Saturday, 12 May 2018

ივანიშვილის მეორედ მოსვლა



„ქართული ოცნების” მეორე ლეგისლატურა დაიწყო არა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით, არამედ გუშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი, ქვეყნის არაფორმალური მმართველი, პოლიტიკაში “დაბრუნდა” და მმართველი პარტიის ოფიციალური ხელმძღვანელი გახდა. 

ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიის და შესაბამისად მმართველი გუნდის სერიოზული კრიზისის აღიარებაა. 

რა არის ამ კრიზისის მიზეზი? 

მიზეზი ამომრჩეველთა უკმაყოფილებაა. უკმაყოფილება იმით, რომ უმრავლესობის (სამართლიან) აღქმაში ქვეყანაში არაფერი შეცვლილა სასიკეთოდ. 

რაში ხედავს ოლიგარქი ივანიშვილი კრიზისს და როგორ ესახება იქიდან გამოსვლის გზები? დავუბრუნდეთ მის გამოსვლას. 

ამ გამოსვლაში ივანიშვილი ქართველ ამომრჩეველს ახალს არაფერს სთავაზობს და ძველმანების შემოსაღებას ცდილობს. 

ისევე, როგორც 2012 წელს, ივანიშვილი ქართული ოცნების მთავარ (და პრინციპში ერთადერთ) დამსახურებას “ნაციონალური მოძრაობის” დამარცხებაში ხედავს. 

ჯერ შევხედოთ, რას ითვლის ივანიშვილი აქტივში, მერე გადავიდეთ იმაზე, რას მიიჩნევს იგი პრობლემურად და ბოლოს ისიც ვთქვათ, რამდენადაა აქტივში ჩასათვლელი ის, რასაც ივანიშვილი თავისი პარტიის წარმატებად მიიჩნევს: 

პიროვნული თავისუფლება და ხელშეუხებლობა

კონსტიტუციის “ევრორემონტი”

ბიზნესის თავისფლება

ეკონომიკური ზრდა (რეგიონული ლიდერი)

კაპიტალტაბანდებისათვის მიმზიდველობის შენარჩუნება

სასამართლოს და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზაცია

ციხეში წამების აღმოფხვრა

დაახლოება ევროკავშირთან, ნატოსთან და ამერიკასთან

რუსეთთან ურთიერთობის “დეესკალაცია” 

საერთაშორისო და შიდა სტაბილურობის შენარჩუნება


ეს სია მაინცა და მაინც კრიზისულს არ ჰგავს. მაშინ რა ხდება? სადაა კრიზისი? 


ივანიშვილის სამ მიზეზს ასახელებს:


ეკონომიკური სიდუღჭირე (და მისი გაბუქება)

ოპოზიციის დესტრუქციულობა

დაპირისპირება “ხელისუფლების” შიგნით


ივანიშვილის მიერ დასახელებული პირველი მიზეზი (მისი სიტყვებით: “არასახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა”) ეწინააღმდეგება იმას, რასაც ოლიგარქი წარმატებად ითვილის. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესის თავისუფლება, ეკონომიკური ზრდა, პირდაპირი ინვესტიციების ზრდა ვერანაირად ვერ აისახა ჩვენს კეთილდღეობაზე. “ქართულმა ოცნებამ” და პირადად ივანიშვილმა ვერ შეასრულეს საარჩევნო დანაპირები. დღეს არ ვცხოვრობთ უკეთ, ვიდრე 2012 წლამდე. 


ივანიშვილი ცდილობს, ამის მიზეზები აგვიხსნას. მიზეზი, მისი თქმით, საქართველოს რთული წარსული და სსრკ-ს დაშლისშემდგომი ეკონომიკური კოლაფსია. (ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკურ პრობლემებს ივაიშვილი წინამორბედ მთავრობას არ უკავშირებს). 


მთავარი პრობლემა, ივანიშვილის აზრით, ჩვენს მოლოდინებსა და აღქმაშია. ჩვენ არასწორად აღვიქვამთ რეალობას და გადაჭარბებული მოლოდინები გვაქვს.


გადაჭარბებული მოლოდინი იმიტომ გვიჩნდება, რომ საქარველოში დემოკრატიული განვითარება ბევრად უსწრებს ეკონომიკურს. ჩვენ შეგვიძლია შეუზღუდავად მივიღოთ ინფორმაცია (მადლობა პარტიას და მთავრობას), რითაც ბოროტად სარგებლობს ოპოზიცია, შეგვიძლია უვიზოდ ვიმოგზაუროთ ევროპაში, სადაც დავინახავთ, რომ ხალხი ჩვენზე “5-ჯერ და 10-ჯერ” უკეთ ცხოვრობს. შესაბამისად, ივანიშვილი გვეუბნება, რომ ჩვენი ეკონომიკური პრობლემები რეალური კი არაა, აღქმის შედეგია. 


ჩვენ იმდენად კი არ გვიჭირს, რამდენადაც გვიჭირს ევროპელებთან შედარებით, რომლებსაც თავს (ცოტა არ იყოს მიამიტად) ვადარებთ. ჩვენი გაჭირვების აღქმას კიდევ უფრო ამძიმებს “ქართული ოცნების” პოლიტიკური ოპონენტების “რიგი პოლიტიკური პარტიების მიერ მართული ტელევიზიები, ტყუილის წარმოების კონვეიერში ჩართული პოლიტიკოსები და ეგრეთწოდებული ექსპერტების“ დაუღალავი მეცადინეობა, დანერგონ “სასოწარკვეთილებისა და შიშის ატმოსფერო”. რომ შევაჯამოთ: გაჭირვება რეალური არაა, აღქმულია. 


რა გამოსავალს გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი? ის არ გვპირდება სწრაფ ეკონომიკურ წინსვლას და მსუბუქად გვსაყვედურობს კიდევაც ამ მიამიტური იმედისათვის. ევროპას პოლიტიკური და ეკონომიკური კატაკლიზმების ასწლეულები დასჭირვებია დღევანდელი მდგომარეობის მისაღწევად და ჩვენ “ექვსასპროცენტიან” ზრდას ტყუილად მოველით და რაც მთავარია, ერ გაგვიგია, რომ ტყუილად მოველით. აბა რა უნდა ვქნათ? 


ივანიშვილის გამოსვლის ინტრიგა აქედან იწყება. 


ოპოზიცია ბოროტად სარგებლობს არსებული მდგომარეობით და ჩვენი უკმაყოფილებით. ის იმდენად წარმატებულად ასხამს ჩვენი სასოწარკვეთის ცეცხლზე  თავის პროპაგანდისტულ ნავთს, რომ “ამ ნეგატიურმა ტრენდმა საყოველთაო ხასიათი მიიღო” ხოლო “ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ უპასუხა ამ გამოწვევას” - ანუ, ივანიშვილის აღქმით, წააგო ბრძოლა ოპოზიციასთან რეალობის აღწერისათვის. 


დანარჩენი ორი მიზეზი პირდაპირ კავშირშია პირველ მიზეზთან: საქართველოს მოქალაქეთა უკმაყოფილებას ივანიშვილი იმდენად შემაშფოთებლად მიიჩნევს, რომ მასში არა თუ მომავალ არჩევნებში დამარცხების, არამედ რევოლუციური ცვლილების საშიშროებასაც ხედავს. 


მესამე მიზეზი პირველი ორის კომბინაციაა: “ხელისუფლება” იმდენად დეზორიენტირებული და შეშინებულია, რომ “ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირისპირება, რაც გასცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს”. მდაბიურად რომ ვთქვათ, მმართველი პარტია, “ხელისუფლება” დაშლის იმ ზღვართან მივიდა, რომელსაც ივანიშვილისი პირადი მონაწილეობა თუ შეაჩერებს.


სამივე მიზეზს კიდევ ერთხელ თუ გადავხედავთ, მაშინ დავინახავთ, რომ სწორედ ესაა მთავარი და განმსაზღვრელი. ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება ქართული ოცნების ერთიანობის შესანარჩუნებლად.


 ეს ახალი ლეგისლატურის კარგი დასაწყისი არაა. “ხელისუფლება” შეშინებულია და ამ შიშს, საკუთარი თავის გადარჩენის სურვილს მეტი რეპრესიით უპასუხებს. 


ივანიშვილის “ოცნებამ” ვერ შეცვალა პოსტსაბჭოთა საქართველოს ორი ფუნდამენტური მანკი:

არ გამოსწორებულა ეკონომიკური მდომარეობა. ხალხს უჭირს და გმინავს. 

არ შეცვლილა ძალაუფლების სტრუქტურა: მოქალაქეზე მოძალადე “სისტემა” არ დანგრეულა. ერთსაც და მეორესაც ივანიშვილი გვიდასტურებს. პირველს პირდაპირ -მოერეს  - ირიბად: რიტორიკულად და პრქტიკულად.


რიტორიკულად იმიტომ, რომ ივანიშვილი სიტყვა “ხელისუფლებას” და “მთავრობას” სინონიმურად იყენებს, “საბჭოთა ხელისუფლების” ანალოგიურად  - ეს კი პირდაპირ გამორიცხავს იმ “ევროპული სტანდარტის” დემოკრატიას, რომელზეც ივანიშვილი მოგვიანებით ილაპარაკებს, სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლებათა შტოების დანაწილებას არ (ი)ცნობს.  


პრქტიკულად იმიტომ, რომ ივანიშვილის მეორედ მოსვლის ვერც თუ კარგად დადგმული სპექტაკლის მეორე განყოფილება თბილისის კლუბების დარბევით დამთავრდა, სადაც პოლიციამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ახლოსაა ის საბჭოთა მილიციის მენტალიტეტთან და მოქმედების მეთოდებთან. 

სწორედ ამიტომ ჟღერს განსაკუთრებით ცინიკურად დილით ნათქვამი და საღამოს კლუბებში მოთარეშე სპეცრაზმის მიერ უარყოფილი განცხადება: 

დღეს საქართველოს მოქალაქეები რეალურად თავისუფლები და სახელმწიფოს მხრიდან ყოველგვარი თვითნებობისაგან დაცულნი არიან. “


თავს უფლებას მიცვცემ, შთაბეჭდილება გაგიზიაროთ: როდესაც ივანიშვილი პირველად გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში და ამ შაბლონების გარეშე, ჩვეულად,  ჩიქორთულად ლაპარაკობდა, ბევრად უფრო “იდუმალი” და “ანგარიშგასაწევი” იყო. მას ჰქონდა მომავლის ბონუსი და ადამიანის რეპუტაცია, რომელიც “პრობლემებს აგვარებს” და ბოლო-ბოლო შვიდი (თუ რამდენიცაა) მილიარდი იშოვნა. დღეს ივანიშვილმა (თეა წულუკიანს რომ დავესესხო) “განიხუნა” თავისი იდუმალება და ჩვეულებრივი ქართველი პოლიტიკოსი გახდა. “ქართული ოცნების” წამზომი ჩაირთო. 

კიდევ ერთი პატარა შენიშვნა საქართველოს მომავლის ივანიშვილისეულ ხედვას ეხება. 

"ქართული ოცნება" ცდილობდა თავი ხალხის ქომაგ პარტიად წარმოედგინა. ამიტომაც მან “სოციალ-დემოკრაიტული” ფასადი აირჩია, რომელიც  თითქოს უნდა დაპირისპირებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ნეოლიბერალურ მიდგომას. ივანიშვილის სიტყვაში სოციალ-დემოკრატიის მისხლასაც კი ვერ მივაგნებთ. “ბიძინას” და “მიშას” მომავლის საქართველო გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს: 


“სრულიად განჭვრეტად მომავალში ჩვენ ღირსეულად დავიმკვიდრებთ თავს ევროპულ ოჯახში, როგორც გამორჩეული, თვითმყოფადი ერი, უძველესი ქრისტიანული კულტურის, უნიკალური დამწერლობის და პოლიფონიის, ტრადიციული მეღვინეობის და ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, დასახლებული გულღია და ტოლერანტი ადამიანებით, სადაც სწამთ, რომ „სტუმარი ღვთისაა“. სტუმარმასპინძლობა ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია და ძალიან მალე ეს გამორჩეული თვისება, მე ვიტყოდი - ჩვენი საწყისი უპირატესობა - სწრაფი განვითარების და კეთილდღეობის წყაროდ უნდა გადაიქცეს როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ისე ათასობით ქართული ოჯახისთვის. საქართველოს შესწევს უნარი, რომ უმასპინძლოს არამხოლოდ მილიონობით ტურისტს, არამედ საუკეთესო პირობებით, უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს საერთაშორისო ფორუმებს, უმასპინძლოს დიდ ბიზნესს, გახდეს განათლების, სამედიცინო მომსახურების და მაღალი ტექნოლოგიების რეგიონალური ცენტრი - იყოს დიდი შესაძლებლობების ქვეყანა. საჭიროა მხოლოდ მიზანდასახულობა, რწმენა და შრომა, ყველაფერი დანარჩენი ჩვენ უხვად მოგვანიჭა ბუნებამ". 



სავარჯიშო მკითხველისათვის: 


წაიკითხეთ ივანიშვილის 2018 წლის 11 მაისის და სააკაშვილის 2008 წლის 20 იანვრის სიტყვები, შეადარეთ და იპოვნეთ მსგავსებები და განსხვავებები. 


წინასწარ ვიტყვი, რომ სტრუქტურა და პათოსი ამ ტექსტებს იდენტური აქვთ:

ბნელ წარსულზე გამარჯვება, ამ გამარჯვების შენარჩუნება და გადამწყვეტი ბრძოლა (გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია) და ნათელი მომავალი (საქართველო გაბრწყინდება). 


ნეტავ კიდევ რა მსგავსებები იქნება? 

შენიშვნა: სურათად გამოყენებულია გამომცემლობა "სიესტას" მიერ გამოცემული ოია ბაიდარის "დაბრუნება". ეს არაა რეკლამა, ყდა მომეწონა, თემატურად. 

No comments: