Thursday 29 September 2011

დემოკრატია საქართველოში



თქვენ დემოკრატია ლობიოობა ხომ არ გგონიათ?
ჯაბა იოსელიანი
გინდებლარიენ დემოკრატია? - პაჟალუსტა!
შოთა გორგოძე

საქართველოში შეიძლება რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები მოისმინოთ იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა მიმართულებით ვვითარდებით. ერთნი, რომლებსაც მეორენი გულთბილი სიმპათიით "მიშისტებად" მოიხსენიებენ, თვლიან, რომ ქვეყანა სინათლის სისწრაფიით მიჰქრის გაბრწყინებისაკენ (სინგაპურს+შვეიცარია)3. მეორენი, რომლებსაც პირველები არანაკლები სიყვარულით "ჟოპოებს" ეძახიან, ფიქრობენ, რომ ქვეყანა იგივე სიჩქარით მიექანება ავტორიტარიზმის უფსკრულისაკენ და დღითი დღე ემსგავსება ყოფილი ცენტრალურ-აფრიკული რესპუბლიკის და დღევანდელი ერითრეას ნამრავლს. ასეთ პირობში იშვიათად ხთება, როდესაც ვინმე დასაბუთებულ და მეტ-ნაკლებად მიუკერძოებელ აზრს გამოთქვამს ხოლმე. ასეთი გამოკვლევა ცოტა ხნის წინ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და კავკასიური ინსტიტუტის დირექტორმა გია ნოდიამ შემოგვთავაზა.


მისი მოხსენების შესახებ 21 სექტემბერს გამართულ  დისკუსიას სახელწოდებით "დემოკრატიზაციის კრიზისი საქართველოში? დემოკრატიული კონსოლიდაციის ხედვა, გზები და რესურსები" სამწუხაროდ ვერ დავესწარი. მაგრამ რადგანაც ლევან რამიშვილმა მოხსენების ტექსტი გამომიგზავნა, რისთვისაც ვმადლობ, დაგვიანებით მინდა გამოვეხმაურო ამ ერთობ საინტერესო დოკუმენტს. რამდენადაც სწორი და იმედის მომცემია საკითხის დასმა, სოლიდიურია აღწერითი და ანალიტიკური ნაწილი, იმდენად  იმედისგამაცრუებელია დასკვნითი (რეკომენდაციული ) ნაწილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად ძალიან ბევრი საკამათო დეტალისა, გამოკვლევა შესანიშნავ სადისკუსიო პლათფორმას წარმოადგენს.

დავიწყებ იმით, რაშიც ვეთანხმები გია ნოდიას გამოკვლევას (მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყოველ პუნქტთან შეიძლება კამათი):
 - რომ საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმია", რომელიც აერთიანებს დემოკრატიულობის და ავტორიტარულობის ელემენტებს
 - რომ არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ეს ჰიბრიდული რეჟიმი რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გადაიქცეს დემოკრატიულად, პირიქით, თუ ეს ძალისხმევა არ იქნა, დემოკრატიის რეგრესის სერიოზული საფრთხე შეიქმნება.
- რომ ნაციონალური მოძრაობის მთავრობის მიღწევები ძირითადად მმართველობის სფეროშია, რაც არანაირად არ გულისხმობს მეტ დემოკრატიზაციას. პირიქით, ვარდების რევოლუციის შემდეგ დემოკრატიის ხარისხმა ბევრი მიმართულებით (მაგ. მედიის თავისუფლების მიმართულებით) დაიწია. მიუხედავად ამისა, შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ნაციონალურ მოძრაობას განხორციელებული რეფორმები უარვყო ან სათანადოდ არ დავუფასო. 2003 წლის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მოახარხა არშემდგარობის ზღვარზე მდგომი სახელმწიფოს ჩამოყალიბებულ სახელმწიფოდ გადაქცევა.
 - რომ არსებობს მყარი კონსენსუსი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაცია მხოლოდ დემოკრატიულ საფუძველზეა შესაძლებელი და რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ლიბერალურ დემოკრატიასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ პოლიტიკურ არჩევანს.
- რომ როგორც დემოკრატიზაციაზე, ისე დემოკრატიის დეფიციტზე პასუხისმგებელი ერთი, მმართველი პარტია ვერ იქნება - თუმცა, რადგანაც მას გადაწყვეტილების მიღების ყველა პოლიტიკური ბერკეტი ხელთ უპყრია, შესაბამისად, ძალიან ბევრია დამოკიდებული მის პოლიტიკურ ნებაზე. დანარჩენ მოთამაშეებს კი მთავრობაზე ზემოქმედების ძალიან შეზღუდული რესურსი აქვთ.
-  რომ დემოკრატიზაცია დღევანდელი საქართველოს "პრიორიტეტული და გადაუდებელი ამოცანაა".

აქედან კი ორი შეკითხვა გამომდინარეობს: რა არის გასაკეთებელი დემოკრატიზაციისათვის (დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის) და რა გვიშლის (ან პირიქით გვიწყობს) ამაში ხელს.

პირველ შეკითხვაზე გია ნოდია როგორც გამოკვლევის შესავალ, ისე მის დასკვნით ნაწილებში გვპასუხობს, "არ არსებობს ჩამოყალიბებული, მთლიანობითი ხედვა, რომელიც საზოგადოებას დემოკრატიის განვითარებაში თვისობრივ იმედს ჩასახავდა". აქ კი ძალიან გამიჭირდება, ჩემს კოლეგას დავეთანხმო. სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებოდი, დავუბრუნდები გამოკვლევაში დასმულ მეორე შეკითხვას: რა გვიშლის ხელს დემოკრატიის კონსოლიდაციაში?

დემოკრატიის დეფიციტის "საკვანძო სფეროებად" გია ნოდია ასახელებს შუალედური ინსტიტუტების (პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ასოციაციების, დამოუკიდებელი მედიის) განუვითარებლობას და დემოკრატიულ პრაქტიკას (დემოკრატიული "ჩვევების რუტინიზაციას”). აქვე დასახელებულია კიდევ ორი საკვანძო სფერო: ნდობის ამაღლება სასამართლოების და საარჩევნო ინსტიტუების მიმართ. ამათგან პირველს მკვლევარი თავის გამოკველვაში გაკვრით ეხება და ამბობს, რომ ამ საკითხს მოგვიანებით დაუბრუნდება, ამიტომ ამაზე არც მე ვისაუბრებ. მეორე საკითხს, საარჩევნო ინსტიტუტები მიმართ ნდობის ამაღლებას, კი მეტ ყურადღებას უთმობს. რადგან ეს საკითხი მეც საკვანძო მგონია, თავს უფლებას მივცემ ერთი ორი სიტყვა ამ თემაზე მეც ვთქვა.

გია ნოდიას იმაშიც დავეთანხმები, რომ არ არსებობს არც მარტივი რეცეპტები, არც მარტივი საგზაო რუკა, მაგრამ გამიჭირდება იმაში დავეთანხმო, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის მხოლოდ შუალედური ინსტიტუტების განვითარება და დემოკრატიული პრაქტიკის რუტინიზაცია იყოს საკმარისი (თუმცა ეს უდავოდ მნიშვნელოვანია) და რომ არ არსებობს კონსტიტუციურ-სამართლებრივი რეფორმების ერთობლიობა, რომელიც "გარღვევას" თუ არ გამოიწვევდა, დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის მნიშვნელოვანი ეტაპი მაინც იქნებოდა. ამიტომაც ჩემი პასუხი პირველ შეკითხვაზე (რა არის გასაკეთებელი) სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული.

გია ნოდია დემოკრატიის დეფიციტის მთავარ (ერთ-ერთ) მიზეზად ასახელებს უნდობლობას საარჩევნო გარემოს მიმართ. ჩემი აზრით, ეს მისი მოხსენების ყველაზე პრობლემური ნაწყვეტია რამდენიმე თვალსაზრისით. ჯერ ერთი, იმის გამო, რომ მკვლევარი ყურადღებას ამახვილებს აღქმით ნაწილზე (ნდობის ამაღლება) და არაფერს ამბობს ინსტიტუციონალურ ნაწილზე (არსებობს თუ არა იმის პირობები, რომ ეს ნდობა ამაღლდეს ან საერთოდ არჩევნები თავისუფლად და პატიოსნად ჩაითვალოს). ეს პირობები  კი ძალიან მალე მიგვიყვანს დანარჩენ ორ საკვანძო საკითხთან: მედიასთან (რომლის ლომის წილს ახლანდელი მთავრობა აკონტროლებს და წინასაარჩევნოდ თავის სასარგებლოდ იყენებს) და სასამართლოებთან (სადაც არჩევნების შედეგების გასაჩივრება იქნებოდა შესაძლებელი). ამას ემატება ადმინისტრაციული რესურსი (წინასაარჩევნოდ ვაუჩერების, სხვადასხვა სახის დახმარებების დაშ. დარიგება ანუ ამომრჩევლის სახელმწიფო ბიუჯეტით პირდაპირი ან ირიბი მოსყიდვა) ისევე როგორც პირდაპირი ან ირიბი გავლენა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ხმებზე. ყველა ეს პრობლემა სცილდბა მხოლოდ "აღქმით" ნაწილს და საერთაშორისო დამკვირვებელთა მოხსენებებში ფიქსირდება კიდევაც.

