Sunday, 26 December 2010

"ხელი, გავიქნიე ფეხი" ანუ "მანიფესტი თავისუფალთა ევროპისათვის"




კურიერი: რა არის შენი არსებობის ძირითადი პრინციპი, ბაზინ?
ბაზინი: ჩემი არსებობის ძირითადი პრინციპია
ვემსახურო კაცობრიობის ჰუმანისტურ იდეალებს!
კურიერი

ოოო რა ტკბილი ხარ, თავისუფლებავ!
ქრისტეფორე მგალობლიშვილი

ჰოო... ნამეტანი ხმამაღლაა დაწერილი!
ილარიონ შევარდნაძე



კომპატრიოტებო!

1861 . „ცისკარშიგამოქყვეყნდა ილია ჭავჭავაძის სტატიაორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვის-მიერშეშლილისთარგმანზედასადაც ის ერისთავისეულ თარგმანს აზრს და შინაარს მოკლებულობის გამო ასე ახასიათებდა: "ხელი, გავიქნიე ფეხი". დაახლოებით იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, როდესაც წავიკითხე  კოალიცია "ევროპული საქართველოსათვის" მანიფესტი "თავისუფალთა ევროპისათვის". 

არც ის ვიცი, ტექსტი ვისი დაწერილია, ხელის მომწერნი კი ბევრნი ხართ. ამიტომაც ვივარაუდებ, რომ ტექსტი ზოგს მეტი ზოგს ნაკლები ყურადღებით მაინც გექნებათ წაკითხული, იქამდე სანამ ხელს მოაწერდით. ჰოდა რადგან ხელისმომწერთა შორის გონიერი ადამიანებიც მეგულება, იქნებ განგემარტათ, რა დაგისახავთ მიზნად.

თქვენს "მანიფესტს", (რომელიც განმარტების მიხედვით მიზნების და ამოცანების დეკლარაცია უნდა იყოს, მაგრამ არ არის), თავმდაბალი და არაპრეტენზიული სათაური აქვს: "თავისუფალთა ევროპისათვის". (უნდა ვივარაუდო, რომ თავისუფალი ადამიანების ევროპას გულისხმობთ და როგორც ჩანს, არა მარტო ქართული არამედ ევროპული მასშტაბის მიზნებიც გამოძრავებთ). 

შემდეგ აგრძელებთ: 

ჩვენ ვქმნით კოალიციას ევროპული საქართველოსათვის, რათა ჩვენი ქვეყანა გახდეს ნატოსა და ევროპულ ერთა ოჯახის თანასწორუფლებიანი წევრი."
ევროპული საქართველოსათვის - მშვენიერი შესიტყვებაა, აზრიც გადასარევია. თავს თუ დავანებებთ იმ უმნიშვნელო დეტალს, რომ არც ნატო არის ევროპული ორგანიზაცია და არც ევროპის ყველა ქვეყანაა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული, მაინც გაგიჭირდებათ დაიკვეხნოთ, ორიგინალურები ვართო: რასაც თქვენ ამბობთ, ჯერ კიდევ ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი წერეთელი ამბობდა 80-იანი წლების ბოლოს, რომელიც, აპოკრიფული გადმოცემით, მოითხოვდა რუსთაველის გამზირზე ტროლეიბუსის ხაზების მოხსნას, იმისათვის რომ ნატოს თვითმფრინავები იოლად დამსხდარიყვნენ რუსთაველზე. (აქამდე ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე რუსთაველის გამზირზე ტროლეიბუსის ხაზების მოხსნას უკვე მივაღწიეთ). ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის კურსი 90-იანი წლებიდან მოყოლებული. იგივეს ამბოს ყველა, ვისაც კი საქართველოს საგარეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე რამის თქმა არ დაზარებია (ძალიან მცირე გამონაკლისით). ახალს რას გვეტყვით?

"ჩვენ ვქმნით კოალიციას ევროპული საქართველოსათვის, რომლის ფუძემდებლური პრინციპებია პიროვნების, სინდისისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, შემწყნარებლობა განსხვავებული აზრისა და მრწამსის მიმართ, მოქალაქის მონაწილეობა  ქვეყნის მართვაში და ხელისუფლების მოქალაქის წინაშე ანგარიშვალდებულება, საკუთრების ხელშეუხებლობა, შრომისა და მეწარმეობის თავისუფლება; რომლისთვისაც მიუღებელია ნებისმიერი სახის ტირანია." - წერთ თქვენ (ახალი აღმოჩენით გახარებულთა პათოსით), მაგრამ რასაც თქვენ წერთ, ეს უკვე საქართველოს კონსტიტუციაში ისედაც არის ჩაწერილი. 

შემდეგ აცხადებთ, რომ "ეფუძნებით […] იმ ცივილიზაციას, რომელმაც მოგვიტანა ანტიკური კულტურა და ქრისტიანობა, რენესანსი და განმანათლებლობა" (მე კი მგონია, რომ ანტიკურმა კულტურამ, ქრისტიანობამ, რენესანსმა და განმანათლებლობამ (სხვათა შორის) შექმნა ის, რასაც დღეს ევროპულ ცივილიზაციას ვეძახით) და მოგყავთ იმ ადამიანების ჩამონათვალი, რომლებმაც, როგორც სავარაუდოდ გინდათ რომ დაგვარწმუნოთ, თქვენს მსოფლმხედველობაზე რაღაც გავლენა მოახდინეს (თუმცა გაუგებარია როგორ): "ჩვენ ვდგავართ იქ, სადაც იდგნენ მეოცე საუკუნის დიდი ევროპელები: კუდენჰოვ-კალერგი და ჭავჭავაძე, ვაჟა და პოპერი, ჩერჩილი და ადენაუერი, შუმანი და ერჰარდი, მანი (რომელი ერთი: თომასი თუ როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა, "ძმაი მისი ჰაინრიხ", იქნებ კლაუსი და იქნებ სულაც კატია?) და მონე, მიზესი და ჰაიეკი, ვალენსა და ჰაველი, თეთჩერი და მამარდაშვილი."
მოდით, წვრილმანებზე არ შეგედავებით (ვაჟა და ილია XX საუკუნეს რამდენად ეკუთვნიან, ან რამდენად შეიძლლება ჩაითვალონ ერთიანი ევროპის იდეის შთამაგონებლებად ან მხარდამჭერებად). ამ სიიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ისეთ ადგილას "დგახართ", სადაც დადგომას ყველაზე დახელოვნებული აკრობატიც ვერ მოახერხებს.  რა კავშირი აქვს ყველა აქ ჩამოთვლილ ადამიანს ერთმანეთთან? რა აკავშირებს თეთჩერს (ბეკის თუ მარგარეტს?) მამარდაშვილთან? რა შეიძლება ამ ხალხს შორის იყოს საერთო, გარდა ძალიან ზოგადი აზრისა, რომ "თავისუფლება ფასეულობაა" - ოღონდ იმაშიც კი დიდად მეპარება ეჭვი, რომ მამარდაშვილს ან ვთქვათ ჰაიეკს თავისუფლებაზე ერთი და იგივე წარმოდგენა ჰქონოდათ. რა კავშირი აქვს ერჰარდისეულ "სოციალურ საბაზრო ეკონომიკას" , რომელიც ეფუძნებოდა ე.წ. "მესამე გზას" წმინდა ლიბერალურ საბაზრო ეკონომიკასა და მართულ ეკონომიკას შორის, ვთქვათ მარგარეტ თეთჩერისეულ წარმოდგენას საბაზრო ეკონომიკაზე? (სულ რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ პან-ევროპული იდეის ფუძემდებელის, კუდენჰოფე-კალერგის ხსენება, რომელიც გაერთიანებულ ევროპას მაგ. აშშ-ს საპირისპირო გაერთიანებად წარმოიდგენდა, ზოგიერთი ხელმომწერის მხრიდან გაკვირვებას იწვევს).  თქვენი წამოწყება ალბათ დასაფასებელია, მაგრამ ვერაფრით გამიგია რად გინდათ გვარების უაზრო და უშინაარსო დახვავება, რომელსაც ანგლო-საქსები ნეიმდროფინგს დაარქმევდნენ? იქნებ ჯერ თვითონ გარკვეულიყავით სად "დგახართ", სანამ სხვებს მოუწოდებდეთ, გაიზიარონ თქვენი "პრინციპები" რომლებიც, რა ვქნა და, ვერაფრით ჩამოგიყალიბებიათ? 

თქვენი აზრი ზოგადი დეკლარაციების ფონზე რამდენიმეჯერ კონკრეტდება, მაგრამ იქ, სადაც უფრო კონკრეტულნი ხდებით გაუგებარი ხდება, რა საერთო აქვს იმას, რასაც თქვენ ამბობთ გინდათ ემპირიულ ევროპასთან, გინდათ ევროპასთან, როგორც იდეასთან ან კონცეფციასთან, გინდათ ევროპასთან როგორც პასუხისმგებლობასთან და გინდათ ევროპასთან როგორც დაპირებასთან: მაგ. თქვენ წერთ: "მხარს ვუჭერთ ევროპულ ფასეულობებს - ადამიანის, კაპიტალის, საქონლისა და მომსახურების მოძრაობის თავისუფლებას." იმედი მაქვს, ევროპა დააფასებს თქვენს მხარდაჭერას. ისე კი ადამიანების, კაპიტალის და საქონლის თავისუფალ მოძრაობას გლობალიზაცია ქვია და მაინც და მაინც ევროპულ ფენომენად ვერ ჩაითვლება. ამიტომ რთულია, ვინმე დაგეთანხმოთ იმაში, რომ ევორპული ფასეულობები "ადამიანის", ისევე როგორც "კაპიტალის, საქონლისა მომსახურების" მოძრაობის თავისუფლებამდე დაიყვანებოდეს . ეჭვი მაქვს, თქვენს მიერ ჩამოთვლილი ადამიანები ამ სიას ბევრ (თანაც ერთმანეთისაგან განსხვავებულ) რამეს დაუმატებდნენ. 

შემდეგ აგრძელებთ: "ჩვენ გვინდა თავისუფალი და ძლიერი საქართველო იყოს ნაწილი ერთიანი ევროპისა, რომელიც დაფუძნებული იქნება ინდივიდის თავისუფლებაზე, სუბსიდიარულობაზე, ეფექტური, გამჭვირვალე და შეზღუდული უფლებამოსილების მქონე ეროვნული სახელმწიფოს, რეგულაციისგან თავისუფალი ბიზნესის იდეებზე." - ინდივიდის თავისუფლებას და სუბსიდიარულობას ევროპის კავშირი (რომელსაც ზოგიერთი თქვენი თანახელმომწერი ახალ საბჭოთა კავშირად მოიხსენიებდა) ეფუძნება. ევროპის კავშირში ეროვნული სახელმწიფოებიც, გარკვეულ წილად, შეზღუდულები არიან (ერთის მხრივ სწორედ სუბსიდიარულობის პრინციპით, მეორეს მხრივ კი სუვერენულობის გარკვეული ნაწილის ევროკავშირის სტრუქტურებისათვის გადაბარებით - თუმცა ისიც გაუგებარია, რას გულისხმობთ თქვენ ამ შეზღუდვებში). გაკვირვებას იწვევს "რეგულაციებისაგან თავისუფალი ბაზარი" ევროპასთან მიმართებაში, რადგანაც ევროპულ ბაზარს საკმაო რაოდენობის მარეგულირებელი ინსტანცია ჰყავს. ამ შემთხვევაში გაუგებარია რა გსურთ: ის რომ საქართველო არსებული ევროპის ნაწილი გახდეს, თუ ის, რომ ევროპის ბაზრის ფუნქციონირების პრინციპი შეცვალოთ?

რა მივიღეთ ბოლოს გარდა რამოდენიმე ცნობილი გვარით გალამაზებული ძველი სურვილისა, საქართველო გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი (ყველაფერი დანარჩენი რასაც ამბობთ, ამ სურვილიდან ავტომატურად გამომდინარეობს და რაც არ გამომდინარეობს, ამ სურვილთან წინააღმდეგობაში მოდის)?

თუ შეწუხებულხართ და  (ერთმანეთთან დამეგობრებულ ადამიანთა და ორგანიზაციათა) კოალიცია შეგიქმნიათ, იქნებ იმაზეც დაგეხარჯათ ათიოდ წუთი, რომ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზების, ცარიელი დეკლარაციების და ტრუიზმების მიღმა მარტივად და ადამიანურად აგეხსნათ, რა გინდათ და რისთვის გარჯილხართ (გარდა ქვეყანასა ზედა მშვიდობის, კაცთა შორის სათნოების და სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებისა)? თორემ საქართველოში, ინიციატივებს, რომლებზეც დროშის დიზაინზე მეტი ენერგია და შნო იხარჯება, ვიდრე აზრის ჩამოყალიბებაზე, შედეგიანი ვერაფერი მოჰყვება ხოლმე.  
ps. თუკი თქვენი მანიფესტი იმას ემსახურება, რომ ზოგიერთი ხელისმომწერის თავგადაკლული ამერიკანისტის იმიჯი ევროპული იდეის მქადაგებლის იმიჯით ჩაანაცვლოს, მაშინ მანიფესტი უფრო გასაგები გახდება, მაგრამ თქვენი მსოფლმხედველობის შესახებ ფრიადი ეკლექტიზმის გარდა მაინც ვერაფერს იტყვის. 


No comments: