Thursday, 16 December 2010
მოსკოვური დღიური
ანგელოზების ქალაქში რომ ჩავედი, მხოლოდ ერთი მისამართი ვიცოდი. ჩავჯექი ტაქსში და მძღოლს ვუთხარი, ერთი შენს გაზრდა გახარებას, მალჰოლანდის გზატკეცილზე მიმიყვანე-თქო. ტაქსისტმა, რომელიც წარმოშობით უკრაინელი აღმოჩნდა, მიმიყვანა რაღაც გადასახედთან, საიდანაც ჩანდა რასაც ტურისტები უყურბენ ხოლმე. მეც ტურისტი ვიყავი, ოღონდ სხვანაირი, ამიტომ გავაჩერებინე აბრასთან, სადაც მალჰოლანდ დრაივი ეწერა და სურათიც გადავიღე.
იქიდან წმინდა ფრანცისკუს ასიზელის სახელობის ქალაქში რომ გავფრინდი და სასტუმროში შევედი, რაც გავაკეთე ალბათ მიხვდებით. გავაღე ონკანი, გამოვუშვი წყალი, რომელიც მსოფლიოში პირველ ადგილზეა და დავლიე. ალბათ იმასაც მიხვდებით რომ წყალი ჩვეულებრივი იყო, თუმცა, ვთქვათ, ბერლინისას ჯობდა.
რას აკეთებს ადამიანი უცხო ქალაქში? ცდილობს რაღაც მოძებნოს, რაც მისთვის ნაცნობია და რაც ამ ქალაქთან რამენაირად აკავშირებს. აი ეს რაღაცეები კი ყველას სხვადასხვანაირი აქვს. რატომ მაინც და მაინც მალჰოლანდ დრაივი ან მსოფლიოში პირველი წყალი? ამ შეკითხვას ჯერ უპასუხოდ დავტოვებ. ისე, სულ სხვა მოგზაურობის ამბის მოყოლა მინდოდა. ხუთშაბათს ღამე თვითმფრინავში ჩავჯექი და მოსკოვში გავფრინდი. ვიზა მე და გიორგი მაისურაძეს იმავე დღეს მოგვცეს რუსეთის ფილოსოფიის ინსტიტუტის, ჩვენი მოსკოველი მასპინძლის დიდი მეცადინეობით.
მოსკოვში ორჯერ თუ სამჯერ ვიყავი ნამყოფი, ისიც ყოველთვის გზად გერმანიაში. პირველად მგონი რვა წლის ვიყავი და რაც მოსკოვიდან დამამახსოვრდა, იყო სასტუმრო "როსიას" საპარიკმახეროში ფენი, რომელიც პირველად ვნახე და იმავე სასტუმროში "яичница глазунья", რომელსაც ქართულად მგონი ტაფამწვარს ეძახიან თავისი ჭვავის შავი პურით. (შავი პური და კვერცხი ერთად არ არის ჩემი საყვარელი კომბინაცია და ამიტომ დამამახსოვრდა). კიდევ მახსოვს რომ მინდოდა ყველაზე დიდი ზარბაზნის და ზარის ნახვა, მაგრამ კრემლის მუზეუმი, როგორც ბევრი რამე მაშინდელ სსრკ-ში დაკეტილი იყო. შემდეგ, რახან უკვე ბერლინი-თბილისის რეისი შემოიღეს, მოსკოვში 90 თუ 91 წელს მოვხვდი და იმ მოგზაურობიდან ბევრი არაფერი მახსოვს. სულ ბოლოს კი ნახევარი დღით ვიყავი ჩასული 2008 წელს, ომამდე ერთი თუ ორი თვით ადრე, ისიც გერმანიაში გავლით და ეს ნახევარი დღე დიმა მამულიასთან ერთად გავატარე.
მოკლედ, მოსკოვთან, ისევე როგორც ვთქვათ ანგელოზების ქალაქთან ან სან-ფრანცისკოსთან მოგონებები არ მაკავშირებდა (მაგ. 36,50 მანეთის გარშემო აგებული მითოლოგია) და ამიტომ ისე ჩავედი, როგორც ტურისტი სრულიად უცხო ქალაქში, რომელიც ტელევიზორში მინახავს და რომელზეც წიგნებში წამიკითხავს. როდესაც ჩემმა მეგობრებმა (ანდრე ბუაჩიძემ და დიმა მამულიამ) გიორგის და მე გვკითხეს სად წაგიყვანოთო, ისევ ერთი ნაცნობი მისამართი ამომიტივტივდა (გიორგი კი იყო უკვე იქ ნამყოფი). "Однажды весною, в час небывало жаркого заката, в Москве, на Патриарших прудах, появились два гражданина." სიტყვა пруд ქართულად შეიძლება გადმოვთარგმნოთ როგორც პატრიარქის ტბორი, პატრიარქის გუბურა, თუ გინდათ პატრიარქის ჭაობი ან პატრიარქის წუმპე. იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ამდგილას ადრე მართლა ჭაობი ყოფილა, რომელსაც ვაცის ჭაობი რქმევია, თარგმანის და ასოციაციებისთვის გაქანება საკმარისი იქნება. მოკლედ ჩავიარეთ "аллея, параллельной Малой Бронной улице" და ამ ოთხკუდხედ, გაყინულ წყალსაცავს საპატიო წრეც შემოვარტყით. რაღაც კინოს იღებნენ, ამიტომ ჩაბნელებული ბაღი ძლიერი პროჟეკტორებით იყო განათებული და დიმა მამულიამ მკითხა, რაო, იგრძენი ვოლანდის სულიო. რა თქმა უნდა ვერ ვიგრძენი, სამაგიეროდ ვიგრძენი, რომ სახელის ქვეყანა ყოველთვის განსხვავდება ქვეყნის სახელისგან.
ეს ადგილი, მოსკოვში რისი ნახვაც მოვასწარი, ყველაზე ლამაზი მგონია. ეტყობა მოსკოველი რიელტორებიც იგივე აზრის არიან, იმიტომ რომ დიმამ როგორც თქვა, აქ ბინები ყველაზე ძვირია და ისეთ სიმაღლეს აღწევს, რომელიც ჩემთვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრს უფრო განეკუთვნება, ვიდრე რომელიმე წარმოსადგენ რეალობას. მოკლედ, რამდენიმე თვალსაზრისით სრულიად ფანტასტიკურ ადგილას ვიყავი, ერთდროულად ლიტერატურულ სივრცეში, დიდი თანხების სივრცეში და რაც მთავარია მესამე სივრცეში, რომელზეც ეხლა ვიტყვი ორ სიტყვას.
პატრიარქის "ტბორებიდან" წავედით რაღაც პარატა კუნძულზე, რომელიც მოსკოვის ერთ-ერთი პირობითი შარდენია. იქ ვიხსენებდით, რომ მოსკოვი უკვე მგონი მერვე ქალაქია, სადაც მე და ანდრე შევხვდით ერთმანეთს და მესამე, სადაც მე და დიმა აღმოვჩნდით ერთად. ორი წლის წინ როდესაც მოსკოვში ვიყავი, დიმა ძალიან დიდი ხანი (მგონი 10 წელიწადი თუ მეტი არა) არ მენახა და ისე ვილაპარაკეთ, თითქოს ეს ათი წელი არც ყოფილიყოს. ანდრესთანაც იგივე ხდება, რამდენი ხანითაც არ უნდა შეჩერდეს ჩვენი ურთიერთობა, საუბარი ყოველთვის იმ წერტილიდან გრძელდება სადაც გავჩერდით. ხოდა ის მესამე სივრცე იყო მეგობრობის სივრცე, რომელიც არ ემორჩილება ჩვეულებრივ დროს და სრულიად განსაკუთრებულ დროს და სივრცეს ქმნის, რომელიც თავისთვის არსებობს და გრძელდება იმ მომენტებში, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ერთად შევიყრებით ხოლმე, ის სხვადასხვა ქალაქები კიდევ ცვლადი დეკორაციაა.
მოსკოვში მე და გიორი მერაბ მამარდაშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჩავედით. სიამოვნებით დავთანხმდი მოწვევას, იმიტომ რომ ყოველთვის მაინტერესებს ფილოსოფოსზე საუბარი, რომლისგანაც საერთოდ გავიგე რა არის ფილოსოფია. ჩვენს მასპინძლებსაც ძალიან უნდოდათ ჩვენი (ქართველების) იქ ჩასვლა. კონფერენციამ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. მოვისმინე ორი ძალიან კარგი მოხსენება (ელენა პეტროვსკაიასი და ოლეგ არონსონისა). ორივემ აჩვენა, რომ მარადაშვილი იკითხება თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის კონტექსტში და დღესაც ძალიან აქტუალურია (პეტროვსკაიას ჰქონდა მამარდაშვილის და დერიდას ეთიკაზე საუბარი დერიდას "სტუმართმოყვარეობის შესახებ" სემინარიდან გამომდინარე - მიუხედავად იმისა რომ თემა ძალიან საინტერესოა, ახლა არ ჩავუღრმავდები). ორი მოხსენება, ვალერი პადაროგასი და ანდრეი პარამონოვის კარგი იყო - პარამონოვმა აჩვენა "პრუსტის შესახებ ლექციების" გამოუქვეყნებელი მანუსკრიპტები და ისაუბრა მამარდაშვილის და ტოპოლოგიის შესახებ. არც დანარჩენი მოხსენებები ყოფილა უინტერესო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ანი ეპელბუანი (აი სწორედ ის, რომელმაც რადიო ფრანს-კულტურში ჩაწერა რადიოგადაცემების ციკლი, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა სახელწოდებით "ჩახშული აზრი"), რომელიც ამართლებს ყველა კლიშეს, რომელიც კი ფრანგ ქალებზე შეუქმნიათ კატრინ დენევსა და ჟანა მოროს. მთავარი კი ის იყო, რომ რუსი ფილოსოფოსები მამარდაშვილს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან და სწავლობენ და ამაში ჩვენც რომ მივბაძოთ სულ არ იქნება ცუდი.
მერაბ მამარდაშვილის ლექციები პირველად საარბრიუკენში ჩემმა მეგობარმა, ვატო წერეთელმა მომასმენინა. მაშინ, 1993 წელს, ჯერ კიდევ კასეტებიანი მაგნიტოფონების ეპოქა იყო, ხოდა ჩვენც ვუსმენდით ძველ კასეტაზე „პრუსტის შესახებ ლექციების“ ჩანაწერს. მაშინდელი 19 წლის ტუტუცური გადმოსახედიდან ასეთი დასკვნა გამოვიტანე: მამარდაშვილი ჭკვიანი კაცია, მაგრამ ფილოსოფოსი არ არის მეთქი, რადგანაც ფილოსოფოსები კანტი და ჰეგელი მეგონა. მართალია ვერც მათი დიდი ცოდნით დავიკვეხნიდი. სადღაც მეექვსე თუ მეშვიდე კლასში, ასევე სიტუტუცის გამო, ჰეგელის წაკითხვა გადავწყვიტე. მოვკიდე ხელი ფილოსოფსკოე ნასლედიეს სერიით გამოცემული ჰეგელის რუსული თარგმანის პირველ ტომს (ადრეული ნაწერები) და წავიღე ანანურში, სადაც ჩემმა მეგობარმა, პაატა ვადაჭკორიამ დამპატიჟა. მთელი დღე სირბილის და პინგ-პონგის თამაშის მერე, ამოვიღებდი ჰეგელს და ხმამაღლა წავუკითხავდი პაატას ერთ ნახევარ გვერდს. მე ბევრი არაფერი მესმოდა, ჰოდა იმას ვეკითხებოდი, რამე გაიგე თქო? პაატა რაღაც გაუგებარს ბურტყუნებდა, მე კიდევ ერთ ორ აბზაცს წავიკითხავდი, ხოდა არ მახსოვს, ჯერ პაატას ეძინებოდა თუ ჯერ მე. ვერ ვიტყვი, რომ უძილობა ხშირად მაწუხებს, მაგრამ თუ მოხდა და არ დამეძინა და თუ ახლო-მახლო ჰეგელის წიგნი დევს, მშველის ხოლმე. თქვენც გირჩევთ.
ისე, ბარემ, რახან თინეიჯერებსა და ფილოსოფიაზე ვლაპარაკობდი, ერთ ამბავსაც გავიხსენებ: იგივე საარბრიუკენში, ერთი ჩემი კლასელი, რომელიც მერე პოლიტიკოსი შეიქნა, გიორგი მაისურაძესთან ერთად ცხოვრობდა. ხოდა გიორგიმ ერთ მშვენიერ დღეს შეამჩნია, რომ ეს ჩემი კლასელი და მისი მეგობარი როგორც წმინდანობის კანდიდატი თ. აკაკი წერეთელი იტყოდა „პასტელზე წამოგორებულიყო“ ცალ ხელში ფანქარი დაეჭირა და კანტის წმინდა გონების კრიტიკას კითხულობდა. უყურა გიორგიმ რამდენიმე დღე და ეჭვი მაქვს, რომ შურდა კიდეც, დახე ამას, წამოწოლილი კანტს გერმანულად კითხულობს და შიგნით რაღაცეებსაც ხაზავსო. ხოდა ბოლოს გულმა ვერ მოთმინა და ჰკითხა, ერთი, შენს გაზრდას და გახარებას, ნუ დამიმალავ ემანდ ხაზებს რეებს უსვამო. ჰოდა იმასაც საკმარისად აღმოჩნდა პატიოსნება და იუმორი გულახდილად რომ ეღიარებინა: ნაცნობ სიტყვებსო.
მოკლედ მამარდაშვილის მაშინ ბევრი ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ პირველი შეხვედრა, თუ გაცნობა მოხდა. 1995 წელს თბილისში დავბრუნდი, ვერ ვიტყვი, რომ მთლად თერგ-დალეული, მაგრამ საარგადაყლაპული მაინც. არ ვიცი ჩემს სამშობლოს როგორ შევეყარე, ან ის როგორ შემეყარა ის მე, მაგრამ მახსოვს, რომ დაბრუნებისას პრუსტის წაკითხვა მომინდა - ალბათ ისევ მამარდაშვილის ლექციების გავლენით. წავიკითხე კიდევაც და რომ დავამთავრე „დაბრუნებული დრო“ მივხვდი, რომ ეს იყო ყველაზე სრულყოფილი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც იქამდე წამეკითხა. (აზრი ვერც იმის შემდეგ წაკითხულმა წიგნებმა შემიცვალა). მართალია, გიორგი მაისურაძე და ფიოდორ დოსტოევსკი უპირატესობას სერვანტესს ანიჭებენ - აი ისე, რომ განკითხვის დღეს ღმერთს „დონ-კიხოტს“ წარუდგენენ გასამართლებელ საბუთად. ვინ არის ჩვენს შორის მართალი ალბათ როდესმე ბოლო ინსტანციაში გაირკვევა. ისე, იმავე დროს ვნახე მამარდაშვილის სურათი და მივხვდი, რომ ეს კაცი ადრეც შემხვედრია ერთ უცნაურ სიტუაციაში, სახელდობრ კი „ოვირში“ (ეს ის ორგანიზაცია იყო, რომელიც ჯერ საბჭოთა, მერე კიდევ რაღაცა დროის განმავლობაში დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლაზე დასტურს აძლევდა). ხოდა მე მაშინ გერმანიაში მივდიოდი, და აი ამ ოვირის მისაღებში დავინახე არაქართულად ( და არასაბჭოთად) ელეგანტურად ჩაცმული კაცი, თეთრი ტილოს ტანსაცმელში, რომელსაც ჩვენში „შარვალ-კოსტუმს“ ეძახიან ხოლმე და უჩარჩო სათვალით, რომელსაც ძალიან სქელი შუშები ჰქონდა. სათვალის ტარება მაშინ ახალი დაწყებული მქონდა და აი ის სათვალე რომ მომეწონა მახსოვს და იმ უცხო ადამიანის ელეგანტური ჩაცმულობაც დამამახსოვრდა.
კიდევ ცოტა ხანი გავიდა, „პრუსტის შესახებ ლექციები“ მოსკოვში წიგნადაც გამოვიდა და თუ არ მეშლება, ბუკინისტი არტურასგან შევიძინე, რომელიც მაშინ "სამშობლოდ" გადაქცეული "კომუნისტის" რედაქციასთან იდგა. ეს ლექციები მაშინ უფრო პრუსტის გამო წავიკითხე (ისევე, როგორც თავის დროზე პრუსტი მამარდაშვილის გავლენით). ამ წიგნის წაკითხვის მერე ისეთი გრძნობა მქონდა, რომელიც მამარდაშვილის ბევრი მსმენელისგან (და მკითხველისგანაც) გამიგია. რომ ვკითხულობდი ყველაფერი თითქოს გასაგები იყო, მაგრამ კითხვას რომ მოვრჩი, ბევრი აღარაფერი მახსოვდა, გარდა სასიამოვნო განცდისა, რომელიც კარგი წიგნის წაკითხვის დროს ისედაც ეუფლება ხოლმე ადამიანს. მერე ამ წიგნს (ისევე როგრც ლექციის ჩანაწერს) რამდენიმეჯერ დავუბრუნდი. კიდევ გავიდა დრო და ჰუმბოლდტის უნივერისტეტში მერაბ მამარდაშვილის შესახებ სემინარი ჩავატარე. ერთ-ერთ სხდომაზე მამარდაშვილის მოსწავლე, რუსი ფილოსოფოსი მიხაილ რიკლინი გვყავდა მოწვეული. სტუდენტებმა რიკლინს ჰკითხეს, ეს მამარდაშვილი კი არის საინტერესო კაცი, მაგრამ როგორია მისი ფასია იდეათა თანამედროვე ბაზარზეო? რიკლინმა კი ამ შეკითხვაზე ჩემთვის ცოტა უცნაური პასუხი გასცა: ჩემთვის მამარდაშვილი არის ადამიანი, რომელმაც მასწავლა, რომ თავისუფალი აზროვნება შესაძლებელიაო, მაგრამ მისი ფილოსოფიის ახლა კითხვას დიდი აზრი არ აქვსო.
ვერ ვიტყვი, რომ მამარდაშვილის ფილოსოფიის დიდი მცოდნე ვარ. არ ვიცი, რამდენად არის ან ახალი, ან აქტუალური მისი კანტიანური ვარიაციები ან კარტეზიანული მედიტაციები. მაგრამ მგონია, რომ პრუსტის შესახებ ლექციები, ისევე, როგორც მის ინტერვიუებში გაბნეული მოსაზრებები დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ორი მიზეზის გამო. პირველი და უფრო მარტივი მიზეზი ის არის, რომ მამარდაშვილი გვაძლევს საბჭოთა კავშირის გამოცდილების ფილოსოფიურად გააზრების ენას და სააზროვნო აპარატს. მეორე და ჩემთვის უფრო მეტად საინტერესო ის გახლავთ, რომ მამარდაშვილის ფილოსოფია გარკვეულ, თუ არა დიდ წილად „სეკულარული სოტერიოლოგიაა“, თვითონ მამარდაშვილი კი იტყოდა მეტაფიზიკა არისო. „ხსნის“ თემით (სეკულარულ კონტექსტში) დაინტერესებული მხოლოდ ერთი ადამიანი შემხვედრია: ჩემი მეგობარი ანდრე ბუაჩიძე. მამარდაშვილმა „პრუსტის შესახებ ლექციებში“ აირჩია გზა, რომელიც ჩვენი თანამედროვე ფილოსოფიისათვის და კულტურისათვის (ხან მეტად და ხან ნაკლებად შარლატანურ ეზოთერულ ოპუსებს თუ არ ჩავთვლით) თითქმის მთლიანად უცხოა. მე ასე მგონია, რომ მამარდაშვილმა შეძლო მოდერნიზმის გარკვეული თემების (მაგ. პრუსიტს და მუზილის) ფილოსოფიურ ენაზე გადათარგმნა და პოსტმოდერნული ფილოსოფიისაგან განსხვავებული გზით წასვლა.
პატრიარქის ტბორებთან დაკავშირებით ერთი ამბავი გამახსენდა, ერთმა ჩემმა გერმანელმა კოლეგამ, ერთობ ჭკვიანმა და რაციონალურმა ადამიანმა, ერთხელ, სადილობისას მკითხა: რა ნახე ამ ოსტატსა და მარგარიტაში ამისთანაო. შეკითხვა არ იყო ცუდი და დავფიქრდი: მართლაც, რატომ შეიძლება შეგიყვარდეს ვთქვათ X და არა Y? ალბათ მოიძებნება წიგნები, რომლებიც ამა თუ იმ კრიტერიუმით ჯობია ოსტატსა და მარგარიტას. ცხადია, რომ საქმე კრიტერიუმებში არ არის. ეს წიგნი წავიკითხე 13 წლის რომ ვიყავი და რომ ვთქვა აღვფრთოვანდითქო, გამოვა რომ არაფერი მითქვამს. რომ დავფიქრდი, რამ აღმაფრთოვანა, პასუხი უცებ ვერ ვიპოვნე. მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ ამ წიგნმა რაღაც განმაცდევინა, რაც იქამდე არ განმეცადა: შეგიძლიათ ამ გრძნობას პირობითად სიყვარული დაარქვათ. ეს იყო სრულიად ახალი გამოცდილება, რომელსაც ქართულში სამართლიანად ქვია ენით აღუწერელი (აღუწერელი არაა მაგრამ ამის აღწერით ისედაც გაგრძელებულ სიტყვას აღარ გავაგრძელებ). უფრო მოგვიანებით, როდესაც მამარდაშვილი წავიკითხე, რომელიც ამ მექანიზმს აღწერს ფილოსოფიის ენაზე (სიყვარულისას არა, შეყვარების ან რაიმეს შეგრძნების ან ფიქრის შესაძლებლობის და ამას მეტაფიზიკურ აპოსტიერიორის არქმევს), გავიგე, რომ ნებისმიერი განცდა (და სხვათა შორის ფიქრიც) რაღაც არხებით მოძრაობს, რომელსაც პირველი შთაბეჭდილება ჭრის (ეს შთაბეჭდილება შეიძლება ადამიანი იყოს, შეიძლება წიგნი, შეიძლება ხე და კიდევ ათასი რამ) და რომ ეს პირველი შთაბეჭდილება აპრიორული იქნება ყოველი შემდეგი შთაბეჭდილებისათვის.
საბჭოთა კავშირის ისტორიის წიგნებში თავის დროზე ეწერა, რომ ორი რუსეთი არსებობდა. ერთი იყო ნიკოლოზ I-ის, ევროპის ჟანდარმის რუსეთი, მეორე კი "პროგრესული", დეკაბრისტების რუსეთი. ეს დიქოტომია მერე ჩვენებმაც აიტაცეს, ოღონდ უკვე იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი ორი არ არის არამედ ერთია (აი სწორედ ის, რომელიც ნიკოლოზ I-ის ტრადიციას აგრძელებს). არ ვარ დარწმუნებული, რომ ვინმე რამენაირად დეკაბრისტების ტრადიციას აგრძელებდეს, მაგრამ მგონია რომ რუსეთი არც ერთია და არც ორი. არც ის მგონია, რომ "ხალხთა მეგობრობა" ან მით-უმეტეს ძმობა, ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა დაშ. არსებობს. მაგრამ მგონია, რომ ყოველთვის არსებობს ადამიანების ურთიერთობის შესაძლებლობა. აი რას წერს რედიარდ კიპლინგი ამ თემაზედ:
OH, East is East, and West is West, and never the twain shall meet,
Till Earth and Sky stand presently at God’s great Judgment Seat;
But there is neither East nor West, Border, nor Breed, nor Birth,
When two strong men stand face to face, tho’ they come from the ends of the earth!
ჩვენს ურა-პატრიოტებს და რუსოფობებს ვაჟა-ფშაველას გადაკითხვასაც ვურჩევდი, რომელსაც ისინი ძირითადად არასრორად გაგებული სტატიის "პატიორიტიზმი და კოსმოპოლიტიზმი" საციტირებლად მიადგებიან ხოლმე.
ერთ-ერთი პირველი მოსკოვური შთაბეჭდილება მეტრო იყო. არა მგონია, ორიგინალური იყოს აზრი, რომ პროლეტარული ტრანსპორტის ასე "რასკოშნად" გაფორმება მხოლოდ პროლეტარული სახელმწიფოს მესვეურებს მოუვიდოდათ აზრად. შთამბეჭდავი იყო არა მარტო მეტროს არქიტექტურა, არამედ ხმა, რომელიც არასოდეს ჩუმდებოდა. ეს ხმა ეუბნებოდა მგზავრებს, რომ უნდა იდგნენ ესკალატორის მარჯვენა მხარეს, რომ უნდა გაატარონ სხვა მგზავრები, რომ მტეროში მგზავრობისას უნდა დაუთმონ ადგილი მოხუცებს, ინვალიდებს, ფეხმძიმე ქალებს და ბავშვიან დედებს. მოკლედ, საბჭოთა ეპოქის ცოცხალი რელიქტი. აგრესიული აკუსტიკური რეკლამა საერთოდ ხშირია მოსკოვში და დიდი იმედი მაქვს, ჩვენი პიარის და სარეკლამო ფრონტის არწივები ამ იდეას არ აიტაცებდენ. კიდევ უფრო განსაცვიფრებელი იყო პლაკატები მეტროში, რომელიც პელევინის რომანის ილუსტრაციას უფრო ჰგავდა ვიდრე სინამდვილეს. ერთ-ერთი და ყველაზე მაგარი იხ. აქვე.
ბოლო დღეს, გამოფრენამდე, წავედით "ვინზავოდში", ძველ ღვინის ქარხანაში, რომელიც ახლა თანამედროვე კულტურის ცენტრად არის გადაკეთებული. (ბერლინში, ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზე არის ასეთი "კულტურის ლუდსახარში", ყოფილი ლუდის ქარხანა სადაც ახლა მაღაზიები, თეატრი და რამდენიმე გალერეაა, ნოემბრის ბოლოს კი საშობაო ბაზრობაც იმართება ხოლმე (გლიუვაინით და როსტბრატვურსტით). თანამედროვე ხელოვნება იმპერიულ ქალაქებში თავს ცოტა უხერხულად გრძნობს ხოლმე (ასე იყო ვენაში და ასე იყო მოსკოვშიც) - მთლად თავის ადგილას ვერ არის. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებული ვნახე. უკრაინელი მხატვრის ალექსანდრ როიტბურდის გამოფენა, (http://www.guelman.ru/gallery/moscow/roitburd/) რომელმაც კარავაჯო ერთობ თავისებურად აითვისა და რუსი მხატვრის ნალბის (ბუგაშევის) ძალიან საინტერესო ნახატები (http://www.winzavod.ru/sobitie/328). იქვე იყო ყველაზე კარგი კაფე, რომელიც მოსკოვში ვნახე (ბევრი არ მინახავს, ამიტომ სანდო წყაროდ ვერ გამოვდგები), რომელსაც სახელად ერქვა "წურწუმკაფე" (არ ვიცი, მფლობელი წურწუმია თუ იყო გვარად). ჰოდა ამ კაფეში არის მშვენიერი ჩაი, სხვათა შორის ფეიხოათი (фейхуевый чай). მოკლედ, რუსეთი ბევრ სხვადასხვა დროში იმყოფება ერთდროულად (არქიტექტურას ეს მშვენივრად ეტყობა, თანამედროვეს განსაკუთრებით), ხოდა ამ დროთაგან თანამედროვე ხელოვნება ჯერ ვერ არის ისეთი თანამედროვე, როგორც ვთქვათ ნიუ იორკში, ბერლინში ან ლონდონში.
წინა დღეს საღამოს კი დიმა მამულიას ფილმზე ვიყავით "კინოს სახლში". დიდი დარბაზი, რომელიც დაახლოებით ჩვენი ფილარმონიისხელაა, სავსე იყო. ფილმის შესახებ ალბათ ცალკე დავწერ, ახლა კი იმას ვიტყვი, რომ ქართველი კონომცოდნეების რეაქციამ გამაკვირვა. ჯერ ერთი, ვერაფრით გავიგე, რანაირად განიცდის ეს ფილმი რუსული კინოს გავლენას (იმას რომ თავი დავანებოთ, რომ გაუგებარია, რატომ არის ეს თავისთავად ცუდი). ლოგიკა დაახლოებით ასეთი იყო: დიმა მამულია მოსკოვში ცხოვრობს, შესაბამისად ფილმი რუსულ გავლენას განიცდის. მოკლედ ძალიან რბილად რომ ვთქვა თან ძალიან უნდა გინდოდეს და თან ფანტაზიის დიდი უნარი უნდა გქონდეს, ამ ფილმში ტარკოვსკის კვალი რომ დაინახო. კიდევ იმან გამაკვირვა, რომ ფილმი თითქოს მონოტონურია. ფილმში გრძელი კადრი ბევრია, მაგრამ ეს სულაც არ ქმნის მონოტონურობას - პირიქით, ფილმს ძალიან გამოკვეთილი რიტმი აქვს და ამ რიტმით თუ რამეს ჰგავს, ეს უფრო ლექსი იქნება (ვიზუალური "რითმაც" ძალიან ბევრია). კიდევ იმან გამაკვირვა, რომ ქართველ კინომცოდნეებს ამ ფილმში მორალი მოელანდათ. რაიმე ერთი კონკრეტული დასკვნის გამოტანის საშუალებას დიმას ფილმი არ იძლევა (სრულიად გაცნობიერებულად).
ფილმი ტაჯიკ გლეხ ალიზეა, რომელიც მოსკოვში ჩამოდის 10 წლის შვილთან ერთად თავისი ცოლის საძებლენად. ცოლს მხოლოდ მაშინ იპოვის, როდესაც შვილი მოუკვდება. სიუჟეტი მოკლე და მარტივია, ამიტომ მიხვდებით. რომ ფილმის მიზანი სულაც არ არის ამბის მოყოლა. რა ძალა აიძულებს ალის მიატოვოს ყველაფერი და სრულიად ობსესიურად ეძებოს ცოლი უცხო ქალაქში, რომლის არც ენა იცის, არც წესი და არც ადათი? ცოლის პოვნა ალისთვის გარეგნულად არაფერს არ ცვლის, ის ისევე "უემოციოა", როგორც მთელი ფილმის განმავლობაში: ჩინურ ბორდელში და მორგში, მაშინ, როცა შვილი მოუკვდება და მაშინაც, როდესაც შვილის სიკვდილის "საფასურს" 15 000 მანეთს აიღებს. ბოლო სცენა, როდესაც ალი და მისი ცოლი მანქანით მიდიან, რამდენიმე წუთი გრძელდება. არცერთი ხმას არ იღებს, მაყურებელი მარტო სახეებს ხედავს და "ხედავს" რაღაც დიალოგს, რომლის შინაარსი არ ესმის და ალბათ ვერც გაიგებს. ისევე როგორც არ ესმის რა ხდება ფილმში ან რატომ ხდება ის რაც ხდება. დიმას ფილმიდან საერთოდ ვერ გაიგებ რაღაცას, რასაც შეიძლება ცოდნა დაერქვას ინფორმაციულობის თვალსაზრისით. (ზუსტად ისევე, როგორც, ვთქვათ, უაზრობაა "ინფორმაციულობა" მოთხოვო ლექსს. ინფორმაციის გადაცემისთვის უფრო მარტივი საშუალებები არსებობს). სამაგიეროდ დიმას ფილმისაგან მიიღებ შთაბეჭდილებას. (ისევ მამარდაშვილს რომ დავუბრუნდე, შთაბეჭდილება არ არის ემოციური რამ, ის ისეთი რამაა, სადაც ემოციური და ინტელექტუალური ერთმანეთისაგან რთულად იმიჯნება). ალის ცოლთან შეხვედრა, , რომელსაც შესანიშნავად თამაშობს მითრა ზაჰედი, ისევე როგორც სიკვდილის ნიშნები, რომლებიც ალის გზად ხვდება, ხსნის სივრცეს, რომელიც არა მარტო ფილმის, არამედ ნებისმიერი ემპირიული რეალობის გარეთაა (და რომელსაც ფილმში ვერ აჩვენებ). მე ისე მგონია, რომ ამ პოეტური (არა მეტაფორულად, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით, ლექსის სტურქტურაზე აწყობას ვგულისხმობ) ფილმის სიკარგე სწორედ ამ მეტაფიზიკური განცდის ან შთაბეჭდილების შესაძლებლობაშია. მოკლედ, ნამდვილად არ მინახავს იმდენი ფილმი, რამდენიც ქართველ კინომცოდნეებს (და მათ რუს კოლეგებს), თუმცა კი საკმარისად ბევრი მინახავს იმისათვის, რომ ვთქვა, რომ დიმა მამულია ახალ კინოს ეძებს, და ისიც მგონია, რომ იპოვა კიდევაც.
მოსკოველები ჩვეულებრივი ხალხია. ქუჩაში ვინმეს რომ გააჩერებ და ჰკითხავ აქა და აქ როგორ წავიდეო, მიგასწავლის. (მართალია შეიძლება შეცდომით სხვაგან გაგიშვას, მაგრამ დახმარება უნდა). ისე დაემთხვა, რომ ქალაქში საბოდიალოდ მე და გიორგი სწორედ მაშინ გამოვედით, როდესაც ნაციონალისტების შეკრება იყო დაგეგმილი. წითელი მოედანი გადაკეტილი იყო, ქუჩაში ძალიან ბევრი მილიცია და ომონი იდგა. ჩემმა ცოლმა მესიჯი მომწერა, მაინც და მაინც მანეჟის მოედანზე ნუ წახვალთო. რახან მოსკოვის ტოპოგრაფიაში მეც და გიორგიც მთლად კარგად ვერ ვერკვეოდით (იმ წითელ მოედანზეც კითხვა-კითხვით მივედით და არც რუქა გვქონდა), არ იყო გასაკვირი, რომ ზუსტად მანეჟის მოედანზე აღმოვჩნდით. მეტროში რომ ჩავდიოდით, ჩვენს წინ ჩავიდა პატარა ბიჭების ჯგუფი, რომლებიც ჩაცმულობით სპარკატის გულშემტაკივრებს ჰგავდნენ. ერთ-ერთ ამომავალ შავგვრემან ბიჭს რაღაც უთხრეს თუ ხელი გაჰკრეს. ისიც რუსი აღმოჩნდა, გამოეკიდა და ზუსტად ჩემს ცხვირწინ სპარტაკის გულშემატკივარს ერთი გემრიელი ალიყური უთავაზა. ერთი-ორი მისცხეს ერთმანეთს სანამ მილიციამ არ გააშველა და მერე ორივე არ წაიყვანა. ჩვენ კი მშვიდობით გავაგრძელეთ გზა კინოს სახლისაკენ.
არ ვიცი როგორი მომავალი ექნება ამ ქალაქს და ქვეყანას. მას აქვს იმის პოტენციალიც, რომ გახდეს რუსულის და "დასავლურის" ნაზავი, როგორიც ნაბოკოვს აქვს აღწერილი "ადა"-ში,
(Иван Чуйков, Виды Москвы)
აქვს იმის შანსიც რომ დარჩეს იმად, რასაც იგივე ნაბოკოვი "ტატარიას" ეძახის. მაინც მგონია, რომ იმას, რასაც ჩვენ "პუტინის" რუსეთს ვეძახით, ჩემი შთაბეჭდილებით მაინცა და მაინც დიდი მომავალი არ აქვს, იმიტომ რომ ამას ადმინისტრატიული რესურსის ისეთი ძალისხმევა სჭირდება, რომელიც დიდხანს ვერ გასტანს. ისიც მგონია, რომ ქართველებს და რუსებს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა მაშინ ექნებათ, როდესაც ამ ურთიერთოებაში არც დადებითი და არც უარყოფითი კუთხით განსაკუთრებულს ვერაფერს დაინახავენ და ერთმანეთისთვის ჩვეულებრივი უცხოები იქნებიან და მხოლოდ ამ უცხოობიდან გამომდინარე შეძლებენ ერთმანეთის აღიარებას.
რა შეიძლება ადამიანმა გააკეთო მოსკოვში როცა არ იცი რა უნდა გააკეთო? ჩემი იდეები, როგორც მიხვდით, ლიტერატურით და კინოთი იკვებება, ამიტომ გიორგის შევთავაზე გვეყიდა არყაი და მოსკოვიდან პეტუშკებამდე გვემგზავრა. გასაგებია რომ ეს იდეა, ისევე როგორც პატრიარქის ტბორებზე წასვლისა ბანალურია. ცხადია ისიც, რომ ეს იქნებოდა ჩვეულებრივი მატარებელში ჯდომა და არყის სმა, მეტი არაფერი. ისიც ვთქვი, რომ ქვეყნის სახელი არასოდეს ემთხვევა სახელის ქვეყანას. მაგრამ ის "გამოგონება", რომელიც ქვეყნის სახელშია დამალული ყოველთვის მატყუარა არ იქნება. უფრო სწორად მატყუარა არ იქნება, თუ ამ სახელს შენთვითონ გამოიგონებ და ყველა დანარჩენ შემთხვევაში იქნება "ტყული". ამ მხრივ, ყველა ქალაქი ერთი გამოგონილი ქვეყნის ცვლადი ფასადია, რომელიც მხოლოდ შენ (ანუ მე) გეკუთვნის. მაგრამ ამავდროულად ამ შენს ქვეყანაში შეგიძლია ტურისტი იყო, ოღონდ ცოტა სხვა გაგებით: ტურისტი იმისი ტურისტია, ბანალობები აკეთოს და უცნობ ქალაქში ნაცნობი მარშრუტებით იაროს. მაგრამ ტურისტი ყოველთვის არ არის ტურისტი და მამარდაშვილის კონფერენციის, დიმასთან და ანდრესთან გრძელი საუბრების და დიმას ფილმის მერე ვიფიქრე, რომ ნაცნობ გზაზეც ჯობია ისე იარო როგორც უცნობზე, თუ საერთოდ გინდა რამე გაიგო და განიცადო.
დასასრული ნამეტნავად პათეტიკური რომ არ გამომივიდეს, იმასაც ვიტყვი, რომ "ფალანსტერში" (მოსკოვში იქოურებს თქმით ერთადერთი "ინტელექტუალური" წიგნების მაღაზიაა, რომელიც მე და გიორგიმ გავძარცვეთ) სხვათა შორის ვიყიდე პელევინის ახალი რომანი, რომელიც ამასობაში წავკითხე კიდეც და შიგნით წავაწყდი ასეთ ფრაზას: "Монархия, Семен, оставила нам собор Василия Блаженного. А нынешний уклад оставит в лучшем случае бложок Василия Заборного." ნუ მიიჩნევდ მას მაინცა და მაინც მონარქიის აპოლოგიად, არამედ ჩათვალეთ ამ ბლოგის ეპიგრაფად.
.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
უნდა ვიხმარო სიტყვა, რომელსაც წესიერი ხალხი ძალიან იშვიათად ხმარობს,-ბრწყინვალეა! რა მაგარია, რომ 08.08.08-დან ორი წლის თავზე ასეთი რამის დაწერა შენაძლება ( მეც ვცდილობ, პათეტიკა შევარბილო), რაღაცას ნიშნავს ეს, ძალიან კარგი ღამეა, უცებ მივხვდი, რომ არ ვართ დამარცხებულები/ ან გავიმარჯვეთ. ესეც არა, უბრალოდ ვართ, და ვაზროვნებთ, უკვე საკმარისია, რომ თავი სიძულვილისგან, რომელიც ჩემი არ არის, გათავისუფლებულად ვიგრძნო, რომელიც მე, როგორც ადამიანს არაფერს მაძლევს. მადლობა!
რა უცნაურია, რამდენად უფრო საბჭოთაა რუსეთზე საქართველოში დაწერილი რუსოფობიურ-ქსენოფობიური წერილები, რომლითაც აჭრელებულია პრესა და ფეისბუკი.
ძალიან კარგი წერილია.
ძალიან ვისიამოვნე, საღოლ, კაი სტატიაა!!!!
Post a Comment