშუალებას იძლეოდა, არამედ ამ განსხვავებული აზრის წარმოშობის წინაპირობაც კი გახლდათ. სუფრის ნომოსზე სიტყვას დიდად არ გავაგრძელებ, ეს ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ იმას მაინც ვიტყვი, რომ სუფრული თავისუფლება საბჭოთა პეიოდში არ ყოფილა თავისუფლება რაღაცისთვის, ეს იყო თავისუფლება რაღაცისგან. საკუთარი ტყვეობის დავიწყების საშუალება და საკუთარი თავის ინსცენირების საშუალება. საბჭოთა ტყვეობაში მოხვედრილი ქართველები საკუთარი წარსულისა და საკუთარი თავის იდეალური ხატის ინსცენირებას ახდენდნენ. სუფრული თავისუფლების სიუჟეტი მოკლედ შეიძლება აღვწეროთ როგორც “მე კარგი ვარ” ან, უფრო აგრესიული ფორმით, “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ”. აქედან გამომდინარე, სუფრა პოლიტიკური აზრის გამოთქმის სივრციდან (როგორც ეს მაგ. ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიაშია” აღწერილი) აფექტური აღმაფრენის მწვერვალზე საკუთარი თავის შესახებ იდეალური წარმოდგენის ინსცენირების სივრცედ გადაიქცა. 

კიდევ ერთი ასეთი “თავისუფალი” სივრცე პარადოქსულად ციხე იყო. ჭაბუა ამირეჯიბის რომანში “დათა თუთაშხია” აღწერილია თბილისის ციხის ბუნტი, რომელიც რეპრესიული იმპერიის შიგნით დემოკრატიის ოაზისად იქცევა. ნოდარ დუმბაძე “თეთრი ბაირაღები” ციხეში საზოგადოების მოდელს აღწერს, რომელიც უფრო “ნამდვილი” და “თავისუფალია”, ვიდრე ციხის გარეთა სამყარო. ავტორიტარულ სახელმწიფოში სივრცული ინვერსია ხდება: არათავისუფალი სივრცე თავისუფლების ოაზისად იქცევა, “თავისუფალი” სივრცე კი ტყვეობად (გენეალოგიურად ქართულ ინტელექტუალურ სივრცეში ამ სიუჟეტის “ფუძემდებელი” პუშკინის “კავკასიის ტყვე” გახლავთ). ავტორიტარული, რეპრესიული სახელმწიფოს მსხვერპლი, მისი ტყვე კი a priori - განურჩევლად პოლიტიკური თუ სისხლისსამართლებრივი დევნისა, მაღალი ზნეობის ადამიანად მოგვევლინება. ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია” სწორედ იმის მაგალითია, რომ აბრაგსა და პოლიტიკურ მებრძოლს შორის საზღვარი იშლება - სახელმწიფოსთან დაპირისპირებული დათა თუთაშხია სიკეთის მატარებელია, მისი ბიძაშვილი იმპერიის მსახური მუშნი ზარანდია კი ბორტებისა. საბჭოთა კავშირში ქურდების სამყაროს რომანტიზაციას სწორედ ამგვარი აზროვნება კვებავდა: სისტემასთან დაპირისპირებული ქურდი უფრო “ალალია”, ვიდრე სისტემის ნებისმიერი მსახური. სწორედ საბჭოურმა სისტემას შვა ისეთი გარემო, ისეთი სივრცე, სადაც ზნეობრიობისათვის ზნეობრივი აქტი, რაიმე ძალისხმევა კი არ იყო საჭირო, არამედ რეჟიმისაგან დევნილობა ხდებოდა საკმარისი. ისევ გურამ დოჩანაშვილის “კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” რომ გავიხსენოთ, ციხის მოტივს იქაც მივაგნებთ. “კარცერი-ლუქსი”, რომელიც კეთილმოწყობილ სამკითხველოს გვაგონებს, “ცოტა კარცერიცაა” - არათავისუფალი სივრცეა, რომელმაც შემდეგ მკითხველი, ინტელიგენტი, “რომელიმე კლიმი” უნდა შვას. საბჭოთა ინტელიგენტი არათავისუფალი სივრცის პროდუქტია. პარადოქსულად, მას მხოლოდ არათავისუფალ სივრცეში შეუძლია იყოს თავისუფალი. არათავისუფალი სივრცე ხდება თავისუფალი, განსვავებული აზრის გამოთქმის ადგილი და ქმნის ამ აზრის გამოთქმის წინაპირობაც. საბჭოთა ხელოვნებისათვის ამგვარი არათავისუფლება არსებობის მოდუსი იყო. ბევრი მწერალი, თეატრის ან კინოს რეჟისორი შეგვიძლია გავიხსენოთ, რომელიც საბჭოთა კავშირშის დაშლის შემდეგ შემოქმედებითი კრიზისის მსხვერპლი გახდა, ანუ ვერ შეძლო გათავისუფლებულ სივრცეში აზრის გამოთქმა. ამ აზრის გამოსათქმელად საბჭოთა ხელოვანს, საბჭოთა ინტელიგენტს არათავისუფალი სივრცე ესაჭიორებოდა. 

საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე, პოლიტიკური აზრის გამოთქმის სივრცედ ქუჩა გადაიქცა, ამ აზრის გამოხატვის ფორმად კი მიტინგი იქცა. ოღონდ ამ აზრის გამოთქმას თავისი პრობლემაც სდევდა თან: ქუჩა არ არის სიცრცე, სადაც პოლიტიკური აზრის გენერირება შეიძლება მოხდეს, რაც შესაბამისად, პოლიტიკური აზრის გამოხატვის საშუალებებზეც ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე პოლიტიკური სივრცის ადგილს საქართველოში თეატრალიზებული სივრცე ანაცვლებს, სივრცე სადაც პირველ ადგილზე ემოციის გამოხატვა დგას და არა აზრის გამოტანა ან გადაწყვეტილების მიღება. ოთხმოციანი წლების ბოლოდან პოლიტიკური არტიკულაცას განსაზღვრავდა აფექტი, რომელიც პერიოდულად ისტერიაში გადადიოდა. ქუჩის ამ თეატრალიზებულ სივრცეში ერთი და იგივე სიუჟეტი - სიკეთის ბოროტებასთან ბრძოლის სიუჟეტი თამაშდება. პერსონაჟები კი იცვლებიან, მაგრამ სიუჟეტი რჩება - ბრძოლა რაიმე პრობლემის გადასაჭრელად კი არ მიმდიარეობს, არამედ საკუთარი თავის სიკეთის, მოწინააღმდეგის კი ბოროტებად ინსცენირებისათვის (ხელისუფლების მხარდამჭერთა და მის მოწინააღმდეგეთა მიტინგებს ერთი სტურქტურა აქვს). 

ამ მხრივ სუფრას, ციხეს და მიტინგს საბჭოთა რეალობიდობიდან გადმოყოლილი საერთო სიუჟეტი აქვს, რომლის დღევანდელი პოლიტიკური სივრცის სტრუქტურირებას ახდენს. მისი შინაარსი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება ან მიზნების მიღწევა კი არ არის, არამედ აფექტურ ტალღაზე საკუთარი თავის იდეალური წარმოდგენის ინსცენირება. შესაბამოსად მისი “კანონი” პოლიტიკური არ არის - თეატრალიზებულია და გარკვეული სიუჟეტის არსებობას გულისხმობს. იმისათვის, რომ თავისუფალი აზრი გამოითქვას, საჭიროა პოლიტიკური სივრცის იმგვარად სტრუქტურირება, რომ ეს სივრცე ჯერ არათავისუფალი გახდეს იმისათვის, რომ მასში თავისუფალი აზრი იშვას და ამ აზრის გამომთქმელს ზნეობრივი ავტორიტეტი შესძინოს. (ამის დამადასტურებელია პოლიტიკური კლიპი “ღირსეული ხარ”, რომელშიც პარადოქსულად პოლიტიკური აზრი არ გამოითქმება, არამედ აქცენტი კონკრეტული პოლიტიკური პოზიციის და არა აზრის ზნეობრიობაზე კეთდება). იმისათვის, რომ შენი თავი ღირსეულად წარმოიდგინო, სიუჟეტის ლოგიკა ოპონენტის სისხლისმსმელად და ჯალათად წარმოდგენად მოითხოვს. (იგივე ლოგიკით ხელმძღვანელობდნენ 2008 წლის 12 აგვისტოს მიტინგის მონაწილეები). ამგვარი თეატრალიზებას კი ძალაუნებურად - სიუჟეტის ლოგიკიდან გამომდინარე - აქცენტი კონკრეტული პოლიტიკური პრობლემიდან ინსცენირებულ პრობლემაზე გადააქვს. უკვე ოცი წელია, რაც ქართული პოლიტიკა ერთსა და იგივე შეცდომას იმეორებს. დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური სივრცის სტრუქტურირება ისევ ძველი სააზროვნო ფორმებით ხდება. 2009 წლის გამოსვლებმა სამი სივრცე: ქუჩა, ციხე და სუფრა დაუკავშირა ერთმანეთს, სიუჟეტი - სიკითის ბოროტებასთან ბრძოლისა კი იგივე დატოვა. ამ სივრცეთა დამაკავშირებელი ფიგურა “უცნობი” და მისი საკანი N 5 გახდა.

დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური სივრცე მეტ საშუალებას იძლევა, ვიდრე ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა. ამიტომ ამ სივრცის ძველი მოდელებით სტრუქტურირება საბოლოო ჯამში კონტრპროდუქტიულია, იმიტომ რომ განახლების საშუალებას კი არ მოგვცემს, არამედ ერთისა და იგივეს უსასრულოდ გამეორების წინაპირობა იქნება. მიუხედავად ხელისუფლების კრიტიკის ლეგიტიმურობის, საჭიროების და სამართლიანობისა, ამ კრიტიკას შესაბამისი პოლიტიკური ენა სჭირდება, რომელიც არ იქნება სუფრის, ციხის და მიტინგის ენა. ისევე როგორც ყველა სხვა ენას, ამ ენასაც სწავლა სჭირდება. რაც არ უნდა სწორი იყოს აზრი, რომლის გამოთქმაც გვინდა, ეს აზრი არ შეიძლება იყოს მართალი, ადეკვატური, მის შესაბამის ენაზე არტიკულირების გარეშე. სანამ ამ ენაზე ლაპარაკს არ ვისწავლით, იქამდე ის სივრცე, რომელიც პოლიტიკური უნდა იყოს, პოლიტიკური ვერ გახდება. 80იანი წლების ბოლოდან არასწორად დაფუძნებული პოლიტიკური სივრცე დღემდე ვერ “შედგა”. ის თეატრალიზებული სივრცე კი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ სივრცეს ანაცვლებს, პოლიტიკურ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირების საშუალებას ვერც იძლევა და არც შეიძლება რომ მოგვცეს.

ეს ორი, განსხვავებული სფეროდან მოტანილი მაგალითი,ჩემი აზრით, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ დამოუკიდებლობიდან 20 წლის შემდეგაც ვერ ვიპოვეთ ადეკვატური ფორმები “ახალი საქართველოს” გამოსახატავად (სასიხარულო გამონაკლისებს ისევ ლიტერატურაში თუ ვიპოვნით). ძველი ფორმები ყოველთვის წარსულში დაგვაბრუნებს, ახალი ფორმების გარეშე კი, მამარდაშვილის თქმისა არ იყოს, ვერ მოვახერხებთ “ცხოვრების ხელახლა სწავლას”. ამ ახალი ცხოვრების, ახალი კანონის, ახალი გამოხატვის გარეშე საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იქნება როგორც პოლიტიკური, ისე მეტაფიზიკური გაგებით.

No comments: