Tuesday, 18 April 2017

სნობიზმი, როგორც კულტურული მექანიზმი

"ბეღურების გადაფრენა"

"იქ იჯდა თბილისი"
ანონიმი

ბორის ვიანი


სარჩევი:

შესავალი
ზოოლოგიური სნობიზმი
სასაფლაო სნობიზმი
ურბანული სნობიზმი
სნობიზმი, როგორც კულტურული მექანიზმი
როგორ გავსნობდით?
ანდერგრაუნდი, ანუ სიახლის გაჩენა კულტურაში

 

კაცობრიობის უპასუხო კითხვებთან ერთად, “ვინ მოკლა კენედიანარსებობს თუ არა სიცოცხლე მარსზეყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ ყოფილა საქართველოში ანდერგრაუნდი? დანარჩენი ამ შეკითხვაზე ცოტა გრძელი პასუხია და მიუხედავად წერილის თავისუფალი სტილის და ტონისა, ბოლოსკენ, საილუსტრაციო მაგალითების შემდეგ, კულტურის თეორიულ საკითხებამდეც მიდის. 

კი მაგრამ, რა შუაშია ანდერგრაუნდთან სნობიზმი? “სნობიზმიპირობითი სახელია, რომელიც იმ ფენომენის აღსაწერად მინდა გამოვიყენო, რომელიც ქართულ კულტურას, ჩემი აზრით, მნიშვნელოვნად განაპირობებს.


სიტყვა სნობიზმის ზუსტი წარმომავლობა უცნობია. ცნობილია, რომ სიტყვა ინგლისში გაჩნდა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტის უაზნო და უჩინო სტუდენტები, აზნაური სტუდენტებისაგან თავის გამოსარჩევად წერდნენ sine nobiltate (უაზნონი). დანამდვილებით ცნობილია, რომ მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს სნობებისაპოჟნიკებისშეგირდებს ერქვათ. განმარტებით ლექსიკონებს რომ მივაკითხოთ, გავიგებთ, რომ სნობი არის ადამიანი, რომლისთვისაც ადამიანის სოციალური სტატუსი პირდაპირ კავშირშია მის ფასეულობასთან. ანუ, მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი უფრო ფასეულია, ვიდრე დაბალი სოციალური სტატუსისა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ სოციალური ფასეულობების ამ სისტემაში სნობი მიისწრაფვის ზევით და ქვემდგომს არაფრად აგდებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა და ცნება ინგლისში, ასე მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გაჩნდა, ფენომენი ყველგან არსებობდა, სადაც სოციალური აღმასვლა შესაძლებელი იყო. ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით, სნობიზმი არა რამდენიმე კერძო ადამიანის პრობლემაა, არამედ სოციალური და კულტურული მექანიზმის როლს ასრულებს, ჩვენს სოციალურ და კულტურლ ფასეულობათა სისტემას განსაზღვრავს.

ზოოლოგიური სნობიზმი
გერმანიაში დიდი ხნის წინ რომ ჩამოვედი, რამდენიმე რამემ გამაკვირვა. ერთ-ერთი იყო დამოკიდებულება ძაღლების მიმართ. რანაირი ძაღლები არ ყავდათ, ისეთები, ჩვენთან რომ ქუჩაში დარბიან, უჯიშო და გაქუცული, ცალთვალა და სამფეხა. აქა-იქ ჯიშიანი ძაღლიც გამოერეოდა, მაგრამ უჯიშოები სჭარბობდენენ. მერე ვეცადე გამერკვია, ქუჩის ცხოველები რატომ არ ჰყავდათ (სანაგვეებთან კატების და ძაღლების ნახვა მომაკლდა). აღმოჩნდა, რომ არსებობდა ცხოველების თავშესაფარი, სადაც უპატრონო ცხოველებს აჭმევდნენ, ასმევდნენ და მკურნალობდნენ. როდესაც ადამიანს შინაური ცხოველი უნდა, არ იწყებს ნაცნობებში მოკითხვას ვისა ჰყავს კარგი ძაღლი, პასპორტში რა უწერია და რა გვარიშვილობისაა. მიდის ცხოველების თავშესაფარში და იქიდან მოჰყავს შინაური ცხოველი. ეს ჯერ კიდევ შენგენის ხელშეკრულებამდე იყო და მერე, საზღვრები რომ გაიხსნა, უკვე საზღვარგარეთიდან სპეციალურად ჩამოჰყავდათ ავადმყოფი ძაღლები. ერთმა ჩემმა აქაურმა ნაცნობმა ესპანეთიდან ჩამოიყვანა დეპრესიული ძაღლი, რომელსაც ეხლა მკურნალობს, ჯერ-ჯერობით უშედეგოდ. ძაღლიც იგივე ანტიდეპრესანტს სვამს, რასაც პატრონი. ვერ გეტყვით, რომ სპეციალურად ბევრი ვფიქრობდი ამ საკითხზე, მაგრამ ძალაუნებურად ვადარებდი საქართველოს და გამახსენდა დიალოგი ერთ ჩემს სკოლელთან ასე 1980-იანი წლების ბოლოს. ზანდუკელის ქუჩას მოვუყვებოდით და არ ვიცი რატომ მოიტანა სიტყვამ, მაგრამ დავიწყეთ იმაზე ლაპარაკი, რა არისსვეტი”. ეს ჩემი სკოლელი, რომელიც ნამდვილად არ ყოფილა სნობი, პირიქით, ძალიან კეთილი და გულითადი გახლდათ, ამბობდა, რომსვეტს” აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძაღლი, სასურველია დოგი. ცხოველებთან ჩვენი და გერმანელების დამოკიდებულება რომ შევადარე, მივხვდი, რომ გერმანელებს ცხოველები უყვარდათ, ჩვენ კი სხვა რამე და ეს სხვა რამე ჯიში იყო, იმიტომ რომ უჯიშო ძაღლებს მაინც და მაინც დიდი სიყვარულით არ ვეპყრობოდით და არც ეხლა ვეპყრობით. (სამწუხაროდ ვეღარ ვიპოვნე ირაკლი ფანიაშვილის ასე 20 წლის წინ გადაღებული ფილმი ქუჩის ძაღლების შესახებ, ალბათ ერთადერთი ქართულ კინოში. ცხოველებზე უაზრო და უმიზეზო ძალადობის ვიდეოები კი ბოლო დროსაც მრავლად ვრცელდება. ამ ძალადობასაც სხვა საფუძვლები აქვს და ცხოველებთან არაა პირდაპირ კავშირში, მაგრამ ეს ცალკე თემაა) იმის თქმა არ მინდა, რომ გერმანელები ჩვენზე სათნო და მოსიყვარულე ხალხია, ოღონდ ისე კი გამოვიდა, რომ ცხოველები იმათ უანგაროდ უყვარდათ, ჩვენ კიდევ რაღაცის, კერძოდ კი ცხოველის სოციალური სტატუსის, მისი ჯიშის გამო. ეს აზრი რაღაც ყულაბაში ჩავარდა და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ დაუკავშირდასვეტობას” ჩემი და ჩემი მეგობრის დიალოგიდან. როდესაც დავფიქრდი, მივხვდი, რომ ძაღლი საერთოდ არაფერ შუაში იყო და ჩვენი ძაღლების მიმართ დამოკიდებულება პირდაპირ ასახავდა ჩვენი სოციალური ფასეულობების სისტემას, რომელშიც ფასობდა ჯიში. ეს ჯიში პატრონის ჯიშის აღმნიშვნელი ან მისი შემცვლელი უნდა ყოფილიყო, ოღონდ ეს ჯიშიც არ ნიშნავდა თავის თავს და თვითონაც რაღაცას გამოხატავდა, რასაც ქართულში აღვნიშნავთ სიტყვითგამოჩენილი”.

 სასაფლაო სნობიზმი
გამოჩენილ ადამიანს საქართველოში ძეგლს უდგამენ. ამ ძეგლებზეც დიდი ხნის წინ დავიწყე ფიქრი და სულ პირველი წერილი სწორედ საქართველოს ძეგლებზე დავწერე, ამიტომ ეხლა არ გავმეორდები. იმ წერილში ძეგლის და საფლავის სინონიმურობაზე იყო ლაპარაკი. ორივე, ძეგლიცა და საფლავიც ადამაინის ამქვეყნიურ სოციალურ სტატუსს მარადიულობაში ამყარებს, რომელიც, ჩვენს მეტად თუ ნაკლებად სეკულარულ საზოგადოებაში სოციალური მეხსიერების ეკვივალენტია. ამიტომაც, ყველას, ვინც მახათას მთაზე დაგეგმილი ახალი პანთეონის შესახებ ერთობ კარიკატურულ დისკუსიებს ადევნებს თვალს, მიხვდება, რომ კანდიდატებისათვის ეს თემა  - სად დასაფლავდებიან - სულაც არაა სახუმარო და პირდაპირ უკავშირდება მათ სოციალურ სტატუსს. აქ კი ისევ მივადექით ჩვენს პრობლემას. შეიძლება თვითონ ადამიანს ძალიანაც არ აინტერესებდეს სად დაასაფლავებენ, სამაგიეროდ გამოჩენილი მიცვალებულის ოჯახისათვის მისი დასაფლავების ადგილი არა მარტო გამოჩენილი ოჯახის წევრის მარადიულ იერარქიაში სასურველი სტატუსის საკითხია, არამედ თავად ოჯახის სოციალური წონისაც. ოჯახი საკადრისად დაფასებული მკვდრისაგან მეტ-ნაკლებად პერმანენტულ სოციალურ ენერგიას იღებს. სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი ქუჩებისათვის სახელის გადარქმევა და ძეგლების დადგმა. მაგალითისათვის, ირაკლი აბაშიძის ოჯახმა თავის დროზე მოითხოვა და მიაღწია, რომ ვასილ ბარნოვის ქუჩის ნახევრისათვის (იმ ნახევრისათვის, სადაც პოეტი-აკადემიკოსი ცხოვრობდა) აბაშიძის სახელი დერქმიათ. რა დააშავა თავის დროზე ძალიან პოპულარულმა ვასილ ბარნოვმა, ქართული ისტორიული რომანის მამამ, არ ვიცით. ყოველ შემთხვევაში, ქუჩისათვის სახელის გადარქმევა ნაკლებად იყო დაკავშირებული სოციალურ მეხსიერებაში ვასილ ბარნოვის და ირაკლი აბაშიძის მნიშვნელობასთან და მეტად ირაკლი აბაშიძის შვილების სიახლოვესთან ქვეყნის მაშინდელ მეთაურთან.
შედარებით ახალ შემთხვევასაც გავიხსენებ: თეატრის და კინოს რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძის სახელი დაერქვა ლერმონტოვის ქუჩის ნაწილს, მისი ბიუსტი კი დაადგეს მარი ბროსეს გამქრალი ბიუსტის კვარცხლბეკს

გიგა ლორთქიფანიძის შეფასებას დადებითი კუთხით რომ მივუდგე, მას უდავოდ მიუძღვის დიდი წვლილი რუსთავის თეატრის აღორძინებაში. სავსებით შესაძლებელი იყო, გიგა ლორთქიფანიძის სახელი რუსთავის რომელიმე ქუჩისათვის მიენიჭებინათ და მისი ბიუსტიც რუსთავში დაედგათ და არა მარი ბროსეს ადგილას, რომელსაც საქართველოს წინაშე განუზომლად და შეუდარებლად დიდი წვლილი მიუძღვის, ვიდრე გიგა ლორთქიფანიძეს. (ამ საბჭოთა სკვოტერობის ამბებს ქვემოთაც დავუბრუნდები). მაგრამ პრობლემა სწორედ ამაში იყო: გიგა ლორთქიფანიძის სახელი უნდა დარქმეოდა ქუჩას თბილისის ცენტრში და თბილისის ცენტრშივე უნდა დადგმულიყო მისი ბიუსტიც.  რუსთავი მას და მის ხსოვნას, ისევე როგორც მისი ოჯახის წარმოდგენას საკუთარ თავზე არ ეკადრებოდა რუსთავის "პროვინციალურობის" გამო. ეს კი მიგვიყვანს მესამე მაგალითამდე.


ურბანული სნობიზმი
ჩემს ბავშვობაში ვაკეს უკვე შეგნებული თავისი განსაკუთრებულობა. ვაკელი გოგოები, როცა ეტყოდი რომ მთაწმინდელი ხარ, იტყოდნენ, “როგორ მიყვარს მთაწმინდაინტონაციით, რომელიც მთაწმინდის არასრულფასოვნებაში ვაკის მიმართ ეჭვს აღარ დაგიტოვებდათ. მთაწმინდელების ამით დაკომპლექსება კი არ გახლდათ მარტივი საქმე, მაგრამ გავიდა მრაავლი წელი და ჩცდ-ში ცოტა ხეპრე და გამოუსვლელიმონტანელებისდა გამოსულიბაბულიკებისდაპირისპირებაში ძველი სტეორეოტიპები ისევ ცოცხალი დამხვდა. პატარა რომ ვიყავი, ჩემი უფროსი მეგობარი მღეროდა გიტარაზე ოთარ რამიშვილის სიმღერასნაგავი”. სიმღერა იმაზე იყო, რომ ჩვეულებრივ უბნებში დილა იწყებავედრის ჟღარუნით” და ნაგვის ზარის გამაყრუებელი ხმით (ძვირფასო  მკითხველო, გახსოვს ეს ხმა? ამასობაში ეს ხმაც ჩაეწერა ბავშვობის განუმეორებელ და თბილისის დაკარგულ ხმებში). ვაკეში  კი ოთარ რამიშვილის იუმორისტულ სიმღერაას თუ დავუჯერებთ, იეზიდი მენაგვე მიდიოდა შავი ვოლგით, “სკრიპკით, სმიჩოკით, თეთრი ხელთათმანებით და პირში ბიჩოკითყელმოღერებით მღეროდანა-გა-ვი”. (ამ სიმღერაში გაკვრით ნახსენები ეთნიკური სნობიზმი, რომელიც ავტომატურად აქცევდა არაქართველს პერიფერიულად და უკეტავდა მას გზას ცენტრისაკენ ცალკე მძიმე თემაა). ვაკეს (სამართლიანობისათვის ვთქვათ: პრიობით ვაკეს, იმიტომ რომ რეალური ვაკე გარკვეული თვითშეგნების სიმბოლო გახლდათ, რომლის მატარებლებს აუცილებელი არ იყო გეოგრაფიულ ვაკეში ეცხოვრათ) ჰქონდა თვითშეგნება, რომელსაც გერმანელები შტანდესბევუსტზაინს უწოდებენ და რომელიც საკუთარი წოდების და იქიდან გამომდინარე ვალდებულებების გაცნობიერებას ნიშნავდა. ოღონდ ამ თვითშეგნებას ოთარ რამიშვილის სიმღერაში კარგად ჩაბუდებული უხამსობის და ნაგვის სუნი უდიოდა.
ვაკე იყო ყველა ქართველის საოცნებო ადგილი, რადგანაც ბინა ვაკეში ნიშნავდა სოციალური სტატუსის იმ სიმაღლეზე აყვანას, რომლის ზემოთაც უკვე (ყოველ შემთხვევაში საბჭოთა და ინერციით პოსტსაბჭოთა) საქართველოში აღარაფერი იყო. დღესაც ასეა - მიუხედავად იმისა, რომ გინდა თბილისში და გინდა თბილისს გარეთ ვაკეზე ბევრად უფრო კარგი საცხოვრებელი ადგილებია, სოციალური ეროსის სიმბოლოდ მაინც ვაკე რჩება. ამიტომაც იდგმება კორპუსები ყველგან, სადაც შეიძლება და სადაც არ შეიძლება. თბილისის, ვაკის და ცენტრალური უბნების ურბანული გადატვირთვა სწორედ ჩვენი (გაუცნობიერებელი) ლტოლვის შედეგია წარმატების ტოპოგრაფიის მიმართ. ბოროტი და ხარბი დეველოპერი ვერ ააშენებდა და ვერ გაყიდიდა ახალ კორპუსს, თბილისი და თბილისში ვაკე რომ არ ყოფილიყო ჩვენი ტერიტორიალიზირებული ოცნება.
და მაინც, “ფუტურისტულადმონათლულმა შუშის სამხეცემ სასახლემ სოლოლაკის ქედზე ყველაფერს აჯობა. ბიძინა ივანიშვილი შეიძლება პარადიგმატულ სნობადაც გამოგვდგომოდა, რომლის სოციალური აღმასვლა ტერიტორიულად უნდა გამოხატულიყო. ივანიშვილის სასახლეს ტოპოგრაფიულად იგივე მნიშვნელობის ადგილი უჭირავს, რაც პრეზიდენტის სასახლეს და სამების საკათედრო ტაძარს და ზუსტად გამოხატავს სახლის პატრონის პრეტენზიას თავის ადგილზე საქართველოს სოციალურ იერარქიაში.

სნობიზმის  და მით უმეტეს სნობების მხილება ჩემი ამოცანა არაა. ამას სნობიზმითა სნობიზმის დამთრგუნველ მეგობრებს დავუთმობ. მე უფრო ამ ფენომენის აღწერა მაინტერესებს, რომელიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დიდი ძალით იჩენს თავს. ჩამოთვლილი სამის გარდა ასეთი კიდევ ბევრი სფეროა, მაგრამ არ მინდა ემპირიული მასალით მოგაბეზროთ თავი.

სნობიზმი, როგორც კულტურული მექანიზმი
რაც აქამდე ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გვაქვს სოციალური (და კულტურული) ღირებულების მაჩვენებელი, რომელსაც პირობით შეგვიძლია დავარქვათ ჯიში. ჯიში გვეუბნება, რომ სოციალური ღირებულება გრძლედება (არ შემშლია) წარსულში და დიდი ხნის (მამრობითი ხაზით) წარმატებული სელექციის შედეგად მოვიდა დღევანდლამდე. ძეგლების და სასაფლაოების მიმართ მიდრეკილება კი გვეუბნება, რომ სოციალური ღირებულება უნდა გაგრძელდეს მომავალში. იძულებით დადგმული ძეგლით ჩვენ ვაუპატიურებთ სოციალურ მეხსიერებას და იძულებით ვიმკვიდრებთ მასში ადგილს. ასე ვთქვათ, მომავლის სკვოტერები ვართ. ეს ორი რომ ერთად ავიღოთ, დავინახავთ, რომ სოციალური ღირებულება იდეალურ შემთხვავაში მარადიულია: მისი დასაწყისი იკარგება პრეისტორიულ ხანაში (ზეზვა და მზია როგორც პირველი ევროპელები და ქართველებისჯიშიანობისგარანტები) ხოლო დასასრული არ არსებობს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე სოციალური მეხსიერების ნაწილი ხდება. კიდევ დავინახეთ, რომ ამ სასურველად მარადიულ სოციალურ ღირებულებას აქვს თავისი ტოპოგრაფიული გამოხატულება, რომელსაც სახელად ქვია თბილისი და თბილისში კი ვაკე, მთაწმინდეს პანთეონი, დიდუბის პანთეონი და შემდეგ სიის მიხედვით.

ჩვენი კულტურული მოდელი სივრცულ მოდელად რომ წარმოვიდგინოთ, არ გაგვიჭირდება იმისი თქმა, რომ სივრცული თვალსაზრისით ცენტრს აქვს აბსოლუტური ღირებულება. პერიფერიის კულტურული ღირებულება კლებულობს მისი ცენტრისგან დაშორების მიხედვით და საზღვარზე უახლოვდება ნულს. ცენტრი ასოცირდება კულტურასთან, პერიფერია  - უკულტურობასთან. ცენტრი ცივილიზებულია, პერიფერია - ველური. ცენტრშისვეტია”, პერიფერიზე  - “გოიმი”. მაგალითი ალბათ ყველას თავისი გაასხსენდება.

ალბათ არც იმისი თქმა გაგვიჭირდება, რომ ზემოხსენებულ კულტურლ მოდელს, რომელიც ჯიშს და მის ტოპოგრაფიულ გამოხატულებას, ცენტრს ანიჭებს აბსოლუტურ ღირებულებას, სოციალური მეცნიერებების ენაზე რომ გადმოვთარგმნოთ ელიტიზმიც შეგვიძლია დავარქვათ. ელიტაში ცუდი თავისთავად არაფერია და ამა თუ იმ ფორმით ყველა ჯგუფში და კლასში არსებობს. პრობლემური ელიტიზმი მაშინ ხდება, როდესაც ელიტას აბსოლუტური სოციალური ღირებულება ენიჭება და როდესაც ის დახურულ კასტად გადაიქცევა, სადაც მოხვედრა მხოლოდ შთამომავლობით ან ქორწინებით შეიძლება. რაც ძალიან ახლოა ძველ არისტოკრატიულ მოდელთან (ჯიში გვახსოვს და არ დავივიწყოთ). ამ მოდელის ერთ-ერთი სავალალო შედეგი იყო, რომ პერიფერია საერთოდ უხილავი იყო. ის სემიოტიკურ სივრცეში არ შემოდიოდა. (ქართული ლიტერატურის და კინოს ობსესია ერთი და იგივეცენტრალურითემებით სწორედ ამ სემიოტიკური პრიზმის შედეგია). კულტურლპერიფერიაზე” (რომელიც მაშინ სულაც არ ემთხვეოდა სოციალურ პერიფერიას) მცხოვრები ხახლი იყო, ცხოვრობდა, რაღაცა უჭირდა და რაღაცა ულხინდა, ოღონდ ეს ცხოვრება კულტურის თვალსაწიერში ვერ აღწევდა. არც ამ თემას ჩავუღრმავდები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სოციალური პრობლემებისადმი ჩვენი დღევანდელი სიბრმავეც იგივე ფენომენის შედეგია. პერიფერია არა მარტო უხმოა, ის უჩინარიცაა.
საკითხავია, საიდან მოვიდა სოციალური ღირებულების განაწილების ეს მოდელი საქართველოში?

როგორ გავსნობდით?
ეს ისტორიული ექსკურსი ამ წერილში ყველაზე არასრული  და კოჭლი რამაა. თუ მკითხველს გაუჩნდება შთაბეჭდილება, რომ ბევრი რამე არასრულად ან ზედაპირულადაა მოყოლილი დავეთანხმები და სიამოვნებით მოვუწოდებ შეავსოს ან სხვანაირად მოყვეს იმ ამბავს, რომელსაც ქვემოთ მოვყვები.

1860-იანი წლებიდან საქართველოში იქამდე მყარი და ერთადერთი არისტორკრატიული მსოფლმხედველობა, რომელიც ასახული იყო მაგ. ვახტანგ VI-ის სამართალში და გვეუბნებოდა, რომ თავადის სისხლი მეტი ღირს ვიდრე გლეხისა, ნელ-ნელა ინგრეოდა. სამოციანელებმა, რომელთა უმეტესობა თავად-აზნაურნი გახლდნენ, ამაში დიდი წვლილი შეიტანეს. ხშირად ვიხსენებ ხოლმე გრიგოლ ორბელიანის ისტორიას და ამ ერთხელაც მაპატიეთ. საადგილმამულო ბანკის დამფუძნებელ კრებაზე ერეკლე მეორის შთამომავალი გენერალი აღშფოთებულა: როგორ, მე და ვიღაც ცალქალამანიძეს თითო-თითო ხმა როგორ უნდა გვქონდესო. აკაკი წერეთელი, რომელიც თავად გრიგოლთან მაინცა და მაინც არ მეგობრობდა, ამ ისტორიას ორბელიანს დიდხანს აყვედრიდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, გრიგოლ ორბელიანიც დაჰყვა ახალ, დემოკრატიულ წესს, რომელიც მის სოციალურ ღირებულებას გარკვეულ კონტექსტებში მაინც ყურადღებას აღარ აქცევდა.
1900-იან წლებში საქართველოს ელიტისტური ცნობიერების ქვეყანას უკვე ვეღარ დაარქმევდით. თავად-აზნაურობა არსებობდა, მაგრამ ძველი წყობილების მხარდამჭერი იქაც ბევრი აღარ შემორჩენილიყო. პოლიტიკური პარტიებიდან, რომელთაგანაც ყველაზე ადრე სოციალ-დემოკრატიული დაარსდა, თითქმის ყველა მემარცხენე იყო (ამა თუ იმ ფორმით სოციალური თანასწორობის მხარდამჭერი) გარდა ეროვნულ-დემოკრატებისა, რომლებიც სოციალისტ-ფედერალისტების ბლოკს გამოეყვნენ. მიუხედავად მემარჯვენე-ლიბერალობისა ელიტიზმს ვერც ეროვნულ დემოკრატებს შევწამებ. მაშინდელი დევიზი დემოკრატიზაცია იყო და ამისთვის იბრძოდა ყველა ქართული პოლიტიკური პარტია. დიდად გასაკვირი ეს არ იყო, იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობა გლეხი იყო, თავად-აზნაურობა კი ხუთი პროცენტი, ისიც მაშინდელი ქუთაისის გუბერნიის ხარჯზე. ცხადი იყო, რომ პოლიტიკური პარტიები (დღევანდელობისაგან განსხვავებით) მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს გამოხატავდნენ. 1921 წლის კონსტიტუციამ დემოკრატიზაციის მოთხოვნილება კარგად ასახა: გააუქმა წოდებები და მაქსიმალურად შეეცადა სოციალური თანასწორობა კონსტიტუციურად გაემაგრებინა. იმისი თქმა მინდა, რომ 1921 წელს არც კონსტიტუციით და არც კონსტიტუციის მიღმა პერიფერია, როგორც ასეთი, რაიმე ცუდს არ ნიშნავდა. გლეხს ვინმე ზემოდან თუ უყურებდა, შეიძლებოდა რამდენიმე ძველმოდური თავადი ან აზნაური ყოფილიყო, რომელიც საერთო მდგომარეობაზე დიდ გავლენას აღარ ახდენდა. თბილისი არ ნიშნავდა რაიმე განსაკუთრებულს და ვერაფრით ჩაითვლებოდა ქუთაისზე ან ბათუმზე უკეთესად, მიუხედავად იმისა, რომ ამიერკავკასიის არაოფიციალური დედაქალაქი იყო. თბილისში ცოხვრება სოციალურ სტატუსთან არანაირ კავშირში არ იყო.

აბა რა მოხდა? ჩემი ვერსია ასეთია. 1921 წლის  თებერვალში ბოლშევიკების მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, (რომელიც ჩვენივე თანამემამულეების, იოსებ სტალინის და სერგო ორჯონიკიძის დაჟინების და თავნებობის გარეშე ვერაფრით მოხერხდებოდა) განსაკუთრებით კი  1924 წლის აჯანყების შემდეგ, ძალაუფლება ხელში პარტიულმა ბიუროკრატიამ ჩაიგდო (რომელშიც დიდი ადგილი ეჭირათ სპეც-სამსახურებს, ოღონდ ამათი ერთმანეთში შუღლზე ახლა ბევრ არაფერს ვიტყვი). პარტიული ბიუროკრატია, რომელიც ახალ ელიტად იქცა, თბილისში, ექსპროპრიატორებისათვის ექსპროპრიირებულ სახლებში დასახლდა, რაც 1930-იანი წლების ბოლომდე ტრადიციად იქცა. ოთარ იოსელიანის, “ყაჩაღები. თავი მეშვიდე” იშვიათი ფილმია, სადაც ეს ამბავი აღწერილია. ისე კი “სოვლაბი” ერთადერთი ორგანიზაციაა დღემდე, რომელიც იკვლევს საქართველოს ისტორიის ამ მხარეს.  ახალი ელიტის სოციალური სტატუსის გამომხატველი გახდაბინადა უკეთეს შემთხვევაში არისტოკრატიული წარმომავლობის ცოლი. (სოციალური არივიზმის ოცნება, “მუხრან-ბატონის კნეინა ნეტავი მომატყვნეინა” - განხორციელდა). დღევანდელი ქართული საზოგადოების ისტორია დასაწერია და ამიტომ ბოდიშს მოგიხდით, რომ ამას ძალიან სქემატურად ვაკეთებ. ცოტა უფრო მეტს და უკეთ ამის შესახებ შეიტყობთ მხატვრული ლიტერატურიდან: ქეთი ნიჟარაძე, ოთარ ჭილაძე, არჩილ ქიქოძე, ნინო ხარატიშვილი იშვიათი ავტორები არიან, რომლებიც 1930-იან წლებში ახალი ქართული საზოგადოების ჩამოყალიბებას, ჯალათების და მსხვერპლების ოჯახურ და ნათესაურ ალიანსებს აღწერენ. ამ პერიოდის სოციალური ისტორია შესასწავლი და დასაწერია, ძაღლის თავი იქ მარხია, რომლის გარეშეც ვერც იმას გავიგებთ, რა ცოფი შეგვეყარა და ვერც იმას, როგორც ვუმკურნალოთ.
ჩემი, შეიძლება მცდარი და ზედაპირული ვარაუდით ისე მოხდა, რომ სტალინიური რეპრესიების დამთავრების შემდეგ ახალი ელიტის კონტურები გამოიკვეთა. ეს იყო ერთი მხრივ პარტიული ნომენკლატურა, რომელმაც ნათესაური კავშირები დაამყარა ძველ ელიტასთან, მეორე მხრივ კი ძველი ელიტის წარმომადგენლები, რომლებიც რეპრესიებს გადაურჩნენ და პარტიულ ნომენკლატურაში შესვლა შეძლეს. ამ ძველ ელიტაში უფრო ინტელიგენცია შედიოდა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ნელ-ნელა კასტად იქცა: მწერლები, მეცნიერები, ხელოვანები. 1960-იანი წლებიდან ამათ დაემატა ჩრდილოვანი ეკონომიკის რაინდები. “დელეცებიან არჩილ ქიქოძის პერსონაჟს დავესესხოარტელშჩიკები”, რომლებმაც სიმბოლურ კაპიტალს არალეგალური, მაგრამ სავსებით მატერიალური კაპიტალი ზედ დაადეს. ამ სამი განსხვავებული და ერთმანეთთან დაპირისპირებული, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთმანეთთან დამეგობრებული, დამოყვრებული და ნათელ-მირონით დაკავშირებული ჯგუფის მიერ კოლონიზირებული ერთი უბანი - ესაა ჩვენი ბომონდის მოკლე გენეალოგია. დღევანდელი თბილისური ტუსოვკები ამ ერთი ბომონდის შთამომავლები არიან, რომლებიც შეიძლება ერთმანეთისაგან გარეგნულად განსხვავდებოდნან, ერთმანეთს ემტერებოდნენ და  იდეოლოგიურად დაპირისპირისბულიც კი ეგონოთ თავი, სინამდვილეში კი სტრუქტურულად ზუსტად იმეორებენ 80-იანი წლებისმთელ თბილისს” .

სიტყვასვეტიდა მისი თანამდევი ცხოვრების სტილი და მისი ტოპოგრაფიული გამოხატულებავაკესწორედ ამ პერიოდის პროდუქტია. სვეტი რუსულიсвет”-იდან მოდის, რომელიც თავის მხრივ ფრანგულიmonde“-ის (აი ბომონდში რომ გვესმის იმისი) თარგმანია და მაღალ საზოგადოებას ნიშნავს (რომელიც, თავის დროზე ან სამეფო კარს ნიშნავდა, ხოლო საფრანგეთში, სამეფო კარის გაქრობასთან ერთადმთელ პარიზადგადაიქცა, რომლის ბრწყინვალე მემატიანეც გახლავთ მარსელ პრუსტი. “იქ იჯდა თბილისისწორედლამაზი ეპოქისპარიზის მიბაძვაა). სოციალისტური საქართველოს სოციალური პარადოქსი სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მან შეძლო სოციალური თანასწორობის პრინციპებზე მდგარი საზოგადოების ოციოდე წელიწადში ელიტისტურ საზოგადოებად გარდაქმნა. თანაც ეს ახალი ელიტა (უხამსად) ბაძავდა არისტოკრატიული ცხოვრების წესს იმაშიც კი, რომ თავისი სოციალური ღირებულების და მდგომარეობის შთამომავლობით გადაცემას ცდილობდა.თავისი მოკრძალებული ხიბლი ამ ქართულ საბჭოთა სოციალისტურ არისტოკრატიასაც ჰქონდა, რომელიც არა თუ უცხოს ალაპარაკებდა ქართული კულტურის არისტოკრატიზმზე და თეატრალურობაზე, არამედ ისეთ საუცხოო ანალიტიკოსსაც კი შეიყვანდა შეცდომაში, როგორიც მემრაბ მამარდაშვილი იყო.
ჩემთვის დღემდე აუხსნელად რჩება, ამ ახალმა ელიტამ თავს როგორ მოახვია საკუთარი ფასეულობები ყველა დანარჩენს. ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა ისეთია, რომ  საბჭოთა კავშირში, ან გნებავთ საბჭოთა საქართველოში კეთილდღეობის ხილული გამოხატულების, სტატუს-სიმბოლოების (დიპლომი, ბინა, მანქანა, აგარაკი, “პაეზდკა”, “სტენკა”) ძირითადად (თუ არა მხოლოდ) ნომენკლატურული არხებით ან არალეგალური ფულით იყო შესაძლებელი. არალეგალური ფული კი ისევ და ისევ ნომენკლატურულ არხებზე გადიოდა. სისტემამ ფაქტიურად 5-მილიონიანი მოსახლეობის კორუმპირება შეძლო, იმიტომ რომ სოციალური აღმასვლის სურვილი ადამიანს თავისი ძალიან შორეული წინაპრისგან ერგო მემკვიდრეობად. კორუმპირება ამ შემთხვევაში ნიშნავდა კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც შენ აღიარებდი თამაშის წესებს და ფასეულობათა სისტემას, საპასუხოდ კი გეძლეოდა შანსი ამ თამაშში ჩართულიყავი და თუ გაგიმართლებდა, ბოლო იერარქიულ საფეხურზე მგეღო ბინა ვაკეში, რომელზეც შენი სიკვდილის მერე გამოაკრავდნენ დაფას ან თუ ძალიან გაგიმართლებდა, შეიძლებოდა დიდუბის პანთეონშიც დაესაფლავებინე, რითიც შენი და შენი ოჯახის მარადიულ სოციალურ ღირებულებას უზრუნველყოფდი.

ანდერგრაუნდი, ანუ სიახლის გაჩენა კულტურაში
ანდერგრაუნდი არ დაგვავიწყდა, არა? ანდერგრაუნდი (თეორიულად მაინც) შეიძლება გაჩნდეს იქ, სადაც ცენტრს არ აქვს აბსოლუტური ღირებულება. ამ ღირებულებასზემოდანარავინ აკანონებს, ის მოითხოვს, რომ სოციალური ველის ყველა წევრი აღიარებდეს თამაშის გარკვეულ წესებს. მე თუ მაგალითად არ ვაღიარებ ამ წესებს, მაშინ იოლად გავირიყები საზოგადოებიდან. გარიყვის შემდეგაც შემიძლია საზოგადოების ინტერესების ინტერნალიზაცია და იმის თქმა, რომ სამართლიანად დავისაჯე. (ამას ქართულ ლიტერატურაში აკეთებს, მაგალითად, ალუდა ქეთელაური, რომელიც მიუხედავად იმისა რომ არ ეთანხმება სოციალურ ნორმებს, ეთანხმება იმ აზრს, რომ საზოგადოებას შეუძლია მისი განსჯა და დასჯა. ის მეამბოხეა, მაგრამ რევოლუციონერი არ არის). ანდერგრაუნდი, ლატენტურად მაინც რევოლუციურია, იმიტომ რომ ის არა თუ არ აღიარებს არსებულ წესს, არამედ არ აღიარებს საზოგადოების სუვერენულ უფლებას, განიკითხოს ის მოქმედი სოციალური კანონების მიხედვით. ის, მართალია ვიწრო, შეზღუდულ, პატარა სფეროში აღიარებს საკუთარ წესს და საკუთარ კანონს და ამ კანონის მიხედვით ცხოვრობს. რევოლუციური ის იმდენადაა, რამდენადაც ამ არსებულის ალტერნატიულ წესს, აქვს (შეიძლება მინიმალური მაგრამ მაინც) შესაძლებლობა შეცვალოს არსებული წესწყობილება. ეს შეიძლება მოხდეს მუსიკაში, ლიტერატურაში, პოლიტიკაში -  სოციალური ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა საქართველოში ტრაგიკული და სავალალო ის იყო, რომ ახალი ელიტიზმი ტოტალური გახდა. არ ყოფილა არცერთი სფერო, რომელიც მას არ მოუცავს და არ გაჩენილა არცერთი დამოუკიდებელი ცენტრი. არც ლიტერატურაში, არც მუსიკაში, არც ფილოსოფიაში (მამარდაშვილს თუ არ ჩავთვლით, რომელიც უფრო მოსკოვში ცხოვრობდა, ვიდრე თბილისში) არც პოლიტიკაში და არც არსად. ორი პოლიტიკოსი, ორივე თბილისის და სიმბოლური ვაკის პროდუქტი (გამსახურდია და სააკაშვილი) შეეცადნენ სიმბოლური ვაკის ძალაუფლებას დაპირისპირებოდნენ, მაშინ, როდესაცპროვინციალიშევარდნაძე და ივანიშვილი სიმბოლურ ვაკესთან კავშირში იყვნენ. ეს ამბები   ბევრ სხვა რამესთანაა დაკავშირებული და უშუალოდ ჩემი თემისათვის გადამწყვეტი არაა, ამიტომ ახლა გვერდზე გადავდებ.

გადავიდეთ კულტურის თეორიის ენაზე. ცენტრის და პერიფერიის დამოკიდებულება კულტურის თეორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ ლიტერატურას ვერ მიმოვიხილავ, მაგრამ რამდენიმე ავტორზე შევჩერდები. ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, 1910-იან წლებში აკადემიკოსი ნიკო მარი, სანამ მთავარი საბჭოთა ლინგვისტი გახდებოდა, კულტურის თეორეტიკოსიც იყო. მას რამდენიმე შესანიშნავი სტატია აქვს დაწერილი შეუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის  და კულტურის გავნითარების შესახებ. ამ წერილებმა ქართული მეინსტრიმის დიდი კრიტიკა გამოიწვიეს, იმიტომ რომ მარი ამტიკცებდა, ამირანდარეჯანიანი სპარსულია და სპარსული კულტურული ტენდენციის გამომხატველიო დავეფხისტყაოსნისსპარსულობის დამტკიცებას ცდილობდა. ქართველი ისტორიკოსები და ფილოლოგები, რომელებიც ისტორიის და ფილოლოგიის გერმანული რომანტიზმიდან მომდინარე ტრადიციის მომხრეები იყვნენ, ისტორიასაც და ლიტერატურასაც ხალხის გენიის გამოვლინებად მიიჩნევდნენ და ამიტომაც გადაჭრით უარყოფდნენ უცხო გავლენას. კულტურის ჰიბრიდულობა მათთვის მიუღებელი იყო. მათგან განსხვავებით თავისი დროისათვის საკმაოდ მოწინავე მეცნიერი მარი კულტურის განვითარებას უყურებდა როგორც ჰიბრიდიზაციის პროცესს. მის სტატიებში სწორედ ეს თეორიული განსხვავება იყო მთავარი და არა ის, მართლა მოიპოვებოდა თუ არა სადმევეფხისტყაოსნისსპარსული ორიგინალი.  მარისთვის იზოლირებული ნაციონალური კულტურები არ არსებობდა. კულტურები ერთმანეთთან კავშირში იყვნენ დაგავლენასგანციდიდნენ. ამ კავშირის სფერო სწორედ პერიფერია, საზღვარი იყო. მარის მოდელი კულტურლი ჰიბრიდიზაციისა იყო, სადაც განვითარება საზღვრებიდან, პერიფერიიდან შემოდიოდა და აღწევდა ცენტრამდე იქამდე, სანამ მას რომელიმე სხვა ტენდენცია შეცვლიდა.
ნაციონალურ და ჰიბრიდულ თეორიებს შორის პოზიცია დაიკავა მარის მოსწავლემ აკაკი შაინიძემ. შანიძე პირველი დოქტორანტი იყო, რომელმაც დისერტაცია თბილისის უნივერსიტეტში დაიცვა. დისერტაცია მთის დიეალექტებს მიეძღვნა და სხვათა შორის, ქართული ენის განვითარებას ეხებოდა. შანიძე იზიარებდა მარის შეხედულებას, რომ განვითარება პერიფერიიდან მოდის. ოღონდ პერიფერიფერიებად უკვე ქართულ (და არა საქართველოს საზღვრების გარეთ) პერიფერიას თვლიდა და მიაჩნდა, რომ კერძოდ მთის დიალექტებმა გაამდიდრეს ქართული სალიტერატურო ენა, რომელიც იქამდე საელკესიო მწერლობას ჰქონდა კანონიზირებული და შესაბამისად განვითარებაც შეწყვეტილი ჰქონდა. ისედაც ზედაპირული გადმოცემის დეტალებში რომ არ შევიდეთ, კულტურის თეორიის თვალსაზრისით ჩვენთვის მნიშვნელოვანი ისაა, რომ მარიცა და შანიძეც განვითარების მოტორად პერიფერიას მიიჩნევდნენ. კულტურული განვითარების მოდელში პერიფერიას ენიჭებოდა გადამწყვეტი როლი, რადგანაც მის გარეშე კულტურული განვითარება წყდებოდა და ერთ ადგილას იყინებოდა (რაც დაემართა კიდევაც ქართულ კულტურას XIV საუკუნიდან ასე XVII საუკუნემდე).
ცენტრისა და პერიფერიის დამოკიდებულების ერთ-ერთი საუკეთესო კულტურული მოდელი დაგვიტოვა იური ლოტმანმა. ლოტმანის ბოლო წიგნი, “კულტურა და აფეთქებასწორედ განვითარების, ახლის გაჩენის თეორიას ეხება. სემიოსფეროს, სემიოტიკური სივრცის თეორიაში იური ლოტმანი სწორედ პერიფერიას აკუთვნებდა განსაკუთრებულ როლს. პერიფერია არის ტრანსფორმაციის და სიახლის წარმოშობის ადგილი. (კულტურული) განახლების პროცესები პერიფერიაზე ყოველთვის უფრო სწრაფად მიმდინარეობს, საიდანაც ეს სიახლე მიედინება ცენტრისაკენ, იკავებს ცენტრალურ ადგილს და შემდეგ ადგილს უთმობს ისევ პერიფერიიდან, საზღვრიდან წამოსულ ახალ ტენდენციებს. როდესაც სიახლის წარმოშობის ეს არხი გადაკეტილია, კულტურული განვითარება წყდება. ერთხელ ცენტრში მოქცეული ნელ-ნელა მარადიულის და შეუცვლელის სახეს იძენს. ეს იყო ქართული კულტურის მოდელი 1940-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე. დღემდე აღიარებული და კლასიკურად მიჩნეული ავტორიტეტები და ჭეშმარიტებები ისტორიაში, ხელვნებათმცოდნეობაში, ლიტერატურაში, თეატრში ან კინოში მხოლოდ იმიტომ ძლებენ ამდენ ხანს, რომ არ მუშაობს პერიფერიიდან მომავალი განახსლების მექანიზმი. პერიფერია (რომლის ერთი ფორმაა ანდერგრაუნდი) საერთოდ არ გვაქვს.

მე მგონი, ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში განახლება შეუძლებელია ცენტრიდან, ზემოდან მოდიოდეს. დღეს რევოლუციური საქართველოში პერიფერიის გაჩენა თუ იქნება და პერიფერიიდან ცენტრის განახლების მექანიზმის გაჩენა. ჩემი თვალსაწიერი ვერ იქნება სრული, მაგრამ მე მარტო ერთ ხელოვანს ვიცნობ, რომელსაც არ უნდა თავისი (ტერიტორიულად) პერიფერიული ადგილის ცენტრალურში გაცვლა. ცენტრის და პერიფერიის ურთიერთობა ქართული ლიტერატურის თემაც გახდა. ლუკა ბაქანიძის რომანიმესამე ნაპირიშესანიშნავად აღგვიწერს ამ პრობლემას და შეიძლებოდა ქართული ლიტერატურული ანდერგრაუნდის პირველ მაგალითადაც ჩათვლილიყო, წიგნის ბოლო თავები თავები ისევცენტრალურიწარმატების ისტორიას რომ არ გვიყვებოდეს. ამიტომ ლუკა ბაქანიძის რომანი, მიუხედავად იმისა რომ პრობლემა გააზრებული და არტიკულირებულია, მაინც ცენტრის ანდერგრაუნდზე გამარჯვების რომანად რჩება.

სანამ პერიფერია არ შეიძენს თავისთავად ფასეულობას (და ამის გაკეთება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია), სოციალური და კულტურული სივრცე ვერ განახლდება, ვერ განვითარდება. ამიტომაც ყველაფერი, რაზეც მერე სოციალურ ქსელებში ვიწუწუნებთ (დაწყებული ურბანული ჯუნგლებიდან დამთავრებული ხოხბებზე ღლიცინით) ამ ერთი დიდი, ჯერ გადაუწყვეტელი პრობლემის ცალკეული შედეგები იქნება. 

და შენ? შენ ვინა ხარო, მესმის უკვე ნაცნობი ხმები. კი. ვიცი, მეც ამ სისტემის ნაწილი ვარ, მასში დავიბადე და გავიზარდე. ოღონდ ეხლა რაღაცეებზე ვფიქრობ.

20 comments:

ნინო დარბაისელი said...

მადლობა, ზაალ! ძალიან კარგი წერილია. ცალკეულ ადგილებში ,,ნაუცბათეობები' კი არ უმცირებს ხარისხს, არამედ გადმოცემას ბუნებრობის ხიბლს ჰმატებს. უნდა გავაზიარო ,,ფეისზე', რომ რაც შეიძლება, მეტმა ადამიანმა წაიკითხოს.

Giorgi Tchautchidze's blog said...

წარმოგიდგენია, როგორი შურით უყურებდნენ ნიკოლოზ პირველთან ნაწოლ ქალბატონს ტფილელი კნეინები?! !

Giorgi Tchautchidze's blog said...
This comment has been removed by the author.
Giorgi Tchautchidze's blog said...

მარი ბროსეს კვარცხლბეკის მეორადი გამოყენების ამბავი მეწყინა. ლერმონტოვი ქუჩის ნაწილის გალორთქიფანიძეობა - არა. აღარ უნდა აღიგაოს რუსული კვალი თფილისის პირისაგან?! (სხვა თემაა, მაგრამ მაინც.)

Giorgi Tchautchidze's blog said...

მარი ბროსეს კვარცხლბეკის მეორადი გამოყენების ამბავი მეწყინა. ლერმონტოვი ქუჩის ნაწილის გალორთქიფანიძეობა - არა. აღარ უნდა აღიგაოს რუსული კვალი თფილისის პირისაგან?! (სხვა თემაა, მაგრამ მაინც.)

w1bual said...

ქართული საზოგადოება დაახლოებით 100 წელია მოძალადე საზოგადოებაა, დღემდე!!! (მიზეზები სხვა თემაა) და "ცენტრისტობა" თუ აქედან გამომდინარე სნობიზმი ამ საზოგაოდების წევრების თვითგადარჩენის ინსტიქტად ჩამოყალიდბა. ცენტრში დაცული ხარ, პერიფერიაში შეიძლება დაგხვრიტონ!

Unknown said...

ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი ტექსტია, სხვა კუთხით დავინახე ბევრი რამ, ვინაიდან, "ცენტრისა" და "პერიფერიის" თემებთან აქამდე არ მქონია შეხება და თეორია, რომ ყველაფერი ახალი პერიფერიიდან შემოდის, ახალია ჩემთვის. ვფიქრობ, ჩვენი არასრულფასოვანი საზოგადოების არსებობა უამრავი გარე და შიდა ფაქტორების ერთიანობის შედეგია. დაწყებული განათლების დაბალი დონიდან, დამთავრებული ეროვნული თვითშეგნების გაუფასურებითა და დაკარგვით.

David said...

იშვიათად მაგარი წერილია. არ მეგონა ამ პრობლემატიკას ვინმე თუ განიხილავდა

Unknown said...

ძალიან საინტერესო, დამაფიქრებელი და მრავლისმთქმელი სტატიაა.ხშირად მიფიქრია,თუმცა ასე ლოგიკურად ვერასოდეს ჩამომიყალიბებია.დიდი მადლობა თქვენ და ველი ასეთივე ანალიტიკურ, საჭირბოროტო თემებზე შექმნილ სხვა სტატიებსაც სამომავლოდ <3

Mari Megreli said...

ჯერ სერიოზულად ნაფიქრი და შემდეგ ძალიან კარგად თავმოყრილი ნამუშევარია. დიდი ინტერესით წავიკითხე. ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით და ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ვართ ან რატომ ვართ ისეთი, რაც ვართ - როგორც სოციუმი. თქვენს დასკვნებს პერიფერიიდან წამოსული კულტურული ცვლილებების შესახებ ყველა კარგი სოციოლოგი დაეთანხმება, რადგან თითქმის ყველგან ეს მიმართულება ცვლიდა საზოგადოებრივ გემოვნებას. ამიტომაცაა, რომ პროგრესულ საზოგადოებებში მიყურადებულნი არიან ხელოვნების და კულტურის სფეროში გაჩენილ ახალ იმპულსებს. როგორც ამბობენ, ესენი არიან საუკეთესო წინასწარმეტყველები იმ ცვლილებებს, რაც საზოგადოებაში ჩნდება. თავს უფლებას მივცემ, და იმასაც გეტყვით რომ ტექსტის დიდი ნაწილი ძალიან სერიზულია, მაგრამ დასაწყისიდან ამას ვერ ხედავ დ შეიძლება შეგაწყვეტინოს კიდეც კითხვა. მითუმეტეს, რომ გერმანელების დმოკიდებულებას ძაღლებისადმი სულ სხვა ფილოსოფია ახლავს ვიდრე რასის აღიარება. ეს ფილოსოფია მარტო ძაღლების ამბავს, არამედ ბევრ რამეს ხსნის ცენტრალურ ევროპის საზოგადოებებში. აქ თვლიან რომ ადამიანი ის მავნებელი პოპულაცია გახდა, რომელიც მის გვერდით პოპულაციებს შანსს არ უტოვებს და იმ მითით, რომ თვითონ ღვთის ხატად არის შექმნილი, ულმობელ ექსპანციას ეწევა სხვა არსებების ხარჯზე. ამის გაცნობიერებამ გამოიწვია ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი წინააღმდეგია ცხოველებზე ექსპერიმენტების და დიდ მუშაობას ეწევიან ცხოველების უფლებების დაცვისთვის. იმ ცხოველთა თავშესაფარებში ის ნაექპერიმენტალი ცხოველები არიან, რომელსაც მერე პასუხისმგებლობაგააზრებული მოქალაქე ცდილობს ღირსეული ნაწილი მისი ცხოვრების დაუბრუნოს უკან და ღირსეულად გააცილოს, როგორც ამ ბუნების შვილი. მე პირადად თქვენი სტატიის დანარჩენ ნაწილს წამოვწევდი თავშივე, რადგან კარგი მუხტია, სერიოზული ნაფიქრია, და მეტიც- ის არის რაც ჩვენ გვჭირდება. მადლობა

letoda said...

ძალიან მტკივნეულ საკითხს შეხებიხართ :)
ვაკის სნობიზმი დაბადებაში გადამწყვეტი როლი უნივერსტეტმა ითამაშა: ვაკეში ჯერ (ანუ ადგილობრივი გლეხობის შემდეგ), პროფესურა და სტუდენტობა (სავარაუდოდ რაღაც კომპუსის მსგავსი იქმნებოდა) დასახლდა და ვაკე ტურების საცხოვრებელი ადგილიდან ინტელექტულურ საცხოვრისად გადააქცია, მათ მიყვა პარტიული ელიტა - პარტიულმა ელიტამ იქ დასახლებით საკუთარი თავის უნივერსტსტთან (როგორც განათლებული ადამიანების საცხოვრებელ ადგილთან) იდენტიფიცირება მოახდინა, შემდეგ მაგათ მიყვა ე.წ. ინდუსტრიული ელიტა - და უბრალო ფულიანი (კორუმპირებული) დირექტორები კეთილშობილურ სამეზობლოში ახლებურად წარმოაჩინა, ბოლოს კი კრიმინალური ელიტა, რომელმაც სრულყო ვაკის თანამედროვე სახე!

ed said...

მშვენიერია, მაგრამ აქცენტი საბჭოთა დროზეა უფრო გადატანილი. თანამდროვე სინამდვილე გაცილებით მახინჯია და უფრო მტკივა

Khatia Berdzenishvili said...

ძალიან კარგია!

Unknown said...

ვიცნობ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოც. ქვეყნების მოქალაქეებს. მაგალითად მეგობარი ქალი ევა პოლონეთიდან ერთი ერთზე ყვებოდა ვარშავის შესახებ, რომ იქ გლეხობა და გოიმები დასახლდნენ ომის შემდეგ და ის ნამდვილი ვარშაველები აღარ არიან. მოკლედ ეს პრობლემა 1918 წლის სოციალისტურმა რევოლუციამ და შემდგომში მისმა ექსპორტმა განაპირობა

Unknown said...

აქ შეიძლებოდა თქმულიყო ასევე სნობიზმის შესახებ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში

Dv0rsky said...

შესანიშნავია!

globoblog said...

ცენტრიდანული და ცენტრისკენული იმპულსების განიავების გარდა, რამდენი ხანია ვერა/ფერს ვაკე/თებ.:)

Lela said...

👍👍👍

Unknown said...

ზოგადად და მარტივად სნობიზმი გვჭირს და პირადად ჩემთვის ეს ამაზრზენია, ადამიანი ინდივიდუალიზმის გარეშე ვერ იქნება შემოქმედი და სამწუხაროდ ქართველებს სწორედაც რომ გვიჭირს შენოქმედებაში, თითქმის არცერთ სფეროში არ გვყავს ისეთი მოღვაწე, რომელიც მსოფლიო მასშტაბის ფიგურად შეიძლება ჩაითვალოს. ასეთი მასშტაბური და საზოგადოების ცხოვრების ყოველდღიურობად, ცხოვრების წესად ქცეული სნობიზმი უაღრესად დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის. მაგრამ მიუხედავად ჩემი ამ დამოკიდებულებისა მაინც აუცილებლად უნდა აღვღნიშნო, რომ სნობიზმსა და შავ-თეთრის გარჩევის უნარს შორის შორის საზღვარი მსჯელობისას პირობითია, ქართველები კი საკმაოდ გონიერი ერია და კარგად ეხერხებათ სიტუაციის შეფასება.

Unknown said...

იქ იჯდა თბილისი - ანონიმი არ არის . მარინა ბერიძის ნათქვამია :)