ნოდია ამოდის კონსოლიდირებული დემოკრატიის სემუელ ჰანტინგტონისეული განმარტებიდან , რომელიც მას არასრულად მოჰყავს: გია ნოდიას თქმით დემოკრატიზაციის კონსოლიდაციაზე საუბარია მაშინ, როდესაც ხელისუფლება ორჯერ ზედიზედ იცვლება არჩევნების გზით. (აქაც არ დავუწყოთ ძებნა კონსოლიდირებული დემოკრატიის სხვა არაერთ განმარტებას და იმას დავჯერდეთ, რომელიც გია ნოდიას შეურჩევია). ჰანტინგტონის განმარტებას გია ნოდია აკრიტიკებს იმ თვალსაზრისით, რომ კონსოლიდირებული დემოკრატიის ამ კრიტერიუმს (ძალაუფლების ორჯერ ზედიზედ მშვიდობიანად გადაცემას) უპრიობოდ ვერ მივიღებთ, რადგანაც მსოფლიოში გვაქვს მაგალითები, რომლებსაც ამ კრიტერიუმით ვერ შევაფასებთ - იაპონია და გერმანია (და ასევე ბოტსვანა). გასაგებია, რომ მკვლევარს ეს მაგალითები ეურისტული მიზნებისათვის სჭირდება, მაგრამ რომელიმე პოლიტიკოსის ხელში ამ მაგალითებმა შეიძლება სულ სხვა იერი შეიძინოს: აგერ შეხედეთ, იაპონიას და გერმანიას ამდენი წელი ერთი და იგივე პარტია მართავდა და ჩვენ რაღას გვერჩით, ერთი პარტიის ხანგრძლივი მმართველობა სულაც არ არის დემოკრატიულობის ინდიკატორიო.
ფრანგი მწერალი, გუსტავ ფლობერი იტყოდა, ღმერთი დეტალებში არისო. ორიგინალში ჰანტინგტონის განმარტება ასე ჟღერს: "the party or group that takes power in the initial election at the time of transition loses a subsequent election and turnsover power to those election winners, and if those election winners then peacefully turn over power to the winners of a later election." (პარტია ან ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებაში მოვა ტრანზიციის პერიოდის თავდაპირველი არჩევნების დროს, წააგებს შემდგომ არჩევნებს და გადასცემს ძალაუფლებას (შემდეგ) არჩევნებში გამარჯვებულებს და შემდეგ ამ არჩევნებში გამარჯვებულები თავის მხრივ ძალაუფლებას გადასცემენ მომდევნო არჩევნებში გამარჯვებულებს).  კონსოლიდირებული დემოკრატიის ჰანტინგტონისეული განმარტება ტრანზიციულ რეჟიმებს ეხება. მაგალითები, რომლებიც გია ნოდიას მოჰყავს, ტრანზიციულად რთულად თუ ჩაითვლებოდა (საუბარია ომისშემდგომ გერმანიასა და იაპონიაზე). გერმანიას ტრანზიციის პერიოდში საერთოდ მოკავშირეთა საკონტროლო საბჭო მართავდა, ხოლო გერმაიის ფედერაციული რესპუბლიკის დაფუძნების შემდეგ (განსაკუთრებით 1955 წლამდე, მაგრამ კარგა ხანს ამის შემდეგაც) ქვეყნის სუვერენიტეტი შეზღუდული იყო. იგივე ეხება იაპონიასაც: 1952 წლამდე იქ საოკუპაციო რეჟიმი მოქმედებდა, ხოლო 1955 წლიდან სტაბილური ორპარტიანი საპარლამენტო სისტემა შეიქმნა. მართალია იაპონიას წლების განმავლობაში ერთი, ლიბერალდემოკრატიული პარტია მართავდა, მაგრამ მისი მაგალითი საქართველოს შემთხვევაში დიდად ადეკვატური არ არის. ამ პარტიაში იმდენად ძლიერია შიდაფრაქციული ბრძოლა, რომ პოლიტიკური ინტერესების არტიკულირება ერთი პარტიის შიგნით ხდება). გერმანიის მაგალითი კი საერთოდ მოკლებულია რელევანტურობას: ჯერ ერთი, გია ნოდია თვითონვე აღნიშნავს, რომ ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალული პარტიები გერმანიას ომისშემდეგი ოცი წლის განმავლობაში მარტო კი არ მართავდნენ, არამედ სხვა პარტიებთან კოალიციაში. და მეორე, სრულიად იგნორირებულია გერმანიის ფედერალური სტრუქტურა. მაშინაც, როდესაც ქვეყნის სათავეში 20 წლის განმავლობაში შეიძლება ერთი პარტია იყოს, სხვადასხვა ფედერალურ მხარეებს, ქალაქებს და კომუნებს შეიძლება სხვადასხვა პარტიები მართავდნენ, ისე, რომ არ არის დარღვეული მოსახლეობის ინტერესთა გამოხატვის და დაცვის შესაძლებლობა. ამისი შესაძლებლობა კი საქართველოში არ გვაქვს.

ესეც რომ არ იყოს, როგორც ავტორი თვითონ აღნიშნავს, ამ ქვეყნებში, საქართველოსაგან განსხვავებით, არჩევნების მიმართ უნდობლობა არ გაჩენილა. აქ კი, ჩემი აზრით, ავტორს უნდა ეკითხა, რატომ არ დგებოდა ეჭვქვეშ არჩევნების ლეგიტიმურობა მის მიერ მოყვანილ მაგალითებში და რატომ არის უნდობლობა არჩევნების მიმართ საქართველოში. თუმცა, თეორიულად რა თქმა უნდა ისეა, რომ მოსახლეობა შეიძლება ერთსა და იგივე პრატიას რამდენიმე საარჩევნო პერიოდის განმავლობაში უცხადებდეს ნდობას, მაგრამ საქართველოში პრაქტიკულად ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონსოლიდირებული დემოკრატიის ჰანტინგტონისეული კრიტერიუმი ზედმეტად მკაცრად შეიძლება მოგვეჩვენოს, კრიტერიუმი, რომელსაც გია ნოდია გვთავაზობს, ზედმეტად რბილია (განსაკუთრებით მმართველი პარტიის მიმართ). ავტორი საარჩევნო დემოკრატიის დონეს დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მაშინ, როდესაც არჩევნების შედეგების კანონიერებას საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა და ძირითადი პოლიტიკური პარტიები ცნობენ. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რითი ვზომავთ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლეოსბას: თუ არჩევნების შედეგებით, მაშინ გამოდის, რომ მაშინ, როდესაც არსებობს არჩევნების გაყალბების ეჭვი, საზოგადოების უმრავლესობა ამ საეჭვო არჩევნების შედეგებით გაიზომება. რაც შეეხება ძირითად პოლიტიკურ პარტიებს, ვერც ეს კრიტერიუმია მაინცა და მაინც ნათელი: მაგ. თუ მარტო ნაციონალური მოძრაობა და ქრისტიან-დემოკრატები აღიარებენ არჩევნების დემოკრატიულობას, მაშინ არჩევნები არ შეიძლება დემოკრატიულად ჩაითვალოს, მაგრამ მათ თუ ვთქვათ, ახალი მემარჯვენეებიც შეუერთდნენ, მაშინ არჩევნების დემოკრატიულობის ხარისხი დამაკმაყოფილებელი გახდება? ჩემი აზრით, უფრო ადეკვატური კრიტერიუმი იქნებოდა, თუ საზოგადოების უმრავლესობის აზრი დაემთხვეოდა დამკვირვებელთა აზრს და არა მარტო პარლამენში მოხვედრილ (ან მოსახვედრად განწირულ) პარტიათა აზრს, არამედ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიების დიდ ნაწილს მაინც (ისეთების, რომებიც არჩევნებს აღიარებენ ძალაუფლების ცვლის ინსტრუმენტად).

მაგრამ აქ "მოჯადოებულ" წრეში აღმოვჩნდით: იმისათვის, რომ არჩევნების მიმართ ნდობა ამაღლდეს საჭიროა რომ პოლიტიკურ მოთამაშეებს ჰქონდეთ მეტ-ნაკლებად ერთნაირი რესურსები (მაგ. თავიანთი პროგრამების ამომრჩევლისათვის მიწოდებისა) - (ამასთან დაკავშირებით იხ. გიგა ზედანიას სტატია "პოლიტიკური და სამოქალაქო" http://www.tabula.ge/article-5150.html) , საარჩევნო კანონი იყოს პრინციპში კონსენსუსური და უპირატესობას არ ანიჭებდეს რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას, არსებობდეს არჩევნების შედეგების გაპროტესტების ლეგალური მექანიზმები დაშ. აქ კი მმართველი პარტია მაქსიმალურად ცდილობს და სავარაუდოდ შეეცდება საკუთარი ძალაუფლებრივი უპირატესობების დაცვას.

შესაძლებელია თუ არა ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა? ჩემი აზრით, ამის გარკვეული შანსი არსებობს და ეს შანსი სწორედ საკანონმდებლო ცვლილებებში მდგომარეობს. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები გია ნოდიას ცენტრალურ შეკითხვას, რომელსაც ის უარყოფითად პასუხობს:  არსებობს თუ არა "ერთიანი ხედვა" იმისა, რა უნდა გაკეთდეს კონსოლიდირებული დემოკრატიის მიმართულებით გარღვევის მისაღწევად.

ასეთი ხედვა, მაგ. აქვს მმართველ პარტიას, თუმცა ნეგატიური (ex negativo). მიუხედავად იმისა, რომ გია ნოდია დემოკრატიზაციის შესახებ კონსენსუსზე საუბრობს, ის არ ამბობს, თუ რა ნაბიჯებს დგამენ სხვადასხვა აქტორები (ამ შემთხვევაში კანონმდებელი) ამ მიზნის მისაღწევად. ანუ, მდგომარეობა ისეთია, რომ რიტორიკულ დონეზე დემოკრატიზაციის აუცილებლობას ყველა, მათ შორის მმართველი პარტიაც აღიარებს, მაგრამ მისი პრაქტიკული ნაბიჯები ყოველთვის დემოკრატიზაციისაკენ არ არის მიმართული. ამის ნათელი მაგალითია ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტი. ეს პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ არსებულ კანონდმებლობასთან შედარებით გაუმჯობესებულია, შეიცავს ერთ ფრიად უცნაურ სიახლეს, რომლის მიხედვითაც, სუვერენის აშკარა ნების წინააღმდეგ, დაგეგმილია პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა 150-დან 190-მდე. ამ ცვლილების კრიტიკოსები ამბობენ, რომ არანაირი რაციონალური დასაბუთება პარლამენტის წევრთა რიცხობრივი რაოდენობის გაზრდას არ აქვს. ერთადერთი რაციო, რომელიც ამ, იურიდიული თვალსაზრისით ერთობ საეჭვო ინიციატივას აქვს, არის შეთანხმება მთავრობასა და "რიგ ოპოზიციურ პარტიებს შორის". დიდად არავინ არ მალავს, რომ ეს ცვლილება შესაძლებლობას მისცემს იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც შეთანხმებაში მონაწილეობდნენ, პარლამენტში მოხვდნენ, ოღონდ ისე, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არ დაკარგოს არც საკონსტიტუციო უმრავლესობა, და თანაც არ შეამციროს დეპუტატების ამჟამინდელი რიცხობრივი რაოდენობა. თუ ასეა, მაშინ ეს იქნება ფასადური დემოკრატიის განმტკიცებისაკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, სადაც პარლამენტში რამდენიმე პარტია იქნება წარმოდგენილი, მაგრამ არსებული ძალაუფლებრივი ბალანსი არ დაირღვევა.

პრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში გვაქვს, და რომელზეც, სხვათა შორის, გია ნოდია და გიგა ზედანიაც საუბრობენ, იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა ისეთი საბაზისო დემოკრატიული ისნსტიტუტები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიები. პარტიები ვერ ასრულებენ ამომრჩეველთა ლეგიტიმური ინტერესების არტიკულირების, დაცვის და განხორციელების ფუნქციას.  წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარი იქნებოდა, რომ საქართველოში, სადაც ძალიან მაღალია სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა, თითქმის ყველა პარტია მემარჯვენეა (ამავე დროს, მმართველი პარტია მემარჯვენე რიტორიკის და მემარცხენე პრაქტიკის შეჯერებას ახერხებს). გია ნოდია მაგ. სამართლიანად წერს, რომ მმართველი პარტიის "სიძლიერე ძალაუფლებაში ყოფნით განისაზღვრება, რაც არ ნიშნავს, რომ ის ძალაუფლების დაკარგვის შემთხვევაშიც შეძლებს ერთიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურის და მომხრეთა უმრავლესობის შენარჩუნებას". აქედან მარტივად გამომდინარეობს დასკვნა, რომ პარტია ან პარტიები, რომლებიც მხარდაჭერთა სოლიდურ საფუძველზე კი არ დგანან, არამედ თავს მხოლოდ ძალაუფლებაში ყოფნით ინარჩუნებენ, ამ ძალაუფლების რესურსებს თავის შესანარჩუნებლად მაქსიმალურად გამოიყენებენ. ეს ასევე ზრდის ზემოთ გამოთქმულ ეჭვს, რომ პარტიათა გარიგება შესაძლებელია ამომრჩევლის ინტერესის მიუხედავად, მის წინააღმდეგ ანაც სულაც საზიანოდ.

რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ პირობებში? ადრეც დავწერე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრით, დემოკრატიზაციის მთავარი ხარვეზი საქართველოში (რომელსაც, როგორც ჩანს, ირიბად გია ნოდიაც უნდა ეთანხმებოდეს, თუმცა არ მინდა არაფერი დავაბრალო), ერთპარტიულ ტრადიციაში მდგომარეობს, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა საქართველოდან გადმოყვა. საქართველოს პრობლემა იმდენად სუპერპრეზიდენტული სისტემა არ ყოფილა, რამდენადაც ერთპარტიული მმართველობა, რომელიც აკონტროლებდა ერთი მხრივ ძალაუფლების ყველა შტოს, მეორე მხრივ კი ცენტრალიზებულად მართავდა მთელ ქვეყანას. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ მაგ. სოფელი ჩუმლაყის ან სოფელი ოფშკვითის ინტერესებს ცენტრიდან დანიშნული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც, მართალია, ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეა, მაგრამ თანამდებობაზე რომ დაინიშნოს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ან თავისი თემის ინტერესებისა იძულებულია (ან ყოველ შემთხვევაში წახალისებულია) მმართველი პარტიის წევრი გახდეს და მისი ხაზი გაატაროს.

ამიტომ, ჩემი აზრით, დემოკრატიზაციის პრობლემის ფორსირებისათვის ერთი რამაა აუცილებელი: ყველა თვითმმართველობა საქართველოში უნდა გახდეს არჩევითი იმ პირობით, რომ თვითმმართველ სუბიექტებს შესაბამისი ეკონომიკური დამოუკიდებლობაც ექნებათ. ჯერ-ერთი ეს დაახლოებს პოლიტიკური პარტიების და ამომრჩევლის ინტერესებს: ის პარტიები, რომლებიც ამ პროცესს ალღოს ვერ აუღებენ გაქრებიან და გაჩნდებიან ისეთები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესების გამომხატველები იქნებიან და სწორედ აქედან ( და არა მთავრობასთან გარიგებით) შეიძენენ თავიანთ დასაყრდენს. მეორე, რომ ეს პირდაპირ შეუწყობს ხელს დემოკრატიული პრაქტიკის რუტინიზაციას არა მარტო დედაქალაში, არამედ ყოველ სოფელში და ქალაქში. მესამე, რომ თვითმმართველობათა არჩევითობა და მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობა ნებისმიერ პარტიას მოუსპობს მეტ-ნაკლებად ტოტალური კონტროლის შესაძლებლობას წინასაარჩევნო პროცესებზე.

არ მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ მიმართულებით ახლო მომავალში რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. მან ერთხელ უკვე უარი თქვა მიღწეულ შეთანხმებებზე, არჩევითი ყოფილიყო საქართველოს დიდი ქალაქის მერის თანამდებობები (ასეთი არჩევნები მარტო თბილისში ჩატარდა). მაგრამ ნებისმიერ შემთხვავში, შესაძლებელია ასეთი საკანონმდებლო ცვლილებებისაკენ იყოს მიმართული ყველა იმ ადამიანის ძალისხმევა, პოლიტიკური სიმპათიების და ანთიპატიებისაგან დამოკიდებლად, ვისაც საქართველოში კონსოლიდირებული დემოკრატიის ნახვა გაურკვეველ მომავალში კი არა, ახლოვადიან პერსპექტივაში უნდა.  

No comments: