Thursday 7 January 2010

ეროვნული უძრაობა

Нет, не сказать, чтоб мы совсем застряли!
Движенье есть, движенье происходит.
Мы все-таки плывем. И нас никто
не обгоняет. Но, увы, как мало
похоже это на былую скорость!
И как тут не вздохнешь о временах,
когда все шло довольно гладко.
Гладко.
იოსებ ბროდსკი

ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები საქართველოს მთავრობის სტილად იქცა. სანამ იმაზე დავფიქრდებოდეთ, რას უნდა ნიშნავდეს მთავრობის შეუთანხმებლობა ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მოდით რამდენიმე ასეთ შემთხვევას გადავხედოთ: 

თავი I “ქუდზე კაცი”

2009 წლის 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა “ეროვნული გვარდიის ახალი ხედვა”. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვი ორიენტირებული უნდა იყოს “ხარისხზე და არა რაოდენობაზე”, რომ შეირაღებულ ძალებს 3000 “I კლასის რეზერვისტი უნდა ჰყავდეს”. მისასალმებელია, რომ ამ დოკუმენტის ავტორებმა იფიქრეს რუსეთთან ომის შედეგებზე და შესაბამისი დასკვნებიც გამოიტანეს: საქართველოს პრეზიდენტის და მისი ყოფილი ერთგული თანამებრძოლის შემდგომში კი დაუძინებელი მტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ შექმნილი და დაგეგმილი რეზერვისტთა რაოდენობაზე ორიენტირებული სისტემა უკიდურესად არაეფექტური აღმოჩნდა. ახალი სისტემის მიხედვით “რომელიც ძალაში 2010 წლიდან შევა (მანამდე პარლამენტმა რამოდენიმე საკანონმდებლო ცვლილება უნდა მიიღოს), ითვალისწინებს რეზერვის სამსახურის დაყოფას სავალდებულო და ნებაყოფლობით სისტემებად. სავალდებულო რეზერვი დაკომპლექტდება სამხედრო სამსახურისთვის ვარგისი 45 წლამდე პირებისგან, ნებისმიერი წოდებისა და სქესის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეებისაგან. ნებაყოფლობით რეზერვს შეუძლია მიმართოს ყველა იმ მოქალაქემ, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი, მათ შორის 2007-08 წლებში სარეზერვო სამსახურგავლილ რეზერვისტს, ვისაც აქვს სურვილი კვლავაც იმსახუროს რეზერვში.” 
ორთვენახევრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი მორგი “უპრეცედენტო” ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის დაცვა არ არის მხოლოდ “თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის საქმე”. როგორც ჩანს, პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის და “თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის” ანალიზის შედეგად იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობას ტოტალური მობილიზაცია გააძლიერებს. “როცა საქმე ეხება საქართველოს დაცვას, ყველანი უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში 100, 200, 300 ათასი კაცი და თუ საჭიროა ნახევარი მილიონი დადგეს იარაღით ხელში [...] თითოეული ქართველი კაცი და ქალი იქნება საქართველოს მებრძოლი, უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად” რიტორიკულ ექსტაზში შესული პრეზიდენტი აგრძელებს: “უნდა იყოს მზად თითოეული ქართული ოჯახი, თითოეული ქუჩა, რაიონი, კვარტალი, სოფელი, ქალაქი, თითოეული დასახლებული პუნქტი და თითოეული სახლი და ოჯახი უნდა იქცეს წინააღმდეგობის და საქართველოს თავისუფლებისთვის აშენებულ სიხე-სიმაგრედ გარდაქმნილ ბასტიონად.” მზად “უნდა იყოს” რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ მოდით ისიც ვიკითხოთ როგორ. პრეზიდენტს ამ შეკითხვაზეც აქვს პასუხი: “არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ვგულისხმობ, ეს დღესაც ასეა, მაგრამ უნდა იყოს მომზადებული სათანადოდ საქართველოსთვის საბრძოლველად, უნდა იყოს აღჭურვილი”. ესე იგი ნახევარი მილიონი ადამიანის ომისათვის “სათანადოდ” მომზადებაში პრეზიდენტი აღჭურვას გულისხმობს. პრეზიდენტის ასე თავისებურად გაგებული “სათანადო” მომზადების პრობლემაც გადაწყვეტილი ჰქონია. “ამდენ ავტომატსაც ვიშოვით და გვაქვს, და ტყვია-წამალიც საკმარისზე მეტი გვაქვს,”. ის რომ სიტყვა “ვიშოვით” პრეზიდენტის გამოსვლაში რბილად რომ ვთქვათ, ფრიად უადგილოა, ცალკე ამბავია (“ვიშოვით” და “გვაქვს” შორის განსხვავებას სულ რომ თავი დავანებოთ). ამ გამოსვლიდან იმასაც შევიტყობთ, რაში იხარჯება ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტი: ნახევარი მილოიონი ავტომატის და ამ ნახევარი მილიონი ავტომატისათვის საჭირო ტყვია-წამლის შეძენაში. ახლა ისიც ვიკითხოთ, რა წარმოდგენა აქვს ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს თავდაცვის დოქტრინაზე: მას ჰგონია, რომ ნახევარ მილიონ ადამიანს თუ დაურიგებ ნახევარ მილიონ ავტომატს, მაშინ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას არაფერი ემუქრება. ნახევარი მილიონი ადამიანს, რომლის უმეტესობასაც ავტომატი კინოში თუ აქვს ნანახი სხვა სახელიც შეგვიძლია დავარქვათ: საზარბაზნე ხორცი. მოკლედ რომ ვთქვათ, პრეზიდენტს თავისი მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად ჰყავს წარმოდგენილი. პრეზიდენტი ტყუილად რომ არ ვაკრიტიკოთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ნახევარმილიონიანი რეზერვის მომზადების საკითხი პრეზიდენტს მთლად უყურადღებოდაც არ დაუტოვებია. “სულ მცირე რამე რჩება” – გვეუბნება პრეზიდენტი “საკმარისი რაოდენობის მომზადებული ხალხი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ხუმრობით...”. მართალი გითხრათ, მიჭირს იმის დადგენა, რა ჭირს საქართველოს პრეზიდენტს სახუმარო. ისიც ვერ გავიგე, ტოტალური მობილიზაციის თეორია იყო წინასაახალწლო ხუმრობა, თუ ნახევარმილიონიანი რეზერვის მომზადება. 

პრეზიდენტი თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ფრიად გონიერი, ანალიზზე და გამოცდილებაზე დამყარებული ინიციატივის საჯარო დეზავუირებას ახდენს და კვლავ უბრუნდება არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე ორიენტირებული რეზერვის სისტემას. საქართველოს, როგორც პრეზიდენტის გამოსვლიდან შეგვიძლია დავასკვნათ, არა თუ გააზრებული, საერთოდ არანაირი თავდაცვის სტრატეგია არ აქვს. ამ სტრატეგიის არქონის კომპენსაციას პრეზიდენტი მისთვის ჩვეული გიგანტომანიური რიტორიკით ცდილობს. 

თავი II “დიდების მემორიალი”

19 დეკემბერს, ქუთაისში “დიდების მემორიალი” (ავტორი მერაბ ბერძენიშვილი) ააფეთქეს. ამ აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. დიდების მემორიალი, რომლეიც 1981 წელს დაიდგა, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველების ხსოვნას ეძღვნებოდა.

მემორიალის აფეთქებამდე ერთი დღით ადრე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა ”ქუთაისში დიდი სამამულო ომის მებრძოლების ძეგლის გადატანასთან დაკავშირებით”. განცხადების სათაური გვაფიქრებინებს, რომ მემორიალის აფეთქება საერთოდ არ იყო დაგეგმილი. ტექტსი კი გვებუნება: “მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქართველოში პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობიან მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოება ზრუნავს ძეგლებსა და მემორიალებზე. რაც შეეხება ქ.ქუთაისში განთავსებულ მებრძოლთა მემორიალს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძეგლი ძლიერ დაზარალდა 90-იან წლებში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში მიმდინარეობდა რუსეთის მიერ ინსპირირებული მოვლენები. ამის შედეგად, აღნიშნული მემორიალი საჭიროებს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.”

საქართველოს მთავრობა გარე სამყაროს და საკუთარ მოსახლეობას ამ შემთხვევაშიც სხვადასხვა ენაზე ელაპარაკება. ის, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის “მეორე მსოფლიო ომში მებრძოლთა ხსოვნის” და “ძეგლებზე და მეომრიალებზე ზრუნვის” გამოხატულებაა, სინამდვილეში ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული 300 000 ქართველის უპატივცემულობა, მათი ხსოვნისადმი მიღვნილი მემორიალის ნგრევა აღმოჩნდა. 

რატომ გახდა საჭირო ამ მემორიალის დანგრევა? ამ შეკითხვაზე გააზრებული პასუხი მისი დანგრევის ინიციატორებს არ აქვთ. მოდით, მიზეზების დადგენას შევეცადოთ: 

ა) პარლამენტის შენობისათვის ადგილის გათავისუფლება. თავი რომ დავანებოთ პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში ჩატარების იდეის აბსურდულობას, ეს მოტივი კრიტიკას ვერ უძლებს. ქუთაისში ერთი შენობის ასაშენებელი ადგილი “დიდების მემორიალის” დაუნგრევლადაც საკმარისად არის. 

ბ) მეორე მოტივზე ამერიკელი იურისტი რობერტ ამსტერდამი საუბრობს: საქართველოს მთავრობამ “არა მარტო დემონტაჟი გაუკეთა (მემორიალს - ზ.ა.) პარლამენტის ახალი შენობის ასაშენებლად, არამედ ის სამაგალითოდ ააფეთქა […] ცხადია, ეს იყო რუსეთის გასაღიზიანებლად გადადგმული ნაბიჯი, რომელის რეაქციაც მოსალოდნელად განრისხებული იყო.”
ორივე შემთხვევაში მემორიალის აფეთქება მისი ინიციატორების სრულ უგუნურებაზე მეტყველებს: პირველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მემორიალის აფეთქება ვერანაირი ლოგიკით ვერ აიხსნება, მეორე შემთხვევაში კი რუსეთის “ჯინაზე” ომში დაღუპული ქართველების ხსოვნის შეურაცხყოფის ასახსნელად უგუნურობა ალბათ ყველაზე რბილი შეფასება იქნება. 

არის მესამე მიზეზიც: ბოლო დროს საქართველოს მთავრობის მხრადამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევის და საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდნენ. თავისთავად საბჭოთა მემკვიდრეობის შეფასება და ამ მემკვიდრეობის დაძლევა დიახაც რომ აუცილებელია. პრობლემა იმაშია, რომ არც ნაციონალური მოძრაობის think tank-ებს, არც საქართველოს მთავრობას არც გააზრებული, არც ჩამოყალიბებული არ აქვს, ან რა არის საბჭოთა მემკვიდრეობა, ან როგორ შეიძლება მისი დაძლევა. სწორედ ეს გაუაზრებლობა ხდება არა მარტო უგუნურობის, არამედ დანაშაულის წყაროც. ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულ წრეებში რატომღაც მიჩნეულია, რომ საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევა საბჭოთა სიმბოლოების განადგურებას ნიშნავს. თავი რომ დავანებოთ ამ აზრის პრიმიტიულობას - სამედიცინო ანალოგია რომ მოვიშველიო, ეს იგივე იქნებოდა, ექიმი ჭრილობას კოსმეტიკით მკურნალობდეს - ნაციონალური მოძრაობის ინტელექტუალურ ბაზას ისიც ვერ გაურკვევია, რა არის საბჭოთა სიმბოლო და ჰგონია, რომ II მსოფლიო ომის დროს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი საბჭოთა კავშირს განადიდებს. ვისაც II მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირის და გერმანიის ომი ჰგონია და მიაჩნია, რომ ამიტომ ამ ომისადმი მიძღვნილი ძეგლები უნდა ააფეთქოს, ზუსტად ისევე ფიქრობს, როგორც პუტინისეული პროპაგანდა. საბჭოთა საქართველოს ისტორიაში საამაყო ბევრი არაფერი ყოფილა. მაგრამ ის, რომ ქართველები ლამის მთელ მსოფლიოსთნ ერთად ამ ბოროტების წინააღმდეგ იბრძოდნენ და მის დამარცხებაში თავისი წვლილიც შეიტანეს დიახაც საამაყოა. 

თავი III ამბავი ნავეზირალი ზურაბის შაჰის კარზე ხლებისა

2009 წლის 23 დეკემბერს, მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა. ამ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: ”საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მოღალატეები”. სამშობლოს ღალატი დანაშაულია და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით … ისჯება. ამ იურიდიულ ხაფანგს თავი რომ აარიდოს, პრეზიდენტი რელიგიურ მეტაფორას იშველიებს: ”ვინც მიდის და პირობების გარეშე შედის, შაჰ-აბასის მერე ყველაზე დაუძინებელ მტერთან საქართველოსი, და არ ეკითხება [პუტინს] როდის აპირებს ამის [სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის] დაბრუნებას, არ ეკითხება, როდის აპირებს ჩვენი ხალხის უკან შეშვებას, არ ეკითხება, როდის აღიარებს საქართველოს როგორც სახელმწიფოს, ის სჩადის ძალიან დიდ ცოდვას, არ მინდა ამას დანაშაულის კვალიფიკაცია მივცე,” - ამაში პრეზიდენტი მართალია, იმიტომ რომ დანაშაულის კვალიფიკაციის “მიცემა” პრეზიდენტის პრეროგატივა ნამდვილად არ არის. რამდენადაც ვიცი, ნოღაიდელის შეხვედრისათვის “დანაშაულის” კვალიფიკაცია არც საამისოდ ავტორიზირებულ ორგანოებს მიუციათ. ამავე ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს: ”საქართველო არ შეიძლება იყოს რუსეთთან ცუდი ურთიერთობების მომხრე; ჩვენ გიჟები არ ვართ”. ერთის მხრივ, დამამშვიდებელია პრეზიდენტის განცხადება, რომ “გიჟები არ ვართ”. რა შეგვიძლია დავასკვნათ ამ ინტერვიუდან საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ: ის რომ რუსეთი კი არ არის ჩვენი დაუძინებელი მტერი - რადგან რუსეთთან, როგორც გაირკვა ცუდი ურთიერთობების მომხრე არ ვართ, არამედ პუტინის რუსეთი. სწორედ პუტინია ჩვენი შაჰ-აბასის მერე ყველაზე დაუძინებელი მტერი. 

პრეზიდენტის ამ გამონათქვამებში უცნაური არაფერი იქნებოდა, 2009 წლის 24 დეკემბერს საქართველოს რუსეთთან რომ არ მიეღწია შეთანხმებას სახმელეთო საზღვრის გახსნის შესახებ. როგორც საგარეოს საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო კალანდაძე გვამცნობს, რუსეთსა და საქართველოს შორის ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი სავარაუდოდ 2010 წლის მარტში გაიხსნება. რია ნოვოსტი კი გვატყობინებს: ”მხარეთა დელეგაციები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა”. ამ შეთანხმებაზე პრეზიდენტს არაფერი უთქვამს. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ალბათ გასაკვირია, რატომ იყო აუცილებელი “შაჰ-აბასის შემდეგ საქართველოს ყველაზე დაუძინებელ მტერთან” საქართველოს და რუსეთის საზღვირს შესახებ მოლაპარაკებების “უპირობო” გამართვა. ან რატომ იყო ეს მოლაპარაკებები ნაკლები “ცოდვა” და “ღალატი” ვიდრე ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრა. პრეზიდენტი თავის ინტერვიუში ამასაც ამბობს: ”მე ყველაფერს ვთავაზობდი პუტინს”. სამწუხაროდ, პრეზიდენტს არ დაუზუსტებია “ყველაფერი” რას გულისხმობდა. ისიც გაუგებარი დარჩა, რა შესთავაზა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა პუტინს ისეთი, რაც მისთვის საქართველოს პრეზიდენტს არ შეუთავაზებია. 

თავი IV “იმედი”-ს სოციოლოგია

პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებები გვაფიქრებინებს, რომ თავდაცვის, კულტურის და საგარეო პოლიტიკაში საქართველოს არ აქვს რაიმე მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია, პოლიტიკა და პრინციპები. სტრატეგიის, პოლიტიკის და პრინციპების არქონა პირდაპირ აისახება საქართველოში ახალ, ამჯერად “ნაციონალურ” უძრაობაში. პრეზიდენტის პირველ და მეორე საინაუგურაციო გამოსვლებში მონიშნული საგარეო-პოლიტიკური პროგრამა არ განხორციელდა. ამ განცხადებებინდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი დეზორიენტირებულია და ვერ ახერხებს მკაფიოდ ჩამოუყალიბოს თავის ამომრჩეველს ვერც ახალი (უფრო რეალისტური) მიზნები, ვერც ამ მიზნებისკენ მიმავალი გზები. მიზნების ჩამოუყალიბლებოთ გამოწვეული უმოქმედობის დამალვას კი “ნაციონალური” ტელეარხების “კოსმეტიკა” ცდილობს.

ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ”6 წლის შემდეგ, გამოკითხულთა 60% სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობის მომხრეა”. 60%-იანი რეიტინგი იმედის ჟურნალისტებსა და რედაქტორებს უცნაურად მოჩვენებიათ: ”დრამატული მოვლენებით აღსავსე 6 წელი საკმარისი უნდა ყოფილიყო ქვეყნის მეთაურის რეიტინგის დაზარალებისთვის, თუმცა საქართველოში ჩატარებული ყველა საერთაშორისო და სანდო პოლიტიკური კვლევა აჩვენებს, რომ სააკაშვილი რეიტინგით სწორედ ახლაა უკეთეს პოზიციებზე, ვიდრე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში”. რატომ არის საქართველო ასეთი უცნაური ქვეყანა, რომ “დრამატული მოვლენების” , წაგებული ომის, დაკარგული ტერიტორიების, ხელისუფლების შტოებს შორის დარღვეული ბალანსის, ნახევრადთავისუფალი მედიის, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დამოკიდებული სასამართლოს პირობებში მაინც მიხეილ სააკაშვილს უჭერს მხარს, “იმედი” არ გვეუბნება. სამაგიეროდ გვეუბნება, რომ ამ რეიტინგს ყველა “საერთაშორისო სანდო პოლიტიკური კვლევა” ადასტურებს. ამ “ყველა” კვლევიდან “იმედს” ერთი ამოურჩევია: ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკვლევა. “ჩვენთვის ყველაზე საყურადღებო კი NDI-ის მიერ დასმული ის შეკითხვა იყო, სადაც ამომრჩეველს კითხეს, თუ ვის ისურვებდნენ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამომრჩეველთა 60%-მა მმართველი პარტიის სასურველ კანდიდატად ისევ მიხეილ სააკაშვილი დაასახელა,”
თავი დავანებოთ იმას, რომ NDI-ის გამოკვლევა მხოლოდ პოლიტიკური პარტიებისთვის არის განკუთვნილი, ანუ “იმედს” ინფორმაცია დარღვევით მიაწოდა “ნაციონალურმა მოძრაობამ”. მთავარი სხვაა: NDI-ის გამოკვლევაში დასმულ შეკითხვაზე პასუხი არც მიხეილ სააკაშვილის რეალურ რეიტინგზე გვეუბნება რამეს, არც იმაზე, რომ საქართველოს მოსახლეობის 60% მისი მესამე ვადით გაპრეზიდენტება სურს. კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ შეკითხვას: “ვის ისურვებდნენ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.” - არა “ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად”, არც “გსურთ თუ არა, რომ მიხეილ სააკაშვილმა (კონსტიტუციის დარღვევით) მესამედ გახდეს საქართველოს პრეზიდენტი”, არამედ “ვის ისურვებდნენ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე.” შესაბამისად NDI-ის გამოკვლევიდან ვგებულობთ, რომ მოსახლეობის 60% ნაცინალური მოძრაობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს ისურვებდა. ამ შედეგის ინტერპრეტაცია რამდენიმერაიდ შეიძლება: მაგ. გამოკითხულთა 60% “ნაციონალურ მოძრაობაში” უკეთეს კანდიდატს ვერ ხედავს. ან გამოკითხულთა 60%-მა არ იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება მესამედ გახდეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი. ნებისმიერ შემთხვევაში, “იმედის” დასკვნა: ” შემდეგ, გამოკითხულთა 60% სააკაშვილის მესამე ვადით პრეზიდენტობის მომხრეა” - მცდარია. შესაძლოა ჟურნალისტმა და მისმა რედაქტორმა კარგად ვერ გაიგეს NDI-ის გამოკვლევის შედეგები. ისიც შესაძლებელია, რომ გაიგეს, მაგრამ პროპაგანდისტული მიზნებით გამოიყენეს. ნებისმიერ შემთხვევაში, “იმედის” სიუჟეტი მაყურებლის დეზინფორმაციის უხეში და უნიჭო მცდელობა იყო. 

ფრანგი დიპლომატი და მწერალი ასტოლფ დე კიუსტინი რუსეთში მოგზაურობის შემდეგ წერდა: “რუსებს აქთ საგნების სახელები, მაგრამ თვითონ საგნები არ აქვთ”. (რუსეთი 1839 წელს). არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეს რუსულ გავლენას მივაწეროთ, მაგრამ კიუსტინის გამონათქვამი თანამედროვე საქართველოსაც მიესადაგება. ქართული ლიბერალური დემოკრატიისაგან მხოლოდ აბრაღა რჩება, საქართველო კი ნელ-ნელა ახალი, ამჯერად ეროვნული უძრაობის ჭაობში ეფლობა. 

2 comments:

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა said...

იშოვონ, დაურიგონ მოსახლეობას იარაღი და ვნახავ მერე ნეოკომუნისტი ნეოპუტჩისტების ბუმბულს გაშლილს-გაფანტულს ველადა :))) თავადაც კარგად უწყიან ეს ჭეშმარიტება. მაშ, რა გამოდის? რიტორიკული ლაი-ლაი და თვალებში ნაცრის შეყრა. გვხვდება, ესენი რომ არიან ხელისუფლებაში. სირცხვილია უბრალოდ...

კონსტანტინე (კოკა) ვეკუა said...

აფხაზეთიდან რომ იძულებულები ვიყავით გამოვსულიყავით, პირველ დღეებში მახსოვს, შევარდნაძის სამხედრო-კრიმინალური ხელისუფლება ბინებში დადიოდა და ქალაქში აჩერებდა ხალხს, აქაოდა ვისაც იარაღი აქვს, ჩამორთმეოდა. არადა, ეს იარაღი ხალხმა თავიანთი ოჯახების დასაცავად აიღო ხელში, როცა ღალატის შედეგად მარტო დარჩა კბილებამდე შეაირაღებული მტრის წინაშე. რატომ ეშინოდათ? მიტომ, რომ განემუხტათ თავიანთი პუტჩისტური ხელისუფლების ჩამოგდების საშიშროება